მთავარი,სიახლეები

დნიპროს ტრაგედია – ისტორიები სახლიდან, რომელიც რუსულმა რაკეტამ დაანგრია

17.01.2023 • 1040
დნიპროს ტრაგედია – ისტორიები სახლიდან, რომელიც რუსულმა რაკეტამ დაანგრია

წყარო: bbc. com 

____________________

შაბათს, 14 იანვარს, ნაშუადღევს, დნიპროში, ცენტრალური უკრაინის ქალაქში, სადაც თითქმის მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საჰაერო განგაშის ხმა გაისმა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის 325-ე დღეს მოქალაქეები მიეჩვივნენ საჰაერო განგაშის ხმას და უკრაინელ ჩინოვნიკებს დილიდან დასჭირდათ შეხსენება: „სარაკეტო დარტყმის საფრთხე შენარჩუნებულია. მოგიწოდებთ, არ უგულებელყოთ სიგნალი, დარჩეთ თავშესაფრებში“.

დაახლოებით სადილის დროს დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლაი ლუკაშუკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ უკვე ჩამოაგდო რამდენიმე რაკეტა. „კატეგორიულად გთხოვთ, არ გამოაქვეყნოთ საჰაერო თავდაცვის ოპერაციის ან, ღმერთმა ნუ ქნას, რაკეტის დაცემის კადრები საჰაერო თავდასხმის დასრულებამდე“, – მიმართა ლუკაშუკმა ადგილობრივ მოსახლეობას. „დნეპროპეტროვსკი არის ფრონტის წინა ხაზზე. ოკუპანტები ეძებენ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემებს და შეეცდებიან დარტყმას ნებისმიერ პირობებში. საჰაერო თავდაცვა ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და სიცოცხლეა“.

განგაშის ხმა გაისმა ქალაქის „რაკეტების პარკშიც“, სადაც პირველი საბჭოთა ბალისტიკური რაკეტების მოდელებია განთავსებული. ამ რაკეტებს დნიპროს ქარხნებში აწყობდნენ. ქალაქი 90-იან წლებამდე უცხოელებისთვის დახურული იყო, ეს იყო სსრკ-ს თავდაცვის, სამხედრო და კოსმოსური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი.

საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა „პობედას“ უბანშიც. დნიპროს ეს რაიონი 50 წლის წინ ააშენეს. 1983 წელს არქიტექტორებმა, რომლებმაც „პობედა“ დააპროექტეს, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიიღეს, ტერიტორია კი ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლთა სიაში შეიტანეს.

ეს ახლაც დნიპროს საუკეთესო უბნად მიიჩნევა – მწვანე, ფართო, ცენტრამდე ავტომანქანით ათი წუთის გზაა, ახლოსაა მდინარე და ახალი სკვერი შადრევნითა და ფერადი, ლაზერული შოუთი საღამოობით. „პობედა“ 9, 12 ან 16-სართულიანი სახლებითაა გაშენებული. ტიპურ 9-სართულიანში 16 სადარბაზოა, დაახლოებით 1700 მცხოვრებით. მთავარი ქუჩები – გმირების გამზირი, დიდების ბულვარი, გამარჯვების სანაპირო. სახელი ყველას მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების პატივსაცემად უწოდეს.

  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 

14 იანვარს სახლებში ბევრი ხალხი იყო – შაბათი იყო, დასვენების დღე.

სახლში იყო დნიპროს მცხოვრების, ევგენი გალიჩის 89 წლის ბაბუა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. მასთან ერთად ცხოვრობდა მისი ქალიშვილი, სამი შვილის დედა, რომლის ერთი შვილი ახლა ფრონტზეა. შაბათს, ნაშუადღევს, ის საქმეებზე გავიდა სახლიდან.

სანამ ვეტერანი ტელევიზორს რთავდა და ჩაის ამზადებდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთის კურსკის რეგიონიდან ბომბდამშენი „ტუ-22“ აფრინდა და ხუთიდან ერთი ფრთოსანი რაკეტა – Х-22 გაუშვა, რომლითაც იმ დღეს რუსეთმა უკრაინას შეუტია.

რაკეტამ, რომლის წონაც ათას კილოგრამამდეა, იფრინა დაახლოებით 450 კილომეტრი და მოხვდა ცხრასართულიან შენობას „პობედას“ უბანში. როგორც მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვას არ გააჩნია საზენიტო სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი საჰაერო სამიზნეების ჩამოგდება.

დაახლოებით 16:15 საათზე მეორე მსოფლიო ომის 89 წლის ვეტერანის სახლში გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა.

ვეტერანი საავადმყოფოში გამოფხიზლდა თავსა და ხელზე ჭრილობებით. გალიჩის შვილიშვილმა მისი სისხლიანი სახე გადაიღო და ინსტაგრამზე გამოაქვეყნა: „ეს ჩემი ბაბუაა, რომელიც თითქმის 90 წლისაა, ომს გადაურჩა და ახლა ისევ საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს. დაე, ხალხმა ნახოს და იცოდეს, მტერიც კი არ იმსახურებს იმ ტკივილს, რასაც განიცდიან ჩვეულებრივი პენსიონერები“.

ფოტო: instagram

ერთი დღის შემდეგ ვეტერანის მდგომარეობა ექიმებმა შეაფასეს, როგორც სტაბილური, მაგრამ საავადმყოფოში დატოვეს შემდგომი დაკვირვებისთვის. მოხუცის სახლი მთლიანად დაინგრა, მისმა შვილიშვილმა გამოაცხადა, რომ თანხას აგროვებს ბაბუისა და დედის ახალი საცხოვრებლისთვის.

  • კრივის მწვრთნელი

რაკეტამ გაანადგურა მთელი სადარბაზო, 72 ბინა, სადაც თითქმის 200 ადამიანი იყო რეგისტრირებული.

ერთ-ერთი დანგრეული ბინის ფოტო – ნარინჯისფერი სამზარეულო, ვაშლები მაგიდაზე, ერთი კედელი აღარ არის – მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ამ ბინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა უკრაინის დამსახურებული მწვრთნელი კრივში მიხეილ კორენოვსკი. „შესანიშნავი ადამიანი, მიხაილ მიხაილოვიჩ კორენოვსკი. ადამიანი ლეგენდა, რომელმაც აღზარდა ბევრი კარგი სპორტსმენი, ჩემპიონი…” – დაწერეს დნიპროს ადგილობრივ ტელეგრამის არხზე.

შაბათს, დილის შეჯიბრის შემდეგ, მწვრთნელი ბინაში ავიდა, ოჯახი მას ეზოში ელოდა. 15 წუთის შემდეგ მისი ორი გოგონა დარჩა მამის გარეშე, ცოლი კი – ქმრის გარეშე. ახლა მათ არა მარტო არავისთან დაბრუნება არ შეუძლიათ, არამედ წასასვლელიც არსად აქვთ – ბინა დანგრეულია.

ნარინჯისფერი სამზარეულო. იან დობრონოსოვის ფოტო. წყარო: bbc.com

კორენოვსკის შვილებთან ერთად სახლთან კიდევ ორი სხვა მოსწავლე იდგა – 14 წლის კაროლინა და 9 წლის მაქსიმი. ნახევარი წლის წინ მათმა მშობლებმა, ირინა და მაქსიმ შევჩუკებმა, შვილებს ხელი მოჰკიდეს და დნიპროში გადმოვიდნენ, მუდმივი სროლისგან თავის დასაღწევად. ბინა „პობედას“ უბანში იქირავეს. შაბათს, სამი საათის შემდეგ, ოჯახი სასეირნოდ მიდიოდა და შვილები დედ-მამას ქუჩაში ელოდნენ.

ვეღარ დაელოდნენ.

ბევრი ასეთი ადამიანი იდგა შაბათს, ნასადილევს, ცხრასართულიანი სახლის წინ. ისმოდა დედების გოდება, წყევლა შეძახილებით – „ეს არის რუსნია!“, ბავშვების ტირილი. იქ იდგა კორენოვსკის ერთ-ერთი მეზობელი, მარტოხელა დედა. სადილამდე იგი ოთხი წლის შვილთან ერთად სასეირნოდ გავიდა. აფეთქების შემდეგ მათ მხოლოდ საბავშვო ეტლი და ქურთუკი დარჩათ.

იქ იდგა რომანიც თავის ფეხმძიმე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. ექვსი თვის წინ ისინი ტორეცკში ცხოვრობდნენ. რომანის პურის საცხობი ქალაქს პურითა და ფუნთუშით ამარაგებდა, სამ ცვლაში მუშაობდნენ, მაგრამ დაბომბვა სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდებოდა და ოჯახი დნიპროში გადავიდა საცხოვრებლად.

14 იანვარს რომანი ცოლ-შვილთან ერთად ეკლესიაში წავიდა, რომანის 73 წლის დედა კი სახლში დარჩა. სახლთან დაბრუნებული რომანი ტელეფონით მდუმარედ იღებდა ბოლში გახვეულ სახლის ფრაგმენტებს.

იქვე იდგნენ ნგრევის შედეგად დაღუპული მეგობრების, სტომატოლოგებისა და მოხალისეების – ირინა სოლომატინასა და ოლგა უსოვას ნათესავები.

გაზაფხულზე სოლომატინა 13 და 6 წლის შვილებთან ერთად ცოტა ხნით პოლონეთში ცხოვრობდა, მაგრამ უკრაინაში დაბრუნდა. უსოვა სამი წლის ბიჭის დედა იყო, წარმოშობით დონეცკიდან. ისინი ერთად მუშაობდნენ მოხალისე სტომატოლოგთა ჯგუფში, სპეციალურად აღჭურვილი ავტობუსით გადაადგილდებოდნენ სამხედროების სამკურნალოდ.

14 იანვარს მეგობრებმა ჩაუარეს სახლს, რომელსაც რაკეტა მოხვდა და დაიღუპნენ.

იქ იდგნენ 15 წლის მარია ლებედის დედა და ძმა. ქალი სამსახურში იყო, როცა ბინა, სადაც მისი შვილი იყო, რაკეტის დარტყმისგან დაინგრა.

მეცხრე ა კლასის მოსწავლე ცეკვის კლუბში დადიოდა, სკოლაში კი მოსწავლეთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. იგი 16 იანვარს დაკრძალეს.

იქ იდგნენ 17 წლის მაქსიმ ბოგუცკის ნათესავები. გასულ წელს მან საშუალო სკოლის დამთავრება აღნიშნა.

  • ოჯახი მარიუპოლიდან 

2022 წლის ოქტომბერში „პობედას“ ცხრასართულიან სახლში ახალი მცხოვრებლები შევიდნენ: დედა, ბებია და რუსანა ბაბკინას უმცროსი და. ისინი მარიუპოლიდან არიან. ომის პირველივე დღეს რუსანას მშობლები და მისი საქმრო შეუერთდნენ მარიუპოლის დაცვას და იქ დარჩნენ ბოლომდე.

თავად ბაბკინა ბებიასთან ერთად მარტის ბოლოს ოკუპირებული მარიუპოლიდან გაიქცა დნიპროში. მისი 19 წლის უმცროსი და, ლიანა, მუდმივი სროლის ქვეშ მყოფი ხარკოვიდან ჩამოვიდა, მატარებლის მეორე კლასის ვაგონში ფეხზე მდგარი და დაღლილობისგან გონების დაკარგვამდე მისული.

ბაბკინების მშობლები რუს სამხედროებს მხოლოდ მაისში ჩაბარდნენ, უკრაინის გენშტაბის ბრძანების შემდეგ დატოვეს აზოვსტალი და ჩააბარეს იარაღი, – დაწერა რუსანამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. დედამისი გაათავისუფლეს „ქალთა გაცვლის“ ფარგლებში სულ რაღაც ოთხი თვის წინ, ოქტომბერში. იგი დნიპროში წავიდა თავის ქალიშვილებთან და უკვე იქ გააგრძელა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახური.

ოჯახმა ორი ბინა იქირავა „პობედას“ სანაპიროზე მდებარე სახლში, ერთ სადარბაზოში.

14 იანვარს რუსანას დედა გაცივდა, სამხედრო ნაწილში მორიგეობა გააცდინა და სახლში დარჩა. მისი უმცროსი ქალიშვილი სახლს ალაგებდა, ბებია კი სამზარეულოში ჩებურეკების შეწვას ამთავრებდა.

ოთხი საათი დაწყებული იყო, როცა მათ რუსანამ დაურეკა – იგი ოდესაში იყო საქმეებზე. „ბოლოს დედაჩემს ტელეფონით 15:07 საათზე ვესაუბრე. „მშვიდად ვართ, დაისვენეო“, – დაწერა გოგონამ ფეისბუქზე. მას შემდეგ არც ერთი ქალის ტელეფონი არ პასუხობს. რუსანას დედა, და და ბებია უგზო-უკვლოდ დაკარგულებში არიან.

რუსანას მამა და საქმრო კვლავ რუსეთში, ტყვეობაში არიან. მათი სახლი მარიუპოლში განადგურდა. რუსანამ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახზე ჩანაწერი ფეისბუქზე შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „სიძულვილით რუსებისადმი – რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ ახლა და ჯერ არ დაბადებულან“.

  • ანასტასია შვეცი

9-სართულიანი კორპუსის კიდევ ერთმა მცხოვრებმა, 23 წლის ანასტასია შვეცმა, თებერვალში, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე დაამთავრა დნიპროს საბაჟო-ფინანსური უნივერსიტეტი. 2022 წლის სექტემბერში მან საქმრო დაკარგა, ის ფრონტზე მოკლეს.

„მე არ ვცხოვრობდი, დროში ვარსებობდი, ვცდილობდი შევგუებოდი, რომ ჩემი მამაცი ვლადი აღარ არის…“, – წერდა გოგონა თავის ინსტაგრამზე.

შაბათს ის სახლში იყო მშობლებთან – ნატალია და მაქსიმ შვეცებთან ერთად. დედამისი ორგანიზაციის – „კატები ეძებენ სახლს“ – მოხალისე იყო, „სუპერ ნათელი ადამიანი“, მან გადაარჩინა „კატების სიცოცხლე და ბედი“, – წერენ მასზე კოლეგები.

ოჯახური დღე იყო: „მახსოვს, მამაჩემის სულელური ხუმრობები. დღეს როგორ გადავუღეთ ლეკვებს ფოტოები მე და დედაჩემმა. დედას დამზადებული უდონი ვჭამეთ”.

შემდეგ კი რაკეტა მოფრინდა.

„საწოლში კარი დამეცა, სამზარეულოს ნაწილი ოთახშია, აღარ არის სააბაზანო, სამზარეულო, დერეფანი და საკუჭნაო, იქ უფსკრულია და ვხედავ სადარბაზოს ნაწილს, სხვა სადარბაზოს“, – უამბო შვეცმა ჟურნალისტებს.

იგი გადაურჩა აფეთქებას და ფაქტობრივად, ფოტოკორესპონდენტების კამერების წინ გადარჩა. მსოფლიომ ჯერ დაინახა, როგორ ზის ის მარტო, საკუთარი ბინის ნანგრევებში, შემდეგ კი როგორ გადაჰყავთ მაშველებს უსაფრთხო ადგილას. შვეცს ხელში პლუშის დინოზავრი და საახალწლო ნაძვის ხის „წვიმა“ ეჭირა.

ანასტასია შვეცი დნიპროში დანგრეული სახლის ნანგრევებში. ფოტო: hromadske.ua

„ვლადმა გადამარჩინა, მე თითქმის მთელი ვარ, მიუხედავად ჭრილობისა ჩემს თავზე და გადაყვლეფილი ფეხებისა. არ ვიცი, სად არიან ჩემი მშობლები. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სამზარეულოში იყვნენ, რომელიც უკვე აღარ არსებობს. გადარჩენა არ მინდოდა, მშობლების პოვნა მინდოდა. ვხვდები, რომ კატა „რიჩარდი“ უკვე აღარ არის, საეჭვოა, რომ გადარჩა. მშობლებთან მინდა. მტკივა. საერთოდ, ვარსებობ?“

  • ანტონი და ევა 

21 წლის ანტონმა ევას ახალ წელს დაქორწინება შესთავაზა. შეთანხმდნენ, რომ გაზაფხულზე იქორწინებდნენ. 14 იანვარს ანტონი ავტომანქანით მივიდა ევას სახლთან და ტელეფონით ესაუბრა. ახალგაზრდა კაცი სადარბაზოდან 300 მეტრში იმყოფებოდა, როცა რაკეტა ცხრასართულიან შენობას მოხვდა. ზარი გაითიშა.

ანტონი შენობისკენ გაიქცა. „როცა მივედი, ბეტონის ნანგრევები დავინახე. დაინგრა მთელი მერვე სართული, სადაც ის ცხოვრობდა. იქ ავძვერი, არ დაველოდე მაშველებს. იქ, სადაც კედლები არაა და მაცივარი დგას“, – უამბო მან უკრაინულ გამოცემა 056.ua-ს.

„ყველაფერი ალში იყო გახვეული. მაშველები ყვიროდნენ, რომ ჩამოვსულიყავი, მე კი იქ ვდგავარ, შიშველი ხელებით ვწევ ბეტონის ფილებს და მას ვეძებ. შემდეგ იქიდან უკვე სამხედროებმა გამიყვანეს, მეუბნებოდნენ, რომ შეიძლებოდა გაზი აფეთქებულიყო“, – ამბობს ანტონი.

იგი ზედიზედ 5 საათის განმავლობაში მონაწილეობდა სამაშველო სამუშაოებში. ამ დროში მაშველებს სხვა დაზარალებულების პოვნაში დაეხმარა.

„ავტომობილთან, ბეტონის ფილის ქვეშ დაჭრილი კაცი ვიპოვეთ, ექიმებს ელოდნენ. სადარბაზოსთან ახლოს ბებია ამოთხარეს ნანგრევებიდან, შემდეგ კი მე უკვე მხოლოდ დაღუპულებს ვპოულობდი – ცხედრებსა და ნაშთებს“, – თქვა ბიჭმა.

ღამით მას ძალა გამოეცალა. გამოვიდა ნანგრევებიდან, ერთი საათის შემდეგ კი დაურეკეს და უთხრეს, რომ ევა იპოვეს, ცოცხალი.

„ის გზის მხრიდან, ნანგრევების ქვეშ იყო, სადაც არ გვიშვებდნენ, რადგან იქ ავტომანქანები აფეთქდა. მასთან მისვლა ვერ მოხერხდა, რადგან თაღი სპეციალური ტექნიკით იყო გადაკეტილი”, – ამბობს ანტონი.

გოგონა რეანიმაციაში გადაიყვანეს. საქმრო მიიჩნევს, რომ ევა ცოცხალი დარჩა იმის გამო, რომ აფეთქების ტალღამ ტიხრებთან ერთად მერვე სართულიდან ისროლა და ზემოდან მას ბეტონის ფილების ნარჩენები დაეფარა.

„ახლა ის რეანიმაციაში, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გონზეა, მაგრამ მასთან არავის უშვებენ. მეც მხოლოდ 2 წუთით შემიშვეს“, – ამბობს ანტონი.

ანტონთან ერთად ნანგრევებს წმენდდა 31 წლის სამხედრო მაქსიმ ომელიანენკოც. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ის მწვრთნელად მუშაობდა, შემდეგ იბრძოდა ხერსონში, ახლა კი, უკრაინული გამოცემა Hromadske.ua-ს ცნობით, ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილს – ბახმუტს იცავს.

დნიპროს დაბომბვამდე რამდენიმე კვირით ადრე იგი სამხედრო სამსახურზე ამბობდა: „თუ ახალგაზრდა მოვკვდები, პირობას ვდებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არავინ ცხოვრობს სამუდამოდ, მაგრამ იმედი მაქვს, როცა ჩემი წასვლის დრო მოვა, წავალ ღიმილით. ეს მოგზაურობაა, მადლობელი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიცხოვრო და ვისწავლო ტკივილისგან“.

როცა საკუთარ სახლში ტრაგედიის შესახებ შეიტყო, იგი დნიპროში წავიდა. ნანგრევებში აღმოჩნდა დედამისი ლუდმილა, ძაღლი და კატა. დედა გადარჩა დანგრეულ სამზარეულოში.

ფოტო მაქსიმ ომელიანენკოს ინსტაგრამიდან

  • ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ

დნიპროში მეორე დღეა მაშველები მუშაობენ ნანგრევებში, რაც 72 ბინიდან დარჩა. ბეტონის ფილების ნარჩენები და მზიდი კონსტრუქციები ავეჯს, ტანსაცმელსა და სანტექნიკას შეერია.

ნანგრევების დალაგებისას მაშველები ნელ-ნელა ყრიან ნაწილებს, ყურს უგდებენ ხმებს და ფანრებს ნაპრალებში ანათებენ. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ისევ იყვნენ ადამიანები.

დნიპროში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. მათგან 38 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 4 ბავშვია. ასევე, იპოვეს ადამიანის სხეულის სამი ფრაგმენტი. 30 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ნანგრევებიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია. 75 ადამიანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 14 ბავშვი.

ქალაქი გლოვობს.

ფოტო: hromadske.ua

______________

სტატიის თარგმანი ქვეყნდება მცირე შემოკლებით.

მთავარი ფოტო: ანასტასია შვეცი დნიპროში დანგრეული სახლის ნანგრევებში. ფოტო: hromadske.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: