ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმი 65 ახალი ავტობუსიდან 5-ს სავარაუდოდ ქობულეთს აჩუქებს

25.12.2022 • 2344
ბათუმი 65 ახალი ავტობუსიდან 5-ს სავარაუდოდ ქობულეთს აჩუქებს

ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა, მერიის განცხადებით, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, დარჩენილი 5 ავტობუსის ბედი, თუმცა, ბათუმის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს. 5 ახალი ავტობუსის ფასი კი, ჯამში, 2 მილიონ 683 ათასი ლარია.

„ბათუმისთვის არის 60. დანარჩენი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის“, – მხოლოდ ეს გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

„ბათუმელები“ შეეცადა დაეზუსტებინა „სხვა მუნიციპალიტეტებიც“. თუმცა, მხოლოდ იმის გარკვევა მოვახერხეთ, რომ 5 ახალი ავტობუსი აჭარაში, ერთ მუნიციპალიტეტს გადაეცემა, სავარაუდოდ, ეს მუნიციპალიტეტი ქობულეთი იქნება.

ბათუმისთვის 65 ავტობუსის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა და 2022 წლის 3 ოქტომბერს გამარჯვებულიც გამოავლინა – შპს „ჯი-თი გრუპი“.

სატენდერო კომისიის ოქმიდან

„ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შპს „ჯი-თი გრუპის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ერთი ავტობუსის და მისი გეგმური ფლობის ჯამური ღირებულება შეადგენს 536 600 ლარს“ – ვკითხულობთ სატენდერო კომისიის ოქმში.

სწორედ ამ ფასად მიაწვდის ტენდერში გამარჯვებული კომპანია ავტობუსებს მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ [ანუ, 65 ავტობუსს ჯამში 34 879 000 ლარად].

გამარჯვებულის გამოვლენისა და 65 ავტობუსის შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი, ბათუმის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „2023 წელს ბათუმს 60 ახალი ავტობუსი შეემატება“.

ბათუმის მერიის ფეისბუქ გვერდიდან

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ახალი ავტობუსებით ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს 2023 წლის მაისამდე ეტაპობრივად მიიღებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ უთხრეს [თუმცა, ამ 65 ავტობუსიდან რამდენს დატოვებენ უშუალოდ ქალაქისთვის, საბოლოოდ ბათუმის მერია გადაწყვეტს. ამ ეტაპისთვის კი, ბათუმს 60 ახალი ავტობუსი რჩება]:

ამავე თემაზე:

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს მომავალი წლის მაისამდე ელოდება

მთავარი ფოტო: ახალი ავტობუსები ბათუმში/ფოტო არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: