განათლება,მთავარი,სიახლეები

„სადმე ხედავთ მშობლის ინტერესებს?“ – სკოლის დირექტორების ტესტირება საქართველოში

25.01.2023 • 4147
„სადმე ხედავთ მშობლის ინტერესებს?“ – სკოლის დირექტორების ტესტირება საქართველოში

საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებს ტესტირებით არჩევს. საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლაა. სკოლის დირექტორების ტესტირებაზე რეგისტრაცია 3 205-მა  დირექტორობის მსურველმა გაიარა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 1839 აპლიკანტი გამოცხადდა.

სერტიფიცირების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მეორე ეტაპზე გადასული სკოლის დირექტორობის მსურველები გასაუბრებას გაივლიან. ჯერ უცნობია, რამდენმა პირმა გაიარა წარმატებით პირველი ეტაპი, თუმცა რიცხვები ცხადყოფს, რომ კონკურენცია დიდი არ არის. ბოლო ეტაპზე სკოლის დირექტორს წარდგენილი კანდიდატებიდან სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს.

დირექტორთა სერტიფიცირებაში მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძეც. ელოდება თუ არა ობიექტურ არჩევნებს სკოლებში და აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სკოლაში დირექტორის თანამდებობას ტესტირების შემდეგ პროფესიონალი, ახალი კადრები დაიკავებენ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე მას და ასევე, რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს, მამუკა ხამხაძეს ესაუბრა.

როგორც გიორგი ჭაუჭიძემ გვითხრა, მას ადრეც ჰქონდა დირექტორობის გამოცდები ჩაბარებული, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ მასწავლებლად მუშაობდა.

რატომ გადაწყვიტეთ ისევ ამ პროცესში ჩართვა? – ვკითხეთ მას.

„მიზანმიმართულად ვმუშაობ იმაზე, რომ სადმე სკოლის დირექტორი გავხდე-მეთქი, რომ ვთქვა, არ არის ეს სწორი. არ მაქვს ასეთი სულისკვეთება, მაგრამ გარკვეულ სიტუაციაში იქნებ იყოს ამის შესაძლებლობა, თუკი სხვადასხვა გარემოება დაემთხვევა, რომელიც ჩემთვის იქნება მისაღები და დამაკმაყოფილებელი, შეიძლება ამაზეც ვიფიქრო,“ – გვითხრა მან.

გიორგი ჭაუჭიძის თქმით, განათლების სისტემაში არის პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავნებდეთ.

გიორგი ჭაუჭიძე

„ის, რომ რაღაც არ მოგვწონს, არ ნიშნავს იმას, რომ თავი დავანებოთ ამ საქმიანობას და სხვამ აკეთოს, ვინც, ჩვენი აზრით, არასწორ რამეებს აკეთებს. მაშინ რა გამოდის – ტუტუცებმა აკეთონ ის საქმე, რომელსაც პატიოსანი პროფესიონალები უნდა აკეთებდნენ?!

ჩვენ ხომ არ ვანებებთ თავს არც ამ სფეროში მუშაობას და არც ამ ქვეყანაში ცხოვრებას?! შესაბამისად, გარკვეული მზაობა მეც მინდა, რომ მქონდეს“ – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

მისი თქმით, ტესტირებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს, რადგან ტესტირება ამოწმებს კანდიდატის კომპეტენციას როგორც საკანონმდებლო საკითხებში, ასევე პროფესიული უნარების მხრივაც, თუმცა სკოლის დირექტორების დანიშვნის თუ გათავისუფლების ცალკეული შემთხვევა ჯერ კიდევ აჩენს იმის განცდას, რომ „დირექტორის თანამდებობა რჩება ხელისუფლების და მთავრობის ინტერესის არეალში“. 

„და შეუძლებელიც არის, რომ არ დარჩეს, რადგან მოსწავლეების დაახლოებით 90 პროცენტი საჯარო სკოლებში დადის და ეს ინტერესი და ამბიციაც, ხელისუფლების მხრიდან, არსებობს.

მეორე საკითხია, რამდენად ჯანსაღად, პატიოსნად და წესების დაცვით მოახდენს ამ ინტერესების რეალიზებას ხელისუფლება. რატომ არ უნდა გავიხსენო თუნდაც ია კერზაიას საქმე, რომელიც ნამდვილად იყო უხეში და შერჩევითი ჩარევა ხელისუფლების მხრიდან სისტემაში.

ასევე, შემიძლია სხვა მაგალითებიც გავიხსენო, როდესაც სრულიად პატიოსანი, პროფესიონალი და კვალიფიციური დირექტორები აღარ დატოვეს მეორე ვადით თანამდებობებზე აუხსნელი და გაუგებარი მიზეზებით.

ამიტომ, მე მიჩნდება სრულიად დასაბუთებული ეჭვი. მართალია, არ მაქვს მონაცემები და ამას კვლევა სჭირდება. ჩემი აზრით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, თუ რამდენად აქვთ განათლების სისტემაზე გავლენა იმ ძალებს, რომლებიც, კანონის თვალსაზრისით, არ მოიაზრებიან ამ სისტემის ნაწილად.

ამ შემთხვევაში ვგულისხმობ უშიშროების სამსახურებს, რომლებიც არ უნდა ზემოქმედებდნენ დირექტორების დანიშვნის პროცესებზე. რადგან მე არ შემიძლია ეს ფაქტები დავადასტურო, დავამტკიცო, ამიტომ მაქვს სურვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ გამოიკვლიოს ეს საკითხი,“ – გვითხრა გიორგი ჭაუჭიძემ.

თუკი ისევ არსებობს იმის განცდა, რომ სისტემაში პროცესებს სხვა სამსახურები აკონტროლებენ, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ტესტირებების მიუხედავად, თანამდებობაზე ისევ ის დირექტორები აღმოჩნდებიან, ვინც ხელისუფლებამ ვადის ამოწურვის მიუხედავად არ გაუშვა თანამდებობიდან, ახალი კადრები კი ისევ ვერ შემოვლენ სისტემაში? – ვკითხეთ მას.

„ცხადია, გასაუბრებების კომპონენტშიც ვიღაცები ვერ გადალახავენ ამ საფეხურს და აქედან გამომდინარე, უკმაყოფილებაც იქნება. მოქმედ დირექტორებსაც წარადგენენ, თუკი ისინი აიღებენ სერტიფიკატს, მით უმეტეს, რომ გამოცდილი კადრები არიან და გარკვეული უპირატესობაც ექნებათ, თუმცა ვფიქრობ, რომ ბევრი ახალი კადრიც გამოჩნდება სისტემაში.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კონტროლის ბერკეტები, არის სკოლები, რომლებშიც პროფესიონალები მუშაობენ და მსგავს პროცესებსა და მანიპულაციებში გარევა მათთვის მიუღებელია,“ – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სერტიფიცირებულ დირექტორობის კანდიდატს უფლება აქვს დაასახელოს მინიმუმ სამი სკოლა, სადაც სურს მუშაობა, სამინისტროს კი შეუძლია სკოლას წარუდგინოს დირექტორობის როგორც ერთი, ასევე რამდენიმე კანდიდატი.

იმ შემთხვევაში, თუკი სკოლის სამეურვეო საბჭო არ აირჩევს შეთავაზებული კანდიდატებიდან არც ერთს, სამინისტრო უფლებას იტოვებს თვითონ დანიშნოს აღნიშნულ სკოლაში დირექტორი.

გიორგი ჭაუჭიძის თქმით, სკოლაში სამეურვეო საბჭო ძლიერი და გავლენიანი არასდროს ყოფილა და საბჭო დღემდე რჩება ფორმალურ ორგანოდ.

„ყველაზე დასანანი ის არის, რომ ამ ფორმალისტურ წარმონაქმნში მოსწავლეები ჰყავთ ჩართული და ამ ფარისევლურ პროცესში აღებინებენ მონაწილეობას, რაც კიდევ უფრო ამაზრზენია,“- ამბობს ის.

როგორ შეიძლება გაჯანსაღდეს ეს სიტუაცია? – გიორგი ჭაუჭიძის თქმით, სისტემის გაჯანსაღებას ფუნდამენტური ცვლილება სჭირდება, რომელიც პირველ რიგში მშობლებიდან უნდა დაიწყოს.

„დირექტორების არჩევის პროცესში სადმე ხედავთ მშობლის როლს და მათ ინტერესებს? გარდა იმისა, რომ რაღაც უფუნქციო და ფორმალისტურ საბჭოებში არიან თურმე არჩეული, სადმე ჩანს მშობლის დაკვეთა ამ პროცესში?!

ჩვენ საბჭოთა წარსულიდან მოვდივართ, სადაც მთავრობაზე გვქონდა მინდობილი ჩვენი შვილების განათლება და ეს პროცესი მიმდინარეობს დღესაც. ეს დამოკიდებულება სანამ არ შეიცვლება და ჩვენ, საზოგადოების წევრები არ გავაცნობიერებთ და არ მოვითხოვთ, რომ ჩვენი შვილების განათლება ჩვენივე საქმეა, ცვლილება არ იქნება.

შეუძლებელია, მიხეილ ჩხენკელმა უკეთ იცოდეს, როგორი განათლება სჭირდებათ ჩვენს შვილებს, ვიდრე მშობლებმა, მაგრამ ჩვენ ეს ფუნქციები ჩამორთმეული გვაქვს.

პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივხვდეთ, დავიჯეროთ და დავინახოთ, რომ შეუძლებელია მინისტრი უფრო მეტს ფიქრობდეს ჩვენს შვილზე, ვიდრე ჩვენ,“ – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

მისი აზრით, მნიშვნელოვანია სისტემაში მხარი დავუჭიროთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პატიოსნად და კომპეტენტურად აკეთებენ თავიანთ საქმეს.

„ჩვენც, მედიაც და ყველა უნდა შევეცადოთ, რომ დაცული იყვნენ ასეთი ადამიანები და მათ უფრო ფართო ასპარეზი მიეცეთ. და არა ისე, რომ გაიღვიძებ და ერთ დილით აღმოაჩენ, რომ სრულიად პატიოსანი და კომპეტენტური ადამიანი აღარ არის თანამდებობაზე და კაცმა არ იცის, რატომ. აი, ასეთი შემთხვევებისგან უნდა დავიცვათ ჩვენი სისტემა,“ – ამბობს ის.

ქალაქ რუსთავის მე-4 სკოლის დირექტორს მამუკა ხამხაძეს დირექტორების შესარჩევ ტესტირებაში მონაწილეობა წელს არ მიუღია. როგორც მან გვითხრა, წლების წინ აქვს აღებული სერტიფიკატი, რომელიც მოქმედია.

მამუკა ხამხაძე არჩეული დირექტორი იყო, თუმცა დღეს მოვალეობის შემსრულებელია.

მისი თქმით, კადრების როტაცია ნებისმიერი სისტემისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა, თუმცა კვალიფიციური კადრების შემოდინება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის.

„ვფიქრობ, უფრო მეტი შანსი, წარმატებით რომ გაართვან თავი ამ პროცესს, აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან ჩართულნი სკოლის ცხოვრებაში. ანუ არიან პედაგოგები ან ადმინისტრაციაში მუშაობენ და აქვთ ამის გამოცდილება,“- ამბობს ის.

მას ვკითხეთ, თუ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ აპლიკანტების დიდმა ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა ტესტირებაში და როგორ შეიძლება აისახოს სკოლებზე დაბალი კონკურენცია.

მისი აზრით, პირველი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა არ მიიღეს ადამიანებმა ტესტირებაში მონაწილეობა, მიზნების ან განწყობების ცვლილებაა.

„ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი 2020 წელს იყო დარეგისტრირებული დირექტორობის გამოცდაზე და ალბათ მათ ცხოვრებაში შეიცვალა მიზნები ან განწყობები, გადააფასეს გარკვეული მოლოდინები სკოლასთან და დირექტორობასთან დაკავშირებით და შესაძლებელია ეს არის მიზეზი.

მეორე მიზეზი, ვფიქრობ, შეიძლება იყოს ის, რომ როცა საქმე-საქმეზე მიდგა და ამ პასუხისმგებლობის აღებასთან შეჭიდება მოუწიათ, სირთულიდან გამომდინარე შეცვალეს თავიანთი გეგმები,“ – ამბობს მამუკა ხამხაძე.

მამუკა ხამხაძე

ის სკეპტიკურად უყურებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ამის მიზეზი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა იყოს სისტემაში მყოფ ადამიანებზე.

„ადამიანს, რომელიც სკოლის დირექტორობას აპირებს, ბუნებრივია, გაცნობიერებული ექნება, რომ ის არის იმ საგანმანათლებლო პოლიტიკის გამტარებელი სკოლაში, რომელსაც სახელმწიფო შეიმუშავებს.

თუ ვსაუბრობთ ახალი კადრების შემოდინებაზე, მათ ვერ  ექნებათ ზეწოლის გამოცდილება, რადგან არ უმუშავიათ ამ პოზიციებზე და ვფიქრობ, არ იქნება რელევანტური მათი მხრიდან, რომ ამ მიზეზით შეეკავებინათ თავი კონკურსში მონაწილეობაზე,“ – ამბობს მამუკა ხამხაძე.

რაც შეეხება 2020 წელს, თვითმმართველობის არჩევნების წინ სკოლის დირექტორების გათავისუფლებას და მათი უმრავლესობის მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანას, ხამხაძეს მიაჩნია, რომ ეს არა პოლიტიკას და არჩევნებს, არამედ კანონმდებლობას უკავშირდებოდა.

„მათ გაუვიდათ ვადა და ეს პროცესი დაემთხვა არჩევნებს. ამიტომ პირდაპირ კავშირი არჩევნებთან არ უნდა იყოს“ – მიიჩნევს ის.

მამუკა ხამხაძის თქმით, თუ ტესტირების შემდეგ ისევ ძველი დირექტორები შეინარჩუნებენ პოზიციებს, არც ეს იქნება პრობლემა.

„ვფიქრობ, მიზანი კადრების ცვლილება კი არა, სისტემის კვალიფიციური კადრებით განახლება უნდა იყოს. თუ ასეთი ადამიანები ვერ შემოვლენ სკოლაში, მაშინ ერთის მეორით ჩანაცვლებას აზრი არ აქვს“.

რა გააჯანსაღებს სკოლას, განათლების ხარისხს? – ვკითხეთ მას.

„ჩემი სკოლის მაგალითზე გეტყვით, რომ ბევრი ინოვაცია თუ რეფორმა წარმატებით განვახორციელეთ, თუმცა ავტონომიურობის ხარისხი არ არის საკმარისი და მეტი დეცენტრალიზაციაა საჭირო სკოლების როგორც მენეჯმენტის თვალსაზრისით, ასევე დირექტორის უფლებამოსილებების გაზრდის მხრივ.

დღეს პასუხისმგებლობასა და უფლებას შორის ბალანსი დაცული არ არის“ – გვითხრა მამუკა ხამხაძემ.

მისი თქმით, დირექტორს უფლებები უნდა გაეზარდოს როგორც საგანმანათლებლო, ასევე ფინანსების მართვის კუთხით და დირექტორებს არჩევანის მეტი თავისუფლება უნდა მიეცეთ.

________________________

ფოტოზე: მამუკა ხამხაძე და გიორგი ჭაუჭიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: