მთავარი,სიახლეები

ტურიზმის კანონი იცვლება – რას ფიქრობენ გიდები სერტიფიცირებაზე

26.01.2023 •
ტურიზმის კანონი იცვლება – რას ფიქრობენ გიდები სერტიფიცირებაზე

ტურიზმის შესახებ ახალი კანონით, რომლის ინიცირებაც პარლამენტში იგეგმება, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ გიდებს ნებაყოფლობითი სერტიფიცირების რეკომენდაცია ეძლევათ.

ზოგიერთი გიდი მიიჩნევს, რომ სერტიფიცირება ისევ გიდებს გააძლიერებს, ზოგიერთს კი კითხვები აქვს და ნებაყოფლობითი სერტიფიცირების მიღმა ბევრ პრობლემურ საკითხს ხედავს.

  • რა ხდება?

საქართველოში ტურიზმის შესახებ კანონი იცვლება. საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული საკომუნიკაციო დოკუმენტის თანახმად, ამჟამად მოქმედი კანონი მიღებულია 1997 წელს და ვერ პასუხობს მსოფლიო ტურიზმში დღეს არსებულ გამოწვევებს. კანონპროექტის ინიციატორებს მაგალითად მოჰყავთ ის, რომ ძველი კანონით არ არის განსაზღვრული ტურისტების უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმები და შედეგად, მომხმარებელთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული.

ამასთან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტურიზმის დირექტივის მოთხოვნები არ არის ასახული საკანონმდებლო დონეზე.

ახალმა კანონმა კი უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებების დაცვა, მეორე მხრივ კი, დაინერგოს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები.

ახალი კანონით დარეგულირდება მაღალი რისკის ტურისტული მომსახურებებიც.

  • რას შეეხება ცვლილებები?

წინასწარი ცნობებით, ტურიზმის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს ტურისტული საქმიანობის სუბიექტების სავალდებულო რეგისტრაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. სავალდებულო ხდება სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის უფლების მოპოვება – სერტიფიცირება.

განისაზღვრება ტურისტული გიდის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კერძოდ, ტურისტული გიდობის უფლება მიენიჭება 18 წელს მიღწეულ პირს, რომელიც არ იქნება ნასამართლევი განზრახ, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ეცოდინება ქართული ენა B2 დონეზე და B2 დონეზე – ის უცხო ენა, რომელზეც ატარებს ტურს.

კანონპროექტის თანახმად, ტურისტული გიდის პროფესიული სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. სერტიფიცირებულ გიდებს ექნებათ ოფიციალური სამკერდე მოწმობა, რომელსაც გასცემს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ე.წ. გარდამავალ პერიოდში სერტიფიცირებული გიდი უფასოდ შევა სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე.

ამასთან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ადგილებში ტურისტული გიდის საქმიანობის განხორციელების უფლება ექნება მხოლოდ ტურისტული გიდის ოფიციალური სამკერდე მოწმობის მფლობელ პირს.

  • რას ფიქრობენ გიდები და ტურიზმის სექტორში ჩართულები

ცოტნე ჯაფარიძე, ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი იმ რეგულაციების მიმართ, რომელიც ახალ კანონს შემოაქვს.

მისთვის მთავარი კითხვა პირველ რიგში გიდების  ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ეხება.

„ვინ უნდა გასცეს შესაბამისი ლიცენზია, თუ იქნება  სერტიფიკატი ტურიზმის სფეროში – ეს კითხვის ნიშანს აჩენს.

ტურიზმის ადმინისტრაცია თავისზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს ჯეროვნად და ორ წელზე მეტი საერთოდ ხელმძღვანელი არ ჰყავდა.

ვინ უნდა განსაზღვროს, მაგალითად, ჩემი კომპეტენცია? 13 წელია ამ სფეროში ვარ. ვიღაც ჩინოვნიკმა, რომელიც ადმინისტრაციაში ზის? მან უნდა განსაზღვროს ჩემი და ჩემი კოლეგების პროფესიონალიზმი?“ – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.

ცოტნე ჯაფარიძე, ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი

მისი თქმით, ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროში შემოღებული რეგულაციებიდან ერთი წარმატებული მაგალითის მოყვანაც კი ჭირს.

„მაგალითისთვის, ავიღოთ ტექდათვალიერება. ეს არის პროცედურა, რომელიც გვაიძულებს თითოეულმა ავტომფლობელმა ყოველწლიურად გადავიხადოთ გარკვეული თანხა, იმის სანაცვლოდ, რომ რაღაც ფურცელი მოგვცენ.

დანარჩენი ეს ყველაფერი არის  ფარსი, არანაირად არ ხდება მერე ამ მანქანების კონტროლი. არადა, რეგულაციის არსი იყო ის, რომ ქალაქში გაუმჯობესებულიყო ეკოლოგიური მდგომარეობა. გამართულ მანქანებს ემოძრავათ.

განზოგადებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურიზმის სფეროში ამის გაკონტროლება, შესრულდება თუ არა ის რეგულაციები, რომლებსაც ახალი კანონი შემოიღებს, იქნება შეუძლებელი. ან რომელმა ორგანომ უნდა აკონტროლოს საერთოდ ეს?“ – სვამს კითხვას ცოტნე ჯაფარიძე.

ლაშა ბერეკაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი

„ხომ არ მოხდება გიდების საქმიანობის შეზღუდვა ან გაკონტროლება?“ – ეს კითხვა აქვს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელს, ლაშა ბერეკაშვილს.

იგი ამბობს, რომ საქართველოში მოქმედი ტურისტული ასოციაციების ხედვაა, რომ იყოს ავტორიზებული ორგანიზაციები, რომლებსაც ექნებათ საშუალება, თანაბარ პირობებში გადაამზადონ გიდები და გასცენ სერტიფიკატები.

„ეს იქნებოდა იდეაში სამართლიანი. იმ შიშებს მოხსნიდა, რა შიშებიც გვაქვს. რაც შეეხება თავად უშუალოდ გიდებს. ამ ეტაპზე საუბარია გიდების ნებაყოფლობით სერტიფიცირებაზე. მას, ვინც არ გაივლის სერტიფიცირებას, ამ რედაქციით ექნება უფლება იმუშაოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხომ არ მიგვიყვანს ეს ყველაფერი იქამდე, რომ თუ გიდი არ იქნება სერტიფიცირებული, მას აღარ შეეძლება მუშაობა?

ტურიზმმა რეალურად გადაარჩინა ბევრი ადამიანი უსამსახურობას. ვინ იქნება იმის გარანტორი, რომ მერე ეს არ გახდება სავალდებულო?” – კითხულობს ლაშა ბერეკაშვილი.

ამ შიშებისა და კითხვების პარალელურად ლაშა ბერეკაშვილი ფიქრობს, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მოქმედ გიდებს ან გიდობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ  ორწლიანი პერიოდი იმისათვის, რომ მოემზადონ საერთო ეროვნული სერტიფიცირებისათვის.

„მე იდეაში ამის მომხრე ვარ. ჰქონდეთ ადამიანების მოსამზადებელი პერიოდი, ისე, რომ თავიანთ საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ გვინდა სერტიფიცირება და არ გვინდა ხარისხის დადასტურება ან ამაღლება. მაგრამ ეს უნდა იყოს ლოიალური და ადამიანებს უნდა შეეძლოთ მასში ნორმალურად მონაწილეობა, კვალიფიკაციის ამაღლება ნებაყოფლობით და მერე ამისი დადასტურება.

კარგი იქნებოდა, სახელმწიფოს შემდგომ ეზრუნა სერტიფიცირებული გიდების საერთაშორისო ინტეგრაციაზე, ვგულისხმობ, რომ სხვადასხვა ქვეყანას ეღიარებინა ეს სერტიფიცირება. ესეც კარგი ბენეფიტი იქნებოდა და მოტივაცია გიდებისთვის, გაევლოთ სერტიფიცირება,“ – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

თამარ ორაგველიძე, ტურისტული გიდი

ტურისტული გიდი, თამარ ორაგველიძეც მიიჩნევს, რომ სერტიფიცირება გიდებისთვის აუცილებელია, რადგან ეს მინიმუმამდე დაიყვანს საფრთხეებს.

„სერტიფიცირება მანამდე ტრენინგებს გულისხმობს და გიდების კვალიფიკაციას აამაღლებს.  უსაფრთხოება და ტურისტისთვის ქვეყნის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება უმნიშვნელოვანესია,“ – ამბობს თამარ ორაგველიძე.

გიორგი დარციმელია, სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრი ამბობს, რომ მათი ასოციაციის შენიშვნები შეეხებოდა გიდის განსაზღვრებას – როგორც პროფესიის და როგორც მომსახურების.

„ახალ კანონში საუბარია რბილ რეგულირებაზე, რაც ნებაყოფლობითი ფორმაა და საერთოდ არ ჩანს ასოციაციების როლი. ასოციაციების გარეშე კი სერტიფიცირების განხორციელება სრული აბსურდია, იმიტომ, რომ ასეთ პრეცედენტს მსოფლიო არ იცნობს,“ – ამბობს გიორგი დარციმელია.

გიორგი დარციმელია, სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრი

მისი თქმით, რადგან ტურიზმის შესახებ ახალი კანონი ექნება ქვეყანას, სჯობს იმ ქვეყნების გამოცდილება იქნეს გათვალისწინებული, რომლებმაც რეფორმა წარმატებით გაატარეს.

„ის გამოცდილება, რაც ათეულობით წლები გროვდებოდა ამერიკაში, ჰოლანდიაში თუ გერმანიაში, სჯობს მაქსიმალურად გადმოვიტანოთ,“ – ამბობს გიორგი დარციმელია.

გიორგი დარციმელიას თქმით, ახალი კანონით საქართველოს ტურიზმის ასოციაცია იქნება ორგანო, რომელიც  სერტიფიცირებული გიდებისთვის გასცემს სამკერდე ნიშანს.

„ტურიზმის ადმინისტრაცია სახელმწიფო უწყებაა. სახელმწიფო უწყება თუ გასცემს დოკუმენტს, ეს უკვე სერტიფიცირება აღარ არის, ეს ლიცენზირებაა. ლიცენზირება მკაცრი რეგულირებაა და მკაცრი რეგულირება გულისხმობს, რომ ქვეყანაში სავალდებულო არის გიდის რეგისტრაცია.

ამ შემთხვევაში რაღაც გაუგებრობა გამოგვდის, სადაც ასოციაციას თავისი როლი არ აქვს, გიდის ფუნქცია არ არის განსაზღვრული და სერტიფიცირებული გიდის დოკუმენტის გამცემი არის სახელმწიფო ორგანო. ამ რედაქციით კანონპროექტი არის დაუმუშავებელი და ალბათ სამუშაოც ბევრია,“ – ამბობს გიორგი დარციმელია მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებაზე.

მისივე თქმით, ის არ არის სერტიფიცირების წინააღმდეგი, თუკი ეს პროცესი სწორად წარიმართება.

„საქართველოში გიდების ოთხი ასოციაციაა. ბევრ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს ერთსულოვნება. სრული კონსენსუსია ამ საკითხზე, როგორ დარეგულირდეს და ჩვენს როლს ველოდებით, რომ შევუდგეთ საქმიანობის განხორციელებას ისე, როგორც ევროპული ასოციაციები აკეთებენ ამას.

ქვეყანაში, რომელიც ფიქრობს, რომ მასობრივი ტურიზმის გარდა რაღაც მნიშვნელოვანი განავითაროს, აუცილებელია რაღაც წესების შემოღება თუნდაც ნებაყოფლობით დონეზე. ვამბობ – მინდა რაღაც მაღალ სტანდარტს დავექვემდებარო, მივდივარ და გავდივარ სერტიფიცირებას.

ოღონდ სერტიფიცირებას გავდივარ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ, პროფესიულ ასოციაციაში. სხვას არ უნდა ჰქონდეს ეს უფლება, თვითონ გიდები უნდა იყვნენ ჩართული სერტიფიცირების პროცესში.

თუ ისინი არ მონაწილეობენ ამ პროცესში და პრაქტიკოსი გიდების მიერ არ ხდება წესების განსაზღვრა, ის წესები აუცილებლად იქნება ხელოვნური,“ – ამბობს გიორგი დარციმელია.

ტურიზმის შესახებ ახალი კანონპროექტის წარდგენა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაიდო, რადგან სამუშაო დოკუმენტის განხილვებს ტურისტული სექტორის მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და შენიშვნები მოჰყვა.

როგორც „ბათუმელებს“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში უთხრეს, კიდევ ორი საჯარო განხილვაა დაგეგმილი, სადაც სექტორის წარმომადგენლებს მოუსმენენ. ამის შემდეგ კანონპროექტს პარლამენტში დასამტკიცებლად 2023 წლის პირველ ნახევარში წარადგენენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: