მთავარი,სიახლეები

დედა ევროპაშიც დედაა – რას გვიყვება გერმანიაში მცხოვრები ქართველი ევროპულ ოჯახებზე

23.05.2023 • 3871
დედა ევროპაშიც დედაა – რას გვიყვება გერმანიაში მცხოვრები ქართველი ევროპულ ოჯახებზე

მუსიკოსი და ჟურნალისტი მარიკა ლაფაური-ბურკიდა 30-ზე მეტი წელია გერმანიაში, ჰამბურგში ცხოვრობს. ოჯახიც წლების წინ გერმანიაში შექმნა.

მარიკა ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და საქართველოშიც ცდილობს ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას.

რუსული პროპაგანდა დღეს საქართველოში აქტიურად ცდილობს ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით გარკვეული შიშები შექმნას და ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ევროპა რაიმე საფრთხეს უქმნიდეს ქართულ იდენტობას, მაგალითად, ოჯახის ან დედ-მამის ცნებებს.

პროპაგანდისტები ცდილობენ, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ევროპაში ბავშვებს აძალებენ სქესი შეიცვალონ, რომ აუცილებელია იყო ლგბტქ ჯგუფის წარმომადგენელი და რომ ევროპაში ცნებები – დედა და მამა იკრძალება.

ამ პროპაგანდას ახალისებს „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებიც. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის [CPAC] კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას „ფესვებს მოწყვეტილი“ უწოდა ადამიანებს, რომლებიც ლგბტ ადამიანების უფლებებზე საუბრობენ.

ღარიბაშვილი იმეორებს რუსული პროპაგანდის ნარატივებს და ამბობს, რომ „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობას არ დაუშვებს“, რომ  თურმე, რწმენისა და ღირებულებების არმქონეები ცხოვრობენ ევროპაში და ასე შემდეგ.

სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ მარიკა ლაფაურ-ბურკს და ჰკითხა, როგორია ოჯახი ევროპაში, მაგალითად, გერმანიაში და როგორ იცავს სახელმწიფო ბავშვის, მშობლის უფლებას, არის თუ არა „დედა“ დედა და „მამა“ – მამა.

მარიკა ლაფაური ამბობს, რომ ერთი მხრივ, უჭირს კიდეც ამ კითხვაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, თუმცა მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ „გერმანიაშიც ისევეა „დედა დედა“ და „მამა მამა“, როგორც საქართველოში და არავის აიძულებენ სქესი შეიცვალოს. ეს აბსურდია“.

მისი თქმით, დღეს ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება მიიღოს სწორი ინფორმაცია თუნდაც ინტერნეტით, რადგან „მთელი სამყარო ერთ დიდ ბიბლიოთეკად არის გადაქცეული“, მაგრამ ხშირად ადამიანები ინფორმაციას ისევ იმ წყაროებში ეძებენ, საიდანაც ასეთ აბსურდებს მოისმენ.

„რუსული პროპაგანდით მთელი მსოფლიოა აწრიალებული და ამაში ძალიან დიდი ფული იხარჯება. გერმანიაშიც იყო ეს პრობლემა, მაგრამ აქ გამოიკვლიეს ყველა წყარო და ადამიანებს აქვთ ინფორმაცია რა არის ყალბი ამბავი და რა სიმართლე.

ჩემი თვალსაზრისით, გერმანული ოჯახი ბევრად ტრადიციულია, ვიდრე ეს წარმოუდგენიათ საქართველოში. მშობლები კარგად არიან ინფორმირებული საფრთხეების შესახებ და მაგალითად, არ დაუშვებენ, რომ ბავშვები საათობით ისხდნენ კომპიუტერთან, ყურადღებით აკვირდებიან რითია ბავშვი დაკავებული. ეს სწორედ იმიტომ, რომ მამა მამობს და დედა დედობს.

მშობლები ყოველთვის ცდილობენ შაბათი-კვირა აუცილებლად ბავშვთან გაატარონ და მის აღზრდას დაუთმონ. ჩვენთან ეს, სამწუხაროდ, უფრო ხელმიშვებული მეჩვენება.

პანდემიის პერიოდში, როცა უფრო მეტი თავისუფალი დრო მქონდა, სკოლაში დავიწყე მუშაობა და, შესაბამისად, ვიცი როგორი სასკოლო გარემოა ბავშვებისთვის.

ამ პერიოდში საქართველოში ატეხილი იყო ამბავი სკოლებში სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებით და დისკუსია მიმდინარეობდა სოციალურ ქსელებში.

მუსიკოსი ერეკლე კუხიანიძე აქტიურად იყო ჩართული პროპაგანდაში, რომ ეს იყო გარყვნილება, რომ ბავშვებს აძალებდნენ ამის სწავლას და აზიარებდა ვიდეოებს, სადაც თითქოს მშობლები საუბრობდნენ ამ ზეწოლაზე.

მაშინ გაოგნებული დავრჩი მისი ამ რუსული პროპაგანდით და აბსურდული ბრალდებებით, რადგან „მიმტკიცებდა“, რომ ევროპაში ბავშვებს იდენტობას უცვლიან. ასეთ საშინელებებს ლაპარაკობდა, თან ასეთი ინტენსიურობით.

მერე აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი თბილისის საკრებულოში აირჩიეს და დიდ პოსტზეც დანიშნეს“, – ამბობს მარიკა ლაფაური-ბურკი.

მისი თქმით, მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდანაც იყო მის საქმიანობაში ხელშეშლის მცდელობები.

„კახეთში ვახორციელებდი პროექტს, თეატრსა და არქეოლოგიას ვასწავლიდი ახალგაზრდებს და ასეთ პროექტშიც კი სცადეს სასულიერო პირებმა უხეში ჩარევა იმ მიზეზით, რომ თურმე მე „სხვანაირად ვასწავლიდი“ და რომ ჩვენ თურმე სხვა ტრადიციები გვაქვს და ევროპას – სხვა. აი, ასეთი სრულიად შეუსაბამო საუბრის წამოწყება სცადეს ჩემთან“, – გვეუბნება მარიკა.

მისი თქმით, გერმანიაში, როგორც ყველაფერს აქვს დაწერილი წესი, იქნება ეს სქესობრივი განათლება თუ სხვა საკითხები, სასკოლო პროგრამაშიც ყველაფერი ზედმიწევნით არის გაწერილი.

„სქესობრივი განათლების გაკვეთილებიც ისეთივე სავალდებულოა, როგორც, ვთქვათ, ცურვის გაკვეთილი და ეს გაკვეთილიც არ ტარდება ყოველდღე, ამას ეთმობა ერთი ან ორი საათი წელიწადში და გაწერილია მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად, რომ ბავშვები ერკვეოდნენ სქესთან დაკავშირებულ საკითხში.

მშობლები, ბუნებრივია, არიან ინფორმირებული, წინასწარ აფრთხილებენ მათ ამის შესახებ. ეს ყველაფერი საჭიროა მოსწავლეების ინფორმირებისთვის, რომ უფრო მაღალ კლასებში არ იყოს ჰომოფობია და ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია ადამიანის სქესობრივ განვითარებაზე. რომ არ ჰქონდეთ ადამიანებს შიშები და არ ბოჭავდნენ მათ მსგავსი პროპაგანდით, რომელიც იწვევს შემდეგ ადამიანის ფსიქიკის, მისი გარემოს დაზიანებას.

აქ ადამიანებმა უბრალოდ იციან, რომ სქესზე საუბარი არ არის გარყვნილება, ეს არ არის დაძალებით ორიენტაციის შეცვლა, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ამბობს. ისეთი სისულელეები იწერება, თმები ყალყზე დაგიდგება ხოლმე.

მე 33 წელია ჰამბურგში ვცხოვრობ და პროპაგანდის მსგავსი არაფერი მინახავს. ის, რომ ადამიანებს აქვთ პირადი ცხოვრება და რომ ყველა ადამიანი სრულყოფილია და ყველა ადამიანი საჭიროა საზოგადოებისთვის, ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება ხდება და არა რაიმეს პროპაგანდა, როგორც ამას რუსული წყაროები ამბობენ.

ლგბტქ კარნავალებიც კი არ მინახავს ამ ქალაქში და რომც გაიარონ, მერე რა, ვის რა დაუშავდება ამით. ესეც ჰომოფობიის საწინააღმდეგო ერთგვარი ნაბიჯია და პროპაგანდას კი არ ეწევიან ამით, ცდილობენ საზოგადოების ცნობიერება აამაღლონ განსხვავებული ადამიანების მიმართ“, – გვეუბნება მარიკა ლაფაური-ბურკი.

მისი აზრით, საქართველოში თითქმის ყველა თემაზე ექსტრემალური დისკუსიები მიმდინარეობს და საკითხების შავ-თეთრად წარმოჩენა ხდება. „ასეა ლგბტქ საკითხებზეც“, – მიიჩნევს მარიკა.

მისი თქმით, გერმანიაში ბავშვის უფლებები ძალიან მაღალ დონეზეა დაცული, სკოლაში ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს, რომ ბავშვები არ გახდნენ რასისტული, ქსენოფობიური თუ ჰომოფობიური თავდასხმის მსხვერპლი.

„სრული აბსურდია ის, რომ თურმე მშობლებს შვილებს ართმევენ, თუ მათ არ აქვთ ვთქვათ ლგბტ თემის მიმღებლობა. ეს გამორიცხულია.

ამ პროცესამდე მისვლა, რომ ვინმეს შვილი ჩამოართვან ან საერთოდ ოჯახს დააშორონ ბავშვი, აქამდე ძალიან დიდი და მკაცრი გზაა გასავლელი.

ჯერ სკოლაში ტარდება გარკვეული კონფერენციები, მანამდე გარკვეული რაოდენობის გაფრთხილებები უნდა არსებობდეს, კონსულტაციები უნდა ჩატარდეს სხვადასხვა ინსტიტუტთან და მხოლოდ ამის მერე იწყება სახელმწიფოს ჩარევა. ასე, რომ აქ ძალიან მკაცრადაა დაცული ბავშვის უფლებებიც და მშობლისაც“, – გვეუბნება მარიკა.

როგორ ფიქრობთ, ევროპულ კულტურაში არსებობს რაიმე, რაც შესაძლოა არ იყოს თანხვედრაში ქართულ კულტურასთან? – ვკითხეთ მას.

მარიკას აზრით, ევროპული ღირებულებები ნიშნავს, რომ უკეთ იყოს დაცული ჩვენი ენა, კულტურა, ჩვენი ტრადიცია და რომ უნდა შევინახოთ და მოვუაროთ მას.

„ამ ყველაფრისთვის ევროპელი ჩვენ ფინანსურადაც გვეხმარება – დაცული და გადარჩენილი რომ იყოს ჩვენი კულტურა.

წლების წინ ევროპელებს შესაძლოა უფრო ქედმაღლური დამოკიდებულება ჰქონდათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ, თუმცა დღეს, ეს დამოკიდებულება სრულიად შეცვლილია. უკრაინის ომის შემდეგ კი ევროპამ კიდევ უფრო გაცნობიერა, თუ რამდენად მოსაფრთხილებელი და მნიშვნელოვანია ეს ღირებულებები.

ავიღოთ თუნდაც ურბანული კულტურა, არქიტექტურა, როგორ უვლიან ხალხურ შემოქმედებას, ხალხურ სიმღერებს. ბოლო პერიოდში, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა უფრო უფრთხილდება ჩვენს კულტურას და ღირებულებებს, ვიდრე თავად ჩვენ.

ამიტომ უფლება არ გვაქვს, რუსული პროპაგანდის გამო, რაღაც სისულელეების გამო, მოვწყდეთ ამ საერთო სივრცეს.

საერთოდ, ასეთი აბსურდული საუბარი ევროპაზე, როცა მხოლოდ შემოივლი და არც კი იცი აქაური ყოველდღიურობა, კულტურა, პრესას და საუბრობ ზერელედ, უბრალოდ უტვინობაა. მართლა თუ აინტერესებთ, აქ ჩვენ ერთიმეორეზე უკეთესი ხალხი გვყავს და მათ მაინც მოუსმინონ“, – ამბობს მარიკა.

ხშირად, რუსეთთან ყოფნის მიზეზად ერთმორწმუნეობას ასახელებენ ხოლმე, რომ ევროპა „უღმერთო და გარყვნილია“, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი სული აქვს ევროპას? – ვეკითხებით მას.

„შესაძლოა ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ მე, პირადად, ქრისტიანობა გერმანიაში აღმოვაჩინე. კონკრეტულად ეს დაკავშირებულია ერთ-ერთ პასტორთან. ამ ადამიანის ქადაგებებსა და მსახურებაში გავიგე რა არის ქრისტიანობა.

„მართლმადიდებლობა და სხვა არა“, – მეც ვიყავი ამ გავლენის ქვეშ წლების წინ, 90-იანებში, რადგან მაშინ რელიგიურობა კულტურა უფრო იყო, ვიდრე რწმენის საკითხი.

ცხადია, დღესაც ჩვენი კულტურის ნაწილია ეს ყველაფერი, მაგრამ ქრისტიანული ქცევა რასაც ჰქვია, მე ეს აღმოვაჩინე აქ, გერმანიაში“, – გვეუბნება მარიკა.

რაც შეეხება რუსეთთან ჩვენს კავშირებს, მისი აზრით, ქართველებს დღეს შეგვიძლია დავეხმაროთ რუსებს იმპერიალიზმისგან განკურნებაში და სწორედ ამიტომ უნდა გვინდოდეს რუსეთის დამარცხება.

„რუსეთი უნდა დამარცხდეს, რომ განიკურნოს იმპერიალიზმის ავადმყოფობისგან და ეს თავად რუსებსაც სურთ, რომლებიც ჩემს გვერდითაც არიან და ამაზე საუბრობენ, რომ უკრაინის ომში დამარცხება აუცილებელია რუსეთის განსაკურნავად. მათ ეს ძალიან უნდათ.

ამ საკითხში ჩვენ, ქართველებსაც შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა და არა ის, რომ ჩავყვეთ სიბნელის ჭაობში. თანაც ახლა, როცა ცნობიერების ამხელა შემობრუნებაა ევროპისგან, როცა ამხელა შანსი გვაქვს და ამხელა ინტერესია ჩვენ მიმართ“, – ამბობს მარიკა ლაფაური-ბურკი.

მისი აზრით, თუ რუსეთის იმპერიალისტური მენტალიტეტი არ შეიცვლება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში, პუტინი თუ სხვა – რუსეთი მაინც დარჩება აგრესორ ქვეყნად.

„ჩვენ, რა თქმა უნდა გეოგრაფიას ვერსად წავიღებთ, მაგრამ, რუსეთი დღეს არის მხოლოდ ნეგატიური რაღაცების ბუდე, რომელიც დაპირისპირებულია მთელ მსოფლიოსთან და როგორ შეიძლება გვინდოდეს ასეთი რუსეთი? ჩვენ უნდა ვიხედებოდეთ იქეთ, სადაც ჩვენთვის კარგია და ეს სიკეთე არის ევროპაში.

დღეს ამერიკაა ლიდერი და მორჩა. დღეს ევროპაა ღირებულებების სამყარო და გვაქვს კი სხვა ალტერნატივა? და თუ ხელისუფლება დღეს რუსეთისკენ იყურება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის მათი ფულის წყარო“, – ამბობს მარიკა.

მისი აზრით, სულ ცოტა, ათი წესიერი ადამიანი გვჭირდება პოლიტიკაში, რომ ჩვენი ევროპული გზა არ შეწყდეს, რომ საზოგადოებამ უნდა შეძლოს და ხელისუფლებას გამოაცალოს ნეგატივის და სიძულვილის ენის ბერკეტი.

„ამისთვის უნდა ვისწავლოთ თვითკრიტიკა, რადგან ის კომუნიკაცია, რომელიც დღეს გვაქვს, ყველას გვაზიანებს“, – გვეუბნება ის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: