აჭარის მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში მდებარე ლოჯისტიკურ [აგროსერვის] ცენტრებს და მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს ყიდის. იყიდება აგროსერვისცენტრებში არსებული მოძრავი ქონებაც, მათ შორის, 2 სატრანსპორტო საშუალება.
ქონება, რომელიც სახელმწიფო მიწაზე, ბიუჯეტის ფულით მოეწყო, აუქციონზე ერთ ლოტად, თუმცა პირობებით იყიდება და საწყისი ფასი 3,5 მილიონი ლარია [ბიჯი 80 ათასი ლარი].
გასაყიდი შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 3 055 კვადრატული მეტრია, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი – 5 661 კვადრატული მეტრი.
ლოჯისტიკური ცენტრები თავის დროზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აიპ „აგროსერვის ცენტრზე“ იყო გადაცემული სარგებლობაში. თუმცა აჭარის მთავრობამ მათი გაყიდვა გადაწყვიტა.
„ბათუმელებმა“ კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობდა ან საერთოდ მუშაობდა თუ არა ეს ცენტრები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ მიიღო. თუმცა „აგროსერვის ცენტრში“ გვითხრეს, რომ „იმ საქმეს, რისთვისაც გაკეთდა ეს ლოჯისტიკური ცენტრები – ფერმერებისგან პროდუქციის შეძენა-რეალიზაცია – კერძო სექტორი უფრო კარგად მოემსახურება და უკეთესად გაართმევს თავს“.
თუმცა აუქციონის პირობის მიხედვით, ქონების მომავალ მყიდველს „ამ საქმის კეთების“ ვალდებულება მხოლოდ 10 წლის განმავლობაში ექნება. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, თავად გადაწყვეტს, რა პროფილით გამოიყენებს თავის საკუთრებას.
აუქციონის პირობის მიხედვით, ქონების მყიდველმა უნდა აამოქმედოს ლოჯისტიკური ცენტრები და მას პროფილი და დანიშნულება 10 წლით შეუნარჩუნოს. პროფილში კი, „სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა“ იგულისხმება.
ელექტრონული აუქციონი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, დაწყებულია და 2022 წლის 16 დეკემბერს დასრულდება.
განახლება: ეს აუქციონი არ შედგა [მასში მონაწილეობა არავინ მიიღო]. შესაბამისად, სამინისტრომ ქონება აუქციონზე ხელახლა გამოიტანა. პირობები ფაქტობრივად იგივეა. ახალი აუქციონი 2023 წლის 3 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს დასრულდება.
გასაყიდი ქონების ჩამონათვალი:
- ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის N201-ში მდებარე 1347 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 708,87 კვ.მ შენობა-ნაგებობა და აქვე განთავსებული მოძრავი ქონება
- ქობულეთის სოფელ ხუცუბანში მდებარე 1653 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 1180 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მოძრავი ქონება
- ქედის სოფელ ძენწმანში მდებარე 800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 515,64 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მოძრავი ქონება
- დაბა შაუხევში, რუსთაველის N69-ში მდებარე 761 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 245,04 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მოძრავი ქონება
- ხულოს სოფელ ვაშლოვანში მდებარე 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 405,52 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ამ ქონებაზე განთავსებული მოძრავი ქონება და ორი ერთეული სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება [სახელმწიფო ნომრით XV-582-VX და OO-720-OK];
აუქციონის პირობა:
[checklist]
- საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად, კერძოდ:
2023 წლის 1-ელ ივნისამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა
2024 წლის 1-ელ ივნისამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა. - შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
- შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე არსებული ლოჯისტიკური ცენტრების, ამოქმედება;
- ლოჯისტიკური ცენტრების ამოქმედებიდან არანაკლებ 20 ადამიანის დასაქმება, სადაც დასაქმებულთა, არანაკლებ 80% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- ლოჯისტიკური ცენტრების პროფილის და დანიშნულების შენარჩუნება არანაკლებ 10 წლის ვადით, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას;
- აღნიშნული პროექტისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 წლისა არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის განხორციელება.
[/checklist]