განათლება,მთავარი,სიახლეები

რა უნდა შეიცვალოს 55 მლნ დოლარით საქართველოს განათლების სისტემაში – ინტერვიუ

01.09.2022 • 4614
რა უნდა შეიცვალოს 55 მლნ დოლარით საქართველოს განათლების სისტემაში – ინტერვიუ

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე მომდევნო ხუთ წელიწადში 55 მლნ-ზე მეტ დოლარს დახარჯავს. კონკრეტული პროექტები შეეხება როგორც სკოლის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე, უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში ხარისხის გაზრდას.

ამ თემაზე „ბათუმელები“ ნინო უძილაურს ესაუბრა, რომელიც USAID-ში განათლების გუნდის ხელმძღვანელია.

  • ქალბატონო ნინო, რომ გვითხრათ, კონკრეტულად  რისი გაკეთება იგეგმება ამ თანხით და რამდენად აისახება ეს ყველაფერი განათლების ხარისხზე საქართველოში?

აშშ-ს განვითარების სააგენტოსთვის განათლების სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ წელს გავაფორმეთ მემორანდუმი განათლების სამინისტროსთან, ამით აღვნიშნეთ საქართველო-აშშ-ის 30-წლიანი პარტნიორობა და ასევე, მკაფიოდ გავწერეთ ის, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქართული განათლების სისტემას.

მემორანდუმი მოიცავს რამდენიმე პროგრამას, მათ შორის მიმდინარე პროგრამებსაც, რომლებსაც მესამე წელია ამ სფეროში ახორციელებს ჩვენი სააგენტო.

ეს მოიცავს განათლების ყველა დონეს, დაწყებული დაწყებითი განათლებიდან, უმაღლესი და პროფესიული განათლების ჩათვლით.

  • მოდით, დავიწყოთ სკოლით, რისი გაკეთება იგეგმება სკოლაში ამ პროგრამის ფარგლებში?

ამ ეტაპზე სკოლებში გვაქვს ორი დიდი პროგრამა, ერთი, ეს არის დაწყებითი განათლების და მეორე, სამოქალაქო განათლების პროგრამა.

დაწყებითი განათლების პროგრამა მესამე წელია მიმდინარეობს და მთავარი მიზანი ბავშვებში წიგნიერების ამაღლებაა. იგულისხმება მათემატიკური უნარების გაუმჯობესება, წაკითხულის გააზრებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.

ამისთვის ჩვენ მრავალფეროვანი აქტივობები გვექნება სკოლებში, რაც უშუალოდ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზეა ორიენტირებული. ეს არის მეთოდები და ტაქტიკა, თუ როგორ შეიძლება ასწავლო ბავშვს საინტერესოდ. პირველ რიგში, სწავლა უნდა შეაყვაროს პედაგოგმა მოსწავლეს, სახალისო გახადოს კითხვა და მათემატიკის სწავლაც.

ყველაფერი ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებაზე უნდა იყოს მორგებული, რომ ბავშვისთვის აღარ იყოს ეს პროცესი მოსაწყენი. ბავშვები განსხვავებულნი არიან თავიანთი უნარებით, ამიტომ არის საჭირო კონკრეტული მეთოდების სწავლება პედაგოგებისთვის, რომ ყველა ბავშვს სათანადოდ მისწვდეს კლასში მასწავლებელი.

თუ ბავშვს არ აქვს წიგნიერების მაღალი დონე, არ შეუძლია წაკითხულის გააზრება, მომავალში ვერცერთ საგანს ვერ ისწავლის.

ეს არის ის საბაზო კომპეტენცია, რომელიც ნებისმიერი საგნის შესწავლის საფუძველს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია ცხოვრებისეულ წარმატებაში.

მთავარია, ბავშვი ჩასწვდეს წაკითხულს და მოახერხოს გააზრება, ჰქონდეს კრიტიკული აზროვნება – ეს არის პროგრამის მთავარი მიზანი.

  • ყველა სკოლას მოიცავს პროგრამა?

ყველა საჯარო სკოლასთან ვმუშაობთ პარტნიორი უნივერსიტეტების დახმარებით, რომლებსაც აქვთ დაწყებითი კლასების მასწავლებლების მოსამზადებელი პროგრამები. პარალელურად, ამ უნივერსიტეტების გაძლიერებაც ხდება.

იმ სკოლებისთვის, სადაც ეთნიკური უმცირესობები ან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობენ, იქმნება დამატებითი რესურსები. 15 სკოლაში საპილოტე პროგრამა უკვე მუშაობს და ჩვენ ერთ წელიწადში შევაფასებთ ამ პროგრამის შედეგს, რამ იმუშავა კარგად, რამ – ვერა და ამის მიხედვით მივცემთ რეკომენდაციებს სამინისტროს.

ასევე, იქმნება ძალიან დიდი ელექტრონული ბაზა მასწავლებლებისთვის, რომელსაც მოსწავლეებიც გამოიყენებენ და წვდომა ექნებათ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსზე, რომ მხოლოდ სახელმძღვანელოზე არ იყოს მიბმული მასწავლებელი ან მოსწავლე.

  • პედაგოგების კვალიფიკაციაზე წლებია საკმაოდ სოლიდურ თანხას ხარჯავს სახელმწიფო, თუმცა არც თუ ისე მაღალია შედეგები. გარდა ამისა, როცა საკლასო ოთახები არ არის სათანადოდ აღჭურვილი, კლასში არ არის ინტერნეტი, კომპიუტერი, სხვა საჭირო ტექნიკა, როგორი იქნება თქვენი პროგრამების შედეგი?

მასწავლებლების პოზიციაც გასაგებია, ისინი შეიძლება იყვნენ უკმაყოფილო ტრენინგების ხარისხითაც, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ვასწავლოთ ის მეთოდოლოგია, რომელიც დაეხმარება მათ ბავშვებს ასწავლონ ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.

არ გამოიყენონ, ვთქვათ, გენდერულად განპირობებული მიდგომები, მაგალითად, არ უთხრან ბავშვებს, რომ მათემატიკა ბიჭებისთვის უფრო ადვილია, რომ რასაც ვასწავლით, დღევანდელ რეალობაზე იყოს მორგებული.

ამას შეიძლება საერთოდ არ სჭირდებოდეს რაღაც განსაკუთრებული ტექნოლოგიები კლასში, აქ საუბარია, სწორად შეარჩიოს მასწავლებელმა მასალა კონკრეტული ბავშვისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ასევე  ჯგუფში.

იმ მეთოდებიდან და მიდგომებიდან, რასაც ჩვენ პედაგოგებს ვასწავლით, მასწავლებელს შეუძლია ამოარჩიოს ის, რაც მისი კონტექსტისთვის იქნება მისაღები და ადვილად გამოიყენებს. რაც მთავარია, ჩვენ არ გვაქვს მიდგომა, რომ რაღაც ვასწავლეთ ტრენინგზე და გავიარეთ ეს საკითხი. შემდეგ საკლასო დაკვირვებები გვაქვს, რომ ვნახოთ, როგორ აკეთებს ამ ყველაფერს პრაქტიკაში პედაგოგი, რათა შემდეგ ვურჩიოთ, რომელი მეთოდის გამოყენება სჯობდა აქ და რომლის – არა.

დანერგვა არ არის ადვილი პროცესი, თეორიაში ერთია როცა გეუბნებიან – „ასე გააკეთე“, მაგრამ პრაქტიკაში გამოყენება ბევრს უჭირს.

ამიტომ, ჩვენ საკლასო დაკვირვების მეშვეობით ვცდილობთ შევაფასოთ მდგომარეობა. ასევე, იმ პედაგოგების დახმარებით ვაფასებთ სიტუაციას, რომლებმაც უკეთ აითვისეს ესა თუ ის მეთოდი და ერთმანეთის მხარდაჭერის და გაძლიერების კულტურასაც ვუწყობთ ხელს.

  • კიდევ რა კომპონენტი გაქვთ სკოლებისთვის გათვალისწინებული?

შემდეგი კომპონენტი, ეს არის სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერება. ეს პროექტი გაზაფხულზე დავიწყეთ და გავაგრძელებთ ახალი სასწავლო წლიდან. მთავარი მიზანი არის ის, რომ სამოქალაქო განათლების სწავლება დატვირთული იყოს ისეთი აქტივობებით, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

იქნება ეს დემოკრატიული კულტურა, თვითმმართველობა, ბულინგი, კულტურული მემკვიდრეობა თუ სხვა თემები – ყველაფერს უნდა მოიცავდეს სამოქალაქო განათლება და ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს კერძო სექტორიც, იმისთვის, რომ პროცესი იყოს მდგრადი და ცალკეული აქტივობები იყოს მათი მხრიდან მხარდაჭერილი.

  • უნივერსიტეტებთან რა ტიპის თანამშრომლობა იგეგმება?

უნივერსიტეტებთან ამ ეტაპზე გვაქვს კანონის უზენაესობის პროგრამა, რომლის მიზანია იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება უმაღლეს სასწავლებლებში, რადგან თუ არ მოხდა კვალიფიციური კადრების გამოშვება, ყოველთვის პრობლემა იქნება ამ სფეროში და  რთული იქნება ჯანსაღი სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაზე საუბარი. ამიტომ ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული სწავლება, შეიქმნება რესურსები, ეთიკის სახელმძღვანელო და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება.

2023 წელს კი ვიწყებთ ახალ პროგრამას იმ უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც მასწავლებლის მომზადების პროგრამას ახორციელებენ. კონკრეტულად რა კომპონენტები ჩაიდება ამ პროგრამაში, ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ, თუმცა პროგრამა გათვლილი იქნება კონკრეტულ საჭიროებებზე, იქნება ეს მასწავლებლების დეფიციტი კონკრეტულ საგნებში თუ სხვა.

  • რა არის სახელმწიფოზე დამოკიდებული, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ თქვენი აქტივობების პარალელურად, რომ ამ შრომის შედეგი რეალურად აისახოს განათლების ხარისხზე?

ბუნებრივია, ჩვენ მარტო ვერ ვიმუშავებთ და გვჭირდება განათლების სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეულების თანამშრომლობა, რომ ცალ-ცალკე კი არ იყოს ჩვენი და მათი მცდელობები, არამედ, აგურებივით უნდა შენდებოდეს ეს ყველაფერი ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ამაზე საუბრობს ის განათლების სტრატეგიაც, რომელიც ახლახან დამტკიცდა სამინისტროს მიერ და კარგად არის ფორმულირებული ის სიძნელეები, რაც 2030 წლისთვის სახელმწიფომ უნდა დაძლიოს.

ამ სტრატეგიას თან ახლავს ორწლიანი სამოქმედო გეგმაც, თუ რა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მოკლე პერიოდში.

  • და რა არის ყველაზე სწრაფად შესაცვლელი სისტემაში, რა უნდა გამოსწორდეს?

წიგნიერება და მათემატიკა – ეს არის სასწრაფოდ გასაუმჯობესებელი, რადგან, როგორც აღვნიშნე, სწორედ ამ უნარებს ეფუძნება შემდგომში ბავშვის განვითარება. როგორც ვიცით, ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ძალიან დაბალი შეფასებები გვაქვს ამ კომპონენტებში. მართალია, ბოლო წლებში გვაქვს გარკვეული პროგრესი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ეს არის თაობა, რომელიც მოდის და თუ ეს პრობლემა არ გამოსწორდა, გლობალურ დონეზე ვერ გაუწევს კონკურენციას.

სამოქალაქო განათლებაზეც იმიტომ გავაკეთეთ აქცენტი, რომ თუ ჩვენ გვინდა დემოკრატია და ვსაუბრობთ დემოკრატიის მშენებლობაზე, ამ თაობას უნდა ესმოდეს დემოკრატიის პრინციპები, გაიაზროს და გაიზარდოს ამ პრინციპებით, ესმოდეს რას ნიშნავს იყო მოქალაქე.

დემოკრატიისთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემა, ამიტომ ვისაუბრეთ იურიდიული განათლების ხელშეწყობაზეც.

ჩვენ ვმუშაობთ პედაგოგების კომპეტენციის ამაღლებაზე, მაგრამ ახალი პროგრამის დანერგვით ჩვენ ხელს შევუწყობთ მომავალი პედაგოგების კომპეტენტურობას და უნივერსიტეტებიდან ისეთ კადრებს გამოვუშვებთ, რომლებსაც  უკვე ექნებათ ის უნარები, რაც აუცილებელია 21-ე საუკუნის თაობის აღსაზრდელად.

  • რას გვეტყვით პროფესიულ განათლებაზე? ითქვა, რომ პრიორიტეტული უნდა გახდეს ეს სფერო ქვეყნისთვის, არის კი ასე, როგორ შეაფასებთ?

ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროგრამა გვაქვს პროფესიული განათლების სფეროშიც, რომელიც მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა საჭირო მიმართულებას. ეს პროგრამები ძალიან მაღალი ხარისხის და მოთხოვნადი იქნება, მათ დანერგვაში კი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული კერძო სექტორი, რადგან მათ უკეთ იციან რა კვალიფიკაციის სპეციალისტები სჭირდებათ.

სწორედ ბაზრის საჭიროებაზე იქნება მორგებული ჩვენი პროგრამებიც, რომ კურსდამთავრებულებს დასაქმების გარანტიები ჰქონდეთ.

  • ხომ არ გაქვთ კვლევა, როგორია დასაქმების მაჩვენებელი პროფესიულ სფეროში?

დასაქმების მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესება ძალიან  მაღალია.

ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივ დონეზე მოხდეს კადრების შერჩევა და დასაქმება. ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს. იქნება ეს სამშენებლო სფერო, ტურიზმი თუ სხვა, ჩვენი მხრიდან  ექნებათ ხარისხიანი პროგრამების გარანტია. ამ პროგრამების შეფასება კი ეტაპობრივად მოხდება.

  • თქვენს ორგანიზაციას არაერთი პროგრამა აქვს განხორციელებული საქართველოში, სხვადასხვა სფეროში. თქვენი დაკვირვებით, რამ ვერ იმუშავა და რა მიმართულებაში?

ვერ ვიტყვი, რომ  რაიმემ ვერ იმუშავა, რადგან განათლების სფერო ხანგრძლივ პროცესს და ძალისხმევას მოითხოვს. ინტერვენციას დრო სჭირდება. ადამიანი წლებია მუშაობს, ახლა კი უნდა შეცვალოს მიდგომები და მეთოდები, დამოკიდებულება – ეს ყველაფერი დროს მოითხოვს.

ვფიქრობ, რომ განათლება უწყვეტი პროცესი უნდა იყოს ყველა სფეროში და არა ერთჯერადად რაღაცის სწავლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: