ნეტგაზეთი • RU

„ჩართე სამხრე კამერა“ – რა უნდა უთხრა პოლიციელს, როცა ის გაკავებს

„არ მუშაობს, დამავიწყდა ჩართვა, ელემენტი დაჯდა…“ – ადვოკატი დავით ჯაფარიძე პოლიციელების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებულ არგუმენტებს იხსენებს სასამართლო პროცესებიდან, როცა სამხრე კამერების ჩანაწერები პოლიციას არ წარმოუდგენია. ადვოკატებს მრავალწლიანი პრაქტიკიდან იშვიათად ახსენდებათ საქმე, როცა პოლიციელს სამხრე კამერის ჩანაწერი ჰქონდა, როგორც უტყუარი მტკიცებულება.

პოლიციელები არც საპროტესტო აქციების დროს რთავენ კამერებს, როცა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მაგალითად, ბათუმის 20 ივნისის აქციაზე, როცა პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს და დააკავეს. აქაც მოსამართლე მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო.

„ჩვენ გავიკეთებთ აწი სამხრე კამერებს,“ – მიმართა პოლიციელებს ენმ-ს წევრმა ბონდო თედორაძემ, რომელიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.

პოლიციელების სამხრე კამერებით აღჭურვისთვის ბოლოს 2018 წელს გამოყეს ბიუჯეტიდან 5 მილიონ 80 ათასი ლარი. ამ ფულით დამატებით 2280 კომპლექტი სამხრე კამერა შეიძინა შსს-მ. პრაქტიკიდან ცნობილია, რომ სამხრე კამერებით აღჭურვილი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. „ბათუმელებმა“ სცადა გაეგო, რატომ არ აქვს უმეტეს შემთხვევაში სამხრე კამერის ჩანაწერები საგამოძიებო ორგანოს, როცა საგამოძიებო მოქმედება კამერით აღჭურვილ პოლიციელს აქვს ჩატარებული?

„არ აწყობთ პოლიციელებს ამ ჩანაწერების შენახვა, რადგან ის ხშირად მკაფიოდ, თვალნათლივ აჩვენებს სიმართლეს და პოლიციელები იმიზეზებენ, ბაზა ამდენი ხნით არ ინახავს ჩანაწერსო,“ – გვიყვება ადვოკატი ზაზა პაპიძე. მას 11-წლიანი საადვოკატო პრაქტიკიდან იშვიათად ახსენდება საქმე, როცა პოლიციელებმა სამხრე კამერების ჩანაწერები წარმოადგინეს. მისი დაკვირვებით, სისხლის სამართლის საქმეებში შედარებით მაღალი სტანდარტია მტკიცებულებების მოთხოვნის, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეებზე მოსამართლე ძირითადად მოწმე პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა.

„ძალიან ცუდი პრაქტიკა დაამკვიდრა სასამართლომ, როცა მხოლოდ პოლიციელს ენდობა, რადგანაც მას ფორმა აცვია. ვიცით ბევრი პოლიციელი, რომლებიც თავიანთ ფორმას იყენებენ ცუდად… სამწუხაროდ, ხშირად მოსამართლეც არაა დაინტერესებული სიმართლის დადგენით,“ – მიიჩნევს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

ადვოკატ დავით ჯაფარიძეს კი ერთადერთი შემთხვევა ახსენდება, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სამხრე კამერის ჩანაწერი სასამართლო სხდომაზე გაასაჯაროვა.

„ერთი გაასაჯაროვა მხოლოდ ეკა ხუნწარიამ. მან ამ ჩანაწერით ამხილა მოქალაქეზე დანაშაულის პროვოცირებაში მეორე პატრული გიორგი ხალვაში, როცა ის ენმ-ს წევრი გახდა,“ – ამბობს დავით ჯაფარიძე. მას არ სჯერა, რომ პოლიციელი სამხრე კამერებს არ რთავს, როცა  ვინმეს აკავებს.

„უბრალოდ პატრული ანადგურებს ყველა ვიდეოს, რომელიც მას ამხელს,“ – მიიჩნევს დავით ჯაფარიძე. მისი დაკვირვებით, პოლიცია მხოლოდ მაშინ წარმოადგენს ამ მასალას სასამართლოში, სადაც არ ჩანს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, ან ის ჩანს, რაზეც მოწმე პოლიციელები აპირებენ ისაუბრონ მოსამართლესთან.

„დავით ჯაფარიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიდეომტკიცებულება, როცა საქმე სამართალს ეხება. ის იხსენებს „ალტერნატივას“ ლიდერის – ხათუნა ბერიძის შემთხვევას, რომლის გამართლებაც სააპელაციო სასამართლოში შეძლო.

„ამ შემთხვევაში ჟურნალისტების ვიდეომასალებით და ლაივებით  დავამტკიცე, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია,“ – დასძინა დავით ჯაფარიძემ „ბათუმელებთან“.

„სამჯერ დამაკავეს, მაგრამ არცერთხელ პოლიციელებს სამხრე კამერის ჩანაწერი შენახული არ ჰქონდათ. სამივეჯერ ჩემი დაკავება იყო უკანონო,“ – გვითხრა ხათუნა ბერიძემ, რომელიც ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია. ის იმ აქციაზეც დააკავეს და შემდეგ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააჯარიმეს, როცა საოლქო კომისიის წევრებს არჩევნების შემდეგ „მონები“ უწოდა.

ხათუნა ბერიძის თქმით, მას სამხრე კამერების ჩანაწერების ჩვენებაზე უარი უთხრეს:

„დაკავების მომენტში გპასუხობენ, მიმართეთ პრესსამსახურსო, მერე გამოითხოვე ინფორმაციაო… ვიდრე ამას გამოითხოვ, ტარდება სასამართლო პროცესი. რანაირად წარმოადგენს პოლიციელი მაგ ჩანაწერს, რომელიც მე უფრო გამომადგება, ვიდრე პოლიციელს?

საოლქოს წინაც აქციაზე 3 საათზე მეტი ხანი წვიმაში ვიდექით, ქოლგების გარეშე. პოლიციელები დაიღალნენ, დასველდნენ და ასეთი ფორმით დაგვშალეს, იქაც არაფერი დაგვიშავებია,“ – ამბობს ხათუნა ბერიძე.

„არცთუ ისე ბევრი საქმე მქონდა საპატრულო პოლიციის მონაწილეობით, რომ ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა არც ერთ შემთხვევაში მათ სამხრე კამერებით დაფიქსირებული რაიმე ინფორმაცია არ წარმოუდგენიათ,“ – გვითხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. ის ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობს.

რამინ პაპიძე მიიჩნევს, რომ პირადი ჩხრეკის ან დაკავების კამერით დაფიქსირება სავალდებულო უნდა იყოს.

სხვადასხვა საქმიდან გამომდინარე, იგივე პოზიცია აქვს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელსაც.

„პოლიციის ინსპექტორისთვის სავალდებულო უნდა გახდეს საკანონმდებლო დონეზე, რომ ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიების განხორციელება-მოქალაქესთან გასაუბრება, პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება და ა.შ. – ასახოს სამხრე ვიდეოკამერით და საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს მტკიცებულების სახით,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

პაატა დიასამიძე იხსენებს კონკრეტულ შემთხვევასაც, როცა საპატრულო პოლიციამ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოაჩინა სამხრე კამერის ჩანაწერი.

„მხარემ სასამართლოს მეშვეობით შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გამოითხოვა პოლიციის ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერები, საპატრულო პოლიციის წერილობითი პასუხით ირკვეოდა, რომ არ იძებნებოდა მსგავსი ჩანაწერები. როცა პირველი ინსტანციის დადგენილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით, სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციამ სასამართლოს გაუგზავნა სამხრე კამერის ჩანაწერები, როცა უკვე დასრულებული იყო საქმე… შედეგი იგივე დადგა, მაგრამ ეს აჩვენებს პოლიციელების დამოკიდებულებას,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

დამოუკიდებელი იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ საპატრულო, არამედ ყველა პოლიციელი ეტაპობრივად უნდა აღიჭურვოს სამხრე კამერებით, რადგან ეს გაზრდის მტკიცებულების სტანდარტს.

გიორგი ხიმშიაშვილის შეფასებით, სასამართლოც ხელს უწყობს მტკიცებულებების დაბალი სტანდარტის ჩამოყალიბებას, როცა პოლიციელს სამხრე კამერა აქვს და ჩანაწერი არა, ამ დროს კი მოსამართლე მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობა.

„სამწუხაროდ, სასამართლო ხელს უწყობს მტკიცებულებების დაბალი სტანდარტით ჩამოყალიბებას, რადგან სამხრე კამერებით პოლიციელების აღჭურვა ხდება იმისთვის, რომ მან შექმნას მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტი… თუკი პოლიციელი აღჭურვილია სამხრე კამერით და ის მას არ იყენებს, ამ დროს ყველა ეჭვები და კითხვის ნიშანი უნდა წყდებოდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პოლიცია ვალდებულია შექმნას მტკიცებულებების სტანდარტი,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

რატომ არ აქვს ხშირად პროკურატურას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეებზე სამხრე კამერების ჩანაწერები? – კითხვით პროკურატურასაც მივმართეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. პროკურატურაში კითხვა უპასუხოდ დატოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვიპასუხეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

______________

მთავარი ფოტო არქივიდან. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი