მთავარი,სიახლეები

ბათუმის ავტობანზე სამუშაოები დაბალი ტემპით მიმდინარეობს – გზა, რომელიც 5 წელია ვერ ააშენეს

31.08.2022 • 2960
ბათუმის ავტობანზე სამუშაოები დაბალი ტემპით მიმდინარეობს – გზა, რომელიც 5 წელია ვერ ააშენეს

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ამ დრომდე არსებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წელში უნდა დასრულებულიყო, 2023 წელში დასრულდება. ამასთან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „სამუშაოები მიმდინარეობს დაბალი ტემპით“.

„ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000-კმ13+325 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დასრულება იგეგმება 2023 წელს. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს დაბალი ტემპით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 329 მილიონ 630 ათას 734 ლარს. სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი საზედამხედველო კომპანია; სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) თანადაფინანსებით.“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან 2022 წლის 26 აგვისტოს.

უწყებას სხვა დეტალები, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, არ მოუწერია.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებარე მონაკვეთი ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ / 28.08.2022

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ბოლო 3 წელია არ მთავრდება:
  • „პროექტის მიხედვით ბათუმის შემოვლითი გზის  მშენებლობის დასრულება მიმდინარე, 2022 წლის ბოლოსთვისაა გათვალისწინებული“ – გვითხრეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, 2022 წლის 26 იანვარს.
  • 2021 წელს კი, დეპარტამენტიდან ოფიციალურად მოგვწერეს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე იყო დაგეგმილი.
  • ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა. ამ 14-კილომეტრიანი გზის მშენებლობის დასრულება 2020 წელშიც იგეგმებოდა. 

სამუშაოების შეფერხების მიზეზად 2020 წელს ოფიციალურად პანდემია დასახელდა.

ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს.


რიკოთის უღელტეხილიდან სარფამდე მონაკვეთში ავტობანის მშენებლობის დასრულების ვადა ისევ უცნობია. მეტიც, ზოგიერთ მონაკვეთზე არც მშენებლობის დაწყების თარიღია ცნობილი და არც ის, თუ რა ეღირება პროექტი.

„ოცნების“ ხელისუფლების დაპირებით კი, არათუ აღნიშნული მონაკვეთი, არამედ მთლიანად სარფიდან-წითელ ხიდამდე ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო.

ამ თემაზე ვრცლად, ნახეთ ბმულზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: