მთავარი,სიახლეები

სუსმა ბათუმის მერიიდან სამშენებლო ნებართვები ამოიღო

31.08.2022 • 3369
სუსმა ბათუმის მერიიდან სამშენებლო ნებართვები ამოიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა [სუს] ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურიდან ამოიღო გაცემული სამშენებლო ნებართვები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულ ნებართვასთან დაკავშირებულ მასალებს სწავლობს და ერთ-ერთი გამოკითხვის შემდეგ მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უკვე ყოფილ უფროსს, მირიან მეტრეველს, პირადი ტელეფონიც დაატოვებინეს. მისთვის ტელეფონი დღემდე არ დაუბრუნებიათ.

ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად მირიან მეტრეველმაც დაუდასტურა. ის ასევე გვარწმუნებს, რომ ამ კონკრეტულ ამბავს მისი სამსახურიდან წასვლა არ უკავშირდება.

„გარწმუნებთ, რომ არანაირი დაპირისპირება არ მქონია არც მერთან და არც მთავრობის თავმჯდომარესთან, ეს ჭორებია. გამიკვირდა კიდეც, რომ ეს დაიჯერეს. წასვლას ვაპირებდი. ამ სამსახურში მუშაობა არ არის იოლი, ზეწოლა ძალიან მაღალია, როგორც სამშენებლო, ასევე სამოქალაქო სექტორიდან. ამას დაემატა ახალი პროგრამა [გულისხმობს ავარიული სახლების პროგრამას], უამრავი განაცხადი შემოვა მერიაში.

წასვლა ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადავწყვიტე, გადაღლილიც ვიყავი, ხუთი წელი ამ სამსახურში ვიმუშავე, მაგრამ უცებ ვერ წავიდოდი დაკისრებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ამიტომაც წინასწარ ჩავაყენე ხელმძღვანელობა საქმის კურსში, რომ უნდა წავსულიყავი. ახალი წლიდან ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ორი თვე ვერ ვიმუშავე ჯანმრთელობის პრობლემების გამო და ამიტომაც მომიწია ზაფხულამდე დარჩენა.

როცა მომისმინა მერმა, მიხვდა, რომ უმოტივაციოდ ვიყავი. გეტყვით, რომ ამ სამსახურში ყველა გათვალისწინებული შტატიც რომ შეივსოს, რესურსი მაინც არ იქნება საკმარისი იმ შრომისთვის, რაც ამ სამსახურშია. ამიტომაც მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისთვის“.

ორი თვეა, რაც მირიან მეტრეველმა თანამდებობა დატოვა. ის შვებულებაში გავიდა იმ პირობით, რომ სამსახურში აღარ დაბრუნდებოდა.

მან არ უპასუხა კითხვას, კონკრეტულად რომელი სამშენებლო ნებართვით დაინტერესდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: „ვერ გეტყვით, რადგან გამოძიება მიდის.“

მირიან მეტრეველს ასევე ვკითხეთ, სთხოვა თუ არა მას მერმა დარჩენა. გვითხრა რომ – არა. „მერი მიხვდა, რომ უმოტივაციოდ  ვიყავი“, – გაიმეორა მან.

რომელი სამშენებლო ნებართვა აინტერესებს სუსს? – „ბათუმელებმა“ ორი ვერსიის შესახებ გაიგო: პირველი ვერსიით, სუსმა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაზე 2019 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები წაიღო. დაზუსტებით ვიცით, რომ ყოფილი მერი ლაშა კომახიძე ამ საქმეზე გამოკითხული არ არის.

მეორე ვერსიით კი, ნებართვას მოქმედი მერი აწერს ხელს. ასეთ შემთხვევაში საქმე ეხება პროექტს, რომელიც რამდენიმე ეტაპს გადის და საბოლოო შეთანხმების გაფორმებას შეიძლება ერთი ან მეტი წელი დასჭირდეს.

არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2020 წლის ივლისში დაინიშნა, შემდეგ კი მერი გახდა. ამ საკითხზე მერის განმარტების მიღებას პრესსამსახურის დახმარებით ვცდილობდით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ გაგვცა.

რა პროექტებთან დაკავშირებული სანებართვო დოკუმენტები ამოიღეს? – კითხვებს არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უპასუხეს.

უკვე ორი თვეა, რაც მირიან მეტრეველი სამსახურიდან წავიდა. მერიაში მის წასვლას ამ დრომდე არ ადასტურებენ და გვეუბნებიან, რომ ის შვებულებაშია: „მირიანს გასულ წელს არ გამოუყენებია კუთვნილი შვებულება და ვადა გავუგრძელეთ.“

თუმცა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვადა უკვე ამოწურულია.

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობას, მირიან მეტრეველის წასვლის შემდეგ, მისი მოადგილე მამუკა რამიშვილი ასრულებს.

სამსახურის ახალი უფროსის შესარჩევად მერმა კონკურსი უნდა გამოაცხადოს. ამ ეტაპზე ასეთი კონკურსი მერიას გამოცხადებული არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: