მთავარი,სიახლეები

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციაზე იხარჯება თანხა, რაც 4 ადამიანის მკურნალობას ჰყოფნის – აუდიტი

23.05.2023 • 1181
კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციაზე იხარჯება თანხა, რაც 4 ადამიანის მკურნალობას ჰყოფნის – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტმა საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამების ეფექტურობაზე უარყოფითი დასკვნა დადო. ამ პროგრამებისთვის კი ბიუჯეტიდან მხოლოდ ოთხ წელში 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

აუდიტის განცხადებით, სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუ ჩართულია სამიზნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი [60-70%].

ევროპის უმეტესი ქვეყნების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდება აღნიშნულ მაჩვენებელს, საქართველოში კი, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი თითქმის 5-ჯერ ნაკლებია რეკომენდებულზე და კიბოს არც ერთი სახეობისთვის არ აღემატება 13 პროცენტს.

საერთაშორისო გამოცდილებით დადასტურებულია, რომ სკრინინგის კარგად ორგანიზებული პროცესი და სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი ზრდის ადრეულ გამოვლენას და ამცირებს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხარჯებს – აცხადებს აუდიტი, რომელმაც 2018-2021 წლების სკრინინგის პროგრამები შეისწავლა.

აუდიტის მიხედვით, საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამები დედაქალაქში – 2008 წლიდან, ხოლო რეგიონებში 2011 წლიდან ხორციელდება და მოიცავს საშვილოსნოს ყელის, ძუძუსა და კოლორექტული კიბოს სკრინინგს.

აუდიტი: „2020 წლისთვის იგეგმებოდა 2015 წელთან შედარებით სამიზნე მოსახლეობის სკრინინგით მოცვის მაჩვენებლების 50%-იანი მატება, თუმცა როგორც გრაფიკიდან ჩანს, აღნიშნული მაჩვენებელი ვერ იქნა მიღწეული. ამასთან, ვერც ერთ წელს ვერ დაკმაყოფილდა პროგრამული ბიუჯეტით 2019-2021 წლებში დაგეგმილი სამიზნე მაჩვენებელი: მოცვის წლიური 5%-იანი ზრდა.“

საქართველოში ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს და კოლორექტული კიბოს სკრინინგის პროგრამები ხორციელდება WHO-ის რეკომენდაციით. რეგიონულ დონეზე პროგრამების განმახორციელებელია NCDC-ი, ხოლო თბილისში პროგრამას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

პროგრამის კომპონენტებზე 2018-2021 წლებში თბილისის ფარგლებში 6,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში − 3,9 მილიონი ლარი [თუმცა ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში ჩანს, თუ რამდენად ნაკლებია ბენეფიციარების რაოდენობა დაგეგმილ, სამიზნე მოსახლეობის რაოდენობაზე]:

აუდიტი: „მონაცემებია მოწოდებულია NCDC-ისგან. ბენეფიციართა რაოდენობა შეიცავს როგორც რეგიონის, ისე თბილისის პროგრამის მაჩვენებლებს.“

კიბოს სკრინინგით მოსარგებლეთა რაოდენობა განსაკუთრებით დაბალია მუნიციპალიტეტებში:

  • კოლორექტული კიბოს სკრინინგით მოცვის მაჩვენებლები მუნიციპალურ დონეზე მერყეობს 0.1%-დან 5%-მდე;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით მოცვის მაჩვენებლები მუნიციპალურ დონეზე მერყეობს 0.9%-დან 15.9%-მდე;
  • ძუძუს კიბოს სკრინინგით მოცვის მაჩვენებლები მუნიციპალურ დონეზე მერყეობს 0.6%-დან 18.7%-მდე.

აუდიტის ობიექტებს წარმოადგენენ: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო; ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC – პროგრამის განმახორციელებელი ქვეყნის მასშტაბით]; თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგცენტრი.

აუდიტის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო სკრინინგპროგრამები თითქმის 15 წელია არსებობს, თუმცა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კიბოს სკრინინგის შესახებ დაბალი ცნობიერების საკითხი. აღნიშნული საკითხი ყველაზე დიდ გამოწვევად მიჩნეულია სამინისტროსა და პროგრამის განმხორციელებლის მიერ.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სამიზნე მოსახლეობის უმრავლესობას სწორად არ ესმის სკრინინგის დანიშნულება და არსი, რადგან სკრინინგის არ ჩატარების მიზეზად უმეტესობამ ჩივილების არქონა დაასახელა [სკრინინგი კი განკუთვნილია უსიმპტომო ადამიანებისთვის].

საქართველოს მასშტაბით კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების განმხორციელებელი ძირითადი უწყებაა NCDC. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში არ ხორციელდება კიბოს სკრინინგის კამპანია, რომელიც იქნება რეგულარული და დაფარავს ქვეყნის მთლიან ტერიტორიას.

აუდიტის დასკვნით „NCDC-ის მიერ კამპანია განხორციელდა 2018 და 2019 წლებში, ხოლო შემდგომ წლებში საკომუნიკაციო ღონისძიებების არგანხორციელების მიზეზად კორონავირუსის პანდემია სახელდება.

კიბოს სკრინინგის კამპანიების ფარგლებში წლის განმავლობაში, საშუალოდ, 90 ათასი ლარი დაიხარჯა. მაშინ, როცა ერთი ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი წლიური ლიმიტი 25 ათასი ლარია. შესაბამისად, წლის განმავლობაში კიბოს სკრინინგის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიაზე დახარჯული ბიუჯეტი, დაახლოებით, 4 ადამიანის მკურნალობის ხარჯია“.

აუდიტის მიხედვით, 2018 და 2019 წლებში განხორციელებულ საინფორმაციო კამპანიებს არ ჰქონია გავლენა მოცვის მაჩვენებელზე.

 

 

„იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არ არსებობს კიბოს კონტროლის სტრატეგიული ხედვა, კიბოს სკრინინგის პროგრამისთვისაც არ არის შემუშავებული ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც ასახული იქნება: გამოწვევების დასაძლევად საჭირო ყველა ღონისძიება და შესაბამისი ბიუჯეტი; კავშირი ყველა დაინტერესებულ მხარესთან და პროგრამასთან; მისი გავლენა სამომავლო დანაზოგებსა და ადამიანების სიცოცხლეზე.“ – ასკვნის აუდიტი.

აუდიტის დასკვნა:

კიბოს სკრინინგის სამიზნე მოსახლეობის უმეტესობა პროგრამაში მონაწილეობაზე უარს ამბობს ინფორმაციის არქონით გამოწვეული შიშის (კიბოს დიაგნოზის ან სკრინინგის პროცედურის შიში, სკრინინგის შესახებ ზოგადი ინფორმაციის არქონა) ან არასწორი დამოკიდებულების გამო (ელოდება ჩივილს, არ მიდის ექიმთან, თუ ძლიერ არ შეაწუხა ჩივილმა, არ აქვს დრო პროცედურების ჩასატარებლად).

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამიზნე მოსახლეობის მოცვის მაჩვენებლის გაზრდისთვის პირველი ძირითადი ნაბიჯი არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის შეცვლაზე მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამებს თითქმის 15-წლიანი ოპერირების გამოცდილება აქვს, დაბალი ცნობიერება კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გამოწვევა სახელმწიფო უწყებებს გაცნობიერებული აქვთ, მისი დაძლევის მიზნით არ განხორციელებულა სისტემური და ქმედითი ღონისძიებები, რასაც რეალური გავლენა ექნებოდა მოცვის მაჩვენებელზე, კერძოდ:

  • ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელებამდე არ ჩატარებულა სამიზნე მოსახლეობის კვლევა, რომელიც შეაფასებდა მათ ცოდნასა და დამოკიდებულებას კიბოს სკრინინგის შესახებ და გამოავლენდა სკრინინგპროგრამებში მათი დაბალი ჩართულობის მიზეზებს, რის გამოც ცნობიერების ამაღლების კამპანიების დროს გაჟღერებული გზავნილები ნაკლებად პასუხობდა დაბალი ჩართულობის რეალურ მიზეზებს.
  • ცნობიერების ამაღლების კამპანიები არ ხორციელდებოდა სისტემურად, რეგულარულად და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, რის გამოც კამპანიებმა ვერ უზრუნველყო მოსახლეობის სათანადო ინფორმირება კიბოს სკრინინგის შესახებ, რაც განაპირობებდა მათი დამოკიდებულების შეცვლას.
  • სამიზნე მოსახლეობის მოწვევები არ იყო საკმარისად პერსონალიზებული და სისტემური იმისათვის, რომ მათ მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოეხდინათ სამიზნე მოსახლეობის ქცევაზე.
  • ღონისძიებების განხორციელების შემდგომ არ შეფასებულა მათი გავლენა სამიზნე მოსახლეობის ცნობიერების დონეზე, ქცევაზე, ჩართული მოსახლეობის რაოდენობაზე, მოცვისა და კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებელზე.
  • შესაბამისად, არ გაანალიზებულა, რომელი ღონისძიებებია ეფექტიანი და რომელი საჭიროებს ცვლილებების განხორციელებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული რეგულარული, კომპლექსური და სისტემური ღონისძიებების განხორციელებით შესაძლებელი იქნება სკრინინგპროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მონაწილეობის გაზრდა, თუმცა მნიშვნელოვანია, აღნიშნული ღონისძიებები წარმოადგენდეს ერთიანი საშუალოვადიანი/გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ნაწილს და იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული“.

აუდიტის განცხადებით: „NCDC-ის მიერ აუდიტის პერიოდში მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტებთან და სჯც-ებთან კომუნიკაცია კიბოს სკრინინგის და სხვა პრევენციული პროგრამების გაცნობისა და ხელშეწყობის მიზნით, თუმცა მიუხედავად კომუნიკაციისა, მუნიციპალიტეტებისა და სჯც-ების მონაწილეობა სკრინინგის პროგრამების ხელშეწყობაში მაინც დაბალია, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით:

ადგილობრივ ხელისუფლებას კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელშეწყობის მიმართულებით კონკრეტული პასუხისმგებლობები არ აქვს დაკისრებული. შედეგად, მხოლოდ NCDC-ის მიერ მათთან კოორდინაცია არ არის შედეგის მომტანი;

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოფილი დაფინანსება მცირეა და მუნიციპალური ბიუჯეტის 0.6%-ს შეადგენს. NCDC-ის რეკომენდაციით დაფინანსების მინიმალური მოცულობა უნდა იყოს 2%-8%;

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია უმეტესად ეხება გადამდებ დაავადებათა მართვას და სჯც-ების ფუნქციებში არ არის განსაზღვრული კონკრეტული ღონისძიებები კიბოს სკრინინგის პროგრამებში მათ ჩართულობასთან დაკავშირებით.“

აუდიტის დასკვნაში არის მთელი რიგი რეკომენდაციები, რომლებიც, „ერთნაირად უნდა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტრომ და NCDC-იმ“.

ამავე თემაზე:

რა უნდა ვიცოდეთ კიბოს სკრინინგის ჩატარებამდე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: