კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

მთავრობა 14 სანატორიუმს ყიდის წყალტუბოში – ივანიშვილს აინტერესებს

01.09.2022 •
მთავრობა 14 სანატორიუმს ყიდის წყალტუბოში – ივანიშვილს აინტერესებს

წყალტუბოს მალე ახალი მფლობელი ან მფლობელები ეყოლება. დიდი ალბათობით უფრო მფლობელი, რადგან ერთადერთი ბიზნესმენი, ვისაც ბალნეოლოგიური კურორტის შეძენის სურვილი საჯაროდ აქვს გამოხატული, ეს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილია.

4 აგვისტოს, სახელმწიფომ, გასაყიდად, მიწის 12 ნაკვეთი, ჯამში, 66 ჰექტარი გაიტანა თავისი შენობებით და მათივე დამხმარე ნაგებობებით. ამ ქონების საწყისი გასაყიდი ღირებულება მთლიანობაში 38 მილიონი ლარია.

ამ შენობებს  გარდა ისტორიული მნიშვნელობისა არქიტექტურული ღირებულებაც აქვთ და რამდენიმე მათგანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აუქციონი 16 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

ქონების ეროვნული სააგენტო, როგორც გამყიდველი ორგანო, შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებების თანხმობის შემთხვევაში მათ დემონტაჟსაც უშვებს, დაკონკრეტებული არ არის, ყველაფრის დანგრევა შეიძლება, თუ მხოლოდ ნაწილი შენობების.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამ ამბავს უკავშირდება არის ის, რომ ზოგიერთ მათგანში იძულებით გადაადგილებული პირები ოჯახებით ცხოვრობენ, ზოგიერთში კი, სოციალურად დაუცველები.

მონიშნულია აუქციონზე გასაყიდად გატანილი 14 ქონება – მათი ფართობი ჯამში 76 ჰექტარზე მეტია [767 167 კვ.მ]. აქედან ორი სანატორიუმი – „თბილისი“ და „მედეა“ უკვე გაყიდულია. დანარჩენი 12 ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება კი, 38 მილიონი ლარია.

„მე გადავწყვიტე გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში“, – ეს ამონარიდია ბიძინა ივანიშვილის წერილიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ გვერდზე 2019 წელს გავრცელდა.

ამავე წელს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფოს ამოცანაა, წყალტუბოს კურორტი სრულმასშტაბიანად 2024 წლიდან ამოქმედდეს.

წყალტუბოს განვითარების გეგმა საპარტნიორო ფონდს მოამზადებინეს

კურორტის შესყიდვის სურვილის  გამოხატვასა და მის შემდეგ დაწყებულ პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ, მათ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რესურსების გაცხადებული ფორმით პრივატიზება გააპროტესტეს:

„ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ამა თუ იმ საჯარო სივრცის, ქალაქისა და რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა და მხოლოდ იქ არსებული ქონებისა და საჯარო რესურსების პრივატიზებაში ხედავს განვითარების გზას“.

არასამთავრობოების განმარტებით, მსგავსი მიდგომა სახელმწიფოს არაქმედითობის განცდას ქმნის და მისი ინსტიტუციების მნიშვნელობას აკნინებს. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ქონების დაუსაბუთებელი და გაუაზრებელი გაყიდვის შემთხვევებსაც.

ამის შემდეგ საკითხი „გაიყინა“ და 2022 წლამდე არაფერი შეცვლილა.

2022 წლის 5 ივლისს, წყალტუბოში ვიზიტისას, „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის პრეზენტაციაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მთავრობა აუქციონზე გამოიტანდა წყალტუბოში არსებულ 14 სანატორიუმს, რომელთა ღირებულებაც, ჯამში, 50 მილიონი ლარია“.

პრემიერმა ამ გამოსვლის დროს მთავრობისთვის ორ შემაფერხებელ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. მან მთავარ პრობლემად წყლის რესურსების ფლობის საკითხი და გენერალური გეგმის დამტკიცება დაასახელა:

„ინვესტორი იყო კერძო პირი. ჩვენი გადაწყვეტილებით, ისინი გამოვისყიდეთ, მთავრობა ოფიციალურად გახდა ამ რესურსის მფლობელი… განაშენიანების გეგმა დასრულებულია. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა“.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები და მასზე დაქვემდებარებული ინფრასტრუქტურა ელექტრონულ აუქციონზე, კურორტის აღდგენა-განვითარების პირობით გაიტანა.

  • წყალტუბოს ხიბლი 

წყალტუბო, როგორც კურორტი, მომხმარებლის ინტერესს ისეთ პირობებშიც კი არ კარგავს, როგორიც მას ახლა აქვს. მიტოვებული, მწყობრიდან გამოსული, თუმცა შთამბეჭდავი შენობებითა და უნიკალური სამკურნალო წყლებით. საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წელს წყალტუბოს 25 000 ვიზიტორი ეწვია და, მთავრობის ვარაუდით, ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელში უნდა გაათმაგდეს.

წყალტუბო ოფიციალური ბალნეოლოგიური კურორტია 1920 წლიდან. მისი ძირითადი მინერალური რესურსი ცნობილი სამკურნალო თერმული წყალია, რომელიც ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით შეფასებულია, როგორც უნიკალური. მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისება რადიაქტივობაა. წყალი შეიცავს კეთილშობილ აირს, რადონის ემანაციას, აზოტის დიდ რაოდენობას და ჰელიუმს, რის გამოც მას აიროვან აზოტიანი წყლების კლასს მიაკუთვნებენ.

გარდა ამისა, წყალტუბო იმ უიშვიათესი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა დაგეგმარება და განაშენიანება მეცნიერულად  დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა. ააშენეს 22  სანატორიუმი, მათგან არაერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, ხელოვნურად გააშენეს 150-ზე მეტი განსხვავებული სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი  მცენარეული კულტურა. აქ ფუნქციონირებდა 9 სააბაზანო მკურნალი წყლებით – ეს ყველაფერი გეგმის თანახმად ამფითეატრის ფორმით განალაგეს.

  • აუქციონზე გაიტანეს ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“

ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“ 1937 წელს აშენდა. გასასხვისებელი ნაკვეთი 10 ჰექტარია [104 176 კვ.მ] შენობების საერთო ფართობი კი 16 129 კვ.მეტრი. ქონების საწყისი ფასი 5 მილიონ 232 300 ლარია. ბიჯი 10 000 ლარი. საგარანტიო თანხა ნახევარმილიონ ლარზე მეტია [ 523 230]. აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა საპრივატიზებო თანხა აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ამ შენობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. აუქციონს პირობის მიხედვით 2023 წლის იანვრიდან ოთხი წლის ვადაში [55 თვის ვადაში] მყიდველმა უნდა შეძლოს გადაცემული ტერიტორიის  განვითარება იმგვარად, რომ ის მოიცავდეს არანაკლებ 100 საწოლზე გათვლილ დიაგნოსტიკურ ცენტრს. საერთო ჯამში მყიდველმა ცენტრის მოსაწყობად 15 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება უნდა აიღოს.

სანატორიუმი „მეგობრობა“ – შენობის ნაწილის დემონტაჟს გამყიდველი უშვებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების ნებართვის შემთხვევაში.

  • სანატორიუმი „წყალტუბო“
სანატორიუმი „წყალტუბო“ 1935 წელს აშენდა. მიწის ფართობი – 35 990 კვ.მეტრია შენობების ფართობი – 8 660 კვ.მეტრია.
ქონების საწყისი ფასი – 2 600 000 ლარია.  აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა 2023 წლის 1 იანვრიდან არაუგვიანეს 4 წელში [55  თვის ვადაში] პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა მოაწყოს, პროექტი უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100 ნომრიან სასტუმროს და კვების ობიექტებს.
დემონტაჟი ამ შემთხვევაშიც მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმებით იქნება დაშვებული. ამ პროექტში ინვესტორმა 8 მილიონამდე ლარის ღირებულების ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

სანატორიუმი წყალტუბო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ამ შენობაშიც ცხოვრობენ.

  • სანატორიუმი „ფილიალი“
ყოფილი სანატორიუმი „ფილიალი“ 1939 წელს აშენდა. მიწის ფართობი – 38 224 კვ.მეტრია. გასაყიდი შენობების ფართობი – 4 564 კვ.მეტრი. შენობის საწყისი ფასი – 2 მილიონ 179 000 ლარი, ბიჯი 10 000 ლარი, ისევე როგორც სხვა 13 შემთხვევაში.

საპრივატიზებო თანხა მყიდველმა აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 წლის თვის ვადაში კი, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით უნდა მოაწყოს არანაკლებ 110 ნომრიანი სასტუმრო საკონფერენციო დარბაზებით და რესტორნებით. ამ შემთხვევაში ინვესტორს აქვს ასევე ვალდებულება სასტუმროს სამართავად უზრუნველყოს საერთაშორისო სასტუმროების ქსელის ოპერატორის შემოყვანა. საინვესტიციო ვალდებულება კი 6 მილიონ 537 000 ლარია.

სანატორიუმი „ფილიალი“

  • სანატორიუმი „სავანე“
სანატორიუმი „სავანე“ აშენდა 1975 წელს. მიწის ფართობი – 15 091 კვ.მეტრია, შენობის ფართობი – 7 726 კვ.მ. ქონების საწყისი ფასი 2 მილიონ 123 400 ლარია. აუქციონით გათვალისწინებული ვალდებულების მიხედვით, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 100  ნომრიანი სასტუმროს მოწყობა. დემონტაჟის სამუშაოების აუცილებლობის შემთხვევაში კი, უნდა მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 6 მილიონ  370 200 ლარია.

სანატორიუმი „სავანე“

  • სანატორიუმი „უშიშროება“
სანატორიუმი „უშიშროება“ აშენდა 1940 წელს, მიწის ფართობი – 250 768 კვ.მეტრია, შენობა-ნაგებობების ფართობი – 6 686 კვ.მ.
საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 10770.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება. ქონების საწყისი ფასი 8 მილიონ 470 000 ლარია. საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველმა ელექტრონული  აუქციონის დასრულებიდან 2 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. ამ შემთხვევაში საინვესტიციო ვალდებულებაა არანაკლებ 73 აპარტამენტის შექმნა, საინვესტიციო ვალდებულება 25 მილიონ 410 000 ლარია.
  • სანატორიუმი „გელათი“
ელექტრონულ აუქციონზე იყიდება ასე წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „გელათი“ – მიწის ნაკვეთი 22 067 კვ.მეტრია. აუქციონის პირობაში მითითებულია, რომ ნაკვეთზე დამაგრებული ორი შენობა დანგრეულია. ქონების საწყისი ფასი 1 969 300 ლარია. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 1056.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მასაც საცხოვრებლად იყენებენ.
ვალდებულებები აქაც თითქმის იდენტურია, საპრივატიზებო თანხა მყიდველმა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. ქონების შეძენიდან 5 წლის ვადაში კი აქ უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმროს მოწყობა. საინვესტიციო ვალდებულება 6 მილიონამდე ლარია.

სანატორიუმი „გელათი“

  • სანატორიუმი „აია“
სანატორიუმი „აია“ 1985 წელს აშენდა. მიწის ფართობი: 34 342 კვ.მეტრია, შენობის ფართობი: 14 820 კვ.მეტრი. ქონების საწყისი ფასი 2 მილიონ 802 300 ლარია.

სანატორიუმი „აია“

  • სანატორიუმი „რკინიგზელი“
ელექტრონულ აუქციონზე გაიტანეს ასევე სანატორიუმი „რკინიგზელი“. 33 000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, საწყისი ფასი 3 მილიონ 091 200 ლარია. პირობები თითქმის იდენტური. 

სანატორიუმი „რკინიგზელი“

  • სანატორიუმი „იმერეთი“

ქონების ეროვნული სააგენტო პირობიანი აუქციონის წესით ყიდის ასევე სანატორიუმ „იმერეთის“ შენობებს და მასზე დაქვემდებარებულ ოთხ ჰექტარს [41 150 კვ.მ]. ქონების საწყისი ფასი 3 მილიონ 124 500 ლარია, ბიჯი – 10 000 ლარი. ეს შენობა 1961 წელს არის აშენებული და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობის ფართობი 132 493 კვ. მეტრია.

  • სანატორიუმი „გეოლოგი“

გასაყიდად გამოტანილია ასვე სანატორიუმი „გეოლოგი“, 18 586 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობებით. ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 422 000 ლარია. ამ შენობაშიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადაგილებული პირები ოჯახებით ცხოვრობენ.  საინვესტიციო ვალდებულება 4 მილიონ 266 000 ლარია.

  • სანატორიუმი „სამგურალი“

ელექტრონულ აუქციონზე იყიდება ასვე სანატორიუმი „სამგურალი “ – 18 681კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ ნაგებობები. ქონების საწყისი ფასი 2 043 000 ლარია.

მთავრობა ყიდის ასვე სასტუმრო  „ინტურისტს“,  მიწის ნაკვეთი 50 062.00 კვ.მეტრია. ქონების საწყისი ფასი 2 988 000 ლარია.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირველივე აუქციონით გაყიდა სანატორიუმები „მედეა“ [76 621კვ]  და „თბილისი“ [28 399კვ]. ორივე სანატორიუმი თითო ბიჯით გაიყიდა:  „მედეა“ – 5 მილიონ 830 000 ლარად და „თბილისი“ 3 მილიონ 152 300 ლარად.

საჯარო რეესტრში ინფორმაცია მყიდველის შესახებ ჯერ ასახული არ არის.

ამ თემაზე „ბათუმელები“ მუშაობას გააგრძელებს და ახალ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: