განათლება,მთავარი,სიახლეები

დამტკიცდა 2022-2030 წლების განათლების ეროვნული სტრატეგია – სამინისტრო

29.08.2022 • 1678
დამტკიცდა 2022-2030 წლების განათლების ეროვნული სტრატეგია – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დამტკიცდა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა.

სამინისტროს ინფორმაციით, განათლების ეროვნული სტრატეგია სამ ძირითად პრიორიტეტს მოიცავს. ეს არის:

  • საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი და მდგრადი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა;
  • თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა;
  • განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვისა და ანგარიშვალდებულების სისტემის უზრუნველყოფა.

„განსაზღვრულია 15 სტრატეგიული მიზანი და 28 ამოცანა,“ – წერს სამინისტრო.

განათლების სტრატეგიის პროექტის მიხედვით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში განხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები პედაგოგების მომზადების, პროფესიაში შესვლისა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით.

აღნიშნული აგრეთვე მოიცავს შესრულებული სამუშაოს შეფასების, კარიერული განვითარების დაგეგმვისა და წახალისების სისტემების განვითარებას.

სტრატეგიის მიხედვით, მასწავლებლები უნდა ჩაერთონ საჭიროებებზე დაფუძნებულ უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში. „მასწავლებლის პროფესიული განვითარება იქცევა ყოველდღიურად მიმდინარე პროცესად და არა საჩვენებელ აქტივობათა ერთობლიობად,“ – წერია სტრატეგიაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, პედაგოგები მიიღებენ ინტენსიურ, კონსტრუქციულ უკუკავშირს და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად გაიზიარებენ სწავლის შედეგებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას.

„ამავდროულად ხელი შეეწყობა სკოლის დირექტორების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ იმოქმედონ, როგორც ინსტრუქციულმა ლიდერებმა,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, დოკუმენტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-მკვლევართა დასაქმება, შეფასება და წახალისება დაეფუძნება მათი მიღწევების შეფასებას გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებული კრიტერიუმების გათვალისწინებით. „სწავლება/სწავლისა და კვლევისა და ინოვაციის სფეროში წახალისდება ინოვაციური მიდგომები, ხოლო აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს მთელი კარიერის მანძილზე ექნება პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა,“ – წერია სტრატეგიის დოკუმენტში.

ამავე წყაროს მიხედვით, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის წლიური დაფინანსების გაზრდას მხოლოდ 2030 წლიდან აპირებს, რაც გადაჭრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: მოძველებული და არაადაპტირებული ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ძვირადღირებული აპარატურის ნაკლებობა და სამეცნიერო-კვლევითი რესურსების ფრაგმენტაცია და მათი არათანაბარი გადანაწილება.

სტრატეგიის მიხედვით, წახალისდება დამსახურებაზე დაფუძნებული სისტემები, „რომლის ფარგლებში დაფასებულია მაღალი ხარისხის სწავლება. პოსტსადოქტორო და სამეცნიერო-კვლევითი პოზიციების შექმნის მიზნით დაინერგება ემერიტუს პროფესორთა სისტემა, რომელიც დამატებით ასევე მხარდაჭერილი იქნება შესაბამისი საპენსიო სქემებით“.

_________________

მსგავს თემაზე:

საქართველოში უნივერსიტეტები სოციალურ თავშესაფრად იქცა – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: