განათლება,მთავარი,სიახლეები

ჩანაწერში ისმის მასწავლებლის გააფთრებული ყვირილი – რა მოხდა ქობულეთის მე-2 სკოლაში

23.05.2023 • 106243
ჩანაწერში ისმის მასწავლებლის გააფთრებული ყვირილი – რა მოხდა ქობულეთის მე-2 სკოლაში

„სკოლა წყვეტს სწავლის პროცესს პროტესტის მიზნით“, – ეს განცხადება დღეს, 23 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის ფეისბუქის გვერდზე დაწერეს.

იმავე გვერდზე მასწავლებლები და მშობლები კომენტარებში წერდნენ, რომ არ უჭერდნენ მხარს სკოლიდან მასწავლებლის წასვლას. ვიღაც კი მოსწავლეს უცხადებდა სოლიდარობას.

ჩანაწერი სკოლის ფეისბუქგვერდიდან მოგვიანებით წაშალეს.

„ბათუმელები“ ვითარებაში გარკვევის მიზნით სკოლის დირექტორს, ნანი ცივაძეს დაუკავშირდა, თუმცა მას ამ დროისთვის მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

ქობულეთის რესურსცენტრში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სკოლაში მღელვარების მიზეზი მუსიკის მასწავლებელსა და ერთ-ერთ მოსწავლეს შორის დაპირისპირება გახდა.

„მეშვიდეკლასელმა მოსწავლემ მასწავლებელი მაშინ ჩაწერა ვიდეოზე, როცა მასწავლებელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ბულინგზე საუბრობს ბავშვი, ჩანაწერში ისმის მასწავლებლის გააფთრებული და გაბრაზებული ყვირილი, ასეთი ჩანაწერი აქვს მოსწავლეს.

მშობელმა მიმართა სკოლას, დისციპლინურ კომიტეტს და, როგორც ვიცი, გუშინ დაიწყეს მუშაობა.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით დისციპლინურ კომიტეტს ჰქონდა მოკვლევა დაწყებული და, როგორც ვიცი, რაღაც გადაწყვეტილებაც გამოიტანა, თუმცა ჯერ კიდევ აქვს მოკვლევისთვის დრო.

თუმცა, მუსიკის მასწავლებელმა, რომელიც მონაწილეობდა ამ ინციდენტში, სკოლიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერა და ამის გამოა ვნებათაღელვა“, – უთხრა ,,ბათუმელებს” რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მადონა გოგიტიძემ.

მისი თქმით, სკოლის დირექტორი რამდენიმე დღეა სკოლაში არ იმყოფება.

„იმდენად რთული სიტუაცია იყო, რომ გავიდა სკოლიდან რამდენიმე დღით. ვიღაცამ ეს ისე აღიქვა, რომ თითქოს დირექტორმა დატოვა თანამდებობა და ამას აპროტესტებდნენ მასწავლებლები.

თუ ჩვენ ასე, ერთი მოსწავლის მოთხოვნით უნდა დავშალოთ სკოლა, ხვალ ჩვენც ამ რიგში ვიქნებითო და ამას აპროტესტებდნენ მასწავლებლები“, – ამბობს მადონა გოგიტიძე.

მისი თქმით, მოსწავლის მშობელი სკოლიდან იმ მასწავლებლის წასვლას მოითხოვდა, რომელმაც ბავშვს შეურაცხყოფა მიაყენა.

„მშობლის მოთხოვნა იყო, რომ მასწავლებელმა დატოვოს სკოლა და არც ერთ სკოლას არ გაეკაროს. თუმცა სხვა ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ ერთი ინციდენტის გამო არ უნდა იყოს ისეთი მკაცრი მოთხოვნა, რომ წავიდეს მასწავლებელი და ვერც ერთ სკოლაში ვეღარ იმუშაოს“, – ამბობს მადონა გოგიტიძე.

___

ფოტო: ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: