ლიტერატურული კონკურსი მოსწავლეებისთვის დავით კლდიაშვილის შემოქმედებაზე

მწერალთა სახლი დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს უფროსკლასელთათვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის შემოქმედების მიხედვით ორი შეთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარადგინონ ერთ-ერთი.

ეს თემებია:

  • რატომ და როდის იცინიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები?
  • ჩემი საყვარელი მოთხრობა დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 18 ნოემბერი.

საკონკურსო ესეები უნდა გაგზავნოთ ელექტრონული სახით მისამართზე: nbekishvili@writershouse.ge.

ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი – Sylfaen, ზომა – 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას). მიუთითეთ სახელი, გვარი, რეგიონი, სკოლა და საკონტაქტო ტელეფონი. კონსულტაციისთვის დარეკეთ: 593393866 (ნინო ბექიშვილი).

კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით:

I პრემია:- 300-ლარიანი ვაუჩერი
II პრემია: 200-ლარიანი ვაუჩერი
III პრემია: 100-ლარიანი ვაუჩერი

მწერალთა სახლის ცნობით, ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება. დაჯილდოება გაიმართება დეკემბერში, მწერალთა სახლში. გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მათი ღამისთევა.

EU-ში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტების არაღიარების გადაწყვეტილება მზადდება

ევროკავშირის საბჭოში შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტები და მათ მფლობელებზე ვიზები არ უნდა გასცეს.

„რუსეთმა უკრაინის ოლქების უკანონო ანექსიით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უგულებელყოფს საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უფლების დარღვევას,“ – განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის ქვეყანაც წელს საბჭოს პრეზიდენტია.

როგორც საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რელიზშია ნათქვამი, მისმა მუდმივმა წარმომადგენლებმა ევროპის პარლამენტთან მოლაპარაკების მანდატი შეათანხმეს, რათა პარლამენტმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტების არაღიარების გადაწყვეტილება მიიღოს. მანდატის საფუძველზე, საბჭო პარლამენტთან დისკუსიას დაიწყებს.

„ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინაში და რუსეთის პრაქტიკაზე, გასცეს რუსული საერთაშორისო პასპორტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ეს ასევე ეხება რუსეთის 2008 წლის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, აღიაროს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა,“ – ნათქვამია განცხადებაში

თუ ევროპის პარლამენტი საბჭოს მიერ წარდგენილ წინადადებას დაამტკიცებს, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლები რუსული პასპორტებით ვერ მიიღებენ შენგენის ვიზებს და ვერ გადაკვეთენ საზღვრებს შენგენის ზონაში.

საბჭო იქვე აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტებს უკვე არ აღიარებს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, ზოგი კი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, თუმცა პარლამენტის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება მიმართული იქნება იმისკენ, რომ შეიქმნას საერთო მიდგომა, რომელიც ერთობლივ სავიზო პოლიტიკას და ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევებს უპასუხებს.

უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიის შესახებ ვლადიმერ პუტინმა 30 სექტემბერს გამოაცხადა, 5 ოქტომბერს კი ხელი მოაწერა შესაბამის კანონს ამ ოლქების რუსეთთან შეერთებაზე.

როცა გზაზე გავლა „საფრთხეს ქმნის“, მაგრამ მეზობელი აღდგენის წინააღმდეგია – შემთხვევა ხულოში

„ვაპირებ, ამაღამ ხულოს მერიასთან დავრჩე, ვიდრე გზას არ გამიკეთებენ,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე. ის სოფელ კვატიაში ცხოვრობს და მის სახლთან მისასვლელი გზის გამაგრებას ითხოვს, რომელიც გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, „საფრთხეს ქმნის“.

შადიმან ხოზრევანიძემ 2022 წლის მარტში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ღამე გაათია სამედიცინო კვლევების დაფინანსების მოთხოვნით. მოქალაქის თქმით, მისი მოთხოვნები დღემდე არ შესრულებულა.

ამჯერად მოქალაქე შიდასასოფლო გზაზე ფერდსამაგრის მოწყობას ითხოვს, რისი აუცილებლობაც გეოლოგებმა დაინახეს და დასკვნაში დაწერეს. გზის გამაგრების წინააღმდეგი მეზობელია, ვისთანაც შადიმან ხოზრევანიძეს სამეზობლო დავა აქვს და ვისი მიწის ნაკვეთიც საჭიროა ფერდსამაგრის მოსაწყობად.

„მისასვლელი გზის ქვედა მხარეს უხვი ატმოსფერული ნალექის მოსვლის დროს პერიოდულად ვითარდება ლოკალური მეწყრული ჩაქცევები და საფრთხეს უქმნის გზის მდგრადობას. აუცილებელია საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი დაზიანებული გზის მონაკვეთის ქვედა მხარეს, მთელ პერიმეტრზე, სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ განხორციელდეს ფერდსამაგრი სამუშაოები,“ – წერია გეოლოგების დასკვნაში, რომელიც მოქალაქე შადიმან ხოზრევანიძემ გაგვაცნო.

„ეს დასკვნა 2021 წელს გაიცა, თითქმის წელიწადი გავიდა და არაფერი შეცვლილა.

მერია მეუბნება, რომ სხვისი მიწის ნაკვეთზე ვერ მოაწყობს ფერდსამაგრს, სასამართლოს მიმართეო, სასამართლოს მიმართვას წლები სჭირდება, გზა კი, ყოველდღეა საჭირო. პრობლემა მაქვს სახლის საძირკველზეც, რაც ასევე წერია გეოლოგების დასკვნაში, საძირკვლის გასამაგრებლად თანხა გამომიყვეს – 15 ათასი ლარი და ხელით ვეზიდებით საჭირო ნივთებს, სახლის საძირკველი რომ გავამყარო. წლებია ეს გზა პრობლემაა, მაგრამ თანდათან უფრო სახიფათო გახდა,“ – გვითხრა შადიმან ხოზრევანიძემ.

„ეს კერძო სამეზობლო დავაა, რაშიც ჩვენ ვერ ჩავერევით,“ – ამბობს ხულოს მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე. მისი თქმით, მერია ფერდსამაგრს ვერ მოაწყობს, ვიდრე „მეზობლები ვერ შეთანხმდებიან“.

„მე როგორ მოვარიგო მეზობლები. ეს გზა მობეტონდება და ეს გაკეთდება, ფერდსამაგრის მოწყობისთვის კი, მეზობლის თანხმობაა საჭირო. თუ ვერ თანხმდებიან, სასამართლოს უნდა მიმართოს,“ – გვიპასუხა ხულოს მერის მოადგილემ, ნადიმ ვასაძემ.

გზის ის მონაკვეთი, სადაც გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენს და ფერდსამაგრი უნდა მოეწყოს, 15 მეტრია.

18 წუთში რუსების 4 ვერტმფრენი გავანადგურეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დღეს დილით რუსების სულ მცირე 4 სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

„12 ოქტომბერს, 8:40 საათიდან 8:58 საათამდე პერიოდში, უკრაინის სამხრეთში საჰაერო ძალების დანაყოფებმა საზენიტო რაკეტებით გაანადგურეს მოწინააღმდეგის სულ მცირე 4 სამხედრო ვერტმფრენი (სავარაუდოდ Ka-52), რომლებიც სამხრეთის მიმართულებაზე მყოფ საოკუპაციო ძალებს ჰაერიდან ეხმარებოდნენ“, – ნათქვამია საჰაერო ძალების პრესსამსახურის რელიზში.

წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერტმფრენი გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი კი – ფრონტის ხაზს მიღმა.

უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახური დასძენს, რომ უკრაინის დანაყოფებმა ესროლეს კიდევ ორ ვერტმფრენს და არსებობს ალბათობა, რომ ისინიც განადგურებულია, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

უკრაინული მედიის ცნობით, 12 ოქტომბრის დილას უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ნიკოლაევის ოლქში 9 კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო.

„პოზიორობა“ – ასე აფასებს აშშ ლავროვის სიტყვას დასავლეთთან მოლაპარაკებაზე

სახელმწიფო დეპარტამენტმა „პოზიორობა“ უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსკოვი მზადაა დასავლეთთან მოლაპარაკებებისა და „დიდი ოცეულის“ მომავალ სამიტზე პუტინისა და ბაიდენის შეხვედრისთვის.

„დრო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსულმა რაკეტებმა დაარტყეს უკრაინის დედაქალაქს, დაარტყეს სხვა უკრაინულ ქალაქებს, საბავშვო მოედნებსა და სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, გზებს, ხიდებს, ენერგოინფრასტრუქტურას. როდესაც ამ კომენტარებს ვაფასებთ, კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ და ჩემი აზრით, კონტექსტი ამ შემთხვევაში გვეუბნება ყველაფერს, რისი ცოდნაც გვჭირდება რუსეთის პოზიციისა და რუსეთის პოზიორობის შესახებ.

ჩვენ ამას პოზიორობად ვხედავთ. ჩვენ არ ვხედავთ ამას, როგორც დიალოგში ჩართვისა და დიპლომატიის კონსტრუქციულ, ლეგიტიმურ შეთავაზებას,“ – ასე უპასუხა დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვას.

აქ წაიკითხეთ: სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მზად იყო მოესმინა ნებისმიერი წინადადება სამშვიდობო მოლაპარაკებაზე

ნედ პრაისმა დასძინა, რომ რეალური დიალოგისა და დიპლომატიის მომხრეა ყველა, მათ შორის პრეზიდენტი ზელენსკიც, რომელმაც ამის შესახებ ღიად განაცხადა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჩართვისას.

„შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, რადგან, როგორც ყოველთვის ვამბობდით, არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე. ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით მაშინაც, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდა გამოჩნდება. ვიდრე ეს მოხდება, ჩვენი პირველადი ამოცანაა, დავეხმაროთ უკრაინას ყველაფრით, რაც მას სჭირდება უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის, ჰუმანიტარული საკითხებისთვის და ამის კეთებას გავაგრძელებთ.“

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, თუ რუსეთს რეალურად სურს დიალოგი, მან საამისო ნიშანი არა დაბომბვებით, არამედ სხვა გზით უნდა გაუგზავნოს დასავლეთს.

„თუ რუსეთს სურს მოგვცეს ნიშანი, რომ სერიოზულად სურს დიალოგი და დიპლომატია, პირველი ნაბიჯი იქნებოდა, შეეწყვიტა ეს მხეცური თავდასხმები,“ – აღნიშნა პრაისმა.

CNN-ის კითხვაზე, შეხვდება თუ არა პუტინს მომავალ თვეში G20-ის სამიტზე ინდონეზიაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ მასთან ლაპარაკის მიზეზს ვერ ხედავს.

„ეს დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, რაზე საუბარი ენდომებოდა მას“, – ამბობს პრეზიდენტი და დასძენს, რომ თუ პუტინი ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის საქმეზე ლაპარაკს მოისურვებს, მაშინ მასთან სასაუბროდ მზად იქნება. – „მაგრამ ის მხეცურად მოიქცა, მხეცურად მოიქცა. ვფიქრობ, მან ომის დანაშაულები ჩაიდინა და, შესაბამისად, ვერ ვხედავ რაიმე რაციონალურ მიზეზს, მას ახლა შევხვდე.“

გუშინ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის Россия 1-ის გადაცემა 60 минут-თან ინტერვიუს დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი ღიაა უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთთან სასაუბროდ, თუმცა ამ დრომდე ელოდება „სერიოზულ შეთავაზებას“ მოსალაპარაკებლად.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი უარს არ იტყოდა შემდეგ თვეში, G20-ის სამიტზე, ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრაზე.

დიდი ოცეულის სამიტი ინდონეზიაში, ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება. კრემლმა უკვე დაადასტურა, რომ მიწვევა მიიღო და რომ რუსეთის პრეზიდენტი სამიტზე დასწრებას აპირებს.

პესკოვი: სტოლტენბერგის განცხადება ნატოს უკრაინის მხარეს ბრძოლის დადასტურებაა

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, 12 ოქტომბერს, ყოველდღიური ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც იმის დადასტურება, რომ ნატო უკრაინის ომში იბრძვის კიევის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ.

ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

Европейская правда 11 ოქტომბერს წერდა, რომ სტოლტენბერგმა რუსეთ-უკრაინის ომზე ალიანსის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ „თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს, უბრალოდ, უკრაინის დიდი დამარცხება კი არ იქნება, არამედ იქნება ჩვენი დამარცხებაც“.

„გარდიანის“ ცნობით, პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ დასავლელი ლიდერების რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე იყო საზიანო და პროვოკაციული.

„ჩვენს ყოველდღიურ მწუხარებას გამოვხატავთ, რომ დასავლელი სახელმწიფო ლიდერები ყოველ დღე  ერთვებიან ბირთვულ რიტორიკაში“, – თქვა პესკოვმა და დაამატა, რომ მსგავსი პრაქტიკა „პროვოკაციულია“.

რა იწვევს ტიკებს და როგორია მკურნალობის მეთოდები – ექიმის რჩევები

ნერვული ტიკი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულის კუნთების გარკვეული ნაწილი მოძრაობს განმეორებით, სწრაფად, მოულოდნელად და უკონტროლოდ.

ტიკები და ამ სპექტრის სხვა დარღვევები საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ნევროლოგი შორენა კუნჭულია განმარტავს, რომ უმეტეს შემთხვევაში ტიკები უვნებელია და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩარევის გარეშეც გაივლის, მაგრამ არსებობს ისეთი შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ დიფერენცირებას სხვა დაავადებებისგან.

  • ქალბატონო შორენა, რა სახის ტიკები არსებობს?

ტიკები, ე.წ. ნერვული ტიკი, არის კუნთების ცალკეული ჯგუფების სწრაფი, უნებლიე, განმეორებითი, არარიტმული მოძრაობები ან ბგერების წარმოთქმა. არსებობს მოტორული და ვოკალური, ანუ ხმოვანი ტიკები.

მოტორული ტიკები, თავის მხრივ, კლასიფიცირდება მარტივ და რთულ ტიკებად.

მარტივი მოტორული ტიკები მოიცავს ერთი ჯგუფის კუნთების მოძრაობებს. მარტივ მოტორულ ტიკებს მიეკუთვნება: თვალის ხამხამი, მხრების აჩეჩვა, თავის ტრიალი ან გაქნევა, ენის ტრიალი, მუცლის კუნთის დაჭიმვა, თითების მოხრა. ხოლო რთულ ტიკებში კუნთების ერთზე მეტი ჯგუფი მონაწილეობს, ამ დროს მოძრაობა უფრო ნელია, კოორდინირებული და მიზანდასახული.

რთული ტიკების მაგალითია: რაიმე ნივთის დაყნოსვა, ხტუნვა, ჩაკუზვა, სახის სხვადასხვა გრიმასა, კოცნა, ტაშის დაკვრა, ღერძის ირგვლივ შემოტრიალება. რთულ ტიკებს მიეკუთვნება აგრეთვე სხვისი მოძრაობის გამეორება, იგივე ექოპრაქსია და კოპროპრაქსია – ე.წ. უწმაწური ჟესტები.

ვოკალური ანუ ხმოვანი ტიკებიც შეიძლება იყოს მარტივი და რთული. მარტივი ვოკალური ტიკების მაგალითებია: ჩახველება, ცხვირის ქშუტუნი, წოვა, სულის შებერვა, ყნოსვა; რთული ვოკალური ტიკების მაგალითებია: ექოლალია – სხვისი ნათქვამი სიტყვებისა და ფრაზების გამეორება, ან საკუთარი სიტყვების გამეორება – პალილალია ან კოპროლალია – უწმაწური სიტყვების გამეორება.

mayoclinic: მოტორული ან ვოკალური ტიკების დაწყებამდე თქვენ სავარაუდოდ განიცდით ისეთ არასასიამოვნო სხეულებრივ შეგრძნებას, როგორიცაა: ქავილი, ჩხვლეტა ან დაძაბულობა. ტიკის გამოხატვას შვება მოაქვს.

  • რატომ ჩნდება ტიკები? 

წარმოშობის მიხედვით ტიკები იყოფა პირველად ანუ იდეოპათიურ ტიკებად და სიმპტომურ, ანუ ორგანული ხასიათის ტიკებად. პირველადი ტიკების წარმოშობის უშუალო მიზეზები არ არის ცნობილი, ის  ფსიქოგენური ხასიათისაა და უნდა აღვნიშნოთ, რომ ძირითადად ასეთ ტიკს სტრესული გარემოება ამწვავებს.

პირველად ტიკებს მიეკუთვნება: 1. ტრანზიტორული (გარდამავალი) მოტორული ან/და ვოკალური ტიკები; 2. ქრონიკული მოტორული ან ვოკალური ტიკები და 3. ტურეტის სინდრომი, რომლის დროსაც ადგილი აქვს გენერალიზებული მოტორული და ვოკალური ტიკების კომბინაციას.

გარდამავალი ტიკები გრძელდება დაახლოებით ერთ წლამდე და თავისით უკუგანვითარდება ერთი წლის ფარგლებში. ქრონიკული ტიკები, გახანგრძლივებული რემისიების გარეშე, ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდება. 

სიმპტომური ანუ ორგანული ხასიათის ტიკები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებით, მაგალითად: ინსულტით, ბავშვთა ცერებრალური დამბლით, ქალა-ტვინის ტრავმით, დაუნის სინდრომით, ჰიპერგლიკემიით, თავის ტვინის სიმსივნით, სხვადასხვა ტიპის ინტოქსიკაციით, ენცეფალიტებით (თავის ტვინის ანთება), ობსესიურ-კომპულსიური სინდრომით (აკვიატებული აზრები, ფიქრები და ქმედებები) და ა.შ.

გარდა ამისა, ტიკები შეიძლება შეგვხვდეს ისეთი პრეპარატების გვერდითი მოვლენის სახით, როგორიცაა: ნეიროლეპტიკები, ფსიქოსტიმულატორები, ლევოდოპას (პარკინსონიზმის სამკურნალო მედიკამენტი) შემცველი პრეპარატები და ამიტომ ტიკების დიაგნოსტირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოვრიცხოთ ყველა ეს ფაქტორი, ანუ დეტალურად უნდა განვიხილოთ ყველა ეს მიზეზი.

სკოლამდელი და განსაკუთრებით ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებში ტიკები არაიშვიათად აღმოცენდება სტრესის ფონზე ან სპონტანურად. მდგომარეობას შეიძლება ახასიათებდეს პერიოდული გამწვავება და შემთხვევათა უმრავლესობა გაივლის თავისთავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

mayoclinic: ტიკები, როგორც წესი, ჩნდება 2-დან 15 წლამდე ასაკში, საშუალოდ 6 წლის ასაკში. მამაკაცებში ტურეტის სინდრომის განვითარების ალბათობა 3-4-ჯერ მეტია, ვიდრე ქალებში.

  • როგორ ხდება დიაგნოსტირება?

ტიკების დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია ექიმთან ზუსტი ინფორმაციის მიტანა, პაციენტის ანამნეზის შეკრება და ნევროლოგიური სტატუსის შეფასება ანუ გასინჯვა. 

თუ ჩვენ ვხედავთ, რომ მოტორული ტიკი არის მარტივი ხასიათის, რომელიც დროში გარდამავალია და აქვს ხანმოკლე მიმდინარეობა, ეს ტიკი ძირითადად არ ასოცირდება სხვა დაავადებასთან, უწყინარია და რაიმე სერიოზულ კვლევას ამ დროს პაციენტს არ ვთავაზობთ.

თუ ვხედავთ, რომ ტიკები ვრცელდება, ძლიერდება, ქრონიკულ სახეს იღებს, ხელს უშლის პაციენტს ყოველდღიურ საქმიანობაში, ეს ორგანული ანუ სიმპტომური ხასიათის ტიკზე გვაფიქრებინებს და ამ დროს აუცილებელია პაციენტის დეტალური გამოკვლევა (თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია), რათა დადგინდეს პირველადი მიზეზი და შეირჩეს მკურნალობის სწორი კურსი. 

ზოგჯერ მნიშვნელოვანია ტიკების დიფერენცირება ქორეისგან და მიოკლონიებისგან.

  • როგორია მკურნალობა და ქცევითი რეკომენდაციები ტიკების დროს?

ტიკების მკურნალობისას აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა, შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში მედიკამენტური მკურნალობა საჭირო არ არის, მაგალითად, გარდამავალ ტიკებს არ მკურნალობენ.

სხვა შემთხვევებში ექიმმა შეიძლება დანიშნოს ქცევითი თერაპია, მედიკამენტები ან ამ ორის კომბინაცია.

ქცევითი თერაპია ეხმარება ადამიანებს, ისწავლონ ტიკის სიმპტომების მართვა და ტიკების სიხშირის შემცირება. 

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკი, ამ დროს არ უნდა გავამახვილოთ ტიკებზე ყურადღება შენიშვნის მიცემით, პირიქით, მშობლების მხრიდან ყურადღების გამახვილებით და ბავშვზე ტიკების გამო შენიშვნის მიცემით შეიძლება მდგომარეობა გაუარესდეს და ტიკი უფრო გახანგრძლივდეს. 

ამ დროს ბავშვს ყურადღება უნდა გადავატანინოთ სხვა აქტივობებზე, შევუქმნათ არასტრესული გარემო და მოვარიდოთ ყველა გამაღიზიანებელ ფაქტორს, რაც ახდენს მათზე უარყოფით გავლენას.

თუ არამედიკამენტური მეთოდები უეფექტო აღმოჩნდა, ტიკი გრძელდება ერთ წელზე მეტ ხანს და მისი თანმხლები ემოციური და ქცევითი დარღვევები ხელს უშლის პაციენტს საქმიანობასა და სხვებთან ურთიერთობაში, ან ტიკი ორგანული ხასიათისაა – მივმართავთ მედიკამენტურ თერაპიას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტიკი მედიკამენტით არ იკურნება, მედიკამენტები მხოლოდ აუმჯობესებენ მდგომარეობას [ამცირებენ ტიკების სიხშირეს] და ასევე, ბავშვობაში ჩატარებული მედიკამენტური თერაპია, ზრდასრულ ასაკში რეციდივს თავიდან არ აგვარიდებს.

მკურნალობის დაწყების დროს საჭიროა პრეპარატების ეფექტური მინიმალური დოზის შერჩევა და დინამიკაში, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, დოზების კორექცია.

ტიკების შესამცირებლად ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა დოფამინური რეცეპტორების ბლოკატორები – ნეიროლეპტიკები, მსუბუქ შემთხვევებში შეიძლება ეფექტური იყოს ბენზოდიაზეპინები და კალციუმის ანტაგონისტები. თანმხლები ობსესიურ-კომპულსიური სინდრომის კორექციისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტურია ანტიდეპრესანტები. 

ტიკების მკურნალობისთვის შეიძლება გამოიყენებოდეს ბოტულოტოქსინი, იგი მოქმედებს ნერვულ დაბოლოებებზე და იწვევს კუნთების მოდუნებას, რის შედეგადაც კუნთი ვეღარ იკუმშება აქტიურად.

 

6,7 მილიონი ლარი შუახევის მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად

შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში ორხაზოვანი ზიპლაინის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. ზიპლაინის მინიმალური სიგრძე 1 752 მეტრი უნდა იყოს.

„პროექტის მიზანია ჩირუხის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია. ზიპლაინი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინი ევროპაში. ზედა სადგური დაპროექტებულია როგორც „არწივის ბუდე“, საიდანაც იშლება პანორამული ხედი ხეობაზე. ქვედა სადგურის პროექტში ინტეგრირებულია ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი“, – აღნიშნულია დოკუმენტებში.

ზიპლაინი, ჩირუსის მთა / ზედა სადგური/ რენდერი კონცეფციიდან

ზიპლაინის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და მის საფუძველზე მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 6 752 200 ლარით უკვე გამოაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, „ზიპლაინის მოწყობაზე ჩატარდა ბაზრის კვლევა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიები“.

ზიპლაინი, ჩირუხის მთა / რენდერი კონცეფციიდან

მთა ჩირუხში ზიპლაინის სამშენებლო-სამონტაჟო და საინსტალაციო სამუშაოები 2024 წლის 2 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს; ტენდერში წინადადებების მიღება კი 2022 წლის 2 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 7 ნოემბერს დასრულდება.

ტენდერის ტექნიკური დავალებიდან:

  • „საწყისი საპროექტო კონცეფციის მიხედვით, ზედა (სიმაღლე: ზღვის დონიდან 2 496 მეტრი) და ქვედა (სიმაღლე: ზღვის დონიდან 2 063 მეტრი) სადგურების ადგილმდებარეობა შერჩეულია და ზიპლაინის სიგრძე შეადგენს 1 752 მეტრს. მიუხედავად ამისა, შერჩეული ადგილმდებარეობები არ წარმოადგენს საბოლოო წერტილებს და მათი ცვლილება დასაშვებია.
  • სამინისტროს მიერ შერჩეულ იქნა ალტერნატიული ტერიტორიები და მიენიჭა მათ პრიორიტეტი, თუმცა თუ აღნიშნული ტერიტორიები ტექნიკურად გამოუსადეგარია, კონტრაქტორს უფლება აქვს შეცვალოს ადგილმდებარეობები.
  • ადგილმდებარეობების შერჩევა უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს: ადგილმდებარეობები უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან; ტერიტორიები უნდა იყოს გეოლოგიურად მყარი და არ გააჩნდეს მნიშვნელოვანი სამშენებლო სირთულეები; ზედა სადგურიდან უნდა იშლებოდეს პანორამული ხედი ხეობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე; ქვედა სადგურის განთავსების ადგილი დაიგეგმოს მოხერხებული სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;
  • ქვედა სადგური, ამავე დროს როგორც ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის მატარებელი ობიექტი, განთავსდეს არსებულ დასახლებასთან ინტეგრირებისა და ფუნქციური გამოყენების გათვალისწინებით, ვიზიტორთათვის მარტივი მისაწვდომობისა და აღქმულობის პრინციპების უზრუნველყოფით.“
ზიპლაინი, ჩირუხის მთა / ქვედა სადგური / რენდერი კონცეფციიდან

დოკუმენტების მიხედვით, ჩირუხის ზიპლაინის [„არწივის ბუდე“] გეგმა-კონცეფცია შპს „არტ სტუდიო პროექტის“ მიერ არის მომზადებული.

თუმცა, „საჭიროების შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულის მიერ შესაძლებელია საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის დროს, სამინისტროსთან შეთანხმებით, „არტ სტუდიო პროექტის“ მიერ შედგენილ სადგურების პროექტში ცვლილებების შეტანა [მათ შორის ზედა სადგურზე საპირფარეშოს მოწყობის გათვალისწინებით], ძირითადი კონცეპტუალური გადაწყვეტის შენარჩუნებით. პროექტირებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ადგილობრივი გარემო და კლიმატური პირობები“.

განახლება: ეს ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ერთ თვეში 1847 უბილეთო მგზავრი დავაჯარიმეთ – ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთო მგზავრობისთვის ბოლო ერთი თვის განმავლობაში 1847 პირი დააჯარიმეს.

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობა მუნიციპალიტეტის საზღვრებში 20 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

„მგზავრი მგზავრობის დაწყებისთანავე ვალდებულია ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა“ – აცხადებს მუნიციპალური ინსპექცია.

 

ის რაციონალური მოთამაშეა, რომელიც ძალიან შეცდა – ბაიდენი პუტინზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპაციის პერსპექტივა სრულიად არასწორად გათვალა.

რუსეთ-უკრაინის ომზე ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში ილაპარაკა.

„მე ვფიქრობ… იმედი ჰქონდა, რომ ხელგაშლილები შეხვდებოდნენ უკრაინაში, რომ კიევი ეს დედა-რუსეთის სახლია და მას იქ მიიღებდნენ. ვფიქრობ, სრულიად არასწორად გათვალა… ვფიქრობ, ის რაციონალური მოთამაშეა, რომელიც ძალიან შეცდა,“ – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა პუტინს მომავალ თვეში G20-ის სამიტზე ინდონეზიაში, ბაიდენი ამბობს, რომ მასთან ლაპარაკის მიზეზს ვერ ხედავს.

„ეს დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, რაზე საუბარი ენდომებოდა მას“, – ამბობს პრეზიდენტი და დასძენს, რომ თუ პუტინი ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის საქმეზე ლაპარაკს მოისურვებს, მაშინ მასთან სასაუბროდ მზად იქნება. – „მაგრამ ის მხეცურად მოიქცა, მხეცურად მოიქცა. ვფიქრობ, მან ომის დანაშაულები ჩაიდინა და, შესაბამისად, ვერ ვხედავ რაიმე რაციონალურ მიზეზს, მას ახლა შევხვდე.“

„არ ვფიქრობ, რომ ამას გააკეთებს“, – უპასუხა ბაიდენმა შეკითხვას, გამოიყენებს თუ არა პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. – „მისგან ამაზე ლაპარაკი უპასუხისმგებლობაა, მსოფლიო ლიდერისგან, რომელიც ფლობს ერთ-ერთ უდიდეს ბირთვულ ძალას მსოფლიოში, იმის თქმა, რომ ის უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.“

დიდი ოცეულის სამიტი ინდონეზიაში, ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება. კრემლმა უკვე დაადასტურა, რომ მიწვევა მიიღო და რომ რუსეთის პრეზიდენტი სამიტზე დასწრებას აპირებს.

___

რუსეთი მზადაა, განიხილოს პუტინი-ბაიდენის შეხვედრა G20-ის სამიტზე – ლავროვი

რამდენი დღე იქნება ბათუმში თბილი, უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ოქტომბრის 21 საათიდან 13 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, 14-15 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

ФСБ: ყირიმის „ტერაქტზე“ 8 პირი დავაკავეთ, ტვირთის გადატანაში 2 ქართველიც მონაწილეობდა

კრემლისტური მედიის ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე ФСБ-მ 8 ადამიანი დააკავა – 5 რუსეთის მოქალაქე, 3 – უკრაინისა და სომხეთის, „ტერაქტის“ ორგანიზატორად კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი დაასახელა.

„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვა, მისი ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, მისი თანამშრომლები და აგენტურა. ასაფეთქებელი მოწყობილობა შენიღბული იყო რულონებში სამშენებლო პოლიეთილენის ფენით 22 პალეტად, საერთო წონა 22 770 კილოგრამი,“ – ნათქვამია ФСБ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პრესრელიზში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესის პორტიდან ჯერ ბულგარეთში გადაიტანეს, იქიდან საქართველოში, ფოთის პორტში, საიდანაც ის სომხეთში მოხვდა. გადატანის პროცესში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები – მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები – სანდრო ინოსარიძე, ბროკერი მეტსახელად „ლევანი“ და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.

ეფესბეს რელიზში ნათქვამია, რომ 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ერევნის ტერმინალ „ტრანსალიანსში“ ტვირთი განაბაჟეს და დოკუმენტები შეცვალეს. გამგზავნად მიუთითეს შპს „გუ-არ-ჯი გრუპი“ (სომხეთი, ქ. ალავერდი), ხოლო მიმღებად – შპს „ლიდერი“ (მოსკოვი).

„საქართველოში დარეგისტრირებულ სატვირთო მანქანით ტვირთმა 4 ოქტომბერს გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ზედა ლარსის გამშვებ პუნქტზე, ორი დღის შემდეგ ის მიიტანეს და გადმოტვირთეს არმავირის ბაზაზე,“ – წერს კრემლისტური მედია.

რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, 7 ოქტომბერს სოლომკოს, უკრაინის მოქალაქე ვლადიმერ ზლობასა და რუსეთის 5 მოქალაქის დახმარებით ტვირთის დოკუმენტები ისევ შეიცვალა. გამგზავნად ჩაიწერა შპს „ტეკ 34“ ულიანოვკიდან, ხოლო მიმღებად არარსებული ფირმა ყირიმში.

„ამავე დღეს პალეტები ჩატვირთეს 1971 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქის მახირ იუსუბოვის მანქანაში, რომელიც შევიდა სიმფეროპოლში, 8 ოქტომბერს კი 06.03 წუთზე ყირიმის ხიდზე აფეთქდა,“ – წერს ეფეესბე.

რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, ტვირთის გადატანას მთელ მარშრუტზე აკონტროლებდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი, რომელიც ამ სქემის მონაწილეებს „ივან ივანოვიჩად“ გაეცნო. მოქმედებების კოორდინაციისთვის ის ვირტუალურ ანონიმურ ნომერს იყენებდა, ასევე ტელეფონს, რომელიც დარეგისტრირებული იყო კრემენჩუგის მცხოვრების სერგეი ანდრეიჩენკოს სახელზე.

კრემლისტური მედია წერს, რომ 8 ოქტომბერს, დილით, ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა მიმავალ მატარებელში საწვავით სავსე შვიდ ცისტერნას. ნაწილობრივ ჩამოიშალა ორი საავტომობილო მონაკვეთი, დაიღუპა ოთხი ადამიანი.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ბათუმელები“ შს სამინისტროს დაუკავშირდება კომენტარისთვის და მას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

კრემლისტური მედია ყირიმის ხიდის „ტერაქტის“ მონაწილეთა ფოტოებს აქვეყნებს

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 63 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +270]
  • ტანკი – 2 505 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 5 156 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 1 507 ერთეული [+11]
  • MLRS – 355 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 182 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 268 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 235 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 129 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 315 ერთეული [+20]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 927 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 136 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ  დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 319 თვითმფრინავი
  • 161 ვერტმფრენი
  • 2 199 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 380 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 677 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 868 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 465 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 496 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

სუროვიკინი უკრაინაში რუსეთის ოპერაციების „სირიიზაციას“ ვერ გამოიწვევს – ISW

ახალდანიშნული მეთაურის, სერგეი სუროვიკინის ომის წარმოების სტილი ვერ ახსნის 10-11 ოქტომბრის მასირებული სარაკეტო დარტყმების ტალღას და სავარაუდოდ, რუსეთის ოპერაციებში სერიოზულ ცვლილებებსაც ვერ გამოიწვევს – მიიჩნევენ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.

ინსტიტუტის ინფორმაციით, რომელიც უკრაინის დაზვერვის ცნობებს ეყრდნობა, სარაკეტო დარტყმებს რუსეთი ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან ამზადებდა, ხოლო სუროვიკინი უკრაინაში რუსული ძალების მეთაურად 8 ოქტომბერს დაინიშნა.

„სავარაუდოდ, სუროვიკინის დანიშვნა და სარაკეტო დარტყმები უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე რუსმა ჩინოვნიკებმა ერთმანეთს დაამთხვიეს, რათა რუსეთის თავდაცვის რეპუტაცია გაეუმჯობესებინათ. ისინი აშკარად დაინტერესებულნი არიან საკუთარი საზოგადოებრივი იმიჯის აღდგენით. სარაკეტო დარტყმების საინფორმაციო ეფექტი და რუსეთის ნაციონალისტური საინფორმაციო სივრცის გმირის, სუროვიკინის დანიშვნა, დიდი ალბათობით, მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ამ სივრცის ყველაზე ხმამაღალი მოთხოვნები დააკმაყოფილოს,“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები.

ინსტიტუტის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ძალების ყველა მეთაური ერთხელ მაინც ხელმძღვანელობდა ოპერაციებს სირიაში. შესაბამისად, ყველა მათგანი და მათ შორის, სუროვიკინიც მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.

ISW-ი მიიჩნევს, რომ სუროვიკინის დანიშვნა ვერ გამოიწვევს უკრაინაში რუსეთის ოპერაციების „სირიიზაციას“, რადგან უკრაინის საბრძოლო სივრცე პრინციპულად განსხვავდება სირიის საბრძოლო სივრცისგან. რუსეთი და უკრაინა აწყდებიან სრულიად განსხვავებულ პრობლემებს და სუროვიკინის სირიის გამოცდილების გადმოტანა უკრაინაზე შეუძლებელია.

„რუსეთმა ამ დრომდე ვერ მიაღწია საჰაერო უპირატესობას უკრაინაში, რის გამოც მას არ შეუძლია ისეთივე მასირებული დაბომბვის კამპანიების განხორციელება უკრაინაში, როგორც ამას სირიაში აკეთებდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დასავლეთი კვლავაც განაგრძობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით კიევის მომარაგებას, სუროვიკინის დანიშვნა რუსეთს საჰაერო უპირატესობას ვერ მოაპოვებინებს,“ – წერს ინსტიტუტი.

ISW-ი დასძენს, რომ სირიის მსგავსად, უკრაინაში ომის წარმოების რუსეთისეული სტილი გამოირჩევა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით და სამოქალაქო პირებისადმი სასტიკი დამოკიდებულებით.

გენერალი სერგეი სუროვიკინი უკრაინაში რუსეთის გაერთიანებული ძალების მთავარსარდლად 8 ოქტომბერს დაინიშნა. სუროვიკინი მანამდე რუსეთის კოსმოსურ-საჰაერო ძალებს და უკრაინაში სამხრეთის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, უფრო ადრე –  საჰაერო ძალებს სირიაში. მონაწილეობდა ტაჯიკეთის შეიარაღებულ კონფლიქტში და ჩეჩნეთის მეორე ომში.

ირანული დრონები უკრაინის არმიისთვის იოლი სამიზნეებია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის საჰაერო პოტენციალს აფასებს. უწყების ცნობით, ირანული წარმოების ლეტალურ უპილოტო საფრენ აპარატებს რუსეთის ბრძოლის ველზე აგვისტოს შემდეგ იყენებს, მათ შორისაა ერთი მიმართულებით დამრტყმელი „შაჰედ 136“.

„რუსეთმა დარტყმების საერთო ტალღაში „შაჰედები“ 10 ოქტომბერსაც ჩართო. მანამდე უკრაინის გენშტაბი იუწყებოდა, რომ საერთო ჯამში, რუსეთმა უკრაინაში გაუშვა 86 „შაჰედ 136“, რომელთა 60 % უკრაინის არმიამ ჰაერშივე გაანადგურა,“ – წერს დაზვერვა 12 სექტემბრის რელიზში.

უწყების შეფასებით, ეს უპილოტო საფრენი აპარატები ნელია და დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს, რაც მათ ჩვეულებრივი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებისთვისაც კი იოლ სამიზნეებად აქცევს.

დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთმა მხოლოდ რამდენიმე დრონით ერთდროული შეტევისას შეძლო გარკვეული წარმატების მიღწევა.

„გამოცხადებული მანძილის, 2 500 კილომეტრის მიუხედავად, „შაჰედ 136-ს“ მცირე ტვირთამწეობა აქვს, რის გამოც, სავარაუდოდ, ვერ ასრულებს იმ მისიას, რომელსაც მას რუსეთი აკისრებს.

იმ ფონზე, როდესაც რუსული ტაქტიკური სამხედრო თვითმფრინავები უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ შეზღუდულ ეფექტს აღწევენ, ოპერაციულ დონეზე საიმედო და ზუსტი დარტყმითი პოტენციალის არქონა, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებში მნიშვნელოვანი ჩავარდნაა,“ – ასკვნის უწყება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ხელმძღვანელად გენერალ სერგეი სუროვიკინის დანიშვნას გამოეხმაურა. დაზვერვის შეფასებით, სუროვიკინის დანიშვნა მიუთითებს, რომ რუსეთს უკრაინაში საკუთარი ოპერაციის „გაუმჯობესება“ სურს.

ესმა, ნანული, ნათელა, სურიე და მემთეური ქალები ღორჯომის ყიშლიდან

  • ღორჯომამდე

დილის 8 საათია, წვიმს. ბათუმის ავტოსადგურში ვარ და მობილურზე ვრეკავ. ხულოს სოფელ ღორჯომის სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მიპასუხა: „კი, წაგიყვან ბიძია, მაგრამ არ გავხარ ხულოელს. ცუდი გზებია იქ და მაინც გინდა წამოსვლა?“

რამდენიმე წუთში რუხი ფერის „სპრინტერში“ შავთავსაფრიანი ქალის გვერდით ვჯდები. ისევ გადაუღებლად წვიმს.

ხელვაჩაურში დიდ საცობში ვიჭედებით. „ყოველთვის ასეა, ამხელა გზა გაქვს გასავლელი და ხელვაჩაურიდან რომ გახვიდე, მინიმუმ ორი საათი გეხარჯება,“ – ხმამაღლა წუხს მძღოლი

პურის საცხობთან ვჩერდებით. ავტომანქანიდან ყველა პურის საყიდლად გადმოდის. მეც გადმოვდივარ და „მარშუტკის“ მგზავრები ერთმანეთს ვეცნობით.

ჩემ გვერდით მჯდომი, შავთავსაფრიანი ქალი ღორჯომიდანაა. მას შემდეგ, რაც დაქორწინდა, ღორჯომის მეზობლად, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს.

რამდენი წლის იყავით, როცა დაქორწინდით-მეთქი – ვეკითხები. რამდენიმე წამით ჩერდება, შემდეგ მზერას მარიდებს და მეუბნება: „ძალიან პატარა. ასაკის თქმა არ მინდა…“

მეტ კითხვას აღარ ვუსვამ, ვუსმენ იმას, რასაც თვითონ მიყვება. ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, პირველი შვილი რომ გააჩინა, მალევე შეეძინა მეორე და მესამე შვილიც. „რომ გათხოვდები, ასეა, შვილებიც გეყოლება, აბა რა იქნება“ – ასრულებს ამბის მოყოლას.

ავტომანქანაში მხოლოდ ორი ქალი ვართ. ჩვენი ხმა ყრუდ ისმის, კაცები ხმამაღლა საუბრობენ.

წვიმს ხულოშიც. შავთავსაფრიანი ქალი დიდაჭარაში ჩამოდის და მეუბნება, რომ ზუსტად იცის, ღორჯომში შევხვდები ქალებს, რომლებზეც ყველამ უნდა იცოდეს, რომლებსაც ყველა უნდა იცნობდეს.

  • ღორჯომში

დღის დაახლოებით 4 საათია, ისევ წვიმს. ოჯახში, სადაც ღამით ვრჩები, ცოლ-ქმარი, შვილი და ბებია ცხოვრობს. ეზოში მშობლების სახლში სტუმრად მყოფი მამიდა ემინე მხვდება. ემინეს შავი თავსაფარი ახურავს და შავი ტანსაცმელი აცვია.

სახლში თბილა. შეშის ღუმლიდან შეშის ტკაცუნის ხმა ისმის. ემინე ღუმელთან ახლოს, ხის დაბალ სკამზე ჯდება და კარტოფილის გათლას აგრძელებს, თან მიბოდიშებს, რძალი საქონლის მოსაყვანად წავიდა, მალე დაბრუნდებაო.

მალე ბებია შემოდის, ღუმელში შეშას ამატებს, ხელებს მიმოწმებს, თბილად თუ გაქვსო და ღუმელთან ახლოს მსვამს: „გათბი, ბებო, გაყინულხარ“.  მერე ემინეს უბრუნდება და ხელების ფშვნეტით ეკითხება:

– „ნეტა, თამარმა საქონელი ნახა?”

– „აღარსად წახვიდე, დაჯექი. მალე მოვა შენი რძალიც და საქონელსაც მოიყვანს. ნახავდა, აბა რას იზამდა“ – ამშვიდებს ემინე.

ბებიასაც შავი თავსაფარი ახურავს და შავი ტანსაცმელი აცვია. სახლში შემოსვლამდე ქათმებს დასდევდა, ცივა, გარეთ არაფერს აღარ დაედგომებაო.

შემოდის თამარი. ღუმლის უკან მჯდომს ვერ მხედავს და მკითხულობს – ნეტა სახლს ვერ მოაგნოო. მერე იბოდიშებს – „სულ სველი ვარ, უნდა წავიდე, გამოვიცვალო. საქონელი სოფელში გვყავს, ზევით-ქვევით დარბიან, სხრიკება [დევნა] უნდა ყოველ წამს“. თან წუხს, მგონი, მეზობლის ყანაშიც შევიდნენ ძროხები, რამე ხომ არ გაუფუჭეს ნეტაო.

თამარსაც შავი ტანსაცმელი აცვია და შავ თავსაფარს ატარებს. შავი ფერი კიდევ უფრო გაუშავებია წვიმას. თამარი სიცივისგან თრთის. რამდენიმე წამი ღუმლის თავზე აჩერებს ხელებს და მერე შემთბარ ხელისგულებს ლოყებზე ისვამს.

შებინდებისას მე და თამარი სხვა ქალებთან შესახვედრად მივდივართ. რესპონდენტს ვეძებ. მინდა, ღორჯომში მცხოვრები ერთი ქალის ისტორიამ სხვა ქალების ამბებიც აირეკლოს.

თამარი გზად მეუბნება, ქალები სანამ რამეს გეტყვიან, კაცებსაც კითხავენო. მიიჩნევს, რომ ეს ქმრების და მამამთილების დაფასებისთვისაა საჭირო. ამ საღამოს სოფელში ერთ-ერთ ოჯახს მევლუდი [რელიგიური რიტუალი] ჰქონია. ყველა იქ მიდის. თამარი მიხსნის, რომ ღორჯომში დიდი მევლუდები აქვთ, რადგან მეზობლებს, ნათესავებს ეპატიჟებიან, ამ სოფელში კი ყველა ყველას ნათესავიაო.

თამარი ერთ სახლთან იძახის. ფანჯარაში გადმომდგარ ახალგაზრდა დედას ვესალმები, რომელიც მეორე შვილსაც მალე გააჩენს. იგი სწრაფად მიჭრის, რომ ჩემთან საუბარი არც ერთ თემაზე არ უნდა და სახლისკენ ვბრუნდებით.

გზად ჩემს ნაცნობ გოგოს ვხვდებით, რომელიც 14-15 წლის იქნება. იგი დედაზე მიყვება. მისი ოჯახი ახლა ბოსლის თავზე, ვიწროდ ცხოვრობს. დედა 35 წლის, ახალგაზრდა ქალია. 5 შვილი ჰყავს და შვილებზე ზრუნვის გარდა ბევრი სხვა საქმეც აქვს: საქონლის მოვლა, სამეურნეო საქმე…

„ბაბუამ თუ ნება დართო, აუცილებლად ჩაგეწერება. არც ბაბუა ეტყვის  უარს“ – მეუბნება ნაცნობი გოგონა. ვურეკავ დედას. ცუდი დრო შევარჩიე, ძროხებს წველის. ვთანხმდებით, რომ დილით ისევ დავურეკავ და შემდეგ მივალ მასთან სალაპარაკოდ.

მეორე დილას მას, შეთანხმებისამებრ, ვურეკავ. მობილურზე კაცი მპასუხობს. ქალს ვკითხულობ და შემდეგ გადარეკვის და მასთან საუბრის იმედად ვთიშავ. მოგვიანებით ისევ ვრეკავ, ქალი უარს მეუბნება მასთან მისვლაზე. კითხვაზე – რატომ? – არაფერს მპასუხობს, მობილურს თიშავს. შესაძლოა ეს მისი უარი იყო, ან უარი, რომელიც მან მხოლოდ გაიმეორა. არაფერში ვარ დარწმუნებული.

ახლა უფრო მეტად მინდა ღორჯომში მცხოვრებ სხვა ქალებსაც შევხვდე და მივდივარ ღორჯომიდან 5-7 კილომეტრის დაშორებით, სოფლის ყიშლაზე.

  • ყიშლაზე

ყიშლა, როგორც ხულოში ეძახიან [იგივე, რაც ყიშლაღი, საზამთრო საძოვარი] არც სოფელია, არც იალაღი. ეს არის ადგილი, სადაც იალაღიდან წამოსული მემთეური ქალები დაზამთრებამდე საქონლის გამოსაკვებად და რძის ნაწარმის დასამზადებლად რჩებიან.

გზაში ბევრ ქალსა თუ კაცს ვხედავ. ზოგი სად მირეკავს საქონელს და ზოგი სად. წვიმს. ნისლია. ცივა.

ესმა ბოსელს გვის. მაღალყელიანი, ხასხასა ცისფერი რეზინის ბოტები აცვია. ბოსელში სამუშაო ხალათს იხდის, გრძელ ჯოხს იღებს და ნისლში ერევა.

ესმა ადაძე 53 წლის მემთეური ქალია. იალაღზე წასვლა უყვარს, მაგრამ ყიშლას ვერ იტანს, რადგან აქ მყოფს უფრო უმძაფრდება სოფელში, სახლში დაბრუნების სურვილი. სახლში, რომელიც რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა. თან ყიშლაზე იყოს და თან სოფელში ჩავიდეს, არ შეუძლია. ან როდის მოასწროს? დილით პირუტყვს უვლის, რძის ნაწარმს ამზადებს, საჭმელს და საღამოვდება კიდეც. საღამოს კი ისევ პირუტყვია მოსავლელი, ძროხები მოსაწველი.

ესმა ყიშლაზე ქმართან და მულთან ერთად ცხოვრობს. ისინი სოფელში მაშინ დაბრუნდებიან, როცა ყიშლაზე მოთოვს.

ქალი ხბოებს მირეკავს. ერთმანეთთან ახლოს ვდგავართ, მაგრამ მაინც მიჭირს მისი კარგად დანახვა სქელ ნისლში. ესმას ხმას მივყვები. ის მულს ეძახის – „ნანული… ნანული…“ ქალები მსჯელობენ, თუ საითკენ აჯობებს ხბოების გარეკვა.

ყავას დღეს მემთეური ქალები სურიესთან დალევენ. სურიე სახლის ხის მოაჯირზე დაყრდნობილი გვხვდება და გვეძახის: „მოდით, მოდით“. ეზოში ნაირ-ნაირი ფერის, სხვადასხვა ზომის ქათმები გამოფენილან.

სურიე 37 წლისაა და ყიშლის ხის პატარა სახლში ქმართან ერთად ცხოვრობს. ჯერ იალაღზე მემთეურობდა, 12 ძროხას წველიდა, ახლა კი ძროხების მოვლას, სხვა ქალების მსგავსად, ყიშლაზე აგრძელებს. 7 წელია რაც მემთეურია.

„მემთეურობა ძნელია, მაგრამ რომ შეეჩვევი, მარტივია“ – მეუბნება სურიე.

მას სამი შვილი ჰყავს. სურიეს ყველა ოცნება და მიზანი ახლა შვილებს უკავშირდება. უნდა, რომ შვილებმა ისწავლონ და მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდეთ, მის ცხოვრებაზე უკეთესი.

სურიე სიყვარულით დაქორწინდა. ეს გრძნობა მეუღლეებს შორის ახლაც იგრძნობა. „სიყვარული ყველაფერს გადაგალახვინებს“ – მეუბნება სურიე, როცა სირთულეებზე ვსაუბრობთ.

სურიე გორგაძე ქმართან ერთად

სხვა ქალები იგვიანებენ. სურიე მათ აივნიდან უხმობს. ქალები პასუხობენ, რომ ჯერ არ სცალიათ, რძე შეუდგამთ ღუმელზე და ეშინიათ, ზედმეტად არ გაუცხელდეთ.

„იჩქარეთ და ჩამოდით …“ – გასძახის სურიე, ოთახში ბრუნდება და ღუმელზე ყავას დგამს.

შემოდის ნათელა, ყველას ეხვევა და ესმას გვერდით ჯდება. ქმარი გამიგიჟდება, ტელევიზორი გამიფუჭდაო – წუხს ის. შავი თავსაფარი ახურავს და შავი, გრძელი კაბა აცვია ცისფერი ყვავილებით.

მალე ნანულიც მოდის, სურიე მას კართან ეგებება. ნანულის ხელსაქმეც მოაქვს მისთვის და ესმასთვის.

ქალები ერთმანეთს ამბებს უზიარებენ.

სურიე ყავას დარაჯობს, რომ არ გადმოვიდეს, ესმა წინდებს ქსოვს და თან ოხრავს, ხელები ისე მაქვს დაბუჟებული, თვლებს ვეღარ ვიყვანო. ნათელა მის წინ მჯდომ ნანულის უმზერს, თეთრი ნაჭერი რომ გადაუფარებია მუხლებზე და თავჩაქინდრული ქარგავს.

ნანული ირემაძე ქარგვისას

სურიე მაგიდაზე ტკბილეულს ალაგებს და ყავას დგამს ღუმლიდან.

ნათელა ჩქარობს, ყავის დიდ ყლუპებს სვამს და სწრაფადვე მიყვება:

– „20 წელია მემთეური ვარ. აქამდე 15-20 ძროხა მყავდა,  წელს – 11“.

– „როგორ წველიდი ამდენს“? – ეკითხება ესმა.

– „წველა არ მიჭირს, რაც არ უნდა იმდენი ძროხა მყავდეს, ნახევარ საათში მოვწველი, მაგრამ ეს დახვეტა, დაგვა, ძროხებისთვის ჭამა მაგვიანებინებს. დაჩოქილი ვწველი, სკამით არა,“ – ამბობს ნათელა.

– „სკამით არ წველი?“ – გაკვირვებული ეკითხება სურიე.

– „არა“- უპასუხა ნათელამ და დასძინა, მუხლები არ მტკივა და სკამის იქეთ-აქეთ თრევა დროს მაკარგვინებსო.

ნათელა 13 წლის იყო, როცა დაინიშნა. ამბობს, რომ მის მეუღლეს მამა ადრე დაეღუპა და ამიტომ ჩქარობდნენ მის დაქორწინებას:

„16 წლამდე დანიშნული ვიყავი, 16 წლის რომ გავხდი, წამიყვანეს. გავთხოვდი. მერე 2 შვილი, გოგო-ბიჭი შემეძინა და დედამთილმა რომ ვეღარ შეძლო, რძალი მოვიყვანე და მე წავედი მემთეურად“.

ნათელა ამბობს, რომ მთა უყვარს, მაგრამ უკვე იალაღზე სიარულს ისევ როგორ შეძლებს, არ იცის, ასაკის გამო.

– „ახალგაზრდებს არ უყვართ მთა. ჩემი რძალი და შვილი არ ამოდიან“ – წუხს ნათელა.

– „რად მინდა მთა“ – ხმადაბლა ამბობს ესმა.

– „მეც მიყვარს მთა. უკვე 10 წელია, რაც მემთეური ვარ. მეც პატარა გავთხოვდი, მეშვიდეკლასელი ვიყავი. 3 შვილი მყავს“ – საუბარში ერთვება ნანულიც.

მემთეური ქალები იმ პერიოდს იხსენებენ, როცა ჯერ კიდევ არ იყვნენ დაქორწინებული. მაშინ მათი ერთადერთი შესაქცევი ხელსაქმე იყო და შეუჩერებლად ქსოვდნენ, ქარგავდნენ და კერავდნენ. ნათელას თქმით, ცოტა ფულის გამომუშავებასაც ახერხებდნენ ხელსაქმით, ბახმაროში ჩაჰქონდათ და ჰყიდდნენ. საკუთარი შრომით გამომუშავებული ფულის აღება წარმოუდგენლად დიდ მიღწევას ჰგავდა.

ახლა ნათელას შვილიშვილები უნივერსიტეტში სწავლობენ. იცის, რომ ამისთვის მისი ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო და ამით ამაყობს.

უნივერსიტეტში სწავლობს ნანულის რამდენიმე შვილიშვილიც და ახლა ნანული იმაზე ოცნებობს, დანარჩენებმაც ჩააბარონ ნეტაო.

– „ვეხმარებით. ვუგზავნით ფულს, პროდუქტს, კაბას, შარვალს, რომ ჩაიცვან, რომ ჰქონდეთ, ისწავლონ და განათლებული იყვნენ“, – მეუბნება ნანული.

ესმა, ნათელა, ნანული და სურიე თანხმდებიან, რომ მათი მთავარი საფიქრალი ახლა შვილებზე ზრუნვაა.

ესმა მიდის. ქმარმა დაურეკა, მომშივდაო. წავიდა ნათელაც, ყველი ჯერ არ ამომიყვანია, გამიფუჭდებაო. სურიე ცალ-ცალკე აცილებს ყველას და ისევ მოდითო – უბარებს.

ფერადი ძაფები თეთრ ნაჭერში მოახვია და ნანულიც ადგა, მეც უნდა წავიდეო. ნანულის ნამაზის სალოცავად ეჩქარება.

ცოტა ისევ წვიმს. ნისლიც ისევ ჩამოწოლილა. უკან მივყვები ნანულის. სველ ბალახზე სიარულისას ფრთხილობს, ეშინია, არ წაიქცეს. სქელ ჯოხს იბჯენს. სახლში მივდივართ, ყიშლაზე.

შეშა ბლომად შეუკეთებია ღუმელში ესმას. ჯერ შორს ვართ, მაგრამ მაინც ვახერხებთ ნისლში სქელი კვამლის გარჩევას, სახურავის თავზე რომ იკლაკნება.

ოთახის შუაგულში, ღუმელზე, ესმას ორი, დიდი, რძით სავსე ქვაბი უკვე შემოუდგამს ყველის ამოსაყვანად. მოუსწრია საჭმლის მომზადებაც. ყველას მაგიდასთან გვიწვევს, კარგად ჭამეთ, არაფერი დატოვოთო – რამდენჯერმე გვიმეორებს. თვითონ პერიოდულად სუფრიდან დგება და რძეს ამოწმებს, საჭიროზე მეტად რომ არ გაუცხელდეს.

ყავის დასალევად შეკრებილი მემთეური ქალები

ნანული ქარგვას აგრძელებს, ესმას ქმარი ტელეფონის ეკრანზე უყურებს რაღაცას.

ესმამ მაგიდა აალაგა და პირველი ქვაბიდან ყველის ამოღება, ამოწნა დაიწყო. ალუმინის მძიმე, რძით სავსე ქვაბებს მარტო დგამს ღუმლიდან და ცხელ შრატში ყველის ამოყვანისას ჩემთან სასაუბროდაც პოულობს დროს.

ესმა ყველის აღებისას

ის სამი წელია, რაც მემთეურობს. როცა სცივა, ცხელ შრატში ხელების ჩაყოფა სიამოვნებს.

„ყიშლიდან სოფელი 5 კილომეტრშია. ძალიან მინდა წასვლა, არ მინდა აქაურობა, მაგრამ რა ვქნა. ცხოვრება ასე აკეთებს. სოფელში ოქტომბრის შემდეგ წავალთ. იქ 6 თვეს ვართ, მეტი არა. 7 თვე აქ ვართ“, – მეუბნება ესმა.

იალაღზე ან ყიშლაზე ყოფნისას სოფელში მხოლოდ მაშინ ჩადიან, თუ ახლობლის დაკრძალვა ან ქორწილია.

„ვერ მივდივართ სოფელში, საღამომდე ამ საქმეზე ვართ. დღეს რასაც გააკეთებ, ხვალაც ის საქმე გაქვს. მომაბეზრებელია ერთი და იგივე საქმე, მაგრამ რა უნდა ვქნათ? გლეხის ცხოვრება ასეა. 18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ახლა 53 წლის ვარ“ – მიყვება ესმა.

მან ერთი ქვაბიდან ყველის ამოყვანა უკვე დაასრულა. მიხსნის, რომ ეს მულის სახლია, მისი სახლი ცოტა ზევითაა და ძროხებიც იმ სახლში ჰყავს, თუმცა იქ დარჩენას მულთან ერთად დარჩენას ამჯობინებს. დღეს ესმამ ითავა მულის ყველის ამოყვანაც. გულდაწყვეტით ამბობს, დღეს დილით ერთი ვედრო რძე დამექცა, ჩემი სახლიდან აქ რომ მომქონდა, ფეხი დამიცდა სველ ბალახზეო.

– „ქატო რა ღირს იცი? 30 ლარი“ – მეუბნება ესმა.

ქალი იხსენებს, რომ ახალგაზრდობაში ძალიან უნდოდა ესწავლა. მისი საყვარელი საგანი სკოლაში ფიზიკა იყო.

ესმა ყველს ვედროებში აწყობს და მარილის მოსაყრელად გვერდით ოთახში გააქვს.

– „ჩემი აზრით, ცხოვრება ზღაპარია“ – ამბობს ესმა და ცხელ ყველს მარილს აყრის.

მოსაღამოვდა. ესმა, ესმას ქმარი და ნანული იმას განიხილავენ, თუ სად შეიძლება საქონელი იყოს,  დროულად მოვლენ თუ არა, საითკენ აჯობებს მოძებნონ.

ესმა ნამაზს ლოცულობს, ფანჯარაში იხედება და საქონელს ითვლის: „4 ხბო მაკლია, 3 დეკეული, 5 ძროხა. რამდენი სულ? 13 სული მაკლია“.

გარეთ აღარ წვიმს, ნისლიც აიკრიფა, თუმცა ისევ ცივა. სამივე გარეთ გამოდიან პირუტყვის მოსაძებნად.

ახლა ყიშლაზე მცხოვრები ყველა ოჯახი, ქალები და კაცები, გარეთაა, ყველა თავის ძროხას და ხბოს ეძებს.

საქონლის საძებნად გამოსული ღორჯომის ყიშლის მცხოვრებლები
ესმა ქმართან ერთად

ესმა მეუბნება, რომ ყოველ საღამოს ნერვიულობენ, არაფერი დაეკარგოთ.

ყიშლაზე შეძახილები ისმის. ერთმანეთს გასძახიან მემთეურები, ჩემი პირუტყვისთვის ხომ არ მოგიკრავს თვალიო.

დადის ესმა ყიშლის მინდვრებზე და თავის ძროხებს ეძებს. საქონელს ეძებს ნათელა, ნანული, სურიე და ბევრ სხვა ქალიც, რომლებსაც მე ვერ შევხვდი.

საქონელი ყველამ იპოვა.

„მოდი ჩემთან, ჩემო გოგო, ჩაგეხუტო, მოდი ჩემთან, ჩემო ლამაზო“ – უმღერის ესმა ძროხებს.

ასე ცხოვრობენ ქალები ღორჯომის ყიშლაზე.

მემთეური ქალები პირუტყვის ძებნისას

რატომ გავიქეცი ქვეყნიდან – ერთი ქალის ისტორია

მარიამმა [სახელი შეცვლილია] საქართველო ყოფილი ქმრის შიშით 15 წლის წინ დატოვა. რუსთავიდან ჯერ გერმანიაში, მერე საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მოძალადისგან თავს დაცულად ვერსად გრძნობდა, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.

15 წლის წინანდელი გამოცდილება ამბებისა და შეგრძნებების დონეზე დღემდე ახსოვს.

ბოლო ათი წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს. „ბათუმელებმა“ მსხვერპლი ქალი დისტანციურად ჩაწერა.

  • მარიამის ნაამბობი

მახსოვს, ერთად როგორ მივდიოდით რუსთაველის გამზირზე. სანამ თავისუფლების მოედნამდე ჩავიარეთ ქუჩა, თუ ვინმემ შემომხედა, ყველაზე იეჭვიანა. ამ დროს მკლავზე მჩქმეტდა ხოლმე. ვეკითხებოდი, ამას რატომ აკეთებ, მტკივა-მეთქი. მპასუხობდა, რომ არ სიამოვნებდა, თუ ვინმე შემომხედავდა.

მაშინ პატარა ვიყავი, ვერ ვცემდი ამაზე პასუხს, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა.

როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობდით, სულ ფანჯრის მხარეს ვჯდებოდი, ის სულ გვერდით მიჯდებოდა, ჩემ გვერდით რომ ვერავინ დამჯდარიყო და წინაც რომ არავინ დამდგომოდა. თუ ფანჯრიდან გავიხედავდი, ბრაზდებოდა.

თუ ვერ მჩქმეტდ,ა ჩემი ხელი ეჭირა ხელში და მაგრად მიჭერდა. მიაჩნდა, რომ რახან ფანჯრიდან ვიხედებოდი, ბიჭებს ვაყოლებდი თვალს. თითქოს ჩემი ბრალი იყო, რომ ქუჩაში გამვლელები დადიოდნენ.

ერთხელ გინეკოლოგთან მისვლა დამჭირდა. გასინჯვის დრო რომ დადგა, კაბინეტიდან არ გადიოდა, ექიმთანაც არ მტოვებდა მარტო. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ეს ექიმმაც შენიშნა, მაგრამ მას არ უთქვამს ჩემი ქმრისთვის პაციენტთან მარტო დამტოვეთ თუ შეიძლებაო. სამწუხაროდ, ეს არ უთხრა.

თვალები დამიბნელდა უხერხულობისა და შეურაცხყოფისგან, ათას რამეს ვგრძნობდი ერთდროულად, გინეკოლოგიც ქალი იყო და წესით, უნდა მიმხვდარიყო, რომ არ იყო ეს ყველაფერი ნორმალური.

  • ზუსტად ვიცი, როგორ მოქმედებენ მოძალადეები

მოძალადე მსხვერპლის სრულ კონტროლს იწყებს, რასაც მზრუნველობით ნიღბავს. როცა ისე არ იქცევი, როგორც მას სურს, იწყებს დადანაშაულებას, უნდა თავი დამნაშავედ გაგრძნობინოს,  თუ შესაძლებლობა აქვს, მისი ოჯახის წევრების წინაშეც.

მერე იწყება იზოლაცია. ცდილობს ჩამოგაშოროს ყველა, იწყებს მეგობრებით. გეუბნება, რომ მათ შურთ შენი, არ არიან შენი მეგობრობის ღირსი, რომ უკეთესი მეგობრები უნდა გყავდეს, რომ შენი „წრიდან“ არ არიან და ასე შემდეგ. თუ მეგობრებს დათმობ, მერე ოჯახის წევრების რიგი დგება.

გარწმუნებენ, რომ დედას, მამას, ძმას, დებს საკმარისად არ უყვარხარ, არ გაფასებენ… ასე ამუშავებს ფსიქოლოგიურად მოძალადე მსხვერპლს.

გარწმუნებენ, რომ სამყარო გოგოებისთვის საშიშია. მარტო პარკში არ უნდა ივარჯიშო, მარტო არ უნდა იარო და ბოლოს სახლში უნდა დაჯდე.

შემდეგი ეტაპია იგნორირება. მსხვერპლს უგროვდება წყენა, პრეტენზია და უნდა საუბარი, გარკვევა, ახსნა-განმარტების მიღება მოძალადისგან. ცხადია, ამ დროს ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებ, რომ მსხვერპლი ხარ.

პასუხად იღებ სრულ უგულებელყოფას. ისე უგულებელგყოფენ, რომ ხანდახან საკუთარ არსებობაში გეპარება ეჭვი. თუ ოჯახის წევრებს მიმართავ დახმარებისთვის და მათ შესჩივლებ, რომ სალაპარაკო გაქვს, გიპასუხებენ, რომ თავი უნდა დაანებო ამ დროს ადამიანს. სულ მოგიწოდებენ, რომ სრული კომფორტი შეუქმნა მოძალადეს და არ გააღიზიანო. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი შენი ბრალი იქნება.

მოძალადის მშობლებმა ყოველთვის კარგად იციან, რომ მათი შვილი მოძალადეა. უბრალოდ, თვალს ხუჭავენ ამაზე და ცდილობენ გაამართლონ საკუთარი შვილები, დაადანაშაულონ, ხანდახან კი დააშინონ მსხვერპლი.

ამდენი შეზღუდვისგან ბოლოს სუნთქვა გიჭირს. ერთ დღესაც იღვიძებ და ჰაერი აღარ გყოფნის. ერთ დღესაც გრძნობ, რომ უბრალოდ იგუდები.

ახლა ზუსტად ვიცი, როგორ იწყებს ურთიერთობას მოძალადე, ზუსტად ვიცი, როგორ ამოვიცნოთ ისინი.

  • ძალადობას ძალიან ცუდი თვისება აქვს. შეიძლება შენც მოძალადედ გაქციოს – დაგროვილი ბრაზი ყველასა და ყველაფერზე გადაგაქვს

მახსოვს, ქუჩაში ვიჩხუბეთ რამდენჯერმე. არავინ გამომქომაგებია. უამრავმა ადამიანმა ჩაგვიარა და არავინ იმჩნევდა, რომ მიყვიროდა, მაჯანჯღარებდა შუა ქუჩაში.

ამ დროს კიდევ ერთხელ ხვდები, რომ ვერავინ დაგიცავს, არ დაგიცავს.

როცა დავშორდი, ქუჩაში მარტო გასვლის მეშინოდა. სულ მეგონა, რომ სადმე შემხვდებოდა. მეგობრების გარეშე არსად დავდიოდი. გაფრთხილებული მყავდა ყველა, რომ თუ სადმე გადაგვეყრებოდა, მასთან მარტო არავის დავეტოვებინე.

სულ მხვდებოდა მაღაზიასთან, უნივერსიტეტთან, სადარბაზოსთან. სულ მეშინოდა, რომ აასრულებდა ერთ დღესაც ყველაფერს, რასაც სიტყვებით მეუბნებოდა.

ხვდებოდა ჩემს მეგობრებს, მეგობრების მეგობრებს, კლასელებს და მათი პირით მითვლიდა ხოლმე მუქარებს.

რაღაც პერიოდი სახლიდან თვეობით არ გამოვდიოდი, მაგრამ ფანჯრიდან ვხედავდი ეზოში დადიოდა აქეთ-იქით. როცა სახლში ვამბობდი, ამ ადამიანს აქ რა უნდა-მეთქი, მპასუხობდნენ: მეგობრების სანახავადაა მოსული ალბათ, მერე რა მოხდაო. ამას მეუბნებოდნენ ადამიანზე, რომელიც ფეხების დამტვრევით, თვალების დათხრით მემუქრებოდა. ვის უნდა ენდო ამ დროს, როგორ არ უნდა გეშინოდეს. რომც დარეკო პატრულში, რა უნდა უთხრა, რა როგორ უნდა დაამტკიცო, როგორ უნდა აუკრძალო უბანში მოსვლა. არ ვიცოდი მაშინ ეს ყველაფერი.

არასდროს მიმიმართავს პოლიციისთვის. მეშინოდა, რომ დიდი ამბავი ატყდებოდა, ძალიან მრცხვენოდა. იმის მიუხედავად, რომ დედაჩემთან ყოველთვის ყველაფერზე ვსაუბრობდი, ძალადობაზე ვერ ვისაუბრე და ბევრი რამ დავმალე.

მეშინოდა, რომ ჩემი ოჯახისთვის იმედი გამეცრუებინა.

პოლიციისთვის რომ მიმემართა, აზრს ვერ ვხედავდი. ორი გავლენიანი ბიძა ჰყავდა ჩემს ყოფილ ქმარს და ნებისმიერ შემთხვევაში დაიხსნიდნენ პატიმრობიდან. მეგონა, მერე უარესად დაიბოღმებოდა და გააკეთებდა ყველაფერს, რასაც სიტყვიერად მემუქრებოდა.

ერთ დღესაც დედაჩემთან ვიყავი. ზამთრის თბილი და გრძელსახელოიანი სვიტერი გამოვიცვალე. ადგილი არ მქონდა, სადაც სისხლჩაქცევა არ მეტყობოდა. დედაჩემი და ჩემი და გაოგნდნენ.

საშინლად გაბრაზდნენ. გვერდით დამიდგნენ, ძალიან გამიკვირდა. ასეთ მხარდაჭერას არ ველოდი.

გაფრთხილებები მიიღო ჩემმა ქმარმა ჩემი ოჯახისგან, მაგრამ გაფრთხილებები გაფრთხილებებად რჩებოდა. მერე ჩემმა ოჯახმა პატრულის ჩარევა შემომთავაზა, რაზეც უარი ვთქვი. არ მინდოდა, ყველას ყველაფერი გაეგო. მეგონა დაუსრულებელი პროცესი იქნებოდა და უარესად გააბრაზებდა იმ ადამიანს. მეშინოდა, რომ მუქარებს აასრულებდა.

ერთხელაც ვთქვი, რომ აღარ მინდოდა ამ ადამიანის დანახვაც კი. მიუხედავად ამისა, რაღაც პერიოდი  მაინც მოდიოდა ჩვენთან. ხანდახან დღეში რამდენჯერმეც.

დედაჩემმა დამსვა და მითხრა: უნდა დავსხდეთ, დავილაპარაკოთ მისი ოჯახის წევრებთან და, რა თქმა უნდა, შენც იქ უნდა იყოო. პანიკამ მომიცვა და მივხვდი, რომ იყო საფრთხე შევრიგებოდით ერთმანეთს. ოჯახებით შეკრებაზე უარი ვთქვი. მაშინ დედაჩემთან არ ვიყავი დიდად გახსნილი და მან ამ დროს ყველაფერი ჯერ კიდევ არ იცოდა.

ძალადობას ძალიან ცუდი თვისება აქვს. შეიძლება შენც მოძალადედ გაქციოს – ჩაგვრამ გაგაბოროტოს, რადგან დაგროვილი ბრაზი ყველასა და ყველაფერზე გადაგაქვს. მახსოვს, პატარა დისშვილი მყავდა, ძალიან მიყვარდა, მაგრამ რაღაც პერიოდი ბავშვს ძალიან, ძალიან ცუდად ვექცეოდი – კარგი დეიდა ურჩხულად გადაიქცა. ერთხელაც ბავშვი მომიბრუნდა და მითხრა: იცი რა? სანამ დათოს გაიცნობდი, მანამდე უფრო მომწონდი და მიყვარდი, ახლა სხვანაირი ხარო.

არ ვიცოდი, როგორ მეშველა თავისთვის და ერთადერთ გამოსავალს მივაგენი – ქვეყნიდან უნდა გავქცეულიყავი.

გავიქეცი.

  • ქალებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი თავის იმედი, ეს ის არის, რასაც აკარგვინებს ხოლმე მოძალადე მსხვერპლს

გერმანული ვიცოდი. ბევრი არ მიფიქრია და გადავწყვიტე გერმანიაში წასვლა. ჩავაბარე ენის გამოცდა, გავიარე საელჩოში გასაუბრება და მივიღე გერმანიის ვიზა. მახსოვს, რამხელა შვება და თავისუფლება ვიგრძენი, როცა პასპორტი გავაკეთე და ვიზა მომცეს.

გერმანიაში წასვლა ჩემნაირი ადამიანისთვის ძალიან რთული იყო. არ მქონდა მოშუშებული ძველი ჭრილობები, მქონდა შიშები, თბილისის ქუჩებსაც ვერ ვაგნებდი ნორმალურად და ამხელა ქვეყანაში მარტო მივდიოდი. გერმანიიდან საფრანგეთში გადავედი საცხოვრებლად და ბოლო 10 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ.

გერმანიაში სწავლა ძალიან კომფორტულია. ხელს გიწყობს სახელმწიფო სწავლასა და მუშაობაში, უნივერსიტეტი იაფია, აქვს კამპუსები, რომელითა ფასიც ასევე ხელმისაწვდომია და ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე.

სიყვარული არ არის ჩაგვრა, კონტროლი და ღირსების შელახვა. ეს მოძალადესთან ცხოვრების მერე, 5 წლის შემდეგ გავიაზრე, სიყვარული არ არის მოქნეული ხელი, არ უნდა ვითმინოთ ურთიერთობაში ძალადობა, არ უნდა ვუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ თითქოს ჩვენი ბრალია, რომ მეორე ადამიანი გამოდის მდგომარეობიდან და კარგავს სახეს. თითქოს ჩვენ ვერ შევძელით შეგვექმნა მისთვის სათანადო კომფორტი.

დაახლოებით 6 წლის წინ ვმუშაობდი ქალთა თავშესაფარში საფრანგეთში. აქ ბევრი ძალადობაგამოვლილი ქალი იყო. ისინი სახელმწიფოსგან უდიდეს დახმარებას იღებდნენ: ფსიქოლოგიურს, ეკონომიკურს, სოციალურს.

წლობით იყვნენ თავშესაფარში და მათ არავინ აიძულებდა დაეტოვებინათ ეს უსაფრთხო ადგილი. იქ იყვნენ მანამ, სანამ მიდიოდა სასამართლო პროცესი და კვლევა. მანამ, სანამ არ შეიცვლიდნენ რეგიონს, საცხოვრებელ ადგილს და იყვნენ დაცულები. ძალიან მინდა, საქართველოშიც ასე იცავდნენ ძალადობის მსხვერპლ ქალებს.

მინდა, არ უწევდეთ მსხვერპლებს 3, 6 თვის შემდეგ თავშესაფრის დატოვება. მინდა, მეტად ეხმარებოდნენ სოციალურად, ფსიქოლოგიურად. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა ჩემი წასვლის შემდეგ, მაგრამ არ მგონია მსხვერპლი ქალებისთვის არსებობდეს სრული სერვისი რეაბილიტაციისთვის. არ მგონია, საქართველოში ისე ეხმარებოდნენ მსხვერპლ ქალებს, როგორც ეს ევროპაშია, არ მგონია, ასე ზრუნავდეს სახელმწიფო ქალის განათლებაზე – რაც ასე აუცილებელია. ქალებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი თავის იმედი, ეს ის არის, რასაც აკარგვინებს ხოლმე მოძალადე მსხვერპლს.

მსხვერპლის მეგობრებს მინდა ვურჩიო: რამდენჯერაც გადაწყვეტს მსხვერპლი, რომ დატოვოს მოძალადე, ყოველთვის გვერდით დაუდგნენ, იქნება ეს მეხუთე, მეექვსე თუ მეშვიდე მცდელობა. არ გავკიცხოთ ისინი ყოყმანისთვის.

მეტი ემპათიაა საჭირო. ძალიან რთულია პირველსავე მცდელობაზე დატოვო მოძალადე… ძალიან ძლიერი ფსიქიკა უნდა გქონდეს ამის გასაკეთებლად.

ქვეყნიდან რომ წავედი, ბევრი გვერდი შექმნა ჩემმა ყოფილმა ქმარმა და სხვადასხვა გვერდიდან მწერდა. არასდროს ვპასუხობდი და პირდაპირ ვბლოკავდი. დაახლოებით 5, 6 წლის მერე მობეზრდა და თავი დამანება.

რა შეიძლება იყოს ხელის კანკალის მიზეზი – ექიმის რჩევები

ხელის კანკალი, იგივე ტრემორი ძირითადად ხანდაზმულთა პრობლემად მოიაზრება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ხელების კანკალი, სხვადასხვა ინტენსივობითა და სიხშირით, ახალგაზრდა ასაკშიც აწუხებთ.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი ინგა შავაძე ამბობს, რომ ხშირად ხელების კანკალი ესენციურია, არ არის დაკავშირებული გარკვეულ მიზეზთან და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა თუ ტრემორი გახანგრძლივდა, ეს ადამიანის შრომისუნარიანობაზეც აისახება.

  • ქალბატონო ინგა, რა სახის ტრემორი არსებობს?

ტრემორი კუნთების უნებლიე რიტმული მოძრაობაა. ძირითადად გვხვდება:

სტატიკური (მოსვენებითი) ტრემორი, რომელიც ვითარდება კუნთების მოსვენების მდგომარეობაში. ასეთი ტრემორი დამახასიათებელია, მაგალითად, პარკინსონის დაავადების დროს. ასეთ შემთხვევაში, როგორც კი პაციენტს ხელში რაიმე ნივთს ვაძლევთ, ტრემორი მეტ ნაკლებად ჩერდება ან ნელდება;

მოძრაობის ტრემორი, რომელიც მოქმედების დროს იჩენს თავს;

ინტენციური ტრემორი, რომელიც წარმოიშობა განზრახული მოძრაობის (მაგალითად წერის, ან ობიექტთან თითის მიახლოების) ბოლოს და დასვენებისას ქრება;

ესენციური ტრემორი, რომელიც ასევე მოიხსენიება როგორც ოჯახური ტრემორი, რადგან ასეთ პაციენტებთან უმრავლეს შემთხვევაში ტრემორი ფიქსირდება ოჯახის წევრების ანამნეზში.

ხელის კანკალს შეტევის, პაროქსიზმული ხასიათი არ აქვს. ტრემორი იწყება და შეიძლება გაგრძელდეს მთელი დღის განმავლობაში, უბრალოდ იმატებს ან იკლებს, მაგალითად სტრესული სიტუაციის დროს. ამ შემთხვევაში უფრო კეთილთვისებიან ტრემორზე მაქვს საუბარი.

ვინაიდან ჩვენ ვცხოვრობთ აჭარის რეგიონში, რომელიც ენდემური ზონაა, აქ ხშირია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით გამოწვეული ტრემორები.

ასაკის  მატებასთან ერთად, ტრემორის პროცენტული მაჩვენებელი იმატებს, იმიტომ, რომ ისეთი დაავადებები, როგორიცაა პარკინსონიზმი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებები, ყოველთვის ასაკთანაა ასოცირებული.

  • რა შეიძლება იყოს ხელის კანკალის მიზეზები?

მისი გამომწვევი ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, დაწყებული ისეთი სერიოზული დაავადებიდან, როგორიცაა თავის ტვინის სიმსივნე, დამთავრებული ჩვეულებრივი კეთილთვისებიანი ტრემორით, რომელიც ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ხელის კანკალი შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხვადასხვა ნივთიერებით ინტოქსიკაციით; შეიძლება ეს იყოს მედიკამენტური წარმოშობის, მაგალითად, ისეთმა უსაფრთხო მედიკამენტებმა, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, რომელთაც ძალიან ხშირად ნიშნავენ ხოლმე (ძვალსახსროვანი სისტემის მკურნალობისთვის), შეიძლება გამოიწვიოს თითების და ხელების კიდურების ტრემორი.

  • ესენციური ტრემორი საზიანოა ჯანმრთელობისთვის?

ესენციური ტრემორი კეთილთვისებიანი ტრემორია, ის ხშირად ოჯახურ ანამნეზებში გვხვდება ხოლმე. მან შესაძლოა სხეულის სხვა ნაწილებზეც იმოქმედოს, თუმცა კანკალი ყველაზე ხშირად გამოხატულია ხელის მტევნებზე.

ესენციური ტრემორი უფრო ხშირია 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. ხელების ესენციური ტრემორი ჩვეულებრივ ჩნდება ხელების გამოყენებისას და არა მოსვენებული მდგომარეობისას.

მისი განსაზღვრისთვის არსებობს ასეთი უსაფრთხო ტესტი “ღვინის ტესტი” – ესენციური ტრემორის არსებობის შემთხვევაში ნახევარი ჭიქა ღვინის დალევის შემთხვევაში ტრემორი სრულად იხსნება.

MayoClinic: ესენციური ტრემორი, როგორც წესი, არ არის საშიში მდგომარეობა, მაგრამ ის, როგორც წესი, დროთა განმავლობაში უარესდება და ზოგიერთ ადამიანს შეიძლება მძიმე ფორმაც ჩამოუყალიბდეს.

  • რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ტრემორის განვითარებაში სტრესული ფონი?

რა თქმა უნდა, სტრესი და დაღლილობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაპროვოცირებელი მიზეზი ხელის ტრემორისა, თუმცა ეს ხდება ტრემორის იმ სახეობისას, რომელიც არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ჩარევას; ოღონდ ამის დიფერენცირება უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერ, რომ არ გამოგვეპაროს რაიმე სხვა პრობლემა და ის დაავადებები, რომლებიც იწვევენ ტრემორს და არ ჩავთვალოთ ეს კეთილთვისებიან ტრემორად.

სტრესის შემთხვევაში ხელის კანკალი უბრალოდ პროვოცირდება და ძლიერდება, სტრესი არ არის მისი ჩამოყალიბების მიზეზი.

  • როგორ ხდება ტრემორის დიფერენცირება?

დიაგნოსტირებისას მნიშვნელოვანია ტრემორის სიხშირე, ამპლიტუდა, ასევე მაპროვოცირებელი ფაქტორი, რის გამო შეიძლება განვითარდეს (სტრესი, ბრაზი), რამდენ ხანს გრძელდება და ასაკი.

როგორც წესი, პაციენტი პირველი თვითონ გრძნობს ამას და ეს არის ის პრობლემა, რომელსაც გარშემომყოფებიც ადვილად ამჩნევენ, შესაბამისად რთულია, რომ გამოგვეპაროს, თუმცა სათანადო ყურადღების მიღმა შეიძლება დატოვოს პაციენტმა.

თუ ხელების კანკალი ხან არის და ხან არა – მივდივართ კეთილთვისებიანი ტრემორისკენ. მას შეიძლება ახლდეს ოფლიანობა, გულის აჩქარება, ანუ დანარჩენ სიმპტომატიკასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ესენციური ტრემორი აბსოლუტურად უსაფრთხოა, უბრალოდ მისთვის დამახასიათებელია კუნთების ხანმოკლე შეკუმშვები, რომელთაც სამწუხაროდ ვერაფერს ვშველით, ერთადერთი გვეხსნება მოდუნებული ორგანიზმის დროს, მაგალითად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

პირველ რიგში დიაგნოსტირებისას ვარკვევთ, ხომ არ იღებს პაციენტი ალკოჰოლს, ნარკოტიკულ საშუალებებს ან რაიმე ფსიქოსტიმულატორს, ე.წ. ნეიროლეპტიკებს და ისეთ პრეპარატებს, რომლებიც მას ჯანმრთელობისთვის ესაჭიროება, რადგანაც არსებობს მედიკამენტური ტრემორებიც. გამორიცხვის მიზნით  პირველ რიგში უნდა მოვხსნათ ეს მედიკამენტები და დავაკვირდეთ, რა ხდება.

სხვა შემთხვევაში, თუ რაიმე მასტიმულირებელი არ არის, კეთდება დიაგნოსტიკა და მკურნალობაზე გავდივართ იმის მიხედვით, თუ რა დიაგნოზი გვრჩება ხელში. თუ კეთილთვისებიანი ესენციური ტრემორია, მას არ სჭირდება მკურნალობა და თუ ჩარევას საჭიროებს დიაგნოზი – შესაბამისად, ვერევით.

  • როგორია მკურნალობა?

რადგან ტრემორი ძალიან პოლიეტიოლოგიურია, მკურნალობაც მრავალგვარია.

თუ პარკინსონიზმია, უნდა ვუმკურნალოთ დოფამინის შემცველი პრეპარატებით და ანტიპარკინსონულით; თუ თირეოტოქსიკოზმა განაპირობა – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები უნდა მოვიყვანოთ წესრიგში; თუ ეს არის სტრესული, რა თქმა უნდა, ფსიქოთერაპია და შესაბამის მკურნალობა გვჭირდება; თუ მიზეზი მედიკამენტურია, ხდება მედიკამენტების მოხსნა და შესაბამისი კორექცია; თუ ინსულტი ან სიმსივნე იწვევს, ამა, ცხადია, უფრო სერიოზული ჩარევა სჭირდება.

30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი

30 წუთი – დაახლოებით ამ დროში იწვის და ფერფლად იქცევა აჭარაში ხის სახლები. ხულოდან რომელიმე მაღალმთიან სოფელში სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლას კი საშუალოდ 38-42 წუთი სჭირდება.

30 წუთში, სანამ სახანძრო გზაშია, ადამიანები კარგავენ ყველაფერს.

„იმ მომენტში, როცა სახლში შევვარდი, მარტო ერთ რამეზე ვფიქრობდი – შვილი გადამერჩინა. მარტო შვილზე ვფიქრობდი, შიშის გრძნობა არ მქონია. ბავშვი ოთახში იყო, ცეცხლი ყველაფერს იყო მოდებული და კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ჩემი პატარა ჩავიხუტე და გამოვიქეცი. ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლისას მე ხელები დამეწვა, ბავშვს – ფეხები.

მერე ცუდად გავხდი, სასწრაფოთი წაგვიყვანეს ხულოს საავადმყოფოში. სახლი დაიწვა, მაგრამ ჩემი შვილი გადავარჩინე,“ – გვიყვება ზეინაბ შავაძე.

ამ ზაფხულს ზეინაბს სახლი და მასთან ერთად ყველაფერი დაეწვა, რაც გააჩნდა. შვილი კი მხოლოდ საკუთარი სიმამაცის წყალობით გადაარჩინა.

როცა ხულოდან სოფელ ბოძაურში სახანძრო-სამაშველო მანქანა ავიდა, ზეინაბის სახლიდან აღარაფერი იყო დარჩენილი.

ხულოდან ბოძაურამდე 15 კილომეტრია, საავტომობილო გზა კი გაფუჭებულია.

„ერთი განსაკუთრებული თხოვნა მაქვს და გთხოვ, ეს ნაწილი აუცილებლად მოახვედრე სტატიაში. მე მინდა ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვო – თემში ერთი სახანძრო მანქანა მაინც იყოს, რომ უცებ რამე თუ მოხდა, დროულად მოვიდეს მანქანა,“ – გვითხრა ზეინაბმა.

ზეინაბ შავაძე მისი მშენებარე სახლის წინ, სოფელი ბოძაური

„ის ჩემი გმირი დედაა“, – გვეუბნება ზეინაბის მეუღლე, გურამ შავაძე და იმ დღეს იხსენებს, ცოლმა რომ დაურეკა მთაში მყოფს და უთხრა – „გურამ, ჩვენი სახლის კედელს ცეცხლი უკიდია“.

„მეზობლის პიკაპით წამოვედი. 38 წუთში აქ ვიყავი. აღმართი რომ ამოვიარეთ და ჭიშკართან მოვედით, სახლისგან არაფერი აღარ იყო დარჩენილი.

დიდი სახლი მქონდა. ყველაფერი მის ადგილას იყო, როგორც იტყვიან. 30 წუთში ჩაიფერფლა, ვერაფერი, აბსოლუტურად ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ.

რამდენიმე დღე დამჭირდა გონზე მოსასვლელად. ძალიან, ძალიან რთული იყო იმასთან შეგუება, რომ ყველაფერი დავკარგეთ. დედაჩემის, მამაჩემის, ჩემი ბებია-ბაბუის კვალი იყო იმ სახლში. უცებ ყველაფერი ფერფლად იქცა.

სურათები, ნივთები, არაფერი აღარ დაგვრჩა. წუხელ ჩემმა შვილმა მითხრა – რატომ დარდობთ, ფეისბუქში ხომ დაგვრჩა ფოტოებიო. მე და ჩემს ცოლს გაგვეცინა. მერე დავსხედით და დათვალიერება დავიწყეთ. ჩემმა მეუღლემ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა,“ – გვიყვება გურამ შავაძე.

შავაძეები დამწვარი სახლისა და სათავსოების ადგილას ახალ სახლს აშენებენ

სამსართულიანი სახლი, საქონლის სადგომი და სხვა დამხმარე ნაგებობები, ყველაფერი, რაც შავაძეების ეზოში იდგა, ცეცხლმა შთანთქა. ერთადერთი, რისი გადარჩენაც გურამის მეზობლებმა მისთვის შეძლეს, მამის დანატოვარი სამჭედლოა, რომელიც სახლიდან ცოტა მოშორებით იდგა.

„ადამიანები სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში როცა გადადიან, ფიქრობენ, რომ ცხოვრებას ნულიდან იწყებენ. მე ვფიქრობ, რეალურად ცხოვრებას ნულიდან მაშინ იწყებ, როდესაც სახლი გეწვება და მასთან ერთად ყველაფერი, რაც შენთვის ძვირფასი და ფასეული იყო.

უცხო ქვეყანაში რომ მიდიხარ, აქ რაღაცა მაინც გრჩება, რაც შენია, შენ გეკუთვნის. როცა სახლი გეწვება, ეს საკუთრება ქრება. იფერფლება,“- გვეუბნება გურამი.

გურამ შავაძე მამისეულ სამჭედლოსთან

გურამი ხელოსანია, ხელოსნები იყვნენ მისი მამაც და ბაბუაც. სახლთან ერთად დაიწვა ძვირადღირებული სამუშაო დაზგებიც, რომლებიც სახლის პირველ სართულზე მოწყობილ სახელოსნოში ჰქონდა. სამჭედლო და იქ შენახული ძველი სამუშაო იარაღები არის ერთადერთი, რაც ცეცხლს გადაურჩა.

გურამი ხანძარს წელს მეორედ შეეჩეხა. სანამ საკუთარი სახლი დაეწვებოდა, გურამმა ნახა როგორ დაეწვა მის მეზობელს საცხოვრებელი. გურამის სახლი შემაღლებულ ადგილასაა, მისი მეზობლის, მარადი გობაძის კი – დაბლობში.

„რომ დავინახე მეზობლის სახლი იწვოდა, გზას რას დავეძებდი, ასე მინდორ-მინდორ დავეშვი. როცა მივედი, სხვა მეზობლებიც იყვნენ უკვე მისული და ცეცხლს აქრობდნენ. ერთი ადამიანი გადავარჩინეთ, მაგრამ მეორეს გადარჩენა ვერ შევძელით, ისე იყო ცეცხლი ყველაფერს მოდებული. ძალიან, ძალიან საყვარელი ბებო იყო, საშინლად დამწყდა გული,“ – გვიყვება გურამი და მისი მეზობლის სახლს გვაჩვენებს.

მარადი გობაძემ სახლის მშენებლობა თითქმის დაასრულა, 2022 წელს ბოძაურში 3 სახლი დაიწვა

გობაძეებს დამწვარი სახლის ადგილას უკვე ახალი აქვთ აშენებული. ახალ სახლს აშენებენ გურამი და ზეინაბიც. კედლები უკვე ამოყვანილი აქვთ, ოთახებიც განაწილებული.

„აქ ჩვენი საძინებელი იქნება, აქ – ბავშვების. ეს მისაღები იქნება, აქ კი სამზარეულოს გავაკეთებთ,“ – ზეინაბი მის მშენებარე სახლში ახალამოყვანილ კედლებს გვაჩვენებს და გვიხსნის, სად რა იქნება, როცა სახლი დასრულდება.

„ეზოში, ონკანთან დიდი ბლის ხე გვქონდა. ცეცხლმა ყველაფერი გაანადგურა. ახლა აი, ეს ნამწვავია დარჩენილი,“ – ამბობს დანანებით ზეინაბი და ხელით იმ ადგილს გვაჩვენებს, სადაც ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში ბლის ხე ხარობდა.

ბლის ხისგან, რომელიც შავაძეების სახლის ეზოში იდგა, ახლა მხოლოდ ნამწვავებია დარჩენილი

მაისში დაეწვათ საცხოვრებელი სახლი ცისნამი იაკობაძესა და ბაგრატ შანთაძეს. მათ ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ და სოფელ ბოძაურში ცხოვრობენ.

2022 წელი სოფელ ბოძაურისათვის რთული აღმოჩნდა. წელს სოფელში 3 სახლი დაიწვა. სამივე ბოლომდე განადგურდა და მეპატრონეებმა პირადი ნივთების გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ღამის სამი საათი იყო, გამეღვიძა. სახლს ცეცხლი ეკიდა. სასწრაფოდ გავაღვიძე ცოლ-შვილი. საღამურებით გამოვცვივდით, რაც გვეცვა, ის დაგვრჩა მხოლოდ სახლიდან, რომელსაც მთელი ცხოვრება ვაშენებდით,“- გვიყვება ბაგრატ შანთაძე მაისის ტრაგიკული ღამის შესახებ და ამბობს, რომ მეორედ უწევს ცხოვრების ნულიდან დაწყება.

ცისნამი იაკობაძე და ბაგრატ შანთაძე თავიანთ მშენებარე სახლში

ბაგრატს ორი ძმა ჰყავს. როდესაც ძმები გაიყვნენ, ბაგრატმა და მისმა მეუღლემ საკუთარი საცხოვრებლის მოწყობა დაიწყეს. ბაგრატის თქმით, ყველაფერი, რასაც ის და მისი მეუღლე აშენებდნენ, 25 წუთში დაიწვა.

„39 წუთი დასჭირდა სახანძროს აქ ამოსვლას. დაახლოებით 25 წუთში სახლი აღარ იყო, ჩავარდა. მეზობლები რომ არ მყოლოდა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. დამხმარე ნაგებობებსაც ვერ გადავარჩენდი,“ – გვიყვება ბაგრატის მეუღლე ცისნამი.

„ახალი ჩამოსული ვიყავი თურქეთიდან. 22 დღე ვიმუშავე. რაც იქ ავიღე, ის ფულიც სახლთან ერთად ცეცხლში დაიწვა,“ – ცოლის მონაყოლს აგრძელებს ბაგრატი.

ბაგრატსა და ცისნამის 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ – სამი გოგო და ერთი ბიჭი.

„პატარა განსაკუთრებით ტანსაცმლის დაწვას განიცდიდა. პერიოდულად ახსენდებოდა ნივთები, რომლებიც დაეწვა. მოირბენდა და მეტყოდა – დედი, ეს დაგვეწვა, დედი ის დაგვეწვა.

დღემდე ვცდილობ არ ვიფიქრო და არ გავიხსენო ის ყველაფერი, რაც დავკარგე,“ – ამბობს ცისნამი.

ხანძრისგან დაზარალებულებმა სახელმწიფოსაგან კომპენსაცია მიიღეს. თანხა და დახმარება, რომელსაც სახელმწიფო გამოყოფს, სახლის აშენებას ძლივს ჰყოფნის. პირადი ნივთები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი – ეს მეზობლებისა და ახლობლების დახმარებით შეუგროვდა დაზარალებულებს.

ბოძაურში სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ სახანძრო სამსახურის იმედზე ყოფნა აღარ ღირს და აპირებენ მოსალოდნელი საფრთხეებისგან თავი საკუთარი ძალებით დაიცვან.

მოსახლეობა გეგმავს თავად მოაწყოს სახანძრო სისტემა სოფელში. თუ ხანძარი ისევ გაჩნდება, სახანძრო სამსახურის მოსვლამდე პირველადი რეაგირება რომ მოახერხონ.

„16 ათასი ლარია სოფლისთვის გამოყოფილი. ერთიანი კრება გვქონდა და სოფელმა გადავწყვიტეთ, ვიყიდოთ სახანძრო რეზინის მილები. სასმელი წყლის 5 აუზია ჩვენი სოფლის თავზე, ვიყიდით რეზინის მილებს და თუ ხანძარი გაჩნდა, გავშლით უცებ და დავეხმარებით მეზობელს,“ – ამბობს გურამ შავაძე.

  • რას აკეთებს სახელმწიფო, სანამ მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს ხანძართან ბრძოლას

როცა აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე რომელიმე სოფლის სახლში ხანძარი ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ მისი მფლობელი კარგავს ყველაფერს. რთული რელიეფისა და შორი მანძილის გამო სახანძროს ყოველთვის აგვიანდება. სახლიდან რაიმეს გადარჩენა ძირითადად მეზობლების მოხერხებაზეა დამოკიდებული.

სახელმწიფო უკან მიდევნებული ლამპრის როლშია. დაგვიანებით მისული სახანძრო სამსახური უკვე დამწვარ სახლში ხანძრის კერას საბოლოოდ აქრობს, ხოლო სახელმწიფო დაზარალებულს კომპენსაციას გამოუყოფს.

2019 წლის იანვრიდან 2022 წლის სექტემბრამდე აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე 1 813 713 ლარი გამოყო. აქედან ყველაზე მეტი, 459 042 ლარი ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 35 ოჯახზე გაიცა. აჭარის 5 მუნიციპალიტეტს შორის ყველაზე მეტი სახლი სწორედ ხულოში დაიწვა.

2021 წლამდე საცხოვრებელი სახლის მთლიანად დაწვის შემთხვევაში დაზარალებული სახელმწიფოსგან კომპენსაციას 15 ათას ლარს იღებდა. 2022 წლიდან თანხა გაიზარდა და 20 ათასი ლარი გახდა.

გარდა ფულადი კომპენსაციისა, მუნიციპალიტეტებს აქვთ ვალდებულება, დაეხმარონ ხანძრისგან დაზარალებულებს. მუნიციპალიტეტის მერია უხდის ოჯახს დროებით ქირის ფულს, ასევე გადასცემს სამასალე ხე-ტყეს. ხულოს მერიამ ქირის სახით სახლის დაწვის გამო დაზარალებულებს ბოლო სამ წელიწადში 17 450 ლარი გადაუხადა.

  • რას აპირებს ხულოს მერია

ხულოში სახანძრო სამსახური მხოლოდ დაბაშია. ზაფხულობით ერთი მორიგე მანქანა დგას კურორტ „ბეშუმში“. რამდენიმე დღის წინ კი საპილოტე პროექტი „მოხალისე“ აამუშავეს ღორჯომის თემში და სოფელს სახანძრო ავტოცისტერნა გადასცეს.

ხულოდან მუნიციპალიტეტის ყველაზე შორ სოფლამდე, სოფელ ბაკომდე, 40 კილომეტრია, დაახლოებით 1 საათისა და 30 წუთის გზა. ამ დროში სახლი მთლიანად დაიწვება.

„ბათუმელებმა“ ხულოს მერიას მიმართა და ჰკითხა, გეგმავს თუ არა მუნიციპალიტეტი ერთგვარი შუამავლის როლის შესრულებას მოსახლეობასა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს შორის.

ხულოს მერიიდან გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე ღორჯომის თემში მოგვარდა პრობლემა, მოგვიანებით კი, შესაძლოა, სხვა თემებშიც დაინერგოს მსგავსი პროექტი.

უკრაინის დამარცხება NATO-ს დამარცხებაც იქნება – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რომ უკრაინის დამარცხება რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში NATO-ს დამარცხებასაც ნიშნავს. როგორც Европейская правда წერს, სტოლტენბერგმა რუსეთ-უკრაინის ომზე ალიანსის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ბრძოლაში, ომში რუსეთის ჯარებთან, რომლებიც მის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. რადგან თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს, უბრალოდ, უკრაინის დიდი დამარცხება კი არ იქნება, არამედ იქნება ჩვენი დამარცხებაც და საშიში ჩვენთვის ყველასთვის, რადგან სამყარო ნაკლებად უსაფრთხო გახდება, ჩვენ კი – რუსეთის მომდევნო აგრესიისგან დაუცველები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კონფლიქტში მხარე არ არის, თუმცა მისი „მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს თამაშობს“, ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „შეიარაღების მარაგების დროულად შევსება“.

„ვფიქრობ, ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, სისუსტის ცხადი ნიშანია, რადგან ისინი ბრძოლის ველზე წარმატებას ვერ აღწევენ. რუსეთი ბრძოლაში აგებს“, – ასე გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივანი 10 ოქტომბრის მასირებულ სარაკეტო შეტევას უკრაინაზე.

იენს სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ეს ომი უკრაინაში შეჭრით პუტინმა დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტს ამ ომის დამთავრებაც შეუძლია, თუ რუსეთის ჯარებს უკრაინიდან გაიყვანს.

დეპუტატ გიორგი მანველიძის რძლის კომპანია ბათუმში უკანონოდ აშენებს

ბათუმის ცენტრში, ზღვიდან ორ კვარტალში, შპს „სმარტ ჰაუსი“ მრავალბინიან კორპუსს აშენებს. კომპანიას 15- სართულიანი კორპუსის აშენების ნებართვა აქვს, თუმცა 17 ააშენა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, „სმარტ ჰაუსის“ 70 პროცენტს უმაღლესი საბჭოს წევრის, გიორგი მანველიძის რძალი [ძმის ცოლი], ლანა აბალოიძე ფლობს, 30%-ის მფლობელი კი თამთა ვერძაძეა.

დოკუმენტებით დგინდება, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შპს „სმარტ ჰაუსის“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევა მალევე დააფიქსირა, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. კომპანიამ გაფრთხილება არ გაითვალისწინა და სამუშაოები კანონდარღვევით გააგრძელა.

  • მერე რა, რომ დაგაჯარიმეს – რას აგებ?

დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2022 წლის თებერვლიდან ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია სამშენებლო სამართალდარღვევის გამო თითქმის ყოველ თვეში გამოსცემდა ახალ დადგენილებას „სმარტ ჰაუსის“ წინააღმდეგ, თუმცა კომპანია მშენებლობას ჩვეულ რიტმში, შეფერხების გარეშე აგრძელებდა.

ინსპექციამ შპს „სმარტ ჰაუსის“ წინააღმდეგ სამშენებლო სამართალდარღვევის გამო ადმინისტრაციული წარმოება 2022 წლის თებერვალში დაიწყო – კომპანია გააფრთხილეს და დარღვევის გამოსასწორებლად გონივრული ვადა მისცეს.

უშედეგოდ.

4 მარტს, მორიგი შემოწმებისას გაარკვიეს, რომ „სმარტ ჰაუსი“ ლერმონტოვის #12-ში ისევ კანონდარღვევით აგრძელებდა მუშაობას. ამჯერად, მითითების შეუსრულებლობის გამო კომპანია 4000 ლარით დააჯარიმეს და კანონდარღვევით მიმდინარე სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს – ამჯერადაც არაფერი შეცვლილა.

28 აპრილს მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებარე ობიექტზე დარღვევა ისევ დააფიქსირა.

20 მაისს კომპანიის წინააღმდეგ კიდევ ერთი დადგენილება გამოსცეს. როგორც მუნიციპალური ინსპექცია განმარტავს, კომპანიას ჯარიმა დააკისრეს სამშენებლო სამართალდარღვევის გამო, რაც გულისხმობდა მითითების შეუსრულებლობას, მშენებლობის შეჩერებას და სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანას.

ამის შემდეგ სამი თვე გავიდა. 2022 წლის 3 ოქტომბერს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახური მშენებლობის ადგილზე ისევ გავიდა და კიდევ ერთი დადგენილება გამოსცა.

  • დადგინდა, რომ:

„სმარტ ჰაუსის“  მიერ არ სრულდება 2022 წლის 20 მაისს გამოცემული დადგენილება, ჯარიმის გადახდის ნაწილში. აღნიშნულთან დაკავშირებით 2022 წლის 06 ოქტომბერს No12-1422279361 უწყებით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 125-ე მუხლის 2. 1 ნაწილის შესაბამისად, შპს „სმარტ ჰაუსი“ დაბარებულია ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში“.

ლერმონტოვის #12-ში მიმდინარე მშენებლობის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ოფიციალურად გამოითხოვა. ინსპექციიდან 10 ოქტომბერს მიღებულ პასუხში არ წერია, რა მოხდა ადმინისტრაციულ წარმოებაზე, რომელიც 6 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, სადაც „სმარტ ჰაუსის“ წარმომადგენელიც იყო დაბარებული [„ბათუმელები“ ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლებსაც ითხოვდა, თუმცა ეს მასალები არ მოგვაწოდეს].

მშენებარე კორპუსი – პროექტი კომერციული თვალსაზრისითაც მომგებიანია, იმის გამო, რომ ერთ მხარეს, მაღალ სართულებზე,  ზღვის ხედი ექნება. გარდა ამისა, შენობას ოთხივე მხარეს ღიობები აქვს.
  • არ კარგავ იმდენს, რამდენსაც იგებ

საბოლოოდ კომპანია მაქსიმუმ 21 000 ლარით დააჯარიმეს [ჩვენი გამოთვლით, რადგან ინსპექციამ რიცხვი არ დაგვიკონკრეტა]. ეს, თანხა კომპანიისთვის, ფაქტობრივად, სულ რაღაც 10 -12 კვ. მეტრის ფასია. მშენებლობის მფლობელები კი, დიდი ალბათობით, „ამ პრობლემის“ მოგვარებას ბათუმში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად გეგმავენ: კომპანია მიმართავს მერს პროექტის შეცვლის მოთხოვნით და ნებართვასაც მიიღებს. მანამდე ჯარიმასაც გადაიხდის, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მისთვის სულ რაღაც 12 კვ.მეტრის ღირებულებაა [შეიძლება ნაკლებიც – იმის მიხედვით ზღვის ხედითაა ეს ბინები, თუ ხედის გარეშე], მაშინ, როცა 1000 კვ.მეტრამდე  გასაყიდი ფართობი დაიმატა კანონდარღვევით.

„სმარტ ჰაუსში“ მეათე-მეთოთხმეტე სართულებზე 1 კვ.მეტრი 800 დოლარი ღირს, მეთხუთმეტე სართულზე კი – 900 დოლარი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლერმონტოვის #12-ში შპს „სმარტ ჰაუსმა“ 967 კვ.მეტრი დაირეგისტრირა. ნებართვის მიხედვით, განაშენიანების ფართობი 13 436 კვ.მეტრია. აქედან საცხოვრებელი ფართობი – 9 168, კომერციული ფართობი – 514 კვ.მეტრი, ავტოსადგომის ფართობი – 598.5.

  • გიორგი მანველიძის ქონებრივი დეკლარაციიდან 

გიორგი მანველიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ ფრაქციას ხელმძღვანელობს. 2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს მას ძმამ 35 000 ლარი აჩუქა. 2021 წელს გიორგი მანველიძემ დეკლარაციაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჩუქრის შესახებ ჩაწერა, მაგრამ არ მიუთითა, ვინ აჩუქა მას 65,6 კვ.მეტრი ბინა ბათუმის ცენტრში, ახვლედიანის ქუჩაზე, #3-ში.

დიდი ხნის განმავლობაში გიორგი მანველიძის მამა, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი, ბაგრატ მანველიძე უარყოფდა, რომ ახვლედიანის ქუჩაზე, #3-ში, კორპუსის მშენებლობა სწორედ მის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიამ დაიწყო. ყოფილი ვიცე-მერი აცხადებდა, რომ ამ მისამართზე საკუთრება მიჰყიდა მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიას. მშენებლობით კი მისი შვილის, ბექა მანველიძის პარტნიორის, ავთანდილ გეგუჩაძის კომპანია – „ელიტ ჰაუსი“ იყო დაინტერესებული, რომელმაც ააშენა კიდეც კორპუსი.

კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2015 წელს მიიღო, ამ დროს ბაგრატ მანველიძე ბათუმის ვიცე-მერი იყო.

ბოლო დეკლარაცია გიორგი მანველიძემ 2022 წლის 31 იანვარს შეავსო, სექტემბერში კი მან ახვლედიანის #3-ში კიდევ ორი ბინა დაირეგისტრირა – 85,60 კვ.მ და 248,80 კვ. მეტრი, ეს ჯამში 334,4 კვ.მეტრია, რეგისტრაციის საფუძველი – ჩუქება.

____

ამავე თემაზე:

ვინ მფარველობდა ბათუმის ცენტრში უკანონო მშენებლობას, რომელიც სასამართლომაც ვერ გააჩერა

რუსეთი მზადაა, განიხილოს პუტინი-ბაიდენის შეხვედრა G20-ის სამიტზე – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ მოსკოვი უარს არ იტყოდა შემდეგ თვეში, G20-ის სამიტზე, ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრაზე.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის Россия 1-ის გადაცემა 60 минут-თან ინტერვიუს დროს ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი ღიაა უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთთან სასაუბროდ, თუმცა ამ დრომდე ელოდება „სერიოზულ შეთავაზებას“ მოსალაპარაკებლად.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ, თქვა, რომ აშშ-ს სურდა საუბრებში ჩართვა, მაგრამ რუსეთი უარს ამბობდა.

ლავროვის თქმით, ეს „ტყუილია“.

„ეს სიცრუეა. ჩვენ ამ დრომდე არ მიგვიღია რაიმე სერიოზული შეთავაზება. იყო რამდენიმე არც მთლად სერიოზული შემოთავაზება, რომლებსაც ჩვენ ვპასუხობდით არა ნეგატიურად, არამედ ვთავაზობდით კონკრეტული წინადადებების ფორმულირებას, რითაც ვიღაც ადამიანები ჩვენთან არაპირდაპირ კავშირებზე გამოსვლას ცდილობდნენ.“

სერგეი ლავროვმა მიუთითა, რომ რუსეთი მზად იყო მოესმინა ნებისმიერი წინადადება სამშვიდობო მოლაპარაკებაზე:

„კვლავ ვიმეორებთ – არასდროს გვითქვამს უარი შეხვედრებზე. თუ იქნება შემოთავაზე, ჩვენ მას განვიხილავთ“.

დასავალეთსა და რუსეთს შორის შესაძლო მოლაპარაკებასა და ამ პროცესში თურქეთის მასპინძლობის შესაძლებლობაზე საუბრისას, ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი მოისმენს ნებისმიერ წინადადებას.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ კვირაში, ყაზახეთში ვიზიტისას, შეეძლება ეს შეთავაზება იქ მყოფ ვლადიმერ პუტინს წარუდგინოს.

ლავროვმა, ასევე, გაიმეორა ბრალდება, რომ აშშ დიდი ხანია ჩართულია ომში უკრაინაში, რომელიც მისი თქმით, „ანგლოსაქსების მიერ კონტროლდება“.

G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაიმართება.

რუსებს არ შეუძლიათ დაბომბვა გააგრძელონ 1-2 კვირა, ამის რესურსი არ აქვთ – მიმომხილველი

10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინაში 84 ფრთოსანი რაკეტა და 24 დრონი გაუშვა – Forbes-ის დათვლით, მათი საშუალო საერთო ღირებულება 400-700 მილიონი დოლარია.

Forbes-ი აღნიშნავს, რომ უკრაინაში გაშვებული რაკეტების ღირებულებას ის ფართო დიაპაზონით აფასებს, რადგან ჯერჯერობით უცნობია თითოეული ტიპის რაკეტების ზუსტი რაოდენობა. გამოცემა მიუთითებს, რომ დამატებითი ინფორმაციის გაჩენის შემთხვევაში, დათვლები შესაძლოა დარედაქტირდეს.

„არსებობს ცნობები, რომ რუსეთმა ისროლა Х-101, Х-555, „კალიბრი“, „ისკანდერი“, С-300, „ტორნადო-C“ და სხვა ტიპის რაკეტები. საერთო ღირებულების დასათვლელად Forbes-მა თითოეული რაკეტის ფასები გამოიყენა: Х-101 – $13 მლნ, „კალიბრი“ – $6,5 მლნ, „ისკანდერი“ – $3 მლნ, „ონიქსი“ – $1,25 მლნ, Х-22 – $1 მლნ, „ტოჩკა-U” – $0,3 მლნ,“ – წერს გამოცემა და დასძენს, რომ 10 ოქტომბერს გაშვებული დრონების საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია.

როგორც Forbes-ი აღნიშნავს, ერთ-ერთი უკანასკნელი მასირებული შეტევის დროს, 25-26 ივნისს, რუსეთისა და ბელარუსის მხრიდან უკრაინაში 60-დან 80-მდე რაკეტა გაუშვეს – ჯამში $150-220 მილიონის.

ომის პირველ ორ თვეში რუსებმა უკრაინაში ისროლეს 1300-ზე მეტი რაკეტა, რომელთა ღირებულებაც Forbes-მა $7,5 მილიარდად შეაფასა.

ბლოგერი, სამხედრო-პოლიტიკური მიმომხილველი ოლექსანდრ კოვალენკო მიიჩნევს, რომ 10 ოქტომბრის მასირებული შეტევისას რუსეთმა რაკეტების მნიშვნელოვანი რესურსი გახარჯა.

„ეს იყო კომბინირებული შეტევა. გამოიყენებოდა დრონები „შაჰედ-136“, რაკეტები Х-22, Х-101, რუსეთის სტრატეგიული გამანადგურებლების თითქმის მთელი საავიაციო ჯგუფი – ТУ-22М3, ТУ-95МС, ТУ-160. ამისთვის სერიოზულად მოემზადნენ,“ – ამბობს კოვალენკო გამოცემა ГлавРед-თან ინტერვიუში.

კოვალენკოს აზრით, შეტევა, რომელიც 10 ოქტომბერს დაიწყო – დროებითია და ის ასეთივე მასშტაბით მთელი კვირისა თუ თვის განმავლობაში ვერ გაგრძელდება.

„უკრაინისთვის ყველაზე საშიში რაკეტა ეს Х-47М „კინჟალია“, რადგან მათი განადგურება ძალიან რთულია. რუსეთის სარაკეტო შეიარაღებაში ის ყველაზე ძნელად ჩამოსაგდები რაკეტაა, თუმცა ასეთი მათ დაახლოებით სამი ათეული ცალი აქვთ. რუსეთს მათი წარმოება არ შეუძლია, რადგან ამ რაკეტების შემადგენლობაში დიდი რაოდენობით უცხოური წარმოების მიკროსქემა და მიკროელემენტია. „კინჟალის“ წარმოება სრულიად შეჩერებულია და ამიტომაც მას იშვიათად იყენებენ. 10 ოქტომბერს რუსეთმა, ფაქტობრივად, რაკეტების ხელშეუხებელი მარაგი გამოიყენა.

ეს კვირები ვერ გაგრძელდება, რადგან რუსებს საბრძოლო რეზერვების შევსება დასჭირდებათ. ამას კი დრო უნდა.

რუსებს არ შეუძლიათ დაბომბვა გააგრძელონ 24/7-ზე, ერთი ან ორი კვირა ზედიზედ, რადგან მათ ამის რესურსი არ აქვთ. შესაბამისად, მათმა რეფლექსიამ ისევ რუსეთის სამხედრო პოტენციალი შეამცირა, ვერცერთი ტაქტიკური თუ სტრატეგიული დონის საკითხი მათ ამ შეტევით ვერ გადაჭრეს,“ – მიიჩნევს კოვალენკო.

უკრაინის 20-ზე მეტ ქალაქზე სარაკეტო შეტევა 10 ოქტომბერს დილით დაიწყო. დაიბომბა დედაქალაქიც. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 და დაიჭრა 105 ადამიანი.

10 ოქტომბრის 17:00 საათის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში 84 ფრთოსანი რაკეტა და 24 დრონი გაუშვა, მათგან 43 რაკეტა და 13 უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის ძალებმა ჩამოაგდეს.

რა დაგვანახა უკრაინაზე სარაკეტო შეტევამ – 3 მთავარი დასკვნა 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ბლოგი

წყარო: Новое Время

რუსეთის მასირებულ შეტევას უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და სამოქალაქო ობიექტებზე ისტორიაში უკვე კარგად გამოცდილი განმარტება აქვს: ეს დანაშაულზე უარესია – ეს შეცდომაა.

ეს შეცდომაა, რომელსაც კრემლმა ჩვენი მებრძოლების წარმატების გამო მიმართა.

ყველა, ვინც რაკეტებითა და დრონებით დარტყმებზე დანაშაულებრივ ბრძანებებს გასცემდა, აუცილებლად დაისჯება. მინდა, თქვენი ყურადღება შემდეგ ასპექტს მივაპყრო.

რუსები, როგორც ადრე, ახლაც ისევ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს ურტყამდნენ, თუმცა 10 ოქტომბრის მასირებული შეტევა ძალიან ნათლად მეტყველებს მათ დაბნეულობასა და შიშზე. ის ხომ კონტრპროდუქტიულია და რუსეთისთვის დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს.

პირველი – მოსკოვმა ვერცერთ ახალ სამხედრო მიზანს ვერ მიაღწია. ვერცერთს. პირიქით, ჩვენმა დამცველებმა დამატებითი მოტივაცია შეიძინეს – რაც შეიძლება სწრაფად განდევნონ მტერი, რომელიც მათი ახლობლებით დასახლებულ ქალაქებს ბომბავს.

მეორე – ახლა აღარაა საჭირო დამატებითი არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი – ეს ტერორისტი-სახელმწიფოა, ტერორიზმის სპონსორი. ყველა, ვინც ამის შემდეგ ეცდება, რუსეთთან ითანამშრომლოს და მოსკოვის რეჟიმის ტერორისტულ არსი უარყოს, მიიღებს დამატებით პრობლემებს შესაბამისი განმარტებებით.

მეტიც, ყველა რუსი ლოიალისტი, დასავლეთში გავლენის ღია თუ „ჰიბრიდული“ აგენტი, ახლა გზაჯვარედინზე მოხვდება: მათ ან უნდა დაგმონ კრემლის კაციჭამიური ქმედებები, ან მხარი დაუჭირონ მათ. ცხადი პოზიციისგან თავის არიდება – ეს დანაშაულების მხარდაჭერაა.

იგივეა საზოგადოების წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც ამ დანაშაულებს არ ამართლებენ. მათ ძალიან ცოტა დრო დარჩათ, რათა თავიანთი უთანხმოება გამოხატონ და საჯაროდ გაემიჯნონ, რადგან შემდეგ პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევთ.

მესამე – თუ უკანასკნელ თვეებში პარტნიორებთან საუბრებში ჩვენ გვჭირდებოდა გზების ძებნა, რომ უკრაინით არ „დაღლილიყვნენ“, ახლა რუსებმა ყველაფერი ჩვენ ნაცვლად გააკეთეს. მათ დემონსტრაციულად აჩვენეს, რომ გაცნობიერებულად აწყობენ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას დაარტყამს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებამ შესაძლოა ლტოლვილთა ახალი ტალღა გააჩინოს. ევროპიდან დაბრუნებული ასობით ათასი უკრაინელი იძულებული გახდეს, ისევ იქ ეძებოს გადარჩენა. მათ მილიონები შეუერთდებიან. ენერგოსისტემის განადგურება – ეს მხოლოდ გათბობის საკითხი არაა. ესაა საკვები და წყალი, კანალიზაცია, დაავადებები და ყველა თანმდევი შედეგი.

ამ ფონზე გაცილებით იოლია იმის ახსნა, რატომ გვჭირდება ასე სასწრაფოდ დამატებითი შეიარაღება, განსაკუთრებით კი რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები. ჩვენმა სპეციალისტებმა საკუთარი ოსტატობა უკვე დაამტკიცეს, რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების თითქმის ნახევარი ჩამოყარეს. თუ უკრაინის თავდაცვის ძალებს მეტი საშუალებები ექნებათ, ჰაერიდან საფრთხის შემცირებაც შესაძლებელი გახდება.

უახლოეს დღეებში „რამშტაინის“ ფორმატისა და NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებზე ნაკლები ლაპარაკი დაგვჭირდება. რუსები თვითონ აკეთებენ იმას, რომ რისკების ნეიტრალიზებისთვის კანონიერი სამიზნეები მაქსიმალურად გაფართოვდეს.

P.S. მთავარი. ადამიანური.

გული ამიჩუყა სხვადასხვა ქვეყნებიდან კოლეგებისა და პარტნიორების შეტყობინებებმა, უპირობო მხარდაჭერას რომ გამოხატავდნენ უკრაინისადმი და კრემლის მოქმედებებს გმობდნენ. ეს გულწრფელი რეაქციაა ადამიანებისა, რომლებსაც ცხადი წარმოდგენა აქვთ კეთილსა და ბოროტზე, ღირსებაზე, სინდისზე, წესიერებაზე.

მათ ვალდებულებები აკისრიათ და საკუთარ ქვეყნებზე ზრუნავენ, მაგრამ ბევრი მათგანი ცხადად აცნობიერებს, რომ კრემლის ახლანდელ რეჟიმს არ შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს ცივილიზებულ სამყაროსთან.

დანაკარგი ძალიან მტკივნეულია – უკრაინელები დაიღუპნენ. ამით განვსხვავდებით რუსებისგან.

გამარჯვება არ მოვა ხვალ, მაგრამ ის ნამდვილად უფრო ახლოსაა. ჩვენ უფრო მტკიცედ უნდა დავდგეთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.

 

თარგმნა: თამარ რუხაძემ

დამაჯარიმეს ბანერისთვის: „მუხამბაზი რუს ოკუპანტებს არ ღებულობს“, „თავისუფლება მიშას“ – მოქალაქე

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 38-ში მცხოვრები მოქალაქე, ავთანდილ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ თავის საკუთრებაზე ბანერის გაკვრისთვის 500 ლარით დააჯარიმა. დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს ამ დაჯარიმების საქმეს და გადაწყვეტს, რამდენად კანონიერად გაატარა ინსპექციამ სანქცია მოქალაქის წინააღმდეგ.

მოქალაქე 500 ლარით 29 ივლისს დააჯარიმეს. ავთანდილ ბოლქვაძის აზრით  კი, „მუნიციპალური ინსპექციის“ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ავთანდილ ბოლქვაძის თქმით, ერთი პოსტერი – „თავისუფლება მიშას“, თავისივე საცხოვრებელი ბინის აივანზეა განთავსებული, უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებთან ერთად, მეორე ბანერი კი კაფე-ბარ „მუხამბაზის“ გვერდით, კედელზეა მიკრული, სადაც წერია: „რუსეთი ოკუპანტია“, „მუხამბაზი“ რუს ოკუპანტებს არ ღებულობს“.

ავთანდილ ბოლქვაძის აზრით, მუნიციპალური ინსპექცია სწორედ ამ ბანერებმა გააღიზიანა, რადგან უშუალოდ კაფე-ბარის რეკლამა, ოთხი წლის წინ, კანონის დაცვით აქვს განთავსებული.

„ეს კაფე-ბარი არის ჩემი მეუღლის და კაფეს თავზე ქართულ და ინგლისურ ენაზე აწერია „ქართული სამზარეულო“. ყველა წესის დაცვით აქვს გაკეთებული. ოთხი წლის წინ განვათავსეთ ეს რეკლამა.

მიშას და უკრაინის მხარდამჭერი ბანერები კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განვათავსეთ. დავაწერეთ, რომ კაფე რუს ოკუპანტებს არ იღებს. ბევრი რუსი ამის გამო არც შემოდიოდა კაფეში, სამი შემთხვევა იყო, როცა ბოდიში მოგვიხადეს რუსეთის მოქალაქეებმა, აღიარეს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენც ამის შემდეგ ვუმასპინძლეთ.

„თავისუფლება მიშას“ კი, ეს პოსტერი, პირადად ჩემს საკუთრებაში, ჩემს აივანზეა გაკრული და კაფესთან და ჩემი მეუღლის საკუთრებასთან არანაირი შეხება არ აქვს. სწორედ ამ პოსტერზე აქვს მუნიციპალურ ინსპექციას გართულება“, – ამბობს ავთანდილ ბოლქვაძე.

მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქალაქე 19 ივლისს გააფრთხილა.

„მუნიციპალური ინსპექცია გაფრთხილებთ, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოთ აბუსერიძის 38 ნომერში თქვენ მიერ თვითნებურად განთავსებული გარე რეკლამის დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – წერია გაფრთხილების დოკუმენტში, რომელსაც ინსპექციის დირექტორი, არჩილ კონცელიძე აწერს ხელს.

თურქეთში ლეოპარდის ბუნებაში დაბრუნება კიდევ ერთხელ დადასტურდა

მედიის ცნობით, თურქეთში, ეროვნულ პარკში დაფიქსირებულმა ვიდეოხაფანგმა ანატოლიური ლეოპარდი გადაიღო, რაც იმას მოწმობს, რომ გადაშენების პირას მყოფი ეს ცხოველი ბუნებაში ბრუნდება.

ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ანატოლიური ლეოპარდი თურქეთში, სხვადასხვა რეგიონში შენიშნეს.

ფოტოხაფანგი

ლეოპარდი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის [IUCN] წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც ცხოველი, რომლის პოპულაციის დაკარგვის საფრთხე არსებობს.

ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ თურქეთში 1974 წელს მოკლული ანატოლიური ლეოპარდი ამ სახეობის უკანასკნელი ინდივიდი იყო ქვეყანაში, თუმცა 2019 წელს თურქეთის დაცულ ტერიტორიებზე ლეოპარდი ისევ გამოჩნდა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 63 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +240]
  • ტანკი – 2 504 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 5 162 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 1 496 ერთეული [+10]
  • MLRS – 353 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 181 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 268 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 235 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 114 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 295 ერთეული [+46]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 916 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 136 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ  11 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 318 თვითმფრინავი
  • 160 ვერტმფრენი
  • 2 195 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 379 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 639 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 868 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 465 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 483 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინაზე სარაკეტო შეტევით პუტინმა ნაციონალისტებს ასიამოვნა – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ვარაუდით, პუტინმა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმით ომის მომხრე ნაციონალისტებს ასიამოვნა. ბელარუსში თავმოყრილ ძალებს კი კრემლი გამოიყენებს, რათა უკრაინის არმია კიევში შეაკავოს და მას ქვეყნის სხვა რაიონებში კონტრშეტევის ოპერაციებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს.

ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების კონცენტრირება და 10 ოქტომბრის სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე ISW-ის უახლესი ანგარიშის მთავარი თემებია.

რუსეთის ჯარებმა 10 ოქტომბერს მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის 20-ზე მეტ ქალაქზე, მათ შორის კიევზე. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმა ყირიმის ხიდზე ჩადენილი ტერაქტის პასუხი იყო“.

ISW-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით პუტინმა ასიამოვნა ომის მომხრეთა ნაციონალისტურ ბანაკს, რომელიც მისგან ამგვარ შურისძიებას მოითხოვდა.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ შეხვედრას, რომელზეც პუტინმა ამის შესახებ გამოაცხადა, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც ესწრებოდა:

„იმ ხმების მიუხედავად, რომ თითქოს პუტინი მის მოხსნას აპირებდა. ეს შესაძლოა მეტყველებდეს იმაზე, რომ პუტინი ჯერჯერობით ომის მომხრე საზოგადოების მხოლოდ ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებით შემოიფარგლა“.

როგორც ISW-ი აღნიშნავს, რუსეთისა და ბელარუსის ჯარების ერთობლივი თავდასხმა უკრაინაზე ბელარუსის ტერიტორიიდან ნაკლებად სავარაუდოა.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები უფრო მეტად უშვებენ იმ ალბათობას, რომ კრემლი თავის ძალებს ბელარუსში გამოიყენებს, რათა უკრაინის არმია კიევში შეაკავოს და მას ქვეყნის სხვა რაიონებში კონტრშეტევის ოპერაციებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს.

ISW-ის ანგარიში ძირითადი დასკვნები 10 ოქტომბრის მდგომარეობით:

  • რუსეთის ჯარებმა მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის 20-ზე მეტ ქალაქზე;
  • პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმები იყო პასუხი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე და ამით ნაციონალისტურ ბანაკს ასიამოვნა;
  • ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთისა და ბელარუსის სახმელეთო ჯარები უკრაინას ბელარუსიდან დაესხმიან თავს;
  • 10 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, ლუგანსკის ოლქის დასავლეთში 200 კმ2 ტერიტორია გაათავისუფლა;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ წარუმატებელ მცდელობებს ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთით ცოტა ხნის წინ „დაკარგული“ ტერიტორიების დასაბრუნებლად;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო თავდასხმებს დონეცკის ოლქში;
  • რუსეთის წარმომადგენლები და საოკუპაციო ადმინისტრაციები ქმნიან პირობებს 40 ათასი მოსახლის ხერსონიდან ყირიმში ან რუსეთში გადასაყვანად;
  • რუსეთის არმია კვლავაც ვერ ახერხებს მობილიზებული სამხედროების უზრუნველყოფას.

ბათუმის აეროპორტის გავლით 42 383 ლარის ოქროს ნაკეთობები შემოიტანეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გამოვლინდა დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სხვადასხვა სახის სამკაულის და ოქროს ნაკეთობის შემოტანის ორი ფაქტი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ლიბანის მოქალაქემ, ბათუმის აეროპორტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა დაახლოებით 11 კილოგრამი ვერცხლისა და მარგალიტისგან დამზადებული სამკაულები, ხოლო მეორე შემთხვევაში საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლოს გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, ავტომობილში მოწყობილი სამალავით, სარეალიზაციოდ შემოტანილ იქნა 217 გრამის

ოდენობის ოქროს ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური  საბაჟო ღირებულება შეადგენს 42 383 ლარს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

რა ელის სუროვიკინს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურად დანიშნეს – ბრიტანეთის დაზვერვა 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა თავისი უახლესი რელიზით „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ხელმძღვანელად გენერალ სერგეი სუროვიკინის დანიშვნას ეხმაურება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 ოქტომბერს, იმ დღეს, როდესაც ყირიმში ქერჩის ხიდზე აფეთქება მოხდა, გამოაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ძალების მთავარსარდლად და „სპეციალურ სამხედრო ოპერაციის“ მეთაურად სერგეი სუროვიკინი დაინიშნა.

სუროვიკინი ხელმძღვანელობდა რუსეთის სამხედრო ძალებს სირიაში, შემდეგ რუსეთის საჰაერო ძალებს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი იგი უკრაინაში „სამხრეთის ძალების“ ხელმძღვანელი იყო.

„თავისი ოპერაციის განმავლობაში რუსეთს ერთი სრულუფლებიანი მეთაური, ფაქტობრივად, არ ჰყოლია. ამ თანამდებობას აპრილიდან აგვისტომდე გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი იკავებდა, თუმცა გაურკვეველია, შეეძლო თუ არა მას ერთმანეთისგან განსხვავებული და კონკურენციაში მყოფი რუსული დანაყოფების ეფექტიანი კონტროლი,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების შეფასებით, სუროვიკინის დანიშვნა მიუთითებს, რომ რუსეთს უკრაინაში საკუთარი ოპერაციის „გაუმჯობესება“ სურს.

„თუმცა მას სავარაუდოდ მოუწევს კონკურენცია გაუწიოს კიდევ უფრო მეტად გახლეჩილ რუსეთის თავდაცვას, რომელსაც მისთვის დასახული მიზნების მისაღწევად სულ უფრო მცირე რესურსი აქვს,“ – ასკვნის უწყება.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, სუროვიკინის დანიშვნას ომის მომხრე ნაციონალისტები და სამხედრო ბლოგერები ენთუზიაზმით შეხვდნენ და იმედი გამოთქვეს, რომ თავისი სისასტიკით ცნობილი სუროვიკინი საკმარისი იქნება ომის ტრაექტორიის შესაცვლელად.

მის დანიშვნას გამოეხმაურა რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინიც, რომელმაც განაცხადა, რომ „სუროვიკინი ყველაზე საქმიანი სამხედრო მეთაურია რუსეთის არმიაში“.

მთავარ ფოტოზე: გენერალი სუროვიკინი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას

ურიგოდ გამოცდის ჩაბარება 250 ლარად – რას განმარტავენ შსს-ში მართვის მოწმობის გაძვირებაზე

„დაახლოებით 90% ვერ აბარებს პრაქტიკულ გამოცდას ქუჩაში, ამის ბევრი ობიექტური მიზეზია, რაც არ არის მძღოლობის მსურველის ბრალი,“ – გვითხრეს ბათუმისა და თბილისის 6 ავტოსკოლაში, სადაც მართვის მოწმობის გართულებულ და გაძვირებულ გამოცდებზე საუბრობენ, თუმცა არ სურთ ვინაობის გამხელა. „ჩვენ დაგვაბრალებენ, ვერ ასწავლესო“, – დასძინეს მათ.

შსს-ში ადასტურებენ იმას, რაც ავტოსკოლებში დაასახელეს ერთ-ერთ პრობლემად: პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაზე დიდი რიგია და, მაგალითად, დღეს ან ხვალ გამოცდა რომ ვერ ჩააბარო, კანონი ერთთვიან ვადას გაძლევს გამოცდის ხელახლა ჩასაბარებლად, მაგრამ ნოემბრის ბოლომდე ბათუმში ყველა ადგილი დაჯავშნილია იმის მიუხედავად, რომ სავალდებულო 90 ლარს იხდი.

პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს ასე გადაუწყვეტია: თუ 250 ლარს გადაიხდი, ერთ კვირაში გახვალ ხელახლა გამოცდაზე.

სამოქალაქო ორგანიზაციაში კი, რომელიც გზების უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს, მიიჩნევენ, რომ რიგი ლოგიკურად აღარ იქნება, როცა მართვის მოწმობის მიღების მსურველები დაინახავენ, რეალური მომზადებაა რომ გახდა საჭირო.

მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის წესები 2022 წლის აპრილიდან შეიცვალა, როცა B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა: პირველი ეტაპი ისევ დახურულ მოედანზე ტარდება, მეორე – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

ბათუმის რომელ ქუჩებში ტარდება პრაქტიკული გამოცდა, ნახეთ აქ.

თეორიული გამოცდის საფასური ისევ 55 ლარია, უფასოა დახურულ მოედანზე პრაქტიკული ნაწილის ჩაბარებაც, ხოლო თუ ვერ აბარებ, შეგიძლია ერთ კვირაში ისევ უფასოდ სცადო. მოედანზე შეგიძლია ყოველდღიურად დღეში თითოჯერაც სცადო გამოცდის ჩაბარება, თუმცა თითო მცდელობის საფასური 31 ლარია.

რაც შეეხება ქუჩაში გამოცდის ჩაბარებას – გეგმური გამოცდის საფასური 90 ლარია. არაგეგმური – 250 ლარი.

„პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, იმავე კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები მორიგი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირის დაშვება შესაძლებელია ბოლო უარყოფითი შეფასების მიღებიდან არაუადრეს 30 კალენდარული დღისა. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების შემთხვევაში დაუშვებელია იმავე დღეს პირის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ვადაზე ადრე დაშვება [დაჩქარებული მომსახურება]. ამასთან, დაუშვებელია აღნიშნული მომსახურების 7 კალენდარული დღის განმავლობაში ერთზე მეტჯერ გაწევა,“ – მოგვწერეს მომსახურების სააგენტოდან.

შსს-ს ეს უწყება გასცემს მართვის მოწმობას.

„მაგალითად, ბათუმში, ქუჩაში გამოცდის დროს გამოსაცდელმა პირმა უნდა გაიაროს პუშკინის ქუჩა,“ – გვიყვება ბათუმში ერთ-ერთი ავტოსკოლის მასწავლებელი. – „ვასწავლით წესებს, რომ ქვეითთა გადასასვლელთან უნდა გააჩეროს ყველგან, ისიც აჩერებს მანქანას და ამ დროს ტყდება ალიაქოთი, უსიგნალებენ, უყვირიან, სხვები განაგრძობენ მუშაობას, შენ რატომ აჩერებ?

მართალია, ამ დროს ქულას არ გაკლებენ, მაგრამ იძაბები, იბნევი.

მოთხოვნები ძალიან მკაცრია, ასე ერთიანად არ უნდა ყოფილიყო ეს მოთხოვნები, ჩემ შემთხვევაში ვინც გადის გამოცდაზე, დაახლოებით 1% აბარებს მხოლოდ პრაქტიკას,“ – გვითხრეს ავტოსკოლაში.

ავტოსკოლებში ადასტურებენ, რომ მომზადების ფასიც გაორმაგდა – ერთი საათი ღირდა 20 ლარი, ახლა 40 ლარია.

ბათუმის კიდევ ერთ ავტოსკოლაში ასევე გვითხრეს, რომ საგზაო წესების შესაბამისი ნიშნები არ არის იმ ქუჩებზე, სადაც მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილი ბარდება:

„დატვირთული ქუჩებია შერჩეული, მაგალითად, პუშკინი, ჭავჭავაძე… მეორეა, რომ შესაბამისი ნიშნები უნდა არსებობდეს, რომელი ზოლი საით წასვლის საშუალებას მოგცემს გზაჯვარედინზე, არ არის ეს მოწყობილი, არის მხოლოდ საგზაო მონიშვნები, რაც ისეთ ადგილებზეა, რომ რეაგირებას უკვე ვეღარ ასწრებს ადამიანი და უწევს ამ ზოლების გადაკვეთა.

მეორე პრობლემაა ის, რომ ძვირი გახდა ეს გამოცდა. ადრე უწევდათ 40 ლარის გადახდა პრაქტიკული და ახლა არის 90 ლარი. თუ 250 ლარი არ გადაიხადე, რაც კვირაში ერთხელ გასვლის საშუალებას გაძლევს, შესაძლოა ორი თვე ვერ გახვიდე 90 ლარით ხელახლა პრაქტიკულ გამოცდაზე. ძალიან დიდი ნაკადი დაგროვდა,“ – აღნიშნეს ბათუმის კიდევ ერთ ავტოსკოლაში.

თბილისის ავტოსკოლებში კი გვითხრეს, რომ პრობლემაა რიგები და გაძვირებული სახელმწიფო სერვისი.

„მინიმუმ 2 თვე ელოდებიან, ჩემთან დაახლოებით 10-დან 7 აბარებს, პირველივეზე ვერა, მაგრამ მეორე, მესამე ცდაზე აბარებენ… მათ უწევთ ქუჩაში, რეალურ სივრცეში ყველა სირთულის გადალახვა, რაც უნდა იცოდნენ,“ – გვითხრა ვიქტორია ზადანმა, „სარაჯიშვილის ავტოსკოლის“ მასწავლებელმა. მან მაღალი ციფრი დაასახელა, ვინც პრაქტიკულ გამოცდას წარმატებით აბარებს და ვინაობის დაფარვაც არ ისურვა.

„შიდა მოედანზე გამოცდის ჩაბარება გახდა უფასო… ქალაქში გამოცდის ჩაბარებას აქვს თავისი ხარჯი,“ – გვიპასუხეს შსს-ს „მომსახურების სააგენტოს“ პრესცენტრში, სადაც ვითხოვეთ დასაბუთება: რის გამო გაძვირდა მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება?

სააგენტოს პრესცენტრში განმარტეს, რომ მომსახურების საფასური კანონითაა განსაზღვრული და ვერ გვეტყვიან, რის საფუძველზე გახდა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება 90 ლარი, ურიგოდ – 250 ლარი.

რაც შეეხება რიგებს – მომსახურების სააგენტოს პრესცენტრში რიგების არსებობას ადასტურებენ, თუმცა შენიშნავენ, რომ პერიოდულად ადგილი თავისუფლდება. „ასევე შეუძლიათ გავიდნენ გამოცდაზე სხვა რეგიონში, სადაც ადგილი თავისუფალია,“ – დასძინეს მომსახურების სააგენტოში.

რამდენი ადამიანი აბარებს პრაქტიკულ გამოცდას ქუჩებში? – მომსახურების სააგენტოში სტატისტიკური ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ და მას მოწოდებისთანავე გაგაცნობთ.

„სააგენტოს დირექტორის მოადგილის თქმით, დაახლოებით 20 პროცენტი აბარებს გამოცდას ქუჩაში, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. გამოდის, რომ დიდწილად მოუმზადებელი ადამიანები ცდილობენ მართვის მოწმობის აღებას,“ – ეს შთაბეჭდილება აქვს მართვის მოწმობის გამოცდის რიგებზე ეკა ლალიაშვილს, ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს.

ეკა ლალიაშვილის დაკვირვებით, რეალურად თეორიული გამოცდისთვისაც არ არიან მზად ის ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულ გამოცდას ვერ აბარებენ ქუჩაში.

„ეს ავტოსკოლები, რომლებიც ჩივიან, ხრიკებს უფრო ასწავლიან… როცა მომზადებულია კანდიდატი, მოწესრიგებული, ასეთ დროს თეორიულთან ერთად პრაქტიკულსაც ჩააბარებს. თეორიულს ახლა 3 დღეში სწავლობენ. პრაქტიკულს კი, 3 დღეში ვერ ისწავლი. დახურულ სივრცეში ამას კიდევ ახერხებდნენ, ღია სივრცეში სხვა რეალობაა.

წლებია შევეჩვიეთ, რომ მარტივად ბარდება ეს გამოცდა… ამას სჭირდება მეტი საუბარი, კამპანია მომსახურების სააგენტოსგან, მაგრამ შეძლება სააგენტოსთვის ეს არ იყოს ცუდი, მეტი შემოსავალი აქვს აქედან. კანდიდატებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ფულს ხარჯავენ, ჯობია, უკეთესად მოემზადონ,“ – უთხრა ეკა ლალიაშვილმა „ბათუმელებს“.

„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“ – უკრაინელების აქცია ბათუმში

“რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა” – ამ წარწერით გაშალეს დღეს, 10 ოქტომბერს, ბათუმში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა საპროტესტო ბანერი და რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

აქციაზე მისულ მოქალაქეებს იმ ქალაქების სახელები ეწერათ, რომლებიც დღეს დილით უკრაინაში რუსეთის მიერ დაიბომბა.

საპროტესტო აქცია ბათუმში 10.10.2022

დღევანდელი, 10 ოქტომბრის დილა მძიმედ დაიწყო უკრაინაში. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, დნეპრში, ლვოვში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინაში 75 რაკეტა ისროლა.

დღეს რამდენიმე აფეთქება მოხდა დედაქალაქში, კიევში, სადაც მედიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ჩვენი სამიზნე უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის დემონტაჟი უნდა იყოს – მედვედევი

„პირველი ეპიზოდი ნათამაშებია. იქნება სხვებიც“, – უკრაინული ქალაქების დაბომბვას ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი. – „უკრაინული სახელმწიფო ახლანდელი კონფიგურაციით ნაცისტური პოლიტიკური რეჟიმით ყოველთვის პირდაპირი და აშკარა საფრთხე იქნება რუსეთისთვის. ამიტომაც, ჩვენი ხალხისა და საზღვრების დაცვის გარდა, ჩვენი მომავალი მოქმედებების სამიზნე, ჩემი აზრით, უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟიც უნდა იყოს“.

მედვედევის განცხადებამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ დღევანდელი შეტევა ყირიმის ხიდის აფეთქებაზე პასუხი იყო.

„მიზანი მიღწეულია“, – დაწერა უკრაინაში აფეთქებების შემდეგ რუსეთის თავდაცვის უწყებამ.

„ყოველ დარტყმას მკაცრი პასუხი გაეცემა. თქვენ პასუხს აგებთ ყოველი სიკვდილისა და ტანჯვისთვის. და არა მხოლოდ თქვენ. რუსების მთელ თაობებს მოუწევთ ამაზე პასუხისგება. ჩვენ მაინც წინ ვივლით. ჩვენ კვლავაც გავანადგურებთ ყველას, ვინც უკრაინაში იარაღით მოვა. ეს დარტყმები ჩვენ უფრო გვაბრაზებს. ეს დარტყმები მხოლოდ და მხოლოდ აჩქარებს ჩვენ წინსვლას. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ მხოლოდ უფრო ბრაზიანები და ზუსტები ვხდებით,“ – გამოეხმაურა რუსეთის მხრიდან უკრაინის დასახლებული პუნქტებისა და ენერგოობიექტების დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა კი განცხადა, რომ ამ დაბომბვებით რუსეთს მხოლოდ საკუთარი ცხვრების დაშინება შეუძლია, ხოლო უკრაინელებში ის მხოლოდ ზიზღსა და რისხვას იწვევს.

„კრემლი და რუსული ბანდა! თქვენი დაბომბვებით მხოლოდ რისხვასა და ზიზღს იწვევთ ჩვენში!. არა შიში, არა რამეზე შეთანხმების სურვილი. თქვენ აღვიძებთ ჩვენს სურვილს, გაგანადგუროთ თქვენ – ტერორისტები – ყველგან, სადაც უნდა იყოთ – ქუჩებსა და ბუნკერებში, ზღვაში თუ ხმელეთზე,“ – წერს დანილოვი.

პოლიტიკოსების განცხადებების პარალელურად, უკრაინაში კამიკაძე-დრონებისთვის ფულის შეგროვება დაიწყეს. აქციის ორგანიზატორები ტელეწამყვანი სერგეი პრიტულა და აქტივისტი სერგეი სტერნენკო არიან, მოგროვილი ფულით ისინი უკრაინის არმიისთვის კამიკაძე-დრონების RAM II UAV-ების შეძენას აპირებენ.

აქციის შესახებ სერგეი პრიტულამ ტელეგრამარხზე გამოაცხადა: „მეგობრებო, ვაგროვებთ ფულს შურის საძიებლად! სერგეი სტერნენკოსთან ერთად ამ აქციის დაწყებას 12 ოქტომბერს ვგეგმავდით, მაგრამ ბუნკერის არამზადამ ჩვენს გეგმაში კორექტივები შეიტანა. უკვე ვიწყებთ!“

დღეს დილით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა კიევზე, ლვოვზე, ხარკოვზე, ხმელნიცკსა და სხვა ქალაქებზე. უკრაინული მედიის ცნობით, შუადღის მონაცემებით, დაღუპულია 10 და დაჭრილია 60-ზე მეტი ადამიანი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთმა 83 რაკეტა ისროლა, მათგან 43 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.

როდის გამოიდარებს ბათუმში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის 21 საათიდან 11 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია, დღის პირველ ნახევარში, დროგამოშვებით წვიმა, ღამით – ზოგან ძლიერი.

ხვალ, 11 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი 
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 12-13 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

რა უნდა ქნა, როცა ინტერნეტით გამოიწერე ნივთი და არ გაგიმართლა? – ახალი კანონი

„თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა [საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება], ან გავიდეს ხელშეკრულებიდან,“ – განმარტავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ონლაინშეძენაზე, რაც ამ დრომდე საქართველოში სამართლებრივად დარეგულირებული არ იყო.

ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ უკვე 2022 წლის ივნისიდან ონლაინშესყიდვების დროს დისტანციურად ხელშეკრულების გაფორმებას ითვალისწინებს სავალდებულო წესით, ნოემბრიდან კი, მომხმარებელს შეუძლია ამ სახის დავებზე დარღვევის დადგენის მოთხოვნით კონკურენციის სააგენტოს მიმართოს.

საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე გვესაუბრება რამდენიმე სიახლეზე, რაც ონლაინშეძენის დროს არის კანონით განსაზღვრული. მაგალითად, საქონლის ნაკლი, რაც ხშირად ხდება დავის საგანი, მომხმარებელმა შეიძლება საქონლის მიღებიდან 6 თვეში გაასაჩივროს.

„…თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება.

თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს ინფორმაცია,“ – ამბობს იურისტი პაატა დიასამიძე.

კანონი ითვალისწინებს ინფორმაციის სრულად მიღების შესაძლებლობას როგორც მოვაჭრის შესახებ, ისე საქონლის და მომსახურების ფასის შესახებ ტრანსპორტირების, ნივთის გადაგზავნის და მონტაჟის ჩათვლით.

ახალი კანონი ითვალისწინებს საქონლის მიწოდების დროის ლიმიტსაც:

„მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

ონლაინხელშეკრულებაზე უარის თქმაც არის შესაძლებელი მისი გაფორმებიდან 14 დღეში „ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე“.

იურისტი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ კანონი დისტანციური ხელშეკრულების შემთხვევაშიც ითვალისწინებს სტანდარტული პირობების გასაგებ ენაზე ჩამოყალიბებას:

„ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი არსებობისა, ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების გაუმართლებელ დისბალანსს მომხმარებლის საზიანოდ, მათ შორის, მისი ბუნდოვანების გამო,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

მნიშვნელოვანია, რომ უკმაყოფილო მომხმარებელს შეუძლია კონკურენციის სააგენტოს მიმართოს, რომელიც განიხილავს ხელშეკრულებით, მათ შორის, დისტანციური ხელშეკრულების გათვალისწინებული პირობების დარღვევას მიმართვიდან ერთ თვეში. ეს ვადა შესაძლოა 3 თვემდე გაგრძელდეს. საია-ს იურისტი განმარტავს, რომ სააგენტოს აქვს რეკომენდაციის გაცემასთან ერთად, მოვაჭრისთვის ჯარიმის დაკისრების უფლებამოსილება, ზიანის ანაზღაურების შემთხვევებს კი, ისევ სასამართლო განიხილავს.

„სააგენტოს გადაწყვეტილების მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, პაატა დიასამიძემ.

გაიქეცი, დოყლაპიავ! – კადიროვი ზელენკის მიმართავს

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებზე ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხმაურების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტს ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მიმართავს.

კადიროვი აცხადებს, რომ ის დღეს სავსებით კმაყოფილია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობით.

„ზელენსკი წუწუნებს, რომ კიევისა და სხვა ქალაქების თავზე რაკეტები დაფრინავს. აბა, რა გეგონა ზელენსკი-დოყლაპიავ: შენთვის შეიძლებოდა და სხვებისთვის არა?“ – წერს კადიროვი ტელეგრამზე და უკრაინის პრეზიდენტს „8 წელი მშვიდობიანი ხალხის დაბომბვას“, „ლუგანსკის ინფრასტრუქტურის განადგურებას“ და „ხიდების აფეთქებას“ ახსენებს.

„ზელენსკი, ჩვენ შენ გაფრთხილებდით, რომ რუსეთს სინამდვილეში ჯერ არ დაუწყია, ასე, რომ საკმარისია ეგ იაფფასიანი წუწუნი, მაგას აჯობებს, სანამ კიდევ არ მოფრენილა, გაიქცე. გაიქეცი, ზელენსკი, გაიქეცი, უკან დასავლეთისკენ არც გაიხედო, ისე.“

სარაკეტო თავდასხმა მთელი უკრაინის მასშტაბით დღეს დილიდან დაიწყო. რამდენიმე აფეთქება მოხდა დედაქალაქში, კიევში, სადაც მედიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.

სარაკეტო თავდასხმებისა და აფეთქებების შესახებ იუწყებიან ნიკოლაევში, ლვოვში, ჟიტომირში, დნეპრში, ტერნოპოლსა და ხმელნიცკში.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმას დილითვე ფეისბუქზე გამოეხმაურა, ზელენსკიმ კიევის ქუჩიდან მიმართვაც დადო და აფეთქებების ამსახველი ვიდეოც და  გამოაქვეყნა.

„სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღე. 229 დღეა, რაც ჩვენ განადგურებას და მიწასთან გასწორებას ცდილობენ. მთლიანად. ცდილობენ, გაანადგურონ ჩვენი ხალხი, რომელსაც სძინავს საკუთარ სახლებში ზაპოროჟიეში. დახოცონ ადამიანები, რომლებიც დნეპრსა თუ კიევში სამსახურებში მიდიან“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც „უნიანი“ აღნიშნავს, 8 ოქტომბერს ხერსონის [ყირიმის] ხიდის აფეთქების შემდეგ, ზოგიერთი რუსი პროპაგანდისტი უკრაინის მისამართით, უმაღლეს რადაზე თავდასხმით და ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრებოდა.

ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქებაში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა და მომხდარს „ტერაქტი“ უწოდა, დიმიტრი მედვედევმა კი დასძინა, რომ პასუხი ტერაქტზე ერთადერთი შეიძლება იყოს – „ტერორისტების სრული განადგურება“.

Exit mobile version