განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსი აღარ მიენიჭებათ – სამინისტრო

23.05.2023
მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსი აღარ მიენიჭებათ – სამინისტრო

განათლების სამინისტრო იმ კომისიის საქმიანობას აჩერებს, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

განათლების სამინისტროს განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

„მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება.

საქმიანობის დაწყების მომენტში, ერთი მხრივ, დამხვდა წლების განმავლობაში მოქმედი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის დადგენილ გზებს მოიცავს გამოცდის ჩაბარებისა და პრაქტიკული საქმიანობის შეფასების სახით, ხოლო მეორე მხრივ, პარალელურ რეჟიმში მოქმედი კომისია, რომელიც მასწავლებლებს, გამოცდის ჩაბარების გარეშე, სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ამ წლების გამოცდილება, მთლიანობაში დავინახოთ, რა გამოწვევები არსებობს მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდის მიმართულებით, დავინახოთ სრული ციკლი, რაც ახლა მიმდინარეობს სისტემაში გამოცდებისა და პორტფოლიოების წარმოების თვალსაზრისით, შემდგომში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ მასწავლებლები კარიერული განვითარების პროცესში.

აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერდეს სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს“, – ამბობს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი.

დღეს მოქმედი სქემის მიხედვით, მასწავლებელს სტატუსი ასამაღლებლად სჭირდება საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება. ასევე, მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის პორტფოლიოს წარდგენა.

თუმცა იყო გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა იმ მასწავლებლებს, რომლებიც განსაკუთრებული პროფესიული საქმიანობით გამოირჩეოდნენ, გამოცდის ჩაბარების გარეშე ანიჭებდა სამინისტრო სტატუსს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: