19 მაისს ბათუმში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობას გაეცნენ და მათთვის სასურველი პროგრამის პოვნას შეეცადნენ.
16 ორგანიზაციას ფორუმზე საკუთარი სტენდი ჰქონდა, სადაც მისულ ახალგაზრდებს მოხალისეობის პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აცნობდნენ.
ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, ფორმალური და მოხალისეობრივი პროგრამების განვითარება, სახელმწიფო დონეზე მოხალისეობის აღიარება და აღრიცხვა, სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული მხარდაჭერა და მიზნობრივი პროგრამების განხორციელება.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის ოფიცერი მინდია ჭანიძე ამბობს, რომ მხოლოდ მათ ორგანიზაციაში მოხალისეობის სურვილი 70-მდე ახალგაზრდამ გამოხატა.
სამოქალაქო ორგანიზაციებში მოხალისეებს შეუძლიათ ჩაერთონ როგორც საოფისე სამუშაოში, ასევე მონაწილეობა მიიღონ სასწავლო კურსებში ან თავად ჩაატარონ ტრენინგები თანატოლებისათვის.
„ეს ფორუმი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის. აქ წარმოდგენილმა ორგანიზაციებმა ახალგაზრდებს ჩვენი წარმატებული პრაქტიკის შესახებ მოვუყევით. რეგიონულ ფორუმზე მოსული ახალგაზრდები, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მივაწოდეთ, შეძლებენ იპოვონ მათთვის საინტერესო საქმე.
ფორუმის მიზანი იყო მათი ცნობიერების გაზრდა, რომ სამომავლოდ უფრო მოტივირებული იყვნენ. ისინი ახალგაზრდა ასაკიდან შეიძენენ გამოცდილებას და შემზადებული იქნებიან იმისათვის, რომ როდესაც რომელიმე ორგანიზაციაში დაიწყებენ მუშაობას, მათთვის ნაცნობი იქნება ამ ორგანიზაციების შიდა სამზარეულო და ადაპტაციის პროცესი მარტივად ჩაივლის,“ – ამბობს მინდია ჭანიძე.
ფორუმზე ახალგაზრდებს გააცნეს ინფორმაცია პლატფორმა – Volunteer.ge-ს შესახებ.
„ვოლუნტერი“ არის პირველი ქართული მოხალისეობის ციფრული პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის, გამოცდილებისა და მოხალისეობრივი საქმიანობის გაზიარებას.
პლატფორმის მისიაა ერთმანეთთან დააკავშიროს მოხალისეები და მათი მასპინძელი ორგანიზაციები, რათა ადამიანებმა შეძლონ საკუთარი რესურსები, ცოდნა და გამოცდილება სხვების დასახმარებლად მიმართონ.
„მოხალისეობის მრავალფეროვანი პროგრამების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რადგან ეს ხელს უწყობს დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას და ასევე, სამუშაო გამოცდილების შეძენას. ეს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას ემსახურება.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებში მოხალისეობის განვითარებას და იმას, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა მრავალფეროვან მოხალისეობრივ პროგრამებზე,“- ამბობს მოხალისეობის ექსპერტი თინათინ მესხი.
თინათინ მესხის თქმით, გასულ წლებში საქართველოში მოხალისეობრივი პროგრამების სიმცირე იყო, მაგრამ ახლა ამ კუთხით დადებითი ცვლილებები შეინიშნება.
„ერთის მხრივ, ყველა რეგიონშია სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ უმასპინძლონ მოხალისეებს. მეორეს მხრივ, თუ ჩვენ მივაწოდებთ კარგ, ხარისხიან პროგრამებს, მოხალისეებს ექნებათ სურვილი, ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ იმ გარემოს გაუმჯობესებაში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და პარალელურად სარგებელიც მიიღონ.
სწორედ ამიტომაც მსგავსი მოხალისეობრივი ფორუმების არსებობა არის მნიშვნელოვანი, რომ აი, ამ კუთხით ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება მოხალისეებმა და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა,“ – ამბობს თინათინ მესხი.
მოხალისეობის ექსპერტი საუბრობს გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ეს სფერო დგას. თინათინ მესხის თქმით, ერთ-ერთ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ მოხალისეობა ძირითადად ახალგაზრდებს სურთ და ნაკლებად – ზრდასრულ ადამიანებს. იგი პრობლემად განიხილავს ამ სფეროში კვლევების არ არსებობასაც.
„ჩვენ კვლევაზე დაფუძნებით არ შეგვიძლია დავადგინოთ, თუ რა აბრკოლებს იმას, რომ არ მოხალისეობენ ადამიანები ან რა არის ხელშემწყობი ფაქტორები, რაც განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის კონტექსტიდან და კულტურიდან გამომდინარე ვიკვლიოთ და უფრო სიღრმისეულად ვიცოდეთ ის ფაქტორები, რაც ხელს შეუწყობს მოხალისეობის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
გარდა ამისა, ძალიან მწირია მხარდაჭერა ფინანსური თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მოხალისეობრივ პროგრამებზე, მოხალისეობრივ პროგრამებსაც სჭირდება მენეჯმენტი, მართვა და თუნდაც ადამიანური რესურსი.
ძალიან მწირი რესურსებია – ძალიან მცირე ოდენობის ბიუჯეტი გამოიყოფა როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე, რაც მოხალისეობრივი პროგრამების დანერგვას შეუწყობდა ხელს.
მესამე და მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ისიც, რომ ხარისხიანი მოხალისეობრივი პროგრამები უნდა არსებობდეს, რომ როდესაც ახალგაზრდას გაუჩნდება მოხალისეობის სურვილი, მას ეს სურვილი და მოლოდინები არ გავუცრუოთ.
ასევე მნიშვნელოვანია მოხალისეთა უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა. დღეს ჩვენ არ გვაქვს გაიდლაინი თუ სტანდარტი, რომლითაც მაგალითად დავიცავთ მოხალისეთა უფლებებს. გვაქვს მხოლოდ კანონი, რომელიც არეგულირებს მასპინძელი ორგანიზაციის და მოხალისეთა ურთიერთობებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ვიმუშაოთ. განსაკუთრებით მოზარდი მოხალისეების მოხალისეობრივი საქმიანობა შესრულდეს ისე, როგორც ამ თემას შეესაბამება და არ დაირღვეს მათი შრომითი უფლებები,“ – ამბობს თინათინ მესხი.
ბათუმში გამართულ რეგიონულ ფორუმში მონაწილეობა 300-მდე ახალგაზრდამ მიიღო.
ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ აქტივისტები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.
ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ჩატარდა.