მთავარი,სიახლეები

როდის დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა – დეპარტამენტის განმარტება

28.12.2022 • 7647
როდის დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა – დეპარტამენტის განმარტება

ბათუმი-სარფის ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, 2024 წელს უნდა დაიწყოს, თუმცა ამ დროისთვის გზის საბოლოო პროექტიც კი არ არის მზად.

საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტში აღნიშნული ინფორმაცია – რომ 2024 წლისთვის დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა – უკვე მესამე წელია უცვლელად მეორდება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონებში [ანალოგიური ჩანაწერი იყო 2021 და 2022 წლის ბიუჯეტებშიც].

ახალი მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერით უნდა შეისყიდოს. მოესწრება თუ არა ტენდერის გამოცხადება 2023 წელს? – ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გვაქვს.

„2023 წელს დაგეგმილია პროექტირების სამუშაოების დასრულება“, – გვითხრეს დღეს, 28 დეკემბერს, დეპარტამენტში – „ვიდრე პროექტი არ იქნება, ტენდერი ვერ გამოცხადდება“.

ბათუმი-სარფის მონაკვეთზე დეტალური პროექტი რომ მზადდებოდა, „ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტიდან ერთი წლის წინაც მოწერეს. პროექტის დასრულების შემდგომ კი, ტენდერის გამოცხადების თარიღი და ვადები უნდა დაეზუსტებინათ.

მაშინ დეპარტამენტიდან ისიც მოგვწერეს, რომ ახალი გზის მარშრუტი, ხიდებისა და გვირაბების სავარაუდო რაოდენობა [მათი სიგრძე] და განსახლების გეგმაც, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დასრულების შემდგომ დაზუსტდებოდა:

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება თავიდან 100 მილიონი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული, პროექტირება 2017 წლის მაისამდე უნდა დასრულებულიყო; 2020 წლის გაზაფხულზე კი მშენებლობის დასრულებაც იგეგმებოდა. ეს გზა იქნება ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე ტერიტორიიდან [ბათუმის ინდუსტრიული ზონა] თურქეთის სახელმწიფო საზღვრამდე, თუმცა, დეპარტამენტში ამ დრომდე არ ასახელებენ ზუსტ მარშრუტს, თუ სად გაივლის ახალი ავტომაგისტრალი.

[yellow_box]სად გაივლის გონიო-კვარიათი-სარფში ახალი გზა – დეპარტამენტის პასუხი[/yellow_box]

ბათუმის შემოვლითი და ჭოროხი-სარფის გზების აშენებით, აჭარის ტერიტორიაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება.

საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის კანონში ასევე აღნიშნულია, რომ „დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის რიკოთის, სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი-ჩოლოქის, ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთების მშენებლობა… რის შედეგადაც თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 3,5 საათი დასჭირდება“.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

მთავარი ფოტო: ბათუმი-სარფის ახალი გზის მიმართულების რამდენიმე ვერსია განიხილებოდა / ახალი გზის მდებარეობის ვარიანტები კვარიათში / არქივიდან / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: