მთავარი,სიახლეები

დეპუტატები აჭარიდან ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებას ითხოვენ

23.12.2022
დეპუტატები აჭარიდან ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებას ითხოვენ

დიდი ალბათობით, ყველაფერი კარგად დასრულდება მათთვის, ვინც ბათუმში უკანონოდ ააშენა სასტუმრო, საცხოვრებელი კორპუსი, დაარღვია სანებართვო პირობები – უკანონოდ დაამატა ორი სართული ან მეტი. ვინც დასრულებულ კორპუსს ტერასული სართული დააშენა და იქ აუზის მოწყობა დაიწყო და ასე შემდეგ… ყველა შენობა კანონის ჩარჩოში მოექცევა. მათი დაკანონებისთვის სამშენებლო კოდექსში ცვლილებას სპეციალურად ბათუმისთვის კიდევ ერთხელ ითხოვენ.

ინიციატივის ავტორები არიან მაჟორიტარები აჭარიდან რესან კონცელიძე [ბათუმის მაჟორიტარი], ზაალ მიქელაძე, [ქობულეთის მაჟორიტარი] და ანზორ ბოლქვაძე [ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი].

საქართველოს პარლამენტი ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონების მიზნით სამშენებლო კოდექსში ცვლილების პროექტს განიხილავს. 

ინიცირებული პროექტით ავტორები ითხოვენ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში დაემატოს 141/7 მუხლი, რაც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც გულისხმობს.

ამ წესის მიხედვით, მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო, როგორიც არის, მაგალითად, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს [ჩაიბაროს] შენობა, რომელიც ნებართვით, თუმცა შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენდა.

ეს შესაძლოა გულისხმობდეს მშენებლობის პარამეტრების დარღვევას, როცა 8 სართულის მშენებლობის ნებართვა მოგცეს და 10 ააშენე, ან თხუთმეტის ნაცვლად – 17. ცვლილება შეეხება ასევე ისეთ შემთხვევებს, როცა დარღვეულია ფუნქციური ზონირების წესით დადგენილი ნორმა. მაგალითად: სარეკრეაციო ზონაში აშენებულია ზონისთვის დაუშვებელი ფუნქციის მქონე შენობა და ასე შემდეგ …

კანონის პროექტის მიხედვით, შეღავათი გავრცელდება იმ ობიექტებზეც [სასტუმრო, მრავალბინიანი კორპუსი, ოფისი], რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის. ანუ უკანონოდ არის აშენებული, თუმცა მშენებლობა დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ანუ განაშენიანების დეტალური გეგმის არეალშია.

[განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება კონკრეტულ ნაკვეთზე დაგეგმილი მშენებლობის პროექტის წარდგენისას იმ კვარტალის განაშენიანების გეგმის მომზადებას გულისხმობს, სადაც სამშენებლო ნაკვეთია].

ცვლილება ასევე შეეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს [გარდა კომერციული დანიშნულების ობიექტისა], რომლებიც არ სცდება II კლასის შენობის მახასიათებლებს, არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა ან შეტყობინება და შენობა აშენებულია. [II კლასის შენობა შესაძლებელია იყოს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ოფიციალური შეტყობინება კი საკმარისია პირველი კლასის მშენებლობისას, მაგალითად, ფასადის კარის ან ფანჯრის გამოცვლა, ღობის მოწყობა და ასე შემდეგ].

მაჟორიტარების მიერ შემუშავებული წესის მიხედვით, კოდექსში ცვლილების დამტკიცების შემდეგ, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს ისეთი შენობები, რომლებიც ნებართვით აშენდა 2022 წლის 26 სექტემბრამდე და დასრულებულია. ასევე, შენობები, რომლებიც უნებართვოდ აშენდა, თუმცა დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ან განაშენიანების დეტალური გეგმის არეალშია და მათი მშენებლობა 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით დამთავრებულია.

წესის მიხედვით, მშენებლობადამთავრებულ ობიექტად მიიჩნევა შენობა, რომლის ძირითადი კონსტრუქცია და ექსტერიერი, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა, დამთავრებულია.

  • ახალი წესი ზოგიერთ შემთხვევაში უკანონო მშენებლობისთვის უკვე დაკისრებული ჯარიმების გაუქმებასაც ითვალისწინებს

ახალ წესში, რომელიც აჭარის მაჟორიტარებმა შეიმუშავეს, ვკითხულობთ:

იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამ მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის და რომელსაც ამ ნაწილის [იგულისხმება პროექტით გათვალისწინებული მუხლი] ამოქმედების მომენტისთვის ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არ აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ.

ეს ნიშნავს, რომ ამ წესის ამოქმედების შემდეგ ჯარიმას არ გადაიხდის ის, ვისაც უკანონო მშენებლობისთვის ან სანებართვო წესის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა ჯერ არ გადაუხდია.

ინიცირებულ პროექტში ასევე ვკითხულობთ:

იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის ჩადენილი აქვს ამ მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული, სამშენებლო საქმიანობის სფეროში სამშენებლო სამართალდარღვევა და რომლის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის, არ დაიწყებს შესაბამისი საქმის წარმოებას, ხოლო თუ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ასევე განმარტებულია, რომ ამ მუხლის შესაბამისად ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება არ ნიშნავს: მიჯნის ზონის დარღვევით განხორციელებული სამუშაოების კანონიერებას. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისთვის დაწესებული თანხის გადახდისგან გათავისუფლებას.

პროექტის მიხედვით, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან კერძო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან შესაბამისი პირობების შესრულება უშუალოდ ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით. ამ ნაწილის თანახმად, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან შესაბამისი პირობების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

დაინტერესებულმა პირმა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს უნდა მიმართოს ცვლილების ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში.

ამ წესის მიხედვით [თუ მას პარლამენტი დაამტკიცებს] დაინტერესებულმა პირმა შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით შესაბამის ორგანოს უნდა წარუდგინოს განცხადება.

განცხადებას უნდა ერთვოდეს შენობის ამსახველი ტოპოგრაფიული გეგმა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და შესაბამისი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომელზეც ნაჩვენებია საექსპლუატაციო ობიექტი. ობიექტის არქიტექტურული პროექტი და არსებული მდგომარეობის ამსახველი აზომვითი ნახაზი. ასევე, აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული, ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა, საჭიროების შემთხვევაში − აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა პროექტის თაობაზე და სხვა დოკუმენტები.

რა სახის მშენებლობებზე არ გავრცელდება ეს წესი:

ეს წესი არ გავრცელდება V კლასის შენობა-ნაგებობაზე [ V კლასის შენობაზე ნებართვას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური გასცემს], კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. იმ სუბიექტზე, რომლის საქმიანობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას. ასევე, იმ სუბიექტზე, რომელიც ახორციელებს „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ საქმიანობას.

წესი დამტკიცების შემთხვევაში მისი გამოქვეყნებიდან  მე-15 დღეს შეიძლება ამოქმედდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: