მთავარი,სიახლეები

რაზე დავობს სკოლის მოსწავლე პარლამენტის წინააღმდეგ

28.12.2022 • 1388
რაზე დავობს სკოლის მოსწავლე პარლამენტის წინააღმდეგ

მე-10 კლასის მოსწავლე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც,  სასამართლო, სისხლის სამართლის ნებისმიერი საქმის განხილვის დროს, ჯერ პროკურატურის მოწმეებს უსმენს, შემდეგ კი დაცვის მხარეს.

რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს რეგულაციაში, რომლის მიხედვითაც ადვოკატი ვერ მოითხოვს მისი მოწმე გამოკითხონ სასამართლოში, ვიდრე პროკურორი თავისი მოწმეების სიას არ ამოწურავს?

მოსარჩელე ბექა [სტატიაში მოზარდების სახელები შეცვლილია] 16 წლის ბრალდებულია. მას თანასკოლელის მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

ეს ამბავი თბილისში მოხდა 2022 წლის 30 მაისს: საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტის გაკვეთილზე მასწავლებლის თვალწინ იჩხუბეს, შემდეგ კი ჩხუბი სკოლასთან ახლოს მდებარე ავტოფარეხში გაგრძელდა. მუცელში დანით დაჭრილი მოზარდი მეზობლებმა გადაიყვანეს კლინიკაში, ის გადარჩა.

„პოლიციის სამმა თანამშრომელმა დედისგან განმარტოებით გაიყვანა არასრულწლოვანი და სთხოვდნენ, ეღიარებინა დანაშაული. როდესაც პოლიციელები დარწმუნდნენ, რომ დანაშაულთან და დანასთან არასრულწლოვანს არ ჰქონდა შეხება, ის გამომძიებელთან გაიყვანეს, სადაც უკვე დედაც დაასწრეს გამოკითხვას. გამომძიებელმა შეადგინა გამოკითხვის ოქმი, სადაც მოზარდი აღწერდა განვითარებულ მოვლენებს. მას არ უღიარებია დანაშაული,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

31 მაისს ბექას პოლიციელებმა ბრალი წარუდგინეს. გამოძიება მოწმის სახით გამოკითხულ მოსწავლეებს დაეყრდნო, რომლებიც შემთხვევის შემდეგ, ღამით გამოკითხეს გამომძიებლებმა.

გამოძიების ვერსიით, ჩხუბის დაწყებამდე ბექას კლასელმა ადგილზე მიიტანა დანა და გადასცა სხვა კლასელს, რომელიც ითხოვდა დანის მიტანას, რადგან განზრახული ჰქონდა, „დაზიანება მიეყენებინა გაურკვეველი პირისთვის“.

მთავარი მოწმე დათოა, რომელიც კონფლიქტის ადგილზე დანით შეიარაღებული მივიდა და გამომძიებლებს უთხრა, რომ ჩხუბის დროს წაიქცა, ჯინსის შარვლის წინა ჯიბიდან დანა ამოუვარდა. მოწმის თქმით, დანა სწორედ ბექამ აიღო ხელში… ამ მოწმეს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში არ უთქვამს, რომ დაინახა, ვინ ვის დაარტყა დანა.

მოგვიანებით იგივე მოწმემ თქვა, რომ მისი ჩვენება ფალსიფიცირებულია და არ დაუნახავს დანა რომ ბრალდებულმა აიღო ხელში.

„გამოძიების დასრულების ბოლო დღეს [01.07.2022 წ.] აღნიშნული მოწმე ადვოკატთან გამოიკითხა, სადაც მან განმარტა, რომ ის არ იყო დანაშაულის თვითმხილველი და გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია არასწორი და მანიპულაციის შედეგი იყო,“ – აღნიშნულია სარჩელში.

თუმცა დათოს ეს განაცხადი მოსამართლეს არ მოუსმენია, მას პროკურორმა ის ჩვენება წაუკითხა, რაც არასრულწლოვანმა საგამოძიებო ორგანოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა.

„დაახლოებით ორი თვე არ მოიყვანეს ეს მოწმე სასამართლოში, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად“,- გვიყვება ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი, ორგანიზაციიდან – „უფლებები საქართველო“.

იგი არასრულწლოვანი ბრალდებულის ინტერესებს იცავს და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მოწმეთა რიგითობასაც წარმდგენი მხარე განსაზღვრავს, ხოლო როცა პროკურორმა ამ მოწმის გამოკითხვა ისურვა, ის უკვე გერმანიაში აღმოჩნდა წასული.

დათო, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მოწმეა, თუმცა იურიდიული ძალა იმ მტკიცებულებას აქვს, რასაც მოწმე სასამართლოში ამბობს და არა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას.

ვინაიდან მთავარმა მოწმემ ფიზიკურად ვერ მისცა ჩვენება სასამართლოს, მოსამართლემ ნება დართო პროკურორს დათოს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება წაეკითხა. საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულება ახლა ეს ჩანაწერია.

არჩილ ჩოფიკაშვილი

„ეჭვებს აჩენს ესეც, როგორ დატოვა მოწმემ საზღვარი, როცა მას ჩვენება არ ჰქონდა მიცემული,“ – დასძენს არჩილ ჩოფიკაშვილი.

არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობის ამ საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებული მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

„ეს იგივეა, კრივში ჯერ ერთმა ურტყას და როცა დაასრულებს დარტყმებს, შემდეგ დაიწყოს მეორემ,“ – ასე ხსნის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი სამართლებრივ ნორმას, რომლის მიხედვითაც ჯერ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.

კონსტიტუციის 31-ე მუხლი კი ამბობს: „ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს“.

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართულ სარჩელში აღწერილია ისტორიაც, რა მოხდა ბრალდებულის ვერსიით მას შემდეგ, რაც მისი თანასკოლელი დაჭრეს.

„ბრალდებულის ოჯახის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულთან საავადმყოფოში იმყოფებოდნენ პოლიციელები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ბექა დანაშაულს აღიარებდა, ის იყო დამნაშავე.

დაზარალებულმა არ დაადასტურა პოლიციელების ვერსია, რაც მათ არ მოეწონათ და დატოვეს საავადმყოფო. დაზარალებულის მშობლების განცხადებით, მათ არ მოეწონათ, რომ არ განხორციელდა ბავშვის გამოკითხვა და თუ ადვოკატს ექნებოდა სურვილი, შეეძლო გამოეკითხა არასრულწლოვანი,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

სარჩელის მიხედვით, ადვოკატს დაჭრილი მოზარდი შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 4 ივნისს გამოუკითხავს.

„დაზარალებულმა განაცხადა, რომ ის ჩხუბის დაწყებიდან 4-5 წამში უკვე დაჭრილი იყო და ამ დროს, მისი მხედველობის არეში ან მის სიახლოვეს ბექა არ იმყოფებოდა. დაზარალებულმა გამორიცხა დანით შეიარაღებულის ჩვენება, რომ სისხლი შესაძლოა, ჩხუბის დასრულების შემდეგ გადასულიყო მის ტანსაცმელზე და გამოძიების ბოლო ეტაპზე დამატებით გამოკითხვისას განაცხადა, რომ მისი დაჭრის დროს ძირს წაქცეული არავინ ყოფილა“ – ვკითხულობთ სარჩელში

თუ მოსწავლის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს, პარლამენტს კანონის შეცვლა მოუწევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: