ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის სამინისტრო ახალშენში 4 ოჯახის გამოსახლების პირობით ქვის მოპოვების ლიცენზიას ყიდის

24.05.2023 • 1524
აჭარის სამინისტრო ახალშენში 4 ოჯახის გამოსახლების პირობით ქვის მოპოვების ლიცენზიას ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას, დამატებითი პირობებით, აუქციონზე ყიდის.

აუქციონში გამარჯვებულს უფლება ექნება შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით 219 564 კუბური მეტრი ფლეთილი ქვა [„ტუფობრექჩია“] მოიპოვოს 5 წლის განმავლობაში.

თუმცა სამუშაოების დაწყებამდე ლიცენზიის მფლობელს დამატებითი პირობების შესრულებაც მოუწევს. კონკრეტულად:

  • ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემიდან წიაღისეულის მოპოვების დაწყებამდე სალიცენზიო ობიექტის მიმდებარედ 30-35 მეტრში განლაგებულ შენობაში მცხოვრებ 4 ოჯახს საკუთრების უფლებით გადასცეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობი;
  • ამ შენობის დაზიანების შემთხვევაში კი, ლიცენზიის მფლობელმა ქონების მესაკუთრეს [ამ შემთხვევაში სახელმწიფოს] მიყენებული ზიანიც უნდა აუნაზღაუროს.

„ბათუმელები“ შეეცადა ამ 4 ოჯახის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, თუმცა ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ შენობაში „რამდენიმე ეკომიგრანტი ოჯახი უკვე წლებია ცხოვრობს“.

ამჟამინდელი სალიცენზიო ობიექტის [ნაკვეთის] მომიჯნავედ კარიერი ადრეც იყო და წიაღისეულსაც მოიპოვებდნენ, თუმცა ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ „აქ ბოლო 4-5 წელია წიაღისეულის მოსაპოვებლად სამუშაოები აღარ მიმდინარეობს“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სალიცენზიო ობიექტის [ანუ იმ ნაკვეთის, სადაც მომავალმა ლიცენზიანტმა წიაღისეული უნდა მოიპოვოს] საკადასტრო კოდიც მოვთხოვეთ. სამინისტროს პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ „საკადასტრო კოდებით არ ხდება ლიცენზიის გამოცხადება, კოორდინატებით არის, ეს კოორდინატები მითითებულია აუქციონის ტექსტში.“

„აუქციონის ტექსტში“ GPS კოორდინატები მართლაც არის მითითებული, თუმცა რუსულენოვან რუკაზე, კონკრეტული საზღვრების მონიშვნის გარეშე.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, თუ რატომ იყენებს სამინისტრო რუსულენოვანი რუკებს და არა თანამედროვე სატელიტურ ფოტოებს, სადაც ნებისმიერი ფორმით არის შესაძლებელი კონკრეტული ნაკვეთის მონიშვნა, თუნდაც იგივე GPS კოორდინატებით. თუმცა ამ ეტაპზე სამინისტროში ვერც ამის გარკვევა მოვახერხეთ.

სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოყენებული რუკა [ზემოთ] და ამ რუკაზე აღნიშნული წერტილები სატელიტურ ფოტოზე [ქვემოთ]:

ქვემოთ რუკაზე 0, 1, 2 და 3 ის წერტილებია, რომელთა შორის მოქცეულ ტერიტორიაზე მომავალი ლიცენზიანტი 5 წლის განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულს [ფლეთილ ქვებს] მოიპოვებს. ზემოთ, იგივე ტერიტორია – რუსულწარწერებიან რუკაზე, სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონიდან

იმავე ადგილისთვის არარუსულენოვანი ტოპორუკების პოვნაც ადვილია:

C, D, E, J ის წერტილებია, რომელთა შორის მოქცეულ ტერიტორიაზე მომავალი ლიცენზიანტი 5 წლის განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულს [ფლეთილ ქვებს] მოიპოვებს ახალშენში

ახალშენში, ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა საერთო ჯამში შეადგენს 219 564 კუბურ მეტრსლიცენზიის მოქმედების ვადა კი, 5 წელი იქნება.

ლიცენზიის მოსაპოვებლად ელექტრონული აუქციონი 2023 წლის 5 ივნისს დღის 12 საათზე დაიწყება და იმავე დღის საღამოს 6 საათზე დასრულდება.

აუქციონზე საწყისი ფასი 72 130 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 7 213 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხა – 25 200 ლარი [საგარანტიო თანხა მოიცავს 200-ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელსაც].

ვინ არის დაინტერესებული წიაღისეულის მოპოვებით და რა დანიშნულებით გამოიყენებენ მას, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. თუმცა ბათუმში, ბარცხანისა და თამარის დასახლებების გასწვრივ პლაჟთან, „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ დაგეგმილი აქვს ხელოვნური კუნძულის აშენება, სადაც „ნაპირდამცავი ჯებირის“ მოსაწყობად სამუშაოები დაიწყეს.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და სალიცენზიო ობიექტის [ახალშენის კარიერის] ადგილები

გამორიცხული არ არის ახალშენში მოპოვებული ქვები კუნძულის მოსაწყობადაც გამოიყენონ, მით უმეტეს, შესაბამის დოკუმენტებში თავის დროზე აღნიშნული იყო, რომ „მშენებლობისთვის საჭირო ქვების შემოტანა დაგეგმილია ლიცენზირებული კარიერებიდან, კერძოდ: ხალას, ახალშენისა და ქედის კარიერებიდან.“

ამ თემაზე:

რიჟვაძე: ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული

გადაბეჭდვის წესი


ასევე: