მთავარი,სიახლეები

თურქულმა კომპანიამ შესაძლოა უკრაინას დენი მცურავი ელექტროსადგურებით მიაწოდოს

07.12.2022 • 6307
თურქულმა კომპანიამ შესაძლოა უკრაინას დენი მცურავი ელექტროსადგურებით მიაწოდოს

მცურავი ელექტროსადგურების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, თურქული კომპანია Karpowership-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინისთვის მოლდოვასა და რუმინეთის გავლით 400 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიწოდებაზე. ინფორმაციას თურქული მედიაკომპანიის აღმასრულებელი თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის სარაკეტო დარტყმებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვა. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შესაძლოა მილიონობით ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება მინიმუმ მარტის ბოლომდე შეუწყდეს. მიზეზი რუსეთის სარაკეტო თავდასხმებია,  რომლებმაც უკრაინის ეროვნული ენერგოქსელის ოპერატორის Ukrenergo-ს განაცხადებით, კოლოსალური ზიანი მიაყენა ქვეყნის ენერგოსისტემას.

თურქეთში დაფუძნებული კონგლომერატის – Karadeniz Holding-ის ნაწილს, Karpowership-ს, ამჟამად აქვს 6000 მეგავატი სიმძლავრის ენერგია მისი ფლოტის წყალობით, რომელიც 30 მეგავატიდან 500 მეგავატამდე სიმძლავრის 36 ენერგეტიკულ ხომალდს მოიცავს.

როგორც თურქული „დეილი საბაჰი“ წერს, კომპანიის ოპერაციები ძირითადად ფოკუსირებული იყო აფრიკაზე, აზიასა და ლათინურ ამერიკაზე, თუმცა ევროპაში ენერგეტიკულმა კრიზისმა და უკრაინის ომმა ახლა კომპანიის ყურადღება ევროპაზე გადაიტანა და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე.

„ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს უკრაინასთან, მათ შორის, გაეროსთან და სხვა დამხმარე ინსტიტუტებთან, რათა მივაწოდოთ დაახლოებით 300 ან 400 მეგავატი ელექტროენერგია ელექტროგადამცემი გემებით, იმავდროულად, ვცდილობთ ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი, თუ როგორ და სად განვათავსოთ ეს გემები,“ –  უთხრა თურქულ გამოცემა „ანადოლუს“ Karpowership-ის მთავარმა კომერციულმა ოფიცერმა ზეინეპ ჰარეზიმ.

უსაფრთხოების რისკებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უშუალოდ უკრაინისთვის განკუთვნილი აქტივების დაზღვევა შეუძლებელია, საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ სასურველი იქნებოდა ელექტროგადამცემი გემების განთავსება მოლდოვასა და რუმინეთის პორტებში, საიდანაც ელექტროენერგია უკრაინაში გადამცემი ხაზებით გადაიცემა.

ჰარეზიმ თქვა, რომ ტექნიკურად შესაძლებელია მოლდოვასა და რუმინეთის სხვადასხვა პორტში განლაგებულმა სამმა ან ოთხმა ენერგოგადამცემმა გემმა უკრაინისთვის საჭირო სიმძლავრე კონკურენტულ ფასებში უზრუნველყოს.

„ჩვენი ელექტროენერგია უფრო იაფია, ვიდრე ელექტროენერგიის წარმოების ღირებულება ევროპაში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჰუმანიტარული ასპექტის გათვალისწინებით, მივაწოდოთ უკრაინას ელექტროენერგია“, – აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ გაერო ინფორმირებულია ამის შესახებ გეგმის კოორდინაციის მიზნით.

ჰარეზის თქმით, როდესაც გეგმის ტექნიკური ასპექტები მოგვარდება, 300 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიას შეუძლია უკრაინაში თვეში 1 მილიონამდე სახლის ელექტროენერგიის საჭიროების დაკმაყოფილება.

„უკრაინას ახლა სჭირდება ყოველი კილოვატი ელექტროენერგია. მოლდოვასა და რუმინეთის გავლით უკრაინაში ელექტროენერგიის გაგზავნის ერთადერთი გამოწვევა შეიძლება იყოს ბიუროკრატიული და პოლიტიკური საკითხები“, – თქვა მან.

  • ბევრი ეძებს ელექტროგემებს მომავალი ზამთრისთვის 

ჰარეზიმ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და გაერთიანებულ სამეფოსთან 2000 მეგავატი ელექტროენერგიის მიწოდებაზე მომავალი ზამთრისთვის, რაც, მისი თქმით, „ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის უფრო კრიტიკული პერიოდია“.

„ჩვენ ველით, რომ მოლაპარაკებები დასრულდება 2023 წლის ივნისში ან ივლისში”, – თქვა ჰარეზიმ.

მოსალოდნელია, რომ ევროპა ამ ზამთარს ინციდენტების გარეშე გაივლის, უფრო რბილი ზამთრის, სავსე სასაწყობე მარაგებისა და დაბალი მოთხოვნის წყალობით. თუმცა იმის გამო, რომ მომავალ ზამთარში ნაკლები რუსული გაზი იქნება ხელმისაწვდომი საწყობების შესავსებად, მიწოდების უსაფრთხოება კონტინენტისთვის უფრო აქტუალური საზრუნავი გახდება.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელის ფატიჰ ბიროლის თქმით, მომავალ ზამთარში ევროპა შეიძლება უფრო დიდი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან რუსეთის გაზის მიწოდება ევროპაში შეიძლება მთლიანად დასრულდეს მომავალ წელს, ხოლო ჩინეთის თხევად ბუნებრივ გაზზე (LNG) მოთხოვნა სავარაუდოდ გაიზრდება, რამდენადაც ქვეყანა პანდემიიდან გამოსვლის პროცესშია.

  • დაგეგმილია სიმძლავრის 65%-იანი ზრდა

Karpowership-ი ამჟამად მუშაობს აფრიკასა და აზიაში და მისი ოპერაციები ფართოვდება ლათინურ ამერიკაში, თქვა ჰარეზიმ.

ბრაზილიაში ახლახან დაიწყო მუშაობა რამდენიმე ენერგეტიკულმა ხომალდმა, რომელთა საერთო სიმძლავრე 560 მეგავატია. ასევე, კომპანია კუბას 600 მეგავატ ელექტროენერგიას აწვდის.

კომპანიამ ასევე შეაღწია დომინიკის რესპუბლიკაში 200 მეგავატით და იგეგმება ამ სიმძლავრის გაორმაგება.

ჰარეზიმ აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკაში 2024 წლის დასაწყისისთვის 1200 მეგავატი ელექტროგადამცემი გემების ჩართვა იგეგმება.

მან განაცხადა, რომ კომპანიის ოპერაციები ახლა უფრო ფართოვდება, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სინგაპურთან და კალიფორნიის შტატთანაც კი. ეს გაზრდის კომპანიის გამომუშავებულ სიმძლავრეს 6000-დან 10000 მეგავატამდე ხუთ წელიწადში, რაც ამჟამად გამომუშავებული სიმძლავრის დაახლოებით 65%-ით ზრდას გულისხმობს დამატებითი გემებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: