განათლება,მთავარი,სიახლეები

სამსახურიდან დაითხოვეს მასწავლებელი ქობულეთში, რომელსაც ბავშვთან კონფლიქტი ჰქონდა

24.05.2023
სამსახურიდან დაითხოვეს მასწავლებელი ქობულეთში, რომელსაც ბავშვთან კონფლიქტი ჰქონდა

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც სკოლის დირექტორმა ნანი ცივაძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება გუშინ, 23 მაისს, შეუწყვიტეს.

„თვითონაც შემოიტანა განცხადება გათავისუფლების შესახებ და დაკმაყოფილდა განცხადება. დისციპლინური კომისიაც მუშაობდა და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეკმაყოფილებინა თამუნა მჟავანაძის სურვილი და გაგვეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან“, – აცხადებს დირექტორი.

მისი თქმით, სკოლაში მომხდარი კონფლიქტის გამო მას ექიმთან ვიზიტი დასჭირდა.

„გუშინ გულის შეტევამდე ვიყავი მისული და კარდიო-ექოსკოპიაზე წავედი. ბუნებრივია, მეც მტკივნეულად განვიცდი ამ პროცესებს“, – ამბობს ნანი ცივაძე.

გუშინ გავრცელდა ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელი მოსწავლის ჩანაწერი – მას მუსიკის მასწავლებელი სიტყვიერად შეურაცხყოფდა.  „ყველა მასწავლებელს შევაძულე შენი თავი“ – ეუბნება ჩანაწერში მასწავლებელი მოსწავლეს.

სკოლის დირექტორს ვკითხეთ, რატომ არ ფლობდა ამ კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას თავად და თუ იცოდა, რა ზომები მიიღო მის აღმოსაფხვრელად? დირექტორი ამბობს, რომ კონფლიქტის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

„ის, რაც მოხდა, ჩემთვის უცნობი იყო, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი. როცა კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნება, ჯერ ვუსმენ ბავშვს და შემდეგ მასწავლებელს.

მშობელს არც ჩემთვის, არც სკოლის მანდატურისთვის არ მოუმართავს. არ მოუმართავს არც კლასის ხელმძღვანელს, ჩვენ არ ვიცოდით ამ სადამრიგებლო კლასში რა ხდებოდა. როცა მშობელმა წერილობით მომმართა, მე მაშინვე დავიწყე დისციპლინური მოკვლევა, მეტი რა შემეძლო“, – გვეუბნება დირექტორი.

როგორც ნანი ცივაძე ამბობს, გათავისუფლებული მასწავლებელი მოსწავლის კლასის დამრიგებელი იყო.

„თუკი ეს კონფლიქტი არ იყო ახალი, რატომ არ მოვიდა ჩემთან? მე სკოლაში დილის ცხრის ოც წუთზე შემოვდივარ და გავდივარ ღამის ცხრა საათზე. ხომ შეეძლო ბავშვს მანდატურისთვის მიემართა, მშობელსაც შეეძლო. ეს რომ დროულად გაგვეგო, მარტივად მოგვარდებოდა და ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდა“, – ამბობს ნანი ცივაძე.

სკოლიდან დათხოვილი მუსიკის მასწავლებელი ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში ექვსი წელი მუშაობდა.

დირექტორის თქმით, დღეს მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადებულა. თუმცა დირექტორი ამბობს, რომ ბავშვი სკოლაში დაბრუნდება და „ისწავლის ჩვეულებრივად, უსაფრთხო გარემოში“.

_____________

მთავარ ფოტოზე: სკოლის დირექტორი, ნანი ცივაძე

_____________

ამ თემაზე:

ჩანაწერში ისმის მასწავლებლის გააფთრებული ყვირილი – რა მოხდა ქობულეთის მე-2 სკოლაში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: