რაზე დავობს სკოლის მოსწავლე პარლამენტის წინააღმდეგ

მე-10 კლასის მოსწავლე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც,  სასამართლო, სისხლის სამართლის ნებისმიერი საქმის განხილვის დროს, ჯერ პროკურატურის მოწმეებს უსმენს, შემდეგ კი დაცვის მხარეს.

რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს რეგულაციაში, რომლის მიხედვითაც ადვოკატი ვერ მოითხოვს მისი მოწმე გამოკითხონ სასამართლოში, ვიდრე პროკურორი თავისი მოწმეების სიას არ ამოწურავს?

მოსარჩელე ბექა [სტატიაში მოზარდების სახელები შეცვლილია] 16 წლის ბრალდებულია. მას თანასკოლელის მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

ეს ამბავი თბილისში მოხდა 2022 წლის 30 მაისს: საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტის გაკვეთილზე მასწავლებლის თვალწინ იჩხუბეს, შემდეგ კი ჩხუბი სკოლასთან ახლოს მდებარე ავტოფარეხში გაგრძელდა. მუცელში დანით დაჭრილი მოზარდი მეზობლებმა გადაიყვანეს კლინიკაში, ის გადარჩა.

„პოლიციის სამმა თანამშრომელმა დედისგან განმარტოებით გაიყვანა არასრულწლოვანი და სთხოვდნენ, ეღიარებინა დანაშაული. როდესაც პოლიციელები დარწმუნდნენ, რომ დანაშაულთან და დანასთან არასრულწლოვანს არ ჰქონდა შეხება, ის გამომძიებელთან გაიყვანეს, სადაც უკვე დედაც დაასწრეს გამოკითხვას. გამომძიებელმა შეადგინა გამოკითხვის ოქმი, სადაც მოზარდი აღწერდა განვითარებულ მოვლენებს. მას არ უღიარებია დანაშაული,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

31 მაისს ბექას პოლიციელებმა ბრალი წარუდგინეს. გამოძიება მოწმის სახით გამოკითხულ მოსწავლეებს დაეყრდნო, რომლებიც შემთხვევის შემდეგ, ღამით გამოკითხეს გამომძიებლებმა.

გამოძიების ვერსიით, ჩხუბის დაწყებამდე ბექას კლასელმა ადგილზე მიიტანა დანა და გადასცა სხვა კლასელს, რომელიც ითხოვდა დანის მიტანას, რადგან განზრახული ჰქონდა, „დაზიანება მიეყენებინა გაურკვეველი პირისთვის“.

მთავარი მოწმე დათოა, რომელიც კონფლიქტის ადგილზე დანით შეიარაღებული მივიდა და გამომძიებლებს უთხრა, რომ ჩხუბის დროს წაიქცა, ჯინსის შარვლის წინა ჯიბიდან დანა ამოუვარდა. მოწმის თქმით, დანა სწორედ ბექამ აიღო ხელში… ამ მოწმეს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში არ უთქვამს, რომ დაინახა, ვინ ვის დაარტყა დანა.

მოგვიანებით იგივე მოწმემ თქვა, რომ მისი ჩვენება ფალსიფიცირებულია და არ დაუნახავს დანა რომ ბრალდებულმა აიღო ხელში.

„გამოძიების დასრულების ბოლო დღეს [01.07.2022 წ.] აღნიშნული მოწმე ადვოკატთან გამოიკითხა, სადაც მან განმარტა, რომ ის არ იყო დანაშაულის თვითმხილველი და გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია არასწორი და მანიპულაციის შედეგი იყო,“ – აღნიშნულია სარჩელში.

თუმცა დათოს ეს განაცხადი მოსამართლეს არ მოუსმენია, მას პროკურორმა ის ჩვენება წაუკითხა, რაც არასრულწლოვანმა საგამოძიებო ორგანოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა.

„დაახლოებით ორი თვე არ მოიყვანეს ეს მოწმე სასამართლოში, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად“,- გვიყვება ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი, ორგანიზაციიდან – „უფლებები საქართველო“.

იგი არასრულწლოვანი ბრალდებულის ინტერესებს იცავს და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მოწმეთა რიგითობასაც წარმდგენი მხარე განსაზღვრავს, ხოლო როცა პროკურორმა ამ მოწმის გამოკითხვა ისურვა, ის უკვე გერმანიაში აღმოჩნდა წასული.

დათო, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მოწმეა, თუმცა იურიდიული ძალა იმ მტკიცებულებას აქვს, რასაც მოწმე სასამართლოში ამბობს და არა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას.

ვინაიდან მთავარმა მოწმემ ფიზიკურად ვერ მისცა ჩვენება სასამართლოს, მოსამართლემ ნება დართო პროკურორს დათოს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება წაეკითხა. საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულება ახლა ეს ჩანაწერია.

არჩილ ჩოფიკაშვილი

„ეჭვებს აჩენს ესეც, როგორ დატოვა მოწმემ საზღვარი, როცა მას ჩვენება არ ჰქონდა მიცემული,“ – დასძენს არჩილ ჩოფიკაშვილი.

არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობის ამ საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებული მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

„ეს იგივეა, კრივში ჯერ ერთმა ურტყას და როცა დაასრულებს დარტყმებს, შემდეგ დაიწყოს მეორემ,“ – ასე ხსნის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი სამართლებრივ ნორმას, რომლის მიხედვითაც ჯერ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.

კონსტიტუციის 31-ე მუხლი კი ამბობს: „ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს“.

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართულ სარჩელში აღწერილია ისტორიაც, რა მოხდა ბრალდებულის ვერსიით მას შემდეგ, რაც მისი თანასკოლელი დაჭრეს.

„ბრალდებულის ოჯახის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულთან საავადმყოფოში იმყოფებოდნენ პოლიციელები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ბექა დანაშაულს აღიარებდა, ის იყო დამნაშავე.

დაზარალებულმა არ დაადასტურა პოლიციელების ვერსია, რაც მათ არ მოეწონათ და დატოვეს საავადმყოფო. დაზარალებულის მშობლების განცხადებით, მათ არ მოეწონათ, რომ არ განხორციელდა ბავშვის გამოკითხვა და თუ ადვოკატს ექნებოდა სურვილი, შეეძლო გამოეკითხა არასრულწლოვანი,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

სარჩელის მიხედვით, ადვოკატს დაჭრილი მოზარდი შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 4 ივნისს გამოუკითხავს.

„დაზარალებულმა განაცხადა, რომ ის ჩხუბის დაწყებიდან 4-5 წამში უკვე დაჭრილი იყო და ამ დროს, მისი მხედველობის არეში ან მის სიახლოვეს ბექა არ იმყოფებოდა. დაზარალებულმა გამორიცხა დანით შეიარაღებულის ჩვენება, რომ სისხლი შესაძლოა, ჩხუბის დასრულების შემდეგ გადასულიყო მის ტანსაცმელზე და გამოძიების ბოლო ეტაპზე დამატებით გამოკითხვისას განაცხადა, რომ მისი დაჭრის დროს ძირს წაქცეული არავინ ყოფილა“ – ვკითხულობთ სარჩელში

თუ მოსწავლის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს, პარლამენტს კანონის შეცვლა მოუწევს.

ანალიტიკოსები უკრაინის ომზე: რა იქნება 2023 წელს -BBC

რუსეთ-უკრაინის ომი მეორე კალენდარულ წელიწადში გადადის. რას უნდა ველოდოთ 2023-ში – ომის დამთავრებას ბრძოლის ველზე, მოლაპარაკების მაგიდასთან თუ მის გაგრძელებას სულაც 2024 წლამდე?

„ბი-ბი-სიმ“ ამ საკითხზე სხვადასხვა ანალიტიკოსის აზრი მოისმინა.

  • „მთავარი იქნება საგაზაფხულო იერიში“

მაიკლ კლარკი, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ასოცირებული დირექტორი, გაერთიანებული სამეფო

ნებისმიერს, ვისაც ევრაზიული სტეპებში მდებარე ქვეყანაში შეჭრა სურს, იქ გამოზამთრება მოუწევს. ნაპოლეონის, ჰიტლერისა და სტალინის ჯარები აგრძელებდნენ მოძრაობას ზამთარში. ახლა ვლადიმერ პუტინი ელოდება ზამთრის დასრულებასა და გაზაფხულზე ახალი იერიშის დაწყებას.

ორივე მხარეს პაუზა სჭირდება, მაგრამ უკრაინელებს უკეთესი აღჭურვილობა და მეტი მოტივაციაც აქვთ. შეგვიძლია ველოდოთ, რომ ისინი დონბასში მაინც შეინარჩუნებენ ზეწოლას.

ისინი ახლოს არიან კრემენაიასა და სვატოვოსთან დიდ გარღვევასთან, რომელიც რუსულ ძალებს დაახლოებით 60 კილომეტრით უკან დაახევინებს – თითქმის იქ, საიდანაც მათ თებერვალში შეჭრა დაიწყეს.

კიევი თავს შეიკავებს შეჩერებისგან მაშინ, როცა წინ ასეთი ჯილდოა. თუმცაღა, უკრაინელების იერიშები შეიძლება შეჩერდეს სამხრეთ-დასავლეთში, ხერსონის დაბრუნების შემდეგ.

დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე გადასვლა და ყირიმთან რუსეთის მოწყვლად საგზაო და სარკინიგზო გზაზე ზეწოლა შეიძლება ძალიან დიდი ამოცანა იყოს, მაგრამ კიევის მიერ უცაბედი და მოულოდნელი იერიშის გამორიცხვა არ შეიძლება.

2023 წელს ბედს რუსეთის საგაზაფხულო იერიში განსაზღვრავს. პუტინმა აღიარა, რომ 50 000 მობილიზებული უკვე ფრონტზეა, 250 000 კი შემდეგი წლისთვის ემზადება.

სანამ ახალი რუსული ძალების ბედი არ გაირკვევა, ომის გარდა სხვა არაფერია მოსალოდნელი. ერთადერთია ხანმოკლე და არასტაბილური ცეცხლის შეწყვეტა. პუტინმა ნათლად განაცხადა, რომ არ შეჩერდება. უკრაინამ კი ცხადი გახადა, რომ გადარჩენისთვის იბრძვის.

  • „უკრაინა ტერიტორიებს დაიბრუნებს“

ანდრეი პიონტკოვსკი, ვაშინგტონში მცხოვრები ანალიტიკოსი

უკრაინა გაიმარჯვებს და ყველაზე გვიან, 2023 წლის გაზაფხულზე ტერიტორიულ მთლიანობას სრულად აღადგენს. ამ დასკვნას ორი ფაქტორი განაპირობებს.

პირველი – უკრაინელი სამხედროების, ერის მოტივაცია და სიმამაცე.

მეორე კი ისაა, რომ რუსი დიქტატორის წლებით დაშოშმინების შემდეგ, დასავლეთმა საბოლოოდ გაიაზრა მის წინაშე მდგომი ისტორიული გამოწვევის მასშტაბი. ამას ყველაზე კარგად ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება ცხადყოფს:

„ჩვენ ფასს ფულით ვიხდით, უკრაინელები კი სისხლით. თუ ავტორიტარული რეჟიმი დაინახავს, რომ ძალას შედეგი მოაქვს, ყველანი უფრო მაღალ ფასს გადავიხდით და მსოფლიო ყველასთვის უფრო სახიფათო გახდება“.

უკრაინული გამარჯვების ზუსტი დრო დადგინდება სიჩქარით, რომლითაც ნატო კიევს გარდამტეხ ტექნიკას (ტანკებს, თვითმფრინავებს და ა.შ.) მიაწვდის.

ველი, რომ მომავალ თვეებში (შეიძლება, კვირებში) მელიტოპოლი ბრძოლის მთავარი წერტილი გახდება. მელიტოპოლის აღების შემდეგ, უკრაინა მარტივად გადავა აზოვის ზღვაზე და, ფაქტობრივად გადაჭრის ყირიმის მომარაგებისა და კომუნიკაციის ხაზს.

რუსეთის კაპიტულაცია ფორმალურად შეთანხმებული იქნება ტექნიკურ მოლაპარაკებებზე ბრძოლის ველზე უკრაინის წინ წაწევის შემდეგ.

გამარჯვებულები – უკრაინა, ბრიტანეთი და აშშ, საერთაშორისო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას დაადგენენ.

  • „დასასრული არ მოჩანს“

ბარბარა ზანჩეტა, ომის კვლევის დეპარტამენტი, ლონდონის კინგსის კოლეჯი

ვლადიმირ პუტინი ელოდა, რომ უკრაინა პასიურად მიიღებდა მისი უფრო ძლიერი მეზობლის ქმედებებს, სხვა ქვეყნების მნიშვნელოვანი ჩარევის გარეშე. ამ სერიოზულმა არასწორმა გაანგარიშებამ გამოიწვია გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელსაც ერთი შეხედვით დასასრული არ უჩანს.

ზამთარი რთული იქნება, რადგან რუსეთი უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით შეეცდება შეარყიოს ისედაც დაღლილი მოსახლეობის მორალი და გამძლეობა. მაგრამ უკრაინის გამძლეობა აღსანიშნავია – ისინი მტკიცედ დადგებიან. ომი გაგრძელდება.

მოლაპარაკების პერსპექტივები არ მოჩანს. პოტენციური სამშვიდობო შეთანხმებისთვის, მინიმუმ ერთი მხარის ძირითადი მოთხოვნები უნდა შეიცვალოს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს მოხდა, ან რომ ეს მალე მოხდება.

მაშ, როგორ დადგება დასასრული?

ომის ადამიანურმა და მატერიალურმა ღირებულებამ, შესაძლოა, რუსული პოლიტიკური ელიტის ომისადმი ერთგულება შეარყიოს. მთავარი გასაღები რუსეთის შიგნითაა.

წინა ომები, რომლებშიც არასწორი გათვლა უმთავრესი ელემენტი იყო, როგორც ვიეტნამი აშშ-სთვის ან ავღანეთი სსრკ-სთვის, მხოლოდ ასე დასრულდა. შიდაპოლიტიკური ვითარება ამ ქვეყნებში შეიცვალა და ომიდან გამოსვლა, „ღირსეული“ თუ არც ისე, ერთადერთ გამოსავლად აქცია.

თუმცა, ეს მარტო მაშინ მოხდება, თუ დასავლეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას ომის გამო არსებული შიდა ზეწოლის ფონზე.

სამწუხაროდ, ეს ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება და დიდი ალბათობით, 2023 წლის ბოლოსთვისაც შენარჩუნდება.

  • „არანაირი სხვა შედეგი, გარდა რუსეთის მარცხისა“

ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი მთავარსარდალი

კიევში გამარჯვების აღლუმის დაგეგმვა ნაადრევია, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ უკრაინა მოიგებს, შესაძლოა 2023-შიც.

ზამთარში ყველაფერი უფრო ნელა წავა, მაგრამ ზამთარს უკრაინა უკეთ გაუმკლავდება, გერმანიიდან, კანადიდან და გაერთიანებული სამეფოდან გამოგზავნილი ზამთრის აღჭურვილობით.

იანვრისთვის, უკრაინა შეიძლება იყოს კამპანიის საბოლოო ფაზის, ყირიმის გათავისუფლების დაწყების პოზიციაში.

ისტორიიდან ვიცით, რომ ომი ნებისა და ლოგისტიკის გამოცდაა. როცა უკრაინელი ხალხისა და ჯარისკაცების მზადყოფნასა და სულ უფრო უკეთეს ლოგისტიკურ ვითარებას ვუყურებ, რუსეთის დამარცხების გარდა სხვა შედეგს ვერ ვხედავ.

ნაწილობრივ, ამ დასკვნამდე ხერსონიდან რუსეთის უკან დახევამ მიმიყვანა. პირველ რიგში, ეს ფსიქოლოგიური მნიშვნელობის მოვლენა იყო უკრაინელებისთვის, მეორე – დიდი სირცხვილი კრემლისთვის და მესამე – უმთავრესი ოპერატიული უპირატესობა უკრაინისთვის: ყველა გზა ყირიმისკენ ახლა უკრაინული სისტემების რადიუსშია.

ვფიქრობ, 2023 წლის ბოლოსთვის ყირიმი უკრაინული კონტროლისა და სუვერენიტეტის ქვეშ იქნება, თუმცა შეიძლება იყოს რაღაც შეთანხმება, რომელიც რუსეთს საშუალებას მიძლევს, სევასტოპოლიდან თავისი ფლოტი ნელ-ნელა (დაახლოებით 2025 წლამდე) გაიყვანოს, შეიძლება ანექსიამდე არსებული შეთანხმების შესაბამისადაც.

  • „ელოდეთ დაახლოებით იმავეს“

დეივიდ გენდელმანი, სამხედრო ექსპერტი, საქმიანობს ისრაელში

ნაცვლად კითხვისა, „როგორ დამთავრდება“, უნდა ვიკითხოთ, შემდეგ ფაზაში მხარეებს რისი მიღწევა სურთ.

რუსეთში მობილიზებული 300 000 ჯარისკაციდან საბრძოლო ზონაში მხოლოდ ნახევარია. დანარჩენები, ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ გამოთავისუფლებული ძალების ჩათვლით, რუსეთს ახალი იერიშის წამოწყების საშუალებას აძლევს.

ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპაცია გაგრძელდება, მაგრამ რუსეთის მნიშვნელოვანი გარღვევა და დონბასში უკრაინელების ალყაში მოქცევა ნაკლებად სავარაუდოა.

უფრო მოსალოდნელია ამჟამინდელი ტაქტიკის გაგრძელება – უკრაინელები ნელა წაიწევენ წინ ბახმუტასა და ავდეევკაში. თავის მხრივ, უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები გამოფიტვის ომის სტრატეგიის გაგრძელება იქნება.

ხერსონიდან რუსეთის უკან დახევის შემდეგ უკრაინის მნიშვნელოვანი ძალები გამოთავისუფლდა. სტრატეგიულად, მათთვის ყველაზე ღირებული მიმართულება სამხრეთია – მელიტოპოლი ან ბერდიანსკი, ყირიმთან რუსეთის სახმელეთო კორიდორის გადასაჭრელად. ეს უკრაინის მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნებოდა და სწორედ ამიტომ, რუსები მელიტოპოლს ამაგრებენ.

უკრაინისთვის კიდევ ერთი ვარიანტი სვატოვოა – იქ მიღწეული წარმატება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფრონტის მთელი ხაზის ჩრდილოეთს.

საკითხი ისაა, უკრაინის რა ძალებია თავისუფალი, რამდენ ხანში იქნება მზად ახალი ბრიგადები და ტექნიკა.

მას შემდეგ, რაც ტალახი გაიყინება, პასუხებს მივიღებთ. პასუხები კი უფრო კარგად გაგვაგებინებს, „როგორ მორჩება“.

ინდაური 120 ლარი, ნიგოზი 30 – პროდუქტის ფასების სია ბათუმის აგრარული ბაზრიდან – ვიდეო

ბონში მდებარე ბათუმის აგრარულ ბაზარს წინასაახალწლოდ ბევრი მომხმარებელი სტუმრობს. თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასულ წლებში ახალ წლამდე 2, 3 დღით ადრე მათ გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავდათ.

„ბათუმელების” დაკვირვებით ხილი და ბოსტნეული აგრარულ ბაზარში 1, 2 ლარით ნაკლები ღირს ქალაქის მარკეტების ფასებთან შედარებით წინასაახალწლოდ. ახალი წლის მთავარი კერძის, საცივის ინგრედიენტი – ნიგიზი კი თუ ქალაქში 28, 35 ლარი ღირს, ბაზარში შეგიძლიათ 15, 20 ლარადაც შეიძინოთ.

საახალწლო ინდაურის (5, 7 კილოგრამიანი) ფასი 100, 120 ლარია.

ქათმის ხორცი აგრარულ ბაზარში ძირითადად ქობულეთიდან, ხონიდან და თხილნარიდან ჩამოაქვთ.

ამ პროდუქტით მოვაჭრეები ამბობენ, რომ ქათმის ხორცის ფასი წინასაახალწლოდ არ გაზრდილა და იგივეა, რაც 1 თვის წინ იყო – 8 ლარი.

განსაკუთრებით ძვირია ტროპიკული ხილის ჩირი: ასეთი ჩირის მიქსი 30 ლარი ღირს.

ლიტრ ღვინოს 10, 15 ლარად შეიძენთ. ჩურჩხელას ფასი 3-დან 7 ლარამდეა.

ძირითადი პროდუქტებზე ფასები ბათუმის აგრარულ ბაზარში ასეთია:

  • დამტვრეული, ქართული ნიგოზი – 15 ლარი
  • უკრაინული, მთელლებნიანი ნიგოზი – 20,22 ლარი
  • ხულოს გადარჩეული, მთელლებნიანი ნიგოზი – 30 ლარი
  • გოგრის თესლი – 25 ლარი
  • დარჩეული თხილი – 25 ლარი
  • მიწის თხილი – 20 ლარი
  • გათეთრებული თხილი – 25 ლარი
  • ტროპიკული ხილის ჩირი (მიქსი ან ცალ-ცალკე) – 30 ლარი
  • ხურმის ჩირი – 10, 15 ლარი
  • დიდი ზომის ჩურჩხელა – 7 ლარი
  • საშუალო – 5 ლარი
  • პატარა – 3 ლარი
  • ტყლაპი – 1, 50 ლარი
  • ქათამი – კილოგრამი 8 ლარი
  • 5 კილოგრამიანი ინდაური – 100 ლარი
  • 7 კილოგრამიანი ინდაური – 120 ლარი
  • იმერული ყველი – 18 ლარი
  • მეგრული სულგუნი – 25 ლარი
  • ნადუღი – 3, 7 ლარი
  • სოფლის კარაქი – 20 ლარი
  • აბაშის სულგუნი 28 ლარი
  • აბაშის ყველი – 20 ლარი
  • აბაშის შებოლილი სულგუნი 30 ლარი
  • ვაშლი ანტონოვკა – 3 ლარი
  • ვაშლი ბროდსკი – 3 ლარი
  • ხეჭეჭური – 3 ლარი
  • ხელვაჩაურის მანდარინი – 2 ლარი
  • გადარჩეული მანდარინი – 4 ლარი
  • ბროწეული – 5 ლარი
  • ხურმა – 2 ლარი
  • კიტრი – 3,50 ლარი
  • პომიდორი – 3, 40 ლარი
  • სალათის ფურცელი – 5 ლარი
  • მწვანილი – 6 ლარი
  • სტაფილო – 2 ლარი
  • კარტოფილი – 2 ლარი
  • წითელი ბულგარული – 5 ლარი
  • მწვანე ბულგარული – 4 ლარი
  • ხახვი – 1, 80 ლარი
  • საქონლის ძვლიანი ხორცი – 15, 17 ლარი
  • საქონლის ხორცი, ანტრეკოტი – 20 ლარი
  • საქონლის ბარკალი – 23 ლარი
  • საქონლის გულ-ღვიძლი – 17 ლარი
  • ღორის თავი – 5 ლარი
  • ღორის ხორცი – 15, 17 ლარი
  • კახური ღვინო, საფერავი (ოჯახის) – 15 ლარი
  • კახური რქაწითელი (ოჯახის) – 10 ლარი

ყველაზე რთული დღეები ჯერ კიდევ წინ გვაქვს, გამარჯვებამდე ნახევარი გზა გავლილია – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გეგმები უკრაინასთან მიმართებაში არ შეცვლილა – მას ისევ სურს უკრაინელების, როგორც ერის განადგურება. ამის შესახებ დანილოვი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს.

დანილოვის შეფასებით, პუტინს ეს არ გამოუვა.

დანილოვმა არსებული ვითარება შეაფასა და თქვა, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ნახევარი გზა უკვე გაიარა. თუმცა, ჩინოვნიკის თქმით, ყველაზე რთული დღეები ქვეყანას ჯერ კიდევ წინ აქვს.

„წინ გვაქვს ყველაზე რთული პერიოდი – საბოლოოდ განვდევნოთ აგრესორი ჩვენი მიწიდან და დავსაჯოთ ის ჩადენილი დანაშაულებისთვის“, – დასძენს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

რუსეთში კი დღეს ისევ ისაუბრეს უკრაინასთან „სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან წასვლას არ აპირებენ.

„მოდით, დავიწყოთ იმით, რომ ჯერჯერობით უკრაინასთან მიმართებაში არ არსებობს სამშვიდობო გეგმა. შეუძლებელიცაა არსებობდეს რაიმე სამშვიდობო გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს რუსეთის დღევანდელ ტერიტორიულ რეალობას – რუსეთის შემადგენლობაში 4 ახალი რეგიონის შესვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა  რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ იქნება მისაღები არც ერთი გეგმა, რომელიც არ გაითვალისწინებს ამ რეალობას.

ნოემბერში რუსეთიდან 121 454 მოქალაქე შემოვიდა საქართველოში – შსს

ნოემბერში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 121 454 მოქალაქე შემოვიდა, რაც 347 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საზღვრის კვეთის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება შემოდგომის ორ თვეს სექტემბერსა და ოქტომბერს, შს სამინისტროს ცნობით, სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა. ოქტომბერში რუსეთიდან 133 640 ადამიანი შემოვიდა საქართველოში.

შსს-ს მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 27 186 მოქალაქე შემოვიდა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებს, 2022 წლის ნოემბერში საქართველოში თურქეთიდან 113 054 მოქალაქე შემოვიდა. თურქეთიდან მოქალაქეების შემოსვლა ე.წ. სატელეფონო ტურიზმს უკავშირდება. თურქეთის მოქალაქეები საქართველოში ტელეფონების შესაძენად შემოდიან, რის გამოც ვიზიტორთა რიცხვი 261 %-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ასევე, ნოემბრის თვეში საქართველოში სომხეთიდან 97 014 მოქალაქე შემოვიდა, უკრაინიდან 16 799  მოქალაქე და ისრაელიდან 15 370 მოქალაქე.

ნოემბრის თვეში საქართველოში სულ 457 375 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა. მათგან  24 საათზე და მეტი ხნით დარჩა 258 235 მოქალაქე.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ დიდაჭარაში აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელ კურსს აფინანსებს

თამუნა შავაძე აბიტურიენტია. წელს სკოლას ამთავრებს და უნივერსიტეტში აბარებს. თამუნასა და მისი მშობლებისთვის დიდი თავსატეხი იყო, როგორ ევლო გოგოს რეპეტიტორებთან სხვადასხვა საგანში მოსამზადებლად. სოფელ ირემაძეებში, სადაც თამუნა ცხოვრობს, ყველა საგნის რეპეტიტორი არ არის, ამიტომ თამუნა ოჯახთან ერთად ან ბათუმში უნდა გადასულიყო საცხოვრებლად, ან სხვადასხვა სოფელში ცალ-ცალკე უნდა ევლო რეპეტიტორებთან – ეს ბევრი დროის გარდა, დამატებით ფინანსურ რესურსსაც საჭიროებდა.

სულ მცირე 300-400 ლარი სჭირდებოდა თვეში თამუნას ეროვნულ გამოცდებში მოსამზადებლად.

თამუნა შავაძე, აბიტურიენტი.

მერე შეიტყო, რომ სოფელ დიდაჭარის სკოლაში შეეძლო უსასყიდლოდ ევლო ყველა იმ საგნის მასწავლებელთან დამატებით, რომელ საგნებშიც სჭირდებოდა მომზადება ჩასაბარებლად.

თამუნა შავაძეს სურს ფსიქოლოგი გახდეს და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას.

თამუნას მსგავსად დიდაჭარის სკოლაში კიდევ 25 აბიტურიენტს უტარდება რეპეტიტორებთან დამატებითი გაკვეთილები სასურველ საგანში.

კომპანიამ „აჭარისწყალი ჯორჯია“ წელს პირველად დააფინანსა სოფელ დიდაჭარაში მოსამზადებელი კურსი ყველა აბიტურიენტისთვის, ვისაც ეს სჭირდება, არამხოლოდ სოფელ დიდაჭარაში, არამედ მიმდებარე სოფლებშიც.

აბიტურიენტები, როგორც დიდაჭარიდან, ასევე სხვადასხვა სოფლებიდან, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ რეპეტიტორების გაკვეთილებს ესწრებიან დიდაჭარის სკოლაში. ისტორია, ბიოლოგია, უცხო ენა, ქართული და მათემატიკა – ეს იმ საგნების ჩამონათვალია, რაშიც აბიტურიენტები ემზადებიან.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ თავდაპირველად დიდაჭარის სკოლის დირექტორმა, იოსებ შავაძემ მიმართა და სკოლაში მოსამზადებელი კურსის დაფინანსება სთხოვა.

„ძალიან რთული ეკონომიკური მდგომარეობაა დიდაჭარასა და მიმდებარე სოფლებში. ჩვენთან ადრე იყო მოსამზადებელი განყოფილება, ხიჭაურის უნივერსიტეტი და სხალთის ეპარქია აფინანსებდა აქამდე, მაგრამ მათ ფინანსები შეუმცირდათ და აბიტურიენტები ჰაერში დარჩნენ.

რომ ვეღარ ემზადებოდნენ ბავშვები, მერე ეს მისაღები გამოცდების შედეგებზეც აისახა უარყოფითად. სწორედ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მივმართე „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მშობლების, მოსწავლეების თხოვნით“, – ამბობს სკოლის დირექტორი იოსებ შავაძე.

„აჭარისწყალი ჯორჯიას” მიერ დაფინანსებული მოსამზადებელი კურსი დიდაჭარაში. ინგლისური ენის გაკვეთილი.

მისი თქმით, კომპანიას დიდაჭარის სკოლის სხვა პროექტშიც მიუღია მონაწილეობა. „აჭარისწყალი ჯორჯია“ თანადამფინანსებელი იყო სკოლის სპორტული დარბაზის გარემონტებისას.

YouTube video player

„აბიტურიენტები სხვადასხვა სოფლიდან დადიან: საციხურიდან, ირემაძეებიდან. ზოგი ბებია-ბაბუასთან დაბრუნდა დიდაჭარაში აქ რომ გაიაროს მოსამზადებელი კურსი. წალკიდანაც კი გვყავს ასეთი აბიტურიენტი“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ისტორიის მასწავლებელი, ხათუნა გობაძე მიიჩნევს, რომ ანაზღაურება, რასაც კომპანია უხდის მოსამზადებელ კურსზე მასწავლებლებს, ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავლის წყაროა მათთვის. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქტები ვეღარ აძლევს სოფლად მცხოვრებ ყველა ადამიანს შრომის შესაფერის შემოსავალს.

ისტორიის მასწავლებელი, ხათუნა გობაძე.

ბიოლოგიის მასწავლებელი რუსუდან წულუკიძე 13 წელია, რაც სკოლაში ასწავლის. მისი თქმით, მასწავლებლისთვის ძალიან მოსახერხებელია აბიტურიენტების მომზადება სასკოლო სივრცეში, სახლში მეცადინეობისგან განსხვავებით. რუსუდან წულუკიძე განაპირა სოფელში ცხოვრობს და დიდაჭარის სკოლაში სპეციალურად დადის მოსამზადებელი კურსის ჩასატარებლად.

ქართულის მასწავლებელს, შორენა გობაძეს კარგი მოლოდინი აქვს აბიტურიენტებისგან და ფიქრობს, რომ მოსამზადებელი კურსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ შედეგებს მისაღებ გამოცდებზე.

ქართული ენის მასწავლებელი, შორენა გობაძე.

ინგლისურის მასწავლებელი, მერი გელაძე გვეუბნება, რომ მხოლოდ 10-10 ბავშვისგან შედგება თითო ჯგუფი, სწავლის ხარისხი რომ შენარჩუნდეს.

„ყველა დონის მოსწავლე გვყავს, ენის კარგად მცოდნეც და ნაკლებადმცოდნეც, ჩვენი მოვალეობა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლების მეთოდის გამოყენებაა“, – ამბობს ინგლისური ენის მასწავლებელი.

ინგლისური ენის მასწავლებელი, მერი გელაძე.

ქეთი შავაძე დიდაჭარის სკოლის მოსამზადებელი კურსის კიდევ ერთი აბიტურიენტია. მას ელექტრო-კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე სურს სწავლის გაგრძელება.

„ეს განვითარებადი დარგია და ძალიან მაინტერესებს. მომავლის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა კომპიუტერული ინჟინერია, შესაძლებლობა გაქვს შენც იკვლიო, იაზროვნო, გაიზარდო.

ჩაბარებისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი მათემატიკაა. სწორედ ამ საგანში მჭირდება მაღალი ქულა დაფინანსება რომ მივიღო“, – ამბობს აბიტურიენტი.

ქეთი შავაძე, აბიტურიენტი.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ გვეუბნებიან, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მთაში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს, მიუხედავად მათი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობისა, ჰქონდეს საშუალება მიიღოს უმაღლესი განათლება.

„ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ხარჯებთანაა დაკავშირებული აბიტურიენტის მომზადება, მთის მოსახლეობისთვის ეს ორმაგი ხარჯია. განათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდების მხარდაჭერა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ, რომ სოფელ დიდაჭარაში გაგვეხსნა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები, სადაც არა მხოლოდ დიდაჭარის მცხოვრებლებს, არამედ მეზობელი სოფლის მოსწავლეებსაც ექნებათ საშუალება უსასყიდლოდ მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის“, – ამბობს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ კორპორაციული, სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი ნინო დიასამიძე.

მისი თქმით, კომპანია დააკვირდება აბიტურიენტთა შედეგებს მისაღებ გამოცდებზე და წარმატების ტენდენცია თუ გამოიკვეთება, მომავალშიც დააფინანსებენ დიდაჭარაში მოსამზადებელ კურსს.

„აჭარისწყალი ჯორჯიას” მიერ დაფინანსებული მოსამზადებელი კურსი დიდაჭარაში. ინგლისური ენის გაკვეთილი.

მთავრობა წამლის ფასის 40%-მდე გაიაფებას ელის – რა იცვლება მომავალი წლიდან

ფარმაცევტული პროდუქტის ფასი სახელმწიფოს მიერ დარეგულირდება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 26 დეკემბერს მიიღო და ის ძალაში მომდევნო წლიდან შევა.

დებულების თანახმად, 2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი დაწესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაადგენს მაქსიმალურ ზღვარს, რა შეიძლება ღირდეს წამალი. დადგენილ ფასზე მაღალ ფასად მედიკამენტის რეალიზაციისათვის კი ჯარიმები დაწესდება.

მთავრობა ვარაუდობს, რომ ცვლილების შედეგად მედიკამენტები დაახლოებით 40%-ით გაიაფდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განმარტების თანახმად, „პირველ ეტაპზე რეფორმა 1100-ზე მეტი დასახელების ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტს, შემდეგ კი ყველა დარჩენილ რეცეპტულ მედიკამენტს მოიცავს“.

დადგენილების თანახმად, თუ მედიკამენტის რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა, მას შეიძლება 40 % დაემატოს, 5-დან 10 ლარამდე ღირებულების მედიკამენტს – 35 %, 10-დან 20 ლარამდე ღირებულებისას – 30 %, 20-დან 30 ლარამდე ღირებულების მედიკამენტს – 25 %, 30-დან 50 ლარამდე ღირებულებისას – 20 %, ხოლო თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 50-დან 100 ლარამდეა, მას მხოლოდ 15% შეიძლება დაემატოს.

რაც შეეხება 100 ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს, მასზე ფასნამატი მკაცრადაა განსაზღვრული და მხოლოდ ფიქსირებული 20 ლარი შეიძლება დაემატოს.

დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ფარმაცევტული პროდუქტის საცალო გაცემა/რეალიზაცია რეფერენტულ საცალო ფასზე მაღალ ფასში.

იმისათვის, რომ ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასები გააკონტროლოს, მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისიას ქმნის.

კომისია უფლებამოსილი იქნება გააკეთოს ფასების რეგულირების შედეგების ანალიზი და შეფასება და, ასევე, აწარმოოს პროცესებისა და მონაცემების გამჭვირვალობის მონიტორინგი.

ამავე თემაზე:

ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება – რას ნიშნავს ეს

სმარტფონების ტურიზმის გამო სარფის საზღვრის კვეთა 293%-ით გაიზარდა – თურქული მედია

თურქული მედიის ცნობით, კვლავ მზარდია თურქეთიდან საქართველოში „სმარტფონების ტურიზმის“ მაჩვენებელი.

„ჰურიეთის“ ინგლისურენოვანი რედაქცია წერს, რომ სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით საქართველოში მიმავალი თურქეთის მოქალაქეების რაოდენობა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 293 პროცენტით გაიზარდა და 94 047-ს მიაღწია.

„ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს მოგზაურთა მიერ შემოტანილი მობილური ტელეფონების რაოდენობა 1,5 მილიონს გადააჭარბებს,“ – წერს გამოცემა.

ბოლო ორ თვეში თურქეთის მოქალაქეების საქართველოში, კერძოდ, ბათუმში ჩამოსვლა უკავშირდება სმარტფონებზე ფასდაკლებას საქართველოში. მედიის ცნობით, iPhone-ის ახალი მოდელის შეძენა საქართველოში საშუალოდ 800 დოლარით ნაკლები ჯდება, რადგან თურქეთის მოქალაქეები არ იხდიან გადასახადებს.

„iPhone 14 Pro Max-ის შეძენა საქართველოში 28302 ლირად არის შესაძლებელი, თურქეთში კი იმავე ტელეფონში 43999 ლირა (2350 დოლარი) უნდა გადაიხადოთ,“ – წერს „ჰურიეთი“.

თურქეთიდან საქართველოში შემოსული მოგზაურების რიცხვი რომ გაიზარდა, ეს დასტურდება საქართველოს შს სამინისტროს მონაცემებითაც. 2022 წლის ნოემბერში, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში 216 პროცენტით გაიზარდა თურქეთიდან შემოსული მოქალაქეების რიცხვი.

თურქეთიდან „სმარტფონების ტურიზმის“ ფონზე საქართველოდან თურქეთში „სასურსათო და მედიკამენტების ტურიზმის“ ბუმია. ყოველდღიურად საქართველოს ასობით მოქალაქე გადადის თურქეთის რესპუბლიკაში სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტების და ტანსაცმლის შესაძენად, რომელიც თურქეთში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში.

______________

ფოტოზე: სარფის საბაჟო ზონა. ფოტო: მარიამ ქველიაშვილი

„შსს გამოხატვის უფლებას თავზე დემონსტრაციულად გვახევს“ – დაკავება ბათუმში კარვის გაშლისთვის

პოლიციელებმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ კაცი დააკავეს საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვისთვის. მან კარავი გაშალა და შიმშილობის დაწყებას აპირებდა. მოქალაქე ზურაბ ქარჩავა სკოლებში უფასო კვების სისტემის დანერგვას ითხოვს.

„საახალწლო ღონისძიებებია მიმდებარე ტერიტორიაზე… აკრძალულია, აქ არ შეიძლება კარვის გახსნა,“ – მიმართა ზურაბ ქარჩავას ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების ხელმძღვანელმა, ბაჩო ხაჟომიამ. მას არ დაუკონკრეტებია, რომელი კანონის საფუძველზეა აკრძალული კარვის გაშლა საჯარო სივრცეში, ან რატომ შეიძლება აფერხებდეს მემედ აბაშიძის ძეგლთან გაშლილი კარავი საახალწლო ღონისძიებებს ევროპის მოედანზე.

„კანონის სრული დაცვით ვხსნი და შეიძლება,“ – უპასუხა პოლიციის ხელმძღვანელ პირს მოქალაქე ზურაბ ქარჩავამ.

„დაგვემორჩილე“, – ისმის შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრში ისევ პოლიციის მესამე განყოფილების უფროსის, ბაჩო ხაჟომიას უკანონო მოთხოვნა.

„არ გემორჩილები, არ გაქვს უფლება, რომ შემიზღუდო,“ – მიმართავს პოლიციელს მოქალაქე.

„საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს, კარავს ნუ გახსნი, მიმდებარე ტერიტორიაა… დაშალეთ კარავი და გადაიტანეთ სხვაგან,“ – ამბობს პოლიციელი, რის შემდეგაც ზურაბ ქარჩავას პოლიციელები ადმინისტრაციული წესით აკავებენ. პოლიციელებმა მოქალაქის გაშლილი კარავიც დაშალეს.

კარვის გაშლამდე მოქალაქე დღეს, 28 დეკემბერს, „გასაუბრებისთვის“ გადაიყვანეს ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებაში. საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში სამართალდამცველებმა კანონი დაარღვიეს.

„ეს არათუ კანონის დარღვევაა, არამედ შსს გამოხატვის თავისუფლების უფლებას პირდაპირ თავზე გვახევს,“ – კატეგორიულია საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, პაატა დიასამიძის შეფასება. მას დაკავებულ ზურაბ ქარჩავასთან შესვლის საშუალებასაც არ აძლევენ. პაატა დიასამიძე დასძენს, რომ ამ დრომდე მომხდარზე რეაგირებას არც შსს-ს გენინსპექცია ახდენს.

„პირველ შემთხვევაში ის გადაიყვანეს იდენტიფიცირების მიზნით პოლიციის განყოფილებაში, რაც დაუშვებელია, რადგან პირადობა ზურაბ ქარჩავამ აქვე მიაწოდა პოლიციელს. შესაბამისად, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის საფუძველი არ არსებობდა.

ამ ადგილზე მოქალაქეს ჰქონდა აბსოლუტური უფლება, რომ გაეშალა კარავი… აქვე ახლოს საკონსტიტუციო სასამართლოა, მაგრამ კარვის გაშლით მართლმსაჯულების განხორციელებას არანაირად ხელი არ ეშლება. ეს დაკავება არის დაუსაბუთებელი და გამოხატვის თავისუფლებაში პირდაპირ ჩარევა. პოლიცია ჩვენ თვალწინ, დემონსტრაციულად ფეხქვეშ თელავს გამოხატვის თავისუფლებას,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

შსს-ში ამ დრომდე არ განმარტავენ, რატომ დააკავეს მოქალაქე, რომელმაც საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვა სცადა.

—————-

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს უკვე საქართველოში კარვის გაშლისთვის აკავებენ. ისევ აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლისთვის 24 ოპოზიციონერი დააკავეს, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები.

ბოლო ტენდენცია ასეთია: პროტესტის გამოხატვის დროს პოლიციელების მიერ უკანონოდ დაკავებულთაგან ზოგიერთს სასამართლო ამართლებს, თუმცა სასამართლო პროცესამდე დაკავებულს თითქმის 48 საათით ტოვებენ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მოქალაქეს უკანონო დაკავებისთვის უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია. ამის პრაქტიკაც გვაქვს, თუმცა, მაგალითად, მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილმა სასამართლო დავა შსს-ს მოუგო და მას ხუთწლიანი სასამართლო დავის შემდეგ კომპენსაციის სახით 100 ლარი გადაუხადეს.

წლის ყველაზე „სკანდალური“, ძვირი და ლამაზი ნაძვის ხეები საქართველოში

ახალი წლის წინა დღეებში სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა საახალწლო ნაძვის ხეებია. ხშირად ეს თემა ხუმრობის ან ერთგვარი შეჯიბრის საგანიც კი ხდება მუნიციპალიტეტებს შორის.

„ბათუმელები“ გთავაზობთ საახალწლო ნაძვის ხის ფოტოებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.

წლის ყველაზე „სკანდალური“ ნაძვის ხე უდავოდ ბათუმში დადგეს. ახალი საახალწლო ნაძვის ხე ბათუმის მერიამ 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდა.

ნაძვის ხის ფასი და ვიზუალი დღემდე განიხილება სოციალურ ქსელებში. ნაძვის ხე ბევრს მოსწონს, ბევრიც მიიჩნევს, რომ ეს ძვირი და არც ისე ლამაზი ნაძვის ხეა.

საახალწლო ნაძვის ხე ბათუმში

აჭარაში ყველაზე დიდი სიმპათია სოციალურ ქსელებში წელს ქობულეთის ნაძვის ხემ დაიმსახურა, რომელიც მუნიციპალიტეტმა 145 750 ლარად შეიძინა.

საახალწლო ნაძვის ხე ქობულეთში

ეს კი ქედის საახალწლო ნაძვის ხეა.

ქედა

ასე გამოიყურება ნაძვის ხე შუახევში.

შუახევი
ნაძვის ხე ხელვაჩაურში
საახალწლო ნაძის ხე ხულოში

ყველაზე ძვირი ახალი წელი თბილისში ჯდება. ჯერ კიდევ 2021 წლის მონაცემებით, თბილისის მუნიციპალიტეტმა 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით 14,5 მილიონი დახარჯა საახალწლოდ.

საახალწლო ნაძვის ხე თბილისში

გასული წლების მსგავსად, სოციალურ ქსელებში წელსაც მოწონებას იმსახურებს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე.

ქუთაისი
საახალწლო ნაძვის ხე რუსთავში
ოზურგეთი
ზუგდიდი
საახალწლო ნაძვის ხე ჭიათურაში
ფოთი
ახალციხე
ლანჩხუთი

რუსეთმა ბრძოლის ხაზი კრემენაიასთან დამატებითი ძალებით გააძლიერა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 28 დეკემბრის ანგარიში ლუგანსკის ბრძოლის ველზე ქალაქ კრემენაიასთან მიმდინარე პროცესებს მიმოიხილავს. კრემენაია რუსეთის მიერ კონტროლირებადი დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია ლუგანსკში, რომელსაც უკრაინული ძალები ინტენსიურად უტევენ.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემების მიხედვით, რუსეთმა ბრძოლის ხაზის კრემენაიას სექტორი დამატებითი ძალებით გააძლიერა და აქ ახალი ვრცელი თავდაცვითი ხაზი ააშენა, რომლის გამაგრებაც, სავარაუდოდ, რუსეთის პრიორიტეტი იქნება.

ანგარიშის მიხედვით, კრემენაია შედარებით დაუცველია მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა ოქტომბერში დასავლეთით, ქალაქ ლიმანის გავლით, წაიწიეს წინ. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კრემენაიას რუსეთისთვის დონბასის ფრონტზე დიდი ლოჯისტიკური მნიშვნელობა აქვს, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მთავარი ქალაქია ლუგანსკის ოლქში.

„კრემლი ამტკიცებს, რომ ამ არეალის „გათავისუფლება“ ომის ძირითადი გამართლებაა“, – ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის 28 დეკემბრის ანგარიშში.

„სანამ უკრაინის აღმოსავლეთითა და სამხრეთით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, როგორც ჩანს, უკრაინული ძალები მიუახლოვდნენ ლუგანსკის რეგიონის რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ძირითადი ქალაქის, კრემენაიას აღებას“, – წერდა ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ 27 დეკემბერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავდა, ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ქალაქში მებრძოლთა ნაწილს რამდენიმე კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ რუბიჟნოემდე დაახევინეს უკან. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლად არ შეუძლია ბრძოლის ხაზზე მიმდინარე მოვლენების დადასტურება.

„რუსები ხვდებიან, რომ კრემენაიას თუ დაკარგავენ, მათი თავდაცვის ხაზი დაეცემა. რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა თვეზე ცოტა მეტ დროში მოახერხეს ძალიან ძლიერი თავდაცვის აშენება. მათ აქ მოაქვთ რეზერვისა და აღჭურვილობის უზარმაზარი რაოდენობა. გამუდმებით აახლებენ თავიანთ ძალებს“, – ციტირებს „გარდიანი“ გაიდაის 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ ტელეგრამპოსტს.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, კრემენაიასა და ახლომდებარე სვატოვოს აღება კიევს გაუხსნის გზას სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე შეტევისთვის. ეს ქალაქები უკრაინამ ზაფხულში დაკარგა.

____

26 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კიევი უნდა დათანხმდეს მოსკოვის მოთხოვნას „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციაზე“ ან განიცდის მარცხს ბრძოლის ველზე. „გარდიანის“ შეფასებით ლავროვის ეს განცხადება აჩვენებს, რომ კრემლი არ აპირებს თავის მაქსიმალურ მიზანზე – უკრაინაში რეჟიმის შეცვლაზე უარის თქმას. ვლადიმერ პუტინი კი 25 დეკემბერს ამტკიცებდა, თითქოს რუსეთი მზადაა ომის დასასრულებლად, მოლაპარაკებებისთვის.

კაცი ბათუმში, მთავრობის სახლთან კარვის გაშლასა და შიმშილობას აპირებდა, ის პოლიციამ წაიყვანა

„ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში ვარ. არ გამაშლევინეს კარავი და ხელი მეშლება ჩემი კონსტიტუციური უფლებების განხორციელებაში. მოკლედ. ბედნიერი ერი,“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე მოქალაქე, ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა.

მოქალაქე დღეს, 28 დეკემბერს, შიმშილობის დაწყებას აპირებდა და კარვის გაშლას აჭარის მთავრობის სახლის წინ მდებარე სკვერში. „საჯარო სკოლებში ბავშვებისთვის ყოველდღიური სწავლის საგანმანათლებლო პროცესის განმავლობაში უზრუნველყოფილ იქნას ერთჯერადი კვება,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც ზურაბ ქარჩავამ ბათუმის მერიას გაუგზავნა პროტესტის საჯაროდ გამოხატვამდე ორი დღით ადრე.

მოქალაქემ მერიას 26 დეკემბერს წერილობით აცნობა, რომ კარვის გაშლას აპირებდა, თუმცა ამით „არ მოხდება რაიმე სახის შეფერხება, პიკეტირება ან გზის გადაკეტვა“. მოქალაქე წერილში მერიას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას სთხოვს.

„გთხოვთ, მოახდინოთ აღნიშნულზე ზედამხედველობის განხორციელება და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროცესისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნვეყოფა, რათა დაცული იყოს ჩემი, როგორც მოქალაქის უფლებები,“ – წერს მოქალაქე.

უფლების დაცვის ნაცვლად, მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და როგორც თვითონ ამბობს, კარავიც არ გააშლევინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ განმარტავენ, რატომ აღმოჩნდა მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში, რომელსაც პროტესტის გამო საჯარო სივრცეში კარვის გაშლა სურდა.

ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ზურაბ ქარჩავასთან გასაუბრება. მასთან საია-ს იურისტს და სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც არ უშვებენ.

„ადგილზე დაგვხვდა პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე გოჩა დეკანაძე. არ გვახვედრებენ ზურაბ ქარჩავას, გვითხრეს, რომ ის დაკავებული არ არის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პაატა დიასამიძემ, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 დეკემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 103 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550]
  • ტანკი – 3 017 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 6 037 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 1 999 ერთეული [+1]
  • MLRS – 418 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 267 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 707 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 660 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 179 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 352 თვითმფრინავი
  • 192 ვერტმფრენი
  • 2 734 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 282 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 950 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 737 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 792 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რამდენი მობილიზებული რუსი ჩაბარდა ტყვედ უკრაინას ნებაყოფლობით

45 წლის კაცმა მოზარდის ინტიმური ვიდეო მის კლასელს გაუგზავნა – საგამოძიებოს 2 თვის მონაცემები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილეს:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რითაც ხელყვეს მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი ხელშეუხებლობა.“

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „1977 წელს დაბადებული ზ.ქ. 2022 წლის მაისში, სოციალური ქსელის მეშვეობით არასრულწლოვანს სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ესაუბრებოდა, უგზავნიდა სექსუალური აქტის და სხვა ინტიმური შინაარსის ამსახველ ვიდეოებს. ასევე, თავადაც სთხოვდა მსგავსი ფოტოების და ვიდეოების გადაღებას.

ზ.ქ,-მ მოპოვებული და უნებართვოდ შენახული არასრულწლოვნის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა, კერძოდ გადაუგზავნა არასრულწლოვანი დაზარალებულის თანაკლასელს, რითაც ხელყო პირადი ცხოვრების საიდუმლო და სქესობრივი ხელშეუხებლობა.“

ჩატარებული გამოძიებით სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ 1978 წელს დაბადებულმა ე.შ-მ და 1986 წელს დაბადებულმა ნ.მ.-მ 2022 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით უკანონოდ მოიპოვეს და ინახავდნენ სხვა პირის შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, რაც შანტაჟის მიზნით გაავრცელეს, კერძოდ გადაუგზავნეს დაზარალებულის ოჯახის წევრს.

აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება ხელყვეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებულმა ბ.ბ-მ, ქ. თბილისში, 2022 წლის სექტემბრის თვეში უკანონოდ მოიპოვა და უნებართვოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერს. ბრალდებული ბ. ბ. 2022 წლის ოქტომბრის განმავლობაში, აღნიშნული ვიდეოების გასაჯაროების მუქარით, დაზარალებულს თანხას სისტემატურად ართმევდა, რითაც ხელყო დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლო და მიაყენა მატერიალური ზიანი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დანაშაულში ასევე მხილებულია 3 პირი, რომლებიც სხვადასხვა დროს თბილისსა და სამეგრელოში, უკანონოდ იღებდნენ დაზარალებულებთან სქესობრივი აქტის ამსახველ ვიდეოებს და ინტიმური შინაარსის ფოტოებს, რომლებსაც მობილურ ტელეფონებში უკანონოდ ინახავდნენ.

ასევე, მისი გავრცელების მუქარით, დაზარალებულებს ინტიმური ხასიათის ახალი ფოტოების გადაღებას და გადაგზავნას აიძულებდნენ.

საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულ 6 პირს, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 1 პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 141-ე მუხლით წარუდგინა.

რესტორნის გამწოვის მილები სახლის კედელზე – მოქალაქე მერიას უჩივის

„სუნია, ხმაური, ხელის გაწვდენაც არაა საჭირო, აივნიდან გამწოვის მილებს რომ მივწვდე,“ – მოქალაქე მერი კაცაძე საკუთარი ბინის აივანზე გვაჩვენებს, რესტორნის გამწოვის მილები მართლაც რომ ხელის გაწვდენაზეა. მერი კაცაძე ბათუმში, ჭავჭავაძის 39/47-ში ცხოვრობს, ძველი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე, პირველ სართულზე კი, რესტორანია.

მოქალაქე გვიყვება, რომ ბათუმის მერიას სასამართლოში უჩივის იმ ნებართვის გამო, რომლითაც რესტორანმა სამზარეულოს გამწოვი მილები მოაწყო კორპუსის ფასადზე ეზოს მხრიდან – მერი კაცაძის აივნის გვერდით. რესტორანს სამზარეულოს სათავსოც მოუწყვია მერი კაცაძის ბინის ქვეშ, რაც ასევე დავის საგანია.

„45 წელია აშენებულია ეს ბინა და ჩვენც მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ, ბოლო რამდენიმე წელია აქ არ ვიყავით… არაფერზე მომიწერია ხელი, ახლა გადავწყვიტეთ აქ ცხოვრება და ეს ამბავი დაგვხვდა: ზაფხულში განსაკუთრებით მძაფრი სუნია, სარეცხს ვერ გაფენ, ბინა სარემონტოა, მაგრამ ვერც ვარემონტებ, რომ აქ გადმოვიდე საცხოვრებლად. ასეთ მდგომარეობაში ბინას ვერც გავყიდი, ხმაურის დამხშობიც არ აქვს გამწოვს,“ – ამბობს მერი კაცაძე და სხვადასხვა დოკუმენტს შორის იმ წერილს გვაჩვენებს, რაც ადასტურებს მისი 17 მეზობელიც რომ თანახმაა „ფასადი რესტორანმა პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანოს“.

სამზარეულოს გამწოვი მილები ჭავჭავაძის 39/47-ში მდებარე კორპუსზე
მერი კაცაძე

„მერიას ნებართვა აქვს გაცემული გამწოვის მილებზე, სადაც წელს, გაზაფხულზე, ხანძარიც გაჩნდა, ისევ მერიის სამსახურებმა დაადასტურეს, რომ მილები არასწორად იყო გაყვანილი… სათავსო კი, საერთოდ ნებართვის გარეშეა მოწყობილი,“ – განაგრძობს თხრობას მერი კაცაძე. ის სადარბაზოს კიბეზე ჩერდება და იქიდან გვაჩვენებს, გამწოვის მილები როგორ გადის რესტორნის სათავსოს სახურავსა და მისი საცხოვრებელი ბინის ქვეშ.

„კანონმდებლობით მსგავსი სათავსო უახლესი ფანჯრიდან მინიმუმ 6 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, აქ კი, დაშორება ერთი მეტრიც არ გამოდის,“ – საუბარში იურისტი ანასტასია მიქელაძე ერთვება, რომელიც მარიკა ირემაძის [მერი კაცაძის შვილი და ბინის მესაკუთრე] ინტერესებს იცავს.

„..ადგილი ჰქონდა აღნიშნულ მისამართზე მდებარე ობიექტის სამზარეულოს საკვამლე მილში ჭვარტლის წვის ფაქტს,“ – ამას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ. ეს უწყება ადასტურებს, რომ ჭავჭავაძის 39/47 -ში, საკვამლე მილში ხანძარი გაჩნდა.

მოქალაქეს ხელში აქვს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წერილიც, რომლითაც დასტურდება, რომ ბათუმის მერიის ნებართვის გაცემის შემდეგ [2017 წელი] კონკრეტული სამუშაო „წესების დარღვევით“ შესრულდა. მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდარღვევა 2022 წლის 12 მარტს გაჩენილი ხანძრის შემდეგ აღმოაჩინა – სამართალდარღვევის ოქმი 2022 წლის 5 ოქტომბერსაა შედგენილი.

„პირველი კლასის ესკიზური ნახაზის [პროექტის] წესების დარღვევასთან დაკავშირებით დაიწერა მითითება,“ – მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 10 ოქტომბრის წერილსაც გვაჩვენებს იურისტი ანასტასია მიქელაძე, თუმცა ამ წერილიდან ნათლად არ ჩანს, კონკრეტულად რა დაარღვია რესტორანმა „ბარაქამ“, როცა მან სამზარეულოს გამწოვის მილები გაიყვანა კორპუსის ფასადზე.

იურისტი ანასტასია მიქელაძე ამბობს, რომ მას მუნიციპალურმა ინსპექციამ არ მიაწოდა ინფორმაცია, რა იყო კონკრეტული სამართალდარღვევა. სამართალდარღვევაზე კონკრეტული ინფორმაცია მუნიციპალურმა ინსპექციამ არც „ბათუმელებს“ მიაწოდა.„აღმოიფხვრა სამართალდარღვევა,“ – ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში მხოლოდ ეს ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

რაც შეეხება სასამართლო დავას – მოქალაქე მარიკა ირემაძე მერიის მიერ გამოცემული იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც რესტორანმა გამწოვი სისტემა მოაწყო.

„2017 წლიდან სავალდებულო გახდა გამწოვი სისტემის სხვაგვარად მოწყობა სარესტორნო რეგულაციის მიხედვით. რესტორანმა ეს რეგულაცია დაიცვა, მაგრამ დაზარალდნენ მოქალაქეები,“ – შენიშნავს იურისტი ანასტასია მიქელაძე და საქმის მასალებს გვაცნობს.

დოკუმენტების მიხედვით, შპს „ალამბარმა“ აიღო იჯარით ჭავჭავაძის 39/47-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე უძრავი ქონება და იქ რესტორანი „ბარაქა“ გახსნა. იურისტის შეფასებით, მერიამ დაარღვია კანონი, როცა მან ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გასცა ნებართვა ძველ საცხოვრებელ კორპუსზე გამწოვი სისტემის მოსაწყობად.

„მერიის მიერ ნებართვის გაცემამდე არ შეფასებულა შენობის სეისმედეგობა, ცეცხლმედეგობა და საიმედოობა, ასევე ესკიზის შესაბამისი სამუშაოების განხორციელების ნებართვა რამდენად მიზანშეწონილი იყო შენობის საერთო მდგომარეობისათვის,“ – ვკითხულობთ ადმინისტრაციულ საჩივარში, რომლითაც მარიკა ირემაძემ ბათუმის მერიას მიმართა. – „მერიის სამსახურის საბოლოო წერილიდან გაურკვეველია, როგორც ნებართვის გაცემის თარიღი, ასევე, რას გულისხმობს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური „მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობების შესახებ”, ან კონკრეტულად რა იგულისხმება მცირე სარემონტო სამუშაოებში,“ – წერია საჩივარში. 

სასამართლომდე მოქალაქეს ბათუმის მერიისთვის ადმინისტრაციული საჩივრით მიუმართავს, თუმცა მერმა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა ისევ არქიტექტურის სამსახურს დაავალა. საკუთარი თავის წინააღმდეგ არქიტექტურის სამსახურიც არ წასულა და მოქალაქისთვის მიუწერია, რომ საჩივარს არ აკმაყოფილებენ.

საჩივარში ხაზგასმულია ისიც, რომ ნებართვის გაცემის დროს კომპანიას წარდგენილი ჰქონდა ამ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები ადამიანების „ამხანაგობა 23“-ის თავმჯდომარის თანხმობა გამწოვი მილების გარე ფასადზე განთავსებაზე.

„…როგორც მოგვიანებით გაირკვა, ირა ბასილაია არ არის აღნიშნული ამხანაგობის თავმჯდომარე,“ – აღნიშნულია ადმინისტრაციულ საჩივარში. იურისტი ამბობს, რომ შესაბამისი ექსპერტიზით უნდა დადგენილიყო, ამ ტიპის შენობის ფასადზე რამდენად მიზანშეწონილია გამწოვის სისტემის მონტაჟი. 

ადმინისტრაციულ საჩივარში, რომლის დაკმაყოფილებაზეც ბათუმის მერიამ უარი თქვა, იურისტს რამდენიმე ფაქტორი ჩამოუთვლია, რაც მისი აზრით, აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

„ადმინისტრაციული აქტი არ შეიცავს: გამოცემის დროსა და ადგილს; ბრძანების ნომერს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს; არ არის მითითებული ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა; არ არის ასახული შესაბამისი მუნიციპალიტეტის გერბი (მაყურებლიდან მარჯვენა მხარის ზედა კუთხეში); არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას; სამართლებრივი აქტის ვადაში შესვლის თარიღი; ტექსტი არის ბუნდოვანი, რის გამოც შეუძლებელია შეთანხმების პირობების განსაზღვრა,“ – აღნიშნულია საჩივარში. 

„მთლიანად შევცვალეთ გამწოვის მილები, მერიამ ჩაიბარა,“ – გვითხრა რესტორან „ბარაქას“ მოლარემ, გივი ოთიაშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ შესაბამის დოკუმენტაციას ვერ გვაჩვენებს, რომელიც ამას დაადასტურებს. რესტორნის ხელმძღვანელი ილია კაკალაძე დღეს ადგილზე არ დაგვხვდა. გვითხრეს, რომ იგი ახლა საქართველოში არ არის. ილია კაკალაძემ სოციალურ ქსელში ჩვენს სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხა.

„…დავა იყო მეზობლების, რომ ცუდად იყო გაკეთებული ეს მილები, ჩვენ სულ თავიდან გავაკეთეთ, ხმის ჩამხშობიც არის ახლა და არანაირი სუნი არ არის, მთლიანად გამწოვი შეფუთულია,“ – ამბობს გივი ოთიაშვილი.

მოქალაქის სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

რესტორანი „ბარაქა“, ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სხვადასხვა რესტორნის მეზობლად მცხოვრები ადამიანები ხმაურს და სუნს აპროტესტებენ.

როგორია ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში – ნახეთ აქ.

სიცხე და ხმაური – ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში – ეს კიდევ ერთი ისტორიაა ქუთაისის ქუჩიდან, რაც ადასტურებს, რომ მუნიციპალური ორგანოები ვერ ახერხებენ მესაკუთრეების დაცვას, ბიზნესმა მინიმუმ არ გააუარესოს მათი საცხოვრებელი გარემო.

კაზინოებიდან ქვეყნის ბიუჯეტში 627 მილიონი შევიდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალმა ქვეყნის ბიუჯეტში 627 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. კაზინოში თამაში ამ დროისთვის 313 323 საჯარო მოხელეს აქვს აკრძალული. აკრძალულთა სიაშია 1 151 178 სოციალურად დაუცველი პირიც.

2022 წელს სათამაშო ბიზნესის სფეროში სახელმწიფომ გარკვეული ცვილებები შეიტანა – აკრძალულ და დამოკიდებულ პირთა სიების შედგენა, უცხოურ კომპანიებზე თანხების გადარიცხვის აკრძალვა და სხვა. ამასთან, მომავალი წლიდან ბათუმში სათამაშო ბიზნესი დადგენილი გადასახადების მაქსიმუმს გადაიხდის.

მაშინ, როცა საქართველოში რეგისტრირებული კაზინოებიდან შემოსავლები ბიუჯეტში საშუალოდ ნახევარი მილიარდი ლარია, ქვეყნის პრემიერიმა ერთი წლის წინ განაცხადა, რომ სამი ამდენი, ანუ 1,5 მილიარდი ლარი ქვეყნიდან ონლაინკაზინოებით გაედინებოდა. შესაბამისად მთავრობამ ონლაინკაზინოებზე გადარიცხვები აკრძალა.

უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც სათამაშო ბიზნესში არიან ჩართულები, საქართველოს მოქალაქეებს თანხების გადარიცხვა 2022 წლის აპრილიდან აეკრძალათ.

გადარიცხვების აკრძალვამდე ბოლო სამ თვეში, მაგალითად, 2022 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან უცხოურ კომპანიებთან გადარიცხვებმა ჯამში 11 მილიონამდე ლარი შეადგინა.

ეს მონაცემები ეროვნულმა ბანკმა მოგვაწოდა. თუმცა, მიუთითა, რომ„ელექტრონული კომერციის გადახდები მოიცავს სავაჭრო-მომსახურების ობიექტიდან ბარათის მფლობელის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისა და ბარათის მფლობელის ანგარიშიდან სავაჭრო-მომსახურების ობიექტთან თანხის გადარიცხვის ოპერაციებს“:

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ამ მონაცემების მიხედვით, სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ უცხოურ კომპანიებთან გადარიცხვების რაოდენობამ 16 ათასს გადააჭარბა მარტო იანვარში.

გაგრძელდა თუ არა საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოური კომპანიებისთვის თანხის გადარიცხვები აკრძალვის შემდეგ, ანუ აპრილიდან? – ამ კითხვაზე გარკვეული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა მოგვაწოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, ბანკმა „სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია მიიღოს პროვაიდერისგან ან/და შემოსავლების სამსახურიდან“.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ასეთი ინფორმაცია გადარიცხვების აკრძალვის პერიოდში [აპრილი-ნოემბერი] ეროვნულ ბანკს წერილობით 11-ჯერ მიაწოდეს.

სამსახურის ინფორმაციით: „ზემოთ აღნიშნული კორესპონდენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ უცხოურ კომპანიად განსაზღვრულ იქნა 9 პირი, რომელთა სასარგებლოდ გადახდების განხორციელების შეზღუდვის მიზნით, იდენტიფიცირებულ იქნა 19 სავაჭრო/მომსახურების ობიექტი.“

„ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, რა თანხა ირიცხებოდა საქართველოდან უცხოური კომპანიებისთვის ონლაინკაზინოებიდან, გაგრძელდა თუ არა გადარიცხვები აკრძალვის შემდეგ და რა ღონისძიებები გაატარა სახელმწიფომ. დეტალური ინფორმაციები აღნიშნულ საკითხებზე ეროვნული ბანკისა თუ შემოსავლების სამსახურიდან ვერ მივიღეთ.

  • „გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებში მოთხოვნილი ინფორმაცია არის კონფიდენციალური ინფორმაცია, შესაბამისად მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ იგი“, – მოგვწერეს ეროვნული ბანკიდან.
  • „კონფიდენციალობის დაცვის მიზნით“ არ მოგვაწოდა გარკვეული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმაც: „საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ გასცენ ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია სხვა პირებზე მხოლოდ გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში, შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია“.

[red_box]აკრძალულ და დამოკიდებულ პირთა სიები[/red_box]

იმ პირთა სიაში, ვისაც აზარტული თამაშები ეკრძალება, 2022 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, 313 323 საჯარო მოხელე და 1 151 178 სოციალურად დაუცველია შეტანილი. ამ დროისთვის საქართველოში სულ 3 688 600 ადამიანი ცხოვრობს.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, აღნიშნულ სიაშია სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების ყველა წევრი, მათ შორის არასრულწლოვანებიც.

ინფორმაციისთვის: სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოში სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 366 ათასი ოჯახი [1 161 345 ადამიანი] იყო რეგისტრირებული, საიდანაც სოციალურ დახმარებას 178 ათასი ოჯახი იღებს.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისში საქართველოში 3 688 600 ადამიანია რეგისტრირებული, ანუ, მთელი მოსახლეობის თითქმის მესამედი [31,4 პროცენტი] ქვეყანაში სოციალურად დაუცველია [მათი მონაცემები ასაკობრივ ჭრილში ვერ მივიღეთ]; მთელი მოსახლეობის 8,4 პროცენტი კი, საბიუჯეტო ორგანიზაციებში არიან დასაქმებულები.

რაც შეეხება დამოკიდებულ პირთა სიას, მასში მონაცემები 3 741 პირზეა შეტანილი. აქედან, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 28 პირის შესახებ, ხოლო 3 713 პირის მონაცემები – თავად ამ პირების მიმართვის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებულთა სიაში 25 წლის და ნაკლები ასაკის 23 პირის შესახებ არის მონაცემი.

შემოსავლები ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან

აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე გადამხდელებმა, გადასახადის, მოსაკრებლისა თუ ჯარიმის სახით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ჯამში, 627 393 102 ლარი გადაიხადეს სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში:

აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე გადამხდელთა მიერ 2021 წლის დეკემბრიდან, 2022 წლის დეკემბრამდე პერიოდში სულ ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილია 478,9 მილიონი ლარი [გარდა „წამახალისებელი გათამაშების მოწყობა“, „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება“] :

შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან 2021 წლის დეკემბერი – 2022 წლის ნოემბერი / წყარო: შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „გადამხდელი შესაძლოა ეწეოდეს რამდენიმე საქმიანობას და მის მიერ გადახდილი ზემოთ აღნიშნული თანხები არ უკავშირდებოდეს საქმიანობის მხოლოდ ერთ სფეროს. მაგ.: სათამაშო ბიზნესს“.

აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე გადამხდელები ბიუჯეტში მოსაკრებლებსაც იხდიან.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ბოლო 1 წელში [2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის დეკემბრამდე პერიოდში] სათამაშო ბიზნესის მიერ მოსაკრებლებისა და ჯარიმების სახით ბიუჯეტში სულ ჩაირიცხა 148 461 893 ლარი. აქედან:

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

რამდენი მობილიზებული რუსი ჩაბარდა ტყვედ უკრაინას ნებაყოფლობით

რუსეთის რამდენი მოქალაქე ჩაბარდა უკრაინას ტყვედ პროექტის ფარგლებში – „მინდა ვიცოცხლო“? – ამის შესახებ დღეს, 27 დეკემბერს, უკრაინის ტელემარათონის ეთერში პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ისაუბრა.

უკრაინამ ეს სახელმწიფო პროგრამა მას შემდეგ შექმნა, რაც რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. „მინდა ვიცოცხლოს“ ფარგლებში ტყვედ ჩაბარება შეუძლიათ რუს სამხედროებს, რომელთაც უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა არ სურთ.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, პროგრამა დღეში დაახლოებით 70-100 მიმართვას იღებს ტყვედ ჩაბარების თხოვნით.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, სექტემბრიდან,  პროექტის დაწყების დღიდან, უკრაინამ ჯამში დაახლოებით 4 500 მიმართვა მიიღო რუსი ჯარისკაცებისგან ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებაზე. ამის შესახებ ტელემარათონის ეთერში სამხედრო ტყვეების საკოორდინაციო შტაბის სპიკერმა, ვიტალი მატვიენკომ დღეს, 27 დეკემბერს ისაუბრა.

ვიტალი მატვიენკოს თქმით, პროგრამას სხვადასხვა კატეგორიის რუსეთის მოქალაქეები მიმართავენ – ისინი, ვის ნათესავებსაც მობილიზაცია ემუქრებათ ან უკვე მობილიზებული არიან, თავად მობილიზებულები და ისინიც, ვინც ჯერ კიდევ არ არიან მობილიზებულნი.

„მინდა ვიცოცხლოს“ ასევე მიმართავენ რეზერვში მყოფი რუს სამხედროებიც.

იმ პირების ასაკობრივი კატეგორია, რომლებიც უკრაინას ტყვედ ბარდებიან, ძირითადი 20, 35, 40 წელია. უკრაინული მხარის ცნობით, ტყვეებს შორის მცირეა უფროსი ასაკის რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა.

უნივერსიტეტები ივსება ჩაწყობით, ნეპოტიზმით, ისინი კი რექტორს ირჩევენ – ინტერვიუ დოქტორთან

რა ტიპის პრობლემებს უქმნის უნივერსიტეტებს რექტორის ერთკანდიდატიანი არჩევნები, რა პროცესებზე მიუთითებს ეს და რატომ დუმს აკადემიური პერსონალი? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორს, კონსტიტუციონალისტ მალხაზ ნაკაშიძეს ესაუბრა.

  • ბატონო მალხაზ, დღეს თსუ-ში ჩატარდა რექტორის  არჩევნები ერთი კანდიდატით. რექტორი გახდა ჯაბა სამუშია – ადამიანი, რომელიც წინასწარ დანიშნეს მოვალეობის შემსრულებლად. როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენელს მინდა გკითხოთ, რაზე მეტყველებს ეს ფაქტი? 

რექტორი უნივერსიტეტში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელსაც, წესით, ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესორებით და ასევე, კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებით.

რექტორის არჩევა თავისთავად დაფუძნებულია აკადემიური საზოგადოების გადაწყვეტილებაზე. თუმცა, თუ ჩვენი ბოლო წლების პრაქტიკას გადავხედავთ, აკადემიური საბჭო სრულიად ფორმალური ინსტიტუტი გახდა და რეალურად, ის ვერ ირჩევს რექტორს. უბრალოდ, აფორმებს გარედან მიღებულ გადაწყვეტილებებს.

გვინდოდა რაღაც ცვლილებები, კანონმდებლობაშიც ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ ერთია კანონმდებლობა და მეორე – ფაქტობრივი ვითარება.

აკადემიური საბჭო, ფაქტობრივად, პასიურ როლშია და, ძირითადად, ეთანხმებიან იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მთავრობა იღებს.

  • როგორ ფიქრობთ, აკადემიური პერსონალი რატომ იყენებს თავს ასეთ მდგომარეობაში, რის გამო თმობენ თავიანთ უფლებებს?

ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, პროფესორების შერჩევის წესია. რა ეტაპებს, რა კარიერულ საფეხურს გადის პროფესორად გახდომამდე პირი, რა დამსახურების მიხედვით ირჩევენ ამ ადამიანებს და როგორ ხვდებიან ისინი მაღალ აკადემიურ თანამდებობაზე, აი, აქ არის პრობლემა.

აკადემიური პერსონალი თავად უნდა იყოს თავისუფალი, თანამდებობა კი დამსახურების მიხედვით უნდა მიიღოს. იმის მიხედვით, როგორი კვლევის, სწავლების შედეგები აქვს, პროფესიულ ეთიკას პატივს სცემს, კონკურსის შედეგად მოხვდა ამ თანამდებობაზე, პროფესიონალია და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანი ვინმეს გავლენის ქვეშ მოექცეს.

ჩვენთან კი უნივერსიტეტები ივსება აკადემიური პირებით, რომლებიც შერჩეულნი არიან ნეპოტიზმით, არათანაბარი შერჩევით, ჩაწყობით და ასე გრძელდება. ეს საზოგადოება როგორ აირჩევს ვინმეს? ამ ადამიანების უმრავლესობას არ აწყობს ცვლილებები უნივერსიტეტში.

პროფესიონალის ადგილი კი აღარ რჩება უნივერსიტეტებში. ამიტომ არიან ჩუმად, ურჩევნიათ, მთავრობა რასაც გადაწყვეტს და შესთავაზებს, იმას დაეთანხმონ.

  • ნეპოტიზმი, ჩაწყობა – ეს უნივერსიტეტის შიგნით ხდება, თუ ხელისუფლების დონეზე წყდება?

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტებში ხელმძღვანელობის გარეშე ეს არ ხდება, რადგან სხვანაირად ვერ შეაღწევ უნივერსიტეტში, ძალიან რთულია კრიტიკულად განწყობილი ადამიანი მოხვდეს უნივერსიტეტში იმ სისტემის გამო, რომელიც აქვთ შექმნილი.

ამიტომ არის ახალგაზრდების მხრიდან ნაკლები დაინტერესება უნივერსიტეტით. მე საჯარო სამართალში ვმუშაობ და ახალგაზრდა მეცნიერები არ ინტერესდებიან საჯარო სამართლით, რადგან აკადემიურ თანამდებობამდე რომ მიაღწიო, ჯერ უნდა ისწავლო სადოქტოროზე, შემდეგ დაიცვა დისერტაცია, შემდეგ უნდა გახდე ასისტენტ-პროფესორი, ვთქვათ, შემდეგ ასოცირებული პროფესორი ან პროფესორი და თუ ხარ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი, შესაძლებელია აღარ დაგაწინაურონ – სხვა მოიყვანონ, რომელიც მათი ნაცნობი იქნება, მათ პოზიციებს იზიარებს, ვინც ნაკლებად კრიტიკულია.

თავისუფალი ადამიანებისთვის  ძალიან რთულია ამ გზის გავლა, რადგან ეს არ არის კონკურენციაზე დამყარებული.  ამიტომ ცდილობენ ადამიანები კავშირი დაამყარონ რექტორთან, დეკანთან, ჩააწყონ საქმე, რომ მოხვდნენ უნივერსიტეტში.

  • კიდევ რა პრობლემები შეიძლება შეუქმნან?

უნივერსიტეტებს აქვთ თავიანთი საფონდო კონკურსები, დაფინანსება რომ მიიღოს აკადემიურმა პირმა. შესაძლოა ასეთ კონკურსებში საერთოდ ვერ გაიმარჯვოს ადამიანმა, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი უნივერსიტეტის მიმართ. გარე კონკურსებიდან თუ მოიპოვებენ დაფინანსებას კვლევებისთვის, უნივერსიტეტის რექტორის რეკომენდაციაა საჭირო, შეიძლება არ მისცეს ასეთ ადამიანს რეკომენდაცია რექტორმა და, საბოლოო ჯამში, ეს ხალხი ან დატოვებს უნივერსიტეტს, ან უნდა შეეგუოს და გაჩუმდეს.

  • პლაგიატზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

გახსოვთ ალბათ, თსუ-ში თავად რექტორს წაუყენებს პლაგიატის ბრალდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა პროგრამა, რომელიც ამოწმებს ნაშრომს პლაგიატზე, ჩემი დაკვირვებით, ესეც ფორმალურია, რადგან სტატიები და სამეცნიერო ნაშრომები, რომლებსაც პროფესორები აქვეყნებენ, ბევრ შემთხვევაში შეიძლება იყოს გადაწერილი, ან მოპარული, ან დარღვეული იყოს პროფესიული სტანდარტები, მაგრამ ამას არავინ ამოწმებს დეტალურად.

მაგალითად, გავრცელებული შემთხვევაა, როცა ერთ სტატიას შესაძლოა ჰყავდეს   10 ან 15-ზე მეტი ავტორი: საერთაშორისო დონეზე ძალიან საეჭვოდ უყურებენ ასეთ ნაშრომებს, რადგან გაურკვეველია, რომელმა ავტორმა რა ნაწილზე იმუშავა და რაზეა პასუხისმგებელი.

შესაძლოა, ერთმა შეასრულა და დანარჩენი მიაწერეს უბრალოდ, ჩვენთანაც ყოფილა ასეთი შემთხვევები.

მაგალითად, არის მოთხოვნა, რომ აკადემიურმა პირმა წლის განმავლობაში გამოაქვეყნოს სამეცნიერო პუბლიკაცია, მაგრამ სად აქვეყნებს, ეს არის მნიშვნელოვანი. რადგან უნივერსიტეტები ძალიან დაბალი დონის პროდუქციას ქმნიან, სარედაქციო კოლეგია კი სრულიად შემთხვევითაა შექმნილი ასეთი პუბლიკაციების გამოცემის დროს, იბეჭდება დაბალი ტირაჟით და ისევ უნივერსიტეტის შიგნით რიგდება. ასეთი პუბლიკაცია შეიძლება ჩაეთვალოს პროფესორს გამოქვეყნებულად.

  • თქვენ ერთგან წერდით, რომ მთავრობას სურს აკონტროლოს აკადემიური დაწესებულებები, საიდანაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს მას, თუ იქ ხალხი თავისუფლებას იგრძნობსო. რას გულისხმობდით, რომ აგვიხსნათ?

უნივერსიტეტებს რომ მთავრობა აკონტროლებს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ვერ ნახავთ საუნივერსიტეტო საზოგადოებიდან ვერცერთ პირს, (გამონაკლისების გარდა), ვინც ღიად გამოხატავს აზრს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

იგივე, დასავლეთის ან ევროპის უნივერსიტეტებში ღიად გამოხატავენ ხოლმე თავიანთ დამოკიდებულებებს, საქართველოში კი ძალიან იშვიათია ასეთი რამ. ეს კავშირშია იმასთან, რომ საჯარო უნივერსიტეტებს აფინანსებს მთავრობა. ერთ დღეს ეს დაფინანსება რომ არ მისცეს მთავრობამ, უნივერსიტეტი შესაძლოა გაკოტრდეს, რადგან ამ ბიუჯეტზე აქვთ დაგეგმილი თავიანთი საქმიანობა.

ხელმძღვანელობაც ფიქრობს, რომ არ უნდა გააკეთოს მთავრობის საწინააღმდეგო განცხადება და არა იმაზე, რომ რაიმე ღირებული კვლევები შექმნას, საერთაშორისო დაფინანსება მიიღოს, გრანტები ჰქონდეს და ასე შემდეგ. ის ფიქრობს, იყოს მშვიდად და ამაში მისცემს მთავრობა ფულს, ესენი კიდევ მთავრობას შეაქებენ. ასეთი უნივერსიტეტი როგორ იქნება დამოუკიდებელი.

  • მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მმართველი პარტია განსაკუთრებით კრიტიკული გახდა დასავლეთის მიმართ. თუ საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხე შეექმნება, ეს ხომ გამოიწვევს ბოლონიის პროცესის შეწყვეტასაც. შესაბამისად, სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები ვეღარ ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რასაც დასავლეთი გვაძლევს. შეწყდება ერაზმუს+ პროგრამა და სხვა დაფინანსებებიც. როგორ ფიქრობთ, რამდენად გააზრებული აქვთ ეს აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს?

დიდ ნაწილს შესაძლოა კარგად აქვს გააზრებული, მაგრამ პოზიციის გამოხატვას მაინც თავს არიდებენ. მიჰყვებიან მთავრობის პროპაგანდას.

რა თქმა უნდა, ერაზმუს+ არის ყველაზე კარგი პროგრამა და ჩვენი სტუდენტები მიდიან უცხოეთში, ბოლო პერიოდში ქართულ უნივერსიტეტებს მიეცათ ევროპულ გრანტებზე წვდომის შესაძლებლობაც. მაგალითად, მილიონიან დაფინანსებაზე შეუძლია პროფესორს განაცხადის გაკეთება, მაგრამ ამას შრომა სჭირდება და ჩვენთან შრომა ნაკლებად უნდათ.

ამიტომ ურჩევნიათ, მთავრობის დონეზე კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ და მათგან მიიღონ მარტივად დაფინანსება, ანაზღაურება და ასე შემდეგ.

დაახლოებით იგივეა, ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ რომ თქვა, მირჩევნია რუსეთში გავიტანო რძის ნაწარმი, რადგან იქ არანაირ სტანდარტს არ გვთხოვენო.

  • თქვენი აზრით, უნივერსიტეტების დაფინანსების როგორი მოდელი გაამართლებდა, თუ გიფიქრიათ ამაზე, თუ მსჯელობთ ხოლმე აკადემიურ სივრცეებში ამ საკითხზე?

რაღაც განხილვები მოეწყო წლების წინ უნივერსიტეტებში, თუმცა ეს პროცესიც შეჩერდა. დაფინანსება დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე, თავად უნივერსიტეტი რას ქმნის, რას სთავაზობს საზოგადოებას.

შესაძლებლობების მიხედვით უნდა ფინანსდებოდეს პროგრამულად, კვლევის შედეგების მიხედვით და არა ხელმძღვანელობის შეთანხმებით.

უნივერსიტეტი როგორ შეიძლება ამაყობდეს იმით, რომ მრავალფეროვანი პროგრამები აქვს, მაშინ როცა შესაბამისი რესურსი არ აქვთ და შესაძლოა პროფესორიც არ ჰყავდეს, რაღაც კონკრეტულ მიმართულებაზე ლექცია რომ წაიკითხოს ან კვლევა შეასრულოს. როგორ შეიძლება ასეთმა პროგრამამ რაიმე შედეგი დადოს.

  • ერთკანდიდატიანი არჩევნები, ის გარემო, რაზეც საუბრობთ, არის ეს საფრთხე დემოკრატიისთვის?

რა თქმა უნდა. რა დემოკრატიაზეა საუბარი, ეს ხომ არჩევნები არ არის?

არის ხალხი, ვინც მართლა ბევრს შრომობს სხვადასხვა უნივერსიტეტში, აქვთ კონტაქტები უცხოურ უნივერსიტეტებთან, აქვთ მიღწევებიც, უბრალოდ ასეთი გარემო როცა იქმნება უნივერსიტეტებში, ასეთი ხალხი ტოვებს ქვეყანას.

ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა მაღალი აკადემიური მიღწევის ადამიანები წავიდნენ საქართველოდან და ახლა ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში მუშაობენ.

ასეთი გარემო აიძულებს ადამიანებს, რომ მოშორდნენ ასეთ სისტემას.

საახალწლო ფოტოები წარსულიდან | ფოტოამბავი

როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საქართველოში, რა ეცვათ საზეიმო შეკრებებზე, როგორ რთავდნენ ნაძვს? – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულმა არქივმა რამდენიმე ფოტო შემოინახა, სადაც ძირითადად ბავშვები ჩანან საახალწლო ნაძვის ხესთან – სკოლებსა და ბაღებში, საახალწლო ზეიმებზე.

ამ კადრებზე თარიღები იშვიათადაა დატანილი, თუმცა, როგორც ჩანს, კადრები 1950-1980-იან წლებშია გადაღებული.

1952 წელი, ბათუმი, საბავშვო ბაღი/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი „ივერიელი”.
საახალწლო ზეიმი, 1974 წელი/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი „ივერიელი”.
საბავშვო-საახალწლო ზეიმი თელავში/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი „ივერიელი”.
ბიბლიოთეკის თანამშრომლები საახალწლო საღამოზე, 1968 წელი/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი „ივერიელი”.
საახალწლო ზეიმი ქუთაისის მე-12 საბავშვო ბიბლიოთეკაში/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი „ივერიელი”.
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. სკოლის მოსწავლეები ზეიმზე/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი „ივერიელი”.
თბილისში მცხოვრები გერმანელი ქალი, ნატალია გირკე შვილებთან ერთად/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი „ივერიელი”.
ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი „ივერიელი”.
სცენა სიღნაღის თეატრის საახალწლო ღონიძიებიდან. 1983 წელი/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი „ივერიელი”.
ირაკლი ფრუიძის საოჯახო ფოტოალბომიდან. გადაღების თარიღი უცნობია/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი „ივერიელი”.
საახალწლო ზეიმი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი „ივერიელი”.

უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე უარის გამო შოლცს გერმანიაში აკრიტიკებენ

გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა გააკრიტიკა კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე უარის გამო.

მისი აზრით, გერმანიის მთავრობის ასეთი პოზიცია მიუთითებს რუსული ნარატივის გავლენაზე და არაშორსმჭვრეტელი შეცდომაა.

„კანცლერის უარი, გადარჩენისთვის ბრძოლაში უკრაინას ტანკები მისცეს, არა მარტო გაუგებარი, არამედ შემაშფოთებლად არაშორსმჭვრეტელია. სიტუაცია კატასტროფულია, განსაკუთრებით უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ძალიან მწყინს, როცა ვისმენ, რომ ტანკების მიწოდება რუსეთისთვის განსაკუთრებული პროვოკაცია იქნებოდა“, – თქვა დეპუტატმა „არ-ენ-დი“-სთან ინტერვიუში.

შტრაკ-ციმერმანმა აღნიშნა, რომ გერმანიამ უკვე გადასცა უკრაინას სხვადასხვა შეიარაღება ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად, ხოლო ტანკები „მნიშვნელოვანი დახმარება იქნებოდა რუსების უკან დახევისთვის“.

მისი აზრით, ზოგიერთი პოლიტიკოსი გერმანიაში მოექცა მოსკოვის ნარატივის ქვეშ, თითქოს ნატომ და დასავლეთმა რუსეთის პროვოცირება არ უნდა მოახდინონ.

„ნათელია, რომ რუსული ნარატივი მუშაობს და ხელს უშლის ზოგიერთს კანცელარიაში, ესოდენ აუცილებელი ტანკები მიაწოდოს უკრაინას. ის, ვინც ფანტაზიორობს, რომ რუსეთთან წითელი ხაზი გადაიკვეთება, ჰყვება აგრესორის და არა მსხვერპლის ისტორიას“, – განაცხადა მან.

მანვე დაამატა, რომ შოლცის უარი ტანკების მიწოდებაზე „დიდი შეცდომაა“ და გერმანიამ ბევრი ღირებული დრო დახარჯა „აბსურდულ დისკუსიებში“.

„ცხადია, რომ ბატონი შოლცის მრჩევლები სთავაზობენ კანცლერს უკრაინისთვის ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემის დაბლოკვას. მე ეს უარი დიდ შეცდომად მიმაჩნია. მაბრაზებს, როცა ბოლო თვეებს ვიხსენებ და ვხედავ, რა აბსურდული დისკუსიები გვქონდა. გავიდა დრო, როცა დახმარება შეგვეძლო. ეს კონსულტანტები ყოველთვის დინებას მიჰყვებიან და სულ არ ფიქრობენ სტრატეგიულად“, – ხაზი გაუსვა შტრაკ-ციმერმანმა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ უკრაინელებს ძალიან სწრაფად შეუძლიათ ისწავლონ გერმანული ტანკების მართვა, ხოლო ევროპელი პარტნიორები ბერლინის ქმედებებს ელიან.

მისივე აზრით, გერმანიას არ აქვს სტრატეგია უკრაინასთან მიმართებაში.

„სანამ სტრატეგიაზე ფიქრს დავიწყებთ, ის უნდა გვქონდეს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არ გვაქვს. უკრაინის დახმარების თხოვნაზე მუდმივი რეაგირება გრძელვადიანი სტრატეგია არ არის“, – აღნიშნა მან.

რუსულმა ჯარმა 2022 წლის ბოლომდე დონეცკის საზღვრებზე გასვლის დავალება მიიღო – უკრაინა

უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ჯარმა 2022 წლის ბოლომდე დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გასვლის დავალება მიიღო.

უკრაინული გამოცემა „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა. მალიარის თქმით, რუსულმა მხარემ ყველაზე დიდი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაცია ბახმუტის მიმართულებაზე მოახდინა.

„ამოცანა აქვთ, კალენდარული წლის ბოლომდე გავიდნენ დონეცკის ოლქის საზღვრებზე“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, რუსული მხარე ვერ ინარჩუნებს დაკავებულ ფრონტის ხაზს და ამიტომ ირჩევს იმ მონაკვეთებს, სადაც ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია შეუძლია.

„დღეს მტერი ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობს, მაგრამ ეს არ გამოსდის“, – დაამატა მან.

ბახმუტი აღმოსავლეთ უკრაინისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ქალაქი ამჟამად უკრაინის კონტროლის ქვეშაა. ცოტა ხნის წინ ბახმუტში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო ჩასული.

10 ყველაზე პოპულარული სტატია „ბათუმელებზე“ 2022 წელს

რას კითხულობდნენ 2022 წელს ყველაზე ხშირად „ბათუმელებზე“? – წლის ბოლოს ტრადიციულად წარმოგიდგენთ წლის 10, ყველაზე რეიტინგულ სტატიას batumelebi.ge-ზე.

1. რა მოხდება, თუ გაქირავებულ ბინას ვეღარ იბრუნებ და საკეტს გამოცვლი

ყველაზე ხშირად 2022  წელს „ბათუმელებზე“ მკითხველები ამ სტატიას კითხულობდნენ. რა არის კანონიერი გამოსავალი, როცა გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებ? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ იურისტ პაატა დიასამიძეს. თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა წელს, საქართველოში რუსეთის ათიათასობით მოქალაქის შემოსვლის შემდეგ.

 2. „ციხიდან რომ გამოვედი, შვილებმა არ მიმიღეს“ – ქალი უსახლკაროდ და მარტო

60 წლის ქალის ისტორია, რომელმაც ქმრის მკვლელობისთვის მოიხადა სასჯელი, 6 წელი და 7 თვე გაატარა ციხეში, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მასზე შვილებმა უარი თქვეს.

3. 20 წლის ფეხმძიმე გოგო ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს – „სახის გამოჩენა არ მინდა“

სტატია 20 წლის მარიზე, რომელიც ფეხმძიმობისას იძულებულია ბათუმის ნაგავსაყარზე იცხოვროს მეუღლესთან ერთად.

4. როდის დასრულდება ავტობანი სარფიდან-რიკოთამდე, რაშიც 4,5 მილიარდი იხარჯება

მასალა რიკოთის უღელტეხილიდან სარფამდე მონაკვეთში ავტობანის გაჭიანურებული მშენებლობის დასრულების ვადების შესახებ.

5. როცა მშობლის ქონება ბიჭს რჩება: რას ფიქრობენ ბებია – სედიკო, შვილი – იამზე, შვილიშვილი – ირმა

ვის „ეკუთვნის“ მშობლების ქონება მემკვიდრეობით? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელს დაუსვა. როგორია ერთ ოჯახში თაობების დამოკიდებულება ქონების განაწილებაზე – ეს თემა საინტერესო აღმოჩნდა „ბათუმელების“ მკითხველისათვის.

6. რუსეთმა შესაძლოა ჩახოცოს მთელი არმია, მაგრამ რაღაც შედეგი 9 მაისამდე უნდა დადოს – ინტერვიუ

ინტერვიუ რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე ვახტანგ კაპანაძესთან, გადამდგარ გენერალ-მაიორთან, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსთან.

7. კაფე ბათუმში, სადაც უსახსროდ დარჩენილი უკრაინელებისთვის „ჩაის“ ტოვებენ

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ბათუმში მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფმა დაიწყო სოლიდარობის აქციების ორგანიზება უკრაინის, ასევე ბათუმში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად. სწორედ ასეთ ერთ-ერთ აქციაზეა ეს სტატია, რომელიც 2022 წლის ყველაზე ხშირად წაკითხულ მასალებში მოხვდა.

8. როგორ გავრცელდა ეროვნული გამოცდიდან ტესტის ფოტო? – რას ამბობს გამოცდების ცენტრი

ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს შესახებ ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან.

9. „რუსეთს მხოლოდ დამწვარი ტანკები გააჩერებს“ – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

ეს ინტერვიუ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან „ბათუმელებმა“ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს ჩაწერა.

10. კიევს ძლიერი სამხედრო კოლონა უახლოვდება, დიდი შეტაკებები იქნება – გადამდგარი გენერალი

კიდევ ერთი ინტერვიუ რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე ვახტანგ კაპანაძესთან მოხვდა ყველაზე ხშირად წაკითხულ სტატიებს შორის.

როდის გამოიდარებს ბათუმში | უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 დეკემბრის 21 საათიდან 28 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: -2 – +3 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 29 დეკემბერს ღამით და დილით აჭარაში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში – თოვა.

აჭარაში 29 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს  და მომდევნო 2 დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ხულოში თოვს | ფოტოამბავი

ხულოს მუნიციპალიტეტში დილიდან თოვს. ხულოს სოფლებში თოვლის სიმაღლე დაახლოებით 10 სანტიმეტრია. ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გზებზე მოძრაობა შეზღუდული არ არის და მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება.

სოფელი ბეღლეთი, 27 დეკემბერი, 2022 წელი
სოფელი ბეღლეთი, 27 დეკემბერი, 2022 წელი
სოფელი ბეღლეთი, 27 დეკემბერი, 2022 წელი

ბახმუტში რუსებმა მცირე ტერიტორიაზე მოიპოვეს კონტროლი – ბრიტანეთის დაზვერვა ბოლო 48 საათზე

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 27 დეკემბრის ანგარიში მიმოიხილავს ბოლო 48 საათის ბრძოლის ფოკუსს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ხშირი მცირე მასშტაბის თავდასხმებისა, რომლებსაც რუსული მხარე ახორციელებს, კონტროლი ძალიან მცირე ტერიტორიებზე შეიცვალა.

ბოლო 48 საათის განმავლობაში ბრძოლები კვლავაც ფოკუსირებულია დონეცკის ოლქის ბახმუტის სექტორსა და ლუგანსკში, სვატოვესთან ახლოს. რუსეთი აგრძელებს ხშირ მცირემასშტაბიან თავდასხმებს ამ მიმართულებით, თუმცა მხოლოდ ძალიან მცირე ტერიტორიებზე შეიცვალა კონტროლი.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემები ასევე ეხება ჩრდილოეთით განლაგებულ რუსეთის პირველი გვარდიის სატანკო არმიას. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ არმიის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, ის სამხედროებიც არიან, რომლებიც რუსეთმა ბელარუსში ბოლო წვრთნების დროს შეიყვანა.

ამჯერად, ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ რუსეთის პირველი გვარდიის სატანკო არმია, რომელიც ჩრდილოეთითაა განლაგებული, მანამდე წვრთნებს ატარებდა ბელარუსში. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ჰყავდეს დამხმარე შენაერთები, რომლებსაც არმიის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა სჭირდება.

ბელარუსში მიმდინარე წვრთნებს გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური გასულ დღეებშიც შეეხო. როგორც უწყება წერდა, სწორედ ბელარუსში წვრთნიან რუსეთის არმიის ახალწვეულებს და ომს შემოერთებულ მსჯავრდებულებს. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, მათ წვრთნაში თავად ბელარუსი სამხედრო ტრენერებიც მონაწილეობენ, რაც რუსეთის არმიაში ოფიცრების რესურსის სიმცირეზე მიანიშნებს.

შავ ზღვაში 58 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აღმოვაჩინეთ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ შავ ზღვაში დამატებით 58 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აღმოაჩინეს.

ერდოღანის თქმით, გაზი ზღვის სიღრმეში, 3 023 მეტრ სიღრმეზე აღმოაჩინეს. თურქეთის ბუნებრივი აირის მარაგი შავ ზღვაში 710 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რომლის საბაზრო ღირებულება 1 ტრილიონი დოლარია.

„თურქეთის საბოლოო მიზანია, რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უცხოური ნავთობისა და ბუნებრივი აირისგან,“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა 26 დეკემბერს, ანკარაში გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი მალე დაიწყებს ახალ ადგილებში გაბურღვას და განაგრძობს სამძებრო სამუშაოებს.

თურქეთს ამჟამად  სეისმური კვლევის ორი გემი და სამი საბურღი ხომალდი აქვს.

2022 წელს ამ გემების დახმარებით თურქეთმა 94 საძიებო და 56 საწარმოო ჭა გაბურღა.

ელიტების ქონების ნაციონალიზაციისთვის პუტინი შეიძლება საინფორმაციო ველს ქმნიდეს – ISW

„ომის კვლევის ინსტიტუტი“ (ISW) აგრძელებს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის გამოქვეყნებას.

ინსტიტუტის 26 დეკემბრის ანგარიშში ყურადღება ძირითადად ვლადიმერ პუტინის განცხადებას დაეთმო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ზოგიერთი ცნობისა, პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკების მზადყოფნა არ გამოუხატავს. სატელევიზიო ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთს არ აქვს არჩევანი, გარდა საკუთარი მოქალაქეების დაცვისა, თუმცა მზადაა კონფლიქტში მონაწილე „ყველა მხარესთან მოსალაპარაკებლად“.

ასე პუტინი ინარჩუნებს რიტორიკას, თითქოს უკრაინა დასავლური პაიკია და თავად ვერაფერს წყვეტს. პუტინის თქმითვე, რუსეთი „სწორი მიმართულებით მოქმედებს“ – ეს მიანიშნებს, რომ მას კვლავ მაქსიმალისტური მიზნები აქვს და სურს, დასავლეთმა უკრაინას დათმობებზე წასვლა აიძულოს.

ამასთან ერთად, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ პუტინი უკმაყოფილოა ელიტებს შორის უკრაინაში ომის მხარდაჭერის დაბალი დონით და შეიძლება ქმნიდეს საინფორმაციო ველს მათი ქონების ნაციონალიზაციისთვის. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში არის ხალხი, ვინც მხოლოდ საკუთარი ინტერესისთვის მოქმედებს და დაამატა, რომ ბიზნესმენები, რომლებსაც რუსეთიდან ფული საზღვარგარეთ მიაქვთ, „საფრთხეს“ წარმოადგნენ.

რაც შეეხება სხვა თემებს, უკრაინული დაზვერვის ცნობით, „ვაგნერის“ ჯგუფთან დაკავშირებული სამხედრო, ევგენი ნიკიფოროვი რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ანგარიში აგრეთვე ეხმაურება სარატოვში მომხდარ აფეთქებას სამხედრო ბაზაზე. ექსპერტების აზრით, ომის მომხრეები მომხდარს სათავისოდ გამოიყენებენ – გააკრიტიკებენ სამხედრო ხელმძღვანელობას და ომის ესკალაციის მოწოდებას გააჟღერებენ.

ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების გაყიდვაში 2 პირი ამხილეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირია მხილებული.

„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ორი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის პროდუქტებს, რომლებიც თითქოსდა უნდა გამოეყენებინათ ცხოველთა საკვებად.

ნაცვლად აღნიშნულისა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ სასაქონლო იერსახეს, რის შემდეგაც ვადაგასული, უხარისხო საქონლის რეალიზაცია მოტყუებით ხდებოდა თბილისში არსებულ საცხობებში, ნახევარფაბრიკატების დამამზადებელ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით ექვსი ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი.

აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 103 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
  • ტანკი – 3 016 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 6 024 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 1 998 ერთეული [+2]
  • MLRS – 418 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 267 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 707 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 652 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 179 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 352 თვითმფრინავი
  • 192 ვერტმფრენი
  • 2 734 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 267 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 947 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 729 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 779 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ბახმუტში რუსებმა მცირე ტერიტორიაზე მოიპოვეს კონტროლი – ბრიტანეთის დაზვერვა ბოლო 48 საათზე[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„ჩაფხუტს სისხლს არ მოვაშორებ, ისტორიას შევუნახავ“ – უკრაინის ცოცხალი გმირი მფრინავი

ღამით როცა ვმუშაობ, სკოლაში აღარ მივდივარ – 17 წლის ბათუმელი მოსწავლე

ავტორი: ნინი თურაძე, მედიასკოლა

___________________

17 წლის მეა (სახელი შეცვლილია) მეთორმეტე კლასშია და ბათუმში, კლუბ-რესტორანში, ღამის ცვლაში მუშაობს – საღამოს ცხრიდან დილის ექვსამდე. მან გვითხრა, რომ მუშაობა 13 წლისამ დაიწყო. მეა ინტერვიუზე იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ სახელსა და გვარს არ გავასაჯაროებდით – იგი მიიჩნევს, რომ ამის გამო შესაძლოა მან სამსახური დაკარგოს.

  • მეა, რამდენი ხანია მუშაობთ და რამ გადაგაწყვეტინათ მუშაობის დაწყება?

4 წელია ვმუშაობ. დაახლოებით 13 წლიდან. მანამდეც მინდოდა მუშაობის დაწყება, მაგრამ უბრალოდ, ფიზიკურად ვერ მოხერხდა.

მუშაობა ჩემთვის ერთგვარი საშუალება იყო, სახლიდან შორს ვყოფილიყავი. იმედი მაქვს, ერთ დღესაც სახლიდან რომ წამოვალ – გადავრჩები.

  • რა იყო პირველი სამსახური? როგორ იშოვეთ, გაგიჭრდათ თუ არა?

12 წლიდან ვეძებდი სამსახურს. სად არ ვიყავი, ყველა პოზიციაზე შემიტანია განაცხადი, მაგრამ არ გამომდიოდა.

13 წლისამ შემთხვევით ვიშოვე სამუშაო. პრომო გოგონებს ეძებდნენ და ვიზუალით შემარჩიეს. ასაკი არ მითქვამს, არც რაიმე კონტრაქტის გაფორმება დამჭირდა. დროებითი იყო, მაგრამ სადამდეც შევძლებდი, იქამდე უნდა დავრჩენილიყავი. შუა ზაფხული იყო. მევალებოდა შესაბამისი ფორმით ბულვარში სიარული. 4 საათში 15 კმ-მდე გავდიოდი. ყველა შემხვედრთან იმ ენაზე მიწევდა საუბარი, რომელიც ვიცოდი, რადგან ფლაერებზე საკმარისი ინფორმაცია არ იყო დატანილი.

შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით, თანხა საკმაოდ მიზერული იყო. თუმცა მაინც კმაყოფილი ვიყავი, რაღაც თანხის შეგროვება რომ შევძელი.

  • როგორ რეჟიმში მუშაობდით?

ყველგან, სადაც მიმუშავია, მინახავს ადამიანები როგორ რეჟიმში მუშაობენ. ზოგიერთს კვირაში 90-ზე მეტი საათიც უმუშავია, მათ შორის მეც. როდესაც კანონიერად მუშაობის უფლება არ გაქვს, ვერც დაიწუწუნებ ზედმეტ სამუშაო საათებზე. ეს შენთვის, როგორც არასრულწლოვნისთვისაა საჭირო, ზრდასრულებისგან რომ არ გამოირჩეოდე.

ყველა იღლება… მხოლოდ ჩემზე არ მაქვს საუბარი, ზრდასრულებიც იღლებიან. არის ხოლმე დრო, როდესაც დაღლილობის გამო მოიმიზეზებ, რომ ცუდად ხარ და თავს ათავისუფლებინებ.

  • ამჯერად სად მუშაობთ და დღემდე რამდენი სამუშაო გამოიცვალეთ?

ახლა ვმუშაობ ერთ-ერთ ღამის კლუბ-რესტორანში, ღამის ცვლაში. 17 წლის ვარ და ისეთი სამსახური, სადაც შედარებით დიდხანს გავჩერდი, 5-6-ია.

ზოგჯერ ყოფილა ისეც, რომ 3 ადგილას ერთდროულად მიმუშავია. უბრალოდ, ბოლოს ძალიან რომ გადავიღალე და გამოვიფიტე, შევეშვი სამივეს.

  • როგორ უთავსებსკოლას და სამუშაოს ერთმანეთს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხართ აბიტურიენტი?

ვემზადები უნივერსიტეტისთვის. სხვათა შორის, ბევრი წელი დავკარგე მუშაობაზე და მინდა, რომ ეს ყველაფერი ავინაზღაურო. წელს ისე დატვირთულად აღარ ვმუშაობ, როგორც წინა წლებში, მაგრამ ვმუშაობ ძირითადად ღამის ცვლაში, ისე, რომ მყოფნის.

საჯარო სკოლები ვერ იძლევა საკმარის განათლებას. ყველაფერი, რაც ვიცი, ჩემით ვისწავლე, ამიტომ ვერ ვხედავ სკოლაში სიარულის აუცილებლობას. ღამით როდესაც ვმუშაობ, აღარ მივდივარ სკოლაში. ამ დღეებში ან მძინავს, ან ვსწავლობ, ან ვწერ.

  • რამდენად საკმარისია ის შემოსავალი, რომელსაც იღებთ? როგორია მოსწავლის საშუალო ხელფასი?

გააჩნია, სად ვიმუშავებ. ახლა სადაც ვმუშაობ, იქ ნორმალური შემოსავალია სეზონის მიხედვით. თუ სეზონს არ გავითვალისწინებთ, მაშინ – არა.

მსხვილი კომპანიები ყოველთვის ცოტას იხდიან, უპროცენტო მომსახურებით. რამე ახალგახსნილი კომპანია ან რესტორანი უფრო მეტს იხდის. ჩემი ხელფასი ყველაზე ცოტა 150 ლარი ყოფილა და ყველაზე ბევრი – 2500-3200. ამჟამად დღიურ ხელფასზე ვმუშაობ, შესაბამისად, ზოგჯერ რა გამოდის, ზოგჯერ – რა. კლიენტებსაც გააჩნია.

  • რამდენი საათი მუშაობთ?

ახლა ვმუშაობ 8-9 საათი, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ცვლა აღწევდა 15 საათსაც. მუშაობას ვიწყებ საღამოს 9 საათზე და დილით ექვსზე ვამთავრებ.

  • როგორ მიიღეს მშობლებმა ის ფაქტი, რომ მუშაობა დაიწყეთ, მით უფრო ღამის ცვლაში?

ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა ოჯახის მხრიდან. მეუბნებოდნენ – რა გიჭირს? რა არ გყოფნის და ასე შემდეგ. ათასი რაღაც მითხრეს, თავი რომ გამენებებინა. უბრალოდ, მე ვიცოდი, რომ მათგან თავის დასაღწევად მჭირდებოდა ეს სამუშაო და ათასი მიზეზი მოვიფიქრე თავის გასამართლებლად.

  • უკვე მეორედ ახსენეთ, რომ გინდათ ამ ასაკში ოჯახისგან შორს ყოფნა. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რატომ გსურდათ ოჯახისგან თავის დაღწევა?

თავისუფლება მიყვარს. ჩემი ოჯახი იმ საზოგადოების ნაწილია, სადაც ყველა ერთმანეთის აზრზეა დამოკიდებული. ეს არის ის ჯაჭვი, რომლის ნაწილიც არ მინდა ვიყო. არ მიყვარს შეზღუდვები.

მეტი საუბარი არ მინდა ამაზე.

  • თქვენ გარშემო ადამიანებმა, მეგობრებმა, ნათესავებმა, სკოლის მასწავლებლებმა თუ იციან, რომ მუშაობ? როგორ რეაგირებენ ხოლმე ამაზე?

სულ იცოდნენ, რომ ვმუშაობდი. თავიდან ისეთი რეაქცია ჰქონდათ უფროსებს, თითქოს იმიტომ ვმუშაობ, რომ მიჭირს.

ყველა შეიცხადებდა ხოლმე, ვითომც ამ ასაკში მუშაობა დასაძრახი იყოს. აბრალებდნენ ჩემს მშობლებსაც. ამბობდნენ, რომ მშობლებს ვძულდი და არ ემეტებოდათ ჩემთვის არაფერი. იყო ისეთი მოსაზრებებიც, თითქოს მშობლები მაიძულებდნენ მუშაობას.

თავიდან ვცდილობდი, ამეხსნა და თავი მემართლებინა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ამას აზრი არ ჰქონდა და ყურადღებას აღარ ვაქცევდი.

დამოკიდებულება სრულიად შეეცვალათ, როდესაც მათმა შვილებმაც დაიწყეს მუშაობა. ამაყობდნენ, რომ მუშაობდნენ. ვუყურებდი, როგორ მოდიოდნენ მათი ბავშვები და როგორ მუშაობდნენ იმ პოზიციებზე, რომლებზეც ერთ დროს მე მიმუშავია.

  • თქვენი აზრით, რატომ არიან მოსწავლეები იძულებულები, რომ იმუშაონ? რა განაპირობებს ამას?

ზოგიერთს, უბრალოდ, ფული სჭირდება, ზოგიერთსაც იგივე მიზეზი აქვს, რაც მე. არ ვიცი ზუსტად, ვერ გეტყვი.

  • გაქვთ თუ არა გაფორმებული ოფიციალური კონტრაქტი დამსაქმებელთან?

სანამ კანონი არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას, მანამდე არა, მაგრამ როგორც კი შევძელი კანონიერად მუშაობა, კი, გავაფორმე მაშინვე.

  • თქვენი დაკვირვებით, რა კრიტერიუმებით არჩევენ მოსწავლეებს სამსახურში? გასაუბრებისას თუ გეკითხებიან ან ითვალისწინებენ ასაკს?

ჩემ შემთხვევაში კრიტერიუმებზე ყურადღების გამახვილება დაიწყეს 15-16 წლის ასაკიდან, როცა მეუბნებოდნენ, რაღაც მიზეზების გამო უარს. მანამდე ისეთი ამბავი იყო, რომ დამსაქმებლებს პიარისთვის მოსწონდათ გრძელთმიანი გოგონები. გასაუბრებისას ასაკს ძირითადად არ მეკითხებიან და თუ მეკითხებიან, ვიტყუები. ამას არ ამოწმებდნენ.

  • მუშაობისას ხომ არ ყოფილა ოდესმე სექსუალური შევიწროების მცდელობა? თქვენი ან თქვენი სხვა თანატოლის მიმართ?

ყოფილა და ძირითადად სტუმრების მხრიდან.

ბევრ რამეში გამოიხატება ეს. მიმტანი ვარ და, შესაბამისად, კლიენტებთან ურთიერთობა მიწევს. ხშირად, გამოლაპარაკებისას თავაზიანობა ფლირტში ერევათ. ასეთ დროს მეუბნებიან, რომ მუშაობის დასრულებამდე დამელოდებიან და რომ ჩემთან ერთად გეგმავენ სადღაც წასვლას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მართლა საათობით მელოდნენ.

ბევრი იქვე, მუშაობის პროცესში, მავიწროებს. ფიზიკურად შეხების უფლებას არავის ვაძლევ, მაგრამ ასეც ხდება. სხვა თანამშრომლებთან არ ვიცი როგორი სიტუაციაა.

ძირითადად 40-50 წლის კაცები არიან, მაგრამ არიან ქალებიც. უმეტეს შემთხვევაში მაშინ, როდესაც ძალიან თვრებიან. მეუბნებიან ბევრ რამეს, ცდილობენ, რომ ფიზიკურად ჩემთან ახლოს იყვნენ და შემეხონ.

რა უნდა ვქნა? მსგავსი საქციელის  გამო ბოდიშს არავინ იხდის.

  • რა გეგმები გაქვთ სკოლის დასრულების შემდეგ?

ვაპირებ, შევიცვალო ქალაქი, თბილისში გადავალ და დიდი ალბათობით, იქ გავაგრძელებ სწავლას. რა თქმა უნდა, იქაც გავაგრძელებ მუშაობას.

  • თქვენი მეგობრები, თანატოლები თუ მუშაობენ?

ჩემმა მეგობრებმა ახლახან დაიწყეს მუშაობა. ახლა ზუსტად ისევე მუშაობენ, როგორც მე ვმუშაობ ამ ეტაპზე. იყო პერიოდი, როდესაც ერთადერთი ვიყავი ჩემს სამეგობრო წრეში, ვინც მუშაობდა.

  • რაში დახარჯავდით ფულს, უფრო მაღალი ხელფასი რომ გქონდეთ?

ხელფასზე ფიქრს რომ ვიწყებ, თავში ბევრნაირი იდეა მომდის. უფრო მაღალი ხელფასი თუ მექნება, რაღაცებს უკეთესობისკენ შევცვლი – შესაძლებლობებს უკეთ გამოვიყენებდი.

ერთხელ ჩემს ცხოვრებაში მოვახერხე და ავიღე ძალიან მაღალი ანაზღაურება. ეს იყო დაახლოებით 2500 ლარი. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი თანხის აღების საშუალება მომეცემოდა ოდესმე. მაგრამ ნელ-ნელა ამასაც მივეჩვიე. არ ვარ შემგროვებელი ადამიანი, ამიტომ რამდენიც არ უნდა გადამიხადონ, არა მგონია, ეს თანხა ჭკვიანურად გამოვიყენო.

ამ ეტაპზე უფრო მაღალი ხელფასით შევეცდებოდი ჩემი აბიტურიენტობა შემემსუბუქებინა. მათემატიკაზე დავდივარ, რეპეტიტორთან, რის თანხასაც მე თვითონ, დამოუკიდებლად ვიხდი.

მომავალში არქიტექტურის სწავლა მინდა. არქიტექტურის სასწავლად რაც მჭირდება, იმაში დავხარჯავდი ფულს, რაც ჩემს სასურველ უნივერსიტეტში მოსახვედრად დამეხმარებოდა. თუ რამე დამრჩებოდა, იმას სამომავლოდ, საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის გადავინახავდი.

  • მშობლებს თუ ეხმარებით თქვენი შემოსავლიდან?

ვეხმარებოდი. უბრალოდ, აბიტურიენტობის პერიოდში მუშაობას რომ მოვუკელი, იმდენი შემოსავალი აღარ მაქვს, ოჯახსაც რომ დავეხმარო.

  • თქვენი აზრით, როდესაც არ აქვთ ბავშვებს თანაბარი განათლების შესაძლებლობა, ეს რა გავლენას ახდენს მათ მომავალზე?

თუ ადამიანი ვერ გაიაზრებს რა უნდა, რატომ არის, სად არის, რა მიზნები აქვს და სად უნდა რომ იყოს, აზრი არ აქვს 10 რეპეტიტორი ეყოლება, თუ არც ერთი. მათ შორის ვერც მშობელი იზამს ვერაფერს.

თუ გააზრებული გაქვს, მაშინ, რა თქმა უნდა, მშობლის მხარდაჭერა ყველა მიზნის მიღწევაში შეგიწყობს ხელს. რაც უფრო შეგეწყობა ხელი, მით უფრო მარტივია. ამ შემთხვევაში ფინანსები გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ჩემი აზრით, ხალხი, რომელსაც ყველაფერი ლანგრით აქვს მირთმეული, არ არის საკუთარ თავში ბოლომდე გათვითცნობიერებული.

  • და ბოლო კითხვაც, ყველაზე მნიშვნელოვანი რა ისწავლეთ მუშაობისას?

ვისწავლე, რომ ბევრი რამე შემიძლია. რაც შეუძლებლად მეჩვენებოდა, აღმოვაჩინე, რომ შესაძლებელია.

რაც შეეხება ხელფასს – ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ იმდენს გამოვიმუშავებდი, რამდენიც გამოვიმუშავე. რთული იყო, მაგრამ გამოვიდა, თან საკმაოდ ადრეულ ასაკში. ვისწავლე, რომ როდესაც რაღაც არ გინდა, მაგრამ გჭირდება, რთულია გაძლება.

___________________

მასალა მომზადებულია „ბათუმელებისა“ და „ბათუმის ამერიკული კუთხის“ ერთობლივი პროექტის – „მედიასკოლის“ ფარგლებში. 

„ჩაფხუტს სისხლს არ მოვაშორებ, ისტორიას შევუნახავ“ – უკრაინის ცოცხალი გმირი მფრინავი

27 წლის ვადიმ ვოროშილოვი უკრაინის ცოცხალი გმირია. ის სასწაულებრივად გადარჩა: აალებული თვითმფრინავიდან გადახტა – ისე, რომ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. მწყობრიდან გამოსულ თვითმფრინავში მჯდომმა, ისიც კი მოახერხა, თვითმფრინავისთვის მიმართულება შეეცვალა და დასახლებული პუნქტიდან შორს მიემართა, ხალხი რომ არ დაშავებულიყო. ეს ყველაფერი კი სულ რაღაც 40 წამში მოხდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, 5 დეკემბერს ვადიმ ვოროშილოვს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. ეს იშვიათი გამონაკლისია, უმეტესად გმირის წოდებას სიკვდილის მერე ანიჭებენ უკრაინის ომში მებრძოლებს.

კარაია – ასე იცნობდნენ ვადიმს საჯარისო ნაწილებში. რამდენიმე თვეა უკრაინულ მედიასა და სოციალურ ქსელებში მის შესახებ არაერთი ცნობა ვრცელდება.

მფრინავი გამანადგურებლის პილოტმა 12 ოქტომბერს 5 ირანული დრონი გაანადგურა, რის შემდეგაც თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა. ვადიმმა ვინიცის ოლქში შეძლო კატაპულტირება. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტში არ ჩამოვარდნილიყო.

უკრაინის ცოცხალი გმირი თავად უყვება თავდაცვის ძალების გამოცემას Armyinform, იმის შესახებ, რაც 12 ოქტომბერს გადახდა.

„კატაპულტირება ტექნიკურად რთული არაა, ასე ჩანდა. სახიფათო კატაპულტირების შედეგებია: როცა არ იცი რა მოხდება, სამწუხაროდ კატაპულტირების შედეგად რას მივიღებთ ეს არაა დამოკიდებული პროფესიონალიზმზე. უბრალოდ, ვიღაცას უმართლებს, ვიღაცას – არა. პირადად მე ძალიან ბევრჯერ გამიმართლა, შევძელი სახლებზე ჩამოვარდნა ამერიდებინა თავიდან, რბილ ველზე დავეშვი.

საუბარია 2000 კილომეტრზე უფრო დიდი სიმაღლიდან დაფრენაზე. თვითმფრინავი კი გამოვიდა მწყობრიდან, მაგრამ მის ბორტზე რაკეტები არ აფეთქებულა.

სამწუხაროდ, ჩემს კოლეგებს შორის, წარმოუდგენლად კარგ პილოტებს შორის, ასეთი გამართლებით ბევრი ვერ დაიკვეხნის. ამიტომ ამ ჩაფხუტს სისხლს არ მოვაშორებ, ისტორიას შევუნახავ“, – ჰყვება კარაია და აგრძელებს:

პილოტი ომი KARAYA

„დილის 4 საათზე დაიწყო განგაში, ძილის არანაირი შესაძლებლობა არ დარჩა. 5 საათზე უკვე თვითმფრინავში ვიყავი. სამხრეთის მიმართულებით ვმუშაობდი, ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა პირველ ირანულ დრონზე დავიწყე ნადირობა და მოვახვედრე მიზანს. დავიწყე შემდეგი დრონის ძებნა. ერთ საათზე მეტხანს ვიფრინე და სამი მომდევნო სამიზნეც გავანადგურე.

ღამით ისევ გაისმა ბრძანება: „ჰაერიდან!“ ამჯერად ვინიცისკენ გავფრინდი და მალევე გავანადგურე ერთი დრონი. დავიწყე სხვაზე ნადირობა, მივუახლოვდი მაქსიმალურად, ვესროლე რაკეტა და ავაფეთქე, მაგრამ ფოლადის ანასხლეტებმა ჩემივე თვითმფრინავიც დააზიანა. თვითმფრინავმა მწყობრიდან დაიწყო გამოსვლა.

ჩაიფშვნა მინა, სახეში ქარი მცემდა და ვერაფერს ვხედავდი, საკონტროლო პულტების შემოწმება დავიწყე, წინ შუქებს ვხედავდი – ესე იგი დასახლებული პუნქტი იყო. საკონტროლო პულტით თვითმფრინავს მარცხნივ ვუთითებდი მიმართულებას, ტრიალი მინდვრისკენ, ვფიქრობდი: იქნებ მოვასწრო და სანამ აფეთქდება დავსვა ჩვეულებრივად მიწაზე-მეთქი.

ამ დროს კაბინაში ცეცხლი გაჩნდა, ცეცხლის ენები თითქმის მწვდებოდა. თვითმფრინავი კი სიმაღლეს თანდათან კარგავდა. როცა ვყვები, ისე ჩანს, თითქოს ყველაფერი ნელა ხდებოდა, მაგრამ სინამდვილეში კი თვითმფრინავის დაზიანებიდან კატაპულტირებამდე მხოლოდ 40 წამი გავიდა. ყოველი წამი ამ დროს გადამწყვეტია“, – უყვება პილოტი სამხედრო გამოცემას.

მისი თქმით, კატაპულტირების პროცესი 2 წუთს გრძელდებოდა, მაგრამ ეს დრო უგრძეს პერიოდად ახსოვს და დაწვრილებით აღწერს საკუთარ ქმედებებს. დაშვებისას სელფიც კი გადაიღო, მაგრამ არა გასართობად, არამედ საკუთარი მდგომარეობის რეალურად შესაფასებლად, რადგან გრძნობდა, ჩაფხუტის ქვეშ სისხლი სდიოდა:

„კატაპულტირება, მიწაზე დაშვება შენელებულ კადრებად მახსოვს. ვხედავდი, როგორ ცვიოდა თვითმფრინავს ცეცხლმოდებული ნაწილები, მერე როგორ დაენარცხა მიწას და როგორ ასდიოდა კვამლი, რაც მისგან დარჩა. ირგვლივ ვიხედებოდი და ვაფასებდი მდგომარეობას: საით შემეძლო ორიენტაცია, საით უნდა წავსულიყავი. ვფიქრობდი ოჯახზე, თანამებრძოლებზე.

რაფსის მინდორში დავეშვი, ხელ-ფეხი მთელი მქონდა, შევძელი ადგომა, ვხედავდი, ვსუნთქავდი, ესე იგი ცოცხალი ვიყავი. სანამ სმარტფონი გაითიშებოდა მეთაურს შეტყობინება გავუგზავნე, რომ ცოცხალი ვარ, ამა და ამ დასახლებულ პუნქტებს შორის, ამა და ამ კოორდინატებზე-მეთქი.

პილოტი KARAYA

სიხარულისგან გავგიჟდი, როცა ზურგჩანთაში სიგარეტის კოლოფი ვიპოვე. დავჯექი პარაშუტზე და მოვწიე“, – იხსენებს კარაია.

მან რამდენიმე საათს ფეხით იარა. დასახლებულ პუნქტამდე რომ მივიდა ფანრიანი წყვილი, ვლადისლავი და ტატიანა დაინახა.

„ახლა უკვე ჩვენს სოფელს ომის საკუთარი თავგადასავალი ექნება“, – ამბობს ტატიანა – ქალი, რომელმაც ქმართან ერთად ქუჩაში იპოვა ვადიმი.

წყვილმა პილოტი შინ წაიყვანა, მისცეს ტელეფონი, მოუმზადეს ჩაი, აჭამეს, რის შემდეგაც ექიმებმა და მაშველებმა მიაკითხეს პილოტს ტატიანას და ვლადისლავის სახლში.

„მთელი ღამე არ გვეძინა, ამ ამბავზე ვსაუბრობდით, დილით რომ ჩაგვთვლიმა ცოტა ხნით და გაგვეღვიძა ჩემი ქმარი მეკითხებოდა, ტატიანა, ეს ამბავი მართლა მოხდა თუ  დაგვესიზმრაო? ძალიან გვინდოდა ყველასთვის მოგვეყოლა რაც მოხდა, მაგრამ საიდუმლოდ შევინახეთ ყველაფერი და გადავწყვიტეთ ვადიმი ჩვენი ბავშვის ნათლიად მოგვეწვია, რომელიც დღე-დღეზე უნდა დაბადებულიყო.

ვადიმის ტელეფონი საავადმყოფოში დამუხტეს. რომ ჩართო ზარები არ წყდებოდა. ვისაც კი იცნობდა ქვეყნად ყველა ურეკავდა.

„ღამის ორ საათზე მოვახერხე ცოლთან დარეკვა ვიდეოზარით, რომ დამინახა რა მდგომარეობაში ვიყავი, ერთადერთი კითხვა დამისვა – ,,ცოცხალი ხარ?“. მას გაფრენამდე 1 საათით ადრე ველაპარაკე, მხოლოდ ერთი დღე გავიდა ჩვენი საუბრის შემდეგ და ამდენი რამ მოხდა.

დაახლოებით ღამის ოთხი საათისთვის ყველა ჩემს თანამებრძოლს გავუგზავნე ჩემი თავდასისხლიანებული ფოტო წარწერით „დიდება უკრაინას“.

KARAYA – უკრაინის გმირი

დედამ ყველაფერი დილით გაიგო. დამირეკა და მითხრა: ახალ ამბებს ვკითხულობ, წავიკითხე, სადღაც თვითმფრინავი ჩამოვარდნილა და ვნერვიულობდიო. დავამშვიდე, არ ინერვიულო, ახლა ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეგ ჩემი თვითმფრინავი იყო-მეთქი“ – იხსენებს უკრაინის გმირი.

ექიმები ვადიმს ჯერ არ უშვებენ საავადმყოფოდან.

___

კარაიმ ეს ფოტო კატაპულტირებამდე გადაიღო. „ჩაფხუტს სისხლს არ მოვაშორებ, ისტორიას შევუნახავ“, – ჰყვება კარაია.

„ექთნები შემცირდება“ – რა ხდება ბათუმის ტუბერკულოზის ცენტრში

„ექთნებს გათავისუფლებას გვიპირებენ… გავიგეთ, რომ ტუბერკულოზის დეპარტამენტის შენობის ადგილი ინვესტორს უკვე ნაყიდი აქვს და მედპერსონალი ინფექციურის შენობაში გადაჰყავთ, პაციენტების რაოდენობაც შეამცირეს,“ – გვიყვება ბათუმის ტუბერკულოზის დეპარტამენტის ექთანი. მას ვინაობის გამხელა არ სურს. ექთნების მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს სამედიცინო დაწესებულებაშიც.

„სტაციონარული საწოლების რაოდენობა შემცირდა 50-დან 15-მდე… ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 10 ექთანი შემცირდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ციური აბულაძემ, „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის“ დირექტორმა. ეს სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფოს საკუთრებაა და ორ სხვადასხვა შენობაშია განთავსებული.

ექთნის ინფორმაციით, ტუბერკულოზის დეპარტამენტის ძველი შენობა მალე სრულად დაიცლება. კლინიკის დირექტორი კი არ გამორიცხავს, რომ ტუბერკულოზის დეპარტამენტის ძველი შენობა აღდგენას და რემონტს მართლაც არ ექვემდებარება და შესაძლოა, მისამართი შეიცვალონ. თუმცა ციურის აბულაძის თქმით, ტუბერკულოზის დეპარტამენტის შენობა არ გასხვისებულა და არც ადგილმონაცვლეობაზეა მიღებული გადაწყვეტილება.

„უკვე დაიცალა ის შენობა, სადაც ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს და მოზარდებს მკურნალობდნენ. იმ კონკრეტულ შენობაში 10 საწოლი გვქონდა… სტაციონარში კი, 15 ექთანი ვართ. გვითხრეს, რომ 8 უნდა შემცირდეს და ერთმანეთში მოილაპარაკეთ ახალ წლამდეო. ეს გამორიცხულიაო ვუთხარით. ვისაც ორი სამსახური აქვს, ის ავტომატურად წავაო.

ექიმებს არ ვეჯიბრები, მაგრამ ექიმებს თუ აქვთ ორი სამსახურის უფლება, ექთნებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ? თანაც, ღამეს რომ ათენებ და ისე მუშაობ მეორე სამსახურში. აღარ იცი, როდის გძინავს, როდის იღვიძებ… მე მეორე სამსახური არ მაქვს, თუმცა არის რამდენიმე ასეთი ექთანი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ტუბერკულოზის ცენტრის ექთანი.

ექთნის თქმით, სათანადოდ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები პერსონალისთვის, ვინც პაციენტებთან მუშაობს. რთულ პირობებში მომუშავე ექთნის შრომის ანაზღაურება თვეში 440 ლარია.

„დაახლოებით 2 წლის წინ ერთი ექთანი დაავადდა, დამალეს ეს ამბავი… იმ ექთანსაც არაფერი უთქვამს. გადამდებ ფორმაში როცა აღარ ჰქონდა, განაგრძო მუშაობა. ჩვენი უსაფრთხოება მხოლოდ პირბადეა, სხვა არაფერი. სიტყვა კომპენსაცია რა არის, არც კი ვიცით.

ხელფასის სახით ხელზე თვეში მხოლოდ 440 ლარს ვიღებთ. დამლაგებლებს 400 ლარიც არ გამოსდით. დილიდან საღამოს ხუთის ნახევრამდე სამსახურში ვართ, შაბათ-კვირის გარდა. ექიმის ხელფასი 2 – 3 ათასი ლარია, ზოგიერთის კიდევ უფრო მეტი… დირექტორს არ უთქვამს, მაგრამ არის ვერსია, რომ ტუბერკულოზის დეპარტამენტი რეალურად უკვე გასხვისებულია.

ეს სტაციონარი 40 პაციენტზეა გათვლილი, თუმცა კლინიკაში დღეს მხოლოდ 8 პაციენტია,“ – გვიყვება ექთანი. ის ვარაუდობს, რომ დირექციამ მიზანმიმართულად შეამცირა პაციენტების რაოდენობა, ტუბერკულოზის ცენტრის დახურვამ „ზედმეტი ხმაური“ რომ არ გამოიწვიოს.

„იშვიათად ათავსებენ ვინმეს სტაციონარში, ძირითადად სახლში უშვებენ და ვიდეოჩართვით მკურნალობენ. რეალურად მართლაც კარგი პროგრამაა, რაშიც პაციენტებს რთავენ: მედიკამენტები, საკვებსაც აძლევენ… დისპანსერის ექთნებისთვის არაფერი უთქვამთ, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ იმათაც მიადგებიან. ერთიანად რომ არ გამოჩნდეს ბევრი, ჯერ მხოლოდ ჩვენ გვითხრეს შემცირების შესახებ,“ – აღნიშნავს ექთანი „ბათუმელებთან“.

ექთანი გვიყვება, რომ მედდისთვის სამუშაოს შოვნა არც ისე იოლია იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ექთნების დეფიციტია.

„რამდენიმე სხვა კლინიკაში დავტოვე განაცხადი წლების წინ, მაგრამ არაფერი, რამდენიმე თვის შემდეგ მოვიკითხე და ისევ იმ ფაილში ჩადებული დამხვდა ჩემი CV, რომლითაც დავტოვე… ვიცით, რომ დეფიციტია, მაგრამ არაფერი იცვლება, არავის ანაღვლებს ეს,“ – გვითხრა ექთანმა.

„ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის“ დირექტორმა „ბათუმელებთან“ უარყო ექთნის ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევა. მისივე თქმით, მედდები სამუშაოს შესრულების დროს შესაბამისად არიან აღჭურვილნი.

„აქვთ ერთჯერადი ხალათები, ხელთათმანები, ბახილები და პირბადეები, რესპირატორებიც აქვთ,“ – აღნიშნა ციური აბულაძემ.

„ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის“დირექტორის განმარტებით, ბოლო პერიოდში განკურნების მაღალი მაჩვენებელია და დატვირთვა ძირითადად ამბულატორიულ მომსახურებაზე გაიზარდა. ციური აბულაძის თქმით, ამ ფაქტორის გამო აპირებს სავარაუდოდ იანვარში რეორგანიზაციის გამოცხადებას და მედდების შემცირებას.

„შემცირდებიან ექთნები, რომლებსაც ორი სამსახური აქვთ, არიან ასევე 80 წელს გადაცილებული ექთნები…

რაც შეეხება გადასვლას, რა თქმა უნდა, ეს განიხილება, რადგან აქ სახარბიელო პირობები ნამდვილად არ არის, ამაზე დიდი ხანია არის მსჯელობა, კოვიდმაც შეგვიშალა ხელი. ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არაა, სამინისტროც საქმის კურსშია… ინვესტორი რომ არსებობდეს და გასხვისებული იყოს ეს შენობა, მინიმუმ მეცოდინებოდა,“ – გვითხრა ციური აბულაძემ.

ჩაბნელებული ბათუმის შემოსასვლელი მაგისტრალი და გარეუბნები – რა პასუხი აქვს მერიას I VIDEO

გუშინ, 25 დეკემბერს, როცა ბათუმის მერი ცენტრალურ მოედანზე მილიონად ნაყიდ ნაძვის ხეს საზეიმოდ ანთებდა, ქალაქის მთავარი შემოსასვლელი ჩაბნელებული იყო.

ბათუმში შემოსასვლელი ცენტრალური გზის მახინჯაურის მონაკვეთი დღესაც ჩაბნელებულია. მახინჯაურის ძველი რკინიგზის სადგურიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ მძღოლებსა და ქვეითებს კი სრულ სიბნელეში უწევთ გადაადგილება.

ჩაბნელებულია თამარის დასახლების ერთი ნაწილიც.

„როგორც მძღოლს ძალიან მეხმარება ქუჩის განათება. მით უფრო, როცა გადატვირთულ გზაზე ვმოძრაობ. შევამჩნიე, რომ ბათუმში ძალიან ბევრ ქუჩაზე ადგილ-ადგილ გარე განათებები გათიშულია. ხშირად რამდენიმეკილომეტრიან მონაკვეთზეც კი არაა შუქი. მაგალითად, მახინჯაურიდან ბათუმში რომ მოდიხარ, გარე განათება გამორთულია და მძღოლს მხოლოდ შემხვედრი მანქანების შუქი ხვდება თვალებში,“ – ამბობს ქეთა ლაბაძე.

ქეთამ გუშინ, 26 დეკემბერს, ბათუმის რამდენიმე უბანში გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბათუმის რიგი ქუჩები ჩაბნელებულია.

რატომ არის ჩაბნელებული ბათუმის გარეუბნები

„ბათუმელებმა“ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ჰკითხა, რატომ არის გამორთული გარეგანათება ქალაქში შემოსასვლელ მთავარ მაგისტრალზე. მერიიდან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება მეორე კითხვას, თუ როდის აღდგებოდა განათება, მერიიდან მოგვწერეს: „აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია შესაბამისი სამსახური და უახლოეს პერიოდში იქნება საკითხი მოგვარებული“.

ბათუმის მერიაში არ აკონკრეტებენ, როდის დადგება ეს „უახლოესი პერიოდი“.

გარე განათების პრობლემა დგას არამარტო ბათუმის გარეუბნებში, არამედ იმ გზებზეც, რომლებიც ქალაქს ახლომდებარე სოფლებთან აკავშირებს.

„ქალაქგარეთ ვცხოვრობ, ორთაბათუმში, სარიტუალო დარბაზ „სამოთხიდან“ წინსვლის  საჯარო სკოლამდე განათება გათიშულია, სკოლის მერე გრძელდება განათება. ასე რატომ ხდება? ნახევარი ადგილების განათება ახალი სპორტია? უკუნეთი სიბნელე და გაფუჭებული გზა გვაქვს გასავლელი მგზავრებს. ყველაზე მეტად ფეხით მოსიარულეებს უჭირთ, ცენტრალურ გზამდე არის 1.5 კილომეტრი და ადამიანებს უწევთ ამ სიბნელეში ფეხით სიარული. ვუჩერებ ხოლმე გოგოებს, რომ გავიყოლო გზად. მაგრამ პატარა ბავშვით ვმგზავრობ და ვირუსის გამო ჩემთვის ეს საკმაოდ სარისკოა,“ – ამბობს ქეთა.

ორთაბათუმი და წინსვლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია. „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიას ჰკითხა, როდის აპირებს ან აპირებს თუ არა საერთოდ ამ სოფლებში გარე განათების მოწყობას.

„გარე განათებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად მიმდინარეობს გარე განათების მოწყობის სამუშაოები. 2023 წელსაც გაგრძელდება და პრიორიტეტული იქნება, დარჩენილი მიმართულებებით გარე განათების მოწყობის საკითხი,“ – მოგვწერეს ჩვენი კითხვების პასუხად ხელვაჩაურის მერიიდან.

2022 წელს რამდენ სოფელში მოეწყო გარე განათება და მომავალ წელს რომელ სოფლებში იგეგმება, ეს კითხვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უპასუხოდ დატოვეს.

პუტინმა მედვედევს კიდევ ერთი ახალი თანამდებობა შეუქმნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთ ახალ თანამდებობა შეუქმნა დიმიტრი მედვედევს – ის ამიერიდან რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც იქნება.

„მედუზას“ ცნობით, კომისიაში აქამდე ეს თანამდებობა არ არსებობდა. თუმცა, პუტინის ბრძანებით, მოადგილეს შეეძლება კომისიის სხდომების წაყვანა და მის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნა.

დიმიტრი მედვედევი 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი გახდა და პუტინი, რომელიც იქამდე რვა წელი იკავებდა პრეზიდენტის პოსტს, პრემიერ-მინისტრად დანიშნა.

ოთხი წლის შემდეგ მათ ადგილები გაცვალეს. მედვედევმა პრემიერის პოსტი 2020 წელს დატოვა, თუმცა დაინიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. რუსეთში მანამდე არც ეს თანამდებობა არსებობდა.

დიმიტრი მედვედევი დანიშვნიდან დღემდე ამ თანამდებობას იკავებს. ის იმ რუს მოხელეებს შორისაა, რომელიც არ ერიდება და ღიად ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს უკრაინასთან მიმართებაში.

დაშორდით, არ ღირს დროის დაკარგვა – როგორ დააღწია თავი მოძალადე ქმარს 3 შვილის დედამ

ავტორი: სოფი დანელია, 3 შვილის დედა

14 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი, უფრო სწორად, მოტყუებით წამიყვანა და ასე აღმოვჩნდი ახალ ოჯახში. სამი შვილი მყავს – 21 წლის, 15 წლის და 9 წლის. მყავს ერთი შვილიშვილიც. ოთხი წელია რაც დავშორდი ქმარს და ბათუმში გადმოვედი საცხოვრებლად. საკუთარი საქმე წამოვიწყე – ესთეტიკის ცენტრი გავხსენი და ვმუშაობ. მანამდე კი ქმრისგან არაერთი სახის ძალადობის ატანა მიწევდა.

მომინდა ჩემი ისტორია თქვენთვის მომეყოლა… მინდა მაგალითი ვიყო იმ მრავალშვილიანი ქალებისთვის, ვინც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია… ვინც ადრეულ ასაკში გათხოვდა. და კიდევ იქნებ იყოს ვინმე ისეთი, ვისთანაც ფსიქოლოგიის კურსებს გავივლი… ვისწავლი – ჩემს ერთ-ერთ ოცნებას ავიხდენ, შემდეგ კი შევძლებ ჩემნაირ ადამიანებს უსასყიდლოდ დავეხმარო.

დედისერთა ვარ, ამიტომ მშობლები არაფერს მაკლებდნენ. დედის გულზე მეძინა, ისე გავიზარდე.

მეორე კლასში ვიყავი, როცა დედა ემიგრაციაში წავიდა. ძალიან გამიჭირდა. როცა მენატრებოდა, თოჯინებს ვაცმევდი ხოლმე მის ტანსაცმელს და ვეხუტებოდი (ახლაც მეტირება, რომ მახსენდება).

შემდეგ, მე-6 კლასიდან უკვე თბილისში გადავედით და სკოლაშიც იქ დავდიოდი… ერთ-ერთ ახალ წელს, როცა გურიაში ჩავედით, ჩემმა შეყვარებულმა მოტყუებით წამიყვანა. მშობლები შეეცადნენ ჩემ წამოყვანას, მაგრამ საბოლოოდ ასე გამოვიდა, დავრჩი.

მალევე დაიწყო ჩემი შეზღუდვა – „ამას ნუ იცმევ“, „ასე ნუ იცინი“, ამას ნუ აკეთებ“. არ მანებებდა სწავლას, მუშაობას და მაშინ დასრულდა ჩემი სიმშვიდე.

ქმრის ოჯახში საშინელი გარემო დამხვდა. ყველა ჩხუბობდა – დედამთილ-მამამთილი, ბებია- ბაბუა, მული… ლამის შევიშალე, მეგონა, საგიჟეში მოვხვდი.

დამემართა ნევროზი, ისე ვიყავი, ხალხის დანახვა აღარ მინდოდა. საათის, წვიმის ხმაც კი მოქმედებდა ჩემზე და გული მიმდიოდა. ორსულობაც საშინელი მქონდა, ამას დაემატა სტრესი. ექიმმა მითხრა, შენ თავს თუ არ მიხედე, ისე არაფერი გამოვაო. ამ დროს 16 წლის ვიყავი.

ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა (ძმაკაცის ცოლი), სმს-ებს ვნახულობდი ხოლმე. როცა ვეუბნებოდი, იწყებდა ჩხუბს, შეურაცხყოფას მაყენებდა, ფიზიკურადაც მეხებოდა. ხელის მოჭერა იცოდა…

თავს ვიდანაშაულებდი, რომ მასთან დავრჩი. რადგან დედა ძალიან ნერვიულობდა ჩემზე, ვცდილობდი არაფერი გაეგო. ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ გამოსწორდებოდა.

მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად, როცა ისე მეჩხუბა, წავალ-მეთქი ვუთხარი. ხელი მომიქნია და ყელში წამიჭირა – აბა, გაბედე და წადიო.

ვითმენდი ყველაფერს, დავთმე ყველაფერი – მშობლები, მეგობრები, ნათესავები.

დავკარგე ბინა, რომელიც დედაჩემმა მიყიდა, ბანკში ჩავუდე და აღარ გადაიხადა. ყველაფერი დავკარგე, ჩემი თავიც.

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად არ ვიყავი მასზე დამოკიდებული, ჩემი ოჯახი მეხმარებოდა, მაინც ვერ შევძელი დროულად გადამედგა მისგან წამოსვლის ნაბიჯი. არც ბავშვებს ერიდებოდა, ისეთ სიტყვებს მეძახდა, ყურში არ შეიშვებოდა. ჩხუბისას ხმას თუ არ გავცემდი, ყელში მეცემოდა, რატომ არ მცემ პასუხსო.

ვმუშაობდი. დილით შვიდ საათზე ვდგებოდი და ბავშვებს ვამზადებდი სკოლისთვის, ჩავისვამდი მანქანაში, დავტოვებდი დიდებს სკოლაში, პატარას – ბაღში. სოფლიდან ქალაქში დამყავდა.

მანამდე, სანამ ბავშვები მასწავლებლებთან იყვნენ, მე ვვარჯიშობდი და ჩემი ქმარი ამაზეც ბრაზდებოდა.

საჭმელსაც ვაკეთებდი და სახლსაც ვალაგებდი, თუმცა საღამოს ნასვამი მოდიოდა [რაღაც აბებსაც სვამდა] და მაინც მეჩხუბებოდა. ეგ საჭმელი ბებიაშენს შეასხიო, – მეუბნებოდა.

ბოლო ჩხუბის დროს გავაფრთხილე, იცოდე წავალ, არ გაპატიებ-მეთქი და უარესი გააკეთა. იარაღით გამომეკიდა. ღამე იყო, გარეთ კარგად არ ჩანდა ყველაფერი და დავიმალე. ეგონა, გარეთ გავიქცეოდი და ჭიშკრისკენ ისროდა.

ეზოშიც მეძება და რომ ვერ მიპოვა, უკან შებრუნდა.

მერე ოთახში გავიგონე გასროლის ხმა. მეგონა, ბავშვებს ესროლა. მივვარდი და იარაღი წავართვი, ტყვიები გამოვყარე. მამა მეზობლად ცხოვრობდა, რომ მოვიდა, ჩემმა ქმარმა ტყუილები დაიწყო, იარაღს ვწმენდდი და გამივარდაო. სიმწრისა და სიბრაზისგან ისე ვიყავი, რომ დანა ავიღე – მოგკლავ-მეთქი ვუთხარი და ისიც წამართვა.

ბავშვები მამას გავაყოლე. ჩემი ქმარი დაჯდა და ტირილი დაიწყო, თავს მოვიკლავო…

მე საბოლოოდ წამოვედი მისგან.

დედა, რომელიც 15 წელი უცხოეთში იყო, ჩამოვიდა. დღე არ გადიოდა, ქმარი და მისი ნათესავები არ მოსულიყვნენ, შეურიგდიო – ამის სათქმელად. იმ ზომამდე მიმიყვანეს, გადავწყვიტე თავი მომეკლა და წამლები დავლიე. დღემდე ვნანობ. ამის შემდეგ ოჯახის წევრები და ნათესავებიც მომეშვნენ.

დაახლოებით რვა თვე იყო გასული, ისევ დაიწყო დარეკვები და ბავშვებთან მიქმნიდა პრობლემებს. მაშინ მივმართე პირველად პოლიციას და გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი.

სოფი დანელიამ ქმართან განქორწინების შემდეგ ესთეტიკის ცენტრი გახსნა ბათუმში

ვფიქრობ, ჩემი ქმრის ასეთი მდგომარეობა ოჯახური გარემოს ბრალიც იყო. მამამისს სხვა ქალი ჰყავდა და ჩემს ქმარს ძალიან ცუდად ექცეოდა. ხალხში, ბიჭებთან სულ ეუხეშებოდა. თვითონაც ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ბევრჯერ ვუთხარი დედამისს და მასაც, რომ ფსიქოლოგი სჭირდებოდა, მაგრამ არ მისმენდნენ.

პოლიციაში როცა ვუჩივლე, წესით, მაშინ უნდა ჩაერთო სახელმწიფოს სარეაბილიტაციო პროგრამაში, რადგან ისევ აქვს ბავშვებთან შეხება. მათაც ძალიან ცუდად ექცევა. წესით, სოციალური მუშაკიც უნდა დაინტერესებულიყო იმით, რომ ფსიქოლოგის დახმარება დაენიშნა ჩემი ყოფილი ქმრისთვის და ჩვენთვისაც. თუმცა სახელმწიფოს ეს საკითხი არ აინტერესებს.

ისიც არ ვიცი, იარაღი ჩააბარებინეს თუ არა. ბავშვები როცა დაიბარეს პოლიციაში, მათ არ დაუმალავთ და უთხრეს, რომ მოსაკლავად მომსდევდა.

ის იარაღიც ნაცნობობით ჰქონდა აღებული. იმედია, ჩამოართვეს.

ერთი წელია, რაც სხვა ცოლი მოიყვანა, უკვე შვილიც შეეძინა, მაგრამ, როგორც ვიცი, ის ქალიც ისეთივე ძალადობის მსხვერპლია, როგორც მე ვიყავი.

ახლა უკვე ჩემს შვილსაც ვეუბნები და სხვა ქალებსაც მინდა ვუთხრა, რომ ჩემი შეცდომა არ გაიმეორონ – არ გაჩერდეთ ადამიანთან, ვინც გართმევს პირად ცხოვრებას და ძალადობს თქვენზე. არ ღირს დროის კარგვა, დროულად უნდა დაშორდეთ, რადგან მოძალადე ადამიანები არ იცვლებიან, გამორიცხულა.

ძალიან დიდი ენერგიის ხარჯზე შეიძლება რაღაც დროით შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მაგრამ საბოლოოდ, მოძალადე ადამიანი არ იცვლება.

წამალდამოკიდებული თუ არის, ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

„არ ვიცი, სად წავიდე“, „ბავშვები სად წავიყვანო“, – ამბობენ ხოლმე ძალადობის მსხვერპლი ქალები, რადგან არც მშობლები და ახლობლები უდგათ გვერდით. ამიტომ, ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს მარტოხელა დედები, მოძალადისგან თავის დაღწევა უფრო ადვილად რომ შეძლონ.

როცა ქურდობა და ყაჩაღობა ხდება, წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ ბრალდებულს. ქალზე როცა ძალადობენ – მაშინ გარეთ უშვებენ. შემაკავებელი ორდერი ხშირად არაფერს აკეთებს, შეიძლება დახვდეს ქალს სადმე და მოკლას.

ჩემი მკვლელობის მცდელობა ჰქონდა. მე, შეიძლება ითქვას, გადავრჩი, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება“.

„ღმერთმა არც დაგაჭირვოთ“ – რა მტკიცებულებები აჩვენეს გალიფ ოზთურქის საქმის მოსამართლეს 

განსაკუთრებული სიფრთხილით ამოიღო დიდი შეფუთვიდან კოკაინის პატარა შეკვრა პროკურორმა ლევან მურვანიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე და თქვა: „ეს კოკაინია“.

გაშლილ ქაღალდზე დაყრილ კოკაინის ფხვნილს პროკურორის პირისპირ ჩამომდგარმა ადვოკატებმა დახედეს. მოსამართლეც წამოდგა ფეხზე.

ეს ის კოკაინია, რომელიც გამოძიების მტკიცებით, მილიონერი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის აპარტამენტიდან ამოიღეს.

დღეს, 26 დეკემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას პროკურორმა „ოზთურქის საქმის“ ნივთიერი მტკიცებულებები აჩვენა.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

„არ მინდა ყველაფრის წაკითხვა“, – თქვა პროკურორმა, როცა მტკიცებულებების შეფუთვიდან საგულდაგულოდ და ცალ-ცალკე ამოალაგა სხვადასხვა სახის პრეპარატი.

„ღმერთმა არც დაგაჭირვოთ“, – მიმართა პროკურორს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

ადვოკატების მტკიცებით, ფსიქოტროპული ნივთიერებების ნაწილს, რაც გამოძიებამ ჩხრეკის დროს ამოიღო, ოზთურქი მძიმე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მოიხმარდა.

ადვოკატებმა მოსამართლეს სამედიცინო პრეპარატების დიდ შეფუთვაზე მიუთითეს და უთხრეს, რომ ამ გენეტიკური პროფილის ექსპერტიზა მედიკამენტების არცერთ შეფუთვაზე არ ჩატარებულა.

„რაზეც ჩატარდა და მძიმედ არის საქმე, ეს თუ არ გადარდებთ, კი ბატონო“, – ადვოკატებს გახედა პროკურორმა და შეფუთვიდან სხვადასხვა სახის მედიკამენტის ამოლაგება განაგრძო.

გამოძიებამ გენეტიკური პროფილის ექსპერტიზა კოკაინის შეფუთვაზე ჩაატარა, ექსპერტიზით დადასტურდა ამ კონკრეტულ შეფუთვაზე ოზთურქის ანაბეჭდი.

შემდეგ სხდომაზე მოსამართლე იმ ვიდეოს ნახავს, რაც საგამოძიებო ორგანომ გადაიღო ოზთურქის აპარტამენტის ჩხრეკის დროს. ადვოკატების თქმით, გადაღებული ვიდეოს ხანგრძლივობა დაახლოებით 8 საათია.

ოზთურქის პატიმრობის 9-თვიანი ვადა თებერვალში სრულდება. მანამდე მოსამართლემ დაცვის მხარის მოწმეებსაც უნდა მოუსმინოს.

ბრალდებული გალიფ ოზთურქი არც დღევანდელ სასამართლო სხდომას დასწრებია. ის აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს პროცესზე დასწრებას.

———————–

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

Exit mobile version