მთავარი,სიახლეები

სტამბოლში ხეები იანვარში აყვავდა – რა მოყვება „ცრუ გაზაფხულს“

17.01.2023 • 1820
სტამბოლში ხეები იანვარში აყვავდა – რა მოყვება „ცრუ გაზაფხულს“

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ხეები და მცენარეები შუა იანვარში აყვავდა, რაც ჰაერის ტემპერატურის სეზონურ ნორმაზე მაღლა აწევითაა გამოწვეული და ექსპერტები მას „ცრუ გაზაფხულს“ უწოდებენ.

თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, თურქეთში ჰაერის ტემპერატურა წელს ჩვეულზე მაღალია. სტამბოლში სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დეკემბერსა და იანვარში დაფიქსირდა და 10 ცელსიუს გრადუსს გადააჭარბა.

„ცრუ გაზაფხულს“ ბუნებაზე ნეგატიური გავლენა ექნება. სტამბოლის უნივერსიტეტის სატყეო, ნიადაგმცოდნეობისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი დოგანაი ტოლუნაი „დეილი საბაჰთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ სეზონური ცვლილებები ბოლო წლებში უფრო გახშირდა.

„მაშინ, როცა ცრუ გაზაფხული მხოლოდ ათ წელიწადში ერთხელ დგებოდა, ახლა ყოველ 2-3 წელში მეორდება.

ცრუ გაზაფხული უჩვეულო ტემპერატურით აგროწარმოების შემცირების მიზეზი ხდება. შესაბამისად, ჩვენ უფრო ხშირად აღმოვჩნდებით ისეთი მოვლენების პირისპირ, როგორიცაა შტორმი და ტყის ხანძარი“, – ამბობს პროფესორი და აღნიშნავს, რომ ეს ეკონომიკაზეც აისახება.

ტოლუნაის თქმით, მცენარეები იმიტომ აყვავდა, რომ „გაზაფხული ეგონათ“, აყვავების დაწყება კი სეზონში დიდი ცვლილების მანიშნებელია.

პროფესორი განმარტავს, რომ ნორმალურ პირობებში სტამბოლში ჰაერის ტემპერატურა ნოემბერში იწყებს კლებას და შესაბამისად მცენარეები გადადიან ჰიბერნაციის, გამოზამთრების რეჟიმში, მაგრამ როგორც კი ტემპერატურა 10 ცელსიუს გრადუსს აჭარბებს, ისინი გაზაფხულის მაგვარ პირობებში დგებიან, ფეთქდებიან და ყვავიან.

პროფესორი ტოლუნაი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ დაფიქსირდა 2021 წლის იანვარში, მანამდე კი – 2010 წელს. შესაბამისად, იგი მიუთითებს, რომ ბუნების ამ ფენომენის შემთხვევებმა თანდათან დაიწყო მატება და ეს „კლიმატის ცვლილების ნიშანია“.

ტოლუნაის თქმით, „ცრუ გაზაფხულის“ შემდეგ ტემპერატურის უეცარ ვარდნას შეიძლება ლეტალური შედეგი ჰქონდეს მცენარეებზე.

„ეს ბოლო 72 წელიწადში ყველაზე ცხელი ზამთარი იყო, რეკორდი მოიხსნა. ტემპერატურის მატება გაგრძელდა იანვრის პირველ კვირაში, ჩვეულებრივზე ბევრად მაღლა“ – ხაზგასმით აღნიშნავს ტოლუნაი და ასევე ამ საკითხს უკავშირებს ბოლო რამდენიმე კვირის დღის წესრიგში არსებულ სხვა მთავარ საკითხებსაც, კერძოდ, ნალექსა და გვალვას.

დაბალმა ნალექმა, რომელიც თურქეთის უმეტეს რაიონებში მინიმალურ დონეზეა, გამოიწვია კაშხლებზე წყლის დონის შემცირება ბევრ რაიონში, მათ შორის, სტამბოლსა და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებში. ალიბეიკოის (ალიბეი) კაშხლის, სტამბოლის წყალმომარაგების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კაშხლის წყლის დონე უნალექობის გამო ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა – იტყობინება Anadolu Agency (AA).

ტოლუნაიმ ასევე აღნიშნა: „სეზონების სწრაფი გადასვლის გამო ჩვენ ვხედავთ გაზაფხულის სეზონის შემცირებას და პირდაპირ გადასვლას ზამთრიდან ზაფხულში. რადგან გაზაფხულზე ნალექი არ არის ან ნაკლებია, მცენარეების განვითარება ნელდება და ისინი არ იზრდებიან ისე, როგორც საჭიროა.

ეს სეზონური ძვრები გავლენას ახდენს ყველა სექტორზე, განსაკუთრებით კი – სოფლის მეურნეობაზე“.

_____________

ფოტო: „დეილი საბაჰი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: