მთავარი,სიახლეები

ვინც რუსეთს ზედაპირულად მაინც იცნობს, არ მგონია დაიჯეროს, რომ აფხაზეთს დაგვიბრუნებს

24.05.2023 • 8878
ვინც რუსეთს ზედაპირულად მაინც იცნობს, არ მგონია დაიჯეროს, რომ აფხაზეთს დაგვიბრუნებს

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დანიშვნის პარალელურად, სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი რუსეთის მხრიდან შესაძლო, სამომავლო დეოკუპაციის შესახებ. ურთიერთობების „დათბობის“ შემდეგ თითქოს არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთმა აფხაზეთი დაგვიბრუნოს. რამდენად შეიძლება ეს მოსაზრება სეროზულად განვიხილოთ? – ჩვენს კითხვებს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე პასუხობს.

  • ბატონო დიმიტრი,  პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საზოგადოების პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ გააჩინა ახალი მოსაზრება, რომ შეიძლება აფხაზეთი დაგვიბრუნოს რუსეთმა – რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოში ან აფხაზეთში, თუნდაც რომელიმე მცირე ჯგუფი, ამას სერიოზულ განაცხადად აღიქვამს?

არ მგონია არსებობდეს ადამიანი, ვინც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია იცის, ან რუსეთის სახელმწიფოს იცნობს, არ ვიტყოდი ექსპერტულ დონეზე, არამედ ზედაპირულად მაინც და ასეთ ადამიანს ოდნავი ილუზია მაინც გაუჩნდეს, რომ რუსეთი ადგება და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს დაუბრუნებს. ეს გამორიცხული ამბავია. ეს გამორიცხულია რუსეთის სახელმწიფოს სახიდან გამომდინარე. ისტორია არის საუკეთესო მასწავლებელი. ჩვენ რუსეთ-საქართველოს ისტორია გვეუბნება, რომ არც ერთი სახის შეთანხმება, არც ერთი ხარისხის, თუნდაც დაბალი რანგის, არც ერთი არ არსებობს, რომელიც რუსეთმა დაიცვა და შეასრულა. აქედან გამომდინარე, სრული აბსურდია, რომ რუსეთი ამას გააკეთებს.

  • ანუ, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა მხოლოდ?

ცხადია, ეს ჩვეულებრივი პროპაგანდაა. ამას, უბრალოდ, ვერ შეხედავ სერიოზულად. ჯერ ერთი, რუსეთი ამაზე არც საუბრობს საერთოდ და საუბარი რომც დაიწყოს, ძნელია ენდო სახელმწიფოს, რომელსაც ათასჯერ აქვს აღიარებული, გინდა აფხაზეთი და გინდა ცხინვალი, მაგრამ მეორე დღესვე აქვს წაღებული ეს აღიარება უკან და ხან ჯარით არის შემოჭრილი და ხან კიდევ აიარაღებდა მათ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა. ასე, რომ ეს სრული აბსურდი და პროპაგანდის ნაწილია მხოლოდ და მხოლოდ.

  • ირაკლი კობახიძე ოკუპანტი ქვეყნის სანქცირებული მოქალაქეების საქართველოში ვიზიტის საწინააღმდეგო პროტესტს ქსენოფობიას უწოდებს. რუსეთი უკრაინაში ოფიციალურად დენაციფიკაციის მოტივით შეიჭრა. როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არის რუსების მიმართ ქსენოფობიური განწყობები, ეს რუსეთისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ხომ არ იქნება არგუმენტი საქართველოზე თავდასხმისთვის?

საქართველოს მოქალაქეს ყველაფერი შეიძლება დააბრალო ქსენოფობიის გარდა რუსებისადმი. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მომენტში უთავმოყვარეო ქცევაც შეიძლება იყოს. პირიქით არის აბსოლუტურად – აქ შემოდიან  რუსეთის მოქალაქეები დიდი რაოდენობით და ერთ შემთხვევას ვერ დაასახელებს ვერავინ, რომ მათ ფიზიკურად შეეხო ან… უბრალოდ, შემთხვევა არ არსებობს ამის.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ სახელმწიფოს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. ამის გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთის სახელმწიფოს ამ აგრესიულ პოლიტიკას რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილიც ამართლებს. ამის მიუხედავად, საქართველოში არანაირი ქსენოფობიის პრობლემა არ დგას – შემთხვევას ვერ დავასახელებთ, სადაც აი, ამ ნიადაგზე, რაღაც კონფლიქტი მომხდარა. რუსეთი კიდევ იყენებს მოგონილ მიზეზს, რომ თითქოს მის მოსახლეობას ავიწროებენ. ამ შემთხვევაში კობახიძე იქნება თუ ნებისმიერი, ვინც ამას საუბრობს, არის ერთგვარი საბაბის მიცემა რუსეთისთვის, რომ აქ სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს. საშინელი რამ არის, რასაც ამბობენ.

  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დიდია საფრთხე, რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან ანექსიის პოლიტიკაზე გადავიდეს – ასეთი განცხადებები მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან იმავე საფრთხეზე პასუხისმგებლობას გამორიცხავს? ამ შემთხვევაში ფრთხილი რატომ არ არის ხელისუფალი, რომელიც გვეუბნება, რომ ომი არ უნდა?

როდესაც რუსეთი უკრაინაში ომობს და მარცხს განიცდის, ასეთ შემთხვევაში, რუსეთი არ იფიქრებს, რომ სამხედრო მოქმედებები დაიწყოს საქართველოში. ასევე, პროპაგანდის ნაწილი, სრული აბსურდი და ლოგიკას მოკლებული მგონია ის, რომ თითქოს საქართველოს ვინმე მეორე ფრონტის გახსნას სთხოვს. ერთადერთი, მე როგორც მოქალაქე, რასაც ვხედავ არის ის, რომ საქართველოს მთავრობა აშინებს საკუთარ მოქალაქეებს. მე ასე ვხედავ ამ ყველაფერს.

  • აფხაზეთში რიგითი მოქალაქისთვის რა მოლოდინები შეიძლება გააჩინოს საქართველოს მთავრობის ასეთმა პოლიტიკამ და, ზოგადად, ბოლოდროინდელ პოლიტიკას რუსეთის მიმართ როგორ აფასებენ აფხაზეთში?

აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ბევრი კატეგორია არსებობს, ის ნაწილი, რომელიც არ განიხილავს საქართველოსთან ერთად მომავალს და ის ეთნიკურად ქართველი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ორი სხვადასხვა კატეგორიაა. როგორ ხედავენ ამ ყველაფერს, ამაზე ალბათ, მათ რომ ისაუბრონ, აჯობებს. მათ, ვისაც სურს გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება, არა მგონია, ილუზია ჰქონდეთ რუსეთის კეთილ ნაბიჯებთან დაკავშირებით, მათ საკუთარ თავზე გამოსცდეს, იგივე 90-იან წლებში დადებული შეთანხმებები, რომლებსაც არღვევდნენ, გამოიყვანეს იქიდან სამხედრო ტექნიკა და მალევე სამხედრო მოქმედებები განახლდა.

ამ ხალხმა საკუთარ თავზე იწვნია ეს ყველაფერი და არა მგონია, ილუზია ჰქონდეთ რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით. რუსეთს არაფერი არ უთქვამს, აბსურდია ამაზე საუბარი, მაგრამ რომც ილაპარაკოს, ამის დაჯერება მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარ თავზე გამოსცდა ეს ყველაფერი, რთული იქნება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ვგულისხმობ ეთნიკურად აფხაზებს, რომლებსაც ალბათ არ სურთ ერთიან საქართველოში ცხოვრება, ისინი რას ფიქრობენ, არ ვიცი. ალბათ თვითონ ისაუბრებენ.

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად იმუშავებს მინიშნება, რომ რუსეთი დაგვიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუ უარს ვიტყვით დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობაზე?

ალბათ რაღაც ნაწილზე [იმუშავებს], ზედმეტად გულუბრყვილო მოქალაქეებზე, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია არ იციან, ან მოკლე მეხსიერება აქვთ. ალბათ მაგ სეგმენტზე იმუშავებს. ეს ძალიან მცირე სეგმენტია.

დიდი უმრავლესობისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამ სახელმწიფოს ნდობა არ შეიძლება. ჯერ ერთი, არანაირი წინადადება იქითა მხრიდან არ არის და რომც იყოს, შეუძლებლად მიმაჩნია, რომ რუსეთმა დააყენოს ეს წინადადება. მას როგორ უნდა ენდო, ეს კიდევ მეორე შეუძლებელ ამბად მიმაჩნია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: