ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) ვაქცინა, რომელიც ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ასაკის ქალებისთვისაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი და გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.
ავპ ვაქცინა, რომელიც რამდენიმე დოზით კეთდება, საქართველოში 2019 წლიდან არის შეტანილი ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის, 2022 წელს შესაძლებელი გახდა 13-18 წლის გოგოებში მეორე აცრის ჩატარება; 2023 წელს კი ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია.
გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით. საშვილოსნოს ყელის კიბო, ძირითად შემთხვევაში, ადამიანის პაპილომა ვირუსითაა (აპვ) გამოწვეული, რომლის საწინააღმდეგო გეგმიური აცრით საქართველოში, 2022 წლის განმავლობაში, 10-12 წლის ასაკის გოგონების 50% აიცრა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, თუმცა 5%-ით მეტი, წინა წელთან შედარებით.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი ნანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ პაპილომა ვირუსზე გეგმიური აცრების მაჩვენებელი აჭარაში 2022 წელს ყველაზე მაღალი იყო საქართველოში და მან 83% შეადგინა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 55% იყო.
„2022 წელს 63.5 პროცენტამდე გაგვეზარდა მოცვის მაჩვენებელი უშუალოდ ბათუმში, სადაც აჭარის მასშტაბით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით (2021 წელს – 40%). ასეთი მაჩვენებელი ჯერ არ გვქონია. მართალი გითხრათ, დაბალი კონტინგენტის მქონე მუნიციპალიტეტებში, როგორიცაა ხულო, ქედა, შუახევი – არ გვქონდა ასეთი საგანგაშოდ დაბალი, 50-პროცენტიანი მოცვა მაინც გვქონდა გასული სამი წლის განმავლობაში, წელს ყველგან მოიმატა, მათ შორის – ბათუმშიც“ – ამბობს ნანა ჯინჭარაძე.
იგი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ ყველა მშობლისთვის, ინდივიდუალურად დაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა.
„როცა ინფორმაცია სწვდება მშობელს, მას ინტერესი უჩნდება და კითხულობს მედპერსონალთან, რა ვაქცინაა, რა დაავადებაა, რაზე მეპატიჟებიან. მართლა ძალიან კარგად იმუშავა, რადგან ზოგიერთ მშობელს გაგონილიც არ ჰქონდა ამის შესახებ, ზოგან ვერც მედპერსონალმა მიაწვდინა ხმა. ქობულეთშიც კი, სადაც ძალიან დაბალი აქტივობა გვქონდა, გააქტიურდნენ, მათ შორის სოფლებშიც” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე.
მას შემდეგ, რაც 2022 წლიდან საქართველოში აპვ ვაქცინაცია 13-18 წლის გოგონებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, ამ ასაკობრივი კატეგორიიდან, აჭარის მასშტაბით სულ 330-მდე გოგონა აიცრა, რაც ნანა ჯინჭარაძის შეფასებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
„ეს აცრა რამდენიმე დოზით კეთდება, აჭარაში 600-მდე იყო 13-18 წლის გოგო, ვინც მე-2 დოზით აიცრა, დიდი შუალედი ჰქონდათ, მაგრამ ვაქცინა დაკარგულად არ ითვლება” – განმარტავს ნანა ჯინჭარაძე.
იგი ამბობს, რომ მიუხედავად გაზრდილი მიმართვიანობისა, მოცვა მაინც არ არის მაღალი.
„მოცვის იდეალური მაჩვენებელი 95%-ია, 90 პროცენტი საშუალოდ ითვლება. სამწუხაროდ, პაპილომაზე აცრა 50%-იც არ არის საქართველოს მასშტაბით” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ამ აცრაზე მოცვა კვლავ დაბალია, ანტივაქსერული კამპანიაა, რაც წლების განმავლობაში, ამ და სხვა ვაქცინებთან მიმართებაში მიმდინარეობს.
„ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვაქცინა საქართველოში ერთი წლის შემოსული იყო, წავიდა მშობლებში ცრუ ინფორმაცია, რომ ეს იწვევს უშვილობას. ჩვენ ვიყავით 78-ე ქვეყანა, სადაც შემოვიდა „გარდასილი“ [ვაქცინა პაპილომა ვირუსების წინააღმდეგ] და არცერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა მსგავსი ცნობები.
მას არ აქვს არანაირი უკუჩვენება, ეს არ არის ცოცხალი ვაქცინა (ანუ არ შეიცავს ცოცხალ, დასუსტებულ მიკრობ(ებ)ს). ვცრით იმიტომ, რომ ანტისხეულები გამომუშავდეს და როდესაც ადამიანს პაპილომა ვირუსი შეხვდება, ორგანიზმი დასაწყისშივე, ძალიან მარტივად გაუმკლავდება მას, რომ არ დაიწყოს ვირუსმა გამრავლება,” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე.
UNFPA: მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ის მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) ვაქცინით, ხოლო ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი მისი განკურნებაც შესაძლებელია.
სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომია ღირებულების გადახდის შემთხვევაში, თუმცა მისი ფასი საკმაოდ მაღალი – დაახლოებით 400 ლარია. საქართველოში აპვ ვაქცინა ევროპული, კერძოდ, ბელგიური წარმოებისაა [მწარმოებელია MSD, იცავს აპვ ვირუსის 9 სახეობისგან].
_________________________
ამჟამად უფასო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია:
- 10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
- 13-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
ამავე თემაზე: