მთავარი,სიახლეები

პუტინი ფრონტის ხაზის საჯარისო დანაყოფებსაც კი ვერ აკონტროლებს – მამულაშვილი

24.05.2023 • 1408
პუტინი ფრონტის ხაზის საჯარისო დანაყოფებსაც კი ვერ აკონტროლებს – მამულაშვილი

„რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო გამათავისუფლებელი მოძრაობა და ეს აუცილებლად გაფართოვდება,“ – ასე აღიქვამს ბელგოროდში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებს მამუკა მამულაშვილი, „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი.

მას დღეს, 24 მაისს, ვესაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება ამჯერად ფრონტზე: რა ფაქტორი შეიძლება გახდეს საბრძოლო მოქმედებების დაწყება რუსეთის ტერიტორიაზე და რა შემთხვევაში მოახერხებს უკრაინა კონტრშეტევის დაწყებას?

„მასშტაბური შეტევა მიდის ბელგოროდის ოლქზე…“ – გვიყვება უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი. – „რუსეთში არსებობს ხალხის გარკვეული ნაწილი, ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდი ნაწილია, ვინც გადაწყვიტა, რომ იარაღით ხელში იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის.

თუ ეს რუსებმა შეძლეს, საკმაოდ პოზიტიური იქნება ყველასთვის“.

მამუკა მამულაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ მოძრაობაში რუსეთის სხვა რეგიონებიც თუ ჩაერთვებიან, ამის მართვას პუტინის ხელისუფლება ვეღარ შეძლებს.

„გახსოვთ რა ხდებოდა ჩეჩნეთის ომის დროს – რა დრო დასჭირდა იქ რუსეთს, რომ მოესყიდა გარკვეული ნაწილი? ამისთვის რამდენიმე სამხედრო კამპანია დასჭირდა და დიდი დრო. ეს პროცესი იწყება ახლა რუსეთში.

სხვადასხვა ოლქში დაიწყება ეს გამათავისუფლებელი ბრძოლა… პუტინი ფრონტის ხაზის მიმართულებას, საჯარისო დანაყოფებსაც კი, ვერ აკონტროლებს. რუსეთმა ჯარის ძირითადი ნაწილი ბახმუტში უკვე დაკარგა და აღარ აქვთ იმის პოტენციალი, განაახლონ რაიმე სახის შეტევები. რუსები ახლა ემზადებიან კონტრშეტევის მოსაგერიებლად,“ – გვიყვება მამუკა მამულაშვილი.

მას პრიგოჟინი-შოიგუს დაპირისპირებაზეც ვკითხეთ: რას აჩვენებს ფრონტის ხაზზე მყოფი ქართველი მებრძოლისთვის ეს დაპირისპირება?

„პრიგოჟინი ბოლო ინტერვიუებში უკვე ღიად აკრიტიკებს პუტინს, პუტინის ხელისუფლებას. ჩემი აზრით, პრიგოჟინს რუსეთის სტილში მოკლავენ, ან შიდა რევოლუცია სწორედ ასეთმა ადამიანებმა შეიძლება დაიწყონ,“ – აღნიშნავს ქართველი მებრძოლი და ხაზს უსვამს იმას, რომ რუსებმა ფაქტობრივად ბრძოლის გარეშე დათმეს ბელგოროდის ოლქი, სადაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის საწყობები ჰქონდათ.

„მე, როგორც ვიცი, ეს საწყობები დაცალეს და გაიტანეს, სავარაუდოდ წაიღეს… რუსეთი ცდილობს, გაიქცეს ამ მონაკვეთიდან და არა ის, რომ შეაკავოს გამათავისუფლებელი მოძრაობა.

ის, რაც ახლა რუსეთის ტერიტორიაზე ხდება, ეს არის რუსეთის მოქალაქეების ინიციატივა. უკრაინას არ სჭირდება რუსეთის ტერიტორიაზე არეულობის იმიტაცია. რა თქმა უნდა, ეს უკრაინას შეუმსუბუქებს შეტევით ოპერაციას, მაგრამ ეს არის რუსების მიერ წამოწყებული,“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი, რომელიც სამხედრო ანალიტიკოსების პოზიციას არ ზიარებს – ყურადღების გადატანის მიზნით და ძალების კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად დაარტყეს ბელგოროდს, რომ კონტრშეტევა დაიწყოს, მაგალითად, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე.

„მე ვერ გეტყვით, როდის იქნება კონტრშეტევა, ან რა მიმართულებით, მაგრამ კონტრშეტევა დაიწყება, როცა უკრაინის ჯარი 100 %-ით იქნება აღჭურვილი, ყველა დეტალით, რაც საჭიროა კონტრშეტევისთვის, ეს არის ტანკები, თვითმფრინავები, რასაც იმედია, მალე გადმოსცემენ უკრაინას.

ბახმუტის მიზანი იყო, დაემარხა 40 ათასი რუსი და ეს მისია შესრულებული. ეს იყო რუსეთის არმიის ძირითადი ნაწილი. წარმოიდგინეთ, უკრაინის ზომების გათვალისწინებით, ბახმუტი იყო ერთი ციცქნა ქალაქი, რომელსაც არ ჰქონდა სტრატეგიული დატვირთვა, ჰქონდა მხოლოდ მედიადატვირთვა რუსებისთვის, რომ პუტინს ბრიფინგი მოეწყო, კიდევ რაღაც დავიპყარითო.

ახლა ბრძოლა უკვე მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიაზე. მალე მთლიანი უკრაინის დეოკუპაცია მოხდება. დღეის მდგომარეობითაც შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა გამარჯვებულია ამ ომში,“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი.

„ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ 2 ათასზე მეტი მებრძოლია ფრონტის ხაზზე.

„ლეგიონის საერთო რაოდენობის 60-70 % ქართველია. ჩვენი ლეგიონი რჩება უკრაინაში ყველაზე დიდ უცხოურ დანაყოფად და მოქმედებს მთელი ფრონტის ხაზზე ხარკოვის ოლქიდან ხერსონის ჩათვლით. ლეგიონს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტატისტიკა აქვს განადგურებული მტრის და სპეცტექნიკის.

გარდა ამისა, გრძელდება წვრთნები უკვე მე-9 წელია: ბრიტანელებისგან შემდგარ გუნდი ცალკეა და დაკავებულია მხოლოდ წვრთნებით“, – ამბობს მამუკა მამულაშვილი. იგი გვიზიარებს თავის დაკვირვებასაც, რომ უკრაინის მოსახლეობის და ქართველი მებრძოლების განწყობა და საბრძოლო შემართება უცვლელია.

„გასაკვირი არცაა: ადამიანი, რომელიც იცავს საკუთარ სახლს, ბევრად მაღალი მოტივაცია აქვს, ვიდრე ოკუპანტს.

მოტივირებული ვართ ქართველები, რადგან ჩვენი ტერიტორიაც ოკუპირებულია. ჩვენთვის ეს არის იგივე ბრძოლა საქართველოსთვის, ამიტომაც მაღალი შემართებით იბრძვიან ბიჭები.

ღარიბაშვილი კი გრძნობს, რომ უკრაინა იმარჯვებს ამ ომში და მისი პრორუსული განწყობები სულ მალე წყალში ჩაიყრება,“ – გვითხრა მამუკა მამულაშვილმა, „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: