საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვის გამო დაჯარიმებას ეხება, 2023 წლის 4 ივნისიდან ამოქმედდება.
დღეს მოქმედი კოდექსის მიხედვით:
- იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარით;
- იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისათვის სამართავად /საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარით; იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას კი – 200 ლარით.
თუმცა მოქმედი კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევ[ებ]ის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.
ახალი ცვლილებით, სწორედ ასეთი სანქცია განისაზღვრა. კერძოდ:
თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირებაგაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი, ამ დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:
- ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარით;
- იურიდიული პირი დაჯარიმდება 300 ლარით.
თუ პირი, განმეორებით დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ ისევ დაარღვევს წესს, ამ შემთხვევაში:
- ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით;
- იურიდიული პირი – 500 ლარით.
თუ პირი 300 [ფიზიკური] ან 500 [იურიდიული] ლარით არის დაჯარიმებული და დაჯარიმებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ისევ ჩაიდენს ანალოგიურ სამართალდარღვევას, ამ შემთხვევაში:
- ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით;
- იურიდიული პირი კი – 700 ლარით.
ამავე ცვლილებით, პირს ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელი „შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა“.
აღნიშნული ცვლილებები პარლამენტმა 2023 წლის 22 მარტს დაამტკიცა. კანონში მითითებულია, რომ ის „ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს“.
ახალი ცვლილებები 2023 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა, შესაბამისად ძალაში, ამავე წლის 4 ივნისიდან შევა.
—
კანონპროექტი პარლამენტში 2022 წლის სექტემბერში წარადგინა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
მისი თქმით, ცვლილებები მიზნად ისახავს, რომ გზებზე ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება შემცირდეს.