მთავარი,სიახლეები

ვაჟამ თქვა: „ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“, კობახიძე კი სწორედ ამას აკეთებს – მასწავლებელი

22.05.2023 • 37113
ვაჟამ თქვა: „ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“, კობახიძე კი სწორედ ამას აკეთებს – მასწავლებელი

მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასანქცირებული შვილი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში შემოუშვა, საქართველოს მოქალაქეებმა კი ამ ფაქტის გამო საპროტესტო აქცია გამართეს და ამ ოჯახს ყვარლის ტბაზე დაგეგმილი ქორწილი ჩაუშალეს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ევროკავშირის მიერ დასანქცირებული რუსების საქართველოში შემოსვლა გააპროტესტა, ბნელები უწოდა და ყვარლის ტბაზე დაგეგმილი ქორწილის გამართლება ვაჟას „სტუმარ-მასპინძლის“ იდეით სცადა.

„ქორწილის ჩაშლა, იმ ადამიანის, რომელსაც არც დანაშაული ჩაუდენია და არც არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა.

თქვენ იცით, რომ ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძელი“ მე-19 საუკუნეში დაწერა და მინდა საზოგადოება დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

რას ამბობს ვაჟა-ფშაველა და რამდენად ამახინჯებს „სტუმარ-მასპინძლის“ იდეას ირაკლი კობახიძე. ამ თემაზე „ბათუმელები“ ეროვნული ჯილდის მფლობელ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, სოფო გოგოხიას ესაუბრა.

სოფო გოგოხიას თქმით, ყოველთვის, როცა ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ ქართველი მწერლების არასწორ ინტერპრეტაციას.

„ხან „ვეფხისტყაოსანია“ ხოლმე მსხვერპლი, ხან ილია და ახლა ვაჟა-ფშაველაც დაამახინჯეს“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, აქ ან ტექსტის წაკითხვა-გააზრების პრობლემა დგას ან მას შეგნებულად ამახინჯებენ.

„თუ ვინმეს არ ახსოვს „სტუმარ-მასპინძელი“, უნდა დააკვირდეს რამდენიმე დეტალს, გაიხსენოს ის, რა გარემოებაში ხვდება ჯოყოლა ძმის მკვლელს, როგორ გაიცნობს: მას სახლში როცა მიჰყავს ზვიადაური, არ იცის, ვინ არის ის.

ზვიადაური სახელსაც მალავს, რადგან იცის, რომ ქისტები მის სახელს იცნობენ და ამიტომ ვერ ამხელს ვინაობას.

ჯოყოლას სახლში მიჰყავს გზადაკარგული მონადირე, რომელიც გაიცნო და მოეწონა, რაც შემთხვევითი იყო და სრულიად განსხვავდება იმ ამბისგან, რაც ამ დღეებში ჩვენ გვანახეს“, – ამბობს სოფო გოგოხია.

სოფიო გოგოხია

მისი თქმით, დღეს ხელისუფლება გვესაუბრება მტერზე, რომელსაც ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და მესამე ათწლეულია „გლეჯს ქვეყანას“.

„ძალიან დიდი განსხვავებაა აქ, ლავროვის შვილის შემოსვლასა და ამ ამბავს შორის. ჯოყოლა და ზვიადაური თანაბარი არიან ამ მოცემულობაში, ერთნაირი ძალაა და დღეს ვსაუბრობთ რუსეთზე, მტრულ ძალაზე, რომელსაც იცნობ და იცი, რომ შენი განადგურება სურს.

როცა ჯოყოლა იგებს, რომ ძმის მკვლელი მიუყვანია სახლში, ის ნანობს, თუმცა დგება არჩევანის წინაშე. მან აირჩია ჰუმანური, ადამიანური გზა და არჩევანი მასზე გააკეთა. დაიცვა ის, ვინც მან მიიყვანა სახლში, ვისაც ენდო.

თანაც ზვიადაური უიარაღოა, ქისტების გარემოცვაშია და მარტოა. ერთზე ბევრი არ დაუშვა ჯოყოლამ, მისი ადამიანობა ამას ვერ იზამდა და, შესაბამისად, ზნეობრივი კანონი უკარნახებს, რომ დაიცვას სტუმარი.

ისეთი მარტივია აქ განსხვავების დანახვა, რომ ამაზე ლაპარაკი და განმარტების გაკეთება როცა გვიწევს, უცნაურია“, – გვეუბნება სოფო.

მისი თქმით, თუ ტექსტს გავაგრძელებთ და ჩავყვებით, იმასაც დავინახავთ, რომ ჯოყოლა იმდენად ვალდებულად გრძნობს თავს თემის წინაშე, რომ მარტოდ ეკვეთება ხევსურებს და ცდილობს მთელ ქისტეთს დაუმტკიცოს ერთგულება და ხევსურებთან ბრძოლაში კვდება კიდეც.

„ასე, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა, როცა მტერს ქორწილს, ტაშ-ფანდურს უმართავ ოკუპირებულ ქვეყანაში და ბედნიერი ხარ ამით. აქ საერთოდ რა მოსატანია ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი“, რაზე გვიწევს ლაპარაკი“, – გვეუბნება ის.

მისი აზრით, ვაჟას „სტუმარ-მასპინძელს“ და ლავროვის შვილის ქორწილს არაფერი აქვთ საერთო, თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ იმ მწერლებით მანიპულირებას, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და ფასეულია.

„უნდათ ჩვენც გვაქციონ წაკითხულიდან შინაარსის ვერგამომტან არსებებად, რადგან წარმოუდგენლად უნიჭო და უგუნურია ამ ტექსტების ამ კონტექსტში მოშველიება.

პირიქით, ვაჟას ყველა ტექსტის ამოსავალი არის ის, რომ „ბილწთ არ შევეკვრი ზავითა“ და ესენი პირდაპირ ამ ბილწებს ეკვრიან ზავით და უნდათ, რომ ვინც ამას გვასწავლის, ის ამის საპირისპიროდ დაიმოწმონ.

ვერც კი ხვდებიან, რამდენად უგუნური არგუმენტია ეს ამათი მხრიდან და კიდევ უარესია ის, ვინც ამ პროპაგანდაზე ეგება. საერთოდ არ არის პარალელი გასავლები ამ ტექსტსა და იმ ფაქტებს შორის, რასაც ეს დღეები გვაყურებინებენ.

ეს ქორწილიც და ის ყველაფერიც რაც ახლა ხდება, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია, უნდა გაგვასულელონ და ვაჟა მოიშველიონ, დაიმოწმონ, რომ არაფერი დატოვონ ხელშეუხებელი.

ტრაგედიაა ის, ამ ქვეყანაში რომ ეს გეთქმის ადამიანს და მერე ეს ვიღაცას სჯერა და ამის ახსნა-განმარტება რომ გვიწევს. იმის განმარტება, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე და ის, დამპყრობელს ქორწილი გავუმართოთ თუ არა.

რუსები კი მოდიან იმპერიის ნაწილში, ქეიფობენ, ტაშ-ფანდურობენ, ისვენებენ, დეზერტირობენ… რატომაც არა. ის მაინც აღიარონ, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში მოდიან და ცოტა თავდახრილად იყვნენ, ნაკლები სითავხედით და უპასუხონ კითხვაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ თქვან, რომ პოლიტიკაში არ ერევიან და ამაზე არაფერი იციან.

უნდოდათ და შემოიყვანეს – ქვეყანა იმ ფაზაში დააბრუნეს, 90-იან წლებში შს მინისტრები კრიმინალურ ავტორიტეტებს რომ ხვდებოდნენ აეროპორტებში უსაფრთხოების მიზნით. უფრო უარესიც, ახლა უკვე პირდაპირ მტერს ხვდებიან, ეგებებიან და გასაგებია რაც უნდათ“, – ამბობს სოფო გოგოხია.

რუსული კანონის შემოტანის მცდელობისას „ქართული ოცნება“ ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებს“ ციტირებდა და საკუთარი ტროლ-ბოტების მეშვეობით პროპაგანდას ეწეოდა, რომ თურმე საქართველოს არ სჭირდება დასავლელი პარტნიორები, რადგან „ილია ამბობს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო“.

რუსული პროპაგანდა ცდილობს საქართველო მარტო დატოვოს აგრესორი ქვეყნის პირისპირ მარტო, ამერიკელი და ევროპელი მეგობრების გარეშე.

„არცერთი არ გვინდა, არც ამერიკა, არც ევროპა და ჩვენ მხოლოდ საქართველო გვინდა“, ამ ნარატივის უკან, რა თქმა უნდა, ყოველთვის დგას რუსეთი, რადგან თუ ვიქნებით მარტო, ადვილად გადაგვყლაპავს.

ესეც კრემლის შემოგდებული სატყუარაა, ანკესი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს.

როცა ილია ამას წერდა – „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“, მაშინ საქართველო მეფის რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. არ გვქონდა დამოუკიდებლობა, ორიენტირი დაკარგული გვაქვს 1801 წლიდან და ილია ამაში გულისხმობს ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზღვრებით უნდა იყოს წარმოდგენილი და არ უნდა იყოს იმპერიის ნაწილი.

ილიამ მთელი ცხოვრება შეალია ამ იდეას, რომ ერის იდეა გაცოცხლებულიყო, გააცოცხლა კიდეც და შეეწირა ამ იდეას. ამისთვის იბრძოდნენ თერგდალეულები და ახლა რანაირად შეიძლება ამ კონტექსტის მოტრიალება და ყველაფრის ასე დამახინჯება წარმოუდგენელია.

გამსახურდია ამბობდა, თუ გინდა ადამიანი გაანადგურო, ის უნდა დააბრალო, რასაც ებრძვისო. როგორ შეიძლება ილია და ვაჟა გამოიყენო იმისთვის, რასაც ებრძოდნენ ისინი მთელი ცხოვრება“, – ამბობს სოფო გოგოხია.

მისი თქმით, დღეს საზოგადოებას სჭირდება კრიტიკული აზროვნება, ფიქრი იმაზე, რას დავახვედრებთ ამ ჰიბრიდულ ომს და როგორ გავუმკლავდებით.

„ილიამ ჩვენ ფორმულაც გაგვიმზადა „აჩრდილში“, როცა თქვა, რომ უნდა შევეშვათ წარსულზე ტირილს და მოვძლიერდეთ, რომ ფეხზე დავდგეთ.

დღეს კი მონურ, ღირსებააყრილ, დათრგუნულ „მშვიდობაში“ ვცვლით ჩვენს მომავალს? მტერთან ასეთი დამოკიდებულების დაჭერა დანაშაულია, მაშინ, როცა ევროპის გეოპოლიტიკური ფანჯარა ღიაა ჩვენთვის და სწორედ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ქოლგა – თუ მართლა ამ ქვეყნის დაცვა გვინდა და ნორმალური მომავალი, ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.

მაგრამ ხელისუფლებას ლავროვის და პუტინის საქართველო უნდა და ჩვენ ვხედავთ ამას“, – ამბობს სოფო გოგოხია.

მისი თქმით, ისტორია ყოველთვის ინახავს უღირს ნაბიჯებს. ცოტას თუ დავფიქრდებით, ძალიან ნათელი და ცხადი გახდება სინამდვილეში რა არის გასაკეთებელი და ვინ რას აკეთებს ამ ქვეყნის მომავლისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: