მოქალაქე დავით მალანია საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც თავის სახლში მყოფ პირს შუქი, ბუნებრივი აირი და წყალი ვერ ჩაუჭრა.
დავით მალანიას სახლი ზუგდიდში აქვს, თუმცა იქ ამ დრომდე თამაზ ყურაშვილი ცხოვრობს. სარჩელის მიხედვით, დავით მალანია სახლს უკან ვერ იბრუნებს და ყურაშვილთან სამართლებრივი დავა აქვს. მას სასამართლოში საქმე უკვე მოუგია კიდეც, თუმცა აღსრულების პროცედურა ჯერ არ დაწყებულა.
კანონმდებლობის მიხედვით, ბინასა თუ სახლში მყოფ პირს მესაკუთრე ბინის დაცლას ვერ მოსთხოვს, თუ არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
რა ხდება, როცა გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებ, იურისტის განმარტება, შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანია კომუნალური სერვისის მიწოდების საკანონმდებლო ბაზა: დავით მალანიას მიმართვის შემდეგ, სახლში, სადაც სხვა პირი უკანონოდ ცხოვრობს, შუქი გამორთეს, ბუნებრივი აირი და წყალიც, თუმცა რამდენიმე დღეში თამაზ ყურაშვილს კომუნალური სერვისის მიწოდება აღუდგინეს – კანონი „მომხმარებელს“ ითვალისწინებს, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და არა მესაკუთრეს.
სემეკს სახლის მესაკუთრე დავით მალანიასთვის უცნობებია, რომ კომისიის მიერ გაცემულია მითითება „მოქალაქე თამაზ ყურაშვილს აღუდგეს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მიწოდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა წესით გამოსახლების აღსრულების განხორციელებამდე.“
„საყოფაცხოვრებო მომხმარებელი − საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას“, – წერია საქართველოს კანონში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“.
ასევე, კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ განმარტავს, რომ: „მომხმარებელი – საბოლოო მომხმარებელია, სასმელი წყლის მომხმარებელი“.
მოსარჩელე დავით მალანია მიიჩნევს, რომ კანონის ეს ჩანაწერი კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას არღვევს:
„სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსი ზღუდავს მოსარჩელე დავით მალანიას საკუთრების უფლებას, კერძოდ განკარგავდეს მის უძრავ ქონებას, რაც საკუთრების უფლების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს.
საკუთრების უფლება ყოველგვარ აზრს დაკარგავს, თუ მესაკუთრეს არ შეეძლება მისი სურვილისამებრ განკარგვა. ამდენად, სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს და უპირატესობას ანიჭებს უძრავი ქონების არამართლზომიერ მფლობელს, უშუალოდ შეეხება თავად ამ საკუთრების შეზღუდვის ფუნდამენტურ არსს, რომ მესაკუთრემ თავად განკარგოს თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში თავისი საკუთრება და ამ საკუთრების უფლებისგან მიიღოს ღირსეული კეთილდღეობა“, – ვკითხულობთ სარჩელში.
კიდევ ერთი ამონარიდი სარჩელიდან:
„საკუთრების უფლება თავის თავში გულისხმობს, რომ მესაკუთრემ განკარგოს ნივთი ისე, როგორც ის მომგებიანად ჩათვლის.
საკუთრების უფლება აზრს დაკარგავს, მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის – განკარგვის გარეშე. სახელმწიფოს აკისრია ნეგატიური ვალდებულება, ხელი არ შეუშალოს მესაკუთრეს თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის გარანტიით, თავისუფლად განკარგოს მისი საკუთრება. თუკი დაწესებული რეგულირება, შეზღუდვებით გამოაცლის ღირებულებას საკუთრებას და მესაკუთრეს არ ექნება მისი საკუთრებით სარგებლობისა და განკარგვის უფლება, მათ შორის შევზღუდავთ გადაწყვეტილების მიღებას – გასცეს თუ არა თანხმობა მის უძრავ ქონებაში კომუნალური სერვისების მიწოდებისათვის, ამით დაირღვევა საკუთრების ძირითადი არსი,“ – აღნიშნულია სარჩელში.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/433546/