მთავარი,სიახლეები

ზღვის დონის მატება 27 სმ-ით გარდაუვალია გრენლანდიის ყინულის დნობის გამო – კვლევა

31.08.2022 • 2139
ზღვის დონის მატება 27 სმ-ით გარდაუვალია გრენლანდიის ყინულის დნობის გამო – კვლევა

გრენლანდიის ყინულის დნობით გამოწვეული ზღვის დონის მნიშვნელოვანი მატება „გარდაუვალია“, წერს ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული „გარდიანი“.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრენლანდიის ყინულის დნობის შედეგად ზღვის დონის მინიმუმ 27 სანტიმეტრით მატება გარდაუვალია, რადგან გლობალური დათბობის გამო 110 ტრილიონზე მეტი ტონა ყინული დნება. მეცნიერები ასკვნიან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლიმატის კრიზისის გამომწვევი წიაღისეული საწვავის წვა ერთ ღამეში შეწყდება, ზღვის დონის ცვლილებას ახლა უკვე ვერაფერი შეაჩერებს.

მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს სანაპირო რაიონებში, რაც ზღვის დონის მატებით გამოწვეულ წყალდიდობას აქცევს კლიმატის კრიზისის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ, გრძელვადიან გავლენად.

ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, რომელზეც მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა, ნათქვამია, რომ მხოლოდ გრენლანდიის ყინულის დნობა გამოიწვევს ზღვის დონის მატებას მინიმუმ 27 სანტიმეტრით, მაგრამ სინამდვილეში ეს საუკეთესო სცენარია.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ გრენლანდიის ყინულის რეკორდული დნობის წლები [2012] კლიმატის ცვლილების გამო ამ საუკუნის ბოლომდე რუტინული გახდება [რაც მათივე შეფასებით სავსებით შესაძლებელია], ზღვის დონემ შეიძლება მოიმატოს 78 სანტიმეტრით.

„ეს არის ძალიან კონსერვატიული მინიმუმი,“ – თქვა პროფესორმა ჯეისონ ბოქსმა დანიისა და გრენლანდიის ეროვნული გეოლოგიური კვლევიდან (Geus), ის კვლევას ხელმძღვანელობდა.

„რეალურად, ჩვენ დავინახავთ, რომ ეს მაჩვენებელი ორჯერ უფრო მეტად გაიზრდება ამ საუკუნეში. 27 სმ-იანი მატების შეფასება მინიმალურია, რადგან ის მხოლოდ აქამდე დამდგარ გლობალურ დათბობას ითვალისწინებს და ასევე, აქ არ არის გათვალისწინებული მყინვარის დნობის ზოგიერთი სხვა გზა,“  – ამბობს მეცნიერი.

ამ კვლევის უპირატესობა ის არის, რომ იგი იძლევა მყარ შეფასებას ზღვის დონის გარდაუვალი მატების შესახებ, მაგრამ გამოყენებული მეთოდი არ იძლევა ვადებს, წერს „გარდიანი”. მიუხედავად ამისა, არსებული მონაცემებით, მკვლევრებმა მოახერხეს იმის თქმა, რომ ზღვის დონე შედარებით მალე მოიმატებს.

„27 სმ არის ზღვის დონის მატების მინიმუმი და ეს აუცილებლად მოხდება, არ აქვს მნიშვნელობა, რას გავაკეთებთ მომავალში“, – თქვა დოქტორმა უილიამ კოლგანმა Geus-ში. – „100 თუ 150 წელიწადში, ეს მოხდება“. 

„თუ გრენლანდიის ყინულის დნობის რეკორდული, 2012 წელი, გახდება ჩვეულებრივი მოვლენა ამ საუკუნის ბოლოს, მაშინ დანაკარგი 78 სმ-მდე გაიზრდება, რაც შემაძრწუნებელია და ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე ვუახლოვდებით ყინულის დაკარგვის ამ დიაპაზონს, შოკისმომგვრელია. მაგრამ განსხვავება 78 სმ-სა და 27 სმ-ს შორის ხაზს უსვამს [ცვლილებას], რომელიც შეიძლება მოახდინოს პარიზის შეთანხმების განხორციელებამ“ – ამბობს უილიამ კოლგანი. 

„მეცნიერულ ლიტერატურაში მატულობს იმ აზრის მომხრეები, რომ ზღვის დონე მრავალი მეტრით მოიმატებს მომდევნო 100-200 წლის განმავლობაში“, – თქვა კოლგანმა. მისივე თქმით, აღმოსავლეთ ანტარქტიდის კოლოსალური ყინულის კოლაფსი, რომლის სრულად დადნობაც გამოიწვევდა ზღვის დონის 52 მეტრით მომატებას ათასწლეულების განმავლობაში, შეიძლება თავიდან იქნას აცილებული კლიმატის სწრაფი ზომების მიღების შემთხვევაში.

ამავე თემაზე:

შტორმისა და ღვარცოფის გაზრდილი რაოდენობა, როგორც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: