მთავარი,სიახლეები

რატომ დაეთანხმა ბათუმის საკრებულო უკვე აშენებული სართულის აშენებას – „ეს არის გასამრჯელო“

25.01.2023 • 1730
რატომ დაეთანხმა ბათუმის საკრებულო უკვე აშენებული სართულის აშენებას – „ეს არის გასამრჯელო“

ბათუმში, შამილაძის ქუჩის №30 -ში „მშენებარე“ სკოლას განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის სტატუსი მიანიჭეს და პროექტი „ავარიული სახლების“ პროგრამაში მოხვდა. ამ პროგრამის მიხედვით, „განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის“ მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას მერს შეუძლია მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეღავათები გაუწიოს მშენებელს. ეს შეღავათები სამშენებლო კოდექსით დადგენილი რეგულაციების შერბილებას და ზოგიერთი მოთხოვნის უგულებელყოფასაც კი გულისხმობს.

საკრებულოს განკარგულების პროექტისა და თანდართული განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც დღეს, 25 იანვარს დაამტკიცეს, „მშენებარე“ ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესი“ ერთი სართულის დამატებას გეგმავს – სინამდვილეში კი ეს სართული უკვე დამატებულია და სკოლის მშენებლობა – დასრულებული.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ბათუმის საკრებულომ უკვე აშენებული უკანონო სართულის დაკანონებაში მიიღო მონაწილეობა. ამაში ბათუმის მერიაც მონაწილეობდა, როგორც ინიციატორი და პროექტის ავტორი. მოუხედავად იმისა, რომ უკანონო სართულთან დაკავშირებით კითხვები სხდომაზევე გაჟღერდა, „ოცნების“ უმრავლესობისთვის ამას უხერხულობა არ შეუქმნია. მათ საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს. 

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით, შამილაძის №30-ში სკოლა „პროგრესის“ არქიტექტურულ პროექტში ბოლოს ცვლილება 2022 წლის 28 ივნისს შევიდა. ამ ცვლილების მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთზე შეთანხმებულია 3-სართულიანი სკოლისა და 2-სართულიანი სპორტდარბაზის აგება თავისი დამხმარე ინფრასტრუქტურით.

მერიასთან შეთანხმებული პროექტის ესკიზი

საკრებულოს განკარგულების პროექტზე თანდართულია პროექტის რენდერები, ვიზუალური მასალა, რომელიც გვაჩვენებს, როგორი იქნება სკოლა სართულის დამატების შემდეგ. ფაქტობრივად კი ეს რენდერები გვაჩვენებს ვიზუალს, ასევე მასშტაბს, რომელიც სკოლას უკვე აქვს.

ესკიზი ერთი სართულის დამატებით, რომელიც დღეს მერიამ საკრებულოს წარუდგინა

ეს შენობის ფოტოა, რომელიც დღეს, 25 იანვარს გადავიღეთ – ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ დამატებითი სართული უკვე აშენებულია და ესკიზი, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა, უკვე აშენებული შენობის ვიზუალს ემთხვევა.

ფასადი ეზოს მხრიდან

მერია შეეცადა სკოლის შენობაზე სართულის დამატების გადაწყვეტილება ქალაქში სკოლების დეფიციტის არგუმენტით გაემყარებინა, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება შეეხო კერძო და არა საჯარო სკოლას, ამ სკოლის მფლობელმა კი კანონი დაარღვია და უკანონო სართული ააშენა.

მერიის ინფორმაციით, „სამშენებლო ტერიტორიასთან“ ახლოს არ არსებობს არც საჯარო და არც კერძო სკოლა და ბაღი, თუმცა მოსაზღვრე ერთეულებში არსებული საჯარო სკოლების დაფარვის არეალი [რადიუსი – 750მ] აკმაყოფილებს ამ ტერიტორიის ძირითადი ნაწილის მოთხოვნას.

საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში მერია ასევე განმარტავს:

„საპროექტო ტერიტორიაზე მიმდინარე კერძო მშენებლობა მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე სასკოლო დაწესებულების ფუნქციებს, რომელიც თავის მხრივ არ მიეკუთვნება საჯარო კატეგორიას და მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაფარვის არეალი [რადიუსი 750 მ] არ არის რელევანტური. ვინაიდან აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას, მასში მოსწავლეთა მოდინება განხორციელდება ბათუმის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულებიდან, ასევე, სავარაუდოდ, მისი აგლომერაციიდან. აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებას გააჩნია ორმაგი აკრედიტაცია, ქართული და ინგლისურენოვანი, რომელიც ერთადერთია აჭარის რეგიონში. ეს იძლევა როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვის საშუალებას“.

ბათუმის საკრებულოს სხდომა. 25 იანვარი, 2023 წელი

იმის გათვალისწინებით, რომ სკოლა უკვე აშენებული, გარემონტებული და ფუნქციურია, საინტერესოა, რაში დასჭირდა მშენებელს პროექტისთვის განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის სტატუსის მინიჭება? – უკანონო სართულის დასაკანონებლად სხვა ხერხის მოძებნაც შეიძლებოდა, ბოლოს და ბოლოს ბათუმში სამშენებლო ამნისტიის დაკანონების განხილვას მალე პარლამენტში გეგმავენ.

საქმე ისაა, რომ იმ უბანს, სადაც სკოლა ააშენეს, საცხოვრებელი ზონა 2-ის სტატუსი აქვს, ამ ზონაში დადგენილი სიმაღლე კი მაქსიმუმ სამი სართულის მშენებლობას ითვალისწინებს. მაშინ როცა განაშენიანება კვარტალს მოიცავს და ამ კვარტლის განაშენიანების დეტალური გეგმა დამუშავებული არ არის, სიმაღლის [კ2 კოეფიციენტი] გაზრდა მერს მხოლოდ ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში შეუძლია.

უპასუხოდ დარჩა კითხვები:

  • მერიასა და საკრებულოში მართლა არ იციან, რომ სკოლა და პროექტს დამატებული სართული უკვე აშენებულია?
  • თუ ასეა, რატომ? 

გარდა ამისა, ბათუმის საკრებულოში წარდგენილ დოკუმენტებში წერია, რომ სკოლა მშენებარეა, საკითხის დამტკიცებამდე კი მომხსენებელმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ აქ სწავლა ორ ენაზე მიმდინარეობს – ეს ნიშნავს, რომ მერიასა და საკრებულოში მშენებარე სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესი დასაშვებად მიაჩნიათ.

„სკოლა, სადაც ბავშვებს ასწავლიან სამოქალაქო განათლებას და სამოქალაქო თვითშეგნებას, უკანონოდ აშენებს სართულს და შემდგომ ამის დაკანონება ხდება. რა უნდა ისწავლონ სკოლაში ბავშვებმა ამ მხრივ, მე არ ვიცი. ასევე მინდა გთხოვოთ, ნუ წარმოაჩენთ ამ ძვირადღირებულ სკოლას უბნის სკოლად.

ამ სკოლის არსებობის გამო ადგილების პრობლემა არ მოიხსნება, მე მესმის, რომ სიტუაცია გაიძულებთ“ – ასე მიმართა საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ საკითხის მომხსენებელს, მამუკა რამიშვილს, რომელიც ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია.

„ვინ უნდა აიძულოს მამუკას აქ სკოლაზეა ლაპარაკი“- გამოეპასუხა რეპლიკას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე.

„მე არ მითქვამს ბატონი რამაზი გაიძულებთ, მე ვთქვი სიტუაცია გაიძულებთ-მეთქი“ – უპასუხა მას აკაკი გვიანიძემ.

„ბატონ რამაზ ჯინჭარაძეს ვერავინ ვერაფერს აიძულებს, შენ კარგად იცი“ – ასეთი იყო საკრებულოს თავმჯდომარის პასუხის პასუხი. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამ ამბავს უკავშირდება, არის ის, რომ „ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მფლობელი ნინო ჩიკვაშვილია, რომელმაც 2022 წლის ოქტომბერში გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა. პარტიის განცხადებით, ჩიკვაშვილი, რომელიც ქუთაისის საკრებულო წევრი მათი სიით გახდა,„ქართული ოცნების“ შანტაჟს დაემორჩილა და ის პარტიიდან გარიცხეს.

ბათუმის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან, აკაკი გვიანიძე მიიჩნევს, რომ ნინო ჩიკვაშვილს „ოცნებამ“ გადაწყვეტილება დაუფასა და „ეს გასამრჯელოა“.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესის“ 55 პროცენტი თითქმის იგივე დასახელების კომპანიას„ ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესს“ ეკუთვნის, 45 პროცენტი კი შპს „ანაგის“ საკუთრებაა. კომპანიის დირექტორი ნინო ჩიკვაშვილია, მასვე ეკუთვნის შპს ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის [დამფუძნებელი კომპანიის] 100 პროცენტი.

კომპანიის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიკვაშვილმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ მშენებლობა შპს „ანაგის“ პასუხისმგებლობა იყო და კომენტარს კომპანიის წარმომადგენელი გააკეთებდა, ის დაგვპირდა ასევე, რომ შესაბამის პირთან დაგვაკავშირებდა, თუმცა საკონტაქტო პირის ნომერი აღარ მოგვაწოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: