მთავარი,სიახლეები

„რუსები მილიონ-ნახევარიანი არმიითაც ვერაფერს მიაღწევენ“ – ინტერვიუ გენერალ-მაიორთან

23.12.2022 • 1451
„რუსები მილიონ-ნახევარიანი არმიითაც ვერაფერს მიაღწევენ“ – ინტერვიუ გენერალ-მაიორთან

„უკრაინელები ისეთ ეფექტურობას აჩვენებენ, შეიძლება 4 თვეზე მეტი დრო არც დასჭირდეთ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „პატრიოტის“ კომპლექსზე, რომელსაც უკრაინას უგზავნიან. მას მოლოდინი აქვს, რომ უკრაინის დიდი ქალაქების და სტრატეგიული ობიექტების დაცვა სრულად ვერა, თუმცა უფრო ეფექტურად მოხერხდება.

გადამდგარი გენერალი ფიქრობს, რომ რუსები მილიონ-ნახევარი არმიითაც ვერაფერს მიაღწევს, რადგან რუსეთის ეკონომიკა სამხედრო რელსებზეა გადასული და არმიის შესაბამისი აღჭურვილობის რესურსი არ აქვთო, აღნიშნავს ის.

ვახტანგ კაპანაძის დაკვირვებით, რუსეთი ამჯერად ბელარუსის დაჯგუფების შექმნას ცდილობს და იქიდან შესაძლოა განაახლოს შეტევა. გადამდგარ გენერალს ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა, ეს იყო არა კიევის მიმართულება, სადაც პუტინმა უკვე იწვნია მწარე მარცხი, არამედ ლვოვი:

„ეცდებიან, დასავლეთის დახმარება მოკვეთონ უკრაინის ძირითად ცენტრს… ამ აქტივობით მათ სურთ დახლიჩონ უკრაინის ძალები და უკრაინელი მებრძოლები მიაჯაჭვონ ორ სხვადასხვა მიმართულებას,“ – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“გადამდგარ გენერალ-მაიორთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა მიიღო ზელენსკიმ აშშ-ი ვიზიტის შედეგად? მისცემენ იმ შეიარაღებას, რაც უკრაინას სჭირდება, თუ ძირითადად მაინც თავდაცვით იარაღის მიწოდებით შემოიფარგლება დასავლეთი? 

ამ ვიზიტით ზელენსკიმ კიდევ ერთხელ შემოუძახა დასავლეთს, რომ დახმარება აუცილებელია. უკვე გაჩნდა დასავლეთში გარკვეული საუბრები, რომ აი, იარაღი აღარ გვაქვს, მარაგების შევსებას წლები დასჭირდება და ასე შემდეგ. ზელენსკის ვიზიტით კი, ამერიკას სთხოვეს, რომ კვლავ გაძლიერდეს ალიანსი უკრაინის დასახმარებლად.

ფაქტია, რომ იარაღის მიწოდების კუთხით გაგრძელდება დახმარება. ეს იქნება ძირითადად ფარული შეთანხმებები და ამ ყველაფერს არ გამოიტანენ სააშკარაოზე, თუმცა ვიცით, რომ, მაგალითად, „პატრიოტს“ მიიღებს უკრაინა. ეს უნივერსალური იარაღია, შესაძლოა, მისი,  როგორც მფრინავი ობიექტების, ისე თვითმფრინავების და რაკეტების წინააღმდეგ გამოყენება.

„პატრიოტის“ ეფექტურობა გამოცდილია ერაყში, მას გააჩნია 80 კილომეტრამდე მანძილი, 24 კილომეტრი ჭერის სიმაღლე. საწყის ეტაპზე მისი მართვა პროგრამულად ხდება, შემდეგ – რადიოსაშუალებით და ბოლოს უშუალოდ რაკეტის საშუალებით. მიზანში მორტყმის ალბათობა საკმაოდ მაღალია 80-დან 95 %-მდე.

  • რა მასშტაბით გაზრდის „პატრიოტი“ იგივე „ნასამსებთან“ ერთად უკრაინის თავდაცვისუნარიანობას? ამით დიდი ქალაქების, ასევე სტრატეგიული ობიექტების დაცვა მოხერხდება? 

სრულად ეს ვერ მოხერხდება, თუმცა გააჩნია რაოდენობას. უკრაინისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მიწოდებული აღჭურვილობის რაოდენობა.

„პატრიოტის“ (MIM-104A) ბატარეა შედგება 4-დან 8 გამშვებამდე ერთი მართვის სისტემით, თითო გამშვებს გააჩნია 4 – 4 რაკეტა. აღნიშნული საშუალებებით შესაძლებელი იქნება სტრატეგიული ობიექტების უფრო ქმედითად დაცვა. ამაზე ორი აზრი არც არსებობს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ 20-დან 40 ათასიანი დრონის ჩამოგდებისთვის 3-მილიონიანი რაკეტის გასროლაც ვერ იქნება ეფექტური და ეკონომიური.

  • მედია წერს, რომ აშშ პირველად მიიღებს უკრაინელ ჯარისკაცებს საწვრთნელად ოკლაჰომას შტატში, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა მოწყობილი, თუმცა ეს ბოლომდე არ არის დადასტურებული. ეს რას შეცვლის? ასევე საინტერესოა, რა დრო დასჭირდება იმის სწავლას, რომ უკრაინელებმა „პატრიოტის“ გამოყენება შეძლონ? 

ოპერატორებს დაახლოებით დასჭირდება 4-დან 6 თვემდე, თუმცა უკრაინელები ისეთ ეფექტურობას აჩვენებენ, შეიძლება 4 თვეზე მეტი დრო არც დასჭირდეთ. უზრუნველყოფის და მომსახურების პერსონალის მომზადებას 1 წლამდე სჭირდება ასევე.

რაც შეეხება აშშ-ში სწავლებას, ცნობილია, რომ 2500 უკრაინელს აშშ-ში ამზადებენ კიდეც გაღრმავებული ტაქტიკით. ეს გულისხმობს კომბინირებულ მოქმედებებს და სხვადასხვა სისტემის გამოყენებას.

  • „კრემლი ახლა ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთი, რომ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა წამგებიანია, რუსეთი ელის განწყობის ცვლილებას – ამბობს ომის ექსპერტი, პოლკოვნიკი მარკუს რაისნერი „დოიჩე ველესთან“. წინა ინტერვიუებში თქვენც გვითხარით ეს, მაგრამ ვხედავთ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ისევ მკაფიოა, თანაც უკვე ზამთარია და უკრაინელებიც ენერგოკრიზისს უძლებენ. რა იცვლება? 

დასავლეთი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა ომის გაჭიანურება, რა გათვლაც ჰქონდა რუსეთს, აისახა დასავლეთზეც. მაგალითად, მაკრონის რამდენიმე ინტერვიუს თუ გავიხსენებთ, ის ამბობს, რომ ორივე მხარე უნდა იყოს დაუმარცხებელი, ორივე მხარეს უნდა გაიცეს უსაფრთხოების გარანტიები. ეს რას აჩვენებს?

არსებობს რეალური, ტექნიკური პრობლემაც. მაგალითად, ნატოს წევრ 30 ქვეყნიდან 20 ქვეყანას უკრაინისთვის დახმარების რესურსი უკვე ამოწურული აქვს. ბრიტანეთის თავდაცვის უფროსიც აცხადებს, რომ წლები დასჭირდება ბრიტანეთს სამხედრო მარაგები მიიყვანოს იმ მდგომარეობამდე, რაც უკრაინის ომამდე იყო. ასამუშავებელია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები დასავლეთში, რომ დახმარება გაგრძელდეს და ამავდროულად, დახმარების პარალელურად თვითონ ეს ქვეყნებიც არ დასუსტდეს.

  • რაისნერის კიდევ ერთი მოსაზრება ემთხვევა თქვენსას: „იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი კარგად მიდის და უკრაინას შეუძლია თავისითაც გაუმკლავდეს [რუსეთს]. მაგრამ ეს არასწორია…“ – ამბობს ის. რა იკვეთება ახლა, რა სახის დახმარებას გაუწევს დასავლეთი უკრაინას? 

პირველად ჟღერდება ის, რასაც მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ამბობდა ჯერ კიდევ ომის დაწყების ეტაპზე, რომ ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი ომი. თავდაპირველად იყო ვერსიები, რომ აი, რამდენიმე კვირა დასჭირდებათ რუსებს, ან გვესმოდა, რომ შემოდგომამდე დაიბრუნებენ უკრაინელები ყირიმს, მერე ეს თარიღი გადაწიეს ახალ წლამდე… ახლა უკვე ისმის ამერიკელების დონეზე უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი.

დასავლეთის მხარდაჭერა უპირობოა, ისინი განაგრძობენ უკრაინის დახმარებას.

ამ ეტაპზე აქტიურობა რუსების მხარესაა დონბასში, თუმცა იმედი მაქვს, ამ დროს უკრაინელები იყენებენ ახალი დაჯგუფების შექმნისთვის. მაგალითად, ჩამოყალიბდა 47-ე მოიერიშე ბრიგადა, რომელიც დაკომპლექტებულია მხოლოდ კონტრაქტორებით, აბსოლიტურად დასავლური სისტემით არის აწყობილი, აღჭურვილობაც შესაბამისი აქვთ, მაგალითად, ღრმად მოდერნიზებული, სლოვაკური ტ-55ს ტანკები, რომელთა 100-მილიმეტრიანი ქვემეხები 105-მილიმეტრიანი ბრიტანული ქვემეხებითაა შეცვლილი, ცეცხლის მართვის სისტემაც თანამედროვეა, რეაქტიული ჯავშანი დაამატეს… ასე რომ, ეს უახლესი ტანკი არა, მაგრამ საკმაოდ ეფექტიანი ტანკია. ამ ტიპის დასავლური დანაყოფები იქნება მომავალი უკრაინული შეაიარაღებული ძალების ბირთვი, აქეთკენ მიდის პროცესი.

გასაგებია, რომ ამ ეტაპზე ზალუჟნის არ სურს რუსებმა ბახმუტის აღებით პოლიტიკური პიარი განახორციელონ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზომა. იმედი მაქვს, ზალუჟნი პოლიტიკურ ეფექტიანობას სამხედრო ეფექტიანობას ამჯობინებს და ამ პერიოდს გამოიყენებს ახალი დაჯგუფების შესაქმნელად.

ეს ძალები არ უნდა დაიხარჯოს ბახმუტის დაცვაზე, თორემ იგივე შეიძლება მოხდეს, რაც მოხდა სევეროდენცკში, როცა ლისიჩანსკი პრაქტიკულად უბრძოლველად დათმეს, არადა ლისიჩანსკი გაცილებით მარტივად დასაცავი იყო. ბახმუტის ფოტოები რომ ნახოთ ახლა, პირველი მსოფლიო ომის კადრი გეგონებათ – გადამწვარია იქაურობა, მუხლებამდე წყლიან ტრანშეებში მიდის ბრძოლები, გაუთავებელი საარტილერიო დარტყმებია…

  • თქვენი დაკვირვებით, ბახმუტში ბრძოლის პარალელურად რამდენად ახერხებს უკრაინა ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის მომზადებას? 

უკრაინა ეცდება ახალი დაჯგუფების შექმნას, ზალუჟნიმ გააკეთა ჩამონათვალი, რაც სჭირდება ახლა უკრაინას. ეს არის ზუსტად ის ჩამონათვალი, რაც საჭიროა დამრტყმელი დაჯგუფების შექმნისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ დროს უკრაინა გამოიყენებს შესაბამისად და გაზაფხულისთვის მოახერხებს გარდატეხის ნიშნების გამოჩენას.

აქ არის დღეს მნიშვნელოვანი ბახმუტის მიმართულება – პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ მისი პირადი ამოცანაა, აქ მიაღწიოს იმას, რასაც ვერ მიაღწია რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა. ეს აღარაა ის „ვაგნერი“, რაც თავდაპირველად იყო – მაღალპროფესიული მებრძოლებისგან შემდგარი კოოპერატივი. დღეს „ვაგნერის“ შემადგენლობა უკვე 20 ათასს გასცდა და შეიერთეს ყოფილი პატიმრები, მოხალისეებიც, აქვთ ავიაცია და არტილერიაც. სცადეს, რომ შეექმნათ „ვაგნერი“, როგორც ბრენდი, ვიდრე ელიტური დანაყოფი. რაღაც მითიური გახადეს „ვაგნერი“.

  • რა შეიცვლება პრიგოჟინის წარმატებით რუსეთის არმიაში, თუ ისინი მოახერხებენ ბახმუტის აღებას? 

არაფერი არ შეიცვლება, უბრალოდ თუ მიაღწიეს ამ წარმატებას ბახმუტში, უკვე ქალაქში მიმდინარეობს ბრძოლები, პრიგოჟინი განიმტკიცებს საკუთარ სტატუსს. დღესაც პრიგოჟინი უფრო მაღალ სტატუსზეა, ვიდრე, მაგალითად, კადიროვი, რომელიც აღარ ჩანს ისე აქტიურად, როგორც ადრე. რეალურად ორივე ერთი და იგივე ფრთას წარმოადგენდა – FSB-ს.

მოკლედ, სამეფო კარის თამაშებია, მაგრამ ფაქტია, რომ კადიროვმა ვერ გააკეთა ის, რა მითსაც ქმნიდა კადიროველებზე. ახლა მითია „ვაგნერზე“.

  • ამასობაში შოიგუ რუსული ჯარის რეფორმირებას აპირებს, არმიის მილიონ-ნახევრამდე გაზრდას. თქვენი დაკვირვებით, რაზე აქვს გათვლა შოიგუს ამჯერად და რამდენად არის ეს შესაძლებელი?

საომარ ვითარებაში და ამ მოცემულობაში ვერავითარ რეფორმას ვერ ჩაატარებენ, თუმცა რეალობაა, რომ მათ შეუძლიათ გაზარდონ შეიარაღებული ძალები, ადამიანური რესურსი გააჩნიათ. არმიის აღჭურვა თანამედროვე იარაღით ცოტა გრძელვადიანი პერსპექტივაა, რასაც რუსები ამ ეტაპზე ვერ მოახერხებენ.

  • რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მილიონ-ნახევრიან არმიას, თუ ის არ იქნება შესაბამისად აღჭურვილი?  

ამის ეფექტი იქნება ის, რომ ტერიტორიები, რაც დაკავებული აქვთ რუსებს, შეეცდებიან ამ ტერიტორიის შენარჩუნებას. შემდეგ კი, თუკი რუსებს მიეცათ ამოსუნთქვის შესაძლებლობა და ეკონომიკა აამუშავეს, რაც ახლა მთლიანად სამხედრო რელსებზეა გადასული, რა თქმა უნდა, ეს საფრთხის შემცველია უკრაინისთვის. გვახსოვს – როცა ომი დაიწყო რუსეთმა 180-190 ათასკაციანი დაჯგუფებით დაესხა თავს უკრაინას, ახლა უკვე 300-400 ათასი კაცი ჰყავთ.

  • რამდენ ხანს შეუძლია უკრაინას ამ ზომის არმიის დაწოლის შეჩერება?

ეს მასა არ არის შეტევისთვის მომზადებული მასა.

აქტუალური დღეს არის ის, თუ რამდენად შეძლებს უკრაინა 2014 წლამდე არსებულ მდგომარეობით არსეულ საზღვრებზე გასვლას. თორემ რუსები ჯარისკაცების გაზრდილი რაოდენობით თავდაცვის გარდა, დიდ ვერაფერს მიაღწევს, ეს ფაქტია.

  • რუსეთის მმართველ ელიტებში განსხვავებული მოსაზრებები აქვთ რუსეთის მიერ მორიგი იერიშის წამოწყებაზე“ – წერდა რამდენიმე დღის წინ „როიტერსი“, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციის საფუძველზე. თქვენი ინფორმაციით, რა ვერსიას უყურებენ ამ ეტაპზე ყველაზე მისაღებად კრემლში?

ყველაზე მეტად იკვეთება ბელარუსის დაჯგუფების შექმნის ალბათობა და იქიდან შეტევა უკრაინაზე. ამის ნიშნები ნამდვილად არის, აქტიური თვალ-ყურის მიდევნების პირობებში მალულად ამის მობილიზებას რუსეთი ვერ შეძლებს. წესით ეს დაჯგუფება მცირე არ იქნება, თუ რუსეთს სურს ეფექტური შედეგი.

  • ანუ ბელარუსიდან პუტინის სამიზნე ისევ კიევია? 

რუსებზე ვერასდროს იტყვი ვერასოდეს, რაციონალობა მათთვის რთულად მისასადაგებელია. თუმცა, ჩემი აზრით, კიევზე წესით ისევ არ უნდა წავიდნენ. ერთხელ უკვე მიიღეს მწარე გამოცდილება. ისინი შესაძლოა ეცადონ, რომ დასავლეთის დახმარება მოკვეთონ უკრაინის ძირითად ცენტრს და შეტევის, ან შეტევის მცდელობის მიმართულება იყო ლვოვის მიმართულება.

ამ აქტივობით მათ სურთ დახლიჩონ უკრაინის ძალები და უკრაინელი მებრძოლები მიაჯაჭვონ ორ სხვადასხვა მიმართულებას. მათ აქვთ გათვლა, რომ უკრაინელებმა კონცენტრაცია ვერ მოახერხონ რომელიმე ერთ მიმართულებაზე.

მე ვფიქრობ, რუსეთს ასეთი დაჯგუფების ჩამოსაყალიბებლად და ბელორუსიაში გადასასროლად ორი-სამი თვე მაინც დასჭირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: