მთავარი,სიახლეები

ჩემთან ერთად გაზრდილ გოგოებს ექიმთან მისვლის უფლებაც კი არ აქვთ – ფინანსისტი ქალის ხედვა

24.01.2023 • 12957
ჩემთან ერთად გაზრდილ გოგოებს ექიმთან მისვლის უფლებაც კი არ აქვთ – ფინანსისტი ქალის ხედვა

„ფინანსურ საკითხებში ამოსავალი წერტილია, რომ აქტივები ტოლია ვალდებულებების. ხოლო ჩემთვის ცხოვრებაში ბრძოლა, შრომა ტოლია თავისუფლებისა და ახდენილი ოცნების,“ – ფინანსისტი მაყვალა გორგაძე ბათუმიდან დაფაზე საკუთარი ცხოვრების კრედოს წერს და ინტერვიუს მოსაცემად ემზადება.

მაყვალა ფიქრობს, რომ მისი ამბავი დაეხმარება რთულ მდგომარეობაში მყოფ გოგონებს გაძლიერებაში, ცხოვრების შეცვლის და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის სურვილს გაუჩენს.

მაყვალა გორგაძე 39 წლისაა. ფინანსისტი. სამი შვილი ჰყავს, უფროსი 22 წლისაა, უმცროსი 3-ის.

თავს ძლიერ ქალად მიიჩნევს, რომელმაც შეძლო თავი დაეღწია რთულ გარემოში ცხოვრებისთვის, შეძლო ესწავლა, მიუხედავად იმისა, რომ სწავლას უშლიდნენ და შეძლო ისეთი ცხოვრებით ეცხოვრა, როგორზეც ვერც კი იოცნებებდა, რადგან არ ვიცოდი, მსგავსი ცხოვრება თუ არსებობდა საერთოდო.

„სოფელში დავიბადე. ჩვენთან არასრული სკოლა იყო, საშუალო სკოლა არ დამიმთავრებია, რადგან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეექვსე კლასში დავინიშნე, ოჯახის თანხმობით.

მეცხრე კლასში, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე კვირაში გავთხოვდი. ეს არ იყო ჩემი სურვილი, მაგრამ ასე ხდებოდა მაშინ ჩვენთან.

მე არ ვიყავი არც პირველი, არც უკანასკნელი. ეს იყო 2000-იანი წლები. ახლა აღარ არის ასე მიღებული ჩვენს კუთხეში, მაგრამ მაშინ ეს ნორმა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა მსურდა, ასე მოხდა.

მე ძალიან კარგ, თბილ და მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე. შესაბამისად, ველოდებოდი, რომ მსგავს ოჯახში მოვხვდებოდი.

მაგრამ ასე არ მოხდა. მქონდა პროტესტი. ვიყავი ამაყი და მიჭირდა ამ ყველაფერზე საუბარი ადამიანებთან, რამაც გამხადა ძალიან ავად. მე და ჩემი მშობლები დავდიოდით ექიმებთან, რა მჭირდა, ვერავინ ხვდებოდა. ბევრ ექიმთან მისვლის და კონსულტაციის შემდეგ ერთ-ერთმა ექიმმა მითხრა, რომ მქონდა მწვავე ნევროზი, ჩიყვი და ვიყავი ძალიან ცუდად.

დავიწყე მკურნალობა, მაგრამ ისეთ გარემოში ვცხოვრობდი, რომ იქ ამის გამოსწორება შეუძლებელი იყო. ერთ დღეს დავუსვი ჩემს თავს შეკითხვა – მე არ ვცხოვრობ, მე ვარსებობ. ვერ ვაკეთებ ვერაფერს, რაც მე მინდა.

ელემენტარული, დღესაც კი ჩვენს ქალებს სოფელში საკუთარი სურვილით სტუმრად წასვლა არ შეუძლიათ. უნდა აიღონ ნებართვა რამდენიმე პიროვნებისგან, ოჯახის წევრებისგან, რომ ეს ნაბიჯი გადადგან.

გადავწყვიტე, დამოუკიდებლი ცხოვრება დამეწყო.

წავედი ოჯახიდან, რაც მიუღებელი იყო მაშინ, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობდა. გადავდგი ძალიან დიდი ნაბიჯი, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა მიღირდა იმისათვის, რომ მეცხოვრა როგორც ადამიანს და არა როგორც ნივთს.

23 წლის ასაკში დავიწყე ნულიდან ცხოვრება,“ – გვიყვება მაყვალა გორგაძე.

  • ბრძოლა განათლების მისაღებად

მაყვალა ამბობს, რომ სწავლა სულ უნდოდა – სწავლის სურვილი ჩემში ვერაფერმა ვერ ჩაკლა, ვერც ნაადრევმა ქორწინებამო. ამიტომ ქმრის ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ ბათუმში ჩამოსულმა პირველი რაც გააკეთა, განათლების მიღების გზების ძებნა დაიწყო. ბუღალტერია და ფინანსები იყო ის, რაც სულ აინტერესებდა.

„როდესაც წამოვიზარდე და კალმის დაჭერა შევძელი, იქიდან სულ ვწერდი რაღაცას, რაღაცას ვითვლიდი, რაღაცას ვქმნიდი. მაშინ  გაურკვეველი იყო რას ვაკეთებდი, მაგრამ დღეს ვიცი, რომ  ვწერდი ბუღალტერიას და ბუღალტრულ ფორმულებს.

ამიტომ, განათლებაზე რომ დავიწყე ფიქრი, პირველი, რაც გამახსენდა, იყო ბუღალტერია. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, იყო „ბუღალტრული აღრიცხვის“ სასწავლო კურსები. სწავლა დავიწყე.

ჩემი ოჯახი იყო წინააღმდეგი თავიდან. შენ ახლა შენს შვილებს უნდა მიხედო და ასწავლო, რაღა დროს შენი სწავლააო მეუბნებოდნენ, მაგრამ მე ჩუმად ვსწავლობდი.

ბებიაჩემი ჩუმად მაძლევდა სწავლის ფულს თავისი პენსიიდან.

როცა ლექციებზე მივდიოდი, მიპროტესტებდნენ, ბავშვებს მიხედეო. ამის გამო ვიტყუებოდი აღარ ვსწავლობ, შევწყვიტე-მეთქი. მაგრამ სინამდვილეში არ შემიწყვეტია, რადგან ვფიქრობ, ადამიანმა არჩეული გზიდან არ უნდა გადაუხვიოს. დასახული მიზნისკენ სიარული უნდა გააგრძელოს ნებისმიერ ფასად, თუ ეს მიზანი ჯანსაღია და მისი მიღწევა შესძენს ცხოვრებას აზრს.

მე ვაგრძელებდი სწავლას ისე, რომ ჩემმა ოჯახმა არ იცოდა. ამ კურსით წარმოდგენა შემექმნა ბუღალტერიაზე, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ეს არ იყო საკმარისი“.

  • ბრძოლა პროფესიაში თავის დასამკვიდრებლად

„ყველაფერი, რაც დღეს მაქვს, ბრძოლის შედეგია,“ – ამბობს მაყვალა. იბრძოდა თავისუფლებისთვის, განათლებისთვის, პროფესიაში საკუთარი თავის პოვნისა და დამკვიდრებისთვის.

მაყვალა იხსენებს, რომ განათლება, რომელიც საწყის ეტაპზე მიიღო, არ იყო საკმარისი. ამიტომ წლები კერძო ბიზნესში მუშაობდა, სხვადასხვა საქონლის მაღაზიას მართავდა. მაგრამ მთავარი სურვილი, გამხდარიყო ფინანსისტი, ყოველთვის სურვილად რჩებოდა. როცა ქვეყანაში ახალი საგადასახადო კოდექსი ამუშავდა და შეიქმნა RS სისტემა, მეწარმეებს კი დეკლარაციების შევსების ვალდებულება წარმოეშვათ, მაყვალამ თავისი ბიზნესსაქმიანობის გეგმა შეადგინა და ახლობელ ბუღალტერთან მიიტანა, რომელსაც დეკლარაცია უნდა გაეგზავნა.

„ნუგზარ გორგაძე არის ჩემი ახლობელი, რომელმაც როცა ეს გეგმა  მივუტანე, მკითხა – ვისაც გააკეთებინე, იმან რატომ არ დაასრულაო. მე ვუთხარი ჩემი გაკეთებულია-მეთქი და არ დაიჯერა. როდესაც დავარწმუნე, რომ ჩემი გაკეთებული იყო, არასდროს დამავიწყდება ის სიტყვები, რაც მითხრა:  თუ ეს შენ გააკეთე, ამ ცოდნით მაღაზიაში რატომ ზიხარ. ადექი, წადი სადმე და შენი ცოდნა გაიუმჯობესეო“.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ მაღაზიაში რომ მნახა, შენიშვნა მომცა – შენ კიდევ აქ ხარო?“ – იხსენებს მაყვალა.

მაყვალას თქმით, ამან სტიმული მისცა და დამატებითი განათლების მისაღებად რესურსების ძებნა დაიწყო. ასე აღმოაჩინა სასწავლო ცენტრი, სადაც ბუღალტერიას ასწავლიდნენ. სწავლა თავიდან დაიწყო, სერტიფიკატი აიღო და მალევე ერთ-ერთ კომპანიაში დაიწყო კიდეც მუშაობა.

მაყვალა იხსენებს გზას, რომელიც კარიერულ კიბეზე ასასვლელად გაიარა.

„მახსოვს, პოსტი ვნახე ფეისბუქში. ჩემი თანასოფლელი ბიჭი წერდა, რომ გამოცდილ ბუღალტერს ეძებდა. მივწერე – გამოცდილი არ ვარ, მაგრამ რაღაცებში შევძლებ დახმარებას-მეთქი. შეტყობინება ნახა, მაგრამ პასუხი არ მოუწერია.

მოგვიანებით თურქულ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, ამ ჩემს მეზობელს, რომელმაც თურქული იცის, ვთხოვე, როგორც თარჯიმანს დახმარება გაეწია ჩემს უფროსთან საუბრის დროს. დამეხმარა. თარგმნა რომ დაასრულა, იქვე მკითხა, ასე კარგად თუ იცი ბუღალტერია, ჩემთან რატომ არ მუშაობო. მასთან სამსახურიც მაშინ შემომთავაზა“.

მაყვალას თქმით, ახალ სამსახურში მთავარ ბუღალტრად დანიშნეს, სადაც 35 კომპანიის მართვა უწევდა.

„იყო ბევრი კომპანია და იყო დიდი პასუხისმგებლობა, ოთხი დამხმარე ბუღალტერი მყავდა. ვთვლიდი, რომ არ მქონდა საკმარისი გამოცდილება, ამხელა პასუხისმგებლობა ამეღო და ვეძებდი გზებს ცოდნის გასაუმჯობესებლად,“ – ამბობს მაყვალა.

მაყვალას თქმით, მისთვის კარიერული ტრამპლინი აღმოჩნდა ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის ხელმძღვანელის რამდენიმედღიან ტრენინგზე დასწრება, სადაც მიხვდა, რომ ცოდნა უნდა გაეღრმავებინა და ამ მიზნით თბილისში უნდა წასულიყო.

„სწავლის დასასრულს შემომთავაზეს იმ აუდიტორულ ფირმაში მემუშავა, სადაც ვსწავლობდი. მაგრამ ჩემი ოჯახური მდგომარეობის გამო, შვილები ბათუმში მყავდა, ვერ შევძლებდი თბილისში მუშაობას, უარი ვთქვი და ბათუმში დავბრუნდი“.

მაყვალა ახლა დამოუკიდებლად მუშაობს სხვადასხვა კომპანიასთან, ასევე ტრენერია და სხვა ადამიანებს უკვალავს გზას ფინანსების ლაბირითნში.

„ჩემთან ერთად ჩემი მასწავლებელიც მუშაობს. ძალიან ბევრი კომპანია მქონდა, მარტო ვეღარ ავუდიოდი, პოსტი დავწერე, ჩემი მასწავლებელი გამომეხმაურა და ჩემთან დავასაქმე,“ – ამბობს ის.

საბოლოოდ, მრავალწლიანმა სწავლამ და შრომამ მაყვალას სტაბილურობა მოუტანა. ახლა ის სხვა ქალებს ეხმარება და ცდილობს მათ, ვინც გამოსავალს ვერსად პოულობს, ახალი შესაძლებლობები დაანახოს.

„პანდემიის დროს ბუღალტერიის შემსწავლელი ონლაინ კურსი დავიწყე. 50 ადამიანს ვასწავლიდი სრულიად უფასოდ. ჩემი მიზანი იყო ახალგაზრდებს, ვისაც შესაბამისი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ, გაეკვალათ გზა. მინდოდა, ამაში ჩემი წვლილი შემეტანა“.

  • რას იტყვის ხალხი

„რას იტყვის ხალხი მაშინ იყო კონსტიტუცია ჩვენთვის. უმთავრესი კანონი. მაგრამ ახლა ამაზე მეცინება, რადგან რაც არ უნდა გააკეთო, ხალხი მაინც იმას ამბობს, როგორიც თვითონ არის, რაც გულში აქვს.

როდესაც კარს მოიხურავ და შენს ოჯახში შენ ხარ ძალიან ცუდად, იქ ხომ არავინ აღარ არის? ის ხალხი ხომ აღარ არის იქ?

ხარ შენ და არ გრძნობ თავს სრულფასოვან ადამიანად.

აი, ამის გააზრება იყო ძალიან ცუდი და ამან მომცა ალბათ სტიმული და ძალა, რომ მეკითხა „აი, ახლა მე აქ ვარ მარტო ამ ყველაფერთან, სად არის ეს ხალხი“?

არსად.

ყველა თავის ცხოვრებას უვლის და შენ გვერდით არავინ არაა.

ხაზი მინდა გავუსვა რწმენას. მე მწამს, რომ არსებობს ღმერთი, რომელსაც შეუძლია ადამიანების ცხოვრების სწორად მართვა, თუ ჩვენ, ადამიანები, მივმართავთ მას დახმარებისთვის, ის ჩვენ გაგვაძლიერებს და დაგვეხმარება აუცილებლად. ჩემი წარმატებების, გამბედაობების და ამ ყველაფრის ძალას მაძლევდა ღმერთი, სხვა არავინ. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს არავინ არაფერში დამხმარებია, გარდა მეგობრებისა, რომლებიც მორალურად მედგნენ მხარში.

ბევრმა ჩემმა ახლობელმა და ნათესავმა იცოდა, რომ არ ვიყავი შესაფერის გარემოში, როგორსაც ვიმსახურებდი, მაგრამ ვერავინ ვერ იღებდა ამაზე ხმას.

ახლაც ასეა. ბევრი გოგონა და ქალი ცხოვრობს ისეთ გარემოში, რომელშიც უბრალოდ არ ცხოვრობენ… არსებობენ. მე მინდა ვუთხრა ამ გოგონებს – ნუ ელოდებით ნურავის, არავინ არ მოვა და არ ამოგიყვანთ ამ ჭაობიდან. საკუთარი თავი თქვენ თვითონ უნდა ამოიყვანოთ. საკუთარი უფლებები თქვენ უნდა დაიცვათ, საკუთარ თავს თქვენ უნდა უშველოთ. სხვა ვერავინ გიშველით. არც არავინ დაგიფასებთ ამ ყველაფრის გაძლებას,“ – ამბობს მაყვალა.

მისი თქმით, წლებთან ერთად თითქოს რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ძირეული პრობლემები, რაც ჩვენს საზოგადოებაში ქალებს აქვთ, არ შეცვლილა.

„მიაჩნიათ, რომ რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ზედაპირულად. სიღრმისეულად არაფერი შეცვლილა.

მაგალითად, შეიცვალა ის, რომ გოგონები ნაადრევად აღარ თხოვდებიან. თუმცა გათხოვილი გოგოები მაინც ცხოვრობენ სხვისი აზრით. 99% ასეა.

ვხედავ, რომ ჩემ ტოლებს, ჩემთან ერთად გაზრდილებს საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის უფლება არ აქვთ. ექიმთან მისვლის უფლება არ აქვთ, თუკი ოჯახის წევრი არ დართავს ამის ნებას. წამლის ყიდვის საშუალება არ აქვთ, გამაყუჩებლის, როდესაც რამე სტკივათ, თუ მისი მეუღლე არ უყიდის. ეს არის კატასტროფა და ეს არის საშინელება.

მე მქონდა ასეთი შემთხვევა, ჩემი უფროსი შვილი იყო პატარა. ჰქონდა სიცხე. როდესაც მეუღლეს ვუთხარი, რომ ბავშვს სიცხის წამალი სჭირდებოდა, ფული არ მაქვსო მითხრა.  მამაშენს გამოართვი-მეთქი, რომ სიცხის დამწევი ვიყიდოთ. მამამისს როდესაც სთხოვა, გავიგონე ასეთი პასუხი – „20-ლარიანს ვერ დავშლი“.

ასეთი რაღაცები ახლაც ხდება ალბათ. მე გამოვედი აქედან. მადლობა ღმერთს, წამლის კი არა, სახლის ყიდვა შემიძლია დამოუკიდებლად, მაგრამ ვდარდობ იმ ქალებზე, რომლებიც ახლაც ასე ცხოვრობენ.

ოდესღაც რომ არ გადამედგა მკვეთრი, საზოგადოებისთვის ნაწილობრივ მიუღებელი ნაბიჯები, ალბათ მეც იმ გარემოში ვიცხოვრებდი. თუმცა ვიცი, რომ ვერ ვიცხოვრებდი იმ გარემოში, მოვკვდებოდი, ვერ გავუძლებდი.

ცხოვრება არ არის, როცა გინდა იყიდო წამალი და ვერ ყიდულობ. გინდა მიირთვა რამე და ვერ ყიდულობ, რომ ჭამო. გინდა, რომ წახვიდე, მაგრამ ვერ მიდიხარ, იმიტომ, რომ უფლება არ მოგცეს.

მე განათლებაში ვხედავ გამოსავალს და შრომაში. არა ფიზიკურ შრომაში. ფიზიკური შრომაც საჭიროა, მაგრამ როდესაც შენ ფიზიკურად შრომობ ოჯახში, ამ ოჯახის დოვლათის მართვა მხოლოდ ოჯახის უფროსებზეა.

როცა შენ შრომობ შენი ინტელექტით და განათლებით, როდესაც შენ გაქვს შენი კუთვნილი შემოსავალი, ამ შემთხვევაში უკვე სხვა სიტუაციაა. შეგიძლია მართო შენი ცხოვრება.

გამოსავალს კიდევ იცით რაში ვხედავ? ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა და ვთქვათ. დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ ვშრომობთ ხომ. ეს ქალებიც თავიანთ ოჯახებში შრომობენ და უნდა ჰქონდეთ თავიანთი ნაშრომის დამოუკიდებლად მართვის უფლება.

მინიმალურს ვსაუბრობ – ექიმთან წასვლა, წამლის ყიდვა და ა.შ. ეს პრობლემები ჩემ ირგვლივ არის, სხვა რამეებზე აღარ ვსაუბრობ. მე გამოსავალს ვხედავ ასევე განათლებაში.

რეკომენდაციას მივცემ გოგონებს, რომლებიც ახლა არ არიან დაქორწინებულები. არასოდეს არ უნდა იფიქროთ ფინანსურად კაცზე, რომ აი, ცოლად გავყვები და ის უზრუნველმყოფს. საერთოდ არ არის სასიამოვნო სხვის კმაყოფაზე ცხოვრება და არც ისეთი სამოთხეა, როგორც წარმოუდგენიათ პირობითად, იმიტომ, რომ არ არის ეს კარგი პირობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ ფული უნდა სთხოვო მეუღლეს.

ესეც არ არის სასიამოვნო პროცესი.

ვერც კი ჩამოვთვლი ჩემი მიზნისკენ მიმავალ გზაზე იმდენი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ არასდროს გავჩერებულვარ. რა იყო მიზანი?

მქონოდა ჩემი სახლი, დამოუკიდებელი შემოსავალი და მეცხოვრა ისე, რომ არავისზე ვყოფილიყავი დამოკიდებული.

ახლა როგორც ვცხოვრობ, ამაზე არც მიოცნებია. უფრო სწორად, ასეთი ცხოვრება თუ არსებობდა, არ ვიცოდი და როგორ ვიოცნებებდი?

არასდროს გადამიხვევია მიზნიდან და არასდროს მომიძებნია ფულის შოვნის იოლი გზა. მე ამის მჯერა – მარტივი ფული არ არსებობს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: