ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პარტია „ლელო“ მსვლელობას გეგმავს.
პარტიის განცხადებით, მსვლელობა 15:00 საათზე ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყება და მემედ აბაშიძის ქუჩის გავლით გაგრძელდება ევროპის მოედნისკენ.
„შევიკრიბოთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში, კოლონადებთან და მოვაწყოთ მსვლელობა ევროპის მოედნისკენ – ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი!
საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ იმპერიას! საქართველო არ გახდება რუსეთის გუბერნია! ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას!
ერთად დავდგეთ, ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისთვის“- აცხადებს „ლელო“.
წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფოს სიმბოლიკების გვერდით ევროკავშირის დროშა აღარ გამოფინეს.
საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ფაქტს კრიტიკულად გამოეხმაურა, რადგან მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია საბოტაჟისკენ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერი“ ბახმუტიდან გადის.
ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური ტელეგრამზე წერს.
„ბახმუტიდან გაგვყავს შენაერთები… 1-ელ ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა მხარეს, ზურგში გადაინაცვლებს. სამხედროებს გადავცემთ პოზიციებს: საბრძოლო მასალას, პოზიციებს – ყველაფერს, მათ შორის, მშრალ რაციონს“, – აცხადებს პრიგოჟინი და დასძენს, რომ თუ რუს სამხედროებს გაუჭირდებათ, მაშინ „ვაგნერი“ აქ დატოვებს მათ, ვინც „მთავარი როლი ითამაშა ბახმუტის აღებაში“.
უკრაინულ მხარეს პროგოჟინის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრიგოჟინი „ვაგნერის“ ბახმუტიდან გაყვანაზე საუბრობს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერი“ 10 მაისს დატოვებდა ბახმუტს და პოზიციებს გადასცემდა კადიროველებს, თუმცა, დღეის მდგომარეობით, „ვაგნერი“ ბახმუტში რჩება.
აჭარაში აგროსერვისცენტრები ამჯერად ისევ ცალ-ცალკე, ოღონდ ფასდაკლებით იყიდება. საწყისი გასაყიდი ფასი ჯამში 691 ათასი ლარითაა შემცირებული.
ქონების გასხვისებაზე პირობებიანი აუქციონი რამდენჯერმე გამოაცხადეს, თუმცა ქონება არც ერთ ლოტად გაიყიდა და არც ცალ-ცალკე.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახალი აუქციონები ამჯერად ფასდაკლებით და ფაქტობრივად იმავე პირობებით გამოაცხადა. პირობების სანახავად გადადით ამ ბმულზე.
ელექტრონული აუქციონები დაწყებულია და 2023 წლის 7 ივნისს დასრულდება.
ქონების საწყისი გასაყიდი ფასი თითოეული აგროსერვისცენტრისთვის ამჯერად ასეა განსაზღვრული:
ბათუმის აგროსერვისცენტრი – 1 040 000 ლარი, ნაცვლად 1 300 000 ლარისა
ქობულეთის აგროსერვისცენტრი – 700 000 ლარი, ნაცვლად 875 000 ლარისა
ქედის აგროსერვისცენტრი – 392 000 ლარი, ნაცვლად 490 000 ლარისა
შუახევის აგროსერვისცენტრი – 264 000 ლარი, ნაცვლად 330 000 ლარისა
ხულოს აგროსერვისცენტრი – 368 000 ლარი, ნაცვლად 460 000 ლარისა
გასაყიდი შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 3 055 კვადრატული მეტრია, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი – 5 661 კვადრატული მეტრი.
მომავალ მყიდველ[ებ]ს, სხვა პირობებთან ერთად, აგროსერვისცენტრებისთვის „ლოჯისტიკური ცენტრების პროფილისა და დანიშნულების შენარჩუნება არანაკლებ 10 წლის ვადით ევალება, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, თუმცა ბათუმში ეროვნული სადღესასწაულო განწყობა ნაკლებად იგრძნობა.
სახელმწიფო დროშები, როგორც ბათუმის მერიაში გვეუბნებიან, მხოლოდ რამდენიმე წრიულზეა განთავსებული, ასევე მემედ აბაშიძის, რუსთაველის და ბაქოს ქუჩების განათებებზე იგეგმება დღეს პატარა დროშების დამაგრება, დიდი დროშების გამოფენა გათვალისწინებული არ არის.
ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა ბათუმში 26 მაისს, ნაშუადღევს, 14:00 საათზე დაიწყება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით.
პროგრამის მიხედვით, ყველა ძირითადი აქტივობა ანბანის კოშკის მიმდებარედ იგეგმება:
14:00-იდან 18:00 საათის პერიოდში კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა გაიმართება
დროის ამავე შუალედში გამოიფინება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების აღჭურვილობა
14:30-დან 15:30 საათამდე DJ Yamoc-ი დაუკრავს
ერთი საათი დაეთმობა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტს
18:00 საათზე ღონისძიებებს დაასრულებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელას კონცერტი.
ამავე დროს, აქვე მოწყობილ საბავშვო სივრცეში იგეგმება სხვადასხვა აქტივობა.
როგორც მერიაში გვითხრეს, მუსიკალური ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 12 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული სიმბოლიკების გვერდით წინა წლებშიგამოფენილი იყო ევროკავშირის დროშაც, თუმცა წელს საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის დროშა არ გამოიფინება ქართული დროშების გვერდით, რასაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.
მოქალაქეების აზრით, მაშინ, როცა საქართველო წელს, წლის ბოლოს ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ელოდება, ევროპული სიმბოლოების გაქრობა ქვეყნის პროევროპულ მისწრაფებებსა და ინტერესებს აზიანებს.
ცენტრალური პარკი / 23.05.2022წელს ბათუმის ცენტრალურ პარკში მხოლოდ საქართველოს დროშები გამოფინეს, ევროკავშირის კი – არა.
გასული წლის 26 მაისს ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში სახელმწიფო დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშებიც იყო გამოფენილი, წელს კი მერიამ ეროვნული სიმბოლოების გვერდით ევროკავშირის დროშა არ გამოფინა.
„რაც გვიბრძანეს, მხოლოდ იმას ვფენთ“ – გვითხრეს ცენტრალურ პარკთან
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ წელს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშა არ იქნება გამოფენილი, მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ პროტესტის ნიშნად ხვალ, 26 მაისს, თბილისში, ევროკავშირის დროშებით საპროტესტო მსვლელობები მოაწყონ.
მოქალაქეები ევროკავშირის დროშის გაქრობას მთავრობის კურსის ცვლილებას უკავშირებენ, რაც, მათი აზრით, შემაშფოთებელია.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, იტალიურ ტელეარხ Rai-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა უკვე დაიწყო რამდენიმე დღის წინ.
„კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, ეს ინტენსიური ომია 1500 კილომეტრზე საზღვრის გასწვრივ, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია.
ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, დონბასსა და ყირიმში“ – ციტირებს პოდოლიაკს „უკრაინსკაია პრავდა“.
პოდოლიაკმა დასძინა, რომ უკრაინას აქვს შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ის რაკეტები, „ლეოპარდის“ ტანკები, საფრანგეთისა და იტალიის მიერ მოწოდებული ანტისარაკეტო სისტემები და F-16 გამანადგურებლები კი უკრაინას საშუალებას მისცემს, საჰაერო სივრცე დაკეტოს.
მდინარე ჭოროხიდან სარფამდე მონაკვეთში ასაშენებელი ახალი გზის პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ხიდის აშენება ჭოროხზე, ასევე, გვირაბის მშენებლობა, რომლის სავარაუდო სიგრძე 7,6 კილომეტრი იქნება.
მდინარე ჭოროხიდან [„გონიოს ხიდიდან“] თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე [სარფის გამშვებ პუნქტამდე] პირდაპირი მანძილი დაახლოებით 9,2 კილომეტრია. გამოდის, რომ ახალი გზა – მდინარე ჭოროხიდან სარფის გამსვლელ პუნქტამდე მონაკვეთში ძირითადად გვირაბში გაივლის.
„დასრულდა E-70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოსავლელი-სარფის მონაკვეთის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები“, – მოგვწერეს 2023 წლის 23 მაისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.
თუმცა თითქმის იგივე მოგვწერა დეპარტამენტმა 2021 წელს: „ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს დეტალური პროექტის მომზადების სამუშაოები“.
ჭოროხი-სარფის ახალი მაგისტრალი ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება იქნება. ჭოროხი-სარფის გზის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, მშენებლობის დასრულება კი – 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა დღეს პროექტიც არ არის მზად.
ჭოროხი-სარფის ახალი გზის პროექტირება, ბოლო ინფორმაციით, 2023 წელში უნდა დამთავრდეს.
გზების დეპარტამენტისგან ასევე გვაინტერესებდა, რა ეტაპზეა განსახლებასთან დაკავშირებული საკითხი და რამდენ კერძო საკუთრებას შეეხება ახალი გზის პროექტი.
„ვინაიდან მიმდინარეობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, განსახლების პროცედურების განხორციელება ამ ეტაპზე დაწყებული არ არის“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.
—
მაშინ როცა დროულად ვერც ბათუმის შემოვლითი გზა დასრულდა და ვერც ჭოროხი-სარფის გზის პროექტირება, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა „ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის შედგენაზე“ გამოაცხადა ტენდერი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 205 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500]
ტანკი – 3 795 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 7 432 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 3 359 ერთეული [+20]
MLRS – 570 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 327 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 309 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 296 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 907 ერთეული [+36]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 015 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 148 ერთეული [+2]
სპეცტექნიკა – 444 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
429 თვითმფრინავი
235 ვერტმფრენი
4 321 უპილოტო საფრენი აპარატი
424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 298 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 901 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 447 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას, დამატებითი პირობებით, აუქციონზე ყიდის.
აუქციონში გამარჯვებულს უფლება ექნება შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით 219 564 კუბური მეტრი ფლეთილი ქვა [„ტუფობრექჩია“] მოიპოვოს 5 წლის განმავლობაში.
თუმცა სამუშაოების დაწყებამდე ლიცენზიის მფლობელს დამატებითი პირობების შესრულებაც მოუწევს. კონკრეტულად:
ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემიდან წიაღისეულის მოპოვების დაწყებამდე სალიცენზიო ობიექტის მიმდებარედ 30-35 მეტრში განლაგებულ შენობაში მცხოვრებ 4 ოჯახს საკუთრების უფლებით გადასცეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობი;
ამ შენობის დაზიანების შემთხვევაში კი, ლიცენზიის მფლობელმა ქონების მესაკუთრეს [ამ შემთხვევაში სახელმწიფოს] მიყენებული ზიანიც უნდა აუნაზღაუროს.
„ბათუმელები“ შეეცადა ამ 4 ოჯახის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, თუმცა ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ შენობაში „რამდენიმე ეკომიგრანტი ოჯახი უკვე წლებია ცხოვრობს“.
ამჟამინდელი სალიცენზიო ობიექტის [ნაკვეთის] მომიჯნავედ კარიერი ადრეც იყო და წიაღისეულსაც მოიპოვებდნენ, თუმცა ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ „აქ ბოლო 4-5 წელია წიაღისეულის მოსაპოვებლად სამუშაოები აღარ მიმდინარეობს“.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სალიცენზიო ობიექტის [ანუ იმ ნაკვეთის, სადაც მომავალმა ლიცენზიანტმა წიაღისეული უნდა მოიპოვოს] საკადასტრო კოდიც მოვთხოვეთ. სამინისტროს პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ „საკადასტრო კოდებით არ ხდება ლიცენზიის გამოცხადება, კოორდინატებით არის, ეს კოორდინატები მითითებულია აუქციონის ტექსტში.“
„აუქციონის ტექსტში“ GPS კოორდინატები მართლაც არის მითითებული, თუმცა რუსულენოვან რუკაზე, კონკრეტული საზღვრების მონიშვნის გარეშე.
„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, თუ რატომ იყენებს სამინისტრო რუსულენოვანი რუკებს და არა თანამედროვე სატელიტურ ფოტოებს, სადაც ნებისმიერი ფორმით არის შესაძლებელი კონკრეტული ნაკვეთის მონიშვნა, თუნდაც იგივე GPS კოორდინატებით. თუმცა ამ ეტაპზე სამინისტროში ვერც ამის გარკვევა მოვახერხეთ.
სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოყენებული რუკა [ზემოთ] და ამ რუკაზე აღნიშნული წერტილები სატელიტურ ფოტოზე [ქვემოთ]:
ქვემოთ რუკაზე 0, 1, 2 და 3 ის წერტილებია, რომელთა შორის მოქცეულ ტერიტორიაზე მომავალი ლიცენზიანტი 5 წლის განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულს [ფლეთილ ქვებს] მოიპოვებს. ზემოთ, იგივე ტერიტორია – რუსულწარწერებიან რუკაზე, სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონიდანიმავე ადგილისთვის არარუსულენოვანი ტოპორუკების პოვნაც ადვილია:
C, D, E, J ის წერტილებია, რომელთა შორის მოქცეულ ტერიტორიაზე მომავალი ლიცენზიანტი 5 წლის განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულს [ფლეთილ ქვებს] მოიპოვებს ახალშენშიახალშენში, ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა საერთო ჯამში შეადგენს 219 564 კუბურ მეტრს, ლიცენზიის მოქმედების ვადა კი, 5 წელი იქნება.
ლიცენზიის მოსაპოვებლად ელექტრონული აუქციონი 2023 წლის 5 ივნისს დღის 12 საათზე დაიწყება და იმავე დღის საღამოს 6 საათზე დასრულდება.
აუქციონზე საწყისი ფასი 72 130 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 7 213 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხა – 25 200 ლარი [საგარანტიო თანხა მოიცავს 200-ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელსაც].
ვინ არის დაინტერესებული წიაღისეულის მოპოვებით და რა დანიშნულებით გამოიყენებენ მას, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. თუმცა ბათუმში, ბარცხანისა და თამარის დასახლებების გასწვრივ პლაჟთან, „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ დაგეგმილი აქვს ხელოვნური კუნძულის აშენება, სადაც „ნაპირდამცავი ჯებირის“ მოსაწყობად სამუშაოები დაიწყეს.
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და სალიცენზიო ობიექტის [ახალშენის კარიერის] ადგილებიგამორიცხული არ არის ახალშენში მოპოვებული ქვები კუნძულის მოსაწყობადაც გამოიყენონ, მით უმეტეს, შესაბამის დოკუმენტებში თავის დროზე აღნიშნული იყო, რომ „მშენებლობისთვის საჭირო ქვების შემოტანა დაგეგმილია ლიცენზირებული კარიერებიდან, კერძოდ: ხალას, ახალშენისა და ქედის კარიერებიდან.“
26 მაისი საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.
ამ დღეს, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ხმამაღლა საუბრობს იმაზე, თუ რა გზა, რა გამოწვევები გადალახა საქართველომ, როგორც ქვეყანამ იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყო რუსული, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან და საბოლოოდ მოეპოვებინა ის თავისუფლება, რომელიც მას არსებობის მანძილზე გააჩნდა.
სუვერენული სახელმწიფოს ატრიბუტებია დროშა, გერბი და ჰიმნი, რომელიც ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ის არ იცვლის მთავარ არსს, მთავარ იდეას, რასაც ეს სიმბოლიკები ატარებს.
რატომ არის დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო დროშის გამოფენა, სახელმწიფო შენობებზე მისი აღმართვა მნიშვნელოვანი და როგორ უნდა ვსაუბრობდეთ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაზე დღეს – ამ თემაზე „ბათუმელები“ საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა.
ირაკლის თქმით, დროშა ეს არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის სიმბოლო, რომელიც მონიშნავს ერს, როგორც თვითმყოფად სახელმწიფოს.
„დროშის, ჰიმნის, გერბის გამოყენებას თავისუფალი ქვეყნის სიმბოლოდ, ჯერჯერობით ალტერნატივა არ აქვს. დროშას ვხედავთ ყველგან – მშვიდობიანობის, ომიანობის პირობებში, გლოვისას, ჰიმნის გაჟღერებისას თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების პროცესში. ის ყოველთვის ყველაზე მკაფიოდ განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ განწყობას და იდენტობას“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
მისი თქმით, სახელმწიფო დროშის საჯაროდ აღმართვა როგორც სოლიდარობის, ასევე პროტესტის ერთგვარი ჟესტიცაა და მას ხშირად იყენებენ ადამიანები სხვადასხვა პროცესში.
„მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად სწორედ უკრაინის დროშას იყენებდნენ ქვეყნები, რიგითი ადამიანები. დროშის გამოფენით სოლიდარობის მსგავსი პრეცედენტი მართლაც არ მახსენდება ჩემი ისტორიული მეხსიერების მანძილზე.
დროშა ეს არის ძალაუფლების სიმბოლოც, სწორედ ამიტომაა, რომ დროშის დაწვა და განადგურება მიიჩნევა კონკრეტული ერის, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ მტრულ აქტად.
როდესაც კონკრეტული ქვეყნის დროშას ასე ექცევიან დემონსტრაციულად, ეს ნიშნავს, რომ ეს აგრესია მიემართება მთელ იმ საზოგადოებას, ქვეყანას, ერს, რომელიც ამ სიმბოლოს აღიქვამს როგორც საკრალურს, წმინდას და მისი როგორც სუვერენული სახელმწიფოს სიმბოლოს“, – გვეუბნება ირაკლი ხვადაგიანი.
მისი თქმით, თუ სახელმწიფოს შიგნით ვინმე შეურაცხყოფს სახელმწიფო სიმბოლიკას – დროშას, ამაზეც მიმდინარეობს დისკუსია და არის ადმინისტრაციული წესით დასჯადიც.
ქართული სახელმწიფო დროშის მიმართ, როგორც ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, დღეს ქართული საზოგადოების დამოკიდებულება თითქმის ჩამოყალიბებულია და ის აღიქმება როგორც სახელმწიფოს სიმბოლოდ, რომელიც გამოხატავს ჩვენ ისტორიულად გამყარებულ თავისუფლების იდეას და მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის უწყვეტობას.
„დღევანდელი (ხუთჯვრიანი) დროშის სიმბოლოს ატარებდა უძველესი ქართული სახელმწიფო და ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ვართ უძველესი სახელმწიფო, რომელსაც აქვს გარკვეული რელიგიურ-კულტურული დატვირთვაც, რადგან დროშაზე გამოსახულია ქრისტიანული სიმბოლიკა – ჯვარი.
ამის ფონზე ცოტა იჩაგრება პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკა, იმდროინდელი დროშა, რომელსაც შესაბამისი კონტექსტი და ადგილი არ აქვს დღეს, ამჟამინდელი სახელმწიფო სიმბოლიკების გვერდით“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
საქართველოს სახელმწიფო დროშა
მისი აზრით, ბოლო წლების განმავლობაში თვალნათლივ ჩანს, რომ სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებული კულტურა ბუნებრივად ვითარდება და ყველა სივრცეში თავისი ადგილი უჭირავს.
„დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას რაც შეეხება, აქ რა თქმა უნდა, უფრო მეტი გამოწვევაა და დღევანდელი კატასტროფული პოლიტიკის ფონზე, როდესაც ღიად პრორუსული, კრემლთან მოთანამშრომლე ხელისუფლება გვმართავს, დამოუკიდებლობის აღნიშვნაც კი კომიკურია მათი მხრიდან.
შეცვლილია აქცენტები, რიტორიკა და დრამატურგიაც. ბოლო წლებში აბსოლუტურად იგნორირებულია 26 მაისის ისტორიული განზომილება, პირველი, თანამედროვე სახელმწიფოებრიობის დაფუძნების დღე და დღევანდელი საქართველოს, როგორც თანამედროვე, დასავლური მოდერნისტული სახელმწიფოს განხორციელების იდეა, ყოველთვის უკანა პლანზეა გადასული.
ვხედავთ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ჩატარებულ სახელმწიფო მნიშვნელობის, ისტორიულ-პოლიტიკური შინაარსიდან გამოშიგნულ რიტუალებს, დიდ ბაზრობა-გამოფენებს საბჭოურ სტილში. ამ დროს სრულიად იგნორირებული არიან პირველი სახელმწიფოს დამფუძნებლები, ლიდერები, როგორიც იყო ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი და სხვადასხვა პარტიული სპექტრის წარმომადგენლები, ვინც შექმნეს ეს დამოუკიდებლობა და შემდეგ სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ, იცავდნენ მას“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
მისი თქმით, წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნოე ჟორდანიას 26 მაისის მიმართვიდან ამონარიდები გამოიტანეს საჯაროდ, აქამდე ამის სხვა პრეცედენტი არ ყოფილა.
„აქამდე იყო ტოტალური იგნორირება, ნოე ჟორდანიას პორტრეტსაც კი ვერ ნახავდით 26 მაისს საჯარო სივრცეში. წელს, ავტობუსის მოსაცდელებთან არის ბანერები გამოკრული, სადაც ნოე ჟორდანიას მიმართვის ტექსტია განთავსებული.
არ ვიცი რატომ გააკეთეს ეს წელს, რამდენად გააზრებული გადაწყვეტილებაა ვერ გეტყვით, გამიჭირდება ამის შეფასება, მაგრამ სახელმწიფო იდეის მნიშვნელობაზე, უკიდურესად მნიშვნელოვანია გააზრებული საგანმანათლებლო პოლიტიკა. სამწუხაროდ, ეს არ გვაქვს. რესურსი არის, უბრალოდ, პოლიტიკური ნება არ არის, რომ ეს რესურსები გამოიყენონ“, – ამბობს ირაკლი.
მისი აზრით, საერთო პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს ის, რომ მკაფიოდ ვიცოდეთ და გვესმოდეს, ასევე ვასწავლიდეთ და ვიხსნიდეთ მომავალ თაობას თუ ვინ ვართ, რა არის ჩვენი, როგორც ერის ამოცანა, რა გაგვიკეთებია ამ გზაზე და რა არის ამავე გზაზე მთავარი საფრთხე სახელმწიფოებრიობისთვის, სად ვართ დღეს და სად უნდა ვიყოთ ხვალ.
„როდის დაიწყო და მე-19 საუკუნეში“, „ერთ არჩევნებზე დაიწყო და მეორეზე დასრულდება“, „საცობიი? – უუუფ რა ვიცი“, „ახალ მანქანას მიყიდით?“ – ასეთი რეაქცია აქვთ მძღოლებს, ხელვაჩაურის გზის რეაბილიტაციის პროცესზე კითხვების მოსმენისას. ხელვაჩაურის გზაზე მძღოლებთან გასაუბრების შემდეგ მიხვდებით, რომ აქ გზის რეაბილიტაციის პროცესს უკვე სარკასტულ-იუმორისტულ ჟანრში განიხილავენ.
„გაბრაზების“ ეტაპს უკვე ჩაუვლია: „ლაპარაკით რა იქნება ვითომ“.
იმავეს ვერ ვიტყვით გზის ჩაკეტილი მონაკვეთის გასწვრივ მცხოვრებლებსა და კომერციული ობიექტების მეპატრონეებზე:
„რამე არ მითხრა, მღალატობს ნერვები“.
„ხელი აბა არ გვეშლება? – კლიენტი ვეღარ შემოდის, მტვერში ვიხრჩობით.“
ხელვაჩაურის გზა, ფრიდონ ხალვაშის გამზირი მეჯინისწყლის დასახლებაში გადასასვლელი ხიდიდან, ე.წ. სტეფანოვკის ხიდამდეა ჩაკეტილი. გზის ჩაკეტილ მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ ფეხით შეიძლება. თუმცა ხანდახან, გამონაკლისის სახით მანქანასაც ატარებენ – იმათ, ვინც ამ მონაკვეთზე ცხოვრობს, ან მუშაობს.
„კეთდება და რა არის ამაში ცუდი? – ცოტა უნდა გავიჭირვოთ“, – გვეუბნება ხელვაჩაურის გზის იმ მონაკვეთზე მცხოვრები კაცი, სადაც გზა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო უკვე ორი კვირაა ჩაკეტეს. მეზობელს კი მისი ნათქვამი არ მოსწონს.
ფრიდონ ხალვაშის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. ჯერ სანიაღვრე არხებს თხრიდნენ, შემდეგ ტროტუარების ადგილი მონიშნეს, ხიდების გაფართოება დაიწყეს, გააფართოვეს, ახლა ამ ხიდებზე ძველი ასფალტის ნარჩენები დაყარეს, დიდი გროვები დააყენეს, პარალელურად გზის სავალ ნაწილზე ასფალტი ათხარეს, ახალი უნდა დააგონ…
ფრიდონ ხალვაშის გამზირი
მთელი ამ დროის განმავლობაში ხელვაჩაურის გზაზე მოძრაობა ხან შეზღუდული იყო, ხან შეუძლებელი. განსაკუთრებით რთული იყო ავტომანქანით გადაადგილება, როცა ხიდების გაფართოების სამუშაოების გამო გზა მკვეთრად შევიწროვდა. აქ საცობში საათობით უწევდათ დგომა, მათ შორის ქედაში, შუახევსა და ხულოში მიმავალ სამგზავრო ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს: „ორი საათი გინდა გზაში.“
იყო შემთხვევები, როცა ადგილზე სიტუაციის დასარეგულირებლად საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ საქართველოს ბიუჯეტიდან 22 206 512 ლარი იყო გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „ერ ტე დე“-სთან გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება 2022 წლის 13 ივნისს 19 399 999 ლარზე გააფორმა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს გზის დაახლოებით 4,1 კილომეტრ სიგრძის მონაკვეთს – ანგისიდან [აეროპორტის გზატკეცილიდან] დაბა ხელვაჩაურამდე.
ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოების წარმოებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები ეტაპობრივად უნდა ჩატარებულიყო, ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე ტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით [გარდა ხიდური გადასასვლელების მოწყობისა].
ფრიდონ ხალვაშის გამზირი მეჯინისწყლის ხიდიდან სტეფანოვკის ხიდამდე 4 მაისს ჩაკეტეს. ამ პერიოდიდან დღემდე ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით მსუბუქი ავტოტრანსპორტი მაჭავარიანის ქუჩისა და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით მოძრაობს, შედეგად გადატვირთულია ეს ქუჩაც.
ხოლო, ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი მოძრაობს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 109-ე კმ-დან ჭოროხისა და ა. შანიძის ქუჩების გავლით და დაუკავშირდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზას მე-5 კმ-ზე.
ასე საგზაო დეპარტამენტმა განსაზღვრა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჯერ არც ე.წ. ჭოროხის გზის მშენებლობა დაუსრულებიათ, რომლის რეაბილიტაციაც 2017 წელს დაიწყო. ეს გზა მახოს ხიდის გვერდით არსებული ბენზინგასამართი სადგურიდან მდინარის მარჯვენა ნაპირს მიუყვება, ჩაუვლის ბათუმის სამრეწველო ზონას და ბათუმი-სარფის მაგისტრალს ქალაქის ძაღლსაშენის მიმდებარედ უერთდება.
აქამდე ჭოროხის გზა რომ დაესრულებინათ, საცობები გზის ამ მონაკვეთზე არ იქნებოდა.
პირველი განცხადების მიხედვით, რომელიც საგზაო დეპარტამენტმა გზის ერთი მონაკვეთის ჩაკეტვის თაობაზე გაავრცელა, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 22 მაისს უნდა გახსნილიყო, თუმცა კვლავ გადაკეტილია. „უამინდობის გამო ვერ მოესწრო“ და მოძრაობა 5 ივნისამდე არ აღდგებაო.
ხელშეკრულების შესაბამისად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან – 7 [შვიდი] თვე – 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
გზების დეპარტამენტის განმარტებით, „სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პროცესში ობიექტზე გამოვლინდა სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორი, რამაც გამოიწვია სამუშაოების შეფერხება, მათ შორის საჭირო გახდა „სოკარის“ გაზის მილების, „ბათუმის წყლის“ მილების, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის, „სილქნეტის“, „მაგთიკომის“ და „დელტა-კომის“ კაბელების გადატანა:
„აღნიშნულიდან გამომდინარე, კონტრაქტორს გაუგრძელდა სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით.“
ერთი მხრივ დეპარტამენტი გვწერს, რომ კონტრაქტორს ვადა 31 მაისამდე აქვს, მეორე მხრივ თავადვე გაავრცელა განცხადება, რომ გზის ჩაკეტილი მონაკვეთი 5 ივნისამდე არ გაიხსნება.
ამ დროისთვის კომპანიისთვის გადარიცხულია 9 მილიონ 778 106.05 ლარი, მათ შორის ავანსი 3 879 999.85 ლარი, საიდანაც დაქვითულია 1 609 423.94 ლარი [გაცემული ავანსის 41.48%].
19 მაისსბათუმში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობას გაეცნენ და მათთვის სასურველი პროგრამის პოვნას შეეცადნენ.
16 ორგანიზაციას ფორუმზე საკუთარი სტენდი ჰქონდა, სადაც მისულ ახალგაზრდებს მოხალისეობის პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აცნობდნენ.
ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, ფორმალური და მოხალისეობრივი პროგრამების განვითარება, სახელმწიფო დონეზე მოხალისეობის აღიარება და აღრიცხვა, სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული მხარდაჭერა და მიზნობრივი პროგრამების განხორციელება.
მოხალისეობის რეგიონული ფორუმი ბათუმში
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის ოფიცერი მინდია ჭანიძე ამბობს, რომ მხოლოდ მათ ორგანიზაციაში მოხალისეობის სურვილი 70-მდე ახალგაზრდამ გამოხატა.
სამოქალაქო ორგანიზაციებში მოხალისეებს შეუძლიათ ჩაერთონ როგორც საოფისე სამუშაოში, ასევე მონაწილეობა მიიღონ სასწავლო კურსებში ან თავად ჩაატარონ ტრენინგები თანატოლებისათვის.
„ეს ფორუმი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის. აქ წარმოდგენილმა ორგანიზაციებმა ახალგაზრდებს ჩვენი წარმატებული პრაქტიკის შესახებ მოვუყევით. რეგიონულ ფორუმზე მოსული ახალგაზრდები, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მივაწოდეთ, შეძლებენ იპოვონ მათთვის საინტერესო საქმე.
ფორუმის მიზანი იყო მათი ცნობიერების გაზრდა, რომ სამომავლოდ უფრო მოტივირებული იყვნენ. ისინი ახალგაზრდა ასაკიდან შეიძენენ გამოცდილებას და შემზადებული იქნებიან იმისათვის, რომ როდესაც რომელიმე ორგანიზაციაში დაიწყებენ მუშაობას, მათთვის ნაცნობი იქნება ამ ორგანიზაციების შიდა სამზარეულო და ადაპტაციის პროცესი მარტივად ჩაივლის,“ – ამბობს მინდია ჭანიძე.
ახალგაზრდობის ფორუმი
ფორუმზე ახალგაზრდებს გააცნეს ინფორმაცია პლატფორმა – Volunteer.ge-ს შესახებ.
„ვოლუნტერი“ არის პირველი ქართული მოხალისეობის ციფრული პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის, გამოცდილებისა და მოხალისეობრივი საქმიანობის გაზიარებას.
პლატფორმის მისიაა ერთმანეთთან დააკავშიროს მოხალისეები და მათი მასპინძელი ორგანიზაციები, რათა ადამიანებმა შეძლონ საკუთარი რესურსები, ცოდნა და გამოცდილება სხვების დასახმარებლად მიმართონ.
მოხალისეობის ფორუმი ბათუმში
„მოხალისეობის მრავალფეროვანი პროგრამების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რადგან ეს ხელს უწყობს დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას და ასევე, სამუშაო გამოცდილების შეძენას. ეს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას ემსახურება.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებში მოხალისეობის განვითარებას და იმას, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა მრავალფეროვან მოხალისეობრივ პროგრამებზე,“- ამბობს მოხალისეობის ექსპერტი თინათინ მესხი.
თინათინ მესხი
თინათინ მესხის თქმით, გასულ წლებში საქართველოში მოხალისეობრივი პროგრამების სიმცირე იყო, მაგრამ ახლა ამ კუთხით დადებითი ცვლილებები შეინიშნება.
„ერთის მხრივ, ყველა რეგიონშია სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ უმასპინძლონ მოხალისეებს. მეორეს მხრივ, თუ ჩვენ მივაწოდებთ კარგ, ხარისხიან პროგრამებს, მოხალისეებს ექნებათ სურვილი, ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ იმ გარემოს გაუმჯობესებაში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და პარალელურად სარგებელიც მიიღონ.
სწორედ ამიტომაც მსგავსი მოხალისეობრივი ფორუმების არსებობა არის მნიშვნელოვანი, რომ აი, ამ კუთხით ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება მოხალისეებმა და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა,“ – ამბობს თინათინ მესხი.
მოხალისეობის ფორუმი ბათუმში
მოხალისეობის ექსპერტი საუბრობს გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ეს სფერო დგას. თინათინ მესხის თქმით, ერთ-ერთ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ მოხალისეობა ძირითადად ახალგაზრდებს სურთ და ნაკლებად – ზრდასრულ ადამიანებს. იგი პრობლემად განიხილავს ამ სფეროში კვლევების არ არსებობასაც.
„ჩვენ კვლევაზე დაფუძნებით არ შეგვიძლია დავადგინოთ, თუ რა აბრკოლებს იმას, რომ არ მოხალისეობენ ადამიანები ან რა არის ხელშემწყობი ფაქტორები, რაც განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის კონტექსტიდან და კულტურიდან გამომდინარე ვიკვლიოთ და უფრო სიღრმისეულად ვიცოდეთ ის ფაქტორები, რაც ხელს შეუწყობს მოხალისეობის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
გარდა ამისა, ძალიან მწირია მხარდაჭერა ფინანსური თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მოხალისეობრივ პროგრამებზე, მოხალისეობრივ პროგრამებსაც სჭირდება მენეჯმენტი, მართვა და თუნდაც ადამიანური რესურსი.
ძალიან მწირი რესურსებია – ძალიან მცირე ოდენობის ბიუჯეტი გამოიყოფა როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე, რაც მოხალისეობრივი პროგრამების დანერგვას შეუწყობდა ხელს.
მესამე და მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ისიც, რომ ხარისხიანი მოხალისეობრივი პროგრამები უნდა არსებობდეს, რომ როდესაც ახალგაზრდას გაუჩნდება მოხალისეობის სურვილი, მას ეს სურვილი და მოლოდინები არ გავუცრუოთ.
ასევე მნიშვნელოვანია მოხალისეთა უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა. დღეს ჩვენ არ გვაქვს გაიდლაინი თუ სტანდარტი, რომლითაც მაგალითად დავიცავთ მოხალისეთა უფლებებს. გვაქვს მხოლოდ კანონი, რომელიც არეგულირებს მასპინძელი ორგანიზაციის და მოხალისეთა ურთიერთობებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ვიმუშაოთ. განსაკუთრებით მოზარდი მოხალისეების მოხალისეობრივი საქმიანობა შესრულდეს ისე, როგორც ამ თემას შეესაბამება და არ დაირღვეს მათი შრომითი უფლებები,“ – ამბობს თინათინ მესხი.
ბათუმში გამართულ რეგიონულ ფორუმში მონაწილეობა 300-მდე ახალგაზრდამ მიიღო.
ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ აქტივისტები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.
ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ჩატარდა.
„რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო გამათავისუფლებელი მოძრაობა და ეს აუცილებლად გაფართოვდება,“ – ასე აღიქვამს ბელგოროდში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებს მამუკა მამულაშვილი, „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი.
მას დღეს, 24 მაისს, ვესაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება ამჯერად ფრონტზე: რა ფაქტორი შეიძლება გახდეს საბრძოლო მოქმედებების დაწყება რუსეთის ტერიტორიაზე და რა შემთხვევაში მოახერხებს უკრაინა კონტრშეტევის დაწყებას?
„მასშტაბური შეტევა მიდის ბელგოროდის ოლქზე…“ – გვიყვება უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი. – „რუსეთში არსებობს ხალხის გარკვეული ნაწილი, ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდი ნაწილია, ვინც გადაწყვიტა, რომ იარაღით ხელში იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის.
თუ ეს რუსებმა შეძლეს, საკმაოდ პოზიტიური იქნება ყველასთვის“.
მამუკა მამულაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ მოძრაობაში რუსეთის სხვა რეგიონებიც თუ ჩაერთვებიან, ამის მართვას პუტინის ხელისუფლება ვეღარ შეძლებს.
„გახსოვთ რა ხდებოდა ჩეჩნეთის ომის დროს – რა დრო დასჭირდა იქ რუსეთს, რომ მოესყიდა გარკვეული ნაწილი? ამისთვის რამდენიმე სამხედრო კამპანია დასჭირდა და დიდი დრო. ეს პროცესი იწყება ახლა რუსეთში.
სხვადასხვა ოლქში დაიწყება ეს გამათავისუფლებელი ბრძოლა… პუტინი ფრონტის ხაზის მიმართულებას, საჯარისო დანაყოფებსაც კი, ვერ აკონტროლებს. რუსეთმა ჯარის ძირითადი ნაწილი ბახმუტში უკვე დაკარგა და აღარ აქვთ იმის პოტენციალი, განაახლონ რაიმე სახის შეტევები. რუსები ახლა ემზადებიან კონტრშეტევის მოსაგერიებლად,“ – გვიყვება მამუკა მამულაშვილი.
მას პრიგოჟინი-შოიგუს დაპირისპირებაზეც ვკითხეთ: რას აჩვენებს ფრონტის ხაზზე მყოფი ქართველი მებრძოლისთვის ეს დაპირისპირება?
„პრიგოჟინი ბოლო ინტერვიუებში უკვე ღიად აკრიტიკებს პუტინს, პუტინის ხელისუფლებას. ჩემი აზრით, პრიგოჟინს რუსეთის სტილში მოკლავენ, ან შიდა რევოლუცია სწორედ ასეთმა ადამიანებმა შეიძლება დაიწყონ,“ – აღნიშნავს ქართველი მებრძოლი და ხაზს უსვამს იმას, რომ რუსებმა ფაქტობრივად ბრძოლის გარეშე დათმეს ბელგოროდის ოლქი, სადაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის საწყობები ჰქონდათ.
„მე, როგორც ვიცი, ეს საწყობები დაცალეს და გაიტანეს, სავარაუდოდ წაიღეს… რუსეთი ცდილობს, გაიქცეს ამ მონაკვეთიდან და არა ის, რომ შეაკავოს გამათავისუფლებელი მოძრაობა.
ის, რაც ახლა რუსეთის ტერიტორიაზე ხდება, ეს არის რუსეთის მოქალაქეების ინიციატივა. უკრაინას არ სჭირდება რუსეთის ტერიტორიაზე არეულობის იმიტაცია. რა თქმა უნდა, ეს უკრაინას შეუმსუბუქებს შეტევით ოპერაციას, მაგრამ ეს არის რუსების მიერ წამოწყებული,“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი, რომელიც სამხედრო ანალიტიკოსების პოზიციას არ ზიარებს – ყურადღების გადატანის მიზნით და ძალების კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად დაარტყეს ბელგოროდს, რომ კონტრშეტევა დაიწყოს, მაგალითად, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე.
„მე ვერ გეტყვით, როდის იქნება კონტრშეტევა, ან რა მიმართულებით, მაგრამ კონტრშეტევა დაიწყება, როცა უკრაინის ჯარი 100 %-ით იქნება აღჭურვილი, ყველა დეტალით, რაც საჭიროა კონტრშეტევისთვის, ეს არის ტანკები, თვითმფრინავები, რასაც იმედია, მალე გადმოსცემენ უკრაინას.
ბახმუტის მიზანი იყო, დაემარხა 40 ათასი რუსი და ეს მისია შესრულებული. ეს იყო რუსეთის არმიის ძირითადი ნაწილი. წარმოიდგინეთ, უკრაინის ზომების გათვალისწინებით, ბახმუტი იყო ერთი ციცქნა ქალაქი, რომელსაც არ ჰქონდა სტრატეგიული დატვირთვა, ჰქონდა მხოლოდ მედიადატვირთვა რუსებისთვის, რომ პუტინს ბრიფინგი მოეწყო, კიდევ რაღაც დავიპყარითო.
ახლა ბრძოლა უკვე მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიაზე. მალე მთლიანი უკრაინის დეოკუპაცია მოხდება. დღეის მდგომარეობითაც შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა გამარჯვებულია ამ ომში,“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი.
„ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ 2 ათასზე მეტი მებრძოლია ფრონტის ხაზზე.
„ლეგიონის საერთო რაოდენობის 60-70 % ქართველია. ჩვენი ლეგიონი რჩება უკრაინაში ყველაზე დიდ უცხოურ დანაყოფად და მოქმედებს მთელი ფრონტის ხაზზე ხარკოვის ოლქიდან ხერსონის ჩათვლით. ლეგიონს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტატისტიკა აქვს განადგურებული მტრის და სპეცტექნიკის.
გარდა ამისა, გრძელდება წვრთნები უკვე მე-9 წელია: ბრიტანელებისგან შემდგარ გუნდი ცალკეა და დაკავებულია მხოლოდ წვრთნებით“, – ამბობს მამუკა მამულაშვილი. იგი გვიზიარებს თავის დაკვირვებასაც, რომ უკრაინის მოსახლეობის და ქართველი მებრძოლების განწყობა და საბრძოლო შემართება უცვლელია.
„გასაკვირი არცაა: ადამიანი, რომელიც იცავს საკუთარ სახლს, ბევრად მაღალი მოტივაცია აქვს, ვიდრე ოკუპანტს.
მოტივირებული ვართ ქართველები, რადგან ჩვენი ტერიტორიაც ოკუპირებულია. ჩვენთვის ეს არის იგივე ბრძოლა საქართველოსთვის, ამიტომაც მაღალი შემართებით იბრძვიან ბიჭები.
ღარიბაშვილი კი გრძნობს, რომ უკრაინა იმარჯვებს ამ ომში და მისი პრორუსული განწყობები სულ მალე წყალში ჩაიყრება,“ – გვითხრა მამუკა მამულაშვილმა, „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა.
აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც 2021 წლის 8 ოქტომბერს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო.
ბათუმში რამდენიმე მისამართზე ავარიული სახლების დემონტაჟსა და ახალი კორპუსების მშენებლობაზე მერიამ ხელშეკრულება შპს „ანაგთან“ 2023 წლის 16 თებერვალს გააფორმა.
ამ ხელშეკრულების ფარგლებში „ანაგი“ ახალ, 8-სართულიან კორპუსს 26 მაისის ქუჩაზეც ააშენებს. საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის 8 მლნ ლარია გამოყოფილი.
სახლის მშენებლობა 2024 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
26 მაისის ქუჩის N13-შისაცხოვრებელი კორპუსი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. შემთხვევას 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ის ოჯახები, რომლებიც 26 მაისის N13 კორპუსში ცხოვრობდნენ, ქალაქის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.
თურქეთის უდიდეს კაშხალში, „იუსუფელში“, წყლის დონემ 145,30 მეტრს მიაღწია. ახლა კაშხალში 610 მილიონი კუბური მეტრი წყალია.
მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კაშხლის შევსების პროცესი გასული წლის 22 ნოემბერს დაიწყო.
თურქეთის წყლის რესურსების სამსახურის ცნობით, ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყება, როცა წყალსაცავში წყლის დონე 166,50 მეტრს მიაღწევს.
თურქეთში, ქალაქ ართვინიდან 70 კმ-ში მდებარე ხელოვნური წყალსაცავის მშენებლობა 2012 წლიდან მიმდინარეობს. კაშხლის სიმაღლე 275 მეტრს აღწევს, რაც ასსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება.
პატარა ქალაქი იუსუფელი, რომელიც ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, თანდათან ქრება. დასახლება წყლით იფარება. წყლის ქვეშ ექცევა იუსუფელში მდებარე ძეგლებიც, მათ შორის ისტორიული ქართული სოფლები და ორი მცირე დარბაზული ეკლესია.
ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც სკოლის დირექტორმა ნანი ცივაძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება გუშინ, 23 მაისს, შეუწყვიტეს.
„თვითონაც შემოიტანა განცხადება გათავისუფლების შესახებ და დაკმაყოფილდა განცხადება. დისციპლინური კომისიაც მუშაობდა და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეკმაყოფილებინა თამუნა მჟავანაძის სურვილი და გაგვეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან“, – აცხადებს დირექტორი.
მისი თქმით, სკოლაში მომხდარი კონფლიქტის გამო მას ექიმთან ვიზიტი დასჭირდა.
„გუშინ გულის შეტევამდე ვიყავი მისული და კარდიო-ექოსკოპიაზე წავედი. ბუნებრივია, მეც მტკივნეულად განვიცდი ამ პროცესებს“, – ამბობს ნანი ცივაძე.
გუშინ გავრცელდა ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელი მოსწავლის ჩანაწერი – მას მუსიკის მასწავლებელი სიტყვიერად შეურაცხყოფდა. „ყველა მასწავლებელს შევაძულე შენი თავი“ – ეუბნება ჩანაწერში მასწავლებელი მოსწავლეს.
სკოლის დირექტორს ვკითხეთ, რატომ არ ფლობდა ამ კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას თავად და თუ იცოდა, რა ზომები მიიღო მის აღმოსაფხვრელად? დირექტორი ამბობს, რომ კონფლიქტის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
„ის, რაც მოხდა, ჩემთვის უცნობი იყო, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი. როცა კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნება, ჯერ ვუსმენ ბავშვს და შემდეგ მასწავლებელს.
მშობელს არც ჩემთვის, არც სკოლის მანდატურისთვის არ მოუმართავს. არ მოუმართავს არც კლასის ხელმძღვანელს, ჩვენ არ ვიცოდით ამ სადამრიგებლო კლასში რა ხდებოდა. როცა მშობელმა წერილობით მომმართა, მე მაშინვე დავიწყე დისციპლინური მოკვლევა, მეტი რა შემეძლო“, – გვეუბნება დირექტორი.
როგორც ნანი ცივაძე ამბობს, გათავისუფლებული მასწავლებელი მოსწავლის კლასის დამრიგებელი იყო.
„თუკი ეს კონფლიქტი არ იყო ახალი, რატომ არ მოვიდა ჩემთან? მე სკოლაში დილის ცხრის ოც წუთზე შემოვდივარ და გავდივარ ღამის ცხრა საათზე. ხომ შეეძლო ბავშვს მანდატურისთვის მიემართა, მშობელსაც შეეძლო. ეს რომ დროულად გაგვეგო, მარტივად მოგვარდებოდა და ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდა“, – ამბობს ნანი ცივაძე.
სკოლიდან დათხოვილი მუსიკის მასწავლებელი ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში ექვსი წელი მუშაობდა.
დირექტორის თქმით, დღეს მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადებულა. თუმცა დირექტორი ამბობს, რომ ბავშვი სკოლაში დაბრუნდება და „ისწავლის ჩვეულებრივად, უსაფრთხო გარემოში“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 24 მაისის ანგარიშში წერს, რომ ბახმუტი და მარინკა რჩება საომარი მოქმედებების ეპიცენტრში.
უკრაინის გენშტაბის განცხადებამდე გამოქვეყნდა ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] 23 მაისის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 2022 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, უკრაინის გენერალურ შტაბს ყოველდღიურ მიმოხილვაში ომის შესახებ არ უხსენებია ბახმუტში მიმდინარე ბრძოლები. ანალიტიკოსები ამას „ვაგნერელთა“ შესაძლო წინსვლით ხსნიან ქალაქ ბახმუტის სიღრმეში.
რუსეთმა ბახმუტის აღების შესახებ ინფორმაცია გასული კვირის ბოლოს გაავრცელა. უკრაინას ამ დრომდე ღიად და ოფიციალურად არ დაუდასტურებია სრულად დანგრეული ქალაქიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა.
უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ 24 საათში 26 სამხედრო შეტაკება მოხდა და რუსეთის საოკუპაციო ძალები ძირითადი კონცენტრირდება კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას და მარინკას მიმართულებებზე.
„24 საათის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ბახმუტში, ხრომოვოეს მიმართულებით, წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა. საჰაერო დარტყმები განახორციელა ბახმუტის, ივანოვსკის, ბელაია გორას, ოზარიანოვკასა და ტორეცკის რაიონებში“, – წერს დღეს, 24 მაისს, უკრაინის გენერალური შტაბი.
გარდა ამისა, დღეს, 24 მაისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას და აღწევენ წარმატებებს ბახმუტის მიმართულებაზე.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გუშინ, 23 მაისს განაცხადა, რომ რუსეთი აკონტროლებს ბახმუტის დიდ ნაწილს. ამის შესახებ ბრიფინგზე პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა ისაუბრა.
ასევე, გუშინ, 23 მაისს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექს დანილოვმა CNN-ს უთხრა, რომ უკრაინის არმია ბახმუტის ნაწილს კვლავ აკონტროლებს.
21 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტი ნახევრად ალყაში მოაქციეს. იმავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა, რომ ბახმუტი ფაქტობრივად მთლიანად განადგურდა რუსული ჯარების დაბომბვის შედეგად, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დანიშვნის პარალელურად, სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი რუსეთის მხრიდან შესაძლო, სამომავლო დეოკუპაციის შესახებ. ურთიერთობების „დათბობის“ შემდეგ თითქოს არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთმა აფხაზეთი დაგვიბრუნოს. რამდენად შეიძლება ეს მოსაზრება სეროზულად განვიხილოთ? – ჩვენს კითხვებს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე პასუხობს.
ბატონო დიმიტრი, პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საზოგადოების პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ გააჩინა ახალი მოსაზრება, რომ შეიძლება აფხაზეთი დაგვიბრუნოს რუსეთმა – რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოში ან აფხაზეთში, თუნდაც რომელიმე მცირე ჯგუფი, ამას სერიოზულ განაცხადად აღიქვამს?
არ მგონია არსებობდეს ადამიანი, ვინც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია იცის, ან რუსეთის სახელმწიფოს იცნობს, არ ვიტყოდი ექსპერტულ დონეზე, არამედ ზედაპირულად მაინც და ასეთ ადამიანს ოდნავი ილუზია მაინც გაუჩნდეს, რომ რუსეთი ადგება და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს დაუბრუნებს. ეს გამორიცხული ამბავია. ეს გამორიცხულია რუსეთის სახელმწიფოს სახიდან გამომდინარე. ისტორია არის საუკეთესო მასწავლებელი. ჩვენ რუსეთ-საქართველოს ისტორია გვეუბნება, რომ არც ერთი სახის შეთანხმება, არც ერთი ხარისხის, თუნდაც დაბალი რანგის, არც ერთი არ არსებობს, რომელიც რუსეთმა დაიცვა და შეასრულა. აქედან გამომდინარე, სრული აბსურდია, რომ რუსეთი ამას გააკეთებს.
ანუ, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა მხოლოდ?
ცხადია, ეს ჩვეულებრივი პროპაგანდაა. ამას, უბრალოდ, ვერ შეხედავ სერიოზულად. ჯერ ერთი, რუსეთი ამაზე არც საუბრობს საერთოდ და საუბარი რომც დაიწყოს, ძნელია ენდო სახელმწიფოს, რომელსაც ათასჯერ აქვს აღიარებული, გინდა აფხაზეთი და გინდა ცხინვალი, მაგრამ მეორე დღესვე აქვს წაღებული ეს აღიარება უკან და ხან ჯარით არის შემოჭრილი და ხან კიდევ აიარაღებდა მათ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა. ასე, რომ ეს სრული აბსურდი და პროპაგანდის ნაწილია მხოლოდ და მხოლოდ.
ირაკლი კობახიძე ოკუპანტი ქვეყნის სანქცირებული მოქალაქეების საქართველოში ვიზიტის საწინააღმდეგო პროტესტს ქსენოფობიას უწოდებს. რუსეთი უკრაინაში ოფიციალურად დენაციფიკაციის მოტივით შეიჭრა. როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არის რუსების მიმართ ქსენოფობიური განწყობები, ეს რუსეთისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ხომ არ იქნება არგუმენტი საქართველოზე თავდასხმისთვის?
საქართველოს მოქალაქეს ყველაფერი შეიძლება დააბრალო ქსენოფობიის გარდა რუსებისადმი. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მომენტში უთავმოყვარეო ქცევაც შეიძლება იყოს. პირიქით არის აბსოლუტურად – აქ შემოდიან რუსეთის მოქალაქეები დიდი რაოდენობით და ერთ შემთხვევას ვერ დაასახელებს ვერავინ, რომ მათ ფიზიკურად შეეხო ან… უბრალოდ, შემთხვევა არ არსებობს ამის.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ სახელმწიფოს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. ამის გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთის სახელმწიფოს ამ აგრესიულ პოლიტიკას რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილიც ამართლებს. ამის მიუხედავად, საქართველოში არანაირი ქსენოფობიის პრობლემა არ დგას – შემთხვევას ვერ დავასახელებთ, სადაც აი, ამ ნიადაგზე, რაღაც კონფლიქტი მომხდარა. რუსეთი კიდევ იყენებს მოგონილ მიზეზს, რომ თითქოს მის მოსახლეობას ავიწროებენ. ამ შემთხვევაში კობახიძე იქნება თუ ნებისმიერი, ვინც ამას საუბრობს, არის ერთგვარი საბაბის მიცემა რუსეთისთვის, რომ აქ სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს. საშინელი რამ არის, რასაც ამბობენ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დიდია საფრთხე, რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან ანექსიის პოლიტიკაზე გადავიდეს – ასეთი განცხადებები მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან იმავე საფრთხეზე პასუხისმგებლობას გამორიცხავს? ამ შემთხვევაში ფრთხილი რატომ არ არის ხელისუფალი, რომელიც გვეუბნება, რომ ომი არ უნდა?
როდესაც რუსეთი უკრაინაში ომობს და მარცხს განიცდის, ასეთ შემთხვევაში, რუსეთი არ იფიქრებს, რომ სამხედრო მოქმედებები დაიწყოს საქართველოში. ასევე, პროპაგანდის ნაწილი, სრული აბსურდი და ლოგიკას მოკლებული მგონია ის, რომ თითქოს საქართველოს ვინმე მეორე ფრონტის გახსნას სთხოვს. ერთადერთი, მე როგორც მოქალაქე, რასაც ვხედავ არის ის, რომ საქართველოს მთავრობა აშინებს საკუთარ მოქალაქეებს. მე ასე ვხედავ ამ ყველაფერს.
აფხაზეთში რიგითი მოქალაქისთვის რა მოლოდინები შეიძლება გააჩინოს საქართველოს მთავრობის ასეთმა პოლიტიკამ და, ზოგადად, ბოლოდროინდელ პოლიტიკას რუსეთის მიმართ როგორ აფასებენ აფხაზეთში?
აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ბევრი კატეგორია არსებობს, ის ნაწილი, რომელიც არ განიხილავს საქართველოსთან ერთად მომავალს და ის ეთნიკურად ქართველი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ორი სხვადასხვა კატეგორიაა. როგორ ხედავენ ამ ყველაფერს, ამაზე ალბათ, მათ რომ ისაუბრონ, აჯობებს. მათ, ვისაც სურს გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება, არა მგონია, ილუზია ჰქონდეთ რუსეთის კეთილ ნაბიჯებთან დაკავშირებით, მათ საკუთარ თავზე გამოსცდეს, იგივე 90-იან წლებში დადებული შეთანხმებები, რომლებსაც არღვევდნენ, გამოიყვანეს იქიდან სამხედრო ტექნიკა და მალევე სამხედრო მოქმედებები განახლდა.
ამ ხალხმა საკუთარ თავზე იწვნია ეს ყველაფერი და არა მგონია, ილუზია ჰქონდეთ რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით. რუსეთს არაფერი არ უთქვამს, აბსურდია ამაზე საუბარი, მაგრამ რომც ილაპარაკოს, ამის დაჯერება მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარ თავზე გამოსცდა ეს ყველაფერი, რთული იქნება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ვგულისხმობ ეთნიკურად აფხაზებს, რომლებსაც ალბათ არ სურთ ერთიან საქართველოში ცხოვრება, ისინი რას ფიქრობენ, არ ვიცი. ალბათ თვითონ ისაუბრებენ.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად იმუშავებს მინიშნება, რომ რუსეთი დაგვიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუ უარს ვიტყვით დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობაზე?
ალბათ რაღაც ნაწილზე [იმუშავებს], ზედმეტად გულუბრყვილო მოქალაქეებზე, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია არ იციან, ან მოკლე მეხსიერება აქვთ. ალბათ მაგ სეგმენტზე იმუშავებს. ეს ძალიან მცირე სეგმენტია.
დიდი უმრავლესობისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამ სახელმწიფოს ნდობა არ შეიძლება. ჯერ ერთი, არანაირი წინადადება იქითა მხრიდან არ არის და რომც იყოს, შეუძლებლად მიმაჩნია, რომ რუსეთმა დააყენოს ეს წინადადება. მას როგორ უნდა ენდო, ეს კიდევ მეორე შეუძლებელ ამბად მიმაჩნია.
ტექნიკური ინსპექტირების შესახებ რეგლამენტში ახალი ცვლილებები შევიდა, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირების წესსა და ვადებს აზუსტებს, წინა ინსპექტირებისას გამოვლენილი ხარვეზების სრულად აღმოფხვრამდე.
ცვლილება საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 22 მაისს დაამტკიცა და ის 3 ივნისიდან ამოქმედდება.
ახალი ცვლილებით, რეგლამენტის 23-ე და 25-ე პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„23. სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს ხარვეზ(ებ)ის გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მიმართ უნდა ჩატარდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, რომლის დროს ხარვეზ(ებ)ის გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში ინსპექტირების შედეგების მითითებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, დადგენილი საფასურის გადახდის შესაბამისად, ამ მუხლის 251 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად“.
„25. თუ განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინსპექტირების ანგარიშში მითითებული ამ რეგლამენტის დანართ №1-ით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზი არ არის აღმოფხვრილი ან თუ განმეორებითი ინსპექტირებისას ვიზუალური შემოწმების შედეგად გამოვლინდა ისეთი ხარვეზი, რომელიც არ არის მითითებული ინსპექტირების ანგარიშში, ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში, განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მითითებით.
ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებაზე წარმდგენი იღებს გაფრთხილებას კანონის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებ გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შემთხვევაში. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, ამ მუხლის 251 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად“.
ახალი ცვლილებით რეგლამენტს დაემატა შემდეგი შინაარსის 251 პუნქტი:
„251. ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება უნდა ჩატარდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, დადგენილი საფასურის გადახდის შესაბამისად, ინსპექტირების ჩატარებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
თუ ინსპექტირებისას გამოვლინდება ამ რეგლამენტის დანართ №1-ში აღნიშნული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზი, ინსპექტირება არ ჩაითვლება დადებითად გავლილად და სატრანსპორტო საშუალების წარმდგენს გადაეცემა ინსპექტირების ანგარიში ხარვეზების მითითებით, რა შემთხვევაშიც ყოველი მომდევნო ინსპექტირება უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით დადგენილ ვადაში და წესით, ამ რეგლამენტის დანართ №1-ში აღნიშნული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზის სრულად აღმოფხვრამდე.
ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სატრანსპორტო საშუალებაზე ინსპექტირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ყველა შემდგომი ინსპექტირება უნდა ჩატარდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, ამავე პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში, დანართ №1-ში აღნიშნული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზის სრულად აღმოფხვრამდე.“.
განახლებული რედაქციით ჩამოყალიბდა ასევე რეგლამენტის 27-ე და 271 პუნქტები:
„27. თუ ინსპექტირების შედეგად არ გამოვლინდა ხარვეზ(ებ)ი ან სახეზეა მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზ(ებ)ი, მიიჩნევა, რომ სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება დადებითად გაიარა და სატრანსპორტო საშუალების წარმდგენს გადაეცემა ინსპექტირების ანგარიში, ბოლო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების თარიღიდან მომდევნო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების საბოლოო ვადის მითითებით.
უმნიშვნელო ხარვეზ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, აღნიშნული ხარვეზ(ებ)ის შესახებ მიუთითოს ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში.
271. ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში მითითებული უმნიშვნელო ხარვეზი მიჩნეული იქნება მნიშვნელოვან ხარვეზად, თუ მისი აღმოფხვრა არ მოხდება შემდგომი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელებამდე. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ მუხლის 251 პუნქტის შესაბამისად განხორციელებულ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე.“.
დანართი №1 – ეს არის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დანართი, სადაც განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალებების სისტემები და კომპონენტები, ინსპექტირების მეთოდი, მინიმალური სტანდარტები და ის კრიტერიუმები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრისთვის გამოიყენება.
2023 წლის ივნისიდან ასევე ამოქმედდება ახალი ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვის გამო დაჯარიმებას ეხება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ,
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 26-27 მაისს ბათუმსა და მთელ აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 204 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
ტანკი – 3 792 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 7 424 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 3 339 ერთეული [+21]
MLRS – 570 ერთეული [+5]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 327 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 309 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 296 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 871 ერთეული [+7]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 015 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 146 ერთეული [+7]
სპეცტექნიკა – 440 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
429 თვითმფრინავი
235 ვერტმფრენი
4 293 უპილოტო საფრენი აპარატი
424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 295 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 893 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 433 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ვაგნერის მფლობელი პრიგოჟინი: „თუ სპეცოპერაციისას პირობითად 500 ტანკი ჰქონდათ, ახლა აქვთ 5000. თუ ბრძოლა შეეძლო 20 000-ს, ახლა შეუძლია 400 000-ს. როგორ გამოგვივიდა დემილიტარიზაცია?
„შეიძლება ახლა რუსეთის პასპორტები არ აქვთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მალე მიიღონ“, – ამას საქართველოს მთავრობის პირველ პირებზე ამბობს ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ჩვენ მას ვკითხეთ, ხედავდა თუ არა რაიმე ნიშნებს, რაც მიუთითებდა, რომ საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს.
„თუკი ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, საშინაო პოლიტიკაშიც და საგარეოშიც, ის ჩემთვის არის არაეროვნული ხელისუფლება, პრორუსული ხელისუფლებაა. შეიძლება რუსეთის პასპორტები არ აქვთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მალე მიიღონ.
პრორუსულ პოლიტიკას ატარებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. რა არის პრორუსული პოლიტიკა, ვიღაცამ შეიძლება იკითხოს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ყველაფერზე მაღლა საკუთარი ძალაუფლების დაყენება“, – ასე ასაბუთებს ლევან ცუცქირიძე თავის შეხედულებას.
„EU-ში გაწევრიანება არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი“, – თქვა 17 მაისს, რეიკიავიკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე.
ამ გამოსვლიდან ორი დღის შემდეგ, 19 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთიდან თვითმფრინავი დაეშვა. შესრულდა პირველი პირდაპირი ავიარეისი რუსეთიდან, 4-წლიანი აკრძალვის შემდეგ.
მანამდე რუსეთმა გააუქმა 22 წლის წინ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი. ვარაუდობენ, რომ ეს არის უფრო დიდი ამბების დასაწყისი.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, რუსეთი დაინტერესებულია ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზა გამოიყენოს საქართველოდან ტვირთების ტრანზიტისათვის.
„ბათუმელები“ ოთხ ექსპერტს ესაუბრა და მათთან ერთად სცადა გაერკვია – რა ჰქვია პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში ატარებს და საით მიჰყავს მას ქვეყანა, რომელიც ისტორიულ გზაგასაყარზე დგას.
ლევან ცუცქირიძე, EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყანა რუსულ ორბიტაზე გადაჰყავს.
„ორი ვექტორი შეიძლება გამოვყოთ აქ – საგარეო და საშინაო. გარე ვექტორი არის ის, რომ ქართული საგარეო პოლიტიკა ამ ბოლო დროს არის წინააღმდეგობაში ევროპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ევროკავშირთან და რომელსაც, პრინციპში, ჩვენ აღარ ვასრულებთ. ფრენების აღდგენაზე ნებართვის გაცემა არის ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი.
საშინაო ვექტორში ეს ჩანს იმით, რომ ქვეყანა მიდის ანტიდემოკრატიული მიმართულებით. ანუ ის ინიციატივები, ის სულისკვეთება, რასაც მთავრობის გამოსვლები და პოლიტიკა ატარებს, საქართველოს ექაჩება ავტორიტარიზმისკენ და, შესაბამისად, რუსული ორბიტისკენ.
ამის მაგალითად გამოდგება უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონისთვის ხმის მიცემა პირველ პლენარულ მოსმენაზე.
ახლა „ქართულ ოცნებას“ შემოტანილი აქვს ცესკოს დაკომპლექტების ცვლილებების პროექტი, სადაც ის შეძლებს, რომ ცალმხრივად, ერთპარტიულად დააკომპლექტოს საარჩევნო კომისია და ერთპარტიულ კონტროლს დაუქვემდებაროს საარჩევნო კომისია.
ეს იყო ერთ-ერთი ბოლო დარჩენილი სივრცეებიდან, სადაც რაღაც თანამშრომლობა, კომპრომისი შეიძლებოდა. ამოცანების არშესრულება [აქ უკვე საშინაო და საგარეო ვექტორი იკვეთება] უკავშირდება ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებს ევროკავშირთან და კანდიდატის სტატუსის მიღების პირობებს: ყველა პირობა, რაც 12-პუნქტიან მოთხოვნებშია ჩამოთვლილი, უკავშირდება საშინაო პოლიტიკას – თავისუფალ სასამართლოს, პოლარიზაციის შემცირებას, მართლმსაჯულების პოლიტიზაციის პრობლემების აღმოფხვრას და ა.შ. აქედან არაფერი არ სრულდება,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.
ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი
2012 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება და სათავეში მოვიდა კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით. კოალიციაში შედიოდა ოთხი პოლიტიკური პარტია: ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“, კახა შარტავას „ეროვნული ფორუმი“ და დავით უსუფაშვილის „რესპუბლიკური პარტია“. კოალიციას მოგვიანებით შეუერთდნენ „კონსერვატორები“ და „მრეწველები“.
2012 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლება სწორედ ამ პარტიებს შორის გადანაწილდა, თუმცა დომინანტი ყოველთვის იყო პარტია „ქართული ოცნება“.
2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, გააგრძელა კავშირების გაღრმავება ნატოსთან და აშშ-სთან. 2017 წლის მარტში ქვეყანამ მიიღო უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში.
პარალელურად, წლების განმავლობაში ნელ-ნელა „ქართული ოცნება“ დატოვა და ხელისუფლებას ჩამოსცილდა ყველა ის ლიდერი, ვინც პარტიაში პროდასავლური პოლიტიკის გამტარად მიიჩნეოდა.
ხელისუფლებაში მოსვლიდან 11 წლის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნება“ აღარ არსებობს. მთავრობის საგარეო კურსი ბუნდოვანია, არც ერთი პროდასავლელი ლიდერი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ 2012 წელს ხმა მისცა, ახლა ქვეყნის მართვაში აღარ მონაწილეობს.
როგორ მივეტმასნეთ მალულად რუსეთს: პოლიტიკური მიტმასნება
„მიტმასნება მალულად“ – ასე ხსნის საქართველოს მთავრობის რუსეთის მიმართ წარმოებულ პოლიტიკას „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია.
„მალულად მიტმასნება“ – არის მდგომარეობა, როდესაც პატარა ქვეყნის მთავრობა ცდილობს დააკმაყოფილოს დიდი ძალის მქონე აგრესორი, ძლიერი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ფონზე.
კორნელი კაკაჩიამ პროფესორ ბიძინა ლებანიძესთან თანაავტორობით მიმდინარე წლის იანვარში ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია, სადაც „ფარულად მიტმასნების“ ნიუანსებს ხსნის.
2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური კურსი ღიად იყო გაცხადებული – „ქართული ოცნება“ იყო ძალა, რომელიც ისწრაფოდა ევროკავშირისაკენ.
თუმცა წლების შემდეგ, როდესაც მკვლევრებმა 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამა მიმოიხილეს, აღმოაჩინეს, რომ საარჩევნო პროგრამაში „ქართული ოცნება“ უკვე ადანაშაულებდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების გამო. თუმცა მაშინ ამ ჩანაწერისთვის დიდი მნიშვნელობა არავის მიუნიჭებია.
„ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საფრთხეები და თავისი საგარეო პოლიტიკა რუსეთთან პერმანენტული დაპირისპირების რიტორიკაზე ააგო. როგორც მოსალოდნელი იყო, ამან ვერ განაპირობა დასავლეთის მხრიდან იმ დონის ეფექტიანი დახმარება, რომელიც საქართველოს რუსეთის აგრესიისაგან დაიცავდა. ასეთი პოლიტიკის არარეალისტურობა დაადასტურა 2008 წლის აგვისტოს ომმა, რომლის შედეგადაც რუსეთმა მოახდინა რეგიონების ოკუპაცია და ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა,“ – წერია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის მეოცე გვერდზე.
ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, 2013 წლის იანვარში, ბიძინა ივანიშვილმა ,,რადიო თავისუფლების” სომხურ სამსახურს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ საქართველოს პრიორიტეტი იყო ევროპა და ევროატლანტიკური ალიანსი.
„მაგრამ პარალელურად ჩნდება კითხვა – შესაძლოა თუ არა შევათავსოთ ურთიერთობების აღდგენა და მეგობრული ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და ამასთან ერთად კარგი ურთიერთობა გვქონდეს ნატოსთან, ვისწრაფოდეთ ნატოსკენ და კარგი ურთიერთობები გვქონდეს ამერიკასთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან? მე ვფიქრობ, რომ სომხეთი კარგი მაგალითია და სომხეთი კარგ მაგალითს წარმოადგენს ქართველებისთვის, რაც მხოლოდ თეთრი შურით გვშურს“, – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ბიძინა ივანიშვილმა.
კორნელი კაკაჩია და ბიძინა ლებანიძე თავიანთ ნაშრომში წერენ, რომ საქართველოს რუსეთისადმი დათმობის პოლიტიკა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2014 წელს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
„შიშის ძალით ამოძრავებული საქართველოს მთავრობა ცდილობდა მაქსიმალურად დაშორებოდა უკრაინას და ჰქონოდა ნეიტრალური ტონი. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არ შეიძლებოდა ამის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შედარება, „რადგან რუსეთი არ იყო დაინტერესებული ამ ტერიტორიების ანექსირებით,“ – ვკითხულობთ ნაშრომში.
ეკონომიკური მიტმასნება
2012 წლის შემდეგ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ციფრებში ეს ნიშნავს მთლიან ექსპორტში რუსული ექსპორტის წილის 2%-დან 14,4%-მდე გაზრდას.
ხოლო რუსული იმპორტის წილის 5.91-დან 10.12%-მდე გაზრდას.
რეალურ ცხოვრებაში კი ეს ნიშნავს, რომ როდესაც საქართველოში მომხმარებელი სუპერმარკეტში შედის, მას თაროებზე ძირითადად რუსული პროდუქცია ხვდება. სუპერმარკეტის თაროებზე დევს რუსული ზეთი, რუსული შოკოლადი, რუსული კეტჩუპი და დახლებზე დევს პური, რომელიც რუსული ხორბლის ფქვილით არის გამომცხვარი.
საქართველო რუსეთზე დამოკიდებული გახდა ტურიზმის სფეროშიც, რაც, ექსპერტების აზრით, მთლიანად სექტორს დაუცველს ტოვებს კრემლის პოლიტიკური ზეწოლის მიმართ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.
ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე აქამდე არასდროს მიუღწევია.
ამასთან, გამჭვირვალობის კვლევის კიდევ ერთი მიგნების თანახმად, 2022 წლის 7 თვეში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტი იყო. 2022 წლის ნოემბერში საქართველოში სულ 17,000-მდე რუსული კომპანიის რეგისტრაცია ფიქსირდებოდა, უმეტესობა დაფუძნდა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
ამასთან, 2022 წლის შემდეგ გაზრდილია რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობა, გაზრდილია ნავთობპროდუქტების იმპორტი.
მკვლევართა შეფასებით, მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველოს რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენებენ.
„ამასთან, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია. მოსალოდნელია, რომ მომავალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან და ვაჭრობიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს,“ – ვკითხულობთ კვლევაში.
უახლესი წარსული – პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ ანტიუკრაინული ქმედებები
2022 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია „ქართული ოცნება“ ანტიუკრაინული ქცევებით გამოირჩეოდა.
კერძოდ, ომის დაწყებიდან 4 დღეში საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა უკრაინას თვითმფრინავის მიღებაზე, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა. ამის გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია.
უკრაინაში შეჭრიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინის საკითხზე. მანამდე ამ სხდომის გამართვისკენ პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მოუწოდა.
უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში დასავლურმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს უმკაცრესი ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთისთვის, რუსი ოლიგარქებისა და კომპანიებისთვის. საქართველო არ შეუერთდა სანქციებს.
რა ჰქვია პოლიტიკას, რომელსაც საქართველო რუსეთის მიმართ ატარებს
„ეს არის თანამშრომლობის პოლიტიკა. ეს არ არის დაშოშმინების პოლიტიკა. რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკამ კრახი განიცადა. რუსეთის დაშოშმინებას ცდილობდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. რუსეთის დაშოშმინება არ გამოვიდა, როდესაც ჩვენ ვცდილობდით პრობლემების მოგვარებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ამის გამო შევიდა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. რუსეთის დაშოშმინებას ცდილობდა ყველა, 2008 წლის შემდეგ. მანამდეც. რუსეთის დაშოშმინებას ცდილობდა ყველა, სანამ რუსეთი მოახდენდა ყირიმის და დონბასის ტერიტორიების ოკუპაციას.
არცერთ შემთხვევაში ეს არ მოხდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს გამოუვა ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს ან ვინმე სხვას, მე რა ვიცი. მათ დიპლომატიურ უნარებზე დიდი წარმოდგენის არ ვარ. ან სხვა უნარებზე. რუსეთის დაშოშმინება, რომ კრახით სრულდება, ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა. ამიტომ, თუ ამას გულწრფელად ატარებს „ქართული ოცნება“, ეგ არის უკიდურესი პოლიტიკური უვიცობა, მაგრამ მე რა თქმა უნდა ასეთი მიამიტი ეს ხალხი არ მგონია. მე ამას დავარქმევდი არა დაშოშმინების, არამედ თანამშრომლობის, ოკუპანტთან, მტერთან თანამშრომლობის პოლიტიკას,“ – ასე ხსნის ლევან ცუცქირიძე საქართველოს მთავრობის პოლიტიკას რუსეთის მიმართ.
კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი
„რამდენიც არ უნდა ამტკიცოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ისინი არ არიან პრორუსები და არაფერი აქვთ საერთო რუსეთთან, აი ამ ტენდენციებით, აი, ამ პოლიტიკით, რასაც ისინი ახორციელებენ ბოლო წლების განმავლობაში, რეალურად ეს არის მიტმასნება მალულად რუსეთთან.
რუსეთსაც სწორედ ეს აწყობს – რაც უფრო ავტორიტარული გახდება საქართველო, მით უფრო მეტად დაშორდება დასავლეთს. ბუნებრივია, რუსეთისთვის მისაღებია და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ის გადაწყვეტილებები, რაც ფრენებთან დაკავშირებით მიიღეს. კიდევ სხვა გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება საქართველოს და არა ჰუმანიტარული მოსაზრებებით, რომ ქართველი ხალხი ახლა გაახსენდათ.
თავად ივანიშვილსაც, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის რუსი ოლიგარქი, ჰგონია, რომ ის საერთოს მაინც იპოვის რუსებთან. ივანიშვილს ეშინია დასავლეთის, მაგრამ ასევე კიდევ უფრო მეტად ეშინია პუტინის. თუმცა მაინც მიაჩნია, რომ მას აქვს გარკვეული გამოცდილება პუტინთან ურთიერთობის,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი „ბათუმელებთან“.
რაიმე კონკრეტული ფაქტი თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელიც მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე გადაჰყავს? – ვკითხეთ ბაკურ კვაშილავას, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანს.
„ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს აშორებს დემოკრატიისგან მიჰყავს ავტომატურად რუსეთისკენ. ამავდროულად, მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვინც თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანი ის არის, რომ შეუერთდეს რუსეთს და გახდეს რუსეთის მონა.
არა, რუსები მათთვის არის საშუალება, შეინარჩუნონ შეუზღუდავი ხელისუფლება. თუ ამის საშუალებას მისცემს დასავლეთი, ერთ წამში გახდებიან დასავლეთის მომხრეები.
იმიტომ, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი ოპორტუნისტები. ეს არის ჩემი შეფასება. ამიტომ ის, რომ ისინი ან იდეურად ან თუნდაც მორალური საშუალებით, ან თუნდაც შანტაჟის გამო, არიან რუსეთის ტყვეები, მე ამის არ მჯერა.
ისინი არ არიან შანტაჟის გამო რუსეთის ტყვეები. ისინი იყენებენ რუსეთს იმისთვის, რომ არ შეასრულონ არცერთი ის რეკომენდაცია, რომელიც შეასუსტებს მათ ძალაუფლებას,“- გვითხრა კითხვის პასუხად ბაკურ კვაშილავამ.
ბაკურ კვაშილავა
კორნელი კაკაჩიას კი იგივე კითხვაზე პასუხად კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.
„ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება რამდენად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ რუსეთზე. გაიზარდა თუ არა იქიდან ინვესტიციები?
არსებობს თუ არა აღქმა, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს რუსეთთან? მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროების დონეზე.
2012 წლის შემდეგ არ გამოვლენილა და დაკავებულა არცერთი რუსეთის ჯაშუში. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ჯაშუშები არ არიან? მთელ მსოფლიოში აძევებენ რუსეთის ჯაშუშებს და საქართველო დავიჯერო არ აინტერესებს რუსეთს? ეს ხომ წარმოუდგენელი რამეა.
როგორ ხდება ამ რუსული კაპიტალის შემოტანა საქართველოში?
ასიათასობით რუსი შემოვიდა ხომ? საბოლოო სტატისტიკა მაინც არ ვიცით, რამდენი ათასი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს ახლა საქართველოში.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ხალხის შემოსვლის შემდეგ ხელისუფლება მათ იცავს. მათ შორის კობახიძემ რამდენჯერმე განაცხადა – „თუ ვინმეს ბეწვი ჩამოუვარდაო…“ – ხალხს დაემუქრა.
არსებობს საკმაოდ დიდი რისკი რუსეთმა გამოიყენოს ეს რბილი ძალა. ჩვენთან ვინც გადმოვიდა, ყველა აიტიშნიკი კი არ არის. ზოგიერთი მათგანი ცდილობს უძრავი ქონების ყიდვას, ზოგი ცდილობს მოქალაქეობის მიღებას. მომავალში ეს რას მოგვიტანს, არ ვიცით.
მით უმეტეს საზავო ხელშეკრულებაც კი არ გვაქვს დადებული. ვერცერთ ხელისუფლებას ვერ ექნება გარანტია, რომ ხვალ რუსეთის ხელისუფლება არ დაიპყრობს, თუნდაც ყაზახეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს მით უმეტეს.
აი, ამ ფონზე, რატომ ვიქცევით ასე ალოგიკურად? ამ პოლიტიკით მერე გაუცხოება ხდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების. ეს რას ნიშნავს – შენ ვინც გიცავდა და, სავარაუდოდ, ვინც შეიძლება დაგიცვას, ამ ანტიდასავლური რიტორიკით მათგან გაუცხოება ხდება. მარტო რჩები,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია.
გია ნოდია
პოლიტოლოგი გია ნოდია კი ფიქრობს, რომ რუსეთისკენ სვლა ჩანს არა ისეთ ფაქტებში, როდესაც საქართველო პირდაპირ დგამს ხაზგასმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს რუსეთის მიმართულებით, არამედ იმაში, რომ ის ასუსტებს ალტერნატიულ მიმართულებას თანმიმდევრულად.
„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიზანმიმართულად აფუჭებს ურთიერთობას დასავლეთთან – აშშ-სთან და ევროპასთან. ეს არის ძირითადი ნიშანი, რომელიც მჟღავნდება როგორც ქცევებში, მოქმედებებში, ისე განსაკუთრებით რიტორიკაში.
რუსეთის მიმართ კრიტიკა თითქმის არ გვაქვს, მაგრამ დასავლეთის მიმართ კრიტიკა არის ჩვეულებრივი და მძაფრი. ეს ყველაფერი არის არა ვარაუდი, არამედ თვალსაჩინოა. კარგად ჩანს მათ რიტორიკაში.
რაც შეეხება ქცევებს, შეიძლება ითქვას, რომ მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რაც ერთი შეხედვით პროდასავალური ორიენტაციის ინდიკატორია, მაგრამ ამის შემდეგ ხელისუფლების ქცევა, როგორც მინიმუმი არ უწყობს ხელს იმას, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი. გარკვეული ნაბიჯები ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ მათ არ უნდათ საქართველომ მიიღოს სტატუსი. შეიძლება შეგნებულად ეწეოდნენ საბოტაჟს.
ეკონომიკური დამოკიდებულება შეიძლება არ არის პირდაპირ პოლიტიკური ორიენტაციის ნიშანი ავტომატურად, მაგრამ გარკვეულად ირიბი ნიშანია პოლიტიკური დამოკიდებულებისაც.
ხელისუფლება გასაგებია როგორც ფაქტი, როგორც რეალობა არის ის, რომ საქართველო დღეს გაცილებით უფრო დამოკიდებულია რუსეთზე ეკონომიკურად ვიდრე იყო 2012 წელს. ეს არ არის სპონტანურად მომხდარი რაღაც. ეს არის შედეგი მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის, როდესაც ხელისუფლება ყველანაირად უწყობდა ამას ხელს. შესაბამისად დღეს მივიღეთ ეს შედეგი,“ – ამბობს გია ნოდია.
რა მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“
„დარწმუნებული ვარ, არ მგონია სხვასაც ეჭვი ეპარებოდეს, რომ მათი ამოცანა არის ხელისუფლების მუდმივად შენარჩუნება. ხელისუფლების მუდმივი შენარჩუნების ერთადერთი გზა რა არის? – ეს არის ის, რომ არ არსებობდეს დემოკრატია.
თუ დემოკრატია არსებობს, მაშინ შეიძლება გადაგირჩიონ. თუ არსებობს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, არსებობს დამოუკიდებელი მედია, შეიძლება ჩატარდეს მეტ-ნაკლებად ნორმალური არჩევნები.
იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნო, უნდა დაამყარო ავტორიტარიზმი.
ამ საქმეში ვინ დაგეხმარება? – ამაში არ დაგეხმარება ვაშინგტონი და ბრიუსელი, პარიზი და ბერლინი, რომი და მადრიდი. ამაში დაგეხმარება მოსკოვი. სხვა ყველა არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც გეუბნება, რომ „შენ წესიერად მინდა იცხოვრო და ამიტომ გეხმარები“.
მუდმივი ძალაუფლების გარანტია არის მხოლოდ ავტორიტარიზმი და რუსეთის ჩრდილ ქვეშ ცხოვრება.
უბრალოდ, „ქართული ოცნების“ პრობლემა და ფუნდამენტური პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ასე არ თვლის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ისინი რეალურად მიდიან საზოგადოების წინააღმდეგ,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.
სად არის გამოსავალი
ყველა ექსპერტი გამოსავალზე საუბრისას იხსენებს 7-9 მარტის მოვლენებს და ამბობს, რომ ერთადერთი, რამაც ხელისუფლების დაუოკებელი სვლა რუსეთისკენ შეიძლება შეაჩეროს, არის საქართველოს მოსახლეობა და მათი პერმანენტული პროტესტი.
„ხელისუფლებას რისიც ნამდვილად ეშინია, ეს არის ხალხის ერთიანი, თანმიმდევრული გამოხატულება. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი იმდენად დასუსტებულია, რომ ძალზე იშვიათია 7-9 მარტის მსგავსი მოვლენები და ამ მოვლენების ორგანიზება. უნდობლობა ძალზე მაღალია ოპოზიციური პარტიების მიმართ. ხშირად ობიექტური მიზეზების გამო.
ამიტომაც რამდენიმე გამოსავალია – ერთი, უფრო მსხვილი გაერთიანებების შექმნა ოპოზიციურ სფეროში; მეორე – საგარეო სფეროში ჩვენგან დამოუკიდებლად, უკრაინის დამაჯერებელი გამარჯვება რუსეთზე. რაც გამოიწვევს არა „ოცნების“ ჩამოშლას, როგორც ვიღაცას ჰგონია და საქართველოში სამოთხის დამყარებას, ეს გამოიწვევს იმას, რომ „ოცნება“ უფრო ყურადღებით შეხედავს საგარეო წნეხს და იმ მომავალ რეკომენდაციებს, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემის, საარჩევნო კომისიის რეფორმირებას, სასამართლო რეფორმას, პროკურატურის რეფორმას. ყველა იმ ცვლილებას, რომელიც შეასუსტებს მათ გავლენას ხელისუფლების შტოებზე და, შესაბამისად, შექმნის თანასწორ გარემოს პოლიტიკური კონკურენციისთვის.
აი, ეს არის რამაც შეიძლება შეცვალოს ის მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს,” – ამბობს ბაკურ კვაშილავა.
ლევან ცუცქირიძე კი ფიქრობს, რომ თუ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიწყონ მშვიდობიანი ბრძოლა საკუთარი ევროპული არჩევანის დასაცავად.
„პოლიტიკური ბრძოლა მუნიციპალიტეტებში, პოლიტიკური ბრძოლა სოფლებში, პოლიტიკური ბრძოლა ქალაქებში. არჩევნებზე, რა თქმა უნდა. ეს არის გამოსავალი. „პოლიტიკაში არ ვერევი“ – ეს ამბავი უნდა დამთავრდეს ნებისმიერი მოქალაქისთვის, თუკი მოქალაქე თვლის, რომ ის არის მოქალაქე და არა მაცხოვრებელი და თუკი თვლის, რომ თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოში უნდა ცხოვრება.
რაც არ უნდა არაკომფორტული იყოს, უნდა დამთავრდეს ეს -„მე არ მაინტერესებს პოლიტიკა, ქუჩაში არ გამოვალ, პარტიას არ დაველაპარაკები, არასამთავრობოში არ გავწევრიანდები. მიტინგებზე მე არ დავდივარ ძმაო“. ესენი უნდა დამთავრდეს, თუ გვინდა ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრება.
ამის შემდეგ უნდა მოხდეს მუდმივი სამოქალაქო ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანოს ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული პერსპექტივა. ეს არ გადაწყდება ერთი ჯოხის მოქნევით. ეს არის ხანგრძლივი, მეთოდური, სტრატეგიული სამოქალაქო ბრძოლა თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად საქართველოში“.
სახელმწიფო აუდიტმა საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამების ეფექტურობაზე უარყოფითი დასკვნა დადო. ამ პროგრამებისთვის კი ბიუჯეტიდან მხოლოდ ოთხ წელში 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
აუდიტის განცხადებით, სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუ ჩართულია სამიზნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი [60-70%].
ევროპის უმეტესი ქვეყნების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდება აღნიშნულ მაჩვენებელს, საქართველოში კი, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი თითქმის 5-ჯერ ნაკლებია რეკომენდებულზე და კიბოს არც ერთი სახეობისთვის არ აღემატება 13 პროცენტს.
საერთაშორისო გამოცდილებით დადასტურებულია, რომ სკრინინგის კარგად ორგანიზებული პროცესი და სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი ზრდის ადრეულ გამოვლენას და ამცირებს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხარჯებს – აცხადებს აუდიტი, რომელმაც 2018-2021 წლების სკრინინგის პროგრამები შეისწავლა.
აუდიტის მიხედვით, საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამები დედაქალაქში – 2008 წლიდან, ხოლო რეგიონებში 2011 წლიდან ხორციელდება და მოიცავს საშვილოსნოს ყელის, ძუძუსა და კოლორექტული კიბოს სკრინინგს.
აუდიტი: „2020 წლისთვის იგეგმებოდა 2015 წელთან შედარებით სამიზნე მოსახლეობის სკრინინგით მოცვის მაჩვენებლების 50%-იანი მატება, თუმცა როგორც გრაფიკიდან ჩანს, აღნიშნული მაჩვენებელი ვერ იქნა მიღწეული. ამასთან, ვერც ერთ წელს ვერ დაკმაყოფილდა პროგრამული ბიუჯეტით 2019-2021 წლებში დაგეგმილი სამიზნე მაჩვენებელი: მოცვის წლიური 5%-იანი ზრდა.“
საქართველოში ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს და კოლორექტული კიბოს სკრინინგის პროგრამები ხორციელდება WHO-ის რეკომენდაციით. რეგიონულ დონეზე პროგრამების განმახორციელებელია NCDC-ი, ხოლო თბილისში პროგრამას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
პროგრამის კომპონენტებზე 2018-2021 წლებში თბილისის ფარგლებში 6,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში − 3,9 მილიონი ლარი [თუმცა ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში ჩანს, თუ რამდენად ნაკლებია ბენეფიციარების რაოდენობა დაგეგმილ, სამიზნე მოსახლეობის რაოდენობაზე]:
აუდიტი: „მონაცემებია მოწოდებულია NCDC-ისგან. ბენეფიციართა რაოდენობა შეიცავს როგორც რეგიონის, ისე თბილისის პროგრამის მაჩვენებლებს.“
კიბოს სკრინინგით მოსარგებლეთა რაოდენობა განსაკუთრებით დაბალია მუნიციპალიტეტებში:
კოლორექტული კიბოს სკრინინგით მოცვის მაჩვენებლები მუნიციპალურ დონეზე მერყეობს 0.1%-დან 5%-მდე;
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით მოცვის მაჩვენებლები მუნიციპალურ დონეზე მერყეობს 0.9%-დან 15.9%-მდე;
ძუძუს კიბოს სკრინინგით მოცვის მაჩვენებლები მუნიციპალურ დონეზე მერყეობს 0.6%-დან 18.7%-მდე.
აუდიტის ობიექტებს წარმოადგენენ: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო; ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC – პროგრამის განმახორციელებელი ქვეყნის მასშტაბით]; თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგცენტრი.
აუდიტის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო სკრინინგპროგრამები თითქმის 15 წელია არსებობს, თუმცა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კიბოს სკრინინგის შესახებ დაბალი ცნობიერების საკითხი. აღნიშნული საკითხი ყველაზე დიდ გამოწვევად მიჩნეულია სამინისტროსა და პროგრამის განმხორციელებლის მიერ.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სამიზნე მოსახლეობის უმრავლესობას სწორად არ ესმის სკრინინგის დანიშნულება და არსი, რადგან სკრინინგის არ ჩატარების მიზეზად უმეტესობამ ჩივილების არქონა დაასახელა [სკრინინგი კი განკუთვნილია უსიმპტომო ადამიანებისთვის].
საქართველოს მასშტაბით კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების განმხორციელებელი ძირითადი უწყებაა NCDC. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში არ ხორციელდება კიბოს სკრინინგის კამპანია, რომელიც იქნება რეგულარული და დაფარავს ქვეყნის მთლიან ტერიტორიას.
აუდიტის დასკვნით „NCDC-ის მიერ კამპანია განხორციელდა 2018 და 2019 წლებში, ხოლო შემდგომ წლებში საკომუნიკაციო ღონისძიებების არგანხორციელების მიზეზად კორონავირუსის პანდემია სახელდება.
კიბოს სკრინინგის კამპანიების ფარგლებში წლის განმავლობაში, საშუალოდ, 90 ათასი ლარი დაიხარჯა. მაშინ, როცა ერთი ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი წლიური ლიმიტი 25 ათასი ლარია. შესაბამისად, წლის განმავლობაში კიბოს სკრინინგის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიაზე დახარჯული ბიუჯეტი, დაახლოებით, 4 ადამიანის მკურნალობის ხარჯია“.
აუდიტის მიხედვით, 2018 და 2019 წლებში განხორციელებულ საინფორმაციო კამპანიებს არ ჰქონია გავლენა მოცვის მაჩვენებელზე.
[toggle title=”2019 წლის საინფორმაციო კამპანიის შეფასების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
აუდიტის ჯგუფმა შეაფასა 2019 წლის საინფორმაციო კამპანიის შესაბამისობა კარგ პრაქტიკასთან, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგი გამოწვევები:
კამპანიის დაგეგმვამდე არ განხორციელებულა სამიზნე მოსახლეობის კვლევა სკრინინგის შესახებ მათი ცოდნისა და დამოკიდებულების შეფასების მიზნით.
კამპანიის ძირითადი გზავნილები ნაკლებად პასუხობდა ცნობიერების კონკრეტულ პრობლემას და იყო ზოგადი ხასიათის;
კამპანიის სამიზნე აუდიტორია არ იყო დეტალურად განსაზღვრული, შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდების გამოყენებული საშუალებები არ მიესადაგებოდა სამიზნე ჯგუფებს;
კამპანიის განხორციელების პროცესში აქტიურად არ მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და სამოქალაქო სექტორი;
კამპანია არ მოიცავდა შერჩეული რეგიონის მასშტაბით ყველა ოჯახისა და სოფლის ექიმის განათლებას და მათ ჩართვას ცნობიერების ამაღლების პროცესში [სულ მცირე − სოფლის ექიმების, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არიან დაკონტრაქტებული];
კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები არ იყო მასშტაბური და სისტემური. კერძოდ: ტელეკომპანია „იმედი“ სკრინინგთან დაკავშირებულ რეკლამას აშუქებდა მხოლოდ 9 დღის განმავლობაში, ხოლო კამპანიის ფარგლებში დაბეჭდილი ბუკლეტებისა და ფლაერების [სარეკლამო ფურცლების] რაოდენობა საკმარისი იყო შერჩეულ რეგიონებში მცხოვრები სამიზნე მოსახლეობის მხოლოდ 16%-ისთვის;
კამპანიის ფარგლებში გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები სკრინინგის ჩატარების შესახებ იყო შაბლონური ხასიათის, რომელსაც მოსახლეობა ნაკლებ ყურადღებას აქცევს;
სკრინინგ-ცენტრთან კოორდინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში არ იყო სისტემური;
კამპანიის შესრულების საბოლოო ანგარიში არ აანალიზებს მიღწეულ შედეგებს და მოიცავს მხოლოდ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას. კერძოდ, კამპანიის დასრულების შემდგომ არ არის შეფასებული მისი გავლენა სამიზნე მოსახლეობის ცნობიერების დონეზე, ქცევაზე, ჩართული მოსახლეობის რაოდენობაზე, მოცვისა და კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებელზე.
შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სკრინინგ-პროგრამების ფარგლებში სამიზნე მოსახლეობის მოწვევები შეტყობინებების გაგზავნის გზით არ არის სისტემური სახის და არ ხორციელდება ყოველწლიურად.
ასევე, მოსახლეობისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის პერსონალიზებული და იგზავნება შაბლონური ტექსტის სახით.
ანალიზით დასტურდება, რომ არაპერსონალიზებული შეტყობინებების გაგზავნა სამიზნე მოსახლეობის მოწვევისათვის არაეფექტიანი გზაა.
კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტში შეტყობინებების გაგზავნის შემდგომ უმნიშვნელოდ გაიზარდა თბილისის პროგრამაში ჩართული სამიზნე მოსახლეობის რაოდენობა.
აღნიშნულისგან განსხვავებით, გაცილებით მაღალია ზარების განხორციელების შემდგომ სკრინინგზე მისული ბენეფიციარების რაოდენობა, რაც მიუთითებს, რომ მოწვევის აღნიშნული საშუალება უფრო ეფექტიანია.
[/toggle]
„იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არ არსებობს კიბოს კონტროლის სტრატეგიული ხედვა, კიბოს სკრინინგის პროგრამისთვისაც არ არის შემუშავებული ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც ასახული იქნება: გამოწვევების დასაძლევად საჭირო ყველა ღონისძიება და შესაბამისი ბიუჯეტი; კავშირი ყველა დაინტერესებულ მხარესთან და პროგრამასთან; მისი გავლენა სამომავლო დანაზოგებსა და ადამიანების სიცოცხლეზე.“ – ასკვნის აუდიტი.
აუდიტის დასკვნა:
კიბოს სკრინინგის სამიზნე მოსახლეობის უმეტესობა პროგრამაში მონაწილეობაზე უარს ამბობს ინფორმაციის არქონით გამოწვეული შიშის (კიბოს დიაგნოზის ან სკრინინგის პროცედურის შიში, სკრინინგის შესახებ ზოგადი ინფორმაციის არქონა) ან არასწორი დამოკიდებულების გამო (ელოდება ჩივილს, არ მიდის ექიმთან, თუ ძლიერ არ შეაწუხა ჩივილმა, არ აქვს დრო პროცედურების ჩასატარებლად).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამიზნე მოსახლეობის მოცვის მაჩვენებლის გაზრდისთვის პირველი ძირითადი ნაბიჯი არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის შეცვლაზე მუშაობა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამებს თითქმის 15-წლიანი ოპერირების გამოცდილება აქვს, დაბალი ცნობიერება კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გამოწვევა სახელმწიფო უწყებებს გაცნობიერებული აქვთ, მისი დაძლევის მიზნით არ განხორციელებულა სისტემური და ქმედითი ღონისძიებები, რასაც რეალური გავლენა ექნებოდა მოცვის მაჩვენებელზე, კერძოდ:
ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელებამდე არ ჩატარებულა სამიზნე მოსახლეობის კვლევა, რომელიც შეაფასებდა მათ ცოდნასა და დამოკიდებულებას კიბოს სკრინინგის შესახებ და გამოავლენდა სკრინინგპროგრამებში მათი დაბალი ჩართულობის მიზეზებს, რის გამოც ცნობიერების ამაღლების კამპანიების დროს გაჟღერებული გზავნილები ნაკლებად პასუხობდა დაბალი ჩართულობის რეალურ მიზეზებს.
ცნობიერების ამაღლების კამპანიები არ ხორციელდებოდა სისტემურად, რეგულარულად და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, რის გამოც კამპანიებმა ვერ უზრუნველყო მოსახლეობის სათანადო ინფორმირება კიბოს სკრინინგის შესახებ, რაც განაპირობებდა მათი დამოკიდებულების შეცვლას.
სამიზნე მოსახლეობის მოწვევები არ იყო საკმარისად პერსონალიზებული და სისტემური იმისათვის, რომ მათ მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოეხდინათ სამიზნე მოსახლეობის ქცევაზე.
ღონისძიებების განხორციელების შემდგომ არ შეფასებულა მათი გავლენა სამიზნე მოსახლეობის ცნობიერების დონეზე, ქცევაზე, ჩართული მოსახლეობის რაოდენობაზე, მოცვისა და კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებელზე.
შესაბამისად, არ გაანალიზებულა, რომელი ღონისძიებებია ეფექტიანი და რომელი საჭიროებს ცვლილებების განხორციელებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული რეგულარული, კომპლექსური და სისტემური ღონისძიებების განხორციელებით შესაძლებელი იქნება სკრინინგპროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მონაწილეობის გაზრდა, თუმცა მნიშვნელოვანია, აღნიშნული ღონისძიებები წარმოადგენდეს ერთიანი საშუალოვადიანი/გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ნაწილს და იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული“.
აუდიტის განცხადებით: „NCDC-ის მიერ აუდიტის პერიოდში მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტებთან და სჯც-ებთან კომუნიკაცია კიბოს სკრინინგის და სხვა პრევენციული პროგრამების გაცნობისა და ხელშეწყობის მიზნით, თუმცა მიუხედავად კომუნიკაციისა, მუნიციპალიტეტებისა და სჯც-ების მონაწილეობა სკრინინგის პროგრამების ხელშეწყობაში მაინც დაბალია, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით:
ადგილობრივ ხელისუფლებას კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელშეწყობის მიმართულებით კონკრეტული პასუხისმგებლობები არ აქვს დაკისრებული. შედეგად, მხოლოდ NCDC-ის მიერ მათთან კოორდინაცია არ არის შედეგის მომტანი;
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოფილი დაფინანსება მცირეა და მუნიციპალური ბიუჯეტის 0.6%-ს შეადგენს. NCDC-ის რეკომენდაციით დაფინანსების მინიმალური მოცულობა უნდა იყოს 2%-8%;
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია უმეტესად ეხება გადამდებ დაავადებათა მართვას და სჯც-ების ფუნქციებში არ არის განსაზღვრული კონკრეტული ღონისძიებები კიბოს სკრინინგის პროგრამებში მათ ჩართულობასთან დაკავშირებით.“
აუდიტის დასკვნაში არის მთელი რიგი რეკომენდაციები, რომლებიც, „ერთნაირად უნდა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტრომ და NCDC-იმ“.
მუსიკოსი და ჟურნალისტი მარიკა ლაფაური-ბურკიდა 30-ზე მეტი წელია გერმანიაში, ჰამბურგში ცხოვრობს. ოჯახიც წლების წინ გერმანიაში შექმნა.
მარიკა ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და საქართველოშიც ცდილობს ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას.
რუსული პროპაგანდა დღეს საქართველოში აქტიურად ცდილობს ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით გარკვეული შიშები შექმნას და ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ევროპა რაიმე საფრთხეს უქმნიდეს ქართულ იდენტობას, მაგალითად, ოჯახის ან დედ-მამის ცნებებს.
პროპაგანდისტები ცდილობენ, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ევროპაში ბავშვებს აძალებენ სქესი შეიცვალონ, რომ აუცილებელია იყო ლგბტქ ჯგუფის წარმომადგენელი და რომ ევროპაში ცნებები – დედა და მამა იკრძალება.
ამ პროპაგანდას ახალისებს „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებიც. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის [CPAC] კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას „ფესვებს მოწყვეტილი“ უწოდა ადამიანებს, რომლებიც ლგბტ ადამიანების უფლებებზე საუბრობენ.
ღარიბაშვილი იმეორებს რუსული პროპაგანდის ნარატივებს და ამბობს, რომ „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობას არ დაუშვებს“, რომ თურმე, რწმენისა და ღირებულებების არმქონეები ცხოვრობენ ევროპაში და ასე შემდეგ.
სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ მარიკა ლაფაურ-ბურკს და ჰკითხა, როგორია ოჯახი ევროპაში, მაგალითად, გერმანიაში და როგორ იცავს სახელმწიფო ბავშვის, მშობლის უფლებას, არის თუ არა „დედა“ დედა და „მამა“ – მამა.
მარიკა ლაფაური ამბობს, რომ ერთი მხრივ, უჭირს კიდეც ამ კითხვაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, თუმცა მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ „გერმანიაშიც ისევეა „დედა დედა“ და „მამა მამა“, როგორც საქართველოში და არავის აიძულებენ სქესი შეიცვალოს. ეს აბსურდია“.
მისი თქმით, დღეს ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება მიიღოს სწორი ინფორმაცია თუნდაც ინტერნეტით, რადგან „მთელი სამყარო ერთ დიდ ბიბლიოთეკად არის გადაქცეული“, მაგრამ ხშირად ადამიანები ინფორმაციას ისევ იმ წყაროებში ეძებენ, საიდანაც ასეთ აბსურდებს მოისმენ.
„რუსული პროპაგანდით მთელი მსოფლიოა აწრიალებული და ამაში ძალიან დიდი ფული იხარჯება. გერმანიაშიც იყო ეს პრობლემა, მაგრამ აქ გამოიკვლიეს ყველა წყარო და ადამიანებს აქვთ ინფორმაცია რა არის ყალბი ამბავი და რა სიმართლე.
ჩემი თვალსაზრისით, გერმანული ოჯახი ბევრად ტრადიციულია, ვიდრე ეს წარმოუდგენიათ საქართველოში. მშობლები კარგად არიან ინფორმირებული საფრთხეების შესახებ და მაგალითად, არ დაუშვებენ, რომ ბავშვები საათობით ისხდნენ კომპიუტერთან, ყურადღებით აკვირდებიან რითია ბავშვი დაკავებული. ეს სწორედ იმიტომ, რომ მამა მამობს და დედა დედობს.
მშობლები ყოველთვის ცდილობენ შაბათი-კვირა აუცილებლად ბავშვთან გაატარონ და მის აღზრდას დაუთმონ. ჩვენთან ეს, სამწუხაროდ, უფრო ხელმიშვებული მეჩვენება.
პანდემიის პერიოდში, როცა უფრო მეტი თავისუფალი დრო მქონდა, სკოლაში დავიწყე მუშაობა და, შესაბამისად, ვიცი როგორი სასკოლო გარემოა ბავშვებისთვის.
ამ პერიოდში საქართველოში ატეხილი იყო ამბავი სკოლებში სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებით და დისკუსია მიმდინარეობდა სოციალურ ქსელებში.
მუსიკოსი ერეკლე კუხიანიძე აქტიურად იყო ჩართული პროპაგანდაში, რომ ეს იყო გარყვნილება, რომ ბავშვებს აძალებდნენ ამის სწავლას და აზიარებდა ვიდეოებს, სადაც თითქოს მშობლები საუბრობდნენ ამ ზეწოლაზე.
მაშინ გაოგნებული დავრჩი მისი ამ რუსული პროპაგანდით და აბსურდული ბრალდებებით, რადგან „მიმტკიცებდა“, რომ ევროპაში ბავშვებს იდენტობას უცვლიან. ასეთ საშინელებებს ლაპარაკობდა, თან ასეთი ინტენსიურობით.
მერე აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი თბილისის საკრებულოში აირჩიეს და დიდ პოსტზეც დანიშნეს“, – ამბობს მარიკა ლაფაური-ბურკი.
მისი თქმით, მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდანაც იყო მის საქმიანობაში ხელშეშლის მცდელობები.
„კახეთში ვახორციელებდი პროექტს, თეატრსა და არქეოლოგიას ვასწავლიდი ახალგაზრდებს და ასეთ პროექტშიც კი სცადეს სასულიერო პირებმა უხეში ჩარევა იმ მიზეზით, რომ თურმე მე „სხვანაირად ვასწავლიდი“ და რომ ჩვენ თურმე სხვა ტრადიციები გვაქვს და ევროპას – სხვა. აი, ასეთი სრულიად შეუსაბამო საუბრის წამოწყება სცადეს ჩემთან“, – გვეუბნება მარიკა.
მისი თქმით, გერმანიაში, როგორც ყველაფერს აქვს დაწერილი წესი, იქნება ეს სქესობრივი განათლება თუ სხვა საკითხები, სასკოლო პროგრამაშიც ყველაფერი ზედმიწევნით არის გაწერილი.
„სქესობრივი განათლების გაკვეთილებიც ისეთივე სავალდებულოა, როგორც, ვთქვათ, ცურვის გაკვეთილი და ეს გაკვეთილიც არ ტარდება ყოველდღე, ამას ეთმობა ერთი ან ორი საათი წელიწადში და გაწერილია მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად, რომ ბავშვები ერკვეოდნენ სქესთან დაკავშირებულ საკითხში.
მშობლები, ბუნებრივია, არიან ინფორმირებული, წინასწარ აფრთხილებენ მათ ამის შესახებ. ეს ყველაფერი საჭიროა მოსწავლეების ინფორმირებისთვის, რომ უფრო მაღალ კლასებში არ იყოს ჰომოფობია და ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია ადამიანის სქესობრივ განვითარებაზე. რომ არ ჰქონდეთ ადამიანებს შიშები და არ ბოჭავდნენ მათ მსგავსი პროპაგანდით, რომელიც იწვევს შემდეგ ადამიანის ფსიქიკის, მისი გარემოს დაზიანებას.
აქ ადამიანებმა უბრალოდ იციან, რომ სქესზე საუბარი არ არის გარყვნილება, ეს არ არის დაძალებით ორიენტაციის შეცვლა, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ამბობს. ისეთი სისულელეები იწერება, თმები ყალყზე დაგიდგება ხოლმე.
მე 33 წელია ჰამბურგში ვცხოვრობ და პროპაგანდის მსგავსი არაფერი მინახავს. ის, რომ ადამიანებს აქვთ პირადი ცხოვრება და რომ ყველა ადამიანი სრულყოფილია და ყველა ადამიანი საჭიროა საზოგადოებისთვის, ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება ხდება და არა რაიმეს პროპაგანდა, როგორც ამას რუსული წყაროები ამბობენ.
ლგბტქ კარნავალებიც კი არ მინახავს ამ ქალაქში და რომც გაიარონ, მერე რა, ვის რა დაუშავდება ამით. ესეც ჰომოფობიის საწინააღმდეგო ერთგვარი ნაბიჯია და პროპაგანდას კი არ ეწევიან ამით, ცდილობენ საზოგადოების ცნობიერება აამაღლონ განსხვავებული ადამიანების მიმართ“, – გვეუბნება მარიკა ლაფაური-ბურკი.
მისი აზრით, საქართველოში თითქმის ყველა თემაზე ექსტრემალური დისკუსიები მიმდინარეობს და საკითხების შავ-თეთრად წარმოჩენა ხდება. „ასეა ლგბტქ საკითხებზეც“, – მიიჩნევს მარიკა.
მისი თქმით, გერმანიაში ბავშვის უფლებები ძალიან მაღალ დონეზეა დაცული, სკოლაში ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს, რომ ბავშვები არ გახდნენ რასისტული, ქსენოფობიური თუ ჰომოფობიური თავდასხმის მსხვერპლი.
„სრული აბსურდია ის, რომ თურმე მშობლებს შვილებს ართმევენ, თუ მათ არ აქვთ ვთქვათ ლგბტ თემის მიმღებლობა. ეს გამორიცხულია.
ამ პროცესამდე მისვლა, რომ ვინმეს შვილი ჩამოართვან ან საერთოდ ოჯახს დააშორონ ბავშვი, აქამდე ძალიან დიდი და მკაცრი გზაა გასავლელი.
ჯერ სკოლაში ტარდება გარკვეული კონფერენციები, მანამდე გარკვეული რაოდენობის გაფრთხილებები უნდა არსებობდეს, კონსულტაციები უნდა ჩატარდეს სხვადასხვა ინსტიტუტთან და მხოლოდ ამის მერე იწყება სახელმწიფოს ჩარევა. ასე, რომ აქ ძალიან მკაცრადაა დაცული ბავშვის უფლებებიც და მშობლისაც“, – გვეუბნება მარიკა.
როგორ ფიქრობთ, ევროპულ კულტურაში არსებობს რაიმე, რაც შესაძლოა არ იყოს თანხვედრაში ქართულ კულტურასთან? – ვკითხეთ მას.
მარიკას აზრით, ევროპული ღირებულებები ნიშნავს, რომ უკეთ იყოს დაცული ჩვენი ენა, კულტურა, ჩვენი ტრადიცია და რომ უნდა შევინახოთ და მოვუაროთ მას.
„ამ ყველაფრისთვის ევროპელი ჩვენ ფინანსურადაც გვეხმარება – დაცული და გადარჩენილი რომ იყოს ჩვენი კულტურა.
წლების წინ ევროპელებს შესაძლოა უფრო ქედმაღლური დამოკიდებულება ჰქონდათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ, თუმცა დღეს, ეს დამოკიდებულება სრულიად შეცვლილია. უკრაინის ომის შემდეგ კი ევროპამ კიდევ უფრო გაცნობიერა, თუ რამდენად მოსაფრთხილებელი და მნიშვნელოვანია ეს ღირებულებები.
ავიღოთ თუნდაც ურბანული კულტურა, არქიტექტურა, როგორ უვლიან ხალხურ შემოქმედებას, ხალხურ სიმღერებს. ბოლო პერიოდში, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა უფრო უფრთხილდება ჩვენს კულტურას და ღირებულებებს, ვიდრე თავად ჩვენ.
ამიტომ უფლება არ გვაქვს, რუსული პროპაგანდის გამო, რაღაც სისულელეების გამო, მოვწყდეთ ამ საერთო სივრცეს.
საერთოდ, ასეთი აბსურდული საუბარი ევროპაზე, როცა მხოლოდ შემოივლი და არც კი იცი აქაური ყოველდღიურობა, კულტურა, პრესას და საუბრობ ზერელედ, უბრალოდ უტვინობაა. მართლა თუ აინტერესებთ, აქ ჩვენ ერთიმეორეზე უკეთესი ხალხი გვყავს და მათ მაინც მოუსმინონ“, – ამბობს მარიკა.
ხშირად, რუსეთთან ყოფნის მიზეზად ერთმორწმუნეობას ასახელებენ ხოლმე, რომ ევროპა „უღმერთო და გარყვნილია“, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი სული აქვს ევროპას? – ვეკითხებით მას.
„შესაძლოა ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ მე, პირადად, ქრისტიანობა გერმანიაში აღმოვაჩინე. კონკრეტულად ეს დაკავშირებულია ერთ-ერთ პასტორთან. ამ ადამიანის ქადაგებებსა და მსახურებაში გავიგე რა არის ქრისტიანობა.
„მართლმადიდებლობა და სხვა არა“, – მეც ვიყავი ამ გავლენის ქვეშ წლების წინ, 90-იანებში, რადგან მაშინ რელიგიურობა კულტურა უფრო იყო, ვიდრე რწმენის საკითხი.
ცხადია, დღესაც ჩვენი კულტურის ნაწილია ეს ყველაფერი, მაგრამ ქრისტიანული ქცევა რასაც ჰქვია, მე ეს აღმოვაჩინე აქ, გერმანიაში“, – გვეუბნება მარიკა.
რაც შეეხება რუსეთთან ჩვენს კავშირებს, მისი აზრით, ქართველებს დღეს შეგვიძლია დავეხმაროთ რუსებს იმპერიალიზმისგან განკურნებაში და სწორედ ამიტომ უნდა გვინდოდეს რუსეთის დამარცხება.
„რუსეთი უნდა დამარცხდეს, რომ განიკურნოს იმპერიალიზმის ავადმყოფობისგან და ეს თავად რუსებსაც სურთ, რომლებიც ჩემს გვერდითაც არიან და ამაზე საუბრობენ, რომ უკრაინის ომში დამარცხება აუცილებელია რუსეთის განსაკურნავად. მათ ეს ძალიან უნდათ.
ამ საკითხში ჩვენ, ქართველებსაც შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა და არა ის, რომ ჩავყვეთ სიბნელის ჭაობში. თანაც ახლა, როცა ცნობიერების ამხელა შემობრუნებაა ევროპისგან, როცა ამხელა შანსი გვაქვს და ამხელა ინტერესია ჩვენ მიმართ“, – ამბობს მარიკა ლაფაური-ბურკი.
მისი აზრით, თუ რუსეთის იმპერიალისტური მენტალიტეტი არ შეიცვლება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში, პუტინი თუ სხვა – რუსეთი მაინც დარჩება აგრესორ ქვეყნად.
„ჩვენ, რა თქმა უნდა გეოგრაფიას ვერსად წავიღებთ, მაგრამ, რუსეთი დღეს არის მხოლოდ ნეგატიური რაღაცების ბუდე, რომელიც დაპირისპირებულია მთელ მსოფლიოსთან და როგორ შეიძლება გვინდოდეს ასეთი რუსეთი? ჩვენ უნდა ვიხედებოდეთ იქეთ, სადაც ჩვენთვის კარგია და ეს სიკეთე არის ევროპაში.
დღეს ამერიკაა ლიდერი და მორჩა. დღეს ევროპაა ღირებულებების სამყარო და გვაქვს კი სხვა ალტერნატივა? და თუ ხელისუფლება დღეს რუსეთისკენ იყურება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის მათი ფულის წყარო“, – ამბობს მარიკა.
მისი აზრით, სულ ცოტა, ათი წესიერი ადამიანი გვჭირდება პოლიტიკაში, რომ ჩვენი ევროპული გზა არ შეწყდეს, რომ საზოგადოებამ უნდა შეძლოს და ხელისუფლებას გამოაცალოს ნეგატივის და სიძულვილის ენის ბერკეტი.
„ამისთვის უნდა ვისწავლოთ თვითკრიტიკა, რადგან ის კომუნიკაცია, რომელიც დღეს გვაქვს, ყველას გვაზიანებს“, – გვეუბნება ის.
ვიცი, რომ 40 წლისაა. ვიცი, რომ 15 წლის გაათხოვეს, 25 წლის კაცს გაურიგეს. ვიცი, რომ ორი შვილი ჰყავს. ისიც ვიცი, რომ ქმარს გაშორდა, მაგრამ არასდროს მიკითხავს როდის ან რატომ.
სიტყვას მოვაყოლე, რომ ჩემი საბაკალავრო ნაშრომი სოფლად მცხოვრებ ქალებს ეხება და ერთგან იმასაც ვიკვლევ, შეიცვალა თუ არა სოფელში ქალების ცხოვრება ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი აზრიც ვუთხარი – ჰო, შესაძლოა რაღაცები შეიცვალა, მაგრამ არ კმარა და ახლაც სტერეოტიპების ბუდეში ვცხოვრობთ-მეთქი.
ცივი ღიმილი მოერია. შევნიშნე, რომ ყავის ფინჯანს ხელი გაუშვა და ხელის გულები ჩაბღუჯა.
ოთახში სხვა ქალებიც არიან. არავინ არაფერს ამბობს. მხოლოდ მე ვიმეორებ – ჰო, რაღაცები შეიცვალა, მაგრამ არ არის საკმარისი.
შემომხედა. არ ამბობს არაფერს, მაგრამ ვხვდები, ფიქრობს – „ამას რა უნახავს, რას გვეჭიმება“.
ეტყობა, რომ დიდი ხანია 8 წლის წინანდელ მის ცხოვრებაზე არავისთვის არაფერი მოუყოლია. ან ვისთვის უნდა მოეყოლა. სავსეა ამბებით. მის ამ დიდი ხნის ნადგომ სისავსეს მწარე გემო აქვს.
„ვისაც ის არ გინახავთ, რაც ჩვენ, თქვენთვის არ შეცვლილა არაფერი. ახლა რომ ჩემს შვილს ვკითხო, რა შეიცვალა-მეთქი, ისიც იგივეს იტყვის. არაფერიო“ – ამბობს.
თავდაცვას ვცდილობ – „მე კი არ ვამბობ, რომ რაღაცები არ შეიცვალა, ვამბობ, რომ საკმარისი არაა“. ვხვდები, ისევ უადგილოდ მომივიდა. აღარ მიყურებს. ოთახში მყოფი სხვა, ნახევარ საუკუნეს გადაცილებული ქალებიც არ მიყურებენ.
კარედ შეჭრილ თეთრ თმაზე ეტყობა მთელი დღის ჯაფა. თავჩაქინდრული დასცქერის ყავის ფინჯანს, ჭერიდან ჭაღი – პირდაპირ მას.
„იმდენი იყო ფიზიკური ძალადობა, რამდენიც გინდა“, – ამბობს.
ოთახში მყოფი სხვა ქალი ერთვება, არ აცლის: „ამის ქმარი ლოთი იყო, ამიტომ დაშორდა. ღამის სამ საათზე მიადგებოდა, ადექი, არაყი მომიტანე უნდა დავლიოო. 1, 2, 3, 10 … ამოუვიდა სული. ადგა და წამოვიდა“.
მივხვდი, რომ უნდა თვითონ ისაუბროს. სათქმელი დაგუბებული აქვს. 8 წლის წინანდელ მის ცხოვრებაზე რომ იწყებს საუბარს, სულ ხმას ართმევენ, თითქოს სხვებმა უფრო მეტი იცოდნენ მის ტკივილებზე, თითქოს სხვებმა უფრო მეტი უნდა თქვან იმაზე, რაც თავად გამოიარა, მან კი საკუთარი ამბის ვერსიები უნდა ისმინოს.
დივანში ჩამძვრალი ვიწევი, ძალას ვიკრებ. ვეკითხები – „უფრო ადრე არ ფიქრობდი წამოსულიყავი?“
– ვფიქრობდი, მაგრამ, ჩვენი საზოგადოება… ჯერ მე თვითონ როგორი ვიყავი იცი? „ჩემზე სიტყვა სხვამ რატომ უნდა თქვას“ – პირველ რიგში ეს მქონდა თავში. ძალიან ძვირად დამიჯდა, სანამ ტვინში შევუშვი, რომ უკვე მორჩა, საკმარია, სიკვდილს გაშორება სჯობია. თან, ჯიშში, გვარში არავინ არ იყო გაშორებული. ვფიქრობდი, მაინცდამაინც მე რატომ დამემართა ასე, მაინცდამაინც მე უნდა გავშორდე და მე უნდა დამენგრეს ოჯახი? და მე რატომ ვერ ვიტან? …“
– როგორ დაქორწინდი?
– „მაშინ რომ გეტყოდნენ…“ – იწყებს და ახლა უკვე ოთახში მყოფი მეორე ქალი ართმევს სიტყვას: „ასე იყო მიღებული“. ჩერდება და აგრძელებს – „აბა, ახლა უთხარი გოგოს, რომ დღეს მოვედით ოჯახში, ვილაპარაკეთ და მეორე დღიდან ეს შენი ქმარია, შენ მისი ცოლი ხარ…“
– ადრე ასე იყო? – ვეკითხები.
– „ზუსტად ასე იყო. ამ ყველაფერთან შეგუება გინდა. ბავშვი ხარ.
ერთ დღეს ავდექი და კურსელთან წავედი. ცოტა გავიპრანჭე. გრძელი თმა მქონდა. თმა გავიშალე, თვალები შევიღებე, პომადა წავისვი და იქედან სასწავლებელში გამოვედი. გავხედე და ეზოში დამხვდა პირდაპირ ჩემი ქმარი. ეს თმები გაშლილი, ცოტა გალამაზებული, გაპრანჭული. ერთი ამბავი ატყდა“.
ხმას უწევს. უხეშდება. ხელებს იქნევს, თითქოს ყოფილ ქმარს ემსგავსება და მისი ხმით ამბობს: – „რისთვის გაიპრანჭე???“
– ამ დროს სულ რამდენიმე თვის გათხოვილი ვიყავი. პომადას ვერასდროს წაისვამდი.
წარსულის ბრაზი უფრო ძლიერად მოერია. ყელში ბურთივით ეჩხირება და თავის ბედზე გაჯავრებული კითხულობს: „ახლა ვინ ვის ჰკითხავს პომადას წაისვამს თუ არა?!“
წამის მეასედში მოეშვა. დამშვიდდა. ფინჯანს განზე სწევს და ჭიქის კედლებს მიხეთქებულ ყავას აშტერდება – „ერთი რა ვიცი. იმდენი გადავიტანე რომ…
– ფრჩხილის ლაქის გარეშე არასდროს არ გავსულვარ გარეთ. ახლა რომ მეხვეწო, ამისთვის ნერვები აღარ მაქვს, მორჩა.ახლა არავინ არ მიშლის. მაგრამ რომ მინდოდა წამესვა, მაშინ არ შეიძლებოდა. წითელ ლაქს ვერ წაისვამდი, მაგალითად. შავს ვერ წაისვამდი. იყო მიღებული ფერები – თეთრი წაისვი, ჰა, ჰა – ვარდისფერი. დამთავრდა. მხოლოდ ისეთი ფერები, თითებზე რომ არ დაგეტყობა. კრძალავდა ქმარიც და დედამთილიც.
– მაინც, ყველაზე რთული რა იყო?
– ვირივით რომ იმუშავებდი, საღამოს ზოფაც მოგიწევდა და გარეთ გაგდებაც. გინდა თუ არ გინდა, უნდა წასულიყავი. არაყი უნდა მოგეტანა ან მაღაზიიდან, ან მეზობლიდან, ან ნათესავიდან.
ძველებური სამზარეულოს მაგიდას რომ ხელს აკრავდა… უცებ ბავშვებს რომ დასცემოდათ? წარმოიდგინე, რა მოხდებოდა.
მიყურებს, თვალს აღარ მაშორებს. ყველა კითხვაზე საპასუხოდაა მზად. ბევრი კითხვა უნდა დავუსვა. ბევრი უნდა თქვას. სჭირდება, რომ დაიცალოს, მჟავე გემო გამოიფხიკოს მუცლიდან. ვკითხავ. არ გავჩერდები. სისულელეების კითხვასაც არ მოვერიდები. ყველაფერს ვკითხავ. მოვუსმენ. ბოლომდე მოვუსმენ. დილამდე მოვუსმენ. ხვალ დილამდე მოვუსმენ. შემდეგ კვირასაც მოვუსმენ.
ოთახში მყოფი სხვა ქალები გასუსულები არიან. ხმა გაკმინდა ქუჩამ ფანჯრის იქეთ, ჩაიდანმა – გაზქურაზე, წყალმა – ხრიალა ონკანში.
– საბოლოოდ მაინც რა იყო, შიში, რომ შვილებსაც ავნებდა? როდის გადაწყვიტე წამოსვლა?
– სიცოცხლის გადარჩენა. საკუთარი თავის გადარჩენა. სხვა არაფერი. აქამდე რომ მიხვალ, უკვე მორჩა. ფიქრობ, რომ რამენაირად გადარჩე.
მამამთილი სანამ ცოცხალი იყო, იქამდე მაინც რაღაცნაირად … ის ყოველთვის ჩემს მხარეს იყო. ჩემი გულისთვის ადრიანადაც ადგებოდა.ერთ ღამეს ამოვიდა. იმას დაემუქრა, დანით დაგკლავო. დანა გაუსვა მუცელზე, მუცელი გაუხაზა…
– ვის? – ვკითხულობ და თვალებს ვჭუტავ. ვეღარ ვუყურებ. ღმერთო, რა სულელი ვარ, რა ვის? – ვფიქრობ.
არ ნებდება. საუბარი უნდა. უნდა დაიცალოს. ყველაფერი უნდა თქვას. მერე რა, რომ 8 წლის წინ იყო. რა, 8 წლის წინანდელი ამბები არ გვახსოვს? რა, რვა წლის წინანდელი ამბები აღარ გვტკივა? რვა წლის წინანდელი ამბები აღარ გვიჭერს? რვა წლის წინანდელი ამბები ვერ მოგვგუდავს?
– მამამთილი რომ გარდაიცვალა… კიდევ შეიძლება არაფერი არ მომხდარიყო, მაგრამ მე სახლის გაყიდვა არ მინდოდა. მიწა გვქონდა. 800 კილო კარტოფილს ვრგავდი და იმას ვყიდდი მერე.
მანდარინი გვქონდა. კარტოფილს ამოიღებდი – სიმინდს დათესავდი, ლობიოს. ფხალი, პამიდორი, კიტრი… ყველაფერი მოდიოდა, მიხვდი? ამით შეგეძლო მარტო ოჯახის რჩენა.
ის ტაქსაობდა ერთი პერიოდი. ბავშვიანი ტურისტები შეხვდნენ, ბავშვი მომიყვანა, გაზარდეო. ძიძა გავხდი, მაგრამ 24 საათი ჩემთან, სახლში მყავდა. აი, მაშინ დავიწყე ძიძად მუშაობა. 2 თვის იყო ის ბავშვი. 300 ლარს მიხდიდნენ.
– შენი ფული რომ გაგიჩნდა…
– სხვათა შორის, თვითდაჯერება მომცა. ჩემს თავს მივხედავ-მეთქი. ოი, რამდენი ხელფასი შემიჭამა, ძალიან ბევრი.
დალევის მომენტში, ვინც შეხვდებოდა, პირველი იმას ურტყამდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის დედა იქნებოდა, მამა თუ მე. მაგრამ დედამთილს მაინც არასდროს არ დავუცვივარ. ის მისი შვილი იყო და მორჩა.
ძალიან მინდოდა მესწავლა. ამათთან ჩემი მამიდები იყვნენ მდგმურად, დიდი სახლი ჰქონდათ, ისინიც სწავლობდნენ და მითხრეს, წამოდი შენცო. მეც მდგმურად უნდა ვყოფილიყავი ამათთან. 9 კლასი დავამთავრე, საექთნოზე უნდა მესწავლა კოლეჯში. საბუთები შევიტანე, გამოცდაზე წავედი. ერთი ღამე დავრჩი მდგმურად. მეორე დღეს თქვეს, ამ გოგოს აღარ გაგატანთ სახლშიო. თანახმა ვართო – მშობლებმაც უთხრეს.
შენ ვინ გკითხავდა თანახმა ხარ თუ არ ხარ. თანახმა ვართო და მორჩა.
ბევრჯერ წამოვედი. 3 თვე, 5 თვე გავიდოდა და ხან ბიძაშვილს ეტყოდა, ხან მამიდაშვილს, ამოვიდოდა ჩოქვა-ჩოქვით, შემირიგდი, მეტს აღარ დავლევო. არაფერი, ისევ ისე გრძელდებოდა. დალევდა და ყველაფერი მთავრდებოდა.
სიფხიზლეში ვერავინ შეედრებოდა. მაგიდას გააწყობდა, ყველაფერში დაგეხმარებოდა. პირველი შვილი რომ გაგვიჩნდა, 1 წელი საერთოდ არ სვამდა, ბავშვის გაზრდაში მეხმარებოდა…“
ოთახში ნათესავი კაცი შემოვიდა. გაჩუმდა. თვალი მომაშორა. სკამი გაასწორა. გამიუცხოვდა, მომიშორა. მაგიდაზე დაღვრილი ყავის მოსაწმენდად ტილოს ძებნა დაიწყო.
ვერა, 8 წლის წინანდელი ამბები ვერ ჩამოირეცხა, შვება ვერ იგრძნო.
_______________
ფოტო თამარ ჭაბაშვილისა და აგნეშკა დუდრაკის პროექტიდან „საკუთარი სუფრა“.
ხულოში, სხალთის თემში და ქობულეთის სოფელ დაგვაში მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის პროცესი 2023 წლის თებერვალში უნდა დაწყებულიყო, თუმცა არჩატარების მიზეზად საჯარო რეესტრში „ცუდი კლიმატური პირობები“ დაასახელეს.
ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ საჯარო რეესტრში უთხრეს, რომ სხალთასა და დაგვაში რეგისტრაცია [მიწის აზომვითი სამუშაოები] მიმდინარე წლის მაის-ივნისში ჩატარდებოდა, თუმცა 23 მაისის მდგომარეობით, ამ სოფლებში საველე სამუშაოები, ანუ მიწის ნაკვეთების აზომვა, ისევ არ დაწყებულა.
საჯარო რეესტრი მიზეზად კვლავ „რთულ კლიმატურ პირობებს“ ასახელებს, რომელიც რეესტრისთვის არც ხულოში და ქობულეთში შეცვლილა თებერვლიდან დღემდე. მოსახლეობამ მიწის დამუშავება დაასრულა, რეესტრმა კი, ამ დრომდე ნაკვეთების აზომვაც ვერ დაიწყო.
„რთული კლიმატური პირობების გამო მოხდა აქტიური აგეგმვითი სამუშაოების დროში გადაწევა. ჩვენი ჯგუფები არიან ამჟამად ადგილზე, თუმცა არა სრული შემადგენლობით. ეს მცირე ჯგუფები მუშაობენ, მიმდინარეობს შეძლებისდაგვარად აზომვები. როგორც კი ამინდი მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ამგეგმავები აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ აზომვებს.“ – მოგვწერეს საჯარო რეესტრიდან დღეს, 23 მაისს.
მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დეტალების სანახავად გადადით ამ ბმულზე:
განათლების სამინისტრო იმ კომისიის საქმიანობას აჩერებს, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
განათლების სამინისტროს განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
საქმიანობის დაწყების მომენტში, ერთი მხრივ, დამხვდა წლების განმავლობაში მოქმედი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის დადგენილ გზებს მოიცავს გამოცდის ჩაბარებისა და პრაქტიკული საქმიანობის შეფასების სახით, ხოლო მეორე მხრივ, პარალელურ რეჟიმში მოქმედი კომისია, რომელიც მასწავლებლებს, გამოცდის ჩაბარების გარეშე, სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ამ წლების გამოცდილება, მთლიანობაში დავინახოთ, რა გამოწვევები არსებობს მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდის მიმართულებით, დავინახოთ სრული ციკლი, რაც ახლა მიმდინარეობს სისტემაში გამოცდებისა და პორტფოლიოების წარმოების თვალსაზრისით, შემდგომში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ მასწავლებლები კარიერული განვითარების პროცესში.
აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერდეს სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს“, – ამბობს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი.
დღეს მოქმედი სქემის მიხედვით, მასწავლებელს სტატუსი ასამაღლებლად სჭირდება საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება. ასევე, მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის პორტფოლიოს წარდგენა.
თუმცა იყო გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა იმ მასწავლებლებს, რომლებიც განსაკუთრებული პროფესიული საქმიანობით გამოირჩეოდნენ, გამოცდის ჩაბარების გარეშე ანიჭებდა სამინისტრო სტატუსს.
დღეს, 23 მაისს, საღამოს 6 საათზე ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან ახალგაზრდები მსვლელობას გამართავენ.
„მსვლელობის მთავარი მიზანია, რუსებით სავსე ბულვარში ქართული სულის დემონსტრირება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში საქართველოს უთავმოყვარეო პოზიციის გაკრიტიკება (ეროვნული თავმოყვარეობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით) და კლანური სასამართლოს არსებობის გაპროტესტება” – ვკითხულობთ ახალგაზრდული ორგანიზაციის, “დაფიონის” ფეისბუქგვერდზე, სწორედ ეს ორგანიზაციაა მსვლელობის ორგანიზატორი.
მსვლელობის მონაწილეები ბულვარის გავლით ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ. ახალგაზრდების მოწოდებებია: „არა რუსულ ფრენებს, არა რუსულ საქმეს, არა კლანურ სასამართლოს“.
“დაფიონის” წევრები განმარტავენ, რომ მსვლელობას ახალგაზრდები გეგმავენ და მათ არავითარი საერთო არ აქვთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.
„ხაზი გაესმება, რომ ახალგაზრდებს აინტერესებთ და მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებისთვის“ – გვეუბნება ზვიად ცეცხლაძე, “დაფიონის” ერთ-ერთი დამფუძნებელი.
„ქალაქში როცა გავდივართ, ქუჩებში უკვე ქართული ენის გაგონება პრობლემატურია. სანთლით შეიძლება დაგჭირდეს ქართველის მოძებნა. ბარები, კლუბები, რუსულენოვანია პირწმინდად, დაჯაბნილია ქართული ენა, თუნდაც წარწერებით”, – ამბობს ზვიად ცეცხლაძე.
ორგანიზატორებს მოლოდინი აქვთ, რომ მსვლელობას ბევრი ადამიანი შეუერთდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები ქართული სიმბოლიკებით.
„სკოლა წყვეტს სწავლის პროცესს პროტესტის მიზნით“, – ეს განცხადება დღეს, 23 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის ფეისბუქის გვერდზე დაწერეს.
იმავე გვერდზე მასწავლებლები და მშობლები კომენტარებში წერდნენ, რომ არ უჭერდნენ მხარს სკოლიდან მასწავლებლის წასვლას. ვიღაც კი მოსწავლეს უცხადებდა სოლიდარობას.
ჩანაწერი სკოლის ფეისბუქგვერდიდან მოგვიანებით წაშალეს.
„ბათუმელები“ ვითარებაში გარკვევის მიზნით სკოლის დირექტორს, ნანი ცივაძეს დაუკავშირდა, თუმცა მას ამ დროისთვის მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
ქობულეთის რესურსცენტრში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სკოლაში მღელვარების მიზეზი მუსიკის მასწავლებელსა და ერთ-ერთ მოსწავლეს შორის დაპირისპირება გახდა.
„მეშვიდეკლასელმა მოსწავლემ მასწავლებელი მაშინ ჩაწერა ვიდეოზე, როცა მასწავლებელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ბულინგზე საუბრობს ბავშვი, ჩანაწერში ისმის მასწავლებლის გააფთრებული და გაბრაზებული ყვირილი, ასეთი ჩანაწერი აქვს მოსწავლეს.
მშობელმა მიმართა სკოლას, დისციპლინურ კომიტეტს და, როგორც ვიცი, გუშინ დაიწყეს მუშაობა.
ამ ინციდენტთან დაკავშირებით დისციპლინურ კომიტეტს ჰქონდა მოკვლევა დაწყებული და, როგორც ვიცი, რაღაც გადაწყვეტილებაც გამოიტანა, თუმცა ჯერ კიდევ აქვს მოკვლევისთვის დრო.
თუმცა, მუსიკის მასწავლებელმა, რომელიც მონაწილეობდა ამ ინციდენტში, სკოლიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერა და ამის გამოა ვნებათაღელვა“, – უთხრა ,,ბათუმელებს” რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მადონა გოგიტიძემ.
მისი თქმით, სკოლის დირექტორი რამდენიმე დღეა სკოლაში არ იმყოფება.
„იმდენად რთული სიტუაცია იყო, რომ გავიდა სკოლიდან რამდენიმე დღით. ვიღაცამ ეს ისე აღიქვა, რომ თითქოს დირექტორმა დატოვა თანამდებობა და ამას აპროტესტებდნენ მასწავლებლები.
თუ ჩვენ ასე, ერთი მოსწავლის მოთხოვნით უნდა დავშალოთ სკოლა, ხვალ ჩვენც ამ რიგში ვიქნებითო და ამას აპროტესტებდნენ მასწავლებლები“, – ამბობს მადონა გოგიტიძე.
მისი თქმით, მოსწავლის მშობელი სკოლიდან იმ მასწავლებლის წასვლას მოითხოვდა, რომელმაც ბავშვს შეურაცხყოფა მიაყენა.
„მშობლის მოთხოვნა იყო, რომ მასწავლებელმა დატოვოს სკოლა და არც ერთ სკოლას არ გაეკაროს. თუმცა სხვა ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ ერთი ინციდენტის გამო არ უნდა იყოს ისეთი მკაცრი მოთხოვნა, რომ წავიდეს მასწავლებელი და ვერც ერთ სკოლაში ვეღარ იმუშაოს“, – ამბობს მადონა გოგიტიძე.
___
ფოტო: ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდიდან
ყაზახეთის რესპუბლიკის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია SCAT-ი შეასრულებს.
ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეი ბიბერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს შეხვდა, რომელმაც SCAT-ის წარმომადგენელს აჭარაში „ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო“.
ასტანა-ბათუმის ავიარეისზე ბილეთის ფასი ივნისში 800-მდე ლარია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 23 მაისს, 14 სთ-დან 21 სთ-მდე პერიოდში, აჭარაში მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-დე.
სინოპტიკოსების ცნობით, 23 მაისის 21 საათიდან 24 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო; შიგამთიან რაიონებში კი – ღამით 5-10, დღისით 18-23 გრადუსი სითბო.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 23 მაისს, ყოველდღიურ, მოკლე ანგარიშში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ეხმიანება რუსეთში, ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს.
ბრიტანელი ანალიტიკოსები წერენ, რომ 2023 წლის 19-დან 22 მაისამდე, რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, სულ მცირე სამ ადგილას, რუსეთის ძალებსა და პარტიზანებს შორის შეტაკება მოხდა. დაზვერვა აღნიშნავს, რომ ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსულმა დაჯგუფებებმა აიღეს, რომლებიც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან. დაზვერვა აქვე აღნიშნავს, რომ პარტიზანების ვინაობა დაუზუსტებელია.
რუსეთმა რამდენიმე სოფლის ევაკუაცია მოახდინა და ტერიტორიაზე უსაფრთხოების დამატებითი ძალები განათავსა.
დაზვერვა წერს, რომ რუსეთს საზღვრისპირა რეგიონებში სერიოზული მრავალმხრივი საფრთხე ემუქრება: საბრძოლო თვითმფრინავების დაკარგვა, რკინიგზის ხაზებზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით თავდასხმები და პირდაპირი პარტიზანული მოქმედებები.
„რუსეთი სავარაუდოდ აუცილებლად გამოიყენებს ამ ინციდენტებს ოფიციალური ნარატივის გასამყარებლად, რომ ის არის ომის მსხვერპლი“ – წერს ბრიტანული დაზვერვა.
რა ხდება?
ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების ლეგიონმა ბელგოროდში, რუსეთის ტერიტორიაზე, რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა, ხოლო იქამდე – რუსული სასაზღვრო პუნქტი გაანადგურა.
რუსული მხარე აქედან მხოლოდ გრაივორონის რაიონის რამდენიმე სოფლის დაბომბვას ადასტურებს, თუმცა, ამ სოფლებს შორისაა კაზინკაც, რომელიც უშუალოდ უკრაინის საზღვართანაა და რომელშიც მდებარეობს ხსენებული პუნქტი.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი გლადკოვი ამბობს, რომ რაიონში უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფია შესული, რომელსაც რუსული ძალები ებრძვიან. რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ჯგუფთან საბრძოლველად გააგზავნეს ვერტმფრენებიც.
უკრაინული მხარე კი ამბობს, რომ ბელგოროდში არა უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები, არამედ ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ მოქმედებს [ლეგიონში რუსები არიან გაწევრიანებული და იბრძვის უკრაინის მხარეს]. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაშიც თქვეს, რომ მიმდინარე მოვლენებთან უკრაინას უშუალო შეხება არ აქვს.
მუნიციპალური ინსპექცია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საჯარიმო ქვითარს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონულად გამოწერს და სპეციალურ ვებგვერდზე ატვირთავს. როგორც საკრებულოს სხდომაზე ინსპექციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, ლაშა მამულაძემ განმარტა, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკა უკვე შეისყიდეს.
ვებგვერდზე დაჯარიმების შესახებ ინფორმაციას ასევე, ფოტო/ვიდეომასალის ნახვას თავად დაჯარიმებულიც შეძლებს. სხვა დაინტერესებულ პირს ამის შესაძლებლობა არ ექნება.
„საჯარიმო ქვითრის [ოქმის] ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება ბათუმის საკრებულომ 19 მაისს დაამტკიცა.
ეს დადგენილება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და დაჯარიმების წესს აწესრიგებს.
მუნიციპალურ ინსპექციას მიეცა უფლება, დარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში გამოწეროს საჯარიმო ქვითარი, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით.
ამ წესის მიხედვით, დაჯარიმებულს ექნება საშუალება, ჯარიმა ადგილზე გაასაჩივროს, ვიდრე სასამართლოს მიმართავს. ასევე, მოქალაქეს უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, საჯარიმო ქვითარს ინსპექციის თანამშრომელი შეავსებს ბურთულიანი კალმით ან ელექტრონული ფორმით.
ინსპექციის თანამშრომელი უფლებამოსილია, სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ნებისმიერი სახითა და ფორმით განახორციელოს შემოწმება. ამასთან, თანამშრომელი ვალდებულია შემოწმებისას იქონიოს და საჭიროებისას წარადგინოს სამსახურებრივი მოწმობა.
წესის შესაბამისად, ინსპექციის თანამშრომელი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს [ჯარიმას], მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. სამართალდარღვევის ფაქტზე სამართალდამრღვევის არყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
ლაშა მამულაძემ ასევე განმარტა, რომ ელექტრონული მართვის პროგრამას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო: „ამ სააგენტოს 2017 წლიდან მინიჭებული აქვს უფლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა უსაფრთხოების მართვის სისტემის დეპონირების.“
საკითხის განხილვისას, სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი თავდგირიძემ, რომელიც საკრებულოში არჩევამდე თავადაც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი იყო, განმარტა, რომ ვერც ინსპექცია და ვერც საპატრულო პოლიცია ვერ ახდენდა რეაგირებას უნომრო მანქანებზე, რომლებსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ მფლობელები:
„ეს იყო საკანონმდებლო ხარვეზი, რითაც სარგებლობდნენ მოქალაქეები. მაგალითად, აღმაშენებლის ქუჩაზე აჩერებდნენ გასაყიდ მანქანებს დიდი ხნით, ამ მანქანებზე მოხსნილი ჰქონდათ ნომრები. ვიძახებდით საპატრულო პოლიციას, თუმცა ისიც ვერ ახდენდა რეაგირებას“.
ამ საკითხთან დაკავშირებით ინსპექციის იურისტმა, ლაშა მამულაძემ განმარტა, რომ ცვლილების შესაბამისად ინსპექციას უკვე აქვს უფლება, ეს ავტომანქანები გადაიტანოს, ჯარიმას კი ასეთ შემთხვევაში დამრღვევს საჯარიმო სადგურზე გამოუწერენ იდენტიფიცირების შემდეგ.
სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე დაინტერესდა, თუ აღმოიფხვრა სერვერის პრობლემა, რომლის დაზიანების გამოც პარკინგის საფასურის დაფარვა, ასევე პარკირების ჯარიმების გადახდა ვერ ხერხდებოდა.
„ავტოტრანსპორტში“ 2023 წლის 7 აპრილს გვითხრეს, რომ პარკირების პროგრამულ სისტემაში იყო შეფერხება, რაც სერვერის დაზიანებას უკავშირდებოდა; ამასთან, ტექნიკური ხარვეზი იდენტიფიცირებული იყო და სისტემის გამართულად მუშაობისთვის 3 კვირა იყო საჭირო.
ლაშა მამულაძის განმარტებით, პრობლემის მოგვარებაზე ისევ მუშაობენ. მან ვერ დაასახელა დაახლოებით რა თანხის ამოღება იყო შესაძლებელი ამ დროში ბიუჯეტის სასარგებლოდ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 204 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +480]
ტანკი – 3 789 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 7 419 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 3 318 ერთეული [+40]
MLRS – 565 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 327 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 309 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 295 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 864 ერთეული [+34]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 015 ერთეული [+4]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 139 ერთეული [+10]
სპეცტექნიკა – 433 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
428 თვითმფრინავი
235 ვერტმფრენი
4 273 უპილოტო საფრენი აპარატი
424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 275 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 887 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 395 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასანქცირებული შვილი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში შემოუშვა, საქართველოს მოქალაქეებმა კი ამ ფაქტის გამო საპროტესტო აქცია გამართეს და ამ ოჯახს ყვარლის ტბაზე დაგეგმილი ქორწილი ჩაუშალეს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ევროკავშირის მიერ დასანქცირებული რუსების საქართველოში შემოსვლა გააპროტესტა, ბნელები უწოდა და ყვარლის ტბაზე დაგეგმილი ქორწილის გამართლება ვაჟას „სტუმარ-მასპინძლის“ იდეით სცადა.
„ქორწილის ჩაშლა, იმ ადამიანის, რომელსაც არც დანაშაული ჩაუდენია და არც არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა.
თქვენ იცით, რომ ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძელი“ მე-19 საუკუნეში დაწერა და მინდა საზოგადოება დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
რას ამბობს ვაჟა-ფშაველა და რამდენად ამახინჯებს „სტუმარ-მასპინძლის“ იდეას ირაკლი კობახიძე. ამ თემაზე „ბათუმელები“ ეროვნული ჯილდის მფლობელ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, სოფო გოგოხიას ესაუბრა.
სოფო გოგოხიას თქმით, ყოველთვის, როცა ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ ქართველი მწერლების არასწორ ინტერპრეტაციას.
„ხან „ვეფხისტყაოსანია“ ხოლმე მსხვერპლი, ხან ილია და ახლა ვაჟა-ფშაველაც დაამახინჯეს“, – გვეუბნება ის.
მისი თქმით, აქ ან ტექსტის წაკითხვა-გააზრების პრობლემა დგას ან მას შეგნებულად ამახინჯებენ.
„თუ ვინმეს არ ახსოვს „სტუმარ-მასპინძელი“, უნდა დააკვირდეს რამდენიმე დეტალს, გაიხსენოს ის, რა გარემოებაში ხვდება ჯოყოლა ძმის მკვლელს, როგორ გაიცნობს: მას სახლში როცა მიჰყავს ზვიადაური, არ იცის, ვინ არის ის.
ზვიადაური სახელსაც მალავს, რადგან იცის, რომ ქისტები მის სახელს იცნობენ და ამიტომ ვერ ამხელს ვინაობას.
ჯოყოლას სახლში მიჰყავს გზადაკარგული მონადირე, რომელიც გაიცნო და მოეწონა, რაც შემთხვევითი იყო და სრულიად განსხვავდება იმ ამბისგან, რაც ამ დღეებში ჩვენ გვანახეს“, – ამბობს სოფო გოგოხია.
სოფიო გოგოხია
მისი თქმით, დღეს ხელისუფლება გვესაუბრება მტერზე, რომელსაც ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და მესამე ათწლეულია „გლეჯს ქვეყანას“.
„ძალიან დიდი განსხვავებაა აქ, ლავროვის შვილის შემოსვლასა და ამ ამბავს შორის. ჯოყოლა და ზვიადაური თანაბარი არიან ამ მოცემულობაში, ერთნაირი ძალაა და დღეს ვსაუბრობთ რუსეთზე, მტრულ ძალაზე, რომელსაც იცნობ და იცი, რომ შენი განადგურება სურს.
როცა ჯოყოლა იგებს, რომ ძმის მკვლელი მიუყვანია სახლში, ის ნანობს, თუმცა დგება არჩევანის წინაშე. მან აირჩია ჰუმანური, ადამიანური გზა და არჩევანი მასზე გააკეთა. დაიცვა ის, ვინც მან მიიყვანა სახლში, ვისაც ენდო.
თანაც ზვიადაური უიარაღოა, ქისტების გარემოცვაშია და მარტოა. ერთზე ბევრი არ დაუშვა ჯოყოლამ, მისი ადამიანობა ამას ვერ იზამდა და, შესაბამისად, ზნეობრივი კანონი უკარნახებს, რომ დაიცვას სტუმარი.
ისეთი მარტივია აქ განსხვავების დანახვა, რომ ამაზე ლაპარაკი და განმარტების გაკეთება როცა გვიწევს, უცნაურია“, – გვეუბნება სოფო.
მისი თქმით, თუ ტექსტს გავაგრძელებთ და ჩავყვებით, იმასაც დავინახავთ, რომ ჯოყოლა იმდენად ვალდებულად გრძნობს თავს თემის წინაშე, რომ მარტოდ ეკვეთება ხევსურებს და ცდილობს მთელ ქისტეთს დაუმტკიცოს ერთგულება და ხევსურებთან ბრძოლაში კვდება კიდეც.
„ასე, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა, როცა მტერს ქორწილს, ტაშ-ფანდურს უმართავ ოკუპირებულ ქვეყანაში და ბედნიერი ხარ ამით. აქ საერთოდ რა მოსატანია ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი“, რაზე გვიწევს ლაპარაკი“, – გვეუბნება ის.
მისი აზრით, ვაჟას „სტუმარ-მასპინძელს“ და ლავროვის შვილის ქორწილს არაფერი აქვთ საერთო, თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ იმ მწერლებით მანიპულირებას, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და ფასეულია.
„უნდათ ჩვენც გვაქციონ წაკითხულიდან შინაარსის ვერგამომტან არსებებად, რადგან წარმოუდგენლად უნიჭო და უგუნურია ამ ტექსტების ამ კონტექსტში მოშველიება.
პირიქით, ვაჟას ყველა ტექსტის ამოსავალი არის ის, რომ „ბილწთ არ შევეკვრი ზავითა“ და ესენი პირდაპირ ამ ბილწებს ეკვრიან ზავით და უნდათ, რომ ვინც ამას გვასწავლის, ის ამის საპირისპიროდ დაიმოწმონ.
ვერც კი ხვდებიან, რამდენად უგუნური არგუმენტია ეს ამათი მხრიდან და კიდევ უარესია ის, ვინც ამ პროპაგანდაზე ეგება. საერთოდ არ არის პარალელი გასავლები ამ ტექსტსა და იმ ფაქტებს შორის, რასაც ეს დღეები გვაყურებინებენ.
ეს ქორწილიც და ის ყველაფერიც რაც ახლა ხდება, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია, უნდა გაგვასულელონ და ვაჟა მოიშველიონ, დაიმოწმონ, რომ არაფერი დატოვონ ხელშეუხებელი.
ტრაგედიაა ის, ამ ქვეყანაში რომ ეს გეთქმის ადამიანს და მერე ეს ვიღაცას სჯერა და ამის ახსნა-განმარტება რომ გვიწევს. იმის განმარტება, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე და ის, დამპყრობელს ქორწილი გავუმართოთ თუ არა.
რუსები კი მოდიან იმპერიის ნაწილში, ქეიფობენ, ტაშ-ფანდურობენ, ისვენებენ, დეზერტირობენ… რატომაც არა. ის მაინც აღიარონ, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში მოდიან და ცოტა თავდახრილად იყვნენ, ნაკლები სითავხედით და უპასუხონ კითხვაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ თქვან, რომ პოლიტიკაში არ ერევიან და ამაზე არაფერი იციან.
უნდოდათ და შემოიყვანეს – ქვეყანა იმ ფაზაში დააბრუნეს, 90-იან წლებში შს მინისტრები კრიმინალურ ავტორიტეტებს რომ ხვდებოდნენ აეროპორტებში უსაფრთხოების მიზნით. უფრო უარესიც, ახლა უკვე პირდაპირ მტერს ხვდებიან, ეგებებიან და გასაგებია რაც უნდათ“, – ამბობს სოფო გოგოხია.
რუსული კანონის შემოტანის მცდელობისას „ქართული ოცნება“ ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებს“ ციტირებდა და საკუთარი ტროლ-ბოტების მეშვეობით პროპაგანდას ეწეოდა, რომ თურმე საქართველოს არ სჭირდება დასავლელი პარტნიორები, რადგან „ილია ამბობს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო“.
რუსული პროპაგანდა ცდილობს საქართველო მარტო დატოვოს აგრესორი ქვეყნის პირისპირ მარტო, ამერიკელი და ევროპელი მეგობრების გარეშე.
„არცერთი არ გვინდა, არც ამერიკა, არც ევროპა და ჩვენ მხოლოდ საქართველო გვინდა“, ამ ნარატივის უკან, რა თქმა უნდა, ყოველთვის დგას რუსეთი, რადგან თუ ვიქნებით მარტო, ადვილად გადაგვყლაპავს.
ესეც კრემლის შემოგდებული სატყუარაა, ანკესი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს.
როცა ილია ამას წერდა – „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“, მაშინ საქართველო მეფის რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. არ გვქონდა დამოუკიდებლობა, ორიენტირი დაკარგული გვაქვს 1801 წლიდან და ილია ამაში გულისხმობს ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზღვრებით უნდა იყოს წარმოდგენილი და არ უნდა იყოს იმპერიის ნაწილი.
ილიამ მთელი ცხოვრება შეალია ამ იდეას, რომ ერის იდეა გაცოცხლებულიყო, გააცოცხლა კიდეც და შეეწირა ამ იდეას. ამისთვის იბრძოდნენ თერგდალეულები და ახლა რანაირად შეიძლება ამ კონტექსტის მოტრიალება და ყველაფრის ასე დამახინჯება წარმოუდგენელია.
გამსახურდია ამბობდა, თუ გინდა ადამიანი გაანადგურო, ის უნდა დააბრალო, რასაც ებრძვისო. როგორ შეიძლება ილია და ვაჟა გამოიყენო იმისთვის, რასაც ებრძოდნენ ისინი მთელი ცხოვრება“, – ამბობს სოფო გოგოხია.
მისი თქმით, დღეს საზოგადოებას სჭირდება კრიტიკული აზროვნება, ფიქრი იმაზე, რას დავახვედრებთ ამ ჰიბრიდულ ომს და როგორ გავუმკლავდებით.
„ილიამ ჩვენ ფორმულაც გაგვიმზადა „აჩრდილში“, როცა თქვა, რომ უნდა შევეშვათ წარსულზე ტირილს და მოვძლიერდეთ, რომ ფეხზე დავდგეთ.
დღეს კი მონურ, ღირსებააყრილ, დათრგუნულ „მშვიდობაში“ ვცვლით ჩვენს მომავალს? მტერთან ასეთი დამოკიდებულების დაჭერა დანაშაულია, მაშინ, როცა ევროპის გეოპოლიტიკური ფანჯარა ღიაა ჩვენთვის და სწორედ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ქოლგა – თუ მართლა ამ ქვეყნის დაცვა გვინდა და ნორმალური მომავალი, ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.
მაგრამ ხელისუფლებას ლავროვის და პუტინის საქართველო უნდა და ჩვენ ვხედავთ ამას“, – ამბობს სოფო გოგოხია.
მისი თქმით, ისტორია ყოველთვის ინახავს უღირს ნაბიჯებს. ცოტას თუ დავფიქრდებით, ძალიან ნათელი და ცხადი გახდება სინამდვილეში რა არის გასაკეთებელი და ვინ რას აკეთებს ამ ქვეყნის მომავლისთვის.