მთავარი,სიახლეები

წლის ბოლოს რუსეთს ჭურვები, არტილერია და ჯავშანტექნიკა თითქმის არ ექნება – The Insider

31.08.2022 • 7263
წლის ბოლოს რუსეთს ჭურვები, არტილერია და ჯავშანტექნიკა თითქმის არ ექნება – The Insider

უკრაინასთან ომში რუსეთმა არამხოლოდ ათასობით სამხედრო დაკარგა, არამედ სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც გაუნადგურდა – რუსეთის შეიარაღების მდგომარეობა ზოგიერთი პარამეტრით კრიტიკულია, წლის ბოლოსთვის კი დეფიციტი თვალსაჩინო გახდება.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რუსული საგამოძიებო პროექტის The Insider-ის ჟურნალისტები.

მათ საგამოძიებო სტატიაში ნათქვამია, რომ უკვე წლის ბოლოსთვის რუსეთი ცხადად იგრძნობს საარტილერიო ჭურვებისა და ჯავშანტექნიკის ნაკლებობას, სანქციების გამო კი სრულფასოვანი სამხედრო წარმოების გაგრძელებას და მარაგების შევსებას ვერ შეძლებს.

The Insider-ი რუსული არმიის შეიარაღების პრობლემებს ხუთ კატეგორიად ყოფს:

  1. საარტილერიო ლულების ცვეთა და „ჭურვების შიმშილი“

გამოძიების ავტორები მიიჩნევენ, რომ „მაღალი წარმოდგენა რუსეთის საარტილერიო შეიარაღების უზარმაზარ მარაგებზე“, რომელიც რუსეთს საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით დარჩა, დღეისთვის მათ რეალურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს.

ზოგიერთი სახეობის ძველი საბრძოლო მასალების გამოყენების ვადები შეზღუდულია. „საბჭოთა ჭურვები (საქვემეხო) ლულიანი არტილერიისთვის დიდხანს ვერ შეინახებოდა, უკვე 2002 წლის ზაფხულისთვის, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რუსეთს უკვე ჰქონდა ძირითადი 122მმ და 152მმ კალიბრიანი საარტილერიო ჭურვების დეფიციტი,“ – წერს გამოცემა.

საბჭოთა არტილერიის ნაწილი რუსეთმა მანამდე სხვა ომებში დახარჯა. ამ მარაგს „ძირი გამოუთხარა“ არამხოლოდ ჩეჩნეთის ომებმა და ომმა საქართველოში, არამედ უკრაინასთან 8-წლიანმა ომმაც და დიდწილად სირიის კამპანიამაც.

The Insider-ის ცნობით, უკრაინასთან ახლანდელ ომში რუსული ჭურვები კიდევ უფრო სწრაფად იხარჯება. უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, დღე-ღამეში, რუსეთი ყველა სახეობის 40 000 – 60 000-მდე ჭურვს იყენებს საბრძოლო მოქმედებების მაღალი ინტენსივობის პირობებში და 24 000-მდე ჭურვს – შედარებით „მშვიდ“ პერიოდებში.

ჟურნალისტების გათვლებით, საარტილერიო არსენალის შევსების წლიური ტემპი 2010-იან წლებში 1,6 – 1,7 მილიონ ჭურვს არ აღემატებოდა, მაშინ როდესაც უკრაინასთან ომის ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთმა სავარაუდოდ, უკვე სულ მცირე 7 მილიონი ჭურვი დახარჯა – ამაში არ შედის ის დანაკარგი, რომელიც რუსეთს მის საბრძოლო მასალების საწყობებზე უკრაინელთა დარტყმებმა მიაყენა.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ომი ამავე ინტენსივობით გაგრძელდება, უკვე 2022 წლის ბოლოსთვის, მოსკოვი „ჭურვების შიმშილის“ წინაშე აღმოჩნდება და იძულებული გახდება არტილერიის გამოყენება შეამციროს,“ – მიიჩნევენ გამომძიებელი ჟურნალისტები.

არანაკლებ პრობლემადაა დასახელებული ლულების ცვეთა. რუსულ ტანკებს ჯავშანგამტარი ქვეკალიბრის ჭურვების 210 და მსხვრევად-ფუგასური და კუმულატიური ჭურვების 840 გასროლის ლიმიტი აქვს. ამავე დროს, 2000-3000 გასროლის ლიმიტი აქვს საარტილერიო ნაჭდევებიან ლულებს კალიბრის, ჭურვის ტიპისა და გასროლის მანძილის მიუხედავად.

გარდა ამისა, რუსეთს ეფექტიანი საველე მომსახურებისა და საარტილერიო შეიარაღების რემონტის პრობლემებიც აქვს.

„2022 წლისთვის არტილერიის ცვეთა თავისთავად მიიყვანს რუსეთს მისი ეფექტიანობის მკვეთრ შემცირებამდე“ – წერს The Insider

  1. სანქციების გავლენა: სამხედრო წარმოების შემცირება რუსეთში

„რადგან დასავლეთიდან, ტექნიკას, ნაწილებს და მასალებს ვერ მიიღებენ, ამავე დროს ვერ ჩაიყვანენ სპეციალისტებს, არტილერიისა და საბრძოლო მასალების რუსი მწარმოებლებს აუცილებლად მოუწევთ წარმოების შემცირება“, – გამომძიებელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ თუ 2022-2023 წლებში რუსეთი მაინც მოახერხებს სამხედრო ტექნიკის წარმოების აქამდე არსებული ტემპის შენარჩუნებას, შემდგომ წლებში ეს შეუძლებელი იქნება.

რუსეთი შეძლებისდაგვარად ეცდება უკვე მანამდე შესყიდული ტექნოლოგიები გამოიყენოს სამხედრო ტექნიკის გასარემონტებლად, თუმცა წარმოებული პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი შემცირებას დაიწყებს. ეს კი მასობრივი წარმოებიდან მანუფაქტურაზე გადასვლას ნიშნავს.

  1. მაღალი სიზუსტის რაკეტების ამოწურვა

ლაპარაკია მაღალი სიზუსტის რუსულ იარაღზე, რომელშიც რაკეტების რამდენიმე ტიპი შედის – კერძოდ, ისეთები, რომლებიც სამიზნეს 300 კმ-ზე შორს აღწევს.

ესენია:

  • ბალისტიკური რაკეტები კომპლექსებისთვის „ისკანდერ M”
  • „კალიბრის“ საზღვაო და სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები;
  • საზღვაო და სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები „ონიქსი“;
  • საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები Х-101, Х-555 და Х-22/Х-32.

ამ ტიპის რაკეტებიდან თითოეულის მარაგი რუსეთის არსენალში, ომის დაწყებამდე, რამდენიმე ასეული ერთეული იყო. რუსეთმა რომ ეს არსენალი თითქმის დახარჯა, ამაზე, გამოცემის თქმით, რამდენიმე ფაქტორი მიუთითებს:

  • თუკი ომის პირველ დღეებში რუსეთი დღეში ათობით რაკეტას უშვებდა, ახლა დღის განმავლობაში მხოლოდ ერთს ან ორს იყენებს;
  • რუსეთი ასეთი რაკეტების მზარდ დეფიციტს შორსმოქმედი რეაქტიული არტილერიისა და სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გამოყენებით ნიღბავს.

გამომძიებელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი დღეს ნამდვილად ვერ აწარმოებს იმდენ რაკეტებს, რამდენსაც უკრაინაში ხარჯავს. შორსმოქმედი ფრთოსანი და ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების ყოველწლიური წარმოების მოცულობა საშუალოდ 50 ერთეულია.

საზღვაო „კალიბრს“, საავიაციო Х-101-სა და სახმელეთო ბაზირების ფრთოსან რაკეტა 9М729-ს რუსეთი ჯამში დაახლოებით 100 ერთეულის რაოდენობით აწარმოებს. შედარებით მაღალია „ონიქსის“ წარმოება – 55 ერთეული და კიდევ უფრო ნაკლებია Х-32-ების წარმოების მოცულობა – 20 ერთეული.

ჟურნალისტები დასძენენ, რომ ახალი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ეს მონაცემები გადაიხედოს.

რაც შეეხება 300 კმ-მდე მოქმედ რაკეტებს, ასეთებია Х-35 და Х-59, შედარებით მარტივი რაკეტები, რომელთა რაოდენობის შეფასებაც, გამოცემის თქმით, ძალიან რთულია. ასევე რთულია მათი წარმოების მოცულობის შეფასებაც, შესაბამისად The Insider-ი ვერ გამოთქვამს ვარაუდს, რამდენ ხანს ეყოფა რუსეთს ამ ტიპის რაკეტები.

  1. ჯავშანტექნიკის პრობლემები

ბრძოლებში განადგურებული ტექნიკის გარდა, რუსეთისთვის პრობლემას წარმოადგენს მისი შეკეთება და ექსპლუატაციის რესურსიც.

ძირითადი რუსული საბრძოლო ტანკების მოტორესურსი 1 000 საათზე მეტი არაა. ამის შემდეგ მათ ძრავის შეცვლა ან შეკეთება აუცილებლად სჭირდებათ, ეს ძრავები კი იმპორტული მასალებით მზადდება, რაც რუსეთისთვის დამატებითი პრობლემაა.

ჟურნალისტების აზრით, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსული ტანკები უკრაინაში სულ მცირე დღე ღამეში 2-3 საათი მაინც მუშაობენ, 24 თებერვლიდან დღემდე მათ უკვე 370-560 საათი იმუშავეს, შესაბამისად, რუსული ჯავშანტექნიკის დიდი ნაწილი – ბრძოლების მაღალი ინტენსივობის პირობებში – უკვე 2022 წლის ბოლოსთვის სარემონტო იქნება (თუ მანამდე არ განადგურდა).

The Insider აღნიშნავს, რომ ომის დაწყებამდე რუსეთს დაახლოებით 2000 მოდერნიზებული ტანკი ჰქონდა (სულ 3 300), ხოლო 16 000 საბრძოლო ჯავშანმანქანიდან ახალი და მოდერნიზებული მხოლოდ მეოთხედი იყო.

  1. სამხედრო ავიაციის პრობლემები

ავიაცია რუსეთის ყველაზე საშიშ ძალად რჩება: დღეისთვის, დანაკარგებისა და ზიანის მიუხედავად, რუსეთს შეუძლია, უკრაინის საზღვრებთან დაახლოებით 400 საბრძოლო თვითმფრინავი და 360 ვერტმფრენი იყოლიოს.

„ამის მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო, ომის დაწყებისას სრულმასშტაბიანი საჰაერო კამპანია ეწარმოებინა,  ახლა კი მისი შესაძლებლობები ასეთი კამპანიის დასაწყებად კიდევ უფრო შემცირებულია,“ – გამომძიებელი ჟურნალისტები რამდენიმე არგუმენტს ასახელებენ:

ზოგიერთ საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავს მოტორესურსი ეწურება, ზოგიერთს – გამოყენების ვადები, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები კი წარმატებულად მუშაობს.

გარდა ამისა, თუკი ომამდე რუსეთი ყოველწლიურად 30-35 სამხედრო თვითმფრინავსა და 25-30 დამრტყმელ ვერტმფრენს უშვებდა და 130-დან 200-მდე ერთეული ავიატექნიკის მოდერნიზებასაც ახერხებდა, ახლა ამის საშუალებას მას სანქციები აღარ მისცემს.

ასევე წაიკითხეთ: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/431500/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: