განათლება,მთავარი,სიახლეები

ვარ შოკირებული და მაქვს უსამართლობის განცდა – სკოლიდან გათავისუფლებული დირექტორი

14.12.2020 • 3544
ვარ შოკირებული და მაქვს უსამართლობის განცდა – სკოლიდან გათავისუფლებული დირექტორი

მიმოზა ღოლიჯაშვილი იმ დირექტორების სიაშია, ვისაც განათლების სამინისტრომ მოვალეობის შესრულების გაგრძელების უფლება აღარ მისცა. ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით შოკირებული და იმედგაცრუებულია. მიმოზა ღოლიჯაშვილი კოლეგებს დღემდე წარმატებულ დირექტორად მიაჩნდათ და ის წელს სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტიც იყო. მიმოზა, გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი იყო.

„ეს იყო აბსოლუტური შოკი, აბსოლუტური მოულოდნელობა და გაოგნება არა მარტო ჩემი. უბრალოდ ვითხოვ გავიგო სამინისტროსგან, რა კრიტერიუმით იხელმძღვანელეს და რატომ მოხდა ასე“, – ამბობს ყოფილი დირექტორი. ამ კითხვაზე განათლების სამინისტროსგან პასუხს არა მარტო ყოფილი დირექტორი ელის, პასუხის მოლოდინშია 250 მშობელიც, რომლებმაც განათლების სამინისტროს დღეს, 14 დეკემბერს წერილობით მიმართეს.

ყოფილი დირექტორის თქმით, მას აქვს უსამართლობის განცდა. „მიმაჩნია, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო სამინისტრომ და დიდი იმედი მაქვს, რომ გადახედავენ და შეცვლიან“, – გვეუბნება მიმოზა ღოლიჯაშვილი.

2020 წლის 30 ოქტომბერს საჯარო სკოლის დირექტორებს მასობრივად შეუწყდათ უფლებამოსილება, თუმცა უმრავლესობა, თითქმის 95 პროცენტი, ისევ მოვალეობის შემსრულებლად აგრძელებს მუშაობას. ამ რიცხვში ვერ მოხვდა მიმოზა ღოლიჯაშვილი.

„გორის მუნიციპალიტეტში ჩემთან ერთად კიდევ 40 დირექტორს ამოეწურა ვადა, თუმცა მხოლოდ 6 დირექტორს აღარ მოგვცეს მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის გაგრძელების უფლება.  ჩემს გარდა უარი უთხრეს უფლებამოსილების გაგრძელებაზე სოფელ სკრას, ბოშურის, კარალეთის პირველი სკოლის, ხვენისის და მე მგონი ერგნეთის სკოლის დირექტორებსაც“, – ამბობს მიმოზა.

ყოფილი დირექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება უკავშირდება სკოლაში დაწყებითი განათლების პროექტის – G-PRIED-ის დანერგვას, რომელიც მოსწავლეებს შემოქმედებითი, მათემატიკური აზროვნებისა და კითხვითი უნარების განვითარებაში ეხმარება.

ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში გააძლიერა არაფორმალური განათლება კლუბებისა და წრეების სახით, განსაკუთრებით კი სტემ-ისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით გააძლიერა საგანმანათლებლო პროექტები.

„მოვიგეთ 18 ათას ლარამდე გრანტი პროექტის ფარგლებში – „გახდი აღმომჩენი“. ვითანამშრომლეთ მეზობელ და საზღვრისპირა  სკოლებთან. სკოლა მილენიუმის პროექტის ფარგლებშია რეაბილიტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად აღჭურვილია ლაბორატორიებით და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით. სკოლაში შემოვიტანე პროფესიული განათლება და მაქვს გაფორმებული მემორანდუმი გორის კოლეჯთან – „განთიადი“,  სადაც მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიას ბაზისურად ეუფლებიან“, – ამბობს მიმოზა.

ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში საკმაოდ რთულ პერიოდში მივიდა, როცა ადმინისტრაციასა და და რამდენიმე მასწავლებელს დავა ჰქონდათ ერთმანეთში, თუმცა მან შეძლო ამ უთანხმოების მოგვარება.

„მოვახერხე, რომ გუნდურობა დამენერგა კოლეგებში, ურთიერთთანამშრომლობა, სიყვარული და საქმის კეთება. რა თქმა უნდა, ვეხმარებოდი მათ პროფესიულ ზრდაშიც. არაერთი პროექტი განვახორციელეთ ყველამ ერთად ამ ხნის განმავლობაში, მათ შორის CENN-ის პროექტში, რომელიც მაკულატურის შეგროვებას ითვალისწინებად, ორჯერ ავიღეთ პირველი ადგილი, შევქმენი „მშობლების მხარდამჭერთა კლუბი“ და ამით ხელი შევუწყე მათ ჩართულობას ბავშვების განათლება-აღზრდის პროცესში. აღსანიშნავია, რომ თითოეული პროექტი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით და სკოლის ლიდერის ხელშეწყობით დღემდე მდგრადია“, – ამბობს ყოფილი დირექტორი.

სკოლაში გამოფენა-გაყიდვებიც ეწყობოდა, საიდანაც შემოსული თანხით შეძლეს 5 სოციალურად დაუცველი ოჯახის და 5 ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვის დახმარება.

პანდემიის პერიოდში სკოლამ მოახერხა იმ მოსწავლეების ბუქებით და ინტერნეტით უზრუნველყოფა, ვისაც ამის პრობლემა ჰქონდა.

ეს და სხვა ბევრი პროექტი, რასაც ყოფილი დირექტორი და თემი სკოლის წარმატებად მიიჩნევს, სამინისტროსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

არაფორმალურ დონეზე საუბარია იმაზე, რომ ყოფილი დირექტორის ადგილზე შესაძლოა მალე ვიხილოთ ერთ-ერთი ადგილობრივი მაღალჩინოსნის ახლო ნათესავი. თუმცა როგორც ყოფილი დირექტორი ამბობს, „ამას მომავალი გვიჩვენებს“.

თავად დირექტორი ამბობს, რომ მმართველი პარტიის, ანუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის უსამართლო და დაუსაბუთებელი აღმოჩნდა.

„დღეს გავიგე, რომ ჩემი ერთ-ერთ კოლეგა კარალეთის სკოლიდან, ქიმიის საკმაოდ ახალგაზრდა მასწავლებელი კოვიდით გარდაიცვალა. ახლახანს 4 კრედიტი მოუვიდა, მაგრამ ვეღარ მოესწრო წამყვანი მასწავლებლის სტატუსს. როცა ასეთ ამბებს ვიგებ, მეუხერხულება კიდევ ჩემს პრობლემაზე საუბარი, მაგრამ სწორედ ასეთ რთულ დროს, როცა სკოლა უდიდესი გამოწვევების წინაშეა და არავინ იცის რა იქნება ხვალ, როდის დავბრუნდებით სკოლაში, როცა პანდემიის გამო ეკონომიკური მდგომარეობაც მძიმეა და სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეები არ დარჩნენ განათლების მიღმა, გული მტკივა, რომ სამინისტრო ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს“, – ამბობს მიმოზა ღოლიჯაშვილი.

წელს პანდემიის გამო არა მარტო პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები გადაიდო, ასევე სკოლის დირექტორობის და სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდებიც, რაც საფუძვლიან განცდას აჩენს, რომ სკოლის დირექტორების არჩევნებიც დიდი ხნით გადაიდება.

ყოფილი დირექტორის თქმით, არავინ იცის რამდენი ხნით მოუწევთ სკოლებს მოვალეობის შემსრულებლებით მუშაობა, თუმცა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დირექტორების არჩევნებიც პირობითია, რადგან სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევანის გაკეთება მხოლოდ იმ კანდიდატებს შორის მოუწევს, ვისაც განათლების სამინისტრო შესთავაზებს.

მიმოზა ღოლიჯაშვილს სამართლიანობის აღდგენამდე, თუკი რა თქმა უნდა ეს მოხდება, სკოლაში მხოლოდ მასწავლებლად შეუძლია მუშაობის გაგრძელება. კანონმდებლობით, სკოლის დირექტორს უფლება არ აქვს 10 საათზე მეტი დატვირთვა ჰქონდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ხელფასიც მნიშვნელოვნად შემცირდება.

მიმოზა ღოლიჯაშვილი  სამოქალაქო განათლების წამყვანი და რუსული ენის უფროსი მასწავლებელია. იმედგაცრუების მიუხედავად, არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ის დირექტორობისთვის ბრძოლას მაინც აპირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: