მთავარი,სიახლეები

რით დახოცეს უკრაინელი სამხედრო ტყვეები ოლენოვკაში – გამოძიებამ იარაღი დაასახელა

30.08.2022 • 1337
რით დახოცეს უკრაინელი სამხედრო ტყვეები ოლენოვკაში – გამოძიებამ იარაღი დაასახელა

„დოიჩე ველეს“ ცნობით, გამოძიებამ ოლენოვკაში 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვის დაღუპვის მიზეზი გაარკვია. კერძოდ, გამოძიებამ დაადგინა, რა იარაღით დაარტყეს კოლონიის იმ ნაწილს, რომელშიც „აზოვსტალის“ დამცველები იმყოფებოდნენ.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილი გამოიწვია თერმობარულმა საბრძოლო მასალებმა, რომლებიც სავარაუდოდ „შმელიდან“ „შმელ M-იდან“ ან „რისიდან“ გაისროლეს.

ასეთ დასკვნამდე პროკურატურა ვიდეომასალების ანალიზის შემდეგ მივიდა. პროცესში ჩართულნი იყვნენ რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების სპეციალისტები.

თერმობარული იარაღი, რომელსაც აეროზოლურ, ვაკუუმურ ბომბსაც უწოდებენ, ისეთი ფეთქებადი მასალაა, რომელიც მაღალტემპერატურული აფეთქების გამოსაწვევად მის გარშემო არსებულ ჟანგბადს იყენებს. მის მიერ შექმნილი დარტყმითი ტალღა ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით ხანგრძლივია. ვაკუუმური ბომბი აფეთქებისას ადამიანების ფილტვებიდან ჰაერს ისრუტავს და მათ შინაგან ორგანოებს აზიანებს.

თერმობარული იარაღი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ შექმნა. დასავლეთის ქვეყნებმა და საბჭოთა კავშირმა მისი გამოყენება 1960-იანი წლებიდან დაიწყეს. ვარაუდობენ, რომ ის საბჭოთა კავშირმა ჯერ 1969 წელს, ჩინეთთან კონფლიქტის დროს, რამდენიმე წლის შემდეგ – ავღანეთში, შემდეგ კი რუსეთმა ჩეჩნეთში გამოიყენა. ამგვარ იარაღს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს.

ოლენოვკაში დაღუპულთა ცხედრები რუსეთს უკრაინისთვის დღემდე არ დაუბრუნებია. ომბუდსმენის დმიტრო ლუბინეცის თქმით, ცხედრები შესაძლოა მარიუპოლში ან დონეცკში იყოს.

ლუბინეცმა უკვე მოითხოვა დაღუპული ტყვეების ცხედრების გადმოცემა, თუმცა რუსული მხარისგან მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღია.

მისი ინფორმაციით, დაჭრილები, სავარაუდოდ დონეცკში ჰყავთ გადაყვანილი.

_____

თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის, „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისს, ღამით მოხდა.

თავდასხმას უკრაინამ ტერაქტი უწოდა და მისი გამოძიება გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სთხოვა, თუმცა როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამ დრომდე უცნობია, მისცემს თუ არა რუსეთი საგამოძიებო მისიებს კოლონიაში შესვლის ნებართვას.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ უკრაინელი ტყვეები რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს კოლონიის იმ ნაწილში, სადაც აფეთქებები მოხდა. დაზვერვამ თავდასხმის ავტორად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ დაასახელა.

საერთაშორისო ორგანიზაციები, უწყებები და მედიასაშუალებები, რომლებმაც ოლენოვკიდან ვიდეომასალები შეისწავლეს, აცხადებდნენ რომ რუსეთის თავდაცვის მტკიცების მიუხედავად, რომ კოლონიას უკრაინამ შორსმოქმედი ამერიკული შეიარაღებით დაარტყა, კადრებში ასახული ზიანი „ჰაიმარსის“ დარტყმას არ შეესაბამებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში 50 დაღუპული და 73 დაჭრილია, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით კი თავდასხმისას 130-მდე უკრაინელი ტყვე დაიჭრა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: