მთავარი,სიახლეები

რატომ არის 26 მაისს სახელმწიფო დროშების გამოფენა მნიშვნელოვანი

24.05.2023 •
რატომ არის 26 მაისს სახელმწიფო დროშების გამოფენა მნიშვნელოვანი

26 მაისი საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.

ამ დღეს, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ხმამაღლა საუბრობს იმაზე, თუ რა გზა, რა გამოწვევები გადალახა საქართველომ, როგორც ქვეყანამ იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყო რუსული, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან და საბოლოოდ მოეპოვებინა ის თავისუფლება, რომელიც მას არსებობის მანძილზე გააჩნდა.

სუვერენული სახელმწიფოს ატრიბუტებია დროშა, გერბი და ჰიმნი, რომელიც ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ის არ იცვლის მთავარ არსს, მთავარ იდეას, რასაც ეს სიმბოლიკები ატარებს.

რატომ არის დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო დროშის გამოფენა, სახელმწიფო შენობებზე მისი აღმართვა მნიშვნელოვანი და როგორ უნდა ვსაუბრობდეთ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაზე დღეს – ამ თემაზე „ბათუმელები“ საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა.

ირაკლის თქმით, დროშა ეს არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის სიმბოლო, რომელიც მონიშნავს ერს, როგორც თვითმყოფად სახელმწიფოს.

„დროშის, ჰიმნის, გერბის გამოყენებას თავისუფალი ქვეყნის სიმბოლოდ, ჯერჯერობით ალტერნატივა არ აქვს. დროშას ვხედავთ ყველგან – მშვიდობიანობის, ომიანობის პირობებში, გლოვისას, ჰიმნის გაჟღერებისას თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების პროცესში. ის ყოველთვის ყველაზე მკაფიოდ განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ განწყობას და იდენტობას“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

მისი თქმით, სახელმწიფო დროშის საჯაროდ აღმართვა როგორც სოლიდარობის, ასევე პროტესტის ერთგვარი ჟესტიცაა და მას ხშირად იყენებენ ადამიანები სხვადასხვა პროცესში.

„მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად სწორედ უკრაინის დროშას იყენებდნენ ქვეყნები, რიგითი ადამიანები. დროშის გამოფენით სოლიდარობის მსგავსი პრეცედენტი მართლაც არ მახსენდება ჩემი ისტორიული მეხსიერების მანძილზე.

დროშა ეს არის ძალაუფლების სიმბოლოც, სწორედ ამიტომაა, რომ დროშის დაწვა და განადგურება მიიჩნევა კონკრეტული ერის, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ მტრულ აქტად.

როდესაც კონკრეტული ქვეყნის დროშას ასე ექცევიან დემონსტრაციულად, ეს ნიშნავს, რომ ეს აგრესია მიემართება მთელ იმ საზოგადოებას, ქვეყანას, ერს, რომელიც ამ სიმბოლოს აღიქვამს როგორც საკრალურს, წმინდას და მისი როგორც სუვერენული სახელმწიფოს სიმბოლოს“, – გვეუბნება ირაკლი ხვადაგიანი.

მისი თქმით, თუ სახელმწიფოს შიგნით ვინმე შეურაცხყოფს სახელმწიფო სიმბოლიკას – დროშას, ამაზეც მიმდინარეობს დისკუსია და არის ადმინისტრაციული წესით დასჯადიც.

ქართული სახელმწიფო დროშის მიმართ, როგორც ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, დღეს ქართული საზოგადოების დამოკიდებულება თითქმის ჩამოყალიბებულია და ის აღიქმება როგორც სახელმწიფოს სიმბოლოდ, რომელიც გამოხატავს ჩვენ ისტორიულად გამყარებულ თავისუფლების იდეას და მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის უწყვეტობას.

„დღევანდელი (ხუთჯვრიანი) დროშის სიმბოლოს ატარებდა უძველესი ქართული სახელმწიფო და ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ვართ უძველესი სახელმწიფო, რომელსაც აქვს გარკვეული რელიგიურ-კულტურული დატვირთვაც, რადგან დროშაზე გამოსახულია ქრისტიანული სიმბოლიკა – ჯვარი.

ამის ფონზე ცოტა იჩაგრება პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკა, იმდროინდელი დროშა, რომელსაც შესაბამისი კონტექსტი და ადგილი არ აქვს დღეს, ამჟამინდელი სახელმწიფო სიმბოლიკების გვერდით“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

საქართველოს სახელმწიფო დროშა

მისი აზრით, ბოლო წლების განმავლობაში თვალნათლივ ჩანს, რომ სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებული კულტურა ბუნებრივად ვითარდება და ყველა სივრცეში თავისი ადგილი უჭირავს.

„დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას რაც შეეხება, აქ რა თქმა უნდა, უფრო მეტი გამოწვევაა და დღევანდელი კატასტროფული პოლიტიკის ფონზე, როდესაც ღიად პრორუსული, კრემლთან მოთანამშრომლე ხელისუფლება გვმართავს, დამოუკიდებლობის აღნიშვნაც კი კომიკურია მათი მხრიდან.

შეცვლილია აქცენტები, რიტორიკა და დრამატურგიაც. ბოლო წლებში აბსოლუტურად იგნორირებულია 26 მაისის ისტორიული განზომილება, პირველი, თანამედროვე სახელმწიფოებრიობის დაფუძნების დღე და დღევანდელი საქართველოს, როგორც თანამედროვე, დასავლური მოდერნისტული სახელმწიფოს განხორციელების იდეა, ყოველთვის უკანა პლანზეა გადასული.

ვხედავთ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ჩატარებულ სახელმწიფო მნიშვნელობის, ისტორიულ-პოლიტიკური შინაარსიდან გამოშიგნულ რიტუალებს, დიდ ბაზრობა-გამოფენებს საბჭოურ სტილში. ამ დროს სრულიად იგნორირებული არიან პირველი სახელმწიფოს დამფუძნებლები, ლიდერები, როგორიც იყო ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი და სხვადასხვა პარტიული სპექტრის წარმომადგენლები, ვინც შექმნეს ეს დამოუკიდებლობა და შემდეგ სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ, იცავდნენ მას“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

მისი თქმით, წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნოე ჟორდანიას 26 მაისის მიმართვიდან ამონარიდები გამოიტანეს საჯაროდ, აქამდე ამის სხვა პრეცედენტი არ ყოფილა.

„აქამდე იყო ტოტალური იგნორირება, ნოე ჟორდანიას პორტრეტსაც კი ვერ ნახავდით 26 მაისს საჯარო სივრცეში. წელს, ავტობუსის მოსაცდელებთან არის ბანერები გამოკრული, სადაც ნოე ჟორდანიას მიმართვის ტექსტია განთავსებული.

არ ვიცი რატომ გააკეთეს ეს წელს, რამდენად გააზრებული გადაწყვეტილებაა ვერ გეტყვით, გამიჭირდება ამის შეფასება, მაგრამ სახელმწიფო იდეის მნიშვნელობაზე, უკიდურესად მნიშვნელოვანია გააზრებული საგანმანათლებლო პოლიტიკა. სამწუხაროდ, ეს არ გვაქვს. რესურსი არის, უბრალოდ, პოლიტიკური ნება არ არის, რომ ეს რესურსები გამოიყენონ“, – ამბობს ირაკლი.

მისი აზრით, საერთო პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს ის, რომ მკაფიოდ ვიცოდეთ და გვესმოდეს, ასევე ვასწავლიდეთ და ვიხსნიდეთ მომავალ თაობას თუ ვინ ვართ, რა არის ჩვენი, როგორც ერის ამოცანა, რა გაგვიკეთებია ამ გზაზე და რა არის ამავე გზაზე მთავარი საფრთხე სახელმწიფოებრიობისთვის, სად ვართ დღეს და სად უნდა ვიყოთ ხვალ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: