ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

საჯარო რეესტრისთვის აჭარაში აღარ გამოიდარა – როდის დაიწყებენ მიწის უფასოდ აზომვას

23.05.2023 • 3599
საჯარო რეესტრისთვის აჭარაში აღარ გამოიდარა – როდის დაიწყებენ მიწის უფასოდ აზომვას

ხულოში, სხალთის თემში და ქობულეთის სოფელ დაგვაში მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის პროცესი 2023 წლის თებერვალში უნდა დაწყებულიყო, თუმცა არჩატარების მიზეზად საჯარო რეესტრში „ცუდი კლიმატური პირობები“ დაასახელეს.

ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ საჯარო რეესტრში უთხრეს, რომ სხალთასა და დაგვაში რეგისტრაცია [მიწის აზომვითი სამუშაოები] მიმდინარე წლის მაის-ივნისში ჩატარდებოდა, თუმცა 23 მაისის მდგომარეობით, ამ სოფლებში საველე სამუშაოები, ანუ მიწის ნაკვეთების აზომვა, ისევ არ დაწყებულა.

საჯარო რეესტრი მიზეზად კვლავ „რთულ კლიმატურ პირობებს“ ასახელებს, რომელიც რეესტრისთვის არც ხულოში და ქობულეთში შეცვლილა თებერვლიდან დღემდე. მოსახლეობამ მიწის დამუშავება დაასრულა, რეესტრმა კი, ამ დრომდე ნაკვეთების აზომვაც ვერ დაიწყო.

„რთული კლიმატური პირობების გამო მოხდა აქტიური აგეგმვითი სამუშაოების დროში გადაწევა. ჩვენი ჯგუფები არიან ამჟამად ადგილზე, თუმცა არა სრული შემადგენლობით. ეს მცირე ჯგუფები მუშაობენ, მიმდინარეობს შეძლებისდაგვარად აზომვები. როგორც კი ამინდი მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ამგეგმავები აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ აზომვებს.“ – მოგვწერეს საჯარო რეესტრიდან დღეს, 23 მაისს.

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დეტალების სანახავად გადადით ამ ბმულზე:

რა შემთხვევაში გადაიხდის გლეხი 600 ლარს დაკავებული მიწის რეგისტრაციაში?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: