მთავარი,სიახლეები

ვინ არის რუსი მებრძოლი, რომელიც სცენაზე აზოვსტალის მცველის „თავის ქალით“ გამოვიდა

31.08.2022 • 3594
ვინ არის რუსი მებრძოლი, რომელიც სცენაზე აზოვსტალის მცველის „თავის ქალით“ გამოვიდა

უკრაინამ უკვე მიმართა გაეროს იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ დაქირავებულ რუს მებრძოლს, იგორ მანგუშევს სცენაზე სიტყვით გამოსვლისას ხელში თავის ქალა უჭირავს და ამტკიცებს, რომ ეს „აზოვსტალის“ დამცველის თავის ქალაა.

როგორც იგორ მანგუშევი ამბობს, რუსეთი ებრძვის არა ადამიანებს, არამედ „უკრაინის, როგორც ანტირუსული სახელმწიფოს იდეას“ და „ყველა, ვინც ამ იდეას იზიარებს, უნდა განადგურდეს“. ის ასევე ამბობს, რომ „საჭიროა უკრაინის დეუკრაინიზაცია“ და აღიარებს, რომ პირადად კლავდა „აზოვსტალის“ დამცველებს.

Настоящее Время-ს ცნობით, მანგუშევმა ვიდეომიმართვა 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღესაც გამოაქვეყნა.

„ომი უახლოეს დღეებში დამთავრდება. თუ გნებავთ, დანებდეთ ძლევამოსილ რუსულ არმიას… კიევი უახლოეს საათებში ჩვენი იქნება. პატივისცემით, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეზერვის კაპიტანი იგორ მანგუშევი,“ – განაცხადა მან.

მანგუშევი საკუთარ თავს პოლიტტექნოლოგს უწოდებს. 2019 წლის ზაფხულში Новая Газетаმ გამოაქვეყნა გამოძიება იმის შესახებ, როგორ ცდილობდნენ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული პროვოკატორები მოსკოვის საქალაქო დუმაში არჩევნების ჩაშლას. ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო მანგუშევი, რომელიც ლუბოვ სობოლის სასარგებლოდ ყალბ ხელმოწერებს „ხატავდა“, რათა შემდეგ პოლიტიკოსი არჩევნებიდან მოეხსნათ. იმ მომენტისთვის მას უკვე ნამუშევარი ჰქონდა პრიგოჟინის „ტროლების ფაბრიკაში“ და ნამყოფი იყო დონბასშიც, სადაც, როგორც თავად ამტკიცებს, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მხარეს იბრძოდა.

მანგუშევი ნაციონალისტიცაა – იგი წარსულში Светлая Русь-ის წევრი იყო, ორგანიზაციის, რომელიც მოსკოვში მიგრანტების საცხოვრებელ ადგილებში რეიდებს აწყობდა.

„მანგუშევი ამ ჯგუფის ლიდერი იყო,“ – ამბობს უფლებადამცველი ალექსანდრ ვერხოვცევი,

მანგუშევის ვიდეოკლიპის გამოჩენის შემდეგ უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ მან უკვე გადასცა ინფორმაცია გაეროს საგამოძიებო კომისიას და უკრაინის გენპროკურატურასაც მიმართა.

„იდეალურ სამართლებრივ სახელმწიფოში, ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულები მთელი პაკეტია,“ – ამბობს იურისტი ვალერია ვეტოშკინა, რომელსაც Настоящее Время-მ სთხოვა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით შეეფასებინა მანგუშევის ვიდეო.

„მკვლელობით დაწყებული, ის პირდაპირ ამბობს, რომ „მან მოკლა ის უკრაინელი და ეს მოკლული უკრაინელის თავის ქალაა“. შემდეგია ცხედრის შეურაცხყოფა, რუსეთი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, ასეთი მუხლიც არსებობს. ხულიგნობაცაა, რადგან ეს პირდაპირი უპატივცემულობაა საზოგადოებისადმი. შემდეგ – უკვე შეიძლება იყოს ნაციზმის რეაბილიტაცია, ძალადობისკენ, მკვლელობისკენ მოწოდება.

ეს ადამიანი, თუ მისი ადამიანად მოხსენიება საერთოდ შეიძლება, სცენიდან ამბობს, რომ უკრაინელები უნდა დავხოცოთ, რადგან ისინი ბინძური ერია, არ არიან სუფთა სისხლისანი, ეს უკვე გენოციდის წახალისებაა და თუ გავითვალისწინებთ, რომ ის თავადაც კლავდა, ეს უკვე გენოციდიცაა“ – ამბობს ვალერია ვეტოშკინა.

თუმცა რუსეთის სამართალდამცველებს იგორ მანგუშევთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ.

მანგუშევს ასევე ასახელებენ კერძო სამხედრო კომპანია „ენოტის“ ყოფილ მებრძოლად, თითქოს სწორედ მათ რიგებში იყო ის, როდესაც 2014 წელს დონბასში იბრძოდა. „ენოტის“ შესახებ გამოძიება Новая газета-მ ჩაატარა და ამ მასალაში გამოქვეყნებული იყო ფოტოც, რომელზეც მანგუშევი, დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის ყოფილი პრემიერი ალექსანდრ ბოროდაი და ნეონაცისტი ალექსეი მილჩაკოვი არიან გამოსახულნი.

მილჩაკოვი ღიად აცხადებდა, რომ ის დონბასში მოკლულ ჯარისკაცებს ყურებს აჭრიდა, მათ სახეებზე დანით სვასტიკას ხატავდა და ცეცხლმოკიდებული ცხედრების ფონზე სელფებს იღებდა. მისი ზედმეტსახელი „ფრიცია“.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის სამხედრო კორესპონდენტის, ალექსანდრ სლადკოვის დრონი. სლადკოვი ფრონტიდან რეპორტაჟებს ამზადებს, მათ შორის პროპაგანდისტი დიმიტრი კისილევის გადაცემისთვის. ამ დრონში აღმოჩენილ კადრებში სლადიკოვის გვერდით მილჩაკოვიც ჩანს.

მილჩაკოვის ნაცნობია იგორ მანგუშევი, რომელიც საკუთარ თავს ევგენი პრიგოჟინის პოლიტტექნოლოგს უწოდებს და რომლის ტელეგრამ არხსაც 30 ათასზე მეტი ადამიანი კითხულობს.

Настоящее Время-მ ამ ამბებზე კომენტარი რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ ადამიანის უფლებათა საბჭოს სთხოვა, თუმცა პასუხი მხოლოდ საბჭოს ერთადერთი წვერისგან, ნიკოლაი სვანიძისგან მიიღო:

„სტენდაფი თავის ქალით, არა მულაჟით, არამედ ნამდვილით და განცხადებები, რომ ყველა ვინც თავს უკრაინელად მიიჩნევს, უნდა განადგურდეს, როგორც ჩანს მას ეს გულისამრევი საზიზღრობა და საკუთარი თავიც ძალიან მოსწონს. ვფიქრობ, არა მხოლოდ მას მოსწონს” – ამბობს სვანიძე.

„ეს არის პირდაპირი მოწოდება გენოციდისკენ ეთნიკური ნიშნით. ნამდვილი ნაციზმი. სხვათა შორის, თავის ქალა, ეს პირდაპირი განაცხადია მესამე რაიხის სტილზე. ეს დანაშაულია ახლანდელი რუსული კანონებითაც კი. როდისმე მათ გაასამართლებენ და სამართლიანადაც, თუმცა სამწუხაროდ, არა ახლა. ახლა ასამართლებენ და გაასამართლებენ სხვა ადამიანებს, ნამდვილებს, ეს საზიზღრები კი ახლა დაუსჯელნი არიან“ – ამბობს ის.

_________________

ფოტოზე: იგორ მანგუშევი/ფოტო: კადრი ვიდეოდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: