ბათუმი,მთავარი,სიახლეები

თვეში 100 ათასი ლარი იხარჯება ავარიული სახლებიდან გაყვანილი ოჯახების ბინის ქირაში

10.01.2022 • 2682
თვეში 100 ათასი ლარი იხარჯება ავარიული სახლებიდან გაყვანილი ოჯახების ბინის ქირაში

ბათუმში, ავარიული სახლებიდან, 2022 წლის 10 იანვრის მონაცემებით, 201 ოჯახია გაყვანილი, რომლებსაც ბინის ქირას მერია ქალაქის ბიუჯეტიდან უხდის.

მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაყვანილი ოჯახებისა და მათთვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა განსხვავებულია, თუმცა, 2021 წლის დეკემბრის თვეში, ამ თანხამ ჯამში, დაახლოებით 103 ათასი ლარი შეადგინა.

ოჯახები, სახლების ავარიულობის გამო [ასევე 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად] ქალაქის 13 ლოკაციიდან ჰყავთ გაყვანილი.

მერიის ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ 201 ოჯახში შედის ჯავახიშვილის ქუჩა 47-დან გაყვანილი 20 ოჯახი, თუმცა ამ კორპუსში სულ 60 ოჯახი ცხოვრობს და რამდენი გადავა და რამდენს გადაუხდის მერია ქირას, იანვრის ბოლომდე დაზუსტდება.

ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით განსხვავებულია ასეთი ოჯახებისთვის ყოველთვიურად ბიუჯეტიდან გადასახდელი თანხის ოდენობაც და ის 450 ლარიდან, მაქსიმუმ 1 200 ლარამდე [რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული] მერყეობს.

ბათუმის მერიამ შეიმუშავა სპეციალური ქვეპროგრამა, რომელიც ქალაქში ავარიული სახლების დემონტაჟსა და შემდეგ მშენებლობას, ასევე ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაციას გულისხმობს.

უშუალოდ „ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია“, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარითაა დაფინანსებული.

„წლებია ქალაქისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქალაქის მასშტაბით არსებული ამორტიზებული, საცხოვრებლად გამოუსადეგარი, ავარიული საცხოვრებელი შენობები. ასეთი შენობების შესწავლისას გამოვლინდა ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი. შესწავლით დადგინდა, რომ ავარიულობის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია წლების განმავლობაში განხორციელებული მიშენება-დაშენების და სხვადასხვა სახის სამშენებლო ჩარევების მავნე პრაქტიკამ, ავარიული სახლების უმრავლესობის იერ-სახე სრულადაა დამახინჯებული, ისინი არ პასუხობს უსაფრთხოების სტანდარტებს. ბათუმის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის ღონისძიება“ – აღნიშნულია პროგრამაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია, მრავალწლიანი პროექტია და  სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2022-2025 წლებში] ჯამში 80 მილიონი ლარია“.

ბათუმში, 26 მაისის ქ. N13-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისთვის ბიუჯეტიდან [2021-2022 წ.წ.] ჯამში 560 176 ლარი დაიხარჯება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: