გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება ცალსახად შეცდომა იყო – ინტერვიუ ისტორიკოსთან

„როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი ფორმდებოდა, რუსეთი მზარდი ძალა იყო და ეს ძალა მოდიოდა სამხრეთ კავკასიაში. დღეს კი რუსეთი ცალსახად მილევადი ძალაა და კავკასიიდან მიდის….“ – ამბობს ისტორიკოსი თეიმურაზ პაპასქირი. მისი დაკვირვებით, ხელისუფლება საქართველოში აქტიურადაა ჩართული ერეკლე მეორეს დაცვის კამპანიაში, თუმცა ღიად ვერ ამბობს, რომ ტრაქტატის დადება გამართლებული იყო.

„ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი: ხელისუფლება შეინარჩუნოს… ის საფრთხეს ხედავს პროდასავლურ ძალებში და ეყრდნობა პრორუსულ ძალებს, რომლებისთვისაც ერეკლეს სახელი ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – გვითხრა თეიმურაზ პაპასქირმა საუბრისას, ინტერვიუში კი მას გეორგიევსკის ტრაქტატზე ვესაუბრეთ: რა არის ეს ტრაქტატი? რა ვითარებაში გაფორმდა? რატომ აწყობდა გეორგიევსკის ტრაქტატი საქართველოს და რა ინტერესი ამოძრავებდა ამ დროს რუსეთს? რა შეიცვალა ტრაქტატის გაფორმების შემდეგ?

„ბათუმელებმა“ სწორედ ამ თემაზე ჩაწერა ინტერვიუ ისტორიკოსთან, თსუ-ს პროფესორ თეიმურაზ პაპასქირთან.

  • ბატონო თეიმურაზ, პირველ რიგში, თქვენი დაკვირვება გაგვიზიარეთ: „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მიმართ ინტერესის გაზრდა უკავშირდება მხოლოდ ლევან ბერძენიშვილის ცნობილ კრიტიკულ შეფასებას ერეკლე მეფის მიმართ, თუ ეს ისტორიული დოკუმენტი არის თანამედროვეც, მიმდინარე ომის გათვალისწინებით, რადგან აჩვენებს რუსეთის დამოკიდებულებას გარე სამყაროს და „მოკავშირეების“ მიმართ?

გეორგიევსკის ტრაქტატზე დავა ქართულ საზოგადოებაში რეალურად არც არასდროს შეწყვეტილა. პირველი, ვინც ტრაქტატის წინააღმდეგ ძლიერად გაილაშქრა, ილია ჭავჭავაძე იყო. იგი ამბობდა, რომ ტრაქტატის გაფორმების 100 წლისთავი არ უნდა აღნიშნულიყო. მას მიაჩნდა, რომ ეს ტრაქტატი დამღუპველი იყო ქვეყნისთვის.

გეორგიევსკის ტრაქტატი უარყოფითად შეფასებული აქვს ასევე ივანე ჯავახიშვილს.

დღეს, გასაგებია, რომ ტრაქტატის თემამ წამოიწია ლევან ბერძენიშვილის მხრიდან ერეკლე მეორეს მოღალატედ მოხსენიების შემდგომ. მე პირადად არ ვიზიარებ ლევან ბერძენიშვილის შეფასებას, თუმცა ტრაქტატთან დაკავშირებით მეფის გამართლება უბრალოდ ძალიან ძნელია.

გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების მთავარი მიზანი რეალურად იყო ომარ-ხანის შემოსევების თავიდან აცილება, რაც ამ ტრაქტატმა ვერ უზრუნველყო, ტრაქტატის გაფორმების მეორე წელსაც იყო თავდასხმა და ამით ვერავითარი წესრიგი ქართლ-კახეთში ვერ დამყარდა. პირიქით, ტრაქტატმა საფუძველი დაუდო სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო პლაცდარმის გაჩენის შესაძლებლობას.

  • თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელი იყო ერეკლე მეორეს შეეფასებინა რისკი, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მფარველობის ნაცვლად, პირიქით მიიტაცებდა რუსეთი საქართველოს? 

ერეკლე მეორის პოლიტიკა ნამდვილად არის დაწვრილებით შესასწავლი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრთხეების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად იმ დროისთვის რუსეთი ერთადერთი ვარიანტი  არ იყო.

ცნობილია, რომ იყო მცდელობა ავსტრიის იმპერატორთან დაკავშირების. იოზეფ მეორეს მაშინ ჰქონდა შავიზღვისპირა პროექტი, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ერეკლეს მიერ გაგზავნილი კაციც გზაში მოკლეს, სხვათა შორის, რუსებმა.

რეალურად, იმ დროისთვის ოსმალების მხრიდან საფრთხე მოცილებული იყო აღმოსავლეთ საქართველოსთვის. დასავლეთ საქართველოსთვისაც კი, ოსმალების საფრთხე არ არსებობდა ტრაქტატის გაფორმების დროს იმ ფორმით, როგორც ეს იყო მანამდე, 10 ან 20 წლით ადრე.

ამ დროს ირანშიც დიდი არეულობაა და არც ირანია საფრთხე ქართლ-კახეთის სამეფოსთვის. რეალური საფრთხე მოდიოდა მხოლოდ ომარ-ხანიდან, ანუ ჩრდილოეთ კავკასიიდან, რადგან მთავარი პრობლემა ლეკიანობა იყო. ამის ალაგმვა ვერ მოახერხა ერეკლემ და მიიჩნია, რომ რუსეთი დაეხმარებოდა. მფარველობაში შესვლა, პროტექტორატი, იმ დროისთვის საკმაოდ მიღებული ფორმა იყო.

ტრაქტატის პირვანდელი ვერსიის თანახმად ყველაფერი ისევ ბაგრატიონების ხელში უნდა ყოფილიყო და მხოლოდ საგარეო ურთიერთობებში უნდა ჰქონოდა რუსეთს საქართველოს მფარველის როლი, რაც იმ დროისთვის საკმაოდ მიღებული ფორმა იყო. რეალურად კი, რუსეთის თვითმიზანი არასდროს ყოფილა ქართლ-კახეთის მფარველობა, ან სხვა სამეფო-სამთავროების, მას სურდა პირდაპირ საქართველოს შეერთება. ეს განახორციელა კიდეც და ტრაქტატი გამოიყენა.

  • აღიქმებოდა რუსეთი იმ დროს საფრთხედ, რომ მფარველობის მიღების ნაცვლად, რასაც ტრაქტატი ითვალისწინებდა, რუსეთი საქართველოს მიიტაცებდა? 

იმ მომენტისთვის რუსეთი ჯერ არ არის შემოსული სამხრეთ კავკასიაში, შესაბამისად, ის საფრთხედ არ აღიქმება. პირიქით, უკვე თამაშობს ერთმორწმუნეობის მომენტი თავის როლს.

გარდა იმისა, რომ რუსეთი იღებდა მფარველობას საქართველოს უსაფრთხოებაზე, იყო მუხლებიც, სადაც პირდაპირ ჩანდა საფრთხე… რეალურად, რუსეთი შეიძლება ისედაც შემოსულიყო სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ ჩვენი მხრიდან დახმარება რომ არ ყოფილიყო, რუსეთისთვის ეს პროცესი გაცილებით ხანგრძლივი და რთული იქნებოდა.

გარკვეული პროცენტი არსებობს იმისაც, რომ შესაძლოა, საერთოდ ვერ მოეხერხებინა რუსეთს აღმოსავლეთ საქართველოში შემოსვლა. წარმოიდგინეთ, რომ ქართლ-კახეთის სამეფოში პირდაპირ არ შემოსულიყო რუსული ჯარი ტრაქტატის საფუძველზე და ყოფილიყო წინააღმდეგობა, ჩრდილოეთ კავკასიაში ომი შამილთან ათწლეულები გაგრძელდა. როცა ჩრდილოეთ კავკასია არ გაქვს დამორჩილებული, სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ოპერაციის განხორციელება რთულია.

სომხეთი და აზერბაიჯანიც ქართლ-კახეთის შეერთების შემდეგ დაიკავა რუსეთმა. ასევე, აღა-მაჰმად-ხანის მოთხოვნა იყო ის, რომ ტრაქტატზე უარი ეთქვა ერეკლეს. აღა-მაჰმად-ხანის პოზიცია მაშინ იყო ის, რომ დამატებით მიწებს ჩააბარებდა ქართლ-კახეთის სამეფოს, ოღონდ რუსები არ შემოეშვათ სამხრეთ კავკასიაში.

  • ეს მოთხოვნა პუტინის მოთხოვნას არ ჰგავს, ნატოს წევრი არ გახდნენ მისი მეზობლები, რომლებსაც მუდმივად თავს ესხმის? 

დიახ, ზუსტია ეს პარალელი, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ აღა-მაჰმად-ხანი არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც დღევანდელი რუსეთია.

მოკლედ, დღევანდელი გადასახედიდან, გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება ცალსახად შეცდომა იყო.

ლეკიანობის შიშით გაცილებით დიდი პრობლემა შეიქმნა. ლეკიანობის გამკლავებას სჭირდებოდა სხვა ორგანიზება, საზღვრების გაძლიერება და ასე შემდეგ. ერეკლე მეორე ამ დროს ისეთივე ენერგიული ვეღარ არის, როგორც მანამდე, ქვეყანაში დაუსრულებელი დავაა ტახტის მემკვიდრეობის წესთან დაკავშირებით.

  • რატომ გახანგრძლივდა მოლაპარაკების პროცესი გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე 12 წელი? ცნობილია, რომ 1771 წელს დაიწყო მოლაპარაკებები.

დიახ, პირველი რედაქცია 1771 წელს მომზადდა და მაშინ დაიწყო მოლაპარაკებები. მაშინ ამ პროცესში ჩართული იყო დასავლეთ საქართველო და სოლომონ პირველიც, მასთანაც უნდა გაფორმებულიყო იგივე ტრაქტატი ერთდროულად, მაგრამ ეს არ გამოვიდა. როგორც ჩანს, სოლომონს არ მოეწონა გარკვეული მუხლები.

ტრაქტატის გაფორმებამდე რუსეთისთვის მთავარი პრობლემა ყირიმი იყო, ტრაქტატის გაფორმება ხდება ზუსტად ყირიმის ანექსიის პერიოდში. ამ დროს განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა სამხრეთ კავკასიაში შემოსასვლელად.

ამ პერიოდში რუსეთში აქტიური იყო ე.წ. ბერძნული პროექტის განხორციელება, რაც ითვალისწინებდა კონსტანტინოპოლზე კონტროლის დამყარებას და საბოლოოდ ოსმალთა იმპერიის განადგურებას. ევროპის გავლით ეს არ გამოდიოდა, კავკასია უფრო ხელსაყრელი იყო და საფუძველს აძლევდა რუსეთს მომავალი ომებისთვის ოსმალთა იმპერიასთან.

  • რა გამოვიდა რეალურად, რა მივიღეთ? 

რეალურად გამოვიდა ის, რომ ქართლ-კახეთში ჩადგა რუსული ჯარი, რამაც საშუალება მისცა რუსეთს, განეხორციელებინა რეალური მიზანი, ამ ტრაქტატით წინაპირობა შექმნა, მას ჯარის ჩაყენება სჭირდებოდა, რომ მარტივად შესაძლებელი გამხდარიყო შემდეგ ქვეყნის დაკავება.

  • გამოდის, საქართველოს რუსეთისთვის მიერთების საქმე გაუმარტივა რუსეთს ერეკლე მეორემ? 

ჰო, გაუმარტივა ბევრად, მთლიანად სამხრეთ კავკასიაში შემოსვლა გაუმარტივა…

ერეკლე მეორემ ყველაზე იოლი გამოსავალი აირჩია იმ დროისთვის, ყველა დანარჩენი მეტ ძალისხმევას ითხოვდა. ეს უფრო მარტივი გამოსავალი იყო.

ეს ეხებოდა თავდაპირველად მხოლოდ ქართლ-კახეთს, თუმცა მალევე შეეხო სხვებსაც… იყო აჯანყებები, პროტესტი, მუდმივად იყო ეს პროტესტი.

  • ამ პროტესტის მიუხედავად და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ერთადერთი თავდამსხმელია, რომელმაც საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა, თქვენი აზრით, როგორ კვებავდა რუსული პროპაგანდა ერთმორწმუნეობის იდეას? 

რუსეთი ყოველთვის იყენებდა და ახლაც იყენებს ერთმორწმუნეობას, როგორც იარაღს. რეალურად კი, მართლაც რუსეთმა გააუქმა საპატრიარქო. რუსეთს არ სჭირდებოდა ერთ ტერიტორიაზე ორი ავტოკეფალიური ეკლესია. გარდა ამისა, გავიხსენოთ, რომ ამ დროს საქართველოში კათალიკოსი იყო, თვით რუსეთის ეკლესიას კი, პატრიარქი არ ჰყავდა, რუსული ეკლესია მთლიანად დამორჩილებული იყო რუსეთის იმპერიას.

ერთმორწმუნეობის იდეა მუშაობდა ბიზანტიის შემთხვევაშიც, როცა ჩნდებოდა მოსაზრება, რომ ბიზანტიასთან ურთიერთობის გაფუჭება ამის გამო არ ღირს. ერთმორწმუნეობის იდეას უფრო აქტიურად იყენებდა რუსეთი პროპაგანდისთვის, რომ რუსეთმა გადაარჩინა საქართველო გამაჰმადიანებას, გათურქებას… სინამდვილეში კი გააკეთა ის, რაც ოსმალეთს და ირანს არ გაუკეთებია საქართველოში – გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია.

  • რა უნდა იყოს ამოსავალი გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასებისას დღეს?

ამოსავალი უნდა იყოს შედეგები, რა შედეგი დადგა ტრაქტატის გაფორმებით.

უნდა ვუპასუხოთ მთავარ შეკითხვას: ტრაქტატი რომ არ გაფორმებულიყო, ემუქრებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების საფრთხე? – არ ემუქრებოდა.

  • დღეს ვხედავთ ორგანიზებულ კამპანიას ერეკლე მეფის და გეორგიევსკის ტრაქტატის გარშემო. ამ პროცესში ხელისუფლების პოზიციონირება აჩვენებს თუ არა საგარეო ორიენტირს, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლაც ტრაქტატის გულშემატკივარია? 

გეორგიევსკის ტრაქტატს ვერ ახსენებენ ნამდვილად, მაგრამ მე ეს შთაბეჭდილება მრჩება.

მთავარი მომენტია აქ არის ის, რომ როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი ფორმდებოდა, რუსეთი მზარდი ძალა იყო და მოდიოდა სამხრეთ კავკასიაში, დღეს კი, რუსეთი ცალსახად მილევადი ძალაა და კავკასიიდან მიდის.

შესაძლოა, 2022 წლის 24 თებერვლამდე ვიღაცას მიაჩნდა, რომ რუსეთი არაა მილევადი ძალა, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით კი გასული წლის სექტემბრიდან, როცა უკრაინამ შეძლო ომში გარდატეხის შეტანა, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ომს უკრაინა მოიგებს და რუსეთს ყველგან ექნება პრობლემები.

დავაკვირდეთ დამოკიდებულებებს რუსეთთან, მათ შორის, რეგიონის დონეზე. სომხეთის პრემიერმაც კი თქვა, რომ რუსეთი ვერ ეხმარება და პირიქით, საფრთხეს ქმნის. ვხედავთ, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი შეიცვალა და რუსეთი აღარ არის დომინანტი.

  • თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ, რატომ აწყობს საქართველოს ხელისუფლებას იმის ჩვენება, რომ ის ერეკლე მეორეს და შესაბამისად, გეორგიევსკის ტრაქტატის აქტიური დამცველია? ეს გზავნილია საგარეო მიმართულებით, თუ შიდა აუდიტორიასთან მუშაობს? 

საქართველოს ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი: ხელისუფლება შეინარჩუნოს. ამ კუთხით ის საფრთხეს ხედავს პროდასავლურ ძალებში და ეყრდნობა პრორუსულ ძალებს, რომლებისთვისაც ერეკლეს სახელი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, ეს აქტივობა არაა გზავნილი საგარეო აუდიტორიისთვის, მათ გათვლა აქვთ შიდა აუდიტორიაზე, რომ აი, ჩვენს ღირებულებებს ებრძვიან, ამას აკეთებს პროდასავლური ოპოზიცია, შეურაცხყოფენ ჩვენს მეფეებსაც, ჩვენ კი, ვიცავთ.

სინამდვილეში, ეს სიყალბეა და ამას ყველა ხედავს. როგორც ჩანს, შიდა აუდიტორიის გარკვეულ ნაწილზე მსგავსი გზავნილები მოქმედებს და სწორედ აქეთკენაა ეს მიმართული.

უკრაინის თავდაცვამ 55 რუსული რაკეტიდან 47 ჩამოაგდო – ზალუჟნი

26 იანვარს, დილით, რუსეთის არმიამ მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს უკრაინაში 55 რაკეტა გაუშვა, მათგან 47 გაანადგურა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტებმა რაკეტები თვითმფრინავებიდან და შავი ზღვის აკვატორიიდან, გემებიდან გაუშვეს. 47-დან 20 რაკეტა კიევის ოლქში ჩამოაგდეს. „რუსების მიზანი უცვლელია – ფსიქოლოგიური ზეწოლა უკრაინელებზე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება. მაგრამ ჩვენ ვერ გაგვტეხენ! მადლობა სამხედროებს, რომლებსაც უჭირავთ ცა უკრაინის თავზე,“ – წერს ზალუჟნი ტელეგრამზე.

საჰაერო განგაში უკრაინაში დღეს 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

განახლებული ინფორმაცია: უკრაინული მედიის ცნობით, 26 იანვარს, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად უკრაინაში მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა.

ტურიზმის კანონი იცვლება – რას ფიქრობენ გიდები სერტიფიცირებაზე

ტურიზმის შესახებ ახალი კანონით, რომლის ინიცირებაც პარლამენტში იგეგმება, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ გიდებს ნებაყოფლობითი სერტიფიცირების რეკომენდაცია ეძლევათ.

ზოგიერთი გიდი მიიჩნევს, რომ სერტიფიცირება ისევ გიდებს გააძლიერებს, ზოგიერთს კი კითხვები აქვს და ნებაყოფლობითი სერტიფიცირების მიღმა ბევრ პრობლემურ საკითხს ხედავს.

  • რა ხდება?

საქართველოში ტურიზმის შესახებ კანონი იცვლება. საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული საკომუნიკაციო დოკუმენტის თანახმად, ამჟამად მოქმედი კანონი მიღებულია 1997 წელს და ვერ პასუხობს მსოფლიო ტურიზმში დღეს არსებულ გამოწვევებს. კანონპროექტის ინიციატორებს მაგალითად მოჰყავთ ის, რომ ძველი კანონით არ არის განსაზღვრული ტურისტების უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმები და შედეგად, მომხმარებელთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული.

ამასთან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტურიზმის დირექტივის მოთხოვნები არ არის ასახული საკანონმდებლო დონეზე.

ახალმა კანონმა კი უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებების დაცვა, მეორე მხრივ კი, დაინერგოს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები.

ახალი კანონით დარეგულირდება მაღალი რისკის ტურისტული მომსახურებებიც.

  • რას შეეხება ცვლილებები?

წინასწარი ცნობებით, ტურიზმის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს ტურისტული საქმიანობის სუბიექტების სავალდებულო რეგისტრაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. სავალდებულო ხდება სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის უფლების მოპოვება – სერტიფიცირება.

განისაზღვრება ტურისტული გიდის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კერძოდ, ტურისტული გიდობის უფლება მიენიჭება 18 წელს მიღწეულ პირს, რომელიც არ იქნება ნასამართლევი განზრახ, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ეცოდინება ქართული ენა B2 დონეზე და B2 დონეზე – ის უცხო ენა, რომელზეც ატარებს ტურს.

კანონპროექტის თანახმად, ტურისტული გიდის პროფესიული სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. სერტიფიცირებულ გიდებს ექნებათ ოფიციალური სამკერდე მოწმობა, რომელსაც გასცემს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ე.წ. გარდამავალ პერიოდში სერტიფიცირებული გიდი უფასოდ შევა სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე.

ამასთან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ადგილებში ტურისტული გიდის საქმიანობის განხორციელების უფლება ექნება მხოლოდ ტურისტული გიდის ოფიციალური სამკერდე მოწმობის მფლობელ პირს.

  • რას ფიქრობენ გიდები და ტურიზმის სექტორში ჩართულები

ცოტნე ჯაფარიძე, ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი იმ რეგულაციების მიმართ, რომელიც ახალ კანონს შემოაქვს.

მისთვის მთავარი კითხვა პირველ რიგში გიდების  ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ეხება.

„ვინ უნდა გასცეს შესაბამისი ლიცენზია, თუ იქნება  სერტიფიკატი ტურიზმის სფეროში – ეს კითხვის ნიშანს აჩენს.

ტურიზმის ადმინისტრაცია თავისზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს ჯეროვნად და ორ წელზე მეტი საერთოდ ხელმძღვანელი არ ჰყავდა.

ვინ უნდა განსაზღვროს, მაგალითად, ჩემი კომპეტენცია? 13 წელია ამ სფეროში ვარ. ვიღაც ჩინოვნიკმა, რომელიც ადმინისტრაციაში ზის? მან უნდა განსაზღვროს ჩემი და ჩემი კოლეგების პროფესიონალიზმი?“ – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.

ცოტნე ჯაფარიძე, ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი

მისი თქმით, ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროში შემოღებული რეგულაციებიდან ერთი წარმატებული მაგალითის მოყვანაც კი ჭირს.

„მაგალითისთვის, ავიღოთ ტექდათვალიერება. ეს არის პროცედურა, რომელიც გვაიძულებს თითოეულმა ავტომფლობელმა ყოველწლიურად გადავიხადოთ გარკვეული თანხა, იმის სანაცვლოდ, რომ რაღაც ფურცელი მოგვცენ.

დანარჩენი ეს ყველაფერი არის  ფარსი, არანაირად არ ხდება მერე ამ მანქანების კონტროლი. არადა, რეგულაციის არსი იყო ის, რომ ქალაქში გაუმჯობესებულიყო ეკოლოგიური მდგომარეობა. გამართულ მანქანებს ემოძრავათ.

განზოგადებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურიზმის სფეროში ამის გაკონტროლება, შესრულდება თუ არა ის რეგულაციები, რომლებსაც ახალი კანონი შემოიღებს, იქნება შეუძლებელი. ან რომელმა ორგანომ უნდა აკონტროლოს საერთოდ ეს?“ – სვამს კითხვას ცოტნე ჯაფარიძე.

ლაშა ბერეკაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი

„ხომ არ მოხდება გიდების საქმიანობის შეზღუდვა ან გაკონტროლება?“ – ეს კითხვა აქვს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელს, ლაშა ბერეკაშვილს.

იგი ამბობს, რომ საქართველოში მოქმედი ტურისტული ასოციაციების ხედვაა, რომ იყოს ავტორიზებული ორგანიზაციები, რომლებსაც ექნებათ საშუალება, თანაბარ პირობებში გადაამზადონ გიდები და გასცენ სერტიფიკატები.

„ეს იქნებოდა იდეაში სამართლიანი. იმ შიშებს მოხსნიდა, რა შიშებიც გვაქვს. რაც შეეხება თავად უშუალოდ გიდებს. ამ ეტაპზე საუბარია გიდების ნებაყოფლობით სერტიფიცირებაზე. მას, ვინც არ გაივლის სერტიფიცირებას, ამ რედაქციით ექნება უფლება იმუშაოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხომ არ მიგვიყვანს ეს ყველაფერი იქამდე, რომ თუ გიდი არ იქნება სერტიფიცირებული, მას აღარ შეეძლება მუშაობა?

ტურიზმმა რეალურად გადაარჩინა ბევრი ადამიანი უსამსახურობას. ვინ იქნება იმის გარანტორი, რომ მერე ეს არ გახდება სავალდებულო?” – კითხულობს ლაშა ბერეკაშვილი.

ამ შიშებისა და კითხვების პარალელურად ლაშა ბერეკაშვილი ფიქრობს, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მოქმედ გიდებს ან გიდობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ  ორწლიანი პერიოდი იმისათვის, რომ მოემზადონ საერთო ეროვნული სერტიფიცირებისათვის.

„მე იდეაში ამის მომხრე ვარ. ჰქონდეთ ადამიანების მოსამზადებელი პერიოდი, ისე, რომ თავიანთ საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ გვინდა სერტიფიცირება და არ გვინდა ხარისხის დადასტურება ან ამაღლება. მაგრამ ეს უნდა იყოს ლოიალური და ადამიანებს უნდა შეეძლოთ მასში ნორმალურად მონაწილეობა, კვალიფიკაციის ამაღლება ნებაყოფლობით და მერე ამისი დადასტურება.

კარგი იქნებოდა, სახელმწიფოს შემდგომ ეზრუნა სერტიფიცირებული გიდების საერთაშორისო ინტეგრაციაზე, ვგულისხმობ, რომ სხვადასხვა ქვეყანას ეღიარებინა ეს სერტიფიცირება. ესეც კარგი ბენეფიტი იქნებოდა და მოტივაცია გიდებისთვის, გაევლოთ სერტიფიცირება,“ – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

თამარ ორაგველიძე, ტურისტული გიდი

ტურისტული გიდი, თამარ ორაგველიძეც მიიჩნევს, რომ სერტიფიცირება გიდებისთვის აუცილებელია, რადგან ეს მინიმუმამდე დაიყვანს საფრთხეებს.

„სერტიფიცირება მანამდე ტრენინგებს გულისხმობს და გიდების კვალიფიკაციას აამაღლებს.  უსაფრთხოება და ტურისტისთვის ქვეყნის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება უმნიშვნელოვანესია,“ – ამბობს თამარ ორაგველიძე.

გიორგი დარციმელია, სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრი ამბობს, რომ მათი ასოციაციის შენიშვნები შეეხებოდა გიდის განსაზღვრებას – როგორც პროფესიის და როგორც მომსახურების.

„ახალ კანონში საუბარია რბილ რეგულირებაზე, რაც ნებაყოფლობითი ფორმაა და საერთოდ არ ჩანს ასოციაციების როლი. ასოციაციების გარეშე კი სერტიფიცირების განხორციელება სრული აბსურდია, იმიტომ, რომ ასეთ პრეცედენტს მსოფლიო არ იცნობს,“ – ამბობს გიორგი დარციმელია.

გიორგი დარციმელია, სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრი

მისი თქმით, რადგან ტურიზმის შესახებ ახალი კანონი ექნება ქვეყანას, სჯობს იმ ქვეყნების გამოცდილება იქნეს გათვალისწინებული, რომლებმაც რეფორმა წარმატებით გაატარეს.

„ის გამოცდილება, რაც ათეულობით წლები გროვდებოდა ამერიკაში, ჰოლანდიაში თუ გერმანიაში, სჯობს მაქსიმალურად გადმოვიტანოთ,“ – ამბობს გიორგი დარციმელია.

გიორგი დარციმელიას თქმით, ახალი კანონით საქართველოს ტურიზმის ასოციაცია იქნება ორგანო, რომელიც  სერტიფიცირებული გიდებისთვის გასცემს სამკერდე ნიშანს.

„ტურიზმის ადმინისტრაცია სახელმწიფო უწყებაა. სახელმწიფო უწყება თუ გასცემს დოკუმენტს, ეს უკვე სერტიფიცირება აღარ არის, ეს ლიცენზირებაა. ლიცენზირება მკაცრი რეგულირებაა და მკაცრი რეგულირება გულისხმობს, რომ ქვეყანაში სავალდებულო არის გიდის რეგისტრაცია.

ამ შემთხვევაში რაღაც გაუგებრობა გამოგვდის, სადაც ასოციაციას თავისი როლი არ აქვს, გიდის ფუნქცია არ არის განსაზღვრული და სერტიფიცირებული გიდის დოკუმენტის გამცემი არის სახელმწიფო ორგანო. ამ რედაქციით კანონპროექტი არის დაუმუშავებელი და ალბათ სამუშაოც ბევრია,“ – ამბობს გიორგი დარციმელია მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებაზე.

მისივე თქმით, ის არ არის სერტიფიცირების წინააღმდეგი, თუკი ეს პროცესი სწორად წარიმართება.

„საქართველოში გიდების ოთხი ასოციაციაა. ბევრ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს ერთსულოვნება. სრული კონსენსუსია ამ საკითხზე, როგორ დარეგულირდეს და ჩვენს როლს ველოდებით, რომ შევუდგეთ საქმიანობის განხორციელებას ისე, როგორც ევროპული ასოციაციები აკეთებენ ამას.

ქვეყანაში, რომელიც ფიქრობს, რომ მასობრივი ტურიზმის გარდა რაღაც მნიშვნელოვანი განავითაროს, აუცილებელია რაღაც წესების შემოღება თუნდაც ნებაყოფლობით დონეზე. ვამბობ – მინდა რაღაც მაღალ სტანდარტს დავექვემდებარო, მივდივარ და გავდივარ სერტიფიცირებას.

ოღონდ სერტიფიცირებას გავდივარ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ, პროფესიულ ასოციაციაში. სხვას არ უნდა ჰქონდეს ეს უფლება, თვითონ გიდები უნდა იყვნენ ჩართული სერტიფიცირების პროცესში.

თუ ისინი არ მონაწილეობენ ამ პროცესში და პრაქტიკოსი გიდების მიერ არ ხდება წესების განსაზღვრა, ის წესები აუცილებლად იქნება ხელოვნური,“ – ამბობს გიორგი დარციმელია.

ტურიზმის შესახებ ახალი კანონპროექტის წარდგენა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაიდო, რადგან სამუშაო დოკუმენტის განხილვებს ტურისტული სექტორის მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და შენიშვნები მოჰყვა.

როგორც „ბათუმელებს“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში უთხრეს, კიდევ ორი საჯარო განხილვაა დაგეგმილი, სადაც სექტორის წარმომადგენლებს მოუსმენენ. ამის შემდეგ კანონპროექტს პარლამენტში დასამტკიცებლად 2023 წლის პირველ ნახევარში წარადგენენ.

ბათუმში 28 იანვრიდან გაავდრდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 26-27 იანვარს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე კი დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

28 იანვრიდან საქართველოს მაღალმთიანეთში ზოგან მოთოვს.

ჰაერის ტემპერატურა 27-28 იანვარს დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსი იქნება, ხოლო 29 იანვრიდან 3-4 გრადუსით დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში შაბათს, 28 იანვარს, ღამით გაავდრდება და 4 თებერვლამდე იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +6, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში 26-28 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 29-31 იანვარს კი შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.

29 იანვრიდან თბილისში შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა ღამით +1, +3, ხოლო დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

თურქული კომპანია უკრაინას დენს მცურავი ელექტროსადგურებით მიაწვდის

თურქულმა კომპანიამ Karpowership-მა ხელი მოაწერა მემორანდუმს უკრაინის ენერგეტიკულ ნაციონალურ კომპანიასთან უკრაინისთვის 500 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ელექტროსადგურების მიწოდებაზე – ამის შესახებ თურქული მედია წერს.

თურქული კომპანიის მცურავ ელექტროსადგურებს 1 მილიონი ოჯახისთვის შეუძლიათ ელექტროენერგიის საჭიროების დაკმაყოფილება.

ელექტროსადგურების განთავსება მოლდოვასა და რუმინეთის პორტებში იგეგმება, მოლაპარაკებები ამ თემაზე მიმდინარეობს.

მცურავი ელექტროსადგურები, სავარაუდოდ, 500 მეგავატი სიმძლავრით დაიწყებენ უკრაინის სადისტრიბუციო ქსელისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას.

Karpowership-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მცურავი ელექტროსადგურის ოპერატორია. კომპანიის ფლოტი 36 გემისგან შედგება.

რუსეთის სარაკეტო დარტყმებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვა.  რუსეთის სარაკეტო თავდასხმებმა უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყნის ენერგოსისტემას.

 

_______________

ამავე თემაზე: 

თურქულმა კომპანიამ შესაძლოა უკრაინას დენი მცურავი ელექტროსადგურებით მიაწოდოს

რუსეთი ბელარუსში გაწვრთნილ ჯარისკაცებს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებს – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 26 იანვრის ანგარიშში ბელარუსში გაწვრთნილი მე-2 გვარდიის მოტომსროლელი დივიზიის უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობას მიმოიხილავს.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სავარაუდოდ, ამ დივიზიის წვრთნები ბელარუსში უკვე დასრულდა და მისი დიდი ნაწილი უკვე გადაყვანილია რუსეთში, საიდანაც ჯარისკაცები, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად გაიგზავნებიან.

ბელარუსი რუსეთის სამხედრო ძალებისათვის წვრთნებს 2022 წლის შემოდგომიდან ატარებს. როგორც ბრიტანული დაზვერვა გასულ ანგარიშებში წერდა, ეს დიდი ალბათობით რუსეთის დიდი დანაკარგების გამო ხდება.

დივიზია რუსეთის პირველი გვარდიის სატანკო არმიის შემადგენლობაში შედის, რომელმაც ომის დასაწყისში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. ბრიტანული დაზვერვა 2022 წლის შემოდგომაზე ამ მძიმე დანაკარგებზე საუბრისას აღნიშნავდა, რომ „პირველი სატანკო არმია იყო რუსეთის ერთ-ერთი პრესტიჟული არმია, რომელსაც მოსკოვის დაცვა და NATO-სთან ომის შემთხვევაში კონტრშეტევების წარმოება ევალებოდა“.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის უახლესი მონაცემების თანახმად, დივიზია ამ ეტაპზე ძირითადად მობილიზაციისას აყვანილი პერსონალითაა დაკომპლექტებული და საცავებიდან გამოტანილი მოძველებული აღჭურვილობით ოპერირებს, რაც მის საბრძოლო ეფექტურობას ლიმიტირებულს ხდის, მიუხედავად რამდენიმეკვირიანი წვრთნებისა.

„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთის სხვა ქვედანაყოფებიც იგზავნება ბელარუსში წვრთნებისთვის და რომ რუსეთი გააგრძელებს ამ მოდელს უკრაინაში თავისი ძალების შენარჩუნებისთვის ქვედანაყოფების განახლებისა და მომზადებისთვის“, – ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 იანვრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 26 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 123 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780]
  • ტანკი – 3 175 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 6 334 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 2 169 ერთეული [+15]
  • MLRS – 452 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 292 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 282 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 908 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 749 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 986 ერთეული [+19]
  • სპეცტექნიკა – 195 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 26 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 379 თვითმფრინავი
  • 204 ვერტმფრენი
  • 2 956 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 402 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 634 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 990 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 921 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 180 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ოდესა „იუნესკომ“ განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის სიაში შეიტანა

ოთხშაბათს, 25 იანვარს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გადაწყვიტა „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანოს ოდესის ისტორიული ცენტრი. ამ გადაწყვეტილებით აღიარებულია ოდესის უნივერსალური ღირებულება, რომლის დაცვაც მთელი კაცობრიობის მოვალეობაა.

„იუნესკოს“ კონვენციის დებულებების თანახმად, კონვენციის ხელმომწერი 194 სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, არ გადადგან მიზანმიმართულად ისეთი ნაბიჯები, რამაც შესაძლოა პირდაპირ ან ირიბად დააზიანოს მემკვიდრეობის საკუთრება. ეს ქვეყნები იღებენ ასევე პასუხისმგებლობას, საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინონ დახმარება და დაიცვან მსოფლიო მემკვიდრეობის საკუთრება.

ოდესის ისტორიული ცენტრი შედის ასევე საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს ფინანსური და ტექნიკური საერთაშორისო დახმარება. უკრაინას შეუძლია მოითხოვოს ამგვარი მხარდაჭერა ობიექტის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში კი, ქვეყანას შეუძლია მოითხოვოს ასევე დახმარება მსოფლიო მემკვიდრეობის საკუთრების აღსადგენად.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გადაუდებელი პროცედურის უფლებით ისარგებლა, რადგან ომის გამო ოდესა რეალური საფრთხის ქვეშაა.

იტალიისა და საბერძნეთის დახმარებით იუნესკომ ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხული შეკრიბა  საერთაშორისო ექსპერტები ნომინაციის მოსამზადებლად. ბოლო თვეების განმავლობაში, ოდესის ისტორიული ცენტრის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანის პროცესის პარალელურად, „იუნესკომ“ ადგილზე გადაუდებელი ზომები მიიღო ოდესის ისტორიული ცენტრის დასაცავად.

კერძოდ, „იუნესკოს“ ძალისხმევით გარემონტდა ომისგან დაზიანებული ოდესის სამხატვრო და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები. ორგანიზაციამ უკრაინას გადასცა აღჭურვილობა ოდესის სახელმწიფო არქივის 1000-მდე ხელოვნების ნიმუშისა და დოკუმენტური კოლექციების გაციფრულებისთვის. გამოყოფილია ასევე აღჭურვილობა შენობების და ღია ცის ქვეშ განთავსებული ხელოვნების ნიმუშების დასაცავად.

ეს მხოლოდ ნაწილია უკრაინაში იუნესკოს დიდი სამოქმედო გეგმისა, რომლის ფარგლებშიც უკვე მობილიზებულია 18 მილიონზე მეტი დოლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ინფორმაციის სფეროს საჭიროებებისთვის – იუწყება „იუნესკო“.

_______________

ფოტო: EPA-EFE/SEDAT SUNA

„ვაგნერმა“ ვერ შეძლო წინსვლა ბახმუტში, გარდა უმნიშვნელო ტაქტიკური მიღწევებისა – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 25 იანვრის ანგარიშში ბოლო დღეებში რუსეთის მცირე ძალებით შეტევებზე წერს ფრონტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა იყოს უკრაინული ძალების ფრონტის ხაზის გასწვრივ გაშლის, ყურადღების გადატანის მცდელობა, რაც შექმნის პირობას ძირითადი შეტევისთვის ჩრდილოეთით, ლუგანსკში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, ამ თავდასხმებს ახორციელებენ მცირე ჯგუფები და ეს მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვითი ხაზის დაშლას.

ანალიტიკოსები წერენ, რომ ამ შეზღუდული შეტევების პარალელურად, ბახმუტის ირგვლივ, როგორც ჩანს, „ვაგნერის“ ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციის ტემპი ნელდება.

„ვაგნერის ჯგუფმა ვერ შეასრულა დაპირება ბახმუტის აღების შესახებ და ვერ შეძლო წინსვლა, გარდა უმნიშვნელო ტაქტიკური მიღწევებისა სოლედარში და სხვა მიმდებარე, მცირე დასახლებებში. ამიტომ, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობამ შესაძლოა გადაწყვიტა პრიორიტეტის მოხსნა ბახმუტის ოპერაციისთვის, გააცნობიერა რა იმის მცირე შესაძლებლობა, რომ ვაგნერს ნამდვილად შეუძლია დასახლების აღება,“ – წერს ISW-ი.

ISW-ის ანალიტიკოსები ანგარიშში აღნიშნავენ, რომ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა აღიარეს უკრაინული ძალების მიერ სოლედარიდან გასვლა. ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, მიაღწიეს წინსვლას კრემინის გარშემო.

თავდაცვამ ღამით 24 ირანული დრონი ჩამოაგდო – უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა

26 იანვრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 24 კამიკაძე-დრონი, ირანული „შაჰედი“ ჩამოაგდო – ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს.

სარდლობის ცნობით, 24-ვე დრონი გაანადგურეს საზენიტო სარაკეტო დანაყოფებმა. დრონების უმრავლესობა განადგურდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში.

დრონების ჩამოგდების ოპერაცია მსხვერპლისა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმის გარეშე დასრულდა.

უკრაინელი მოხალისე, რომელმაც რუსული თვითმფრინავი ერთი გასროლით ჩამოაგდო ბახმუტთან

უკრაინა. 2023 წლის 5 იანვარი. მექანიზებული ბრიგადის მეომრები უთანასწორო ბრძოლაში იცავენ ბახმუტს რუსი დამპყრობლებისგან. საზენიტო მსროლელები ბრძოლის ველზე აკვირდებიან სიტუაციას. დილის ცხრის ნახევარზე სამეთაურო პუნქტიდან მიიღეს შეტყობინება, რომ სამი რუსული გამანადგურებელი დაფრინავდა ბახმუტის ცაზე – ორი Су-27 და Су-25.

„მოსაგერიებლად ჩვენი თვითმფრინავები ამ დროს ცაზე არ იყვნენ, ამიტომ ქვეითებს დაგვევალა გაგვენადგურებინა ყველა რუსული საჰაერო ხომალდი. მალევე შევნიშნეთ რამდენიმე თვითმფრინავი ერთად, საკმაოდ შორს იყვნენ.

ძლიერი ყინვა იყო და უმცროსი სერჟანტი ალექსეი ნოვიცკი საცავში ჩავიდა ხელების გასათბობად – როცა ისვრი, ხელები იდეალურად უნდა მუშაობდეს,“ – ამბობს მიხაილ კოსტი, ალექსეი ნოვიცკის თანამებრძოლი.

მალე გამანადგურებელ Су-25-ის პილოტმა დაშვება დაიწყო. შეტევისთვის მოემზადა. საჰაერო თავდაცვა სწრაფად მოქმედებდა, ამ დროს ბრძოლის ველზე წამებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კოსტიამ ნოვიცკის დაავალა მისიის შესრულება.

მასალას ალექსეი ნოვიცკის  შესახებ მისი თანამებრძოლების მონათხრობზე დაყრდნობით აქვეყნებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო სააგენტო Armyinform-ი.

„ნოვიცკიმ „სტინგერი“ გამომართვა, დაუმიზნა და გაისროლა. შავი კვამლი დავინახეთ. მერე საჰაერო დაზვერვამ რუსული თვითმფრინავის აფეთქება დაადასტურა, დრონმა მისი ნამსხვრევები აღმოაჩინა. გაოცებულები ვიყავით, ქვეითებს ყოველთვის არ უმართლებთ და წარმატებით ვერ უმიზნებენ საჰაერო გამანადგურებლებს.

რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების მომენტი ტელეფონის ვიდეოკამერამ შემთხვევით დააფიქსირა.

YouTube video player

ნოვიცკის მთელი საძმო გამარჯვების სიხარულმა მოიცვა. ერთმა ჯარისკაცმა სადღაც სპორტული მედალი იპოვა ლურჯ-ყვითელი ლენტით და ნოვიცკი „დააჯილდოვა“. მიზანში ზუსტად მსროლელთან რამდენიმე სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს ჯარისკაცებმა. ეს ნოვიცკის უკანასკნელი ფოტოები აღმოჩნდა.

საჰაერო დაზვერვის მიერ ფიქსირებული სიმაღლე, საიდანაც უმცროსმა სერჟანტმა ნოვიცკიმ რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო სააგენტო Armyinform

„ველოდით, რომ მტრის თვითმფრინავები დაბრუნდებოდნენ. ჩავალაგეთ და სარეზერვო პოზიციებისკენ წავედით. ამ დროს საარტილერიო დაბომბვა დაიწყო, აფეთქების ტალღამ მომისროლა სადღაც, ავდექი, ავიღე „სტინგერი“ და თავშესაფრისკენ გავეშურე, მერე კი უმოძრაო ნოვიცკი დავინახე“ – იხსენებს მიხაილ კოსტი, ნოვიცკის თანამებრძოლი, რომელიც ახლაც მკურნალობს საავადმყოფოში.

ალექსეი ნოვიცკიმ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო ჭურვის ნამსხვრევებისგან. თანამებრძოლებმა მიხეილს სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ექიმებამდე სწრაფად მიიყვანეს.

უმცროსი სერჟანტი ალექსეი ნოვიცკი სანგარში. ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო სააგენტო Armyinform

ალექსეი ნოვიცკი ხმელნიცკის რაიონში დაიბადა და გაიზარდა, დატოვა სამი შვილი და დედა. ომამდე მშენებლობაზე მუშაობდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველსავე დღეებიდან მოხალისედ ჩაეწერა არმიაში. სამხედრო საქმე ძალიან სწრაფად აითვისა.

„ომის ბოლო თვეების განმავლობაში ალექსეი ნოვიცკი, ისევე როგორც ჩვენი მებრძოლების უმეტესობა, ჭეშმარიტად პროფესიონალი მეომარი გახდა: მამაცი, საიმედო და მიზანსწრაფული. მის მიერ განადგურებული რუსული თვითმფრინავი ამის დადასტურებაა“, – ამბობს ოლეგ ზელინსკი, მექანიზებული დანაყოფის ოფიცერი.

ზელინსკი დასძენს, რომ მათი დანაყოფის ბევრმა სამხედრომ გამოიჩინა სიმამაცე ომში:

„ჩვენს საერთო ანგარიშზეა დამპყრობლების უამრავი განადგურებული ტექნიკა,  – ტანკები, თოფები, ჯავშანტექნიკა, არაერთი წარმატებული ოპერაცია, ათასობით ლიკვიდირებული ოკუპანტი, თუმცა Stinger MANPADS-ის ოპერატორის, უმცროსი სერჟანტის ალექსეი ნოვიცკის ზუსტი დარტყმა ნამდვილად პროფესიონალური და გმირული იყო,  ნოვიცკიმ ბახმუტისთვის გაწირა თავი  სასტიკი ბრძოლების დროს, რთულ პირობებში.

ის „უკრაინის გმირის“ წოდებას იმსახურებს და ჩვენ ველით როდის მიიღებს ის ამ სტატუსს“.

ომში დაღუპული გარდაცვლილი მოხალისის მთელი სამხედრო დანაყოფი ახლა ნოვიცკისთვის გმირის წოდების მინიჭების ოფიციალურ ცერემონიას ელოდება.

აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ქალებისთვისაც უფასო გახდა

ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) ვაქცინა, რომელიც ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ასაკის ქალებისთვისაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი და გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

ავპ ვაქცინა, რომელიც რამდენიმე დოზით კეთდება, საქართველოში 2019 წლიდან  არის შეტანილი ვაქცინაციის ეროვნულ  პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის, 2022 წელს შესაძლებელი გახდა 13-18 წლის გოგოებში მეორე აცრის ჩატარება; 2023 წელს კი ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით. საშვილოსნოს ყელის კიბო, ძირითად შემთხვევაში, ადამიანის პაპილომა ვირუსითაა (აპვ) გამოწვეული, რომლის საწინააღმდეგო გეგმიური აცრით საქართველოში, 2022 წლის განმავლობაში, 10-12 წლის ასაკის გოგონების  50% აიცრა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, თუმცა 5%-ით მეტი, წინა წელთან შედარებით.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი ნანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ პაპილომა ვირუსზე გეგმიური აცრების მაჩვენებელი აჭარაში 2022 წელს ყველაზე მაღალი იყო  საქართველოში და მან 83% შეადგინა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 55% იყო.

„2022 წელს 63.5 პროცენტამდე გაგვეზარდა მოცვის მაჩვენებელი უშუალოდ ბათუმში, სადაც აჭარის მასშტაბით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით (2021 წელს – 40%). ასეთი მაჩვენებელი ჯერ არ გვქონია. მართალი გითხრათ, დაბალი კონტინგენტის მქონე მუნიციპალიტეტებში, როგორიცაა ხულო, ქედა, შუახევი – არ გვქონდა ასეთი საგანგაშოდ დაბალი, 50-პროცენტიანი მოცვა მაინც გვქონდა გასული სამი წლის განმავლობაში, წელს ყველგან მოიმატა, მათ შორის – ბათუმშიც“ – ამბობს ნანა ჯინჭარაძე. 

იგი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ ყველა მშობლისთვის, ინდივიდუალურად დაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა.

„როცა ინფორმაცია სწვდება მშობელს, მას ინტერესი უჩნდება და კითხულობს მედპერსონალთან, რა ვაქცინაა, რა დაავადებაა, რაზე მეპატიჟებიან. მართლა ძალიან კარგად იმუშავა, რადგან ზოგიერთ მშობელს გაგონილიც არ ჰქონდა ამის შესახებ, ზოგან ვერც მედპერსონალმა მიაწვდინა ხმა. ქობულეთშიც კი, სადაც ძალიან დაბალი აქტივობა გვქონდა, გააქტიურდნენ, მათ შორის სოფლებშიც” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე.

მას შემდეგ, რაც 2022 წლიდან საქართველოში აპვ ვაქცინაცია 13-18 წლის გოგონებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი,  ამ ასაკობრივი კატეგორიიდან, აჭარის მასშტაბით სულ 330-მდე გოგონა აიცრა, რაც ნანა ჯინჭარაძის შეფასებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

„ეს აცრა რამდენიმე დოზით კეთდება, აჭარაში 600-მდე იყო 13-18 წლის გოგო, ვინც მე-2 დოზით აიცრა, დიდი შუალედი ჰქონდათ, მაგრამ ვაქცინა დაკარგულად არ ითვლება” – განმარტავს ნანა ჯინჭარაძე.

იგი ამბობს, რომ მიუხედავად  გაზრდილი მიმართვიანობისა, მოცვა მაინც არ არის მაღალი.

„მოცვის იდეალური მაჩვენებელი 95%-ია, 90 პროცენტი საშუალოდ ითვლება. სამწუხაროდ, პაპილომაზე აცრა 50%-იც არ არის საქართველოს მასშტაბით” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ამ აცრაზე მოცვა კვლავ დაბალია, ანტივაქსერული კამპანიაა, რაც წლების განმავლობაში, ამ და სხვა ვაქცინებთან მიმართებაში მიმდინარეობს.

„ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვაქცინა საქართველოში ერთი წლის შემოსული იყო, წავიდა მშობლებში ცრუ ინფორმაცია, რომ ეს იწვევს უშვილობას. ჩვენ ვიყავით 78-ე ქვეყანა, სადაც შემოვიდა „გარდასილი“ [ვაქცინა პაპილომა ვირუსების წინააღმდეგ] და არცერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა მსგავსი ცნობები.

მას არ აქვს არანაირი უკუჩვენება, ეს არ არის ცოცხალი ვაქცინა (ანუ არ შეიცავს ცოცხალ, დასუსტებულ მიკრობ(ებ)ს). ვცრით იმიტომ, რომ ანტისხეულები გამომუშავდეს და როდესაც ადამიანს პაპილომა ვირუსი შეხვდება, ორგანიზმი დასაწყისშივე, ძალიან მარტივად გაუმკლავდება მას, რომ არ დაიწყოს ვირუსმა გამრავლება,” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე.

UNFPA: მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ის მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) ვაქცინით, ხოლო ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი მისი განკურნებაც შესაძლებელია.

სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომია ღირებულების გადახდის შემთხვევაში, თუმცა მისი ფასი საკმაოდ მაღალი – დაახლოებით 400 ლარია. საქართველოში აპვ ვაქცინა ევროპული, კერძოდ, ბელგიური წარმოებისაა [მწარმოებელია MSD, იცავს აპვ ვირუსის 9 სახეობისგან].

_________________________

ამჟამად უფასო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია:

  • 10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
  • 13-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე. 

ამავე თემაზე:

კიბოს 10 000 ახალი შემთხვევა ყოველწლიურად – რას უკავშირდება სტატისტიკის ზრდა

აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 13-18 წლის გოგოებისთვის უფასო გახდა

როგორ დავიცვათ თავი საშიში პაპილომა ვირუსებისგან

რატომ დაეთანხმა ბათუმის საკრებულო უკვე აშენებული სართულის აშენებას – „ეს არის გასამრჯელო“

ბათუმში, შამილაძის ქუჩის №30 -ში „მშენებარე“ სკოლას განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის სტატუსი მიანიჭეს და პროექტი „ავარიული სახლების“ პროგრამაში მოხვდა. ამ პროგრამის მიხედვით, „განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის“ მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას მერს შეუძლია მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეღავათები გაუწიოს მშენებელს. ეს შეღავათები სამშენებლო კოდექსით დადგენილი რეგულაციების შერბილებას და ზოგიერთი მოთხოვნის უგულებელყოფასაც კი გულისხმობს.

საკრებულოს განკარგულების პროექტისა და თანდართული განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც დღეს, 25 იანვარს დაამტკიცეს, „მშენებარე“ ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესი“ ერთი სართულის დამატებას გეგმავს – სინამდვილეში კი ეს სართული უკვე დამატებულია და სკოლის მშენებლობა – დასრულებული.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ბათუმის საკრებულომ უკვე აშენებული უკანონო სართულის დაკანონებაში მიიღო მონაწილეობა. ამაში ბათუმის მერიაც მონაწილეობდა, როგორც ინიციატორი და პროექტის ავტორი. მოუხედავად იმისა, რომ უკანონო სართულთან დაკავშირებით კითხვები სხდომაზევე გაჟღერდა, „ოცნების“ უმრავლესობისთვის ამას უხერხულობა არ შეუქმნია. მათ საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს. 

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით, შამილაძის №30-ში სკოლა „პროგრესის“ არქიტექტურულ პროექტში ბოლოს ცვლილება 2022 წლის 28 ივნისს შევიდა. ამ ცვლილების მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთზე შეთანხმებულია 3-სართულიანი სკოლისა და 2-სართულიანი სპორტდარბაზის აგება თავისი დამხმარე ინფრასტრუქტურით.

მერიასთან შეთანხმებული პროექტის ესკიზი

საკრებულოს განკარგულების პროექტზე თანდართულია პროექტის რენდერები, ვიზუალური მასალა, რომელიც გვაჩვენებს, როგორი იქნება სკოლა სართულის დამატების შემდეგ. ფაქტობრივად კი ეს რენდერები გვაჩვენებს ვიზუალს, ასევე მასშტაბს, რომელიც სკოლას უკვე აქვს.

ესკიზი ერთი სართულის დამატებით, რომელიც დღეს მერიამ საკრებულოს წარუდგინა
ეს შენობის ფოტოა, რომელიც დღეს, 25 იანვარს გადავიღეთ – ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ დამატებითი სართული უკვე აშენებულია და ესკიზი, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა, უკვე აშენებული შენობის ვიზუალს ემთხვევა.
ფასადი ეზოს მხრიდან

მერია შეეცადა სკოლის შენობაზე სართულის დამატების გადაწყვეტილება ქალაქში სკოლების დეფიციტის არგუმენტით გაემყარებინა, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება შეეხო კერძო და არა საჯარო სკოლას, ამ სკოლის მფლობელმა კი კანონი დაარღვია და უკანონო სართული ააშენა.

მერიის ინფორმაციით, „სამშენებლო ტერიტორიასთან“ ახლოს არ არსებობს არც საჯარო და არც კერძო სკოლა და ბაღი, თუმცა მოსაზღვრე ერთეულებში არსებული საჯარო სკოლების დაფარვის არეალი [რადიუსი – 750მ] აკმაყოფილებს ამ ტერიტორიის ძირითადი ნაწილის მოთხოვნას.

საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში მერია ასევე განმარტავს:

„საპროექტო ტერიტორიაზე მიმდინარე კერძო მშენებლობა მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე სასკოლო დაწესებულების ფუნქციებს, რომელიც თავის მხრივ არ მიეკუთვნება საჯარო კატეგორიას და მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაფარვის არეალი [რადიუსი 750 მ] არ არის რელევანტური. ვინაიდან აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას, მასში მოსწავლეთა მოდინება განხორციელდება ბათუმის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულებიდან, ასევე, სავარაუდოდ, მისი აგლომერაციიდან. აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებას გააჩნია ორმაგი აკრედიტაცია, ქართული და ინგლისურენოვანი, რომელიც ერთადერთია აჭარის რეგიონში. ეს იძლევა როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვის საშუალებას“.

ბათუმის საკრებულოს სხდომა. 25 იანვარი, 2023 წელი

იმის გათვალისწინებით, რომ სკოლა უკვე აშენებული, გარემონტებული და ფუნქციურია, საინტერესოა, რაში დასჭირდა მშენებელს პროექტისთვის განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის სტატუსის მინიჭება? – უკანონო სართულის დასაკანონებლად სხვა ხერხის მოძებნაც შეიძლებოდა, ბოლოს და ბოლოს ბათუმში სამშენებლო ამნისტიის დაკანონების განხილვას მალე პარლამენტში გეგმავენ.

საქმე ისაა, რომ იმ უბანს, სადაც სკოლა ააშენეს, საცხოვრებელი ზონა 2-ის სტატუსი აქვს, ამ ზონაში დადგენილი სიმაღლე კი მაქსიმუმ სამი სართულის მშენებლობას ითვალისწინებს. მაშინ როცა განაშენიანება კვარტალს მოიცავს და ამ კვარტლის განაშენიანების დეტალური გეგმა დამუშავებული არ არის, სიმაღლის [კ2 კოეფიციენტი] გაზრდა მერს მხოლოდ ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში შეუძლია.

უპასუხოდ დარჩა კითხვები:

  • მერიასა და საკრებულოში მართლა არ იციან, რომ სკოლა და პროექტს დამატებული სართული უკვე აშენებულია?
  • თუ ასეა, რატომ? 

გარდა ამისა, ბათუმის საკრებულოში წარდგენილ დოკუმენტებში წერია, რომ სკოლა მშენებარეა, საკითხის დამტკიცებამდე კი მომხსენებელმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ აქ სწავლა ორ ენაზე მიმდინარეობს – ეს ნიშნავს, რომ მერიასა და საკრებულოში მშენებარე სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესი დასაშვებად მიაჩნიათ.

„სკოლა, სადაც ბავშვებს ასწავლიან სამოქალაქო განათლებას და სამოქალაქო თვითშეგნებას, უკანონოდ აშენებს სართულს და შემდგომ ამის დაკანონება ხდება. რა უნდა ისწავლონ სკოლაში ბავშვებმა ამ მხრივ, მე არ ვიცი. ასევე მინდა გთხოვოთ, ნუ წარმოაჩენთ ამ ძვირადღირებულ სკოლას უბნის სკოლად.

ამ სკოლის არსებობის გამო ადგილების პრობლემა არ მოიხსნება, მე მესმის, რომ სიტუაცია გაიძულებთ“ – ასე მიმართა საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ საკითხის მომხსენებელს, მამუკა რამიშვილს, რომელიც ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია.

„ვინ უნდა აიძულოს მამუკას აქ სკოლაზეა ლაპარაკი“- გამოეპასუხა რეპლიკას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე.

„მე არ მითქვამს ბატონი რამაზი გაიძულებთ, მე ვთქვი სიტუაცია გაიძულებთ-მეთქი“ – უპასუხა მას აკაკი გვიანიძემ.

„ბატონ რამაზ ჯინჭარაძეს ვერავინ ვერაფერს აიძულებს, შენ კარგად იცი“ – ასეთი იყო საკრებულოს თავმჯდომარის პასუხის პასუხი. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამ ამბავს უკავშირდება, არის ის, რომ „ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მფლობელი ნინო ჩიკვაშვილია, რომელმაც 2022 წლის ოქტომბერში გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა. პარტიის განცხადებით, ჩიკვაშვილი, რომელიც ქუთაისის საკრებულო წევრი მათი სიით გახდა,„ქართული ოცნების“ შანტაჟს დაემორჩილა და ის პარტიიდან გარიცხეს.

ბათუმის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან, აკაკი გვიანიძე მიიჩნევს, რომ ნინო ჩიკვაშვილს „ოცნებამ“ გადაწყვეტილება დაუფასა და „ეს გასამრჯელოა“.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესის“ 55 პროცენტი თითქმის იგივე დასახელების კომპანიას„ ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესს“ ეკუთვნის, 45 პროცენტი კი შპს „ანაგის“ საკუთრებაა. კომპანიის დირექტორი ნინო ჩიკვაშვილია, მასვე ეკუთვნის შპს ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის [დამფუძნებელი კომპანიის] 100 პროცენტი.

კომპანიის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიკვაშვილმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ მშენებლობა შპს „ანაგის“ პასუხისმგებლობა იყო და კომენტარს კომპანიის წარმომადგენელი გააკეთებდა, ის დაგვპირდა ასევე, რომ შესაბამის პირთან დაგვაკავშირებდა, თუმცა საკონტაქტო პირის ნომერი აღარ მოგვაწოდა.

„სადმე ხედავთ მშობლის ინტერესებს?“ – სკოლის დირექტორების ტესტირება საქართველოში

საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებს ტესტირებით არჩევს. საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლაა. სკოლის დირექტორების ტესტირებაზე რეგისტრაცია 3 205-მა  დირექტორობის მსურველმა გაიარა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 1839 აპლიკანტი გამოცხადდა.

სერტიფიცირების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მეორე ეტაპზე გადასული სკოლის დირექტორობის მსურველები გასაუბრებას გაივლიან. ჯერ უცნობია, რამდენმა პირმა გაიარა წარმატებით პირველი ეტაპი, თუმცა რიცხვები ცხადყოფს, რომ კონკურენცია დიდი არ არის. ბოლო ეტაპზე სკოლის დირექტორს წარდგენილი კანდიდატებიდან სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს.

დირექტორთა სერტიფიცირებაში მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძეც. ელოდება თუ არა ობიექტურ არჩევნებს სკოლებში და აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სკოლაში დირექტორის თანამდებობას ტესტირების შემდეგ პროფესიონალი, ახალი კადრები დაიკავებენ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე მას და ასევე, რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს, მამუკა ხამხაძეს ესაუბრა.

როგორც გიორგი ჭაუჭიძემ გვითხრა, მას ადრეც ჰქონდა დირექტორობის გამოცდები ჩაბარებული, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ მასწავლებლად მუშაობდა.

რატომ გადაწყვიტეთ ისევ ამ პროცესში ჩართვა? – ვკითხეთ მას.

„მიზანმიმართულად ვმუშაობ იმაზე, რომ სადმე სკოლის დირექტორი გავხდე-მეთქი, რომ ვთქვა, არ არის ეს სწორი. არ მაქვს ასეთი სულისკვეთება, მაგრამ გარკვეულ სიტუაციაში იქნებ იყოს ამის შესაძლებლობა, თუკი სხვადასხვა გარემოება დაემთხვევა, რომელიც ჩემთვის იქნება მისაღები და დამაკმაყოფილებელი, შეიძლება ამაზეც ვიფიქრო,“ – გვითხრა მან.

გიორგი ჭაუჭიძის თქმით, განათლების სისტემაში არის პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავნებდეთ.

გიორგი ჭაუჭიძე

„ის, რომ რაღაც არ მოგვწონს, არ ნიშნავს იმას, რომ თავი დავანებოთ ამ საქმიანობას და სხვამ აკეთოს, ვინც, ჩვენი აზრით, არასწორ რამეებს აკეთებს. მაშინ რა გამოდის – ტუტუცებმა აკეთონ ის საქმე, რომელსაც პატიოსანი პროფესიონალები უნდა აკეთებდნენ?!

ჩვენ ხომ არ ვანებებთ თავს არც ამ სფეროში მუშაობას და არც ამ ქვეყანაში ცხოვრებას?! შესაბამისად, გარკვეული მზაობა მეც მინდა, რომ მქონდეს“ – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

მისი თქმით, ტესტირებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს, რადგან ტესტირება ამოწმებს კანდიდატის კომპეტენციას როგორც საკანონმდებლო საკითხებში, ასევე პროფესიული უნარების მხრივაც, თუმცა სკოლის დირექტორების დანიშვნის თუ გათავისუფლების ცალკეული შემთხვევა ჯერ კიდევ აჩენს იმის განცდას, რომ „დირექტორის თანამდებობა რჩება ხელისუფლების და მთავრობის ინტერესის არეალში“. 

„და შეუძლებელიც არის, რომ არ დარჩეს, რადგან მოსწავლეების დაახლოებით 90 პროცენტი საჯარო სკოლებში დადის და ეს ინტერესი და ამბიციაც, ხელისუფლების მხრიდან, არსებობს.

მეორე საკითხია, რამდენად ჯანსაღად, პატიოსნად და წესების დაცვით მოახდენს ამ ინტერესების რეალიზებას ხელისუფლება. რატომ არ უნდა გავიხსენო თუნდაც ია კერზაიას საქმე, რომელიც ნამდვილად იყო უხეში და შერჩევითი ჩარევა ხელისუფლების მხრიდან სისტემაში.

ასევე, შემიძლია სხვა მაგალითებიც გავიხსენო, როდესაც სრულიად პატიოსანი, პროფესიონალი და კვალიფიციური დირექტორები აღარ დატოვეს მეორე ვადით თანამდებობებზე აუხსნელი და გაუგებარი მიზეზებით.

ამიტომ, მე მიჩნდება სრულიად დასაბუთებული ეჭვი. მართალია, არ მაქვს მონაცემები და ამას კვლევა სჭირდება. ჩემი აზრით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, თუ რამდენად აქვთ განათლების სისტემაზე გავლენა იმ ძალებს, რომლებიც, კანონის თვალსაზრისით, არ მოიაზრებიან ამ სისტემის ნაწილად.

ამ შემთხვევაში ვგულისხმობ უშიშროების სამსახურებს, რომლებიც არ უნდა ზემოქმედებდნენ დირექტორების დანიშვნის პროცესებზე. რადგან მე არ შემიძლია ეს ფაქტები დავადასტურო, დავამტკიცო, ამიტომ მაქვს სურვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ გამოიკვლიოს ეს საკითხი,“ – გვითხრა გიორგი ჭაუჭიძემ.

თუკი ისევ არსებობს იმის განცდა, რომ სისტემაში პროცესებს სხვა სამსახურები აკონტროლებენ, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ტესტირებების მიუხედავად, თანამდებობაზე ისევ ის დირექტორები აღმოჩნდებიან, ვინც ხელისუფლებამ ვადის ამოწურვის მიუხედავად არ გაუშვა თანამდებობიდან, ახალი კადრები კი ისევ ვერ შემოვლენ სისტემაში? – ვკითხეთ მას.

„ცხადია, გასაუბრებების კომპონენტშიც ვიღაცები ვერ გადალახავენ ამ საფეხურს და აქედან გამომდინარე, უკმაყოფილებაც იქნება. მოქმედ დირექტორებსაც წარადგენენ, თუკი ისინი აიღებენ სერტიფიკატს, მით უმეტეს, რომ გამოცდილი კადრები არიან და გარკვეული უპირატესობაც ექნებათ, თუმცა ვფიქრობ, რომ ბევრი ახალი კადრიც გამოჩნდება სისტემაში.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კონტროლის ბერკეტები, არის სკოლები, რომლებშიც პროფესიონალები მუშაობენ და მსგავს პროცესებსა და მანიპულაციებში გარევა მათთვის მიუღებელია,“ – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სერტიფიცირებულ დირექტორობის კანდიდატს უფლება აქვს დაასახელოს მინიმუმ სამი სკოლა, სადაც სურს მუშაობა, სამინისტროს კი შეუძლია სკოლას წარუდგინოს დირექტორობის როგორც ერთი, ასევე რამდენიმე კანდიდატი.

იმ შემთხვევაში, თუკი სკოლის სამეურვეო საბჭო არ აირჩევს შეთავაზებული კანდიდატებიდან არც ერთს, სამინისტრო უფლებას იტოვებს თვითონ დანიშნოს აღნიშნულ სკოლაში დირექტორი.

გიორგი ჭაუჭიძის თქმით, სკოლაში სამეურვეო საბჭო ძლიერი და გავლენიანი არასდროს ყოფილა და საბჭო დღემდე რჩება ფორმალურ ორგანოდ.

„ყველაზე დასანანი ის არის, რომ ამ ფორმალისტურ წარმონაქმნში მოსწავლეები ჰყავთ ჩართული და ამ ფარისევლურ პროცესში აღებინებენ მონაწილეობას, რაც კიდევ უფრო ამაზრზენია,“- ამბობს ის.

როგორ შეიძლება გაჯანსაღდეს ეს სიტუაცია? – გიორგი ჭაუჭიძის თქმით, სისტემის გაჯანსაღებას ფუნდამენტური ცვლილება სჭირდება, რომელიც პირველ რიგში მშობლებიდან უნდა დაიწყოს.

„დირექტორების არჩევის პროცესში სადმე ხედავთ მშობლის როლს და მათ ინტერესებს? გარდა იმისა, რომ რაღაც უფუნქციო და ფორმალისტურ საბჭოებში არიან თურმე არჩეული, სადმე ჩანს მშობლის დაკვეთა ამ პროცესში?!

ჩვენ საბჭოთა წარსულიდან მოვდივართ, სადაც მთავრობაზე გვქონდა მინდობილი ჩვენი შვილების განათლება და ეს პროცესი მიმდინარეობს დღესაც. ეს დამოკიდებულება სანამ არ შეიცვლება და ჩვენ, საზოგადოების წევრები არ გავაცნობიერებთ და არ მოვითხოვთ, რომ ჩვენი შვილების განათლება ჩვენივე საქმეა, ცვლილება არ იქნება.

შეუძლებელია, მიხეილ ჩხენკელმა უკეთ იცოდეს, როგორი განათლება სჭირდებათ ჩვენს შვილებს, ვიდრე მშობლებმა, მაგრამ ჩვენ ეს ფუნქციები ჩამორთმეული გვაქვს.

პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივხვდეთ, დავიჯეროთ და დავინახოთ, რომ შეუძლებელია მინისტრი უფრო მეტს ფიქრობდეს ჩვენს შვილზე, ვიდრე ჩვენ,“ – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

მისი აზრით, მნიშვნელოვანია სისტემაში მხარი დავუჭიროთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პატიოსნად და კომპეტენტურად აკეთებენ თავიანთ საქმეს.

„ჩვენც, მედიაც და ყველა უნდა შევეცადოთ, რომ დაცული იყვნენ ასეთი ადამიანები და მათ უფრო ფართო ასპარეზი მიეცეთ. და არა ისე, რომ გაიღვიძებ და ერთ დილით აღმოაჩენ, რომ სრულიად პატიოსანი და კომპეტენტური ადამიანი აღარ არის თანამდებობაზე და კაცმა არ იცის, რატომ. აი, ასეთი შემთხვევებისგან უნდა დავიცვათ ჩვენი სისტემა,“ – ამბობს ის.

ქალაქ რუსთავის მე-4 სკოლის დირექტორს მამუკა ხამხაძეს დირექტორების შესარჩევ ტესტირებაში მონაწილეობა წელს არ მიუღია. როგორც მან გვითხრა, წლების წინ აქვს აღებული სერტიფიკატი, რომელიც მოქმედია.

მამუკა ხამხაძე არჩეული დირექტორი იყო, თუმცა დღეს მოვალეობის შემსრულებელია.

მისი თქმით, კადრების როტაცია ნებისმიერი სისტემისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა, თუმცა კვალიფიციური კადრების შემოდინება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის.

„ვფიქრობ, უფრო მეტი შანსი, წარმატებით რომ გაართვან თავი ამ პროცესს, აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან ჩართულნი სკოლის ცხოვრებაში. ანუ არიან პედაგოგები ან ადმინისტრაციაში მუშაობენ და აქვთ ამის გამოცდილება,“- ამბობს ის.

მას ვკითხეთ, თუ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ აპლიკანტების დიდმა ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა ტესტირებაში და როგორ შეიძლება აისახოს სკოლებზე დაბალი კონკურენცია.

მისი აზრით, პირველი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა არ მიიღეს ადამიანებმა ტესტირებაში მონაწილეობა, მიზნების ან განწყობების ცვლილებაა.

„ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი 2020 წელს იყო დარეგისტრირებული დირექტორობის გამოცდაზე და ალბათ მათ ცხოვრებაში შეიცვალა მიზნები ან განწყობები, გადააფასეს გარკვეული მოლოდინები სკოლასთან და დირექტორობასთან დაკავშირებით და შესაძლებელია ეს არის მიზეზი.

მეორე მიზეზი, ვფიქრობ, შეიძლება იყოს ის, რომ როცა საქმე-საქმეზე მიდგა და ამ პასუხისმგებლობის აღებასთან შეჭიდება მოუწიათ, სირთულიდან გამომდინარე შეცვალეს თავიანთი გეგმები,“ – ამბობს მამუკა ხამხაძე.

მამუკა ხამხაძე

ის სკეპტიკურად უყურებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ამის მიზეზი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა იყოს სისტემაში მყოფ ადამიანებზე.

„ადამიანს, რომელიც სკოლის დირექტორობას აპირებს, ბუნებრივია, გაცნობიერებული ექნება, რომ ის არის იმ საგანმანათლებლო პოლიტიკის გამტარებელი სკოლაში, რომელსაც სახელმწიფო შეიმუშავებს.

თუ ვსაუბრობთ ახალი კადრების შემოდინებაზე, მათ ვერ  ექნებათ ზეწოლის გამოცდილება, რადგან არ უმუშავიათ ამ პოზიციებზე და ვფიქრობ, არ იქნება რელევანტური მათი მხრიდან, რომ ამ მიზეზით შეეკავებინათ თავი კონკურსში მონაწილეობაზე,“ – ამბობს მამუკა ხამხაძე.

რაც შეეხება 2020 წელს, თვითმმართველობის არჩევნების წინ სკოლის დირექტორების გათავისუფლებას და მათი უმრავლესობის მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანას, ხამხაძეს მიაჩნია, რომ ეს არა პოლიტიკას და არჩევნებს, არამედ კანონმდებლობას უკავშირდებოდა.

„მათ გაუვიდათ ვადა და ეს პროცესი დაემთხვა არჩევნებს. ამიტომ პირდაპირ კავშირი არჩევნებთან არ უნდა იყოს“ – მიიჩნევს ის.

მამუკა ხამხაძის თქმით, თუ ტესტირების შემდეგ ისევ ძველი დირექტორები შეინარჩუნებენ პოზიციებს, არც ეს იქნება პრობლემა.

„ვფიქრობ, მიზანი კადრების ცვლილება კი არა, სისტემის კვალიფიციური კადრებით განახლება უნდა იყოს. თუ ასეთი ადამიანები ვერ შემოვლენ სკოლაში, მაშინ ერთის მეორით ჩანაცვლებას აზრი არ აქვს“.

რა გააჯანსაღებს სკოლას, განათლების ხარისხს? – ვკითხეთ მას.

„ჩემი სკოლის მაგალითზე გეტყვით, რომ ბევრი ინოვაცია თუ რეფორმა წარმატებით განვახორციელეთ, თუმცა ავტონომიურობის ხარისხი არ არის საკმარისი და მეტი დეცენტრალიზაციაა საჭირო სკოლების როგორც მენეჯმენტის თვალსაზრისით, ასევე დირექტორის უფლებამოსილებების გაზრდის მხრივ.

დღეს პასუხისმგებლობასა და უფლებას შორის ბალანსი დაცული არ არის“ – გვითხრა მამუკა ხამხაძემ.

მისი თქმით, დირექტორს უფლებები უნდა გაეზარდოს როგორც საგანმანათლებლო, ასევე ფინანსების მართვის კუთხით და დირექტორებს არჩევანის მეტი თავისუფლება უნდა მიეცეთ.

________________________

ფოტოზე: მამუკა ხამხაძე და გიორგი ჭაუჭიძე

გვალვა თურქეთში – ექსპერტები ამბობენ, რომ წელს ქვეყანაში წყლის დეფიციტი იქნება

თურქეთში, იზმირის პროვინციაში, გვალვის შედეგად კაშხლებზე წყლის დონემ დაიწია. სპეციალისტები ამბობენ, რომ წელს თურქეთში კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული გვალვის შედეგად წყლის დეფიციტია მოსალოდნელი.

თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს, რომ წელს იზმირში ჰაერის ტემპერატურა, წინა წლებთან შედარებით, 3 გრადუსით მაღალი იყო. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შემცირდა წვიმიანი დღეების და კვადრატულ მეტრზე ნალექის რაოდენობა.

იზმირის პროვინციაში წვიმიანი დღეების რაოდენობა, რომელიც დეკემბერში საშუალოდ 13 იყო, 6-7 დღემდე შემცირდა.

კლიმატის ექსპერტი, პროფესორი დოღან იაშარი იზმირის დოკუზ ეილულის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ მოცემული სიტუაცია მიუთითებს, რომ ამ ზაფხულში თურქეთში წყლის მწვავე დეფიციტი იქნება.

„ძალიან ძლიერი გვალვაა. ტბები დაშრა და უდაბნოებს დაემსგავსა. 50-ზე მეტი ტბა და ჭაობი დაშრა… მიწისქვეშა წყლები ჭაობებითა და ტბებით იკვებებიან, ჩვენ ვერ ვმართავდით წყალს და შემდეგ ეს კლიმატის ცვლილებას დავაბრალეთ.

ჩვენ წელს გვქონდა ყველაზე ცხელი და უნალექო დეკემბერი და იანვარი ბოლო 52 წლის განმავლობაში. ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი კაშხლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვეებია, მაგრამ იანვრის ბოლოს მივედით და ჯერ არაფერია. ეს სერიოზული პრობლემაა და ამას ზაფხულში წყლის დეფიციტი მოჰყვება, შესაბამისად – სერიოზული სასოფლო-სამეურნეო გვალვა,“ – ციტირებს „დეილი საბაჰი“ პროფესორს.

მაღალი ტემპერატურა და წვიმიანი დღეების რაოდენობის შემცირება  წყლის დონეზეც აისახა იმ კაშხლებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ იზმირის სასმელი წყლით მომარაგებას.

იზმირის წყლისა და კანალიზაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი სასმელი წყლის წყაროს, ტაჰტალის კაშხლის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 54,33% იყო და ახლა 39,95 პროცენტია. ბალჩოვას კაშხალი, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 46,96%-ით იყო სავსე, ახლა წყალი 29,28%-მდე შემცირდა, ურქმეზის კაშხალზე – 75,1%-დან 39,26 პროცენტამდე და ა.შ.

ჰაერის ტემპერატურის მატება აღინიშნება სტამბოლშიც, სადაც იანვარში ხეები აყვავდა.

ამავე თემაზე: 

სტამბოლში ხეები იანვარში აყვავდა – რა მოყვება „ცრუ გაზაფხულს“

 

 

როდის ჩაირთვება წყალი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე – კომპანიის განმარტება

დღეს, 25 იანვარს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებლებს წყლის მიწოდება შეუწყდათ.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი დაზიანებულ მილზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.

კომპანიის ცნობით, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყლის მიწოდება აბონენტებისთვის 21 საათიდან განახლდება.

ბსუ-ში საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი პირველი რექტორის ბიუსტი გახსნეს

დღეს, 25 იანვარს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი რექტორის, ხუსეინ ნაკაიძის ბიუსტი გახსნეს.

ხუსეინ ნაკაიძე საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი იყო. 1938 წელს ის აუდიტორიიდან გაიყვანეს და „ხალხის მტრის“ ბრალდებით დახვრიტეს.

მასთან ერთად დახვრიტეს ორი დეკანიც, რომლებიც ხუსეინ ნაკაიძეს გამოესარჩლნენ დაკავებისას.

როგორც დღეს უნივერსიტეტში აღნიშნეს, ხუსეინ ნაკაიძეს დიდი წვლილი მიუძღვის მაშინდელი ბათუმის სამასწავლებლო, ორწლიანი ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში, თუმცა ის მხოლოდ პირველ გამოშვებას მოესწრო.

ხუსეინ ნაკაიძე 1905 წელს დაიბადა, ადრე დაობლდა და დედის ბაბუის, ილია ჭავჭავაძის თანამოაზრის, გულო კაიკაციშვილის ოჯახში იზრდებოდა, ქობულეთში.

საარქივო წყაროების მიხედვით, ხუსეინ ნაკაიძე ქობულეთის ორკლასიან  სასწავლებელში 1913 წელს მიაბარეს.

იგი 1914 წელს, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ინიციატივით, ცნობილი მეცენატი ძმების, ზუბალაშვილების სტიპენდიით ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა, 1918 წელს კი ბათუმის ქართულ გიმნაზიაში გადმოიყვანეს.

1924 წელს ხუსეინ ნაკაიძემ ჯერ ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი დაამთავრა, შემდეგ კი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

მუშაობდა აჭარის სახალხო განათლების კომისრად, კომისართა საბჭოსთან არსებული ხელოვნების კომიტეტის თავმჯდომარედ, ბოლოს კი ახლად გახსნილი სამასწავლებლო ინსტიტუტის [ამჟამინდელი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი]  დირექტორად დანიშნეს.

ხუსეინ ნაკაიძის ოჯახის წევრები ბიუსტის გახსნაზე ბსუ-ში

სასწავლო გეგმებისა და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის გარდა, ხუსეინ ნაკაიძე მონაწილეობდა ინსტიტუტის ბიბლიოთეკისა და  შენობის მოწესრიგებაში, ეზოსა და  სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის კეთილმოწყობაში.

„განსაკუთრებით გულშემატკივრობდა სტუდენტებს, ინტერესდებოდა მათი ცხოვრების პირობებით, კვებით, ჯანმრთელობით, ბევრს მატერიალურად უმართავდა ხელს. ხშირად სტუმრობდა იმხანად ინსტიტუტის ეზოში განთავსებულ სტუდენტთა ქსენონს და სტუდენტებისთვის საკვები და წამლები მიჰქონდა“ – იუწყება ბსუ.

დნიპროს მერის განცხადების შემდეგ ქუთაისის მერია დნიპროსთვის გენერატორს შეიძენს

დნიპროს მერის მიმართვიდან 5 დღის შემდეგ ქუთაისის მერია ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის. ინფორმაცია ამის შესახებ ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

“იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მხრიდან იყო თხოვნა გენერატორებით დახმარებისა, ქუთაისის მერია შეიძენს გენერატორს, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიგზავნება დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში,” – წერს იოსებ ხახალეიშვილი ფეისბუქზე.

როგორც „ბათუმელებს“ ქუთაისის მერიაში დაუზუსტეს მერია უკრაინაში გასაგზავნად ერთ ცალ მაღალი სიმძლავრის გენერატორს შეიძენს.

20 იანვარს ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ქალაქ დნიპროს მერმა, ბორის ფილატოვმა თქვა, რომ ომის შემდეგ ქუთაისთან, რომელიც დნიპროსთან დაძმობილებული ქალაქია, კავშირი გაწყდა.

ფილატოვის თქმით, მაშინ, როცა სხვა დაძმობილებული ქალაქები დახმარებას სთავაზობენ, ქუთაისიდან მათ არავინ დაჰკავშირებია.

„სამწუხაროდ, ომის დროს ჩვენ მოძმე ქალაქთან, ქუთაისთან კავშირი დავკარგეთ. ქუთაისს თუ ესმის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი დახმარება ადამიანებისთვის, ქუთაისის მხრიდან“, – თქვა ფილატოვმა.

დნიპროს მერის განცხადებიდან მალევე ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, დაბომბილი ქალაქის დასახმარებლად.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, რომელშიც ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და აქტივისტები შედიან, 23 იანვარს გამართეს შეხვედრა უკრაინულ მხარესთან.

საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, ფორმალური საკითხების გავლის შემდეგ გამოაქვეყნებენ ანგარიშის ნომერს, სადაც მოქალაქეები თანხას ჩარიცხავენ და ეს თანხა საბოლოოდ ქალაქ დნიპროს შესაბამის ფონდს გადაეცემა.

საინიციატივო ჯგუფის ონლაინ შეხვედრა უკრაინულ მხარესთან

დღეს, 25 იანვარს ქუთაისის მერმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტი ომის დაწყების პირველივე დღიდან ეხმარებოდა უკრაინას. ქუთაისში შეგროვდა ჰუმანიტარული ტვირთი, ხოლო სპეციალურ ანგარიშზე, სადაც უკრაინისთვის თანხა გროვდებოდა, ქუთაისის მერიამ 50 ათასი ლარი ჩარიცხა. ქუთაისის მერი ასევე წერს, რომ მერია ეხმარება ქუთაისში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს.

„ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ დაეხმაროს ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას,“- ვკითხულობთ ხახალეიშვილის ფეისბუქ-პოსტში.

  • რა მოხდა

14 იანვარს რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე. დაიბომბა კიევის, ლვოვი, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონები. ყველაზე დიდი ზიანი ქალაქ დნიპროს მიადგა, სადაც რაკეტა 9-სართულიანი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი.

20 იანვარს ტელეკომპანია „ფორმულამ“ დნიპროს მერი ბორის ფილატოვი ჩაწერა, რომელმაც თქვა, რომ მაშინ როცა დაძმობილებული ქალაქები, კიოლნი, ოსაკა და ჟილინა დაბომბილ ქალაქს დახმარებას სთავაზობენ, ქუთაისიდან მათი დახმარების სურვილი არავის გამოუთქვამს.

რა იწვევს ანგინას და როდის ხდება საჭირო გლანდების ამოკვეთა | ექიმის რჩევები

ანგინა იგივე ქრონიკული ტონზილიტის მწვავე მიმდინარეობაა, უშუალოდ ტონზილიტი კი ნუშურა ჯირკვლების (გლანდების) და მიმდებარე ქსოვილების ანთებაა. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ვირუსები, ასევე ბაქტერიები, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. შესაბამისად, ტონზილიტი ქრონიკული დაავადებაა, გამწვავების პერიოდებით მანამ, სანამ არ მოხდება გლანდების მოცილება – ტონზილექტომია.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი დემეტრე ბესელია განმარტავს, რომ ტონზილექტომია, რომელიც ერთ დროს ტონზილიტის მკურნალობის საერთო პროცედურა იყო, ახლა კონკრეტული ჩვენებების დროს ტარდება.

  • ბატონო დემეტრე, რატომ ავადდება ასე ხშირად გლანდები?

ნუშურები, იგივე ტონზილები (ხალხურად – გლანდები), ხშირად ავადდება, იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ როგორც იმუნური სისტემის ნაწილი. მდებარეობის გამო მათ შეუძლიათ შეაჩერონ ორგანიზმში პირის ან ცხვირის გავლით შემავალი მიკრობები.

როგორც იმუნური სისტემის დაცვის პირველი ხაზი, პირიდან შემავალი ინფექციების გზაზე ნუშურა ჯირკვლები პირველი იღებენ თავზე დარტყმას და იწყებენ სისხლის თეთრი უჯრედებით – ლეიკოციტებით [პასუხისმგებელია მავნე აგენტების განადგურებაზე] ბრძოლას გამომწვევ ანტიგენთან, რა დროსაც ვიღებთ ჩირქოვან სურათს.

MayoClinic: ტონზილის იმუნური სისტემის ფუნქცია მცირდება სქესობრივი მომწიფების შემდეგ. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ მოზრდილებში ტონზილიტი უფრო იშვიათია.

  • როდის და რა ნიშნებით იჩენს თავს ტონზილიტი?

ჩვეულებრივ, ქრონიკული ტონზილიტის შემთხვევაში, როცა იმუნიტეტი ქვეითდება, თავს იჩენს ბაქტერიები. თუ იქამდე ჩვენი იმუნიტეტი მათ ერეოდა და ამარცხებდა, ორგანიზმის დასუსტებისას თავს იჩენს შემდეგი ძირითადი ჩივილები: ტკივილი ყელის მიდამოში; ყლაპვის გაძნელება; ზოგჯერ, გართულებულ პერიოდში, შეიძლება ადამიანს გაუჭირდეს სუნთქვა, შეეზღუდოს მოძრაობა ქვედა ყბის სახსარში (შეექმნას სირთულე პირის გაღებასთან დაკავშირებით); ზოგჯერ, როცა ანთების რთული მიმდინარეობა, ვერც კი საუბრობენ.

MayoClinic – ტონზილიტის სხვა ნიშნებია: წითელი, შესიებული გლანდები; თეთრი ან ყვითელი საფარი ან ლაქები გლანდებზე; ცხელება; გადიდებული, მგრძნობიარე ჯირკვლები (ლიმფური კვანძები) კისერზე; ჩახლეჩილი ან შეცვლილი ხმა; უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.

  • რამდენად უსაფრთხოა ასეთ დროს თვითმკურნალობა?

სამწუხაროდ, ასეთ დროს პაციენტები მიმართავენ თვითშეფასებით მკურნალობას, რამაც შეიძლება უფრო გაართულოს მდგომარეობა. ძალიან ხშირად პაციენტები ასეთ დროს იკეთებენ სავლებებს.

საქმე ის არის, რომ როცა რაიმე სახის სავლებს ვივლებთ პირის ღრუში, შეიძლება ინფექციის წყარო პირიქით გავზარდოთ და საღი ქსოვილიც დავაზიანოთ, ანუ ინფიცირებული კერიდან მოხდეს სხვა ჯანმრთელი ქსოვილის დაინფიცირება.

ამიტომ არის აუცილებელი ექიმის კონსულტაცია მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად.

MayoClinic: მიკრობები, რომლებიც იწვევენ ვირუსულ და ბაქტერიულ ტონზილიტს, გადამდებია. ამიტომ საუკეთესო პრევენცია ჰიგიენის დაცვაა. დაიბანეთ ხელები კარგად და ხშირად; მოერიდეთ საკვების, ჭიქების ან სხვა ჭურჭლის გაზიარებას; შეცვალეთ კბილის ჯაგრისი ტონზილიტის დიაგნოზის შემდეგ.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ტონზილიტს?

თუ არის შორსწასული ფორმა, შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც რეტროფარენგიალური, ისე პარატონზილარული აბსცესი [ჩირქოვანი ღრუ], რომელსაც უკვე ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

რეტროფარენგიალური აბსცესი ნიშნავს, რომ ჩირქის დაგროვება ხდება ხახის უკანა ზედაპირზე ლიმფურ კვანძებში, ხოლო პარატონზილარული აბსცესის დროს ჩირქის დაგროვება ხდება ტონზილას გვერდზე, მიმდინარეობს ჩირქოვანი პროცესი და  აუცილებლია შექმნილი აბსცესის ღრუს დრენირება. ასეთ დროს ხშირად კეთდება აბსცეს ტონზილექტომია, როცა აბსცესების გაკვეთასთან და ღრუს დრენირებასთან ერთად ხდება გლანდის მოცილებაც.

  • როგორია ტონზილიტისა და ანგინის მკურნალობა?

ვინაიდან დაავადების გამომწვევი არის ბაქტერია, საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია, მაგრამ გააჩნია მდგომარეობას, შეიძლება დაგვჭირდეს ჯერ ინიექციები და შემდეგ ტაბლეტირებულ ვერსიაზე გადასვლა, ან შესაძლოა ტაბლეტირებული ანტიბიოტიკოთერაპია საკმარისი აღმოჩნდეს მკურნალობის დასაწყისშივე.

რაც შეეხება სპრეებსა და დამხმარე პრეპარატებს, ისინი არსებობს როგორც ანტიბაქტერიული, ასევე – ანტივირუსული მოქმედების, შესაბამისად, ასეთ დროს, თუ არის ბაქტერიული, თანდართული ვირუსული ინფექცია, ძალიან ეფექტურად მოქმედებს ეს პრეპარატები. ასევე, მცირეოდენი არასტეროიდების გამოყენება ანთების წინააღმდეგ უფრო დააჩქარებს გამოჯანმრთელებას.

რაც შეეხება ოპერაციულ ჩარევას, ის არ კეთდება დაავადების აქტიურ ფაზაში, ანთებად ქსოვილზე. თუ პაციენტს ხშირად აწუხებს ანგინა, უნდა ვუმკურნალოთ და როცა დადგება სრული გამოჯანმრთელება, პაციენტის სურვილის შესაბამისად, შეიძლება დაიგეგმოს ოპერაცია.

  • რა შემთხვევაში კეთდება ტონზილექტომია – გლანდების ამოკვეთა?

ჯანმოს თანახმად, ტონზილექტომიის ჩვენებაა, როცა პაციენტს წელიწადში 5-6 და მეტჯერ აწუხებს ტონზილიტის გამწვავებული ფორმა.

არსებობს სხვა მდგომარეობაც, მაგალითად – ტონზილების ასიმეტრია, როცა მარჯვენა და მარცხენა ტონზილი ზომაში განსხვავებიან. ამ დროს შეიძლება პაციენტს ყელიც არ წამოსტკივდეს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ეს არის ტონზილექტომიის პირდაპირი ჩვენება.

  • ტონზილექტომიის რა მეთოდები არსებობს?

ტონზილექტომია ტარდება სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ელექტროკოაგულაციით (გამოიყენება ელექტრო-პინცეტები, განკუთვნილია ქსოვილის მოსაჭრელად, ისე საჭიროების შემთხვევაში – სისხლძარღვის მოსაწვავად); კობლაციის მეთოდით, როცა ცივი პლაზმური მეთოდით ხდება ტონზილების სრული ამოკვეთა; ასევე ტარდება ლაზერული ტონზილოტომია, რა დროსაც ხდება არა მთლიანად გლანდის ამოღება, არამედ მისი ზომაში დაპატარავება.

სამივე მეთოდი ნაკლებად ინვაზიურია და სისხლდენის რისკები არის მაქსიმალურად შემცირებული.

ყველა ეს აპარატი სხვადასხვა სიხშირით და სხვადასხვა სიღრმის გავრცელებით ხასიათდება. მაგალითად, ელექტროსუტერი დაახლოებით 8 მმ – მდე ვრცელდება ქსოვილის სიღრმეში, ლაზერი – კიდევ უფრო ნაკლებად, კობლაცია კი ცივი პლაზმის მეთოდია. შესაბამისად, ხარისხი და გამოჯანმრთელების პერიოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით იქნება ჩატარებული მკურნალობა. სამივე მათგანს აქვს თავისი უპირატესობა.

საქმე ის არის, რომ ტონზილექტომიისას ქირურგი-ოპერატორი ტონზილას კაფსულიანად იღებს ტონზილარული ნიშიდან. როცა ოპერაციის ჩატარება დიდ ასაკში ხდება, იქ ხშირ შემთხვევაში კაფსული გამქრალია, შესაბამისად, როცა ხდება თერმულად და ელექტროკოაგულაციით გლანდის ამოღება, საღი ქსოვილი რაღაც დოზით მაინც ზიანდება და წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტს აქვს ტკივილი.

ტონზილექტომია ტარდება როგორც ზოგადი, ისე ადგილობრივი ადგილობრივი ანესთეზიითაც.

  • ადრე ხშირად ტარდებოდა ტონზილექტომია ადგილობრივი ანესთეზიით, როცა პაციენტს ეღვიძა ოპერაციის მსვლელობისას. ეს რა მეთოდია?

დღეს მივიწყებულია ადგილობრივი მიდგომით ტონზილექტომია, რომელსაც თავისი უპირატესობა აქვს ზოგად, ბალანსირებული ანესთეზიის ქვეშ გაკეთებულ ტონზილექტომიასთან შედარებით.

ეს ძირითადად ეხება რეაბილიტაციასა და ტკივილს პოსტოპერაციულ პერიოდში. ასევე, სისხლდენის გაცილებით ნაკლები რეციდივი ახასიათებს, რადგან ამ დროს წნევა და სასიცოცხლო პარამეტრები უფრო განსხვავებულია იმ მდგომარეობისგან, როცა პაციენტს სძინავს.

ადგილობრივად ჩატარებული ტონზილექტომიისას პაციენტს ღვიძავს, ოპერაცია ტარდება ბლაგვი წესით, ანუ ამ დროს არ გამოიყენება ელექტროხელსაწყო, შესაბამისად ნაკლებია თერმული დაზიანება და მარტივია რეაბილიტაციის პროცესიც.

ეს მეთოდი მათთვისაა, ვისაც ამა თუ იმ მიზეზების გამო არ სურს ზოგადი ანესთეზიის გაკეთება. ცხადია, ადგილობრივი ანესთეზიით ტონზილექტომიას თავის ჩვენებები აქვს, კერძოდ, სტრესული ფაქტორი. ადგილობრივად ჩატარება პატარა ასაკშიც დასაშვებია, თუ პაციენტი მზადაა.

  • როგორი უნდა იყოს კვება ტონზილიტისა და ანგინის დრს?

დიეტური კვება ასეთ დროს მოიცავს თავის შეკავებას ნებისმიერი ისეთი საკვებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს გაღიზიანება. ესაა ცხარე, მჟავე საკვები, თხილეული, გაზიანი სასმელები, ყავა, სიგარეტი, ასევე ალკოჰოლი, რომელიც იმუნიტეტს ისედაც აზიანებს.

MayoClinic: გამოჯანმრთელების პერიოდში სახლში მოვლის სტრატეგიებია: დასვენება და ბევრი ძილი; ბევრი სითხის მიღება, რათა ყელი ტენიანი იყოს და თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია; კომფორტული საკვები და სასმელი – თბილი სითხეები, როგორიცაა უკოფეინო ჩაი ან თბილი წყალი თაფლით, ასევე გაყინული ხილის ნაყინს შეუძლია მტკივანი ყელის დამშვიდება; დაატენიანეთ ჰაერი, რომ მშრალმა ჰაერმა უფრო არ გააღიზიანოს ყელი, ან შედით რამდენიმე წუთით ორთქლიან აბაზანაში; მოერიდეთ ისეთ გამაღიზიანებლებს, როგორიცაა სიგარეტის კვამლისა და საწმენდი საშუალებების სუნი, რამაც შეიძლება ყელის გაღიზიანება გამოიწვიოს.

რუსი სამხედროები T-14-ების მიღებისგან თავს იკავებენ, რადგან ტანკები ცუდ მდგომარეობაშია – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 25 იანვრის ანგარიშში რუსეთის მიერ უკრაინაში Т-14 Армата ტანკების გამოყენების შესაძლებლობას მიმოიხილავს.

ამ თემაზე ბრიტანეთის დაზვერვა 19 იანვრის ანგარიშშიც წერდა. მაშინ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ექსპერტები მიუთითებდნენ სატელიტურ გამოსახულებებზე, რომლებზეც რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ საწვრთნელ ბაზაზე განლაგებული T-14-ები ჩანდა. თუმცა ბრიტანელი ექსპერტების მიერ ამ ტანკების გამოყენება რუსეთისთვის სარისკო ნაბიჯად იყო შეფასებული.

ბრიტანული დაზვერვის უახლესი ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში განთავსებული რუსი სამხედროები ბოლო თვეების განმავლობაში მათთვის გამოყოფილი T-14-ების პირველი ტრანშის მიღებისგან თავს იკავებენ, რადგან ეს ტანკები ცუდ მდგომარეობაშია.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, არ არის ნათელი, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს რეაქცია, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსი მაღალჩინოსნები საჯაროდ აღწერდნენ T-14-ების ძრავასა და თერმული გამოსახულების სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს. 2021 წელს კი, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, 2022 წელს დაგეგმილი წარმოება აღწერა, როგორც მხოლოდ „ექსპერიმენტულ-ინდუსტრიული“ პარტია.

აქედან გამომდინარე, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრძოლაში T-14 დააკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს.

ენმ ბათუმის საკრებულოს სხდომას ისევ არ ესწრება – „სააკაშვილის მოკვლა აქვთ გადაწყვეტილი“

ბათუმის საკრებულოში დღეს, 25 იანვარს, სხდომას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება.

„საკრებულოს სხდომას არ ვესწრებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ჩანს „ოცნების“ გადაწყვეტილება: სააკაშვილის მოკვლა აქვთ გადაწყვეტილი,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არც ბათუმის საკრებულოს წინა სხდომას დასწრებია. რეზო ხარაზი ამბობს, რომ შემდეგ ჯერზე პარტიაში იმსჯელებენ, დაესწრებიან თუ არა სხდომას.

„ჩვენ ვმუშაობთ ხალხთან, ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, ვხვდებით ადამიანებს, ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რასაც „ოცნება“ უარყოფს, მაგრამ შემდეგ გამოძიებაც ადასტურებს, მაგალითად, ის, რომ კორუფციაა… მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს,“ – უთხრა რეზო ხარაზმა „ბათუმელებს“.

„ვაგნერის“ სასაფლაო ორ თვეში შვიდჯერ გაიზარდა – New York Times

ამერიკულმა გამოცემამ The New York Times-მა სატელიტურ ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ კრასნოდარში, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ბაზის მახლობლად არსებული სასაფლაო ბოლო ორი თვის განმავლობაში თითქმის შვიდჯერ გაიზარდა.

„ნიუ იორკ თაიმსმა“ სასაფლაოზე 170 საფლავი დათვალა. გამოცემა აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, ამ სასაფლაოზე მხოლოდ ის „ვაგნერელები“ არიან დაკრძალული, რომელთა ცხედრები ნათესავებმა და მეგობრებმა არ წაიღეს – სექტემბერში გამოქვეყნებულ ვიდეოში „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელიც კოლონიაში პატიმრებს იწვევდა, თქვა, რომ ბაზის მახლობლად დაკრძალავენ მათ, ვინც “არ იციან, სად უნდათ იყვნენ დაკრძალული”.

საფლავების გარდა, New York Times-მა პრიგოჟინთან ერთად ერთ-ერთ ვიდეოში ბაზის მახლობლად მდებარე სამლოცველოში დაითვალა 21 კედელი კრემაციის შემდგომ ფერფლის ურნების განსათავსებლად, თითო კედელზე 42 ნიშაა.

გამოცემა ვარაუდობს, რომ „ვაგნერის“ ასობით დაღუპული მებრძოლი ან დაკრძალულია იქ, ან ფორმით მიაგებენ გარდაცვლილებს პატივს. უცნობია ყველა მათგანია მოკლულია თუ არა უკრაინაში თუ სადმე სხვაგან, მაგრამ ვიდეო ნებისმიერ შემთხვევაში აჩვენებს „ვაგნერის“ დანაკარგების მასშტაბს – წერს გამოცემა.

 

ყალბი უცხოური პირადობის მოწმობის დამზადების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი უცხოური პირადობის მოწმობების დამზადება – გასაღების ფაქტზე ორი პირია დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც გააჩნდა ტურისტული მომსახურების ოფისი, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირის მეშვეობით, ამზადებდა და ასაღებდა უცხოურ ყალბ პირადობის მოწმობებს.

ბრალდებული პირები მხილებულ იქნენ ერთ-ერთ მოქალაქეზე 800 ევროს სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის გასაღების ფაქტზე.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღმოჩენილია უცხო ქვეყნების ათეულობით მოქალაქის ყალბი პასპორტების, ასევე ქართული მართვის მოწმობების ელექტრონული ვერსიები,“- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე – 2  ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

ზალუჟნიმ ამერიკელი უკრაინელისგან ანდერძით მიიღო მილიონი დოლარი და ჯარს გადასცა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ იანვარში ამერიკელი უკრაინელისგან ანდერძით ერთი მილიონი დოლარი მიიღო და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაურიცხა – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ფული ზალუჟნის უანდერძა აშშ-ს მოქალაქე გრეგორი (გრიგორი) სტეპანეცმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა ანდერძისა და შემოწირულობის ფაქტი დაადასტურა.

„ნიუ იორკ თაიმსი“ უკრაინის ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით წერს, რომ გასული წლის განმავლობაში ქვეყნის მაცხოვრებლებმა და ბიზნესებმა შეიარაღებულ ძალებს 22,3 მილიარდი გრივნა, ანუ დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარი შესწირეს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 იანვრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 25 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 123 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
  • ტანკი – 3 161 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 6 307 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 2 154 ერთეული [+6]
  • MLRS – 450 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 290 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 281 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 902 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 749 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 967 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 194 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 25 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 377 თვითმფრინავი
  • 204 ვერტმფრენი
  • 2 948 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 402 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 627 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 988 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 906 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 171 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ბათუმის საკრებულო ლუკა ასათიანის ქალაქისთავად არჩევის დღის აღნიშვნას გეგმავს

ბათუმის საკრებულო ლუკა ასათიანის ბათუმის ქალაქისთავად არჩევის დღის აღნიშვნას გეგმავს.

საკრებულოს ბიურომ უკვე განიხილა განკარგულების პროექტი, რომლითაც მერს დაევალება შესაბამისი ღონისძიებების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან თანხა გამონახოს.

ინიციატორი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიაა. პროექტის განმარტებით ბარათში კომისიის თავმჯდომარე წერს ლუკა ასათიანის ღვაწლზე ბათუმისთვის და  მისი ღვაწლის წარმოჩენის მიზნით ღონისძიების დაგეგმვის აუცილებლობაზე:

„მოგეხსენებათ, 128 წლის წინ, 1895 წლის 25 იანვარს, ბათუმმა აირჩია პირველი ქალაქისთავი ლუკა ასათიანი, რომლის მოღვაწეობამაც უდიდესი კვალი დააჩნია ბათუმის განვითარებას. ფაქტობრივად არ ყოფილა რომელიმე სფერო, რომელზეც ლუკას თავისი ხელი არ დაედო. დიდია მისი ღვაწლი ბათუმის განაშენიანების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჭაობის ამოშრობა, კაპიტალურად გაყვანილი სანიაღვრე კანალიზაციის არხები [მათ შორის ჟილინსკისა და ივანოვის არხები], რომლებმაც მთელი ქალაქი გადაკვეთეს.

პარალელურად წარმოებდა ქალაქის დადაბლებული ადგილების ხრეშითა და გრუნტით მოზვინვა. ყოველივე ამან განაპირობა ქალაქში ჭაობიანი ადგილების დაშრობა და მეტად საშიში ავადმყოფობის მალარიის მოსპობა. შედეგად შესაძლებელი გახდა ახალი ქუჩების გაყვანა და ნაწილის კეთილმოწყობა.

ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივით დაიწყო ბათუმის საბჭოს შენობის აგება, რომელშიც დღეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაა განთავსებული.

მისივე მმართველობის პერიოდშია აშენებული ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის მოსახლეობას დღესაც ემსახურება. ლუკა ასათიანი, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, დიდ ყურადღებას უთმობდა ბათუმში განათლების აღმავლობის საქმეს. მისი ინიციატივით ქალაქში უმოკლეს ვადაში ყველა ეროვნებისათვის მათ ენაზე დაწყებითი კლასები გაიხსნა“.

ბათუმის პირველი ქალაქისთავი - ლუკა ასათიანი
ბათუმის პირველი ქალაქისთავი – ლუკა ასათიანი

წინა მოწვევის საკრებულო ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რომელსაც ლუკა ასათიანის სახელი უწოდეს, მისი პორტრეტის განთავსებასაც გეგმავდა. საკრებულო დაინტერესებული იყო, თუ რა ბედი ეწია ლუკა ასათიანის იმ პორტრეტს, რომელიც „1901 წელს  ბათუმის სათათბიროს სააქტო დარბაზში თვალსაჩინო ადგილზე გამოუფენიათ“, თუმცა რა გამოარკვიეს, ამ დრომდე არ ვიცით.

„ჩვენ ვეცადეთ, გაგვერკვია ამ პორტრეტის ბედი, თუმცა ჯერჯერობით ხელმოსაჭიდ წყაროებს ვერ მივაკვლიეთ“, – განაცხადეს მაშინ ბათუმის საკრებულოში.

როგორ მკურნალობენ გლაუკომას, თვალის ვერაგ დაავადებას – ექიმის რჩევები

გლაუკომა თვალის ქრონიკულ დაავადებაა, რომელიც სრული და განუკურნებელი სიბრმავის მიზეზი ხდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგი ონისე ნამჩევაძე ამბობს, რომ გლაუკომა საკმაოდ ვერაგი დაავადებაა, რადგან მის ბევრ ფორმას ხშირად არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ აქვს, ეფექტი კი იმდენად ეტაპობრივია, რომ პაციენტმა შეიძლება ვერც შეამჩნიოს მხედველობის ცვლილება, სანამ მდგომარეობა არ გართულდება. მაგალითად, გლაუკომის კვლევის ფონდის შეფასებით აშშ-ში გლაუკომა სამ მილიონ ადამიანს აქვს, აქედან მხოლოდ მათმა ნახევარმა იცის საკუთარი დიაგნოზის შესახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გლაუკომა მსოფლიოში 7.7 მილიონ ადამიანს აწუხებს.

  • ბატონო ონისე, რა ხდება გლაუკომას დროს თვალში?

გლაუკომა არის მხედველობის ნერვის შეუქცევადი დაზიანება, რის შემდეგადაც აღარ ხდება ნერვული უჯრედების აღდგენა. თვალის შიდა წნევის მომატების გზით, ზიანდება მხედველობის ნერვი და უარესდება თვალის სისხლით მომარაგება. თუმცა არსებობს გლაუკომა, როცა თვალის შიდა წნევა ნორმალურია, მაგრამ ნერვის დაზიანება მაინც მიმდინარეობს.

რაც შეეხება თვალის შიდა წნევის მომატებას, ამას განაპირობებს ე.წ. წყალწყალა ნამი, რომელიც გამომუშავდება თვალში და გამომუშავდება იმაზე მეტი, ვიდრე გაედინება თვალიდან. უფრო ზუსტად, თვალშიგა წნევა ვითარდება იმ გზების დახშობით, რომლიდანაც წყალწყალა ნამი გაედინება თვალიდან, ანუ სადრენაჟო სისტემის არასწორი მუშაობით. გაზრდილი თვალშიგა წნევა ახდენს ზეწოლას მხედველობის ნერვის მკვებავ სისხლძარღვებზე, რაც საბოლოოდ იწვევს ნერვული ბოჭკოების სიკვდილს.

სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის ნახევარმა, ვისაც გლაუკომა აქვს, არ იცის თავისი დიაგნოზის შესახებ. სიბრმავის გამომწვევის რიგით მეორე დაავადებაა მსოფლიოში, კატარაქტის შემდეგ, მაგრამ გლაუკომის შემთხვევაში მხედველობის დაკარგვა შეუქცევადი პროცესია. 

  • რა მიიჩნევა გლაუკომის რისკ-ფაქტორებად?

ასაკი და გენეტიკური ფაქტორი შეიძლება გამოვყოთ. არსებობს თანდაყოლილი გლაუკომაც, ახალგაზრდა ასაკში შეძენილიც, მაგრამ ძირითადად ვითარდება 50 წლის ზემოთ ადამიანებში, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ფონზე. ასევე გლაუკომის რისკი მაღალია გენეტიკურ ჭრილში, თუ მშობლებს ან ბებია-ბაბუას ჰქონდა გლაუკომა, ადამიანმა ხშირად უნდა იკონტროლოს თვალი.

MayoClinic: გლაუკომას რისკ-ფაქტორებს ასევე წარმოადგენს ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობა, როგორიცაა დიაბეტი, შაკიკი, მაღალი წნევა; უკიდურესი ახლომხედველობა ან შორსმხედველობა; თვალის დაზიანება; კორტიკოსტეროიდული მედიკამენტების, განსაკუთრებით თვალის წვეთების ხანგრძლივი მიღება.

  • რამ შეიძლება მიგვანიშნოს გლაუკომაზე?

გლაუკომის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სტადიაზე. სამწუხაროდ, ძირითადად გლაუკომა ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, როცა ადამიანი ხვდება რომ რაღაც აწუხებს, უკვე გლაუკომას გვიანი სტადიაა.

არის სიმპტომები, მაგალითად, სინათლის ირგვლივ რკალები, რომლებსაც ადამიანი ხედავს გლაუკომის უკვე გვიან სტადიაში. ადამიანი ვერ ამჩნევს, ისე მიმდინარეობს გლაუკომის ძირითადი ფაზა.

სამწუხაროდ, ხშირად მქონია პრაქტიკაში, როცა პაციენტებმა პირველად ჩემთან გაიგეს გლაუკომას შესახებ და მათ უკვე დაკარგული ჰქონდათ ძირითადი მხედველობის ფუნქციები. მეორე თვალის ფონზე ვერ გაიგეს, რომ ერთ-ერთი თვალი ვერ ხედავდა კარგად.

ერთადერთი დაცვა გლაუკომისგან არის კონტროლი და დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა.

ამიტომ რეკომენდებულია ასაკოვანი ადამიანებისთვის წელიწადში ერთჯერ თვალის წნევის, მხედველობის ნერვის და მხედველობის ველის კონტროლი.

  • როგორია დიაგნოსტირების, გამოკვლევების ეტაპი?

დავიწყოთ იმით, რომ ძირითადად გლაუკომის განვითარება თვალის შიდა წნევის მომატებით ხდება, ამიტომ საჭიროა თვალის შიდა წნევის კონტროლი. თუმცა მხოლოდ თვალის შიდა წნევის კონტროლი ინფორმაციული არ არის, იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნეთ, დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს თვალის შიდა ნორმალური წნევის ფონზეც.

ამისთვის არის მხედველობის ნერვის ტომოგრაფია, რომელიც იკვლევს მხედველობის ნერვის ბოჭკოების სისქეს.

როდესაც გლაუკომა მიმდინარეობს, ეს ბოჭკოები თხელდება, რაზე დაკვირვებაც საშუალებას გვაძლევს გლაუკომის დიაგნოსტირება მოვახდინოთ.

ადრეულ ეტაპზე გლაუკომის აღმოჩენის კარგი საშუალებაა ადამიანის მხედველობის ველის გამოკვლევა. გლაუკომას ახასიათებს პერიფერიიდან მხედველობის დაკარგვა, რასაც ადამიანები დიდად ვერ ამჩნევენ და ამიტომაც არის კარგი ეს საშუალება.

  • რას მოიცავს გლაუკომას მკურნალობა და რამდენად ეფექტურია ის?

მკურნალობის ერთი გზაა ძირითადად – თვალის წნევის ნორმალიზება. ნორმალურ შემთხვევაში ადამიანს თვალის წნევა აქვს 10-დან 21 მმ ვწყ.სვ, თუმცა როდესაც ადამიანს დაუდასტურდება გლაუკომა, ჯობს წნევა იყოს მიახლოებული 10-თან. 10-12 არის იდეალური წნევა გლაუკომის შემთხვევაში.

ამის მიღწევა ხდება რამდენიმე გზით: მედიკამენტური – როდესაც პაციენტი მუდმივად, ყოველდღიურად იწვეთებს წვეთებს; ლაზერით მკურნალობა – ეს არაინვაზიური მეთოდია, როდესაც ხდება თვალის ნორმალიზება და თუ ამ ორი მეთოდით ვერ მოხერხდა წნევის დაწევა, საბოლოოდ ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ქირურგიული ჩარევის ბევრი მეთოდი არსებობს და ინდივიდუალურად ხდება შერჩევა პაციენტთან.

ქირურგიული ჩარევის შემდეგ წნევის ნორმალიზება ხდება, მაგრამ ესეც არ არის მუდმივი ხასიათის. დაახლოებით 5 წლის შემდეგ უკვე არის რისკი წნევამ კვლავ დაიწყოს მომატება თვალში. არიან პაციენტები, რომლებსაც წნევის მომატების გამო რამდენიმე ოპერაცია აქვთ ჩატარებული და რამდენიმე დრენაჟიც კი უდგათ ერთდროულად თვალში.

მკურნალობის პარალელურად, აუცილებელია პაციენტმა გარკვეული პერიოდულობით ექიმთან აკონტროლოს თვალის წნევა, რადგან მისი მომატების რისკი ყოველთვის არის.

მკურნალობით ვახდენთ მხედველობის დიდი დროით შენარჩუნებას, ანუ დროში ვწელავთ პროცესს. ამიტომ არის მთავარი ამოცანა დაავადების დროულად აღმოჩენა. 

  • როგორ ხდება თვალშიგა წნევის განსაზღვრა?

მისი განსაზღვრის რამდენიმე გზა არსებობს. ყველაზე გავრცელებულია უკონტაქტო გზა, როდესაც ჰაერის ნაკადით აპარატი ახდენს თვალშიგა წნევის გაზომვას, თვალს არაფერი ეხება ამ დროს. არის კონტაქტური გზებიც, მაგრამ ისინი უფრო არაკომფორტულია პაციენტისთვის.

  • რა სიჩქარით პროგრესირებს დაავადება?

ეს დამოკიდებულია თვალის წნევაზე. რაც უფრო მაღალია თვალის წნევა, მით უფრო სწრაფად ვითარდება დაავადება. არიან პაციენტები, რომელთაც რაღაც დონეზე აეწევათ თვალის წნევა და იმ დონეზე სტაბილურად რჩებათ – იქ უფრო ნელა პროგრესირებს, წლები სჭირდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც თვალის წნევა მაღალ ნიშნულამდე აღწევს თავიდანვე და აქ უკვე რამდენიმე თვეც საკმარისია მხედველობის მნიშვნელოვან დანაკარგამდე.

რატომ არ რთავს პატრული სამხრე კამერას? – ომბუდსმენი შსს-ს უჩივის

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში შსს-ს მიერ დამტკიცებული იმ ინსტრუქციის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც პატრულ-პოლიციელს აძლევს უფლებას, არ გამოიყენოს სამხრე ვიდეოკამერა, „როდესაც იგი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების დროს, ურთიერთობაში შედის მოქალაქესთან“.

კანონის მიხედვით, სამხრე ვიდეოკამერა პატრულ-პოლიციელის აღჭურვილობის აუცილებელი ელემენტია, თუმცა მისი გამოყენება პოლიციელზეა დამოკიდებული.

„…აქტიური საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების დროს ვიდეოგადაღების მიზანს, მათ შორის, წარმოადგენს მოქალაქისა და პოლიციელის უფლებების დაცვა. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, პატრულ-პოლიციელთა მიერ სამხრე ვიდეოკამერების გამოყენების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც შესაბამისი პირი დავობს, რომ მის მიმართ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, ძალის გადამეტებას, ან მისი უფლებების სხვა ფორმით ხელყოფას,“ – აღნიშნულია სარჩელში.

სარჩელში ომბუდსმენი ხაზს უსვამს იმას, რომ პოლიციელთა სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვა და მოქალაქეებთან პოლიციის ურთიერთობისას ვიდეოჩანაწერების წარმოება არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.

სახალხო დამცველი იხსენებს, რომ წლებია რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვროს პოლიციელთა მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება, თუმცა ეს რეკომენდაცია შსს-ში არ გაითვალისწინეს.

ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მონიტორინგის შედეგზეც, რომლის მიხედვით, პრაქტიკაში სამხრე კამერებს პოლიციელები იშვიათად იყენებენ.

„გამოკითხული დაკავებულები აღნიშნავდნენ, რომ მათი დაკავებისას პატრულ-ინსპექტორებს სამხრე კამერა ჩართული არ ჰქონდათ  – 58 დაკავებულიდან 3 დაკავებული აღნიშნავდა, რომ დაკავების პროცესს იღებდნენ, 4 დაკავებულს ზუსტად არ ახსოვდა მიმდინარეობდა თუ არა ვიდეოგადაღება სამხრე კამერით, 4 დაკავებულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის, დანარჩენ 47 შემთხვევაში დაკავებულები აღნიშნავდნენ, რომ ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობდა.

იმავეს ადასტურებს ადვოკატებთან გასაუბრების და ონლაინგამოკითხვის შედეგებიც. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ჩანაწერების გამოთხოვის შემთხვევაში, როგორც წესი, პასუხობენ, რომ კამერა ან გამორთული იყო, ან ჩანაწერი წაიშალა.

ვიდეო-კამერის ჩანაწერი შეიძლება ხშირად ერთადერთი ნეიტრალური მტკიცებულება იყოს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოძიებაში. იმ შემთხვევაში, როდესაც ძალის გადამეტება არის სადავო და არ არსებობს ნეიტრალური მოწმის ჩვენება, ბუნებრივია სამხრე ვიდეო-კამერის გამოყენება წარმოადგენს ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციისა თუ მათზე რეაგირების თვალსაზრისით ისეთ ეფექტიან საშუალებას, რომლის გარეშეც დაკმაყოფილებული ვერ იქნება მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ არ დაუშვას ამგვარი ფაქტები,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

ამ თემაზე:

„ჩართე სამხრე კამერა“ – რა უნდა უთხრა პოლიციელს, როცა ის გაკავებს

ლუკაშენკოს თქმით, კიევი ბელორუსს თავდაუსხმელობის პაქტს სთავაზობს – უკრაინა უარყოფს

ბელორუსის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე – და ამავდროულად განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლეთის „წაქეზებით“ აგრძელებენ ბოევიკებისა და ექსტრემისტების მომზადებას.

მან დასძინა, რომ კიევმა, მინსკს თითქოს შესთავაზა თავდაუსხმელობის პაქტის დადება. ალექსანდრე ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვისი წინადადება იყო ეს.

„მე არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას უკრაინელები. ერთის მხრივ, ისინი გვთხოვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიბრძოლოთ უკრაინასთან, რომ ჩვენი ჯარები იქ არ გადავიდნენ. ისინი გვთავაზობენ თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას, მეორეს მხრივ კი ფეთქებად ნარევს ამზადებენ და მათ შეიარაღებას გეგმავენ“, – ლუკაშენკოს სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო ბელტა [Белта] ციტირებს.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ „რეაქცია, ამ ექსტრემისტების მიმართ მკაცრი იქნება“.

ლუკაშენკოს განცხადების შემდეგ კომენტარი უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა:

“არ მჯერა, რომ ასეთი წინადადება შეიძლება არსებობდეს. თუნდაც წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმების დადება ხანგრძლივი, ფორმალიზებული და საჯარო პროცესია. უფრო მეტიც, ასეთი შეთანხმება ხშირად მოითხოვს რატიფიცირებას პარლამენტის მიერ”, – ამბობს ალექსანდრე მერეჟკო.

ბელორუსმა საკუთარი ტერიტორია ომის დაწყებისას რუსეთს პლაცდარმად გამოაყენებინა. რუსეთის ჯარების ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე სწორედ ბელორუსიდან შეიჭრა, თუმცა ამაში ბელორუსი ჯარისკაცები არ მონაწილეობდნენ.

მესაკუთრე სახლიდან უცხო პირს ვეღარ უშვებს და შუქიც ვერ ჩაუჭრა – დავა საკონსტიტუციოში

მოქალაქე დავით მალანია საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც თავის სახლში მყოფ პირს შუქი, ბუნებრივი აირი და წყალი ვერ ჩაუჭრა.

დავით მალანიას სახლი ზუგდიდში აქვს, თუმცა იქ ამ დრომდე თამაზ ყურაშვილი ცხოვრობს. სარჩელის მიხედვით, დავით მალანია სახლს უკან ვერ იბრუნებს და ყურაშვილთან სამართლებრივი დავა აქვს. მას სასამართლოში საქმე უკვე მოუგია კიდეც, თუმცა აღსრულების პროცედურა ჯერ არ დაწყებულა.

კანონმდებლობის მიხედვით, ბინასა თუ სახლში მყოფ პირს მესაკუთრე ბინის დაცლას ვერ მოსთხოვს, თუ არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

რა ხდება, როცა გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებ, იურისტის განმარტება, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანია კომუნალური სერვისის მიწოდების საკანონმდებლო ბაზა: დავით მალანიას მიმართვის შემდეგ, სახლში, სადაც სხვა პირი უკანონოდ ცხოვრობს, შუქი გამორთეს, ბუნებრივი აირი და წყალიც, თუმცა რამდენიმე დღეში თამაზ ყურაშვილს კომუნალური სერვისის მიწოდება აღუდგინეს – კანონი „მომხმარებელს“ ითვალისწინებს, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და არა მესაკუთრეს.

სემეკს სახლის მესაკუთრე დავით მალანიასთვის უცნობებია, რომ კომისიის მიერ გაცემულია მითითება „მოქალაქე თამაზ ყურაშვილს აღუდგეს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მიწოდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა წესით გამოსახლების აღსრულების განხორციელებამდე.“

„საყოფაცხოვრებო მომხმარებელი − საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას“, – წერია საქართველოს კანონში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“.

ასევე, კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ განმარტავს, რომ: „მომხმარებელი – საბოლოო მომხმარებელია, სასმელი წყლის მომხმარებელი“.

მოსარჩელე დავით მალანია მიიჩნევს, რომ კანონის ეს ჩანაწერი კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას არღვევს:

„სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსი ზღუდავს მოსარჩელე დავით მალანიას საკუთრების უფლებას, კერძოდ განკარგავდეს მის უძრავ ქონებას, რაც საკუთრების უფლების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს.

საკუთრების უფლება ყოველგვარ აზრს დაკარგავს, თუ მესაკუთრეს არ შეეძლება მისი სურვილისამებრ განკარგვა. ამდენად, სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს და უპირატესობას ანიჭებს უძრავი ქონების არამართლზომიერ მფლობელს, უშუალოდ შეეხება თავად ამ საკუთრების შეზღუდვის ფუნდამენტურ არსს, რომ მესაკუთრემ თავად განკარგოს თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში თავისი საკუთრება და ამ საკუთრების უფლებისგან მიიღოს ღირსეული კეთილდღეობა“, – ვკითხულობთ სარჩელში.

კიდევ ერთი ამონარიდი სარჩელიდან:

„საკუთრების უფლება თავის თავში გულისხმობს, რომ მესაკუთრემ განკარგოს ნივთი ისე, როგორც ის მომგებიანად ჩათვლის.

საკუთრების უფლება აზრს დაკარგავს, მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის – განკარგვის გარეშე. სახელმწიფოს აკისრია ნეგატიური ვალდებულება, ხელი არ შეუშალოს მესაკუთრეს თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის გარანტიით, თავისუფლად განკარგოს მისი საკუთრება. თუკი დაწესებული რეგულირება, შეზღუდვებით გამოაცლის ღირებულებას საკუთრებას და მესაკუთრეს არ ექნება მისი საკუთრებით სარგებლობისა და განკარგვის უფლება, მათ შორის შევზღუდავთ გადაწყვეტილების მიღებას – გასცეს თუ არა თანხმობა მის უძრავ ქონებაში კომუნალური სერვისების მიწოდებისათვის, ამით დაირღვევა საკუთრების ძირითადი არსი,“ – აღნიშნულია სარჩელში.

ამ თემაზე:

რა მოხდება, თუ გაქირავებულ ბინას ვეღარ იბრუნებ და საკეტს გამოცვლი – ინტერვიუ იურისტთან

 

 

 

 

ჩემთან ერთად გაზრდილ გოგოებს ექიმთან მისვლის უფლებაც კი არ აქვთ – ფინანსისტი ქალის ხედვა

„ფინანსურ საკითხებში ამოსავალი წერტილია, რომ აქტივები ტოლია ვალდებულებების. ხოლო ჩემთვის ცხოვრებაში ბრძოლა, შრომა ტოლია თავისუფლებისა და ახდენილი ოცნების,“ – ფინანსისტი მაყვალა გორგაძე ბათუმიდან დაფაზე საკუთარი ცხოვრების კრედოს წერს და ინტერვიუს მოსაცემად ემზადება.

მაყვალა ფიქრობს, რომ მისი ამბავი დაეხმარება რთულ მდგომარეობაში მყოფ გოგონებს გაძლიერებაში, ცხოვრების შეცვლის და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის სურვილს გაუჩენს.

მაყვალა გორგაძე 39 წლისაა. ფინანსისტი. სამი შვილი ჰყავს, უფროსი 22 წლისაა, უმცროსი 3-ის.

თავს ძლიერ ქალად მიიჩნევს, რომელმაც შეძლო თავი დაეღწია რთულ გარემოში ცხოვრებისთვის, შეძლო ესწავლა, მიუხედავად იმისა, რომ სწავლას უშლიდნენ და შეძლო ისეთი ცხოვრებით ეცხოვრა, როგორზეც ვერც კი იოცნებებდა, რადგან არ ვიცოდი, მსგავსი ცხოვრება თუ არსებობდა საერთოდო.

„სოფელში დავიბადე. ჩვენთან არასრული სკოლა იყო, საშუალო სკოლა არ დამიმთავრებია, რადგან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეექვსე კლასში დავინიშნე, ოჯახის თანხმობით.

მეცხრე კლასში, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე კვირაში გავთხოვდი. ეს არ იყო ჩემი სურვილი, მაგრამ ასე ხდებოდა მაშინ ჩვენთან.

მე არ ვიყავი არც პირველი, არც უკანასკნელი. ეს იყო 2000-იანი წლები. ახლა აღარ არის ასე მიღებული ჩვენს კუთხეში, მაგრამ მაშინ ეს ნორმა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა მსურდა, ასე მოხდა.

მე ძალიან კარგ, თბილ და მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე. შესაბამისად, ველოდებოდი, რომ მსგავს ოჯახში მოვხვდებოდი.

მაგრამ ასე არ მოხდა. მქონდა პროტესტი. ვიყავი ამაყი და მიჭირდა ამ ყველაფერზე საუბარი ადამიანებთან, რამაც გამხადა ძალიან ავად. მე და ჩემი მშობლები დავდიოდით ექიმებთან, რა მჭირდა, ვერავინ ხვდებოდა. ბევრ ექიმთან მისვლის და კონსულტაციის შემდეგ ერთ-ერთმა ექიმმა მითხრა, რომ მქონდა მწვავე ნევროზი, ჩიყვი და ვიყავი ძალიან ცუდად.

დავიწყე მკურნალობა, მაგრამ ისეთ გარემოში ვცხოვრობდი, რომ იქ ამის გამოსწორება შეუძლებელი იყო. ერთ დღეს დავუსვი ჩემს თავს შეკითხვა – მე არ ვცხოვრობ, მე ვარსებობ. ვერ ვაკეთებ ვერაფერს, რაც მე მინდა.

ელემენტარული, დღესაც კი ჩვენს ქალებს სოფელში საკუთარი სურვილით სტუმრად წასვლა არ შეუძლიათ. უნდა აიღონ ნებართვა რამდენიმე პიროვნებისგან, ოჯახის წევრებისგან, რომ ეს ნაბიჯი გადადგან.

გადავწყვიტე, დამოუკიდებლი ცხოვრება დამეწყო.

წავედი ოჯახიდან, რაც მიუღებელი იყო მაშინ, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობდა. გადავდგი ძალიან დიდი ნაბიჯი, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა მიღირდა იმისათვის, რომ მეცხოვრა როგორც ადამიანს და არა როგორც ნივთს.

23 წლის ასაკში დავიწყე ნულიდან ცხოვრება,“ – გვიყვება მაყვალა გორგაძე.

მაყვალა გორგაძის ამბავი

  • ბრძოლა განათლების მისაღებად

მაყვალა ამბობს, რომ სწავლა სულ უნდოდა – სწავლის სურვილი ჩემში ვერაფერმა ვერ ჩაკლა, ვერც ნაადრევმა ქორწინებამო. ამიტომ ქმრის ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ ბათუმში ჩამოსულმა პირველი რაც გააკეთა, განათლების მიღების გზების ძებნა დაიწყო. ბუღალტერია და ფინანსები იყო ის, რაც სულ აინტერესებდა.

„როდესაც წამოვიზარდე და კალმის დაჭერა შევძელი, იქიდან სულ ვწერდი რაღაცას, რაღაცას ვითვლიდი, რაღაცას ვქმნიდი. მაშინ  გაურკვეველი იყო რას ვაკეთებდი, მაგრამ დღეს ვიცი, რომ  ვწერდი ბუღალტერიას და ბუღალტრულ ფორმულებს.

ამიტომ, განათლებაზე რომ დავიწყე ფიქრი, პირველი, რაც გამახსენდა, იყო ბუღალტერია. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, იყო „ბუღალტრული აღრიცხვის“ სასწავლო კურსები. სწავლა დავიწყე.

ჩემი ოჯახი იყო წინააღმდეგი თავიდან. შენ ახლა შენს შვილებს უნდა მიხედო და ასწავლო, რაღა დროს შენი სწავლააო მეუბნებოდნენ, მაგრამ მე ჩუმად ვსწავლობდი.

ბებიაჩემი ჩუმად მაძლევდა სწავლის ფულს თავისი პენსიიდან.

როცა ლექციებზე მივდიოდი, მიპროტესტებდნენ, ბავშვებს მიხედეო. ამის გამო ვიტყუებოდი აღარ ვსწავლობ, შევწყვიტე-მეთქი. მაგრამ სინამდვილეში არ შემიწყვეტია, რადგან ვფიქრობ, ადამიანმა არჩეული გზიდან არ უნდა გადაუხვიოს. დასახული მიზნისკენ სიარული უნდა გააგრძელოს ნებისმიერ ფასად, თუ ეს მიზანი ჯანსაღია და მისი მიღწევა შესძენს ცხოვრებას აზრს.

მე ვაგრძელებდი სწავლას ისე, რომ ჩემმა ოჯახმა არ იცოდა. ამ კურსით წარმოდგენა შემექმნა ბუღალტერიაზე, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ეს არ იყო საკმარისი“.

  • ბრძოლა პროფესიაში თავის დასამკვიდრებლად

„ყველაფერი, რაც დღეს მაქვს, ბრძოლის შედეგია,“ – ამბობს მაყვალა. იბრძოდა თავისუფლებისთვის, განათლებისთვის, პროფესიაში საკუთარი თავის პოვნისა და დამკვიდრებისთვის.

მაყვალა იხსენებს, რომ განათლება, რომელიც საწყის ეტაპზე მიიღო, არ იყო საკმარისი. ამიტომ წლები კერძო ბიზნესში მუშაობდა, სხვადასხვა საქონლის მაღაზიას მართავდა. მაგრამ მთავარი სურვილი, გამხდარიყო ფინანსისტი, ყოველთვის სურვილად რჩებოდა. როცა ქვეყანაში ახალი საგადასახადო კოდექსი ამუშავდა და შეიქმნა RS სისტემა, მეწარმეებს კი დეკლარაციების შევსების ვალდებულება წარმოეშვათ, მაყვალამ თავისი ბიზნესსაქმიანობის გეგმა შეადგინა და ახლობელ ბუღალტერთან მიიტანა, რომელსაც დეკლარაცია უნდა გაეგზავნა.

„ნუგზარ გორგაძე არის ჩემი ახლობელი, რომელმაც როცა ეს გეგმა  მივუტანე, მკითხა – ვისაც გააკეთებინე, იმან რატომ არ დაასრულაო. მე ვუთხარი ჩემი გაკეთებულია-მეთქი და არ დაიჯერა. როდესაც დავარწმუნე, რომ ჩემი გაკეთებული იყო, არასდროს დამავიწყდება ის სიტყვები, რაც მითხრა:  თუ ეს შენ გააკეთე, ამ ცოდნით მაღაზიაში რატომ ზიხარ. ადექი, წადი სადმე და შენი ცოდნა გაიუმჯობესეო“.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ მაღაზიაში რომ მნახა, შენიშვნა მომცა – შენ კიდევ აქ ხარო?“ – იხსენებს მაყვალა.

მაყვალას თქმით, ამან სტიმული მისცა და დამატებითი განათლების მისაღებად რესურსების ძებნა დაიწყო. ასე აღმოაჩინა სასწავლო ცენტრი, სადაც ბუღალტერიას ასწავლიდნენ. სწავლა თავიდან დაიწყო, სერტიფიკატი აიღო და მალევე ერთ-ერთ კომპანიაში დაიწყო კიდეც მუშაობა.

მაყვალა იხსენებს გზას, რომელიც კარიერულ კიბეზე ასასვლელად გაიარა.

„მახსოვს, პოსტი ვნახე ფეისბუქში. ჩემი თანასოფლელი ბიჭი წერდა, რომ გამოცდილ ბუღალტერს ეძებდა. მივწერე – გამოცდილი არ ვარ, მაგრამ რაღაცებში შევძლებ დახმარებას-მეთქი. შეტყობინება ნახა, მაგრამ პასუხი არ მოუწერია.

მოგვიანებით თურქულ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, ამ ჩემს მეზობელს, რომელმაც თურქული იცის, ვთხოვე, როგორც თარჯიმანს დახმარება გაეწია ჩემს უფროსთან საუბრის დროს. დამეხმარა. თარგმნა რომ დაასრულა, იქვე მკითხა, ასე კარგად თუ იცი ბუღალტერია, ჩემთან რატომ არ მუშაობო. მასთან სამსახურიც მაშინ შემომთავაზა“.

მაყვალას თქმით, ახალ სამსახურში მთავარ ბუღალტრად დანიშნეს, სადაც 35 კომპანიის მართვა უწევდა.

„იყო ბევრი კომპანია და იყო დიდი პასუხისმგებლობა, ოთხი დამხმარე ბუღალტერი მყავდა. ვთვლიდი, რომ არ მქონდა საკმარისი გამოცდილება, ამხელა პასუხისმგებლობა ამეღო და ვეძებდი გზებს ცოდნის გასაუმჯობესებლად,“ – ამბობს მაყვალა.

მაყვალას თქმით, მისთვის კარიერული ტრამპლინი აღმოჩნდა ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის ხელმძღვანელის რამდენიმედღიან ტრენინგზე დასწრება, სადაც მიხვდა, რომ ცოდნა უნდა გაეღრმავებინა და ამ მიზნით თბილისში უნდა წასულიყო.

„სწავლის დასასრულს შემომთავაზეს იმ აუდიტორულ ფირმაში მემუშავა, სადაც ვსწავლობდი. მაგრამ ჩემი ოჯახური მდგომარეობის გამო, შვილები ბათუმში მყავდა, ვერ შევძლებდი თბილისში მუშაობას, უარი ვთქვი და ბათუმში დავბრუნდი“.

მაყვალა ახლა დამოუკიდებლად მუშაობს სხვადასხვა კომპანიასთან, ასევე ტრენერია და სხვა ადამიანებს უკვალავს გზას ფინანსების ლაბირითნში.

„ჩემთან ერთად ჩემი მასწავლებელიც მუშაობს. ძალიან ბევრი კომპანია მქონდა, მარტო ვეღარ ავუდიოდი, პოსტი დავწერე, ჩემი მასწავლებელი გამომეხმაურა და ჩემთან დავასაქმე,“ – ამბობს ის.

საბოლოოდ, მრავალწლიანმა სწავლამ და შრომამ მაყვალას სტაბილურობა მოუტანა. ახლა ის სხვა ქალებს ეხმარება და ცდილობს მათ, ვინც გამოსავალს ვერსად პოულობს, ახალი შესაძლებლობები დაანახოს.

„პანდემიის დროს ბუღალტერიის შემსწავლელი ონლაინ კურსი დავიწყე. 50 ადამიანს ვასწავლიდი სრულიად უფასოდ. ჩემი მიზანი იყო ახალგაზრდებს, ვისაც შესაბამისი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ, გაეკვალათ გზა. მინდოდა, ამაში ჩემი წვლილი შემეტანა“.

  • რას იტყვის ხალხი

„რას იტყვის ხალხი მაშინ იყო კონსტიტუცია ჩვენთვის. უმთავრესი კანონი. მაგრამ ახლა ამაზე მეცინება, რადგან რაც არ უნდა გააკეთო, ხალხი მაინც იმას ამბობს, როგორიც თვითონ არის, რაც გულში აქვს.

როდესაც კარს მოიხურავ და შენს ოჯახში შენ ხარ ძალიან ცუდად, იქ ხომ არავინ აღარ არის? ის ხალხი ხომ აღარ არის იქ?

ხარ შენ და არ გრძნობ თავს სრულფასოვან ადამიანად.

აი, ამის გააზრება იყო ძალიან ცუდი და ამან მომცა ალბათ სტიმული და ძალა, რომ მეკითხა „აი, ახლა მე აქ ვარ მარტო ამ ყველაფერთან, სად არის ეს ხალხი“?

არსად.

ყველა თავის ცხოვრებას უვლის და შენ გვერდით არავინ არაა.

ხაზი მინდა გავუსვა რწმენას. მე მწამს, რომ არსებობს ღმერთი, რომელსაც შეუძლია ადამიანების ცხოვრების სწორად მართვა, თუ ჩვენ, ადამიანები, მივმართავთ მას დახმარებისთვის, ის ჩვენ გაგვაძლიერებს და დაგვეხმარება აუცილებლად. ჩემი წარმატებების, გამბედაობების და ამ ყველაფრის ძალას მაძლევდა ღმერთი, სხვა არავინ. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს არავინ არაფერში დამხმარებია, გარდა მეგობრებისა, რომლებიც მორალურად მედგნენ მხარში.

ბევრმა ჩემმა ახლობელმა და ნათესავმა იცოდა, რომ არ ვიყავი შესაფერის გარემოში, როგორსაც ვიმსახურებდი, მაგრამ ვერავინ ვერ იღებდა ამაზე ხმას.

ახლაც ასეა. ბევრი გოგონა და ქალი ცხოვრობს ისეთ გარემოში, რომელშიც უბრალოდ არ ცხოვრობენ… არსებობენ. მე მინდა ვუთხრა ამ გოგონებს – ნუ ელოდებით ნურავის, არავინ არ მოვა და არ ამოგიყვანთ ამ ჭაობიდან. საკუთარი თავი თქვენ თვითონ უნდა ამოიყვანოთ. საკუთარი უფლებები თქვენ უნდა დაიცვათ, საკუთარ თავს თქვენ უნდა უშველოთ. სხვა ვერავინ გიშველით. არც არავინ დაგიფასებთ ამ ყველაფრის გაძლებას,“ – ამბობს მაყვალა.

მისი თქმით, წლებთან ერთად თითქოს რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ძირეული პრობლემები, რაც ჩვენს საზოგადოებაში ქალებს აქვთ, არ შეცვლილა.

„მიაჩნიათ, რომ რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ზედაპირულად. სიღრმისეულად არაფერი შეცვლილა.

მაგალითად, შეიცვალა ის, რომ გოგონები ნაადრევად აღარ თხოვდებიან. თუმცა გათხოვილი გოგოები მაინც ცხოვრობენ სხვისი აზრით. 99% ასეა.

ვხედავ, რომ ჩემ ტოლებს, ჩემთან ერთად გაზრდილებს საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის უფლება არ აქვთ. ექიმთან მისვლის უფლება არ აქვთ, თუკი ოჯახის წევრი არ დართავს ამის ნებას. წამლის ყიდვის საშუალება არ აქვთ, გამაყუჩებლის, როდესაც რამე სტკივათ, თუ მისი მეუღლე არ უყიდის. ეს არის კატასტროფა და ეს არის საშინელება.

მე მქონდა ასეთი შემთხვევა, ჩემი უფროსი შვილი იყო პატარა. ჰქონდა სიცხე. როდესაც მეუღლეს ვუთხარი, რომ ბავშვს სიცხის წამალი სჭირდებოდა, ფული არ მაქვსო მითხრა.  მამაშენს გამოართვი-მეთქი, რომ სიცხის დამწევი ვიყიდოთ. მამამისს როდესაც სთხოვა, გავიგონე ასეთი პასუხი – „20-ლარიანს ვერ დავშლი“.

ასეთი რაღაცები ახლაც ხდება ალბათ. მე გამოვედი აქედან. მადლობა ღმერთს, წამლის კი არა, სახლის ყიდვა შემიძლია დამოუკიდებლად, მაგრამ ვდარდობ იმ ქალებზე, რომლებიც ახლაც ასე ცხოვრობენ.

ოდესღაც რომ არ გადამედგა მკვეთრი, საზოგადოებისთვის ნაწილობრივ მიუღებელი ნაბიჯები, ალბათ მეც იმ გარემოში ვიცხოვრებდი. თუმცა ვიცი, რომ ვერ ვიცხოვრებდი იმ გარემოში, მოვკვდებოდი, ვერ გავუძლებდი.

ცხოვრება არ არის, როცა გინდა იყიდო წამალი და ვერ ყიდულობ. გინდა მიირთვა რამე და ვერ ყიდულობ, რომ ჭამო. გინდა, რომ წახვიდე, მაგრამ ვერ მიდიხარ, იმიტომ, რომ უფლება არ მოგცეს.

მე განათლებაში ვხედავ გამოსავალს და შრომაში. არა ფიზიკურ შრომაში. ფიზიკური შრომაც საჭიროა, მაგრამ როდესაც შენ ფიზიკურად შრომობ ოჯახში, ამ ოჯახის დოვლათის მართვა მხოლოდ ოჯახის უფროსებზეა.

როცა შენ შრომობ შენი ინტელექტით და განათლებით, როდესაც შენ გაქვს შენი კუთვნილი შემოსავალი, ამ შემთხვევაში უკვე სხვა სიტუაციაა. შეგიძლია მართო შენი ცხოვრება.

გამოსავალს კიდევ იცით რაში ვხედავ? ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა და ვთქვათ. დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ ვშრომობთ ხომ. ეს ქალებიც თავიანთ ოჯახებში შრომობენ და უნდა ჰქონდეთ თავიანთი ნაშრომის დამოუკიდებლად მართვის უფლება.

მინიმალურს ვსაუბრობ – ექიმთან წასვლა, წამლის ყიდვა და ა.შ. ეს პრობლემები ჩემ ირგვლივ არის, სხვა რამეებზე აღარ ვსაუბრობ. მე გამოსავალს ვხედავ ასევე განათლებაში.

რეკომენდაციას მივცემ გოგონებს, რომლებიც ახლა არ არიან დაქორწინებულები. არასოდეს არ უნდა იფიქროთ ფინანსურად კაცზე, რომ აი, ცოლად გავყვები და ის უზრუნველმყოფს. საერთოდ არ არის სასიამოვნო სხვის კმაყოფაზე ცხოვრება და არც ისეთი სამოთხეა, როგორც წარმოუდგენიათ პირობითად, იმიტომ, რომ არ არის ეს კარგი პირობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ ფული უნდა სთხოვო მეუღლეს.

ესეც არ არის სასიამოვნო პროცესი.

ვერც კი ჩამოვთვლი ჩემი მიზნისკენ მიმავალ გზაზე იმდენი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ არასდროს გავჩერებულვარ. რა იყო მიზანი?

მქონოდა ჩემი სახლი, დამოუკიდებელი შემოსავალი და მეცხოვრა ისე, რომ არავისზე ვყოფილიყავი დამოკიდებული.

ახლა როგორც ვცხოვრობ, ამაზე არც მიოცნებია. უფრო სწორად, ასეთი ცხოვრება თუ არსებობდა, არ ვიცოდი და როგორ ვიოცნებებდი?

არასდროს გადამიხვევია მიზნიდან და არასდროს მომიძებნია ფულის შოვნის იოლი გზა. მე ამის მჯერა – მარტივი ფული არ არსებობს“.

დაშენება ძეგლის დაცვის ზონაში, მერიასთან – ახალი ტენდენცია ბათუმში

ბათუმში, ლუკა ასათიანის #21-ში, ოთხსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო. დაახლოებით ერთი თვის წინ შენობის ფასადის ირგვლივ ხარაჩოები განათავსეს და სამშენებლო ბადით შემოსაზღვრეს.

მშენებლობას შპს „სახლი ძველ ბათუმში“ ახორციელებს, ამ კომპანიის მესაკუთრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გიორგი ჭყონიაა. იგი მმართველი პარტიის შემწირველია. ამავე დროს, გიორგი ჭყონია ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც გასულ წელს, კუნძულ მალიორკაზე აჭარის მთავრობასთან ერთად იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს ვიზიტი სწორედ ბათუმელმა ბიზნესმენებმა დააფინანასეს.

ბათუმელი ბიზნესმენები მალიორკაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად.

ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ ლუკა ასათიანის #21-ში პირველი კლასის სამუშაოები სრულდება, იცვლება მხოლოდ ფასადი და კოშკის მოცულობა, რაც მერიასთან შეთანხმებულია [პირველი კლასის სამუშაოებს ისეთივე ნებართვა არ სჭირდება, როგორიც ახალ მშენებლობას, ან რეკონსტრუქციას, რომელიც სართულის დამატებას ან სხვა მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს.]

შენობა 2008 წელსაა აშენებული და საცხოვრებელი არ არის, მას კომერციული დანიშნულებით იყენებენ. ამ დროისთვის შენობის ნაწილში შპს „ალიანს ჯგუფის“ ოფისია განთავსებული [რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანია მოიჯარედ ფიქსირდება]. შენობაში ფართობები საიჯარო წესით სხვა ორგანიზაციებსაც აქვთ დაქირავებული. გასულ წლებში ამ კორპუსში კოლეჯი „ბლექსი“ ფუნქციონირებდა, უფრო ადრე კი შენობის მესამე სართულზე „ქართული ოცნების“ ოფისიც იყო.

ბათუმში ახალი სამშენებლო ტენდენცია ჩნდება, მშენებლები ადრე აშენებულ კორპუსებზე დაშენების უფლებას ითხოვენ- გვერდით უფრო მაღალი აშენდა და მეც დავამატებო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მერიაში ასეთი ასობით განაცხადია შესული.

ადგილზე სხვადასხვა დროს ორ მუშას გავესაუბრეთ, ერთის ინფორმაციით შენობას ამატებენ ორ ახალ სართულს, მეორის თქმით კი, „აშენებენ ერთს, მანსარდით.“

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, მესაკუთრის სახელით განაცხადი შენობის რეკონსტრუქციის თაობაზე 2021 წლის ივლისში შეიტანეს მერიაში. ბათუმის მერიისთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში არქიტექტორი გრიგოლ გარუჩავა წერს:

„შენობის მეხუთე სართული წარმოადგენს ღია ტერასას, რომლის კუთხეში განთავსებულია კოშკის პირამიდული ტიპის გადახურვა. შენობის კუთხის მთავარი ელემენტია კუთხურა კოშკი, რომელიც წარმოადგენს კვარტლის კუთხის აქცენტირებულ ელემენტს და თავისი მასშტაბით ლოგიკურად კრავდა ქუჩების კუთხეს მაშინ, როცა მისი მომიჯნავე შენობები ორსართულიანები იყო. დღეისათვის შენობის ორივე მხარეს აშენდა ექვსსართულიანი შენობები, რითაც კუთხური კოშკის მოცულობა აშკარად უმასშტაბოდ გამოიყურება ახლადშექმნილ განაშენიანებაში და მოითხოვს კოშკის სიმაღლის დარეგულირებას, განაშენიანების მასშტაბის შესაბამისად.“

არქიტექტორის განმარტებით, რეკონსტრუქციის პროექტი ძირითადად ითვალისწინებს მხოლოდ ფასადისა და კოშკის კორექტირების სამუშაოებს:

„შეიცვლება მეოთხე სართულის ფასადი ლითონის ფურცლებით მოპირკეთებული კედელი შენობის ძირითადი მოსაპირკეთებელი კერამიკული აგურის ფილებით. დაგეგმილია კოშკის მხოლოდ სიმაღლეში გაზრდა მისი არქიტექტურული იერისა და ელემენტების შეუცვლელად. ასევე ტერასაზე მოეწყობა ანაკრები კონსტრუქციის საჩრდილობელი – ჩარდახის ტიპის გადახურვა. ტერასის პერიმეტრზე განმეორდება მეოთხე სართულის ფასადზე გამომავალი (კარ-ფანჯრების ფრონტონების) არქიტექტურული ელემენტები“, – განმარტა გრიგოლ გარუჩავამ.

რენდერი – შენობის მასშტაბთან დაკავშირებით არქიტექტორი განმარტავს: „შენობის ყველა ძირითადი მახასიათებლები მისი გაბარიტები და ცალკეული ელემენტები რჩება უცვლელი, შესაბამისად უცვლელია მისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.“ თუმცა ამ ილუსტრაციის მიხედვით შენობის სიმაღლე იცვლება, ჩნდება მანსარდული სართული ტერასით.

შეიძლება თუ არა მშენებლობა, რომელიც ასათიანის 21-ში მიმდინარეობს ჩაითვალოს მსუბუქ კონსტრუქციად და ხომ არ აქვს ადგილი შეთანხმებული პროექტის დარღვევას ამას მუნიციპალური ინსპექცია გამოარკვევს.

თავად არქიტექტორმა, გრიგოლ გარუჩავამ სატელეფონო საუბარში განგვიმარტა:

„მეოთხე სართულზე იყო დახრილი კედელი, რომელიც ქმნიდა მანსარდის იმიტაციას. ის კედელი სწორდება. ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის. უბრალოდ, ის დახრილი ნაწილები გასწორდა, იმისათვის ამოდის ეს სვეტები, რომლებიც გაჩერებული იყო იატაკის დონეზე, სწორდება რომ შეივსოს და იქ კედელი გაკეთდეს. მესაკუთრე ზემოდან აკეთებს ლანდშაფტურ პერბოლას, პერგოლის მოწყობისა და ფასადის გასწორების ნებართვა აქვს. კოშკი აიწევა და მოიწევა ტერასის თავზე.“

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში რეკონსტრუქციის პროექტი არ შეუთანხმებიათ, მიუხედავად იმისა, რომ შენობა ძეგლის დაცვის ზონაშია. აქედან ყველაზე ახლოს, ლუკა ასათიანის #25-ში ძეგლის სტატუსი აქვს თავად მერიის შენობას. შენობის ფანჯრებიდან, დიდი ალბათობით მერის კაბინეტის ფანჯრებიდანაც კი, დაშენების სამუშაოები კარგად ჩანს.

რატომ არ გადააგზავნეს პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, მიუხედავად იმისა, რომ მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული დაგეგმვის სამსახურის უფროსი დოკუმენტურად ადასტურებდა, რომ პროექტი სააგენტოსთან შეთანხმებას საჭიროებდა, რა შეიცვალა? – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

განმცხადებელ გრიგოლ გარუჩავას ბათუმის მერიის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი წერდა:

„დოკუმენტაცია კანონით დადგენილ ვადაში გადაეგზავნოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საკითხზე მოსაზრება/დასკვნის წარმოდგენის მიზნით.“

 

2022 წლის დეკემბერში ბათუმის მერმა კომპანიას შეტყობინების მოქმედების ვადა გაუგრძელა, ამავე დოკუმენტში ჩაიწერა, რომ მოთხოვნილია პირველი კლასის მშენებლობა.

მაღალმთიანი აჭარის სკოლები ექიმებსა და ექთნებს ეძებენ – ხელფასი 660 ლარი

შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლები სკოლის ექიმებსა და ექთნებს ვერ პოულობენ.

2022 წლის 21 მარტს საქართველოს განათლების და ჯანდაცვის მინისტრებმა გამოსცეს ერთობლივი ბრძანება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა სკოლებში სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი. ეს სტანდარტი სკოლაში ექიმის ან ექთნის ყოფნას და სამედიცინო პერსონალისთვის სივრცის ან შესაბამისი კაბინეტის გამოყოფას ითვალისწინებს.

შუახევში 43 საჯარო სკოლაა. მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ედუარდ გოგრაჭაძის თქმით, დაახლოებით 38 საჯარო სკოლაში უკვე მოხერხდა ექთნებისა და ექიმების აყვანა, მათთვის საჭირო სივრცეების მოწყობა, დანარჩენ სკოლებში კი მიმდინარეობს კონკურსი და საჭიროა სივრცეების მოწყობა.

„ძირითადად ექთნები ავიყვანეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მცირე კონტინგენტიანი სკოლები გვაქვს.

სკოლები 50 მოსწავლეზე ქვემოთ – ექთნის აყვანას ითვალისწინებს. დაახლოებით 10-მდე სკოლა გვქონდა, სადაც ექიმის შტატი დაიშვა, თუმცა უმრავლესობაში ექიმის კადრი ვერ შეირჩა იმიტომ, რომ არ არის ამდენი ექიმი მუნიციპალიტეტში. ოთხ სკოლაში ავიყვანეთ ექიმი, მაგრამ ნაწილში ექთნის შტატად გადაკეთება მოგვიწია დროებით, რა თქმა უნდა, სანამ ექიმი შეირჩევა.

[სკოლებში] სამედიცინო პუნქტი შეიძლება მოეწყოს ნებისმიერ ოთახში, ან კუთხე შეიძლება მოეწყოს. რაღაც კაბინეტური ტიპის სივრცის მოწყობის აუცილებლობა არ არის, რაც, ასე რომ ვთქვათ, სპეციალურ ინფრასტრუქტულ სამუშაოებს ითვალისწინებს. [ექიმის] კაბინეტი საჭიროა იქ, სადაც ექიმია“, – ამბობს ედუარდ გოგრაჭაძე.

როგორც მან გვითხრა, იანვრიდან სკოლაში დასაქმებული ექთნების ხელფასი 550, ხოლო ექიმების – 660 ლარი იქნება.

ექიმის აყვანა უჭირთ ქედის სკოლებშიც. აქ სულ 29 საჯარო სკოლაა. მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელისგან, დურმიშხან შავიშვილისგან ვიგებთ, რომ ქედის 3 საჯარო სკოლას ფართობის პრობლემა შეექმნა და აქამდე ამიტომ ვერ მოახერხეს ექიმის/ექთნის მუშაობისთვის საჭირო სივრცის მოწყობა სკოლებში, დანარჩენ 26 სკოლაში კი სივრცე უკვე მოეწყო, მაგრამ ამ სკოლებიდან 4 სკოლამ ვერ აიყვანა თანამშრომელი.

„მაგალითად, გამოცხადებული იყო რამდენჯერმე ვაკანსია ექიმის პოზიციაზე, ვერ ავიყვანეთ ექიმი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივწერეთ წერილი დაგვთანხმებოდა ექთნის აყვანაზე. დაგვიდასტურეს და ახლა ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე გამოვაცხადებთ“, – ამბობს დურმიშხან გოგრაჭაძე. მისი თქმით, ექიმის აყვანა მუნიციპალიტეტის მხოლოდ 1 საჯარო სკოლაში მოხერხდა.

„ექიმები ფიზიკურად არ არიან ადგილზე. ვინც არის, ფიზიკურად სხვაგან ცხოვრობენ, არა მგონია ამისთვის მოვიდნენ. ექთნები არიან და მათ შორის კი იმართება კონკურსები.

ისინი ვალდებულები არიან სკოლაში იყვნენ სასწავლო პროცესისას“, – ამბობს დურმიშხან შავიშვილი.

ამ ეტაპზე ხულოს მუნიციპალიტეტის არც ერთ სკოლას არ აუყვანია ექიმი ან ექთანი. მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო სკოლაა.

ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ მიქელაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ხულოს 9 სკოლაში უკვე მზადაა სკოლის ექიმის კაბინეტი და სკოლები ეტაპობრივად აცხადებენ ვაკანსიებს ექიმის და ექთნის პოზიციაზე. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა მარტის ბოლომდე შეძლებს სამედიცინო პერსონალის ოთახის მოწყობასა და თანამშრომლების აყვანას.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

უცნობია, რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია – სააგენტო

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ქალაქ სოჭის პორტი ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სამგზავრო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს.

ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია“ – აცხადებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭის საზღვაო პორტი საქართველოსთან საზღვაო გზით მგზავრების გადაყვანის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, დღეს, 24 იანვარს გაავრცელა რუსულმა სააგენტო TASS-მა სოჭის პორტის დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით.

ამავე თემაზე: 

სოჭის პორტი ბათუმსა და აფხაზეთში მგზავრების გადაყვანას აპირებს – რუსული მედია

სოჭის პორტი ბათუმსა და აფხაზეთში მგზავრების გადაყვანას აპირებს – რუსული მედია

სოჭის საზღვაო პორტი საქართველოსთან საზღვაო გზით მგზავრების გადაყვანის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს  – ამის შესახებ რუსული სააგენტო TASS-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, სოჭიდან საქართველოში მგზავრების ტრანსპორტირება, სავარაუდოდ, ბათუმში განხორციელდება.

„სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავი ზღვით აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე – ამის შესახებ TASS-ს  სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ მოხდება [მგზავრთა ტრანსპორტირება] აფხაზეთსა და საქართველოში. ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. განზრახულია ტრანსპორტირების დაწყება ამ ზაფხულს”, – განაცხადა ვლადიმეროვმა და დასძინა, რომ მგზავრების გადაყვანა სოჭიდან საქართველოში, სავარაუდოდ, განხორციელდება ბათუმში.

„ძალიან დიდი მოთხოვნაა ახალ სამგზავრო, საზღვაო მარშრუტებზე. ჩვენ ვეცდებით, ჩვენი ტურისტების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, განვვითარდეთ ამ მიმართულებით“, – დასძინა ვლადიმიროვმა“ – წერს TASS-ი.

მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები სოჭსა და ბათუმს შორის საზღვაო გზით მიმოსვლაზე? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართა. აქ გვითხრეს, ინფორმაცია ამის შესახებ არ აქვთ და დააზუსტებენ.

18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, იმისთვის, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები, რომელიც 2019 წლის 8 ივლისიდანაა შეწყვეტილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით.

2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, საქართველოში ყოველთვიურად რუსეთის 100 ათასობით მოქალაქე შემოდის.

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 405 552 მოქალაქემ გადმოკვეთა.

_______________

ფოტოზე: ბათუმის ნავსადგური. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები რუსეთს ომში ეხმარებიან – ბლუმბერგი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის მთავრობას მტკიცებულება წარუდგინა იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ჩინური სახელმწიფო კომპანია შესაძლოა ეხმარებოდეს რუსეთს სამხედრო მოქმედებებისას უკრაინაში – ამის შესახებ Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. აშშ ცდილობს გაარკვიოს, იცის თუ არა პეკინმა ამის შესახებ.

გაურკვეველია, კონკრეტულად რაში გამოიხატება დახმარება, თუმცა ზოგადი ცნობებით საქმე ეხება სამხედრო-ეკონომიკურ (თუმცა არა იარაღით) დახმარებას. ეს დახმარება, აშშ-ს განმარტებით, არ იძლევა საშუალებას, რომ რუსეთმა სრულად აარიდოს თავი აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს.

Bloomberg-ის წყაროები მიიჩნევენ, რომ ჩინური კომპანიები შეგნებულად ეხმარებიან რუსეთს სამხედრო მოქმედებებში.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი თავს არიდებს რუსეთის კრიტიკას ომის გამო, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. სი ძინპინი კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგია.

„თუ ნათელი გახდება, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა მართლაც დაუჭირეს მხარი რუსეთის უკრაინაში შეჭრას, ეს უზარმაზარ გავლენას მოახდენს აშშ-ს პოლიტიკაზე, როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის მიმართ.

აშშ-ს სტრატეგია უკრაინის მიმართ, სხვა საკითხებთან ერთად, პუტინის ხელისუფლების იზოლაცია და მისი ეკონომიკის ჩამოშლაა.

ჩინეთი მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყანაა, მისმა მხარდაჭერამ კი რუსეთის მიმართ აშშ-ს სტრატეგია შესაძლოა მნიშვნელოვნად შეარყიოს“, – წერს Blumberg-ი.

Exit mobile version