მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ დავიცვათ თავი საშიში პაპილომა ვირუსებისგან

26.10.2021 • 3546
როგორ დავიცვათ თავი საშიში პაპილომა ვირუსებისგან

პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, აქედან 40-მდე ტიპს ონკოგენური ბუნება აქვს და საშვილოსნოს კიბოს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია. მთელ მსოფლიოში საშვილოსნოს კიბოთა შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა.

ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. არსებობს პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი სახეობა, მაგრამ მათი უმრავლესობა არ იწვევს პრობლემებს. HPV-ის მცირე ნაწილი შეიძლება შენარჩუნდეს და გადაიზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოში. მეან-გინეკოლოგი ნათია მელუა ამბობს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა ამ ინფექციით არის განპირობებული.

  • ქალბატონო ნათია, რა არის პაპილომა ვირუსი და რამდენად საშიშია იგი?

პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. 100-ზე მეტი სახეობაა გამოვლენილი ამ ვირუსის, მათ შორის 40 ტიპი არის ტროპული (მგრძნობიარე) ლორწოვანი გარსის მიმართ, ანუ შესაძლოა გამოიწვიონ ონკოლოგიური პროცესები. განასხვავებენ მაღალი და დაბალი რისკის ტიპებს. მათგან ყველაზე აგრესიულია პაპილომა ვირუსის მე-16 და მე-18 ტიპები, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 70%-ში.

  • როგორ ვრცელდება?

სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე ქალი შესაძლოა დაინფიცირდეს პაპილომა ვირუსით, რასაც რამდენიმე თვეში შესაძლოა მოჰყვეს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანება, ე.წ. დისპლაზიის ჩამოყალიბება.

მაგრამ თუ ქალის ორგანიზმის იმუნური სისტემა მყარია, ასევე ადვილად ხდება ვირუსის განდევნა ორგანიზმიდან. უმრავლეს შემთხვევაში პროცესი  უკუვითარდება, ანუ პაპილომა ვირუსი ყოველგვარი ჩარევის გარეშე ტოვებს ქალის სხეულს, მაგრამ თუ მაღალი რისკის პაპილომა ვირუსზეა საუბარი, რომელიც ორგანიზმში ხანგრძლივად ხვდება, განსაკუთრებით გარკვეული რისკფაქტორების არსებობის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში ხდება დისპლაზიის პროგრესი და საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბება.

დისპლაზია ეწოდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების წინარე მდგომარეობას, იგი შეიძლება იყოს მსუბუქი, ზომიერი და მძიმე.

ჯანმო: HPV გადამდებია სქესობრივი გზით, მაგრამ გადაცემისთვის არ არის საჭირო შეღწევადი სექსი (ანუ მხოლოდ ჰეტეროსექსი). კანიდან კანთან გენიტალური კონტაქტი პაპილომავირუსის გადაცემის საკმაოდ ხშირი მეთოდია.

ზოგადად, პაპილომა ვირუსის რისკფაქტორებია: სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში, ბევრი სექსუალური პარტნიორი, ოთხზე მეტი მშობიარობა და პირველი მშობიარობა ადრეულ ასაკში, დაუცველი სექსი, თამბაქოს მოხმარება, ხანგრძლივი (5 წელზე მეტ ხანს) ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება, იმუნოკომპრომისული მდგომარეობა გამოწვეული აივ ინფექციით, იმუნოსუპრესიული მედიკამენტების მიღება, სქესობრვი გზით გადამდები ინფექციის არსებობა, კერძოდ: ტრიქომონი, ჰერპეს II ტიპის ვირუსი, ქლამიდიით ინფიცირება.

  • როგორ შეიძლება ამოვიცნოთ პაპილომა ვირუსი?

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას კლინიკური გამოვლინება არ აქვს, ანუ კიბოს წინარე  მდგომარეობა მიმდინარეობს უსიმპტომოდ. როდესაც რომელიმე კლინიკური ნიშანი, მაგალითად, სისხლდენა არის გამოხატული, ეს უკვე ონკოლოგიური პროცესის ჩამოყალიბების მაუწყებელია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პროფილაქტიკის მიზნით მოხდეს ჯანმრთელი მოსახლეობის სკრინინგი, რომლის მეშვეობით ადრეული ცვლილებების გამოვლენა არის შესაძლებელი, შესაბამისად, დროული მკურნალობა და კიბოს თავიდან არიდება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობა ნელა პროგრესირებადია – დაზიანებული უჯრედების კიბოდ გარდასაქმნელად უმეტესად 10-15 წელია საჭირო.

  • რას მოიცავს პაპილომა ვირუსზე სკრინინგის პროგრამა?

სკრინინგის პროგრამა უფასოა 25-დან 60 წლამდე ქალებისთვის, ეს პრაქტიკულად ჯანმრთელი ქალებისთვის კეთდება, რადგან კიბოს წინარე პროცესებს 10-15 წელი უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს. დისპლაზია შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მძიმე დისპლაზია ყველაზე უფრო ხშირია 30-40 წლის ქალებში.

საშვილოსნოს ყელის დაზიანების გამოვლენა შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით, პირველი ეს არის პაპ-ტესტი – ეს არის ციტოლოგიური კვლევა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის/უჯრედების შესწავლა ხდება მიკროსკოპის ქვეშ. პაპ-ტესტი გადაიგზავნება ეროვნულ სკრინინგცენტრში, იქიდან კი მოგვდის პასუხი. თუ ნორმა არის, ვუსაზღვრავთ სამწლიან სკრინინგულ ინტერვალს, ანუ სამ წელში ერთხელ თავიდან გაიკეთებს პაპ-ტესტს.

თუ არის მცირე ხარისხის დაზიანება, ამ შემთხვევაში უფინანსდებათ კოლპოსკოპიური (საშვილოსნოს ყელის დათვალიერება სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოთი, რომელიც გადიდებულად აჩვენებს გამოსახულებას) და ბიოფსიური კვლევებიც.

  • რამდენად საშიშია პაპილომავირუსით გამოწვეული ქსოვილოვანი წარმონაქმნები – კონდილომები?

ზოგიერთი ტიპის პაპილომა ვირუსის დროს შესაძლოა გაჩნდეს მახვილწვერიანი კონდილომები, ეს უმეტესად მე-7 და მე-11 ტიპის პაპილომა ვირუსით არის გამოწვეული.

კონდილომები შესაძლოა გაჩნდეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე. განვიხილოთ ანოგენიტალიური არე, როცა კონდილომები ჩნდება გარეთა სასქესო ორგანოებზე, საშოსა და საშვილოსნოს ყელზე, თუმცა ეს არ არის ის პაპილომა ვირუსი, რომელიც ქმნის კიბოს რისკს. ამ შემთხვევაში დაინფიცირების უპირატესი გზა არის დაუცველი სქესობრივი კონტაქტი. დაინფიცირება შეიძლება მოხდეს კანიდან კანთან კონტაქტითაც.

ანოგენიტალური კონდილომები ადამიანის პაპილომავირუსის დაბალი რისკის ტიპებს მიეკუთვნება, თუმცა აუცილებელია დიფერენცირება მოხდეს კანის სიმსივნეებთან.

კონდილომების მკურნალობა უსაფრთხოა და ტარდება ადგილობრივი მეთოდით – კრიოდესტრუქციით, რაც ნიშნავს კეთილთვისებიანი წარმონაქმნების (პაპილომების, კონდილომების, ვირუსული მეჭეჭების) მოცილებას თხევადი აზოტით. კეთილთვისებიანი წარმონაქმნები მიეკუთვნება ვირუსულ დერმატოზებს და მისი გამომწვევი არის ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სხვადახვა სახით, სხვადასხვა ადგილზე – ხელები, მტევნის დორზალური ზედაპირი, კისრის არე, იღლიის ფოსოები, ტერფები, სახე და ა.შ.

ამ ვირუსით დაინფიცირება დამოკიდებულია ადამიანის იმუნურ სტატუსზე და კანის მდგომარეობაზე, რამდენად დარღვეულია მისი მთლიანობა.

  • როგორია პრევენცია?

სამწუხაროდ, მედიკამენტი, რომელიც უშუალოდ პაპილომა ვირუსს გაანადგურებს, არ არსებობს. ამიტომ რისკფაქტორებისთვის თავის არიდებისა და სკრინინგის გარდა, ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციული ზომაა ვაქცინა. 10-12 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში ტარდება პაპილომა ვირუსის აცრა, რომელიც სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების სიაშიც არის. აცრის კურსი ორდოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი ექვსი თვეა. აცრა უფასოა და პოლიკლინიკებში ტარდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: