მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს, როცა გირეკავენ და გეკითხებიან რა მედიკამენტი დაგინიშნა ექიმმა

01.09.2022 • 988
რას ნიშნავს, როცა გირეკავენ და გეკითხებიან რა მედიკამენტი დაგინიშნა ექიმმა

თუ ვინმე დაგირეკავთ და გამოგკითხავთ ინფორმაციას ექიმის მიერ თქვენთვის დანიშნული ამა თუ იმ მედიკამენტის შესახებ, სავარაუდოდ ეს ნიშნავს, რომ კლინიკამ თქვენი პერსონალური, საიდუმლო მონაცემები მესამე პირს გადასცა. დიდი ალბათობით ამ დროს პაციენტებს ურეკავენ მედიკამენტების გამავრცელებელი კომპანიები და ამოწმებენ, ნამდვილად დაუნიშნეს თუ არა პაციენტებს ექიმებმა მათი წამლები.

ასე დაუკავშირდნენ 2022 წლის მაისში მოქალაქე ე.ბ.-ს და ჰკითხეს მედიკამენტის შესახებ, რომელიც მას ექიმმა დაუნიშნა. ე.ბ.-ს ეჭვი გაუჩნდა, რომ კლინიკამ მისი პერსონალური მონაცემები გასცა და საკითხის შესასწავლად პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს მიმართა.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების გადასამოწმებლად, იმავე ნომრიდან იმავე დღეს უცნობი პირი სხვა პაციენტებსაც დაუკავშირდა.

საია განმარტავს, რომ ეს ფაქტი არაეთიკური მარკეტინგის მაგალითებს ააშკარავებს, როცა მედიკამენტების შემომტანი კომპანიები ექიმებთან თანამშრომლობენ პაციენტებისთვის თავიანთი მედიკამენტების დასანიშნად.

პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა ზემოხსენებული საქმის გამო სამედიცინო დაწესებულება შპს „რ“ 500 ლარით დააჯარიმა პაციენტის პირადი მონაცემების გამჟღავნებისა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.

საიას ადვოკატი, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის მონაცემები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კლინიკამ ან ექიმმა მესამე პირს გადასცა:

„ამ დროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს უნდა მივმართოთ საკითხის მოსაკვლევად.

თუ დადგინდება, რომ პერსონალური მონაცემები პირის თანხმობის გარეშე მართლაც გადაეცა მესამე პირს, აუცილებელია რეაგირება.

პერსონალური მონაცემები ბევრნაირია, თუმცა ამ შემთხვევაში, როცა ე.ბ.-ს დაურეკეს და ჰკითხეს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის შესახებ, საქმე ეხებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს.

სანქციებს შეიძლება დაექვემდებაროს ცალკეული სუბიექტებიც, ვინც პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს და გაამჟღავნებს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ე.ბ.-ს შემთხვევაში დაჯარიმდა კლინიკა, რადგან არ ჰქონდათ პერსონალური მონაცემების დაცულად შენახვისთვის საჭირო პროგრამა.

დაჯარიმება რეაგირების ერთ-ერთი პირველი ინსტრუმენტია ამ შემთხვევაში.

ასევე შესაძლებელია პირმა სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს რეაგირება“, – ამბობს საიას ადვოკატი. მისივე განმარტებით, პაციენტის პირად მონაცემად ითვლება ნებისმიერი, ყველა სახის ინფორმაცია, რაც კლინიკაში ინახება პაციენტის შესახებ.

თუ პაციენტი არ გასცემს თანხმობას, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს სხვა პირებისთვის, ასეთი ინფორმაციის გამჟღავნების უფლება კლინიკას არ აქვს.

ეს შეიძლება იყოს დიაგნოზი, მედიკამენტი, რომელიც დაენიშნა პაციენტს, ექიმთან ვიზიტის დრო და თარიღი, ექიმის ვინაობა, ვისთანაც პაციენტს ჰქონდა ვიზიტი, კვლევები, რაც პაციენტს ჩაუტარდა და ა.შ.

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი პაციენტის პერსონალურ მონაცემებად მიიჩნევა და მათი უკანონოდ, კონფიდენციალურობის დარღვევით გამჟღავნება, კანონთან შეუსაბამო ქმედებაა.

____

წამლების მაღალ ფასზე და ამაში სამედიცინო წარმომადგენლების როლზე სტატია:

რატომ ღირს ქართული წამლები ბევრად ძვირი, ვიდრე უცხოური – პოსტკოვიდური მკურნალობის ფასი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: