მთავარი,სიახლეები

 4-7 წლით პატიმრობა ელით სააკაშვილის მომხრეებს, ვინც პენიტენციურის თანამშრომელს მონა დაუძახა 

26.12.2022
 4-7 წლით პატიმრობა ელით სააკაშვილის მომხრეებს, ვინც პენიტენციურის თანამშრომელს მონა დაუძახა 

„მონა, მონას ვეძახდით და ამის გამო დაკითხვაზე გვიბარებენ,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ენმ-ს ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს „მონა“ დაუძახა.

ახლახან [15:00 საათი] გამოკითხვაზე დაბარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემაც. ის აცხადებს, რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით მისცემს გამოძიებას ჩვენებას.

14 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლო სხდომა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის მოსამართლემ 22 დეკემბრამდე გადადო. 14 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე კი, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ პენიტენციურ სამსახურს ერთთვიანი ვადა სჭირდება სასამართლოში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად და პოზიციის შესამუშავებლად.

ამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს.

„შეძახილებს გარდა ჩვენ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მანქანას წინ გადავუდექით, ფიზიკური შეხება არ ყოფილა… ეს არის ადამიანების დაშინების მცდელობა, როცა დაკითხვაზე დაგვიბარეს. ჩემი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანია დაბარებული. არ ვიცი, ვინმეს ბრალი წარუდგინეს თუ არა, ასევე დაკავებულია თუ არა აქციის რომელიმე მონაწილე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მიშა ბოლქვაძე.

მიშა ბოლქვაძის თქმით, მას გამომძიებელიც დაუკავშირდა და სთხოვა, საცხოვრებელი სახლის მისამართის დასახელება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ, რომ 14 დეკემბრის შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

ეს მუხლი გულისხმობს „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“.

მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში არ დაგვიკონკრეტეს, რა ეტაპზეა ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება და წარუდგინეს თუ არა ბრალი ვინმეს.

მთავარი ფოტო: 14 დეკემბრის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: