მთავარი,სიახლეები

როგორ აღნიშნავს ბათუმი 26 მაისს – ევროკავშირის დროშა არც აქ გამოფინეს

25.05.2023 • 1708
როგორ აღნიშნავს ბათუმი 26 მაისს – ევროკავშირის დროშა არც აქ გამოფინეს

ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, თუმცა ბათუმში ეროვნული სადღესასწაულო განწყობა ნაკლებად იგრძნობა.

სახელმწიფო დროშები, როგორც ბათუმის მერიაში გვეუბნებიან, მხოლოდ რამდენიმე წრიულზეა განთავსებული, ასევე მემედ აბაშიძის, რუსთაველის და ბაქოს ქუჩების განათებებზე იგეგმება დღეს პატარა დროშების დამაგრება,  დიდი დროშების გამოფენა გათვალისწინებული არ არის.

ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა ბათუმში 26 მაისს, ნაშუადღევს, 14:00 საათზე დაიწყება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით.

პროგრამის მიხედვით, ყველა ძირითადი აქტივობა ანბანის კოშკის მიმდებარედ იგეგმება:

  • 14:00-იდან 18:00 საათის პერიოდში კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა გაიმართება
  • დროის ამავე შუალედში გამოიფინება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების აღჭურვილობა 
  • 14:30-დან 15:30 საათამდე DJ Yamoc-ი დაუკრავს
  • ერთი საათი დაეთმობა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტს
  • 18:00 საათზე ღონისძიებებს დაასრულებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელას კონცერტი.

ამავე დროს, აქვე მოწყობილ საბავშვო სივრცეში იგეგმება სხვადასხვა აქტივობა.

როგორც მერიაში გვითხრეს, მუსიკალური ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 12 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული სიმბოლიკების გვერდით წინა წლებში გამოფენილი იყო ევროკავშირის დროშაც, თუმცა წელს საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის დროშა არ გამოიფინება ქართული დროშების გვერდით, რასაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

მოქალაქეების აზრით, მაშინ, როცა საქართველო წელს, წლის ბოლოს ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ელოდება, ევროპული სიმბოლოების გაქრობა ქვეყნის პროევროპულ მისწრაფებებსა და ინტერესებს აზიანებს.

ცენტრალური პარკი / 23.05.2022

წელს ბათუმის ცენტრალურ პარკში მხოლოდ საქართველოს დროშები გამოფინეს, ევროკავშირის კი – არა.

გასული წლის 26 მაისს ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში სახელმწიფო დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშებიც იყო გამოფენილი, წელს კი მერიამ ეროვნული სიმბოლოების გვერდით ევროკავშირის დროშა არ გამოფინა.

„რაც გვიბრძანეს, მხოლოდ იმას ვფენთ“ – გვითხრეს ცენტრალურ პარკთან

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ წელს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშა არ იქნება გამოფენილი, მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ პროტესტის ნიშნად ხვალ, 26 მაისს, თბილისში, ევროკავშირის დროშებით საპროტესტო მსვლელობები მოაწყონ.

მოქალაქეები ევროკავშირის დროშის გაქრობას მთავრობის კურსის ცვლილებას უკავშირებენ, რაც, მათი აზრით, შემაშფოთებელია.

________________

ამავე თემაზე:

რატომ არის 26 მაისს სახელმწიფო დროშების გამოფენა მნიშვნელოვანი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: