მთავარი,სიახლეები

ვამაყობ, რომ „აზოველი“ ვარ – რუსი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლში დაიჭრა

27.07.2022 • 10695
ვამაყობ, რომ „აზოველი“ ვარ – რუსი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლში დაიჭრა

„აზოვში“, რომელსაც რუსული პროპაგანდა ნაცისტურს უწოდებს, ბევრი რუსი მებრძოლია. ერთ-ერთია „ბარსიკი“, რომელიც უკრაინისთვის 2014 წლიდან იბრძვის. „ბარსიკი“ Hromadske-ს უყვება, როგორ მივიდა „აზოვში“, როგორ შეაღწია თანამებრძოლებთან ერთად ოკუპირებულ მარიუპოლში და რატომ არ აქვს უკრაინის მოქალაქეობა.

  • როგორ მოხვდით უკრაინაში და რატომ გადაწყვიტეთ აქ ბრძოლა?

რუსეთში, კომის რესპუბლიკაში, ქალაქ სიკტივკარში დავიბადე. 2013 წელს, როდესაც უკრაინაში რევოლუცია დაიწყო, აქტიურმა ახალგაზრდებმა მხარი დაუჭირეს მაიდანს. 2014 წლის 24 სექტემბერს, უკრაინის დროშებით, უკრაინის მხარდასაჭერი აქციაც მოვაწყვეთ. ამის შემდეგ, დაიწყო ხელისუფლებისგან ზეწოლა: დაკითხვები, ეჭვები „მემარჯვენე სექტორთან“ თანამშრომლობაზე, ბრალდებები, რომ ჩვენ თითქოს „ერთიანი რუსეთის“ რომელიღაც ხელმძღვანელი ვცემეთ და ადამიანებს ვაწამებდით. ასეთი აბსურდი დაიწყო!

მივხვდი, რომ უკრაინაში წასვლის დრო იყო. მაშინ უკვე ვიცოდი „აზოვზე“. პოლკის მოხალისეებს მივაგენი, ვკითხე, იღებდნენ თუ არა უცხოელებს. მიპასუხეს, რომ კი. ასე გადავწყვიტე უკრაინაში გადასვლა, თუმცა აქ არც ნაცნობი მყავდა და არც ნათესავი.

2014 წლის ნოემბერში უკვე „აზოვში“ ვიყავი, იანვრის ბოლოს  – „ურზუფის“ ბაზაზე და პოლკის საქმიანობაში აქტიურად ვმონაწილეობდი. 2017 წლამდე ვიმსახურე, მერე წამოვედი და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩავები – მსურველებს ომისთვის ვამზადებდით. „აზოვში“ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეს დავბრუნდი.

  • სამხედრო გამოცდილება თუ გქონდათ, როდესაც უკრაინაში მოდიოდით?

არა, არანაირი. ჯარში არ მიმსახურია, თუმცა ყოველთვის მინდოდა, სამხედრო ვყოფილიყავი. რუსეთში ეს არ გამოვიდა. ეს კარგიცაა, რადგან გამიმართლა და სწორედ „აზოვში“ მოვხვდი. ყველაფერი იქ ვისწავლე, პოლკმა შესანიშნავად გამწვრთნა.

  • სად იყავით, რა ნახეთ?

2014-2017 წლებში ვმონაწილეობდი ოპერაციებში შიროკინოში, ლებედინსკოეში, ვოდიანოეში, პავლოპოლში, მარინკაში. იმ ომის ახლანდელთან შედარება რთულია: იქ იყო სანგრების ომი, შედარებით დუნე ომი. მაშინ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში არ ვმონაწილეობდი. გავდიოდი დაზვერვაზე, ზოგჯერ სროლაშიც ვხვდებოდი, მაგრამ 24 თებერვალს დაწყებული ომი სულ სხვაა.

ამისთვის წინასწარ ვემზადებოდით – 2021 წლის აგვისტოდან მოხალისეებს ვაგროვებდით, ვატარებდით წვრთნებს. ვასწავლიდით სამოქალაქო მედიცინას, პარამედიცინას, იარაღის მოხმარებას, შენობებზე შეტევას, ასეთი წვრთნებით ვეხმარებოდით ტერიტორიული თავდაცვის ძალებს.

სრულმასშტაბიანი ომის პირველი დღეს „ატეკის“ ქარხანაში, სამხედრო შეკრების პუნქტში მივედი. 24 თებერვლიდან ვმონაწილეობდი ბრძოლებში ბუჩაში, მოშჩუნსა და მარიუპოლში. პირველი რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე – დამწვარი ტექნიკის მთები იყო. თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები მაინც მარიუპოლს უკავშირდება. ორი ოცნება მქონდა: სამხედრო ვერტმფრენით მეფრინა და სერიოზულ ქუჩის ბრძოლებში მიმეღო მონაწილეობა – ჩემი ორივე ოცნება ამ ქალაქში ახდა. იქ ბიჭებმა მართლა ბევრი გმირობა ჩაიდინეს.

  • როდის ჩაფრინდით მარიუპოლში?

მარტის 20-ის მერე. მეთაურობამ მარიუპოლის დებლოკადის ოპერაციისთვის წასვლა შემოგვთავაზა. მხოლოდ მოხალისეებს იღებდნენ: უკიდურესად სარისკო ოპერაცია იყო. დავთანხმდი. სამი კვირის შემდეგ დაგვიძახეს და გვითხრეს, რომ ოპერაცია ორმაგად სარისკო გახდა. ალყაშემორტყმულ მარიუპოლში უნდა შევსულიყავით და თავდაცვა გაგვეძლიერებინა. მხოლოდ სამხედრო გამოცდილების ხალხი სჭირდებოდათ, ფიზიკურად ძლიერები და ამტანები. რა თქმა უნდა, მეც და სხვებიც დავთანხმდით, თუმცა ყველას გვესმოდა, რომ ეს შეიძლებოდა მხოლოდ ერთი გზის ბილეთი ყოფილიყო.

მარიუპოლში ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები ჩავიტანეთ და „აზოვსა“ და სხვა დანაყოფებს უნდა დავხმარებოდით ქალაქის დაცვაში. როდესაც ქალაქამდე მივაღწიეთ, მებრძოლებს ძალიან გაუხარდათ! არ სჯეროდათ, რომ ჩავფრინდებოდით, ვიდრე არ დაგვინახეს. მაშინ მარიუპოლის გარეუბნებში მიდიოდა ბრძოლები. არავინ წუწუნებდა, ყველა თავის მოვალეობას ასრულებდა.

  • იყო რამე ისეთი, რამაც შოკში ჩაგაგდოთ?

ვიდრე მარიუპოლში გავფრინდებოდით, წინასწარ აგვიხსნეს, რა ხდებოდა იქ – ყველა მხრიდან ისვრიან, ისვრიან გაუჩერებლად, ქუჩაში გვამებია. ბრძოლა შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს, ნებისმიერი ფანჯრიდან. საკმაოდ მშვიდად შევხვდი ამ ყველაფერს. როდესაც პოზიციაზე მივდიოდი, ვხედავდი დანგრეულ სახლებს, აფეთქებული ნაღმებისგან დასახიჩრებულ სხეულებს… მაგრამ შოკი არაფერს გამოუწვევია: ეს ომია და ომში ასეთ რამეს უნდა ელოდე.

  • რამდენ ხანს იყავით მარიუპოლში?

რვა დღე. 24 მარტს ჩავფრინდით და 31-ში დაჭრილი გამომიყვანეს.

  • როგორ მოხდა ეს?

30-ში დამჭრეს. ჩვენ ჯგუფს ჭურვი ესროლეს. ნამსხვრევები მოგვხვდა. ოთხნი დავიჭერით. სადარბაზოში შევვარდით და ტურნიკეტები დავიდეთ, პოზიცია შევიცვალეთ და დახმარებას დაველოდეთ.

დაჭრილები ექიმთან გაგვგზავნეს. ექიმმა თქვა, რომ ევაკუაცია იყო საჭირო. მე დარჩენა მინდოდა, მძიმე ჭრილობა არ იყო, თუმცა ექიმმა თავისი გაიტანა.

  • მშვიდობით გამოფრინდით?

ჩვენ კი. ჩვენამდე, ჩამოაგდეს ვერტმფრენი, რომელსაც დაჭრილები მიჰყავდა. ზოგი დაიღუპა, 1-2 ადამიანი კი ტყვედ ჩავარდა. ჩვენც გვესროდნენ, თუმცა აგვაცილეს.

  • ფეხი როგორ გაქვთ?

ორი ნამსხვრევი დამრჩა. ვერ ამოიღეს, ძალიან ღრმად იყო – მითხრეს, რომ თუ აღარ შემაწუხებს, ასე სიარულიც შეიძლება.

ორ კლინიკაში ვიწექი, ორი ოპერაცია გამიკეთეს, რეაბილიტაციაც გავიარე. ჭრილობა შეხორცდა, თუმცა ტერფის ნაწილს ახლაც ვერ ვგრძნობ.

“ბარსიკი” სარეაბილიტაციო ცენტრში/ფოტო: Hromadske.ua

  • რა მშვიდად ჰყვებით ამ ყველაფერზე, „აზოვში“ ყველა ასეა?

პანიკაში არავინ ჩავარდნილა, როგორ რთულ ვითარებაშიც უნდა ყოფილიყვნენ. შეიძლება მე ისეთი ფიზიკური და ტაქტიკური მომზადება არ გამივლია, როგორც სხვა „აზოველებს“, მაგრამ ომის სტიქია ჩემთვის რაღაცნაირად მშობლიურია. შინაგანი რწმენაა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ.

  • აზოვსტალში“ დარჩენილ მებრძოლებთან გქონდათ კონტაქტი?

იყო რამდენიმე ადამიანი, რომელიც კავშირზე გამოდიოდა ხოლმე. ახლა ისინი ტყვეობაში არიან. პანიკა არ ყოფილა: ამბობდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო, რომ იდგნენ, უძლებდნენ. ბოლო მომენტამდე მქონდა კავშირი „აზოვსტალში“ მყოფ ნაცნობ გოგოსთანაც, რომელიც სამწუხაროდ, ნანგრევებში დაიღუპა. მათი ბუნკერი დაბომბეს.

ყველას ესმოდა, რა სიტუაციაშიც იყვნენ – გამოსვლა შეუძლებელი იყო, თუმცა სულიერად არ დაცემულან.

რამდენი ტალახი ესროლეს „აზოვს“, მაგრამ ხომ ნახეთ, რამდენ ხანს იცავდნენ ქალაქს შეზღუდული რესურსებით და დახმარების გარეშე! აკავებდნენ რუსეთის ძალებს, რომ წინ არ წასულიყვნენ და არამხოლოდ  „აზოვი“, მოხალისეები, რომლებიც მარიუპოლში იყვნენ, საზღვაო ქვეითები. ეს მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ვამაყობ, რომ „აზოველი“ ვარ.

  • „აზოვის“ იმ მებრძოლებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, ვინც ტყვეობიდან დაბრუნდა?

ერთთან, რომელიც დაჭრილი იყო და გაცვალეს. შევხვდით კიდეც, საავადმყოფოში მოვინახულე. მითხრა, რომ ჯერ კიდევ არ შეუძლია ყველაფრის მოყოლა, რაც იქ ხდებოდა, მაგრამ თავს ნორმალურად გრძნობს. დაბრუნებული ტყვეები არაფერს ჰყვებიან – ჯერ ადრეა, ჯერ კიდევ ბევრია ტყვეობაში.

  • როგორ აეწყო თქვენი ურთიერთობა თანამებრძოლებთან?

ჩემამდეც იყვნენ რუსები „აზოვში“, თუმცა როდესაც პირველად მივედი შეკრების ადგილას, მაინც ყველას გაუკვირდა. კარგად შემხვდნენ.

„აზოვში“ ჩემ გარდა კიდევ ბევრი უცხოელი იყო – ბერძნები, ფინელები, რუსები და ბელორუსები. იმის გამო, რომ რუსეთიდან ვარ, არავის ჩემ მიმართ სიძულვილი არ გამოუხატავს.

უკრაინულის სწავლა ჯერ ვერ მოვასწარი, თუმცა მოქალაქეობის მისაღებად უკრაინული ენის გამოცდის ჩაბარება მომიწევს, ასე რომ, გადავწყვიტე, აუცილებლად ვისწავლო.

ძალიან კარგად მესმის უკრაინული, უბრალოდ, ლაპარაკი მიჭირს. ჩემ გარშემო ძირითადად რუსულად ლაპარაკობდნენ. „აზოვში“ ჩემს ასეულში 100-დან მხოლოდ ორი ადამიანი ლაპარაკობდა უკრაინულად.

  • რადგან „აზოვში“ ბევრი მებრძოლი აღმოსავლეთ უკრაინიდანაა?

დიახ ასეა. ბევრია დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ზაპოროჟიედან და კიევიდან. დასავლეთ უკრაინიდან ჩემთან მხოლოდ ორი ადამიანი იყო, თუმცა შესანიშნავად ვეწყობოდით და ვუგებდით ერთმანეთს.

  • მოქალაქეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც მოგვიყევით.

პირველად მოქალაქეობაზე მაშინ შევიტანე მოთხოვნა, როდესაც მოხალისეთა შესახებ კანონი მიიღეს. მთელმა ჯგუფმა შევიტანეთ. მაშინ უარი გვითხრეს იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეობა გვქონდა: უარი უნდა გვეთქვა მასზე. მაგრამ ეს რომ გაგვეკეთებინა, რუსეთის საელჩოში უნდა მივსულიყავით და განცხადება დაგვეწერა. იქ რომ მივსულიყავით, უკან ვეღარასოდეს გამოვიდოდით.

ახლახან ცვლილებები შევიდა კანონში, თუ პოლიტიკური მოტივებით გდევნიან ან უკრაინის წინაშე რაიმე დამსახურება გაქვს, შეგიძლია მოქალაქეობა მოითხოვო. უკვე დოკუმენტებიც მოვაგროვე, მაგრამ ვეღარ მოვასწარი შეტანა, ომი დაიწყო.

ახლა მოქალაქეობაზე დოკუმენტების შეტანა, ცოტა არ იყოს, პრობლემურია. ბევრი უწყება არ მუშაობს. ამიტომაც მინდა დავწერო წერილი, ავტობიოგრაფიასთან ერთად, დავაკრა დოკუმენტებს და პრეზიდენტის ოფისში გავგზავნო.

მე რომ ტყვედ ჩავვარდე, სავარაუდოდ, ვერ გამცვლიან, რადგან უკრაინის მოქალაქე არ ვარ. კარგ შემთხვევაში, რუსეთში გამგზავნიან, ცუდ შემთხვევაში – იქვე ჩამმარხავენ. რომ მოვკვდე, ვინ ამოიცნობს ჩემს ცხედარს? გაფორმებული არ ვარ, მოქალაქეობა არ მაქვს, ფაქტობრივად არ ვარსებობ აქ. მარტო მე არ ვარ ასე, ბევრნი ვართ ვისაც ეს პრობლემა გვაქვს – რუსები, ბელორუსები, ქართველები…

მეგობარი გოგო მყავს, ისიც რუსეთიდანაა. ხელს ვერ ვაწერთ. ქორწინების რეგისტრაციაზე უარს გვეუბნებიან, რადგან მე საერთაშორისო პასპორტი არ მაქვს. ამიხსნეს, რომ ასეთი პასპორტის გარეშე უცხოელთა ქორწინებას ვერ დაარეგისტრირებენ, მაგრამ პასპორტის გაკეთებაც არ შემიძლია – რუსეთის საელჩო უკრაინაში არ მუშაობს. თუ მომავალ წელიწად-ნახევარში მოქალაქეობას ვერ მივიღებ, ჩემს რუსულ პასპორტსაც ვადა გაუვა. აი, ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ.

„უცხოურ ლეგიონში“ ვინც არის, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, 2014 წლიდან აქაა, ისინიც მსგავს სიტუაციაში არიან.

  • რა უნდა გაკეთდეს?

პეტიციას შეეძლო ეშველა, თუმცა მან საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა. საზოგადოება ჯერჯერობით ამ საკითხს არ აყენებს.

ასეულში, რომელშიც მე ვმსახურობ, შვიდი უცხოელია. უკრაინის შეიარაღებული ძალებმა სამი თვის წინ დაიწყო ოფიციალურად უცხოელების გაფორმება, თუმცა ახლა ეს პროცესიც შეჩერებულია. მიზეზი არ ვიცი.

შეიძლებოდა, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს შეემოწმებინა ის ხალხი, ვინც დიდი ხანია უკრაინისთვის იბრძვის და თუნდაც შემოწმების შემდეგ მიენიჭებინა მოქალაქეობა. ჯერჯერობით ასეც არ ხდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: