მთავარი,სიახლეები

გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება ცალსახად შეცდომა იყო – ინტერვიუ ისტორიკოსთან

26.01.2023 • 4241
გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება ცალსახად შეცდომა იყო – ინტერვიუ ისტორიკოსთან

„როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი ფორმდებოდა, რუსეთი მზარდი ძალა იყო და ეს ძალა მოდიოდა სამხრეთ კავკასიაში. დღეს კი რუსეთი ცალსახად მილევადი ძალაა და კავკასიიდან მიდის….“ – ამბობს ისტორიკოსი თეიმურაზ პაპასქირი. მისი დაკვირვებით, ხელისუფლება საქართველოში აქტიურადაა ჩართული ერეკლე მეორეს დაცვის კამპანიაში, თუმცა ღიად ვერ ამბობს, რომ ტრაქტატის დადება გამართლებული იყო.

„ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი: ხელისუფლება შეინარჩუნოს… ის საფრთხეს ხედავს პროდასავლურ ძალებში და ეყრდნობა პრორუსულ ძალებს, რომლებისთვისაც ერეკლეს სახელი ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – გვითხრა თეიმურაზ პაპასქირმა საუბრისას, ინტერვიუში კი მას გეორგიევსკის ტრაქტატზე ვესაუბრეთ: რა არის ეს ტრაქტატი? რა ვითარებაში გაფორმდა? რატომ აწყობდა გეორგიევსკის ტრაქტატი საქართველოს და რა ინტერესი ამოძრავებდა ამ დროს რუსეთს? რა შეიცვალა ტრაქტატის გაფორმების შემდეგ?

„ბათუმელებმა“ სწორედ ამ თემაზე ჩაწერა ინტერვიუ ისტორიკოსთან, თსუ-ს პროფესორ თეიმურაზ პაპასქირთან.

  • ბატონო თეიმურაზ, პირველ რიგში, თქვენი დაკვირვება გაგვიზიარეთ: „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მიმართ ინტერესის გაზრდა უკავშირდება მხოლოდ ლევან ბერძენიშვილის ცნობილ კრიტიკულ შეფასებას ერეკლე მეფის მიმართ, თუ ეს ისტორიული დოკუმენტი არის თანამედროვეც, მიმდინარე ომის გათვალისწინებით, რადგან აჩვენებს რუსეთის დამოკიდებულებას გარე სამყაროს და „მოკავშირეების“ მიმართ?

გეორგიევსკის ტრაქტატზე დავა ქართულ საზოგადოებაში რეალურად არც არასდროს შეწყვეტილა. პირველი, ვინც ტრაქტატის წინააღმდეგ ძლიერად გაილაშქრა, ილია ჭავჭავაძე იყო. იგი ამბობდა, რომ ტრაქტატის გაფორმების 100 წლისთავი არ უნდა აღნიშნულიყო. მას მიაჩნდა, რომ ეს ტრაქტატი დამღუპველი იყო ქვეყნისთვის.

გეორგიევსკის ტრაქტატი უარყოფითად შეფასებული აქვს ასევე ივანე ჯავახიშვილს.

დღეს, გასაგებია, რომ ტრაქტატის თემამ წამოიწია ლევან ბერძენიშვილის მხრიდან ერეკლე მეორეს მოღალატედ მოხსენიების შემდგომ. მე პირადად არ ვიზიარებ ლევან ბერძენიშვილის შეფასებას, თუმცა ტრაქტატთან დაკავშირებით მეფის გამართლება უბრალოდ ძალიან ძნელია.

გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების მთავარი მიზანი რეალურად იყო ომარ-ხანის შემოსევების თავიდან აცილება, რაც ამ ტრაქტატმა ვერ უზრუნველყო, ტრაქტატის გაფორმების მეორე წელსაც იყო თავდასხმა და ამით ვერავითარი წესრიგი ქართლ-კახეთში ვერ დამყარდა. პირიქით, ტრაქტატმა საფუძველი დაუდო სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო პლაცდარმის გაჩენის შესაძლებლობას.

  • თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელი იყო ერეკლე მეორეს შეეფასებინა რისკი, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მფარველობის ნაცვლად, პირიქით მიიტაცებდა რუსეთი საქართველოს? 

ერეკლე მეორის პოლიტიკა ნამდვილად არის დაწვრილებით შესასწავლი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრთხეების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად იმ დროისთვის რუსეთი ერთადერთი ვარიანტი  არ იყო.

ცნობილია, რომ იყო მცდელობა ავსტრიის იმპერატორთან დაკავშირების. იოზეფ მეორეს მაშინ ჰქონდა შავიზღვისპირა პროექტი, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ერეკლეს მიერ გაგზავნილი კაციც გზაში მოკლეს, სხვათა შორის, რუსებმა.

რეალურად, იმ დროისთვის ოსმალების მხრიდან საფრთხე მოცილებული იყო აღმოსავლეთ საქართველოსთვის. დასავლეთ საქართველოსთვისაც კი, ოსმალების საფრთხე არ არსებობდა ტრაქტატის გაფორმების დროს იმ ფორმით, როგორც ეს იყო მანამდე, 10 ან 20 წლით ადრე.

ამ დროს ირანშიც დიდი არეულობაა და არც ირანია საფრთხე ქართლ-კახეთის სამეფოსთვის. რეალური საფრთხე მოდიოდა მხოლოდ ომარ-ხანიდან, ანუ ჩრდილოეთ კავკასიიდან, რადგან მთავარი პრობლემა ლეკიანობა იყო. ამის ალაგმვა ვერ მოახერხა ერეკლემ და მიიჩნია, რომ რუსეთი დაეხმარებოდა. მფარველობაში შესვლა, პროტექტორატი, იმ დროისთვის საკმაოდ მიღებული ფორმა იყო.

ტრაქტატის პირვანდელი ვერსიის თანახმად ყველაფერი ისევ ბაგრატიონების ხელში უნდა ყოფილიყო და მხოლოდ საგარეო ურთიერთობებში უნდა ჰქონოდა რუსეთს საქართველოს მფარველის როლი, რაც იმ დროისთვის საკმაოდ მიღებული ფორმა იყო. რეალურად კი, რუსეთის თვითმიზანი არასდროს ყოფილა ქართლ-კახეთის მფარველობა, ან სხვა სამეფო-სამთავროების, მას სურდა პირდაპირ საქართველოს შეერთება. ეს განახორციელა კიდეც და ტრაქტატი გამოიყენა.

  • აღიქმებოდა რუსეთი იმ დროს საფრთხედ, რომ მფარველობის მიღების ნაცვლად, რასაც ტრაქტატი ითვალისწინებდა, რუსეთი საქართველოს მიიტაცებდა? 

იმ მომენტისთვის რუსეთი ჯერ არ არის შემოსული სამხრეთ კავკასიაში, შესაბამისად, ის საფრთხედ არ აღიქმება. პირიქით, უკვე თამაშობს ერთმორწმუნეობის მომენტი თავის როლს.

გარდა იმისა, რომ რუსეთი იღებდა მფარველობას საქართველოს უსაფრთხოებაზე, იყო მუხლებიც, სადაც პირდაპირ ჩანდა საფრთხე… რეალურად, რუსეთი შეიძლება ისედაც შემოსულიყო სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ ჩვენი მხრიდან დახმარება რომ არ ყოფილიყო, რუსეთისთვის ეს პროცესი გაცილებით ხანგრძლივი და რთული იქნებოდა.

გარკვეული პროცენტი არსებობს იმისაც, რომ შესაძლოა, საერთოდ ვერ მოეხერხებინა რუსეთს აღმოსავლეთ საქართველოში შემოსვლა. წარმოიდგინეთ, რომ ქართლ-კახეთის სამეფოში პირდაპირ არ შემოსულიყო რუსული ჯარი ტრაქტატის საფუძველზე და ყოფილიყო წინააღმდეგობა, ჩრდილოეთ კავკასიაში ომი შამილთან ათწლეულები გაგრძელდა. როცა ჩრდილოეთ კავკასია არ გაქვს დამორჩილებული, სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ოპერაციის განხორციელება რთულია.

სომხეთი და აზერბაიჯანიც ქართლ-კახეთის შეერთების შემდეგ დაიკავა რუსეთმა. ასევე, აღა-მაჰმად-ხანის მოთხოვნა იყო ის, რომ ტრაქტატზე უარი ეთქვა ერეკლეს. აღა-მაჰმად-ხანის პოზიცია მაშინ იყო ის, რომ დამატებით მიწებს ჩააბარებდა ქართლ-კახეთის სამეფოს, ოღონდ რუსები არ შემოეშვათ სამხრეთ კავკასიაში.

  • ეს მოთხოვნა პუტინის მოთხოვნას არ ჰგავს, ნატოს წევრი არ გახდნენ მისი მეზობლები, რომლებსაც მუდმივად თავს ესხმის? 

დიახ, ზუსტია ეს პარალელი, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ აღა-მაჰმად-ხანი არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც დღევანდელი რუსეთია.

მოკლედ, დღევანდელი გადასახედიდან, გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება ცალსახად შეცდომა იყო.

ლეკიანობის შიშით გაცილებით დიდი პრობლემა შეიქმნა. ლეკიანობის გამკლავებას სჭირდებოდა სხვა ორგანიზება, საზღვრების გაძლიერება და ასე შემდეგ. ერეკლე მეორე ამ დროს ისეთივე ენერგიული ვეღარ არის, როგორც მანამდე, ქვეყანაში დაუსრულებელი დავაა ტახტის მემკვიდრეობის წესთან დაკავშირებით.

  • რატომ გახანგრძლივდა მოლაპარაკების პროცესი გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე 12 წელი? ცნობილია, რომ 1771 წელს დაიწყო მოლაპარაკებები.

დიახ, პირველი რედაქცია 1771 წელს მომზადდა და მაშინ დაიწყო მოლაპარაკებები. მაშინ ამ პროცესში ჩართული იყო დასავლეთ საქართველო და სოლომონ პირველიც, მასთანაც უნდა გაფორმებულიყო იგივე ტრაქტატი ერთდროულად, მაგრამ ეს არ გამოვიდა. როგორც ჩანს, სოლომონს არ მოეწონა გარკვეული მუხლები.

ტრაქტატის გაფორმებამდე რუსეთისთვის მთავარი პრობლემა ყირიმი იყო, ტრაქტატის გაფორმება ხდება ზუსტად ყირიმის ანექსიის პერიოდში. ამ დროს განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა სამხრეთ კავკასიაში შემოსასვლელად.

ამ პერიოდში რუსეთში აქტიური იყო ე.წ. ბერძნული პროექტის განხორციელება, რაც ითვალისწინებდა კონსტანტინოპოლზე კონტროლის დამყარებას და საბოლოოდ ოსმალთა იმპერიის განადგურებას. ევროპის გავლით ეს არ გამოდიოდა, კავკასია უფრო ხელსაყრელი იყო და საფუძველს აძლევდა რუსეთს მომავალი ომებისთვის ოსმალთა იმპერიასთან.

  • რა გამოვიდა რეალურად, რა მივიღეთ? 

რეალურად გამოვიდა ის, რომ ქართლ-კახეთში ჩადგა რუსული ჯარი, რამაც საშუალება მისცა რუსეთს, განეხორციელებინა რეალური მიზანი, ამ ტრაქტატით წინაპირობა შექმნა, მას ჯარის ჩაყენება სჭირდებოდა, რომ მარტივად შესაძლებელი გამხდარიყო შემდეგ ქვეყნის დაკავება.

  • გამოდის, საქართველოს რუსეთისთვის მიერთების საქმე გაუმარტივა რუსეთს ერეკლე მეორემ? 

ჰო, გაუმარტივა ბევრად, მთლიანად სამხრეთ კავკასიაში შემოსვლა გაუმარტივა…

ერეკლე მეორემ ყველაზე იოლი გამოსავალი აირჩია იმ დროისთვის, ყველა დანარჩენი მეტ ძალისხმევას ითხოვდა. ეს უფრო მარტივი გამოსავალი იყო.

ეს ეხებოდა თავდაპირველად მხოლოდ ქართლ-კახეთს, თუმცა მალევე შეეხო სხვებსაც… იყო აჯანყებები, პროტესტი, მუდმივად იყო ეს პროტესტი.

  • ამ პროტესტის მიუხედავად და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ერთადერთი თავდამსხმელია, რომელმაც საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა, თქვენი აზრით, როგორ კვებავდა რუსული პროპაგანდა ერთმორწმუნეობის იდეას? 

რუსეთი ყოველთვის იყენებდა და ახლაც იყენებს ერთმორწმუნეობას, როგორც იარაღს. რეალურად კი, მართლაც რუსეთმა გააუქმა საპატრიარქო. რუსეთს არ სჭირდებოდა ერთ ტერიტორიაზე ორი ავტოკეფალიური ეკლესია. გარდა ამისა, გავიხსენოთ, რომ ამ დროს საქართველოში კათალიკოსი იყო, თვით რუსეთის ეკლესიას კი, პატრიარქი არ ჰყავდა, რუსული ეკლესია მთლიანად დამორჩილებული იყო რუსეთის იმპერიას.

ერთმორწმუნეობის იდეა მუშაობდა ბიზანტიის შემთხვევაშიც, როცა ჩნდებოდა მოსაზრება, რომ ბიზანტიასთან ურთიერთობის გაფუჭება ამის გამო არ ღირს. ერთმორწმუნეობის იდეას უფრო აქტიურად იყენებდა რუსეთი პროპაგანდისთვის, რომ რუსეთმა გადაარჩინა საქართველო გამაჰმადიანებას, გათურქებას… სინამდვილეში კი გააკეთა ის, რაც ოსმალეთს და ირანს არ გაუკეთებია საქართველოში – გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია.

  • რა უნდა იყოს ამოსავალი გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასებისას დღეს?

ამოსავალი უნდა იყოს შედეგები, რა შედეგი დადგა ტრაქტატის გაფორმებით.

უნდა ვუპასუხოთ მთავარ შეკითხვას: ტრაქტატი რომ არ გაფორმებულიყო, ემუქრებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების საფრთხე? – არ ემუქრებოდა.

  • დღეს ვხედავთ ორგანიზებულ კამპანიას ერეკლე მეფის და გეორგიევსკის ტრაქტატის გარშემო. ამ პროცესში ხელისუფლების პოზიციონირება აჩვენებს თუ არა საგარეო ორიენტირს, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლაც ტრაქტატის გულშემატკივარია? 

გეორგიევსკის ტრაქტატს ვერ ახსენებენ ნამდვილად, მაგრამ მე ეს შთაბეჭდილება მრჩება.

მთავარი მომენტია აქ არის ის, რომ როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი ფორმდებოდა, რუსეთი მზარდი ძალა იყო და მოდიოდა სამხრეთ კავკასიაში, დღეს კი, რუსეთი ცალსახად მილევადი ძალაა და კავკასიიდან მიდის.

შესაძლოა, 2022 წლის 24 თებერვლამდე ვიღაცას მიაჩნდა, რომ რუსეთი არაა მილევადი ძალა, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით კი გასული წლის სექტემბრიდან, როცა უკრაინამ შეძლო ომში გარდატეხის შეტანა, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ომს უკრაინა მოიგებს და რუსეთს ყველგან ექნება პრობლემები.

დავაკვირდეთ დამოკიდებულებებს რუსეთთან, მათ შორის, რეგიონის დონეზე. სომხეთის პრემიერმაც კი თქვა, რომ რუსეთი ვერ ეხმარება და პირიქით, საფრთხეს ქმნის. ვხედავთ, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი შეიცვალა და რუსეთი აღარ არის დომინანტი.

  • თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ, რატომ აწყობს საქართველოს ხელისუფლებას იმის ჩვენება, რომ ის ერეკლე მეორეს და შესაბამისად, გეორგიევსკის ტრაქტატის აქტიური დამცველია? ეს გზავნილია საგარეო მიმართულებით, თუ შიდა აუდიტორიასთან მუშაობს? 

საქართველოს ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი: ხელისუფლება შეინარჩუნოს. ამ კუთხით ის საფრთხეს ხედავს პროდასავლურ ძალებში და ეყრდნობა პრორუსულ ძალებს, რომლებისთვისაც ერეკლეს სახელი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, ეს აქტივობა არაა გზავნილი საგარეო აუდიტორიისთვის, მათ გათვლა აქვთ შიდა აუდიტორიაზე, რომ აი, ჩვენს ღირებულებებს ებრძვიან, ამას აკეთებს პროდასავლური ოპოზიცია, შეურაცხყოფენ ჩვენს მეფეებსაც, ჩვენ კი, ვიცავთ.

სინამდვილეში, ეს სიყალბეა და ამას ყველა ხედავს. როგორც ჩანს, შიდა აუდიტორიის გარკვეულ ნაწილზე მსგავსი გზავნილები მოქმედებს და სწორედ აქეთკენაა ეს მიმართული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: